მონღოლეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: Bügd Nairamdakh Mongol | |||||
| დედაქალაქი | ულან-ბატორი |
||||
| უდიდესი ქალაქი | ულან-ბატორი | ||||
| ოფიც. ენები | მონღოლური ენა | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია | ||||
| -პრეზიდენტი | ნამბარინ ენხბაიარი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
1,564,116 კმ² (19-ე) 0.6% |
||||
| მოსახლეობა - 2009 სავ. - 2009 ცენზი - სიმჭიდროვე |
2,671,000[2] (139-ე) 2,407,500[1] 1.7/კმ² (235-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2005მიახლ. $9.414 მილიარდი[3] (147-ე) $3,547[3] (124-ე) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | ტუგრუგი (MNT) |
||||
| დროის სარტყელი | UTC +8სთ. ( +7სთ.1) | ||||
| ქვეყნის კოდი | MNG | ||||
| ccTLD | .mn | ||||
| სატელეფონო კოდი | +976 |
||||
| 1ზოგ რეგიონებში არის UTC +7სთ. დროის ზონა | |||||
მონღოლეთი (მონღ. Монгол Улс), სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.მიუხედავად იმისა რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამოდენიმე მილით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს.ულან ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 38% ცხოვრობს. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.მონღოლეთის იმპერია დაარსა ჩინგის ხანმა 1206 წელს.მე-16, მე-17 საუკუნეებში მონღოლები მოექცნენ ბუდიზმის გავლენის ქვეშ.მე-17 საუკუნის ბოლოს თითქმის მთელს მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები.1911 წელს კი მონღოლეთში გადავარდა ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დეფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა,მანადე მის დამოუკიდბლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა,ხოლო 1945 წელს მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ.1990 წელს,მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი აშკარად კრახს განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში ადგილი აქვს დემოკრატიულ გადატრიალებას.ამას მოჰყვან მრავალპარტიული სისტემა, 1992 წლის ახალი კონსტიტუცია და რთულად, მაგრამ მაინც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე. 1,564,116 კვ.კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით.მოსახლეობის 30% მომთაბარეა.დომინანტი რელიგიაა ბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ,მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუვანელები.სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებით მეტ წილად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] წინარეისტორია
მონღოლეთის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში (დაახლ. 200-100 ათ. წლის წინ) უცხოვრია.ზედა პალეოლითში (40-12 ათ. წლის წინ) ჩამოყალიბდა მატრიარქალურ - გვაროვნული წყობილება.მნიშვნელოვანი წინარეისტორიული სანახაობებია პალეოლითის ხანის ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის(Khoid Tsenkheriin Agui) ნახატები ხოვდის პროვინციაში[4] და ასევე თეთრი გამოქვაბულის(Tsagaan Agui) ნახატები ბაიანხონგორის პროვინციაში.[5] დორნოდის პროვინციაში ნაპოვნია ნეოლითის ხანის, მეურნეობაში ჩართული დასახლება. დასავლეთ მონღოლეთში თანამედროვე აღმოჩენები მოიცავს მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების დროებით საცხოვრისებს[4].
სპილენძის ხანის მოსახლეობა მოიხსენიება როგორც პალეომონღოლიდურად.
ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში, ბრინჯაოს ხანის დროს,დასავლეთ მონღოლეთში გავრცელდა კარასუკის კულტურა. ამ დროიდან ჩნდება მონღოლეთში ირმის ქვები და ძალიან გავრცელებული ყორღანები. სხვა თეორიების თანახმად ირმის ქვები ქრისტეს შობამდე მე-7, მე-8 საუკუნეებს მიეკუთვნებიან.
[რედაქტირება] ადრეული ხანის ისტორია
წინარეისტორიული ხანის შემდგომ მონღოლეთში მომთაბარე ტომები სახლდებიან,რომლებიც დროდადრო ქმნიან დიდ კავშირებს, ვითარდებიან და დიდ მნიშვეოლბასაც იძენენ.პირველი მათგანი იყო ხიონგუ.ამ ტომმა ქრისტეს შობამდე 209 წელს შექმნა გაერთიანება მოდუ შანუი.ისინი იქცნენ დიდ წინაღობად ცინის დინასტიისათვის და იყვნენ ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი ვისაც აიძულეს მონაწილეობის მიღება ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში.ხიონგუს ტომის მმართველობა შეცვალა გიოქტიურკის მმართველობამ,რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა მონღოლეთში.მე-7 მე-8 საუკუნეებში ისინი დაამარცხეს უიგურებმა და შემდოგ კიტებმა და ჯურჩებმა.მე-10 საუკუნისათვის,ქვეყანა დაყოფილი იყო სხვადასხვა ტომებად.
