ნიკარაგუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკარაგუა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიკარაგუის რესპუბლიკა
República de Nicaragua
ნიკარაგუა
ნიკარაგუას
დროშა გერბი
დევიზი: Salve a ti, Nicaragua (ესპანურად)
ჩვენ გვწამს ღმერთის[1]
ჰიმნი: Salve a ti
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მანაგუა
12°09′ ჩ. გ. 86°16′ დ. გ. / 12.150° ჩ. გ. 86.267° დ. გ. / 12.150; -86.267
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი დანიელ ორტეგა
ფართობი
 -  სულ 130,000 კმ2 (97-ე)
 -  წყალი (%) 7.14
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 5,891,199 (110-ე)
 -   აღწერა 5,142,098 
 -  სიმჭიდროვე 42 კაცი/კმ2 (157-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $16.709 მილიარდი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $2,698[2] 
აგი (2007) 0.699[3] (საშუალო) (124-ე)
ვალუტა კორდობა (NIO)
დროის სარტყელი (UTC-6)
ქვეყნის კოდი NIC
Internet TLD .ni
სატელეფონო კოდი +505

ნიკარაგუა (ოფიციალურად ნიკარაგუის რესპუბლიკა (ესპ. República de Nicaragua)) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. – წარმომადგენლობითი დემოკრატიული სახელმწიფო. იგი რეგიონის უდიდესი სახელმწიფოა 130 000 კმ² ფართობით და დასავლეთ ნახევარსფეროს მეორე სახელმწიფო სიღარიბის მხრივ. ნიკარაგუას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰონდურასი, სამხრეთიდან – კოსტა-რიკა, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს კარიბის ზღვა და წყნარი ოკეანე. ტროპიკულ ტყეებში ჩაფლული ნიკარაგუა მდებარეობს ჩრდილოეთის მე-11 და მე-14 სარტყელს შორის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ნიკარაგუის დედაქალაქია მანაგუა. თავად ქვეყნის სახელწოდება გაურკვეველი წარმოშობისაა. პირველი მოსაზრებით ეს სახელი დაარქვეს ესპანელმა კოლონისტებმა ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნიკარაოს მიხედვით. მეორე მოსაზრებით, ეს შეიძლება ადგილობრივ ენაზე ნიშნავდეს "წყლით შემოსაზღვრულ ადგილს" ("წყლად" შეიძლება მოიაზრებოდეს ორი დიდი ტბა ნიკარაგუის ტერიტორიაზე: ტბა მანაგუა და ტბა ნიკარაგუა, ან ის, რომ ტერიტორია დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ოკეანეებით არის გარშემორტყმული).

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის ისტორია.

კოლუმბამდელი ეპოქა[რედაქტირება]

ნიკარაგუის კარიბული დაბლობების უმეტესი ნაწილი დასახლებული იყო ავტოქტონური ტომებით, რომლებიც გადაადგილდებოდნენ კოლუმბიიდან ჩრდილოეთით. ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ენები უკავშირდება კოლუმბიაში არსებულ ჩიბჩას ენას. აღმოსავლეთ ნიკარაგუაში სახლობდნენ ტომებად და ოჯახებად მაცხოვრებელი ინდიელები. საარსებო საკვებს მოიპოვებდნენ თევზაობით, ნადირობით, აგროვებდნენ სხვადასხვა ხილსა და კასავას ფესვებს. როგორც ჩანს, განიცადეს კარიბის ზღვისპირეთის მაცხოვრებელთა გავლენა და მათ მსგავსად ცხოვრობდნენ ჩალის ქოხებში და იყენებდნენ კანოეებს.

1500-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ნიკარაგუაში ჩავიდნენ ესპანელი კონკისტადორები, მათ დახვდათ სამი, ნიკირანოს, ჩოროტეგანოს და ჩონტალის ინდიელთა ტომი, რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან კულტურითა და ენით. მათ ეჭირათ ნიკარაგუის თითქმის მთელი ტერიტორია და ჰყავდათ თავიანთი ბელადები, რომლებიც მართვადნენ საკუთარი კანონებითა და ტრადიციებით. საომარ იარაღებად იყენებდნენ ხმალს, შუბსა და ხისგან დამზადებულ ისრებს. ტომებში მმართველობის დამკვიდრებული ფორმა იყო მონარქია. უმაღლესი ხელისუფალი იყო ტომის ბელადი, რომელიც თავის დიდგვაროვნებთან ერთად წარმოადგენდა ტომის არისტოკრატიას. კანონები და წესრიგი მყარდებოდა შიკრიკების საშუალებით, რომლებიც მიდიოდნენ თითოეულ ქალაქში და აცნობდნენ ქალაქის მოსახლეობას ახალ გადაწყვეტილებებს.

ნიკარაგუის ტბასა და წყნარი ოკეანის სანაპიროს შორის ცხოვრობდა ნიკირანოს ტომი, რომელსაც მართავდა ნიკარაო, მდიდარი მმართველი, რომლის სატახტო ქალაქი იყო ნიკარაოკალი, დღევანდელი რივასი. ჩოროტეგანოს ტომი ცხოვრობდა ნიკარაგუის ცენტრალურ რეგიონში. ამ ორ ტომს ესპანელებთან ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ჩონტალის ტომი (რაც ნაუას ენაზე ნიშნავს "უცხოელი") სახლობდა ნიაკარგუის ცენტრალურ მთიანეთში. ეს ტომი პირველ ორ ტომთან შედარებით მცირერიცხოვანი იყო. მათი ნიკარაგუაში დასახლების თარიღი უცნობია.

ნიკარაგუის დასავლეთით და მაღალმთიანეთში, სადაც ესპანელები დამკვიდრდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას მუსრი გაავლო ესპანელების შემოტანილმა სახადმა. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ დაავადებების მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნდა, მათი გენოფონდის უკიდურესად შემცირებას ხელი შეუწყო ესპანელების კოლონიზაციურმა რეჟიმმა.

ესპანელთა დაპყრობები[რედაქტირება]

ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი იყო, რომელმაც ნიკარაგუის ნაპირებს მიაღწია 1503 წელს. თავისი მეოთხე მოგზაურობის დროს კოლუმბმა გადაცურა და შეისწავლა მოსკიტების სანაპირო, რომელიც დღეს ნიკარაგუის შემადგენლობაშია.[4] ნიკარაგუის პირველი აღმომჩენი იყო ხილ გონსალეს დავილა[5], რომლის პანამაში ჩამოსვლის შემდეგ, 1520 წელს დაიწყო ცენტრალური ამერიკის აღმოჩენა და შესწავლა. გონსალესი ამტკიცებდა, რომ მან გააქრისტიანა 30,000 ადგილობრივი მოსახლე. დასავლეთის ნაყოფიერ მიწებზე ოქროს მოპოვებისა და შეგროვების შემდეგ გონსალესი შეებრძოლა ნიკარაოს, რომელიც ადგილობრივებს მეთაურობდა. ამის შემდეგ გონსალესი ჩავიდა პანამაში, სადაც გუბერნატორ პედრო არიას დავილას ბრძანებით იგი დააპატიმრეს და ჩამოართვეს ქონება 90,000 ოქროს პესეტას ოდენობით. ამის შემდეგ გონსალესი იძულებული გახდა, სანტა-დომინგოში გაქცეულიყო.

ეს ზდებოდა 1524 წლამდე, მანამ, სანამ ნიკარაგუაში მუდმივი ესპანური დასახლებები გაჩნდებოდა.[5] კონკისტადორმა ფერნანდო ერნანდეს დე კორდობამ ორი მნიშვნელოვანი ქალაქი დააარსა ნიკარაგუის ტერიტორიაზე: მანაგუას ტბის ნაპირებზე გრენადა იყო ნიკარაგუის პირველი ქალაქი, ხოლო ლეონი - აღმოსავლეთით ნიკარაგუის ტბასთან. კორდობამ ქალაქების დაცვის მიზნით დაწიყო საპასუხო შეტევები სხვა კოლონისტებზე. საბოლოოდ კორდობას საჯაროდ მოჰკვეთეს თავი პედრარიას დავილასთან ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს. მისი ნაშთები 500 წლის შემდეგ იპოვეს ლეონში.[6].