[რედაქტირება] მონღოლეთის იმპერია
მე-12 საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა,რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო,მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჩურიიდან ალტაის მთებამდე.1206 წელს მან მიიღო ჩინგის ხანის ტიტული.ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით.დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია,ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში.ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს ღევანდელ დასავლეთით პოლონეთამდე,აღმოსავლეთით კორეამდე ,ჩრდილოეთით სიბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე.იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ2 -ი(მსოფლიო მიწის 22%-ი),მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.
ჩინგის ხანის სიკვდილის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ.ერთ-ერთი მათგანი-დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს.მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი ყუბულაი ხანი(იანის დინასტია).დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი პეკინი,მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, 1368 წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი,მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი.წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იპერიის დროს.1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანსა და ამიერკავკასიაში, შუა აზიაში.
[რედაქტირება] იმპერიის შემდოგიმი პერიოდი
იმპერიის დაცემის შემდგომ,საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები ძალაუფლებისათვის.დამოუკიდებელ ფეოდალურ სახანოებსა და სამთავროებს სჭირდენოდათ ბაზარი მესაქონლეობის პროდუქტისა და პირუტყვის გადასაცვლელად ბინადარი ხალხების ხელოსნურ და სხვა ნაწარმზე. ასეთი ბაზარი იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ჩინეთი, მაგრამ იგი დიდად არ იყო დაინტერესებული ასეთი გაცვლით. დაიწყო მონღოლური ეკონომიკის კრიზისი.მე-15 საუკუნეში ორგზის წარუმატებლად დამთავრდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის დაძლევისა და მონღოლური სახელმწიფოს აღდგენის ცდა. საუკუნის დასაწყისში გამარჯვება მოიპოვეს ოირადებმა.მათი მეთაური იყო ესენ ტაისი.იორადებმა ერთ-ერთი შეტაკების დროს(1449 წელს) მძევლად აიყვანეს ჩინეთის იპრეატორი.1454 წელს ესენი მოკლულ იქნა და ხელისუფლება დაუბრუნდათ ჩინგის ხანის შთამომავლებს.მე-16 საუკუნის დასაწყისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ალტან ხანმა.მან დააარსა ჰოჰოტი 1557 წელს,1578 წელს ის შეხვდა დალაი ლამას,რამაც ხელი შეუწყო მონღოლეთში ბუდიზმის გავრცელებას.მას შემდეგ რაც ახალი ხანი-აბთაი ხანი გახდა ბუდისტი(1585 წელს), მან ააშენა ბუდისტური მონასტერი ერდენ ზუუ 1586 წელს. მე-16-17 საუკუნების მიჯნაზე მონღოლეთი მანჯურიელ ფეოდალთა ექსპანსიის ობიექტი გახდა. 1634 წელს მათ გაანადგურეს სამხრეთ მონღოლეთში უდიდესი ჩახარის სახანო. 1636 წელს, სამხრეთ მონღოლეთის ნოინებმა აღიარეს მანჯურიელთა ბატონობა. იმ დროიდან სამხრეთ მონღოლეთს ეწოდა შიდა მონღოლეთი. მე-17 საუკუნის 30-იან წლებში დასავლეთ მონღოლეთში შეიქმნა იორათთა ფეოდალური სახელმწიფო. 1640 წელს ჯუნღარიაში (დას. მონღოლეთი) მონღოლეთის საერთო ყრილობაზე ხანებმა და მთავრებმა სცადეს გაერთიანება, მაგრამ უშედეგოდ. 1691 ფეოდალებმა სცნეს მანჯურიელთა ბატონობა. ამის შემდეგ მხოლოდ იორათთა დამოუკიდებელი ფეორალური სახანო უწევდა წინააღმდეგობას ჩინელ-მანჯურიელთა შემოსევებს. 1755-1758 წლებში გაიშალა ფართო ანტიმანჯურიული განმათავისუფლებელი მოძრაობა იორათთა მთავრის ამურსანასა და ხალხას ნოინის ჩინგუნჟაბის ხელმძღვანელობით, თუმცა მანჯურიელებმა აჯანყება ჩაახშეს. 1758 წელს მანჯურიელებმა გაანადგურეს იორათთა სახელმწიფო და გაჟლიტეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ დროიდან მთლიანი მონღოლეთი ცინის დინასტიას, ჩინეთს დაემორჩილა. 1911 წლამდე მონღოლებს ჩინელები მართავდნენ.
[რედაქტირება] დამოუკიდებლობა
1911 წელს გარე მონღოლეთში ანტიმანჯურიული გამოსვლების, ჩინეთის რევოლუციის და რუსეთის დახმარების შედეგად დაემხო მანჯურიელთა ბატონობა. ყველა მონღოლურმა ტომმა გამოხატა მზაობა მონღოლეთის დამოუკიდებლობისათის. ფეოდალებმა შექმნეს დამოუკიდებელი ფეოდალური, თეოკრატიული სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის შეთანხმებით 1915 წელს მონღოლეთი ჩინეთის ავტონომიური ტერიტორია გახდა. 1919 წელს,რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ ჩინეთის ჯარებმა დაიკავეს მონღოლეთის დედაქალაქი,მაგრამ მათი გამარჯვება დროებითი იყო. 1918-1921 წლებში იაპონიამაც თავის მხრივ სცადა გარე მონღოლეთის დამორჩილება თუმცა რუსმა მოგზაურმა,ბარონმა უნგერმა(სისხლიანი ბარონი),რომელიც იბრძოდა თეთრი არმიის მხარეს წითლების წინააღმდეგ სიბირში,გამოუშვა შენაერთი მონღოლეთში და დაამარცხა აქ მდგარი ჩინელების შენაერთი.მალევე შექიმნა მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია სუხე-ბატორისა და ჩოიბალსანის მეთაურობით. 1921 წლის 13 მარტს შეიქმნა დროებითი სახალხო მთავრობა და სახალხო რევოლუციური არმიის მთავარსარდლად დაინიშნა სუხე-ბატორი. 18 მარტს განთავისუფლებულ იქნა ქალაქი მაიმაჩენი. რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება- სახალხო ხურალები. საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მშრომელი არატების დიქტატურის თავისებური ფორმა. მიუხედავად სახალხო მთავრობისა, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება, 1921-1924 წლებში მონღოლეთი ფორმალურად მაინც შეზღუდულ მონარქიად რჩებოდა. სახელმწიფოს სათავეში იდგა ბოგდო-გეგეგნი (ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში). ამ წლებში სახალხო მთავრობამ განახორციელა მრავალი ანტიიმპერიალური და ანტიფეოდალური ხასიათის გარდაქმნა, რევოლუციის გამარჯვებამ და ანტიფეოდალურმა გარდაქმნებმა გამოიწვია ძალთა გამიჯვნა და კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, დაიწყო კონტრრევოლუციური შეთქმულებები (1922, 1924 წლები), რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მტკიცდებოდა რევოლუციური მთავრობის კავშირი საბჭოთა კავშირთან. 1921 წლის ნოემბერში მონღოლეთის დელეგაცია შეხვდა ლენინს. 1924 წელს პირველმა სახალხო ხურალმა მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადა და მიიღო პირველი კონსტიტუცია. 1929 წელს დაიწყო მსხვილი ფეოდალური საკუთრების ექსპროპრიაცია. კლასების ლიკვიდაციის პროცესს თან სდევდა სხვადასხვა შეიარაღებული გამოსვლები.
[რედაქტირება] მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა
1924 წელს,მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მეფე და რელიგიური ლიდერი ბოღდ ხანი,საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა მონღოლეთს.1924 წელს ხორლოგიინ ჩოიბარსანის ხელში მოექცა ძალაუფლება.მის სახელს უკავშირდება კოლექტივიზაცია,ასევე მონასტრების გადაწვა და ბერების ხოცვა.მონღოლეთში 1920 წლისათვის მამაკაცთა დაახლოებით ერთი მესამედი იყო ბერი და მეოცე საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 750 მონასტერი ფუნქციონირებდა.სტალინის დიდი წმენდის შემდეგ ,რომელიც 1937 წელს დაიწყო, მონღოლეთში 30,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იაპონური იმპერიალიზმი კი სულ უფრო და უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის.1939 წლის იაპონია- საბჭოთა კავშირის ომის დროს,საბჭოთა კავშირმა წარმატებით დაიცვა მონღოლეთი იაპონიისაგან.1945 წელს მონღოლმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მანჩურიის ოპერაციაში. 1945 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი და გამოკითხულთა 100%-მა(ოფიალური ინფორმაციით) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას.1949 წლის 6 ოქტომბერს მოხდა ჩინეთის მხრიდან მოღოლეთის ოფიციალური აღიარება.