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ კოლონიზატორებს შორის გამუდმებული ბრძოლა იყო, ისინი ერთობლივად ანადგურებდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ინდიელთა ცივილიზაცია დაინგრა. ეს ბრძოლები კაპიტნების ბრძოლის სახელითააა ცნობილი. 1529 წლისთვის ნიკარაგუის დაპყრობა დასრულდა. კონკისტადორების ნაწილი გამარჯვებული დარჩა, ნაწილი დამარცხდა ან დაიღუპა. პადრარიას დავილამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება პანამის დათმობის ფასად დაუჯდა. ამის შემდეგ იგი გადავიდა ნიკარაგუაში და თავის ბაზად ლეონი აირჩია. საზრიანი დიპლომატიური ინტრიგის საშუალებით იგი კოლონიის პირველი გუბერნატორი გახდა[6]. მიწები დანაწილდა კონკისტადორებს შორის. მათ დიდ ინტერესს დასავლეთით მდებარე მხარეები იწვევდა. ესპანელებმა დაისაკუთრეს მამულები და უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიმონეს. დანარჩენები გაამწესეს ჩრდილოეთ ნიკარაგუაში, სადაც მუშაობდნენ მაღაროებში, ზოგი მათგანი კი დაიღუპა საომარი შეხლა-შემოხლის დროს. უმეტესობა აბორიგენებისა კი მონებად ცხოვრობდნენ, რომელთაც ასევე აგზავნიდნენ ახლად ღმოჩენილ ესპანურ კოლონიებში. მონები კოლონიების ესპანურ არისტოკრატიას დიდ შემოსავალს აძლევდა[5].

კოლონიალური ერა[რედაქტირება]

მაისის კუნძულები ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო, როგორც მოსკიტების სანაპიროს ნაწილი, სანამ ის ნიკარაგუას გადაეცემოდა

1536 წელს ჩამოყალიბდა ახალი ესპანეთის ვიცე სამეფო. 1570 წლისთვის ახალი ესპანეთის სამხრეთ ნაწილის ტერიტორიაზე შეიქმნა გვატემალის საკაპიტანო. იმ დროისათვის ნიკარაგუის ტერიტორიის დედაქალაქი იყო ლეონი. 1610 წელს ამოფრქვეულმა ვულკანმა მომოტომბომ დაანგრია დედაქალაქი. ლეონი აღადგინეს ძველი დედაქალაქის ნანგრევების ჩრდილო დასავლეთით. შემდგომ პერიოდში ნიკარაგუა გახდა მექსიკის იმპერიის ნაწილი. 1821 წელს კი დამოუკიდებლობა მიიღო ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების შემადგენლობაში. სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა 1838 წელს. მოსკიტების სანაპირო დარჩა ბრიტანეთს, რომლის პროტექტორატის ქვეშ იყო 1655-დან 1850 წლამდე. 1859 წელს მოსკიტების სანაპირო გადაეცა ჰონდურასს. ერთი წლის შემდეგ ის ნიკარაგუას დაუბრუნდა ავტონომიის სტატუსით. მოსკიტების სანაპირო ავტონომიას 1894 წლამდე ინარჩუნებდა. ნიკარაგუის პრეზიდენტმა, ხოსე სანტოს სელაიამ (1893-1909), მოლაპარაკებებს შედეგად მოახერხა მოსკიტების სანაპირო ნიკარაგუის ნაწილად ექცია. სწორედ მის პატივსაცემად დაარქვეს რეგიონს სელაია.

ნიკარაგუაში "დოიჩე კლუბის" დამფუძნებელი წევრები, 1901

ნიკარაგუის დამოუკიდებლობა ვითარდებოდა ლეონის ლიბერალური და გრანადის კონსერვატორული ელიტის დაპირისპირების ფონზე. ეს დაპირისპირება 1840-50 წლებში სამოქალაქო ომშიც კი გადაიზარდა. 1855 წელს კონსერვატორების მიწვევით, ლიბერალების წინააღმდეგ საბრძოლველად, ნიკარაგუაში ჩავიდა ამერიკელი ავანტურისტი უილიამ უოლკერი (სიკვდილით დასაჯა ჰონდურასის მთავრობამ), რომელიც 1856 წლის გაყალბებული არჩევნებით ნიკარაგუის პრეზიდენტიც კი გახდა. კოსტა-რიკა, ჰონდურასი და ცენტრალური ამერიკის სხვა სახელმწიფოები გაერთიანდნენ, რათა გაედევნათ ნიკარაგუიდან 1857 წელს[7].

1800-იან წლებში ნიკარაგუას მოაწყდა ემიგრანტთა ტალღა, ძირითადად ევროპიდან. გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან ჩამოდიოდნენ ოჯახები ბიზნესის დასაწყებად. ისინი ძირითადად დასაქმდნენ აგრარულ სფეროში (ყავისა და შაქრის პლანტაციები), ასევე აარსებდნენ გაზეთებს, სასტუმროებსა და ბანკებს.

XIX საუკუნის ბოლოს აშშ და ევროპის სახელმწიფოები დაინტერესდნენ ნიკარაგუის არხის მშენებლობით და წარმოადგინეს გეგმა, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა წყნარი და ატლანტის ოკეანეები. მაგრამ ამ არხის აშენების მაგივრად პანამის არხი გაიჭრა.

შეერთებული შტატების ინტერვენცია (1909-1930)[რედაქტირება]

შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ნიკარაგუის ოკუპაცია 1912-1933 წლებში[8]. სამხედრო ინტერვენციის ძირითადი მიზანი ნიკარაგუის არხის მშენებლობისთვის ხელის შეშლა იყო. საერთოდ, აშშ არ იყო წინააღმდეგი ამ არხის მშენებლობისა, სურდა, რომ მხოლოდ მას აეშენებინა ნიკარაგუის არხი. ნიკარაგუამ გამოაცხადა კვაზი-პროტექტორატი 1916 წელს დადებული ჩამორო-რაიანის შეთანხმებით. ოკუპაცია დასრულდა მას შემდეგ, რაც აუგუსტო სესარ სანდინომ პარტიზანული ომი წამოიწყო ამერიკელების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ოკუპაციის დასასრულის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ში დიდი დეპრესიის დასაწყისი გახდა.

სამოსას დინასტია (1936 - 1979)[რედაქტირება]

ნიკარაგუაში რამდენიმე სამხედრო დიქტატურა იყო, მათ შორის სომოსას დინასტია, რომელსაც XX საუკუნეში, ყველაზე დიდხანს ეპყრა ძალაუფლება ნიკარაგუაში. სამოსას ოჯახმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო აშშ-სთან დადებული ხელშეკრულების წყალობით, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული გვარდიის შექმნას. გვარდიას უნდა ჩაენაცვლებინა შეერთებული შტატების ფლოტი, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ბატონობდა ქვეყანაში. სამოსამ დაიწო ოფიცრების გარიცხვა გვარდიიდან, რათა წინააღმდეგობა აღარ შეხვედროდა მათი მხრიდან. ამის შემდეგ მან გადააყენა საკასა და 1937 წლის 1 იანვარს 35 წლის სამოსა გაყალბებული არჩევნებით ნიკარაგუის პრეზიდენტი გახდა.

1941 წლის 8 დეკემბერს ნიკარაგუამ ომი გამოუცხადა გერმანიას II მსოფლიო ომის დროს[9], თუმცა ფრონტზე არც ერთი ჯარისკაცი გაუგზანია. სომოსამ გამოიყენა ეს გარემოება და გერმანელ ნიკარაგუელებს ჩამოართვა საკუთრება - ონტილმარის მამული, სადაც დღეს არის კერძო ფეშენებელური სასატუმრო და კაზინო[10]. 1945 წელს ნიკარაგუა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას[11]. თავისი დიქტატორობის მანძილზე "ტახო" სამოსა რკინის ხელით მართავდა ნიკარაგუას. ამაში მას ეხმარებოდა ძალაუფლების სამი წყარო: ნიკარაგუის ეკონომიკის კონტროლი, სამხედრო მხარდაჭერა და ამერიკის მხარდაჭერა.

სომოსამ საკასას გადაყენებისთვის ნაციონალური გვარდია გამოიყენა და პოტენციური სამხედრო წინააღმდეგობის განადგურებით ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა. ძალაუფლების დაპატრონებაში მას დაეხმარა ზეგავლენა ეროვნულ-ლიბერალურ პარტიაზე, რომელსაც თავის მხრივ გავლენა ჰქონდა სასამართლო და საკანონმდებლო სისტემაზე. ეს უკანასკნელი იყო საბოლოო ნაბიჯი ნიკარაგუაში სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად. მიუხედავად ძალაუფლებისა, სამოსა სიკვდილს ვერ გადაურჩა. 1956 წლის 21 სექტემბერს იგი სასიკვდილოდ დაჭრა ნიკარაგუელმა პოეტმა რიგობერტო ლოპეს პერესმა. რვა დღის შემდეგ სამოსა გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა მისმა უფროსმა შვილმა ლუი სამოსა დებაილემ. მან მოასწრო რამდენიმე ცვლილების განხორციელება. თუმცა ძალაუფლებაში ყოფნის რამდენიმე წლის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა. მას შემდეგ პრეზიდენტი გახდა რენე შირკ გუტიერესი, რომელიც სამოსების მარიონეტი იყო. სამოსას ძმა, ანასტასიო სამოსა დებაილე, ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით გახდა ნიკარაგუის პრეზიდენტი ლორენსო გერეროს შემდეგ.

1960-70-იან წლებში ნიკარაგუის ეკონომიკა ინდუსტრიალიზაციის შედეგად იზრდებოდა და ვითარდებოდა[12]. შედეგად, მიუხედავად პოლიტიკური არასტაბილურობისა, ნიკარაგუა გადაიქცა ცენტრალური ამერიკის ყველაზე განვითარებულ ქვეყნად. სტაბილურმა და სწრაფად მზარდმა ეკონომიკამ მოიზიდა საგარეო ინვესტიციები. 1972 წელს დედაქალაქ მანაგუაში მომხდარი მიწისძვრის გამო დაინგრა ქალაქის თითქმის 90%[13]. ზოგი ისტორიკოსი ამ მიწისძვრას აღწერს, როგორც მანაგუას აოხრებას და უკანასკნელ წვეთს სომოსების განადგურების საქმეში. გარდა იმისა, რომ სომოსა ზრუნავდა მანაგუას აღმშენებლობისთვის, იგი ფულს არ ზოგავდა ეროვნული გვარდიელების ფეშენებელური სახლებისთვის, მაშინ, როდესაც უსახლკაროდ დარჩენილი უამრავი ღარიბი სახელდახელოდ აშენებდა ქოხებს თავშესაფრად. 1972 წლის 31 დეკემბერს მანაგუაში პირადად ჩაფრინდა "პიტსბურგ პირატების" მოთამაშე რობერტო კლემენტე ფულის მიზნობრივად ხარჯვის ხელშესაწყობად, მაგრამ იგი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ეკონომიკური ელიტა არ იყო მონდომებული მხარი დაეჭირა სომოსასთვის, რომელსაც მონოპოლია ჰქონდა სამრეწველო საწარმოებზე. ეს ხელს უშლიდა ქვეყნის აღმშენებლობას. მართალია 1973 წელი აღდგენის წლად გამოცხადდა და არაერთი შენობა აღადგინეს, მაგრამ მმართველ წრეებში გაბატონებული კორუფცია ხელს უშლიდა ქვეყნის წინსვლას. გახშირდა შეტაკებები და დემონსტრაციები ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხის მხრიდან. თავად ეკონომიკურ ელიტას აღიზიანებდა, რომ სომოსა მათ თხოვდა გაუთვალისწინებელ გადასახადებს თავისი დიქტატურის გასახანგრძლივებლად. ახალგაზრდებში დიდ პოპულარობას მიაღწია სანდინისტთა პარტიამ. სომოსების დინასტიის მმართველობის ბოლო წლებში გაზრდილმა დაძაბულობამ და მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყებებმა ბოლო მოუღო სომოსების დინასტიას.

ნიკარაგუის რევოლუცია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის რევოლუცია.

1961 წელს კარლოს ფონსეკა დაბრუნდა სანდინისტური ნაციონალური გათავისუფლების ფრონტის (FSLN) ორ დამაარსებელთან ერთად. FSLN იყო 1860-იანი წლების პატარა პარტია, მაგრამ შემდეგ დაერქვა სანდინისტას ნაციონალური გათავისუფლების ფრონტი.

1972 წლის მიწისძვრამ, სომოსას სასტიკმა კორუფციამ, მანაგუას ხელახლა აშენებაზე უარის თქმამ, სანდინისტთა მოწოდებებით, ახალგაზრდა უკმაყოფილო ნიკარაგუელებზე დაყრდნობით, რომლებსაც არაფერი არ ქონდათ დასაკარგი, განაპირობა რევოლუციის დაწყება[14]. ამ ეკონომიკურმა პრობლემებმა უბიძგა სანდინისტებს და 1973 წლის დეკემბერში, FSLN-ის ჯგუფმა მძევლად აიყვანა მანაგუას პარტიის რამდენიმე მიმდევარი, სომოსას მთავრობისგან დიდი გამოსასყიდისა და კუბასკენ ტრანსპორტის გადაცემის შესახებ მოთხოვნით. სომოსამ განახორციელა ეს მოთხოვნები, შემდეგ კი გაგზავნა თავისი ეროვნული დაცვა სოფლებში, რომ ეთვალთვალათ ე. წ. „ტერორისტებისთვის“. ძებნის დროს, ეროვნულმა მცველებმა გაძარცველეს სოფლები და დააპატიმრეს, აწამეს, გააუპატიურეს და სიკვდილით დასაჯეს ასობით სოფლის მაცხოვრებელი. 1978 წლის 10 იანვარს პოლიტიკური მოტივით მოკლეს პედრო ხოაკინ ჩამორო, ეროვნული გაზეთის, ლა პრენსას რედაქტორი და სანირას მხურვალე ოპონენტი[15]. მკვლელობის დამგეგმავები და დამნაშავეები იყვნენ სომოსას რეჟიმის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები, მათ შორის დიქტატორის ვაჟი, „ელ ჩიგუინი“, სახლის პრეზიდენტი, კორნელიო ჰუიკი, ადვოკატი გენერალი და პედრო რამოსი, ახლო ექს-პატრიარქი, კუბელი მოკავშირე, რომელმაც მიიღო სისხლის პლაზმა[15].

სანდინისტებმა, რომლებსაც მხარს უჭერდა უბრალო ხალხი, კათოლიკური ეკლესია, აგრეთვე რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწენი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, 1979 წლის ივლისში მოიპოვეს ძალაუფლება. Los Doce-ს სახელით ცნობილმა მოქალაქეების ჯგუფმა განკიცხა სომოსას რეჟიმი: "სომოსასთან დიალოგი არ შეიძლება... რადგან ის არის გონიერი ცოდნის და გაგების პრიცნიპული დაბრკოლება... "სომოცისმოს" მთელი გრძელი, ბნელი ისტორიის... მანძილზე დიქტატორთან დიალოგი მხოლოდ მის გაძლიერებას ემსახურება...". სომოსა გაიქცა ქვეყნიდან და საბოლოოდ ჩავიდა პარაგვაიში, სადაც 1980 წლის სექტემბერში მოკლეს. მტკიცების თანახმად, სომოსა მოკლა არგენტინულმა რევოლუციონერ მუშათა პარტიამ[16]. ქვეყანაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის შეიქმნა ეროვნული რეკონსტრუქციის საბჭო (ან ესპ. junta), რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისაგან: სანდინისტები დანიელ ორტეგა და მოისეს ჰასანი, ნოველისტი სერხიო რამირესი (Los Doce-ს წევრი), ბიზნესმენები ალფონსო რობელო და ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო (პედრო ხოაკინ ჩამოროს ქვრივი). სანდინისტები ხუთიდან სამნი იყო. არასანდინისტები, რობელო და ჩამორო შემდგომში გადადგნენ, რადგან მათ მცირე ძალა ჰქონდათ ხუნტაში. სანდინისტურ ორგანიზაციაში შედიოდნენ: სანდინისტურ მუშათა ფედერაცია (ესპ. Central Sandinista de Trabajadores), ლუისა ამანდა ესპინოსას ასოციაცია (ესპ. Asociación de Mujeres Nicaragüenses Luisa Amanda Espinoza) და ფერმერებისა და რანჩოს პატრონების ეროვნული გაერთიანება (ესპ. Unión Nacional de Agricultores y Ganaderos).