[რედაქტირება] დემოკრატია
ცნობილი ’პერესტროიკისა’ და ’გლასნოსტის’ შემდგომ მონღოლეთში აქტიურად დაწიყეს ფიქრი დემოკრატიულ რესპუბლიკაზე,მრავალპარტიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე.1992 წლის ახალ კონსტიტუციაში ”სახალხო რესპუბლიკა” ამოღებულ იქნა ქვეყნის სახელიდან.საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ მომხდარა მარტივად.1990-იან წლებში ქვეყანაში იფლაციასა და საკვების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი.1993 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში და 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა არაკომუნისტურმა პარტიამ.
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
მონღოლეთი იყოფა დედაქალაქად და 21 აიმაკად:
- არა-ხანგაი;
- ბაიან-ულეგეი;
- ბაიანხორგორი;
- ბულგანი;
- აღმოსავლეთ გობი;
- აღმოსავლეთი;
- გობი-ალთაი;
- გობი-სუმბერის აიმაკი;
- დარხანი;
- ძაბხანი;
- კობდო;
- ორხონი;
- სელენგი;
- შუა გობი;
- სუხე-ბატორი;
- უბსუნური;
- უვერ-ხანგაი;
- ხუბსუგული;
- ხენტეი;
- ცენტრალური;
- სამხრეთ-გობი.
[რედაქტირება] მთავრობა
მონღოლეთის სახელმწიფო მრავალპარტიული მართვის სისტემით.დომინირებს ტიპური კომუნისტური მონოპოლიური პარტია,რომელსაც მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია ეწოდება,მაგრამ მას აღარ გააჩნია უწინდელი ძალაუფლება.ახალი კონსტიტუციით,რომელიც ძალაში 1992 წელს შევიდა, ქვეყანას მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ნაცვლად, მონღოლეთის სახელმწიფო ჰქვია.შედეგად სოციალისტური მართვის სტრუქტურა შეცვალა პრეზიდენტმა და ერთპალატიანმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც ირჩევხუთი წლის ვადით, ხოლო ხელისუფლების სათავეში პრემიერმინისტრი დგას.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის დაახლოებით 94% მონღოლია,რომელთაგან ძირითადი ჯგუფი (90%) წარმოადგენს ხალიკას.უმცირესობას წარმოადგენენ ბურიატები და ყაზახები.ყაზახები თავდაპირველად ქვეყნის დასავლეთში ცხოვრობდნენ და მოსახლეობის 5%-ს შეადგენდნენ, მაგრამ 1991 წლის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბევრი დაუბრუნდა ყაზახეთს. მონღოლურ დამწერლობაში კირილიცა 1940-დან გამოიყენება. ტრადიციული ანბანი, რომელიც წააგავს არაბულს, მაგრამ იწერება ვერტიკალურად, კვლავ ისწავლება სკოლებში იმ იმედით,რომ შემდგომში ისევ ქვეყნის ოფიციალურ დამწერლობად იქცევა.