ატლანტის ოკეანის სანაპიროზე სანდინისტების მომხრეებმა ამბოხი მოაწყვეს. ეს მოვლენა ისტორიაში მოხსენიებულია სანდინისტური რევოლუციის სახით. კრეოლესის ჯგუფი, ბლუფილდზელი დექსეტ ჰუკერის მეთაურობით, თავს დაესხა სამოსას მფლობელობაში მყოფ საწარმოებს საკვების, იარაღისა და ფულის მოპოვების მიზნით, შემდეგ შეუერთდნენ სანდინისტ მეომრებს, რომლებმაც გაათავისუფლეს ქალაქი ელ-რამა. 1979 წლის 19 ივლისს „შავი სანდინისტები“ დაბრუნდნენ ბლუფილდზში და დაიკავეს ქალაქი ბრძოლის გარეშე. მაგრამ მესიტოს ჯგუფმა შავი სანდინისტები გამოიწვია საბრძოლველად. შავმა სანდინისტებმა დაიკავეს ეროვნული გვარდიის ყაზარმები. შავ სანდინისტებს პალკიოს ჯგუფებთან ბრძოლაში ეხმარებოდა კოსტა-რიკიდან ჩამოსული სიმონ ბოლივარის საერთაშორისო ბრიგადა. ბრიგადის ერთ-ერთი წევრი, აფრო-კოსტარიკელი მარვინ რაიტი, შავი ძალის იდეოლოგიით გახდა ცნობილი. რევოლუციაში რასობრივი ელემენტების გაჩენა მიუღებელი იყო სანდინისტური ეროვნული დიქტატურისათვის, რომელმაც გარიცხა კალულუ და დანარჩენი ბრიგადა და ნიკარაგუიდან გაგზავნა ისინი პანამაში[17].

სანდინისტების შემდგომი პერიოდი[რედაქტირება]

1990 წელს გაიმართა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სანდინისტები დაამარცხა ანტისანდინისტურმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (მასში შედიოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ოპოზიციონერები) ვიოლეტა ჩამოროს მეთაურობით. ამ დამარცხებამ სანდინისტები შოკში ჩააგდო, რადგან წინასაარჩევნო მონაცემები და შეკრებები, რომლებზეც ასობით ათასი ადამიანი მიდიოდა[18], მმართველი პარტიის უეჭველ გამარჯვებას მოასწავებდა. გაერთიანებული ოპოზიციის მოულოდნელმა გამარჯვებამ დადებითი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ კონტრისტები იმუქრებოდნენ ომის გაგარძელებით, თუ კი სანდინისტები შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. სამოქალაქო ომი კი აჩანაგებდა ეკონომიკას და მოქანცა ნიკარაგუის მოსახლეობა.

ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა

ეგზითპოლების შედეგებმა აჩვენა, რომ ვიოლეტა ჩამორომ დანიელ ორტეგა ხმათა 55%-ით დაამარცხა[19]. ჩამორო გახდა ნიკარაგუის პირველი პრეზიდენტი ქალი და სახელმწიფოს პირველი დემოკრატიულად არჩეული ქალი პრეზიდენტი ამერიკის კონტინენტზე. არჩევნების შედეგებმა ორტეგა დაარწმუნა, რომ დამარცხდა და იძულებული გახდა მისი მოწინააღმდეგის გამარჯვება ეღიარებინა. თუმცა ისიც გაახმოვანა, რომ მას შეეძლო ქვემოდან ემართა სახელმწიფო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი გამოიყენებდა საკუთარ მომხრეებს, რომლებიც თითქმის ყველა სამთავრობო ინსტანციაში ეგულებოდა.

ვიოლეტა ჩამორომ ჩაიბარა ქვეყანა დანგრეული ეკონომიკით. სამოქლაქო ომის დროს ნიკარაგუის შემოსავალი 80%-ით იყო შემცირებული, საგარეო ვალი კი $12 მილიარდს აჭარბებდა[20]. შეერთებული შტატებისა და კონტრისტების გასაკვირად, პრეზიდენტმა არ დაშალა სანდინისტების სახალხო არმია, მას სახელი გადაარქვა - ნიკარაგუის არმია. ჩამორომ მთავარი პოლიტიკური ნაბიჯით, რომელმაც ნიკარაგუას მშვიდობა მოუტანა, განაიარაღა ნიაკრაგუის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში სამხედრო შენაერთები.

მომდევნო 1996 წლის არჩევნებში სანდინისტები და დანიელ ორტეგა კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ამჯერად არნალდო ალემანთან პაექრობისას. მთავრობის სათავეში კონსტიტუციონალისტ-ლიბერალების პარტია მოვიდა.

2001 წლის არჩევნებშიც დამარცხდა დანიელ ორტეგა და ენრიკე ბოლანიოსმა გაიმარჯვა. ახალმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი, არნოლდო ალემანი დაადანაშაულა კორუფციაში და მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ალემანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრების, მითვისებისა და კორუფციის ბრალდებით. ალემანის მიმართ კეთილგანწყობილი ლიბერალები და კონგრესის წევრები ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას აგრესიით შეხვდნენ. სანდინისტების წარმომადგენლები კონგრესში მოითხოვდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და მთავრობის გადადგომას.

სანდინისტებმა განაცხადეს, რომ მათი მხარდაჭერა ბოლანიოსის მიმართ მაშინ დაიკარგა, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა უთხრა ბოლანიოსს, შორს დაეჭირა თავი სანდინისტებისგან. პრეზიდენტი ბოლანიოსი არ გადადგა და თავისი საპრეზიდენტო ვადა დაასრულა. შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები 2006 წლის 5 ნოემბერს დაინიშნა. ამჯერად გაუმართლა ორტეგას და დაიკავა პრეზიდენტის სავარძელი.

პოლიტიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის პოლიტიკა.

ნიკარაგუის პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფოს მეთაური, ასევე მთავრობის თავმჯდომარე. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო საქმიანობა კი მინდობილი აქვს მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეას. სასამართლო სისტემა თავისუფალია, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

დღეისათვის ნიკარაგუის მთავარი პოლიტიკური პარტიები მსჯელობენ, გადავიდნენ თუ არა მმართველობის საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო მოდელზე. ამ გზით ერთმანეთისგან გაიმიჯნება მთავრობის მეთაური (პრემიერ-მინისტრი) და სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი). ნიკარაგუაში მრავალპარტიული გარემოა.

1995 წელს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 1987 წელს მიღებული სანდინისტური კონსტიტუციის რეფორმა განახორციელეს. რეფორმის საფუძველზე ეროვნულ ასამბლეას მიეცა ახალი უფლებები, რამაც იგი უფრო დამოუკიდებელი გახადა. ეროვნულ ასამბლეას, ხმათა უმრავლესობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ვეტოს მხედველობაში არმიღების უფლება მიეცა. პრეზიდენტიც და ეროვნული ასამბლეაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ნიკარაგუის დეპარტამენტები

ნიკარაგუა უნიტარული რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იგი იყოფა 15 დეპარტამენტად და ორ თვითმმართველ რეგიონად, რომელიც დაფუძნებულია ესპანურ მოდელზე. დეპარტამენტები დაყოფილია 153 მუნიციპალიტეტად. ორი ავტონომიური რეგიონი არის ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი (Región Autónoma Atlántico Norte) და სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი (Región Autónoma Atlántico Sur_, ხშირად იწოდება როგორც, RAAN და RAAS. 1985 წლამდე, სანამ ეს რეგიონები ავტონომიას მოიპოვებდა, სელაიას დეპარტამენტში ერთიანდებოდა.

  1. ბოაკო (ბოაკო)
  2. გრანადა (გრანადა)
  3. ესტელი (ესტელი)
  4. კარასო (ხინოტეპე)
  5. ლეონი (ლეონი)
  6. მადრისი (სომოტო)
  7. მანაგუა (მანაგუა)
  8. მასაია (მასაია)
  9. მატაგალპა (მატაგალპა)
  1. ნუევა საგოვია (ოკოტალი)
  2. რივასი (რივასი)
  3. რიო სან ხუანი (სან კარლოსი)
  4. ჩინანდეგა (ჩინანდეგა)
  5. ჩონტალესი (ხუიგალპა)
  6. ხინოტეგა (ხინოტეგა)
  7. სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი (ბლუეფილდსი)
  8. ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი (ბილვი)

გეოგრაფია[რედაქტირება]

Nicaragua-Map KA.png

ნიკარაგუის უჭირავს 129,494 კმ², რაც შეესაბამება საბერძნეთისა და ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიას. ნიკარაგუის ფართობის თითქმის ერთი მეხუთედი უკავია დაცულ ტერიტორიებს: ეროვნულ პარკებს, ეროვნულ ნაკრძალს, ბიოლოგიურ საცავებს.

ნიკარაგუა იყოფა სამ გეოგრაფიულ ზონად: წყნარი ოკეანის დაბლობი, ჩრდილო-ცენტრალური მაღალმთიანეთი (Amerrique Mountains) და მოსკიტების სანაპირო (ატლანტის დაბლობი).

წყნარი ოკეანის დაბლობები[რედაქტირება]

მდებარეობს დასავლეთ ნიკარაგუაში. ეს დაბლობები აერთიანებს ვრცელ, ცხელ და ნაყოფიერ მდელოებს. მათ ენაცვლება კორდილერა ლოს მარიბოსის მთათა სისტემა. მათ შორის არის ვულკანი მომბაჩო ქალაქ გარნადასთან და ვულკანი მომოტომბო ლეონთან ახლოს. ვულკანური მთიანეთი ეშვება ფონსეკას ყურეში, რომელიც იმავდროულად არის წყნარი ოკანის დაბლობების ჩრდილოეთის გეოგრაფიული საზღვარი. სამხრეთის საზღვარი კოსტა-რიკის ადმინისრაციულ საზღვარს ემთხვევა, ნიკარაგუის ტბისა სამხრეთით. ნიკარაგუის ტბა არის უდიდესი ტბა ცენტრალურ ამერიკაში (მეოცე მსოფლიოში)[21]. მხოლოდ ნიკარაგუის ტბაში ბინადრობენ მტკნარი წყლის ზვიგენები (ნიკარაგუის ზვიგენი)[22].

ნიკარაგუა ცნობილია, როგორც ვულკანებისა და ტბების ქვეყანა. დასურათებულია ვულკანი კონსეფსიონი, მდებარეობს მადერასზე

ნიკარაგუის წყნარი ოკეანის დაბლობები დასახლებული არის ნიკარაგუის მოსახლეობის 50%-ით. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მდებარეობს დედაქალაქი მანაგუა თავისი 1,5 მილიონიანი მოსახლეობით.

გარდა იმისა, რომ წყნარი ოკეანის სანპიროებზე თავმოყრილია სასტუმრები და პანსიონები, რეგიონის არქიტექტურას ნათლად ატყვია კოლონიური პერიოდის სტილი. მათ შორის აღსანიშნავია ქალაქები ლეონი და გრანადა. ეს უკანასკნელი კი უძველესი კოლონიური ქალაქია ამერიკის კონტინენტებზე.

ჩრდილო-ცენტრალური მთიანეთი[რედაქტირება]

გუარდაბარანკო ნიკარაგუის ეროვნული ფრინველი

ეს არის წყნარი ოკეანისგან მოშორებული მაღალმთიანი რეგიონი. აქ წყნარი ოკეანის დაბალმთიან რეგიონებთან შედარებით უფრო მკაცრი კლიმატია. ნიკარაგუის აგრარული წარმოების ერთი მეოთხედი რეგიონზე მოდის, სადაც ციცაბო ფერდობებზე მოჰყავთ ყავა. მუხა, ფიჭვი, ხავსი, გვიმრა და ორქიდეები უხვად არის რეგიონის დაბურულ ტყეებში.

ნიკარაგუის ცენტრალური რეგიონის ტყეებში ბინადრებს: კოლიბრი, ჩხიკვი, ზურმუხტისფერი ტუკანისებრნი, ჩიტბატონა.

ატლანტის დაბლობები[რედაქტირება]

ვრცელი ტროპიკული ტყეების რეგიონი, რომელიც ირწყვება რამდენიმე დიდი მდინარით. მეჩხრად არის დასახლებული. რიო კოკო არის უდიდესი მდინარე ცენტრალურ ამერიკაში. იგი მიედინება ნიკარაგუისა და ჰონდურასის საზღვარზე. კარიბის ზღვის სანაპირო უფრო მეტად შეჭრილ-შემოჭრილია, ვიდრე წყნარი ოკეანის პირდაპირი სანაპირო. ლაგუნები და მდინარის შესართავები კარიბის ზღვისპირეთს უსწორმასწოროს ხდის.

ბოსავას ბიოსფერული ნაკრძალი მდებარეობს ატლანტის დაბლობზე. ის აერთიანებს მოსკიტების ტყის 1.8 მილიონ აკრს (7,300 კმ²), რაც ქვეყნის ფართობის შვიდი პროცენტია. ნიკარაგუის ტროპიკული აღმოსავლეთი მის სხვა მხარეებთან შედარებით განსხვავებულია. კლიმატის დამახასიათებელი ნიშნებია მაღალი ტემპერატურა და უხვი ნალექიანობა. მთავარ ქალაქ ბლუეფილდსის შემოგარენში არის ინგლისურად მოლაპარაკე მოსახლეობა. იქაური მოსახლეობა უფრო მეტად ჰგავს კარიბის რეგიონის ქვეყნების მოსახლეობას, ვიდრე ნიკარაგუის სხვა მხარეებისა.

რეგიონში არის ფრინველთა მრავალიი სახეობა: არწივი, ინდაური, ტუკანისებრნი, არა. ცხოველების ჯიშებს შორის აღსანიშნავია: ანტიტერია, მაიმუნი, თეთრზოლიანი ირემი და ტაპირისებრნი.

ველური სამყარო და ბიომრავალფეროვნება[რედაქტირება]

ნიკარაგუის ტროპიკულ ტყეებს უჭირავს 2,000,000 ჰა, რომელიც ძირითადად ატლანტის დაბლობებზეა გადაშლილი. ამ ტერიტორიებზე შექმნილია ორი დიდი ბუნების ნაკრძალი: ბოსავასა (ჩრდილოეთში) და ინდიო-მაისის (სამხრეთში) ბიოსფერული ნაკრძალები, რომლებიც საერთო ჯამში აერთიანებს 2,500 კმ².

ეს ორი ტერიტორია ძლიერ მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. აქ არის კატისებრთა 5 სახეობა - იაგუარისა და პუმას ჩათვლით. პრიმატების სამი სახეობა, ტაპისებრთა ერთი სახეობა, რომელსაც ნიკარაგუელები უწოდებენ Danto-ს.

მოსკიტების სანაპირო[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მოსკიტების სანაპირო.

კარიბის მოსკიტების სანაპირო მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. მას სახელი დაერქვა მოსკიტების ტომის გამო და დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო. მოსკიტების სანაპირო ნიკარაგუას შეუერთდა 1894 წელს. 1960 წელს მისი ჩრდილოეთი ნაწილი გადაეცა ჰონდურასს საერთაშორისო სასამართლოს ძალით.

ეკონომიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის ეკონომიკა.

ექსპორტი[რედაქტირება]

ნიკარაგუა ძირითადად აგრარული სახელმწიფოა. აგრარული კულტურები შეადგენს საერთო ექსპორტის 60%-ს, რომელსაც ყოველწლიურად $300 მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში[23]. ნიკარაგუის რომი, "Flor de Caña" მთელს ცენტრალურ ამერიკაში ცნობილია. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ხორცპროდუქტები და თამბაქო. ნიკარაგუას ტრადიციულად საექპორტოდ გააქვს თამბაქო, შაქარი, ბანანი, ყავა, ხორცი. ძირითადად განვითარებულია მსუბუქი ინდუსტრია, ტურიზმი, საბანკო სისტემა, სამთო მრეწველობა, თევზჭერა. ნიკარაგუა დიდადაა დამოკიდებული ფულად გზავნილებზე, რომელთაც საზღვარგარეთ მცხოვრები ნიკარაგუელები აგზავნიან სამშობლოში. 2006 წელს ფულადმა გზავნილებმა $655.5 მილიონს მიაღწია.

სიღარიბე[რედაქტირება]

ნიკარაგუა ამერიკის კონტინენტზე სიღარიბის დონით მეორე ადგილზეა. ფაქტების წიგნის მონაცემებით ინფლაცია ნიკარაგუაში 2000 წლიან 2006 წლამდე 8.1%-ით გაიზარდა, 2007 წელს კი 9.8% დაფიქსირდა. მსოფლიო ბანკი იტყობინებოდა, რომ ეკონომიკა 1995-2004 წლებში 5%-ით გაიზარდა. 2005 წელს ეკონომიკის ზრდამ 4%-ს მიაღწია, ხოლო მთლიანმა შიდა პროდუქტმა - $4.91 მილიარდს. 2006 წელს ეკონომიკა გაიზარდა 3.7%-ით, მთლიანმა შიდა პროდუქტმა კი შეადგინა $5.3 მილიარდი. 2008 წლის მონაცემებით მან $6.5 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით ნიკარაგუის მოსახლეობის 48% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მოსახლეობის 79.9%-ის საარსებო დღიური შემოსავალი $2-ზე ნაკლებია. უმუშევრობის მაჩვენებელი 3.9% არის, მეორე 46.5% კი უმუშევარია. ისევე, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, ნიკარაგუის უმუშევართა დიდი ნაწილი ქალებია. გარდა ამისა, ქალაქში მაცხოვრებელი ოჯახების 39%-სა და სოფელში მაცხოვრებელი ოჯახების 28%-ს ქალი მართავს და უძღვება საოჯახო საქმეებს. გაერთიანებული ერების მონაცემებით, აბორიგენი მოსახლეობის 80% (რომლის საერთო რაოდენობა ნიკარაგუის მოსახელობაში 5%-ს შეადგენს) დღეში $1-ს გამოიმუშავებს.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება]

კონტრისტებსა და სანდინისტებს შორის გამართული სამოქალაქო ომის დროს 1980-იან წლებში ნიკარაგუის მთელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა ან დაინგრა[24]. ინფლაცია გაიზარდა 30%-ით. 1985 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-მ ნიკარაგუას ეკონომიკური ემბარგო დაუწესა, ინფლაციამ კიდევ უფრო საშიშ ზღვარს მიაღწია. 1985 წლის წლიური ინფლაციის 220% ყოველწლიურად სამმაგდებოდა და 1988 წლისთვის 13,000%-ს მიაღწია, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო დასავლეთ ნახევარსფეროში.