[რედაქტირება] ეკონომიკა
ტრადიციულად მონღოლები მომთაბარენი იყვნენ.ისინი ძირითადად, მრგვალ კარვებში ცხოვრობდნენ და მათი საქმიანობა საქონლის მწყემსვა იყო. 1952 წლის შემდეგ კომუნისტებმა ჩამოაყალიბეს მეცხოველეობის კოოპერატივები(კოლმეურნეობები) და სახელმწიფო მეურნეობები მარცვლოვანი კულტურის მოსაყვანად. ამან ადგილზე დამკვიდრების პროცესი დააჩქარა, მაგრამ მომთაბარეობა საბოლოოდ ვერ აღმოიფხვრა. ბევრი ოჯახი მომთაბარეობდა საძოვრიდან საძოვარზე სეზონის შესაბამისად. კომუნისტური კავშირის წევრად ყოფნისას მონღოლეთს დიდ დახმარებას უწევდნენ სხვა სოციალისტური ქვეყნები.1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მონღოლეთი ისევ დაუბრუნდა პრივატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის ხანას. დღეს ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ეყრდნობა მეცხოველეობას, მაგრამ თანდათან ძლიერდება მრეწველობა, ქვანახშირისა და ელექტროენერგიის ინდუსტრიები. მონღოლეთში გზებისა და რკინიგზის ქსელი საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ორიენტაციას ასახავს.ამ პერიოდში ექპორტი და იმპორტი დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირთან. ეს ძველი ქსელი ახლა აღარ არსებობს და ვერ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ვეღარ უწევს ქვეყანას სათანადო სავაჭრო პარტინიორობას. საბჭოთა სუბსიდიების გაუქმებამ და რუსეთის მიმართ დავალიანებამ 11 მილიარდის ოდენობით, ქვეყნის თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში საკმაოდ მტკივნეული გადასვლა გამოიწვია.მონღოლეთმა დასავლეთისაგან 55 მილიონი დოლარი დახმარების სახით მიიღო. ამჟამად, ყალიბდება ახალი სავაჭრო კავშირები შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან.
[რედაქტირება] კლიმატი
ჰავა მშრალია და მკვეთრად კონტინენტური, მოკლე, ზომიერი ზაფხულითა (იწყება მაისიდან და გრძელდება სექტემბრამდე) და გრძელი ზამთრით. ამ დროს ტემპერატურა შესაძლოა -50 გრადუსამდე დაეცეს.ულან-ბატორში საშუალო ტემპერატურა მერყეობს -26 გრადუსიდან (იანვარში) 16გრადუსამდე (ივლისში). წვიმები საკმაოდ ცვალებადია და ხშირად წყალდიდობას იწვევს. წლიური ნალექების რაოდენობა მთაში 460 მმ-ია, ხოლო გობის უდაბნოში - 100 მმ. მონღოლეთი ცნობილია მოწმენდილი, მზიანი დღეებით, რომელიც წელიწადში საშუალოდ,240 დღე გრძელდება.
[რედაქტირება] ბუნება
მონღოლეთის რესპუბლიკა (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური აზიის აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3,000 კმ-ის მანძილზე რუსეთს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით - ჩინეთს. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150კმ) ესაზღვრება ყაზახეთს. მთლიანად ტერიტორია შეადგენს 1,564,116 კვ.კმ-ს,დაახლოებით იმდენს, რასაც ალიასკა. თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვის დონიდან 1,000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4,374 მ.).მნიშვნელოვანი ქედებია ასევე გობის ალთაი და ხანგაი.ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ხენტეის მთიანეთი. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა და ტუულის ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ულან-ბატორი (ულაანბაატარი), მონღოლეთის დედაქალაქი და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: სელენგა, კერულენი, ონონი, ძაბხანი, კობდო. ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის ლანდშაფტები. ტყეს მონღოლეთის ტერიტორიის 10%-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია. ყველაზე გავრცელებულია მღრღნელები, გვხვდება კურდღელი ტოლაი, აკლიმატიზებულია ონდატრა. ტყეებში ბინადრობს მგელი, მელია, სიასამური, ციყვი, ბურუნდუკი. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კულანი, ანტილოპები, შველი, მარალი, ხემტეის მთებში-ლოსი, მუშკი. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც (ველური აქლემი, პრჟევალსკის ცხენი, გობის დათვი) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება. მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს გობის უდაბნო. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.
[რედაქტირება] ბუნებრივი რესურსები
მიხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვის, აქლემისთვის და ცხენისთვის საძოვრად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი. ერდენეტში მოიპოვებენ სპილენძსა და მოლიბდენს, აგრეთვე ქვანახშირს. არსებობს ნავთობის საბადოებიც, რომელიც ათვისებული არაა. ქვეყანაში დიდია ფოსფატის დეპოზიტი, მაგრამ უმეტესი ნაწილი აუთვისებელია გარემოს დაცვითი პრობლემების გამო.
[რედაქტირება] რელიგია
მონღოლების უმეტესობა ბუდიზმის მიმდევარი იყო მანამ სანამ კომუნისტურმა პარტიამ არ წამოიწყო მკაცრი ანტი-რელიგიური კამპანია 1937-1939 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუდისტურმა რელიგიამ აღმავლობა განიცადა და 1990-იან წლებში მონღოლური ნაციონალიზმის ძირითად ძალად მოგვევლინა. მართალია, 1991 წელს ბუდიზმი კონსტიტუციურად არ აღიარეს როგორც სახელმწიფო რელიგია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ კუთხით დიდი გამოცოცხლება შეინიშნება.დღეისათვის მოსახლეობის 50% ბუდისტია. ქალაქების მოსახეობის დაახლოებით ნახევარი თავს ულან-ბატორში იყრის. მოსახლეობი რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფად იზრდება და მონღოლების 32,6% 15 წლამდე ასაკისაა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური პროგრამები დიდ ცვლილებებს განიცდის. მოსახლეობის 40% ათეისტია და არ გააჩნია რელიგია. 6%- შამანისტი და ქრისტიანია, ხოლო 4% მუსულმანი. ტენგრიიზმი და შამანიზმი ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლურ ტომებში, ისევე როგორც მთელს აზიაში. თუმცა შამანიზმმა დიდი კვალი დატოვა მონღოლურ რელიგიურ კულტურაზე. კომუნისტური რეჟიმის დროს, სტალინის ბრძანებით 700-ზე მეტი მონასტერი გადაიწვა და მოკლულ იქნა ათასობით ბერი. რელიგიურმა რეპრესიებმა დიდი კვალი დაამჩნია ქვეყნის რელიგიურ განვითარებას.1990-იან წლებში როდესაც რელიგია უკვე აღარ იკრძალებოდა, ქვეყანაში გავრცელება დაიწყო მაჰმადიანობამ და ქრისტიანობამ.
[რედაქტირება] განათლება
სოციალისტური რეჟიმის დროს მონღოლეთში განათლებას დიდი ყურადღება ექცეოდა.წერა-კითხვის უცოდინრობა ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა მომთაბარე ბავშვებისათვის სეზონური სკოლების გახსნით.თუმცა 1990 წელს სეზონურ სკოლებს დაფინანსება შეუწყდათ. დაწყებითი და საშუალო განათლება მონღოლეთში 10 წელს გრძელდებოდა, მოგვიანებით კი 11 წლამდე იქნა გაზრდილი.2008-2009 წლებში ოფიციალურად შემოღებულ იქნა 12 წლიანი სასწავლო წელი. სწავლება შეეხოთ პირველკლასელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემური ცვლილების შედეგს მონღოლეთში 2019-2020 წლებში მიიღებენ.ქვეყნის ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტებია:მონღოლეთის ნაციონალური უნივერსიტეტი და მონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. 1990-იანი წლების ლიბერალიზაციას მოჰყვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ზრდა, თუმცა ხშირად მათ ექმნებათ პრობლემები უნივერსიტეტის სტატუსთან დაკავშირებით.
[რედაქტირება] კულტურა
ქვეყნის ძირითადი ფესტივალია ნაადამი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმართება. ნაადამი შედგება სამი ტრადიციული მონღოლური სპორტისაგან:მშვილოსნობის, ჯირითისა და ჭიდაობისაგან. ფესტივალი ტარდება 11-13 ივლისს, რითაც პატივს მიაგებენ ნაციონალურ დემოკრატიულ რევოლუციას.
[რედაქტირება] ლიტერატურა
მონღოლური ზეპირსიტყვიერება მრავალჟანროვანია. ფართოდაა ცნობილი ეპიკური თქმულებები: ”გესერიადა” , ”ჯანგარი” და სხვ. მონღოლეთის დამწერლობითი ლიტერატურის ეპიგრაფიკული ძეგლები მე-12-13 საუკუნეებით არის დათარიღებული. პირველი წერილობითი ძეგლი (არა უადრეს 1240 წლისა) ”საიდუმლო თქმულება” მხატვრული ხასიათისაა, გაბაასების ტიპის ხალხური სიმღერის ნიმუშია ”ოქროს ურდოს ხენაწერი თელის ხის ქერქზე” (მე-13-14 სს.). მე-13-14 საუკუნეების ლიტერატურა ფრაგმენტების სახით შევიდა ნე-17 საუკუნის მატიანეებში. მე-19 საუკუნის ლიტერატურისათვის დამახასიათებელია დემოკრატიული, ანტიფეოდალური ტენდენციები. (პოეტები ხუულჩ სანდაგი, დ.რავჟაა (1803-1856), გულრანსა (1820-1851) და სხვ.). რევოლუციის შემდგომი ლიტერატურა განიცდის აშკარა სოციალისტურ გავლენას. რაც ვლინდება რომანებში: ”წითელი დროშა”, ”ლენინი და სუხე-ბატორი”; აღსანიშნავია ც.გაიტავის პოემები ”ლენინი ჩვენთანაა”, ”კარლ მარქსი”, ”ფრიდრიხ ენგელსი”. ვითარდება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრი. მთარგმნელობითი საქმიანობა მონღოლეთში ჩინგის ხანის ეპოქიდან დაიწყო. თარგმნილია ”ქილილა და დამანა”, ტიბეტურიდან შანდიდევას პოემა ”სიწმინდის გზა”, ტიბეტელი განდეგილი პოეტის მილარაიბას ”ასიათასი სიმღერა” და სხვ. საუკუნეების მანძილზე ითარგმნებოდა და გამოცემულია ენციკლოპედიები-”განჟური” (108 ტ., მე-17ს.) და ”დანჟური” - განჟურის კომენტარები (225 ტ., მე-18 ს). მე-18 საუკუნეში აქტიურად ითარგმნებოდა ჩინური რომანები და ნოველები, ხოლო 1921 წლიდან დაიწყო რუსული ლიტერატურის თარგმნა.