ქვეყანა აგრძელებს დაკარგული დროის ანაზრაურებას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით ახალი რეფორმების გატარებას. 2005 წელს დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნიკარაგუას აპატიონ ზოგიერთი საერთაშორისო დავალიანება. 2007 წლის მარტში ნიაკრაგუამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ნიაკრაგუას 1980-იან წლებში ვალად აღებული $30.6 მილიარდი ჩამოეწერა. სამოქლაქო ომის დამთავრებიდან ოცი წლის შემდეგ პრივატიზებულ იქნა 350-ზე მეტი სახელმწიფო საწარმო. ინფლაცია 33,500%-იდან (1998) 9.45%-მდე დავიდა, საგარეო ვალების რაოდენობა კი განახევრდა[25].

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნიკარაგუა მსოფლიოში 62-ე და ცენტრალურ ამერიკაში (პანამის შემდეგ) მე-2 ადგილზეა ბიზნესის დასაწყები პირობებით[26].

ვალუტა[რედაქტირება]

ნიკარაგუული კორდობა, 1988-1990

კოლონიური მმართველობის ეპოქაში და შემდეგი 50 წლის განმავლობაში ნიკარაგუაში გამოიყენებოდა ესპანური ფულის ერთეული, რაც ეხმარებოდა მას „ახალ სამყაროში“ შეღწევაში. ნიკარაგუის პირველი ეროვნული ვალუტა გამოვიდა 1878 წელს და ეწოდებოდა პესო. 1912 წლიდან პესო შეცვალა კორდობამ, რომელიც თავისი ღირებულებით აშშ დოლარს გაუტოლდა. ეროვნულ ვალუტას სახელი დაერქვა ფერნანდო ერნანდეს კორდობას პატივსაცემად. ნიკარაგუის ფულის ნიშნებზე ფონად გამოსახულია ეროვნული გერბი — სამკუთხედში ჩასმული ხუთი ვულკანი, ამომავალი მზე, მშვიდობის ცისარტყელა და თავისუფლების ქუდი. მეორე მხარეს აწერია — „En Dios Confiamos“ (ღმერთს ვენდობით).

ტურიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტურიზმი ნიკარაგუაში.

ნიკარაგუის ტურიზმის ზრდას დღეისათვისთ მომეტებული ყურადღება ეთმობა და იგი ეროვნული ეკონომიკის რიგით მეორე მნიშვნელოვანი დარგია[27] ა. ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ტურიზმის განვითარებას მიაპყრო ყურადღება სიღარიბის დასაძლევად. ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს აგრარული სექტორის, ვაჭრობისა და ფინანსების ზრდას.

ათი წლის განმავლობაში ნიკარაგუაში ტურიზმი 300%-ით გაიზარდა[28]. მიუხედავად ამ წარმატებისა, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნიკარაგუაში მაინც ყველაზე ცოტა ტურისტი ჩადის[29][30].

ყოველწლიურად შეერთებული შტატების 60,000 მოქალაქე ჩადის ნიკარაგუაში[31]. ა.შ.შ-ს 5,300 მოქლაქე მუდმივად ცხოვრობს ქვეყანაში. ნიკარაგუაში ჩასული ტურისტების უმეტესობა არიან აშშ-ს, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნების მოქლაქეები[32]. ნიკარაგუის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, კოლონიური ეპოქის ქალაქი გრანადა განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს, ასევე ქალაქები ლეონი, მასაია, რივასი, სან ხუან დელ სური. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ომეტეპესა და სიმინდის კუნძულები, მდინარე რიო სან ხუანი, ვულკანი მომბაჩო.

ტურისტებისთვის ნიკარაგუა იმ მხრივაც არის საინტერესო. რომ ქვეყანაში შესაძლებელია კიდევ უფრო განვითარდეს ეკოტურიზმი და აგროტურიზმი. ამ უკანასკნელთათვის ნიაკრაგუის ჩრდილოეთი ნაწილი ყველაზე შესაფერისია. ნიკარაგუა სერფინგის მოყვარულთათვის საუკეთესო რეგიონია.

დემოგრაფია[რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება]

ნიკარაგუის მოსახლეობის ზრდა (1961-2003)

მსოფლიოს ფაქტების წიგნის მიხედვით, ნიკარაგუის მოსახლეობა არის 5,570,129. მათ შორის: მეტისები 69%, თეთრკანიანები 17%, შავკანიანები 9%, აბორიგენები 5%. მოსახლეობის 54% ცხოვრობს ქალაქად.

ნიკარაგუის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია მანაგუა 1,2 მილიონიანი მოსახლეობით. 2005 წლის მონაცემებით 4,4 მილიონი ადამიანი სახლობდა წყნარი, ატლანტისა და ცენტრალურ რეგიონებში. მათგან 2,7 მილიონი ცხოვრობს წყნარი ოკეანის რეგიონში, მაშინ როდესაც კარიბის ზღვის სანაპირო რეგიონის მოსახლეობა აღწევს 700,000-ს[33] .

ქვეყანაში დიდია ემიგრანტთა რიცხვი. ემიგრანტების უმრავლესობა ნიკარაგუაში ჩადის დროებით ან სამუდამოდ საცხოვრებლად, ძირითადად ბიზნესის დასაწყებად, კაპიტალის დასაბანდებლად, აშშ-დან, კანადიდან, ევროპიდან, ტაივანიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი უმრავლესობა სახლდება მანაგუაში, გრანადაში, სან ხუან დელ სურში.

ასევე არაერთი ნიკარაგუელი ცხოვრობს საზღვარგარეთ, კოსტა-რიკასა და შეერთებულ შტატებში.

ნიკარაგუის მოსახლეობის მატება 2008 წელს იყო 1,8%[34]. ეს არის დასავლეთ ნახევარსფეროში ბუნებრივი მატების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება]

ნიკარაგუელი ბიჭები ამერიკულ-ნიკარაგუულ სკოლაში
ნიკარაგუელი ქალები კონცერტზე, მანაგუა
აფრო-ნიკარაგუელი

ნიკარაგუის მოსახლეობის 86% არის მეტისები და თეთრკანიანები ერთად. 69% მეტისია, 17% - თეთრკანიანი, რომელთაც ესპანური, გერმანული, იტალიური, ფრანგული წარმოშობა აქვთ. მეტისები და თეთრკანიანები ძირითადად ნიკარაგუის დასავლეთ ნაწილში სახლობენ.

მოსახლეობის 9% არის შავკანიანი ან აფრო-ნიკარაგუელი. ისინი ძირითადად ქვეყნის კარიბის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. შავკანიანები შედგებიან ინგლისურად მოსაუბრე კრეოლებისგან, რომლეთა უმეტესობა გაქცეული მონების შთამომავალია. მათს უმეტესობას აქვს შოტლანდიური გვარი. კრეოლები მიემხრნენ სამოსას, რადგან მას შეერთებული შტატები უმაგრებდა ზურგს. ნიკარაგუაში, ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აფრო-ლათინოსთა ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. აქ ცხოვრობს მცირე რაოდენობა გარიგუნას ტომისა, რომლებსაც აქვთ გარიბული და ავარაკული ფესვები. 1980-იანი წლების შუა წლებში მთავრობამ სელაიას დეპარტამენტი ორ ავტონომიურ რეგიონად გაჰყო (სახელმწიფოს ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილი) და უბოძა იგი შავკანიანებსა და აბორიგენ მოსახლეობას, რათა შეზღუდული თვითმმართველობა ჰქონოდათ.