[რედაქტირება] არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება
მონღოლეთის ტერიტორიაზე მოპოვებულია ბრინჯაოს ხანის ხელოვნების უძველესი ნიმუშები (ცხოველთა გამოსახულებანი კლდეებზე, სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი), რკინის ხანიდან შემონახულია ცხოველთა სტილიზებული ფიგურები ძვ.წ. I საკუნის დასაწყისს მიეკუთვნება ჰუნების დიდებულთა ყორღანებში აღმოჩენილი ნივთები. ჰუნების ქალაქები წარმოადგენდა გეგმით თითქმის კვადრატულ დასახლებებს ხელოსანთა კვარტალებითა და მმართველთა სასახლეებით. თურქთა სახაკანოების ბატონობის ხანაში (მე-6-8 სს.) განვითარდა ხელოსნობა, მემორიალური ქანდაკება. უიღურთა სახაკანოს ხანიდან შემონახულია დედაქალაქ ორდუ-ბალიკის (მოგვიანებით ხარდა-ბალგასი) ნანგრევები. ქალაქ ბარსხოტის გათხრების დროს აღმოჩენილია ბუდისტური ტაძრის ნანგრევები. მონღოლეთის ფეოდალურ სახელმწიფოსა და მონღოლეთის იმპერიის აღმოცენების ხანას მიეკუთვნება ყარაყორუმში აღმოჩენილი უგედეი-ხანის სასახლის ნაშთები. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მონღოლთა საცხოვრებელს წარმოადგენს ხის კარკასიანი თექის კარვები, შენდება ხის საკულტო ნაგებობანი, შერეული ტიპის ტაძრები. ფერწერა წარმოდგენილია ბუდისტური კომპოზიციებით. მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა საერო ფერწერა. მე-17 საუკუნის შუა ხანებში განვითარდა ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების დამზადება.
[რედაქტირება] მუსიკა
მონღოლური მუსიკალური კულტურის უძველესი ტრადიციები ჩვენს დრომდე მოიტანეს ხალხურმა მთქმელებმა, მუსიკოს-შემსრულებლებმა. მონღოლური ხალხური სიმღერები ერთხმიანია, სრულდება ხალხური საკრავების ლიმბეს (ფლეიტის სახეობა), მორინჩხურის, ხუჩირის ( სიმებიან- ხემიანი), იიოჩინის (ციმბალის სახეობა) და სხვთა თანხლებით.
[რედაქტირება] დრამატული თეატრი და კინო
უძველესი მონღოლური საწესჩვეულებო და რელიგიური თამაშობანი, აგრეთვე მისტერიული ”ცამი” შეიცავდა თეატრალური ხელოვნების ელემენტებს. შუა საუკენეებში სასახლის კარზე წელიწადში ერთხელ იმართებოდა საერო თეატრალური წარმოდგენა. ახალი წლის ღამეს თოჯინების თეატრები ქუჩაში მართავდნენ წარმოდგენებს. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაიდგა პირველი სახალხო წარმოდგენა ”მთვარის გუგული” 1935 წელს ულან-ბატორში შეიქმნა კინოსტუდია ”მონღოლკინო”, რომელიც თავდაპირველად უშვებდა დოკუმენტურ ფილმებს. 1937 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი.
[რედაქტირება] მონღოლური დამწერლობა
მე-13 საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა (წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ). მე-14 ს-ში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და ”გალიკი” უწოდეს. მე-17 საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე.წ. ”ნათელი დამწერლობა” იორათული სალიტერატურო ენისათვის.
[რედაქტირება] მონღოლური ენა
მონღოლური ენა განეკუთვნება მონღოლური ენების ჯგუფს.სალიტერატურო ენა ემყარება ხალხა დიალექტს. 1941 წლიდან დამწერლობას საფუძვლად უდევს რუსული გრაფიკა. მონღოლეთში დაცულია სინჰარმონიზმი. აქვს მოკლე და გრძელი ხმოვნები, დიფთონგები. გრძელი ხმოვნები ორთორგაფიულად გადმოიცემა ხმოვანთა ორმაგი დამწერლობით.
[რედაქტირება] ტრანსპორტი
მონღოლეთში არის საავტომობილო ტრასა, რკინიგზა, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი. სანაოსნოდ გამოიყენება მდინარეები: სელენგა, ორხონი და ხუბსუგული.
[რედაქტირება] საზღვაო ფლოტი
მონღოლეთი, ფართობის მიხედვით, ყაზახეთის შემდგომ მეორე ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. მიუხედავად ამისა 2003 წლის თებერვალში, მონღოლეთმა დაარეგისტრირა საზღვაო ფლოტი (The Mongolia Ship Registry Pte Ltd.) რეგისტრაციის მომენტიდან მოყოლებული მათი გემების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Mongolian National Statistical Office Yearbook 2002
- ↑ Department of Economic and Social Affairs Population Division (2009). "World Population Prospects, Table A.1" (.PDF). 2008 revision. United Nations. Retrieved on 2009-03-12.
- ↑ 3.0 3.1 Mongolia. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი 2009-10-01.
- ↑ 4.0 4.1 Eleanora Novgorodova, Archäologische Funde, Ausgrabungsstätten und Skulpturen, in Mongolen (catalogue), pp. 14-20
- ↑ P. Jeffrey Brantingham, Steven L. Kuhn, Kristopher W. Kerry-The early Upper Paleolithic beyond Western Europe, p.207
[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები
- სამთავრობო ტურისტული საიტი (ინგ.)
- ტურისტული საიტი მონღოლეთზე (რუს.)
- მონღოლეთი www.worlds.ru-ზე (რუს.)
- სამთავრობო საიტი (ინგ.) (მონღ.)
- გობის უდაბნო (ინგ.)
- გობის უდაბნო და მომთაბარენი გობის უდაბნოში (ინგ.)
- ულან-ბატორი (ინგ.)
- მონღოლეთის შეიარაღებული ძალები (ინგ.)
- ჩინგის ხანი და მონღოლები (ინგ.)
- ჩინგის ხანი (ინგ.)
- სიკვდილიანობა, შობადობა და სხვა (ინგ.)
- დემოგრაფია (ინგ.);(რუს.);(ფრანგ.);(იტალ.)და სხვ.
- ბავშვთა სიკვდილიანობა (ინგ.)
- მონღოლეთის მოსახლეობა (ინგ.)
- მომთაბარეობა (ინგ.)
- მომთაბარეობა 1 (ინგ.)
- მონღოლეთის სტეპი (ინგ.)
- მოგზაურობა მონღოლეთში (ინგ.)
- ულან-ბატორი (რუს.)
- მონღოლეთის მოსახლეობის რაოდენობის კლება. РИА "Новости"-ის ჟურნალისტის სტატია (რუს.)
- მონღოლეთის მოსახლეობა (რუს.)
- მონღოლეთის რუქა სხვადსხვა წვრილმანით (რუს.)
- მონღოლეთის რუქა Google-ში და სხვადასხვა მონაცემები (რუს.)
- მონღოლეთის გეოგრაფია (რუს.)
- მონღოლეთის ისტორია (რუს.)
[რედაქტირება] იხილეთ ასევე
- მონღოლები
- მონღოლეთის აიმაკები
- მონღოლეთის იმპერია
- ჩინგის ხანი
- მონღოლების ბატონობა საქართველოში
- მონღოლეთის პარლამენტი
- მონღოლეთის პრეზიდენტი
- მონღოლთა შემოსევები საქართველოში
- გობი (უდაბნო)
|
|||||