იმიგრაცია[რედაქტირება]

ნიკარაგუელი პალესტინელები აღნიშანავენ სანდინისტას რევოლუციის ათი წლის თავს

1800-იან წლებში ნიკარაგუამ განიცადა რამდენიმე ტალღა იმიგრაციისა, რომელიც ძირითადად ევროპიდან მოედინებოდა. ოჯახები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ ცენტრალურ და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამის შედეგად, ჩრდილოეთ ნიკარაგუის ქალაქებში: ესტელში, ხინოტეგასა და მატაგალპაში სახლობენ მეოთხე თაობის გერმანელები. მათ დააარსეს გაზეთები, ბანკები და სასტუმროები, ასევე მისდევენ სამეურნეო ბიზნესს, მოჰყავთ ყავა და შაქარი.

დღეისათვის ნიკარაგუის ცენტრალურ რეგიონში არსებობს მცირე სირიული, სომხური, პალესტინური, ებრაული და ლიბანური სათვისტომოები, რომელთა საერთო რაოდენობა 30,000 აღწევს. ასევე გვხვდება აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული ტაივანური, ჩინური და იაპონური მოსახლეობა. ნიკარაგუაში მცხოვრებ ჩინელთა რაოდენობა 12,000 შეადგენს.

ნიკარაგუა თითქმის ყოველთვის განიცდიდა იმიგრანტთა მოწოლას. თუმცა იმიგრანტების რაოდენობას ნიკარაგუის მუდმივ მაცხოვრებლებთან შეფარდებით 1%-ს არ ასცილებია 1995 წლამდე. მხოლოდ 2005 წელს ჩამოსულთა რაოდენობამ 1.2%-ს მიაღწია.

დიასპორა[რედაქტირება]

სამოქალაქო ომის გამო, არაერთი ნიკარაგუელი გახდა იძულებული წასულიყო საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ სამშობლოდან გახიზნულები ნიკარაგუაში დაბრუნდნენ, უმუშევრობისა და სიღარიბის გამო 1990-იანი და 2000-იან წლებში საზღვრებს გარეთ უამრავი ნიკარაგუელი დარჩა. ნიკარაგუელებს მრავალრიცხოვანი დიასპორა აქვთ კოსტა-რიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ორ ქვეყანაში ერთიდან ექვსი ნიკარაგუელი ცხოვრობს[35]. ძნელია ზუსტად განსაზღვრა თუ რამდენი ნიკარაგუელი ცხოვრობს უცხოეთში, რადგან ისინი არალეგალები არიან. აქ მოცემული ცხრილი მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს ემიგრანტი ნიკარაგუელების რიცხვს:

ქვეყანა რიცხოვნება
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 236,000-750,000[36]
აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 300,000[35]
მექსიკის დროშა მექსიკა 2,522[37]
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 23,000[35]
სალვადორის დროშა სალვადორი 100,000[35]
საზღვარგარეთ მცხოვრები ნიკარაგუელები სულ მცირე 1,000,000[38]

კულტურა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის კულტურა.

ენა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის ენები.

ნიკარაგუის მოსახლეობის 90% საუბრობს ცენტრალური ამერიკის ესპანურ ენაზე. ნიკარაგუაში გავრცელებულია ესპანურის ვესეოს დიალექტი. ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები კრეოლებისა და აფრო-ნიკარაგუელების მშობლიური ენა არის ინგლისური და კრეოლური ინგლისური, თუმცა ასევე თავისუფლად საუბრობენ ესპანურადაც. კარიბის ზღვისპირეთში გავრცელებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების ენები, რომელთაგან აღსანიშნავია: რამა, სუმო, მოსკიტო და გარიფუნა. გარდა ამისა, სხვა ეთნიკურ უმცირესობებს შემონახული აქვთ თავიანთი წინაპრების ენები: ჩინური, არაბული, გერმანული, იტალიური. ისინი თავისუფლად ფლობენ ესპანურსა და ინგლისურ ენებს.

ნიკარაგუაში არის სამი მკვდარი ენა, რომლებზეც ინდიელები საუბრობდნენ. ენათმეცნიერებისთვის დიდად საინტერესოა ნიკარაგუის ნიშნების ენა.

რელიგია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის რელიგია.
რელიგიები ნიკარაგუაში
IglesiaManagua.png
წმინდა აზრის დედაქალაქის საკათედრო ტაძარი მანაგუაში
რელიგია რაოდენობა
კათოლიკეები 58.5%
ევანგელისტები 21.6%
მორავიანელები 1.6%
იეჰოვას მოწმეები 0.9%
არც ერთი 15.7%
სხვები1 1.6%
1 იგულისხმება ბუდიზმი, ისლამი, იუდაიზმი.
წყარო: ნიკარაგუის აღწერა 2005

რელიგიას ნიკარაგუის კულტურის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ნიკარაგუაში რელიგიური თავისუფლება და შემწყნარებლობა დაცულია კონსტიტუციის ძალით.

ნიკარაგუაში რელიგიური თავისუფლება დაკანონდა 1939 წლის შემდეგ. ქვეყანაში რომელიმე რელიგიას არ აქვს ოფიციალური სტატუსი.

ნიკარაგუაში ყველაზე ძლიერი და დიდი ხნის ისტორიის მქონე არის კათოლიკური ეკლესია, რაც აისახება კათოლიკეთა რაოდენობაზე ნიკარაგუის მოსახლეობაში. კათოლიკე მღვდლები ცდილობენ აამაღლონ საკუთარი ავტორიტეტი და ისინი მოსახლეობას საკუთარ გამოსვლებში ეროვნული ერთობისკენ მოუწოდებენ. ასევე, ისინი ხშირად ასრულებენ მედიატორის როლს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური კრიზისის დროს. ევანგელისტები და მორმონები 1990-იანი წლებიდან იფართოებენ მიმდევრების რაოდენობას. კარიბის ზღვის სანაპიროზე მრავლად არიან ანგლიკანური და მორავიული ეკლესიის წარმომადგენლები.

მორავიელები ნიკარაგუაში დამკვიდრდნენ XVI საუკუნეში. პროტესტანტები და ქრისტიანობის სხვა მიმდინარობების წარმომადგენლები ნიკარაგუაში გამოჩნდნენ მეცხრამეტე საუკუნეში და მიმდევრები გაიჩინეს კარიბის ზღვის სანაპიროზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს მფარველ წმინდანებს, რომლებიც მოიაზრებიან ღმერთისა და ადამიანების დამაკავშირებლებად. მათი ქანდაკებები მდებარეობს როგორც დედაქალაქ მანაგუაში, ისე მცირე სასოფლო დასახლებებში. ლა პარუისმა მნიშვნელოვანი დღესასწაულია შობასა და აღდგომაზე, რომელიც დეკემბერში იმართება ერთი კვირის განმავლობაში.

სამზარეულო[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის სამზარეულო.

ნიკარაგუის სამზარეულო კოლუმბიმდელი ეპოქისა და კრეოლების საკვებისა და კერძების ნაზავია. ტრადიციული სამზარეულო ატლანტისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე განსხვავებულობით ხასიათდება. წყნარი ოკეანის რეგიონში საკვებად იყენებენ ადგილობრივად მოწეულ ხილსა და სიმინდს, კარიბის ზღვისპირეთში კი - ზღვის პროდუქტებსა და ქოქოსს.

ნიკარაგუაში, ისევე, როგორც ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, სიმინდი ძირითადი პროდუქტია. სიმინდს იყენებენ ფართოდ გავრცელებულ კერძებში: ნაკატამალი და ინდიო ვიეხო. იგი ასევე გამოიყენება სასმელების: პინოლილოოსა და ჩიჩბას დასამზადებლად. გარდა ამისა, სიმინდი დესერტისა და ტკბილი ნუგბარის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ბრინჯი, სიმინდი და ცერცვი ფართოდ გამოიყენება ნიკარაგუაში.

ნიკარაგუის ეროვნული კერძი, გალო პინტო მზადდება თეთრი ბრინჯისა და წითელი ცერცვისაგან. ისინი მზადდება ცალ-ცალკე, შემდეგ კი ერთად იწვება. კარიბის ზღვის სანაპიროზე გალო პინტოს ქოქოსის ზეთს და/ან გახეხილ ქოქოსს ამატებენ. ნიკარაგუელების უმეტესობა დღეს გალო პინტოთი იწყებს.

არაერთი ნიკარაგუული კერძი შეიცავს ადგილობრივ ხილსა და ბოსტნეულს: მანგო, პაპაია, თამარინდი, ბანანი, პიპიანი, ავოკადო, კასავა, და სანელებლებს: მიხაკი, ორეგანო.

ნიუკარაგუელების რაციონში ასევე შედის გვინეის ღორი და ტაპირი, იგუანასა და კუს კვერცხები.

სპორტი[რედაქტირება]

ნიკარაგუის ბეისბოლის პროფესიული გუნდი ფიერას დელ სან ფერნანდო

ნიკარაგუაში გავრცელებულ სპორტულ სახეობებს შორის ყველაზე პოპულარული არის ბეისბოლი. რამდენიმე პროფესიული ბეისბოლის გუნდი არსებობდა ახლო წარსულში, თუმცა ნიკარაგუელები ძირითადად ტრადიციული ამერიკული ბეისბოლის მიმდევრები არიან. ბეისბოლი ნიკარაგუაში მეცხრამეტე საუკუნეში შევიდა. როგორც ცნობილია, 1888 წელს ამერიკელი მოვაჭრე, ალბერტ ადლესბერგი, ასწავლიდა ბლუეფილდსის მაცხოვრებლებს ბეისბოლს. თუმცა მისით გართობას მნიშვნელოვანი სახე არ მიუღია 1891 წლამდე, როდესაც ძირითადად ა.შ.შ-ს უნივერსიტეტ დამთავრებულმა სტუდენტებმა შექმნეს ჯგუფი "La Sociedad de Recreo" ("თავშექცევის საზოგადოება"), სადაც გაწევრიანებულები თამაშობდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობას, რომელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბეისბოლი. ნიკარაგუაში ბეისბოლის ხუთი მთავარი გუნდია: ინდიოს დელ ბოერი (მანაგუა), ჩინანდეგა, გრანადის ზვიგენები, ლეონი და მასაია. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების მოთამაშეები აკომპლექტებენ ნიკარაგუის ეროვნულ ნაკრებს. ნიკარაგუელი ბეისბოლისტები თამაშობენ ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში: ვისენტე პადილა, ბოსტონ რედ სოქსი, დევრნ ანსაკი.

კრივი სპორტის რიგით მეორე პოპულარული სახეობაა. ნიკარაგუას ჰყავს მსოფლიო ჩემპიონები: ალექსის არგუელო, რიკარდო მაიორხა და სხვები. ბოლო წლებში, ტრადიციული ფეხბურთი პოპულარობას იხვეჭს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. დენის მარტინესის ეროვნული სტადიონს გამოიყენებენ ფეხბურთისა და ბეისბოლის გუნდები. ფეხბურთისთვის განკუთვნილი სტადიონი მანაგუაში ჯერ კიდევ შენების პროცესშია.

მუსიკა[რედაქტირება]

ყოველწლიური "Alegria por la vida" კარნავალი მანაგუაში
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის მუსიკა.

ნიკარაგუის მუსიკა წარმოიშვა ადგილობრივი და ევროპული, განსაკუთრებით ესპანური მუსიკალური ტრადიციების შერევით. მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორის აღსანიშნავია მარიბა და სხვა სახის მუსიკალური საკრავები, რომლებიც გავრცელებულია კარიბის ზღვის აუზში. ნიკარაგუაში პოპ-მუსიკის შემსრულებლებს შორის არიან კუბელი, ბრაზილიელი, პანამელი, ევროპელი და ამერიკელი მომღერლები.

ნიკარაგუელები ტკბებიან თავისი ეროვნული თუ ადგილობრივი მუსიკით, ისევე როგორც მათთვის მისაღებია მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის მუსიკა. ნიკარაგუელებში პოპულარულია დომინიკის რესპუბლიკის ბაჩატა და მერენგე, იამაიკური რეგი, პანამური რეგეატონი და კოლუმბიური კუმბია. ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარულია მძიმე მეტალი და როკი.

ნიკარაგუის რიტმებში ჟღერს აბორიგენული, ევროპული და აფრიკელი მონების ჰანგები. მუსიკალური ჟანრები ნიკარაგუის მასშტაბით განსხვავებულია. კარიბის ზღვის სანაპიროს მუსიკაში გამოკვეთილია ინდიელებისა და შავკანიანების გავლენა. წყნარი ოკეანის სანაპიროზე ესპანური და ინდიელების მუსიკალური კულტურა ეზავება ერთმანეთს. სხვა ვითარებაა ნიკარაგუის ცენტრალურ მთიანეთში. აქ მაინც დომინირებს ევროპული მუსიკა, რაც გამოწვეულია, იმით, რომ აქ მნიშვნელოვანი დიასპორა ცხოვრობს ევროპიდან, გერმანიიდან. ევროპული ცეკვები პოლკა და მაზურკა ასევე ცნობილია ნიკარაგუელი მუსიკის მოყვარულებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკარაგუის ლიტერატურა.

ნიკარაგუის ლიტერატურა სათავეს იღებს კოლონიურ ეპოქამდე მითებისა და ხალხური ზეპირსიტყვიერების სახით. მათში აისახა აბორიგენი მოსახლეობის მსოფლმხედველობა. ზოგი მათგანი დღემდეა შემორჩენილი. ნიკარაგუაში, ისევე როგორც ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყანაში, ესპანელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ლიტერატურაზე და საერთოდ მთელ კულტურაზე. ნიკარაგუის ლიტერატურას, რომელიც ძირითადად ესპანურ ენაზე იქმნებოდა, ჰყავს არაერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მათ შორის რუბენ დარიო. იგი მიჩნეულია ნიკარაგუის ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მას უწოდბენ მოდერნიზმის მამას. სხვა მნიშვნელოვანი ლიტერატორები არიან: ერნესტო კარდენალე, სერხიო რამირეს მერკადო, ჯიოკონდა ბელი, ხოსე კორონელ ურტეჩო, ალფონსო კორტესი, ხულიო ვალე კასტილო, კლარიბელ ალეგრია და სხვები.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. როგორც ნაჩვენებია კორდობაზე (ბანკნოტებზე და მონეტებზე); იხილეთ მაგალითისთვის Banco Central de Nicaragua
  2. 2.0 2.1 Nicaragua. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2009-10-01.
  3. Human Development Report 2009. Human development index trends: Table G. The United Nations. წაკითხვის თარიღი: 2009-10-05.
  4. Letter of Columbus on the Fourth Voyage“, American Journey. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  5. 5.0 5.1 5.2 Nicaragua: History“, Encyclopædia Britannica. წაკითხვის თარიღი: 2007-08-21. 
  6. 6.0 6.1 Nicaragua Briefs: An Historic Find“, Envío, Central American University - UCA. წაკითხვის თარიღი: 2007-08-21. 
  7. ჰერინგი, ჰაბერტი, ლათინური ამერიკის ისტორია - დასაწყისიდან დღევანდელამდე - თავი 28, ცენტრალური ამერიკა და პანამა - ნიაკრაგუა, 1838-1909, ალფრედ ა. კნპფი, ნიუ-იორკი, 1968
  8. აშშ-ს ძალადობა ქვეყნისთვის: ნიკარაგუა: 1912-33“, Socialist Worker. წაკითხვის თარიღი: 2007-08-21. 
  9. Nicaragua Declares War on Germany and Her Allies“, The New York Times. წაკითხვის თარიღი: 2009-04-20. 
  10. El asalto de Somoza a los alemanes“, 6 January 2005. წაკითხვის თარიღი: 2007-07-13. (Spanish) 
  11. The United States and the Founding of the United Nations...“, U.S. Department of State, October 2005. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. დაარქივებულია ორიგინალიდან 2005-10-23-ში. 
  12. Annis, Barbara. “Nicaragua: Diversification and Growth, 1945-77“, The Library of Congress, December 1993. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  13. Headline: Nicaragua Earthquake“, Vanderbilt Television News Archive, 1972-12-16. წაკითხვის თარიღი: 2007-05-24. 
  14. სანდინისტები და რევოლუცია“, გრინელის კოლეჯი. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  15. 15.0 15.1 History of Nicaragua: The Beginning of the End“, American Nicaraguan School. წაკითხვის თარიღი: 2007-08-04. 
  16. Timeline: Nicaragua“, Stanford University. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  17. Baracco, L. (2007) Wadabagei: A Journal of the Caribbean and its Diaspora, Vol. 10, No. 1, pp. 4-23.
  18. O'GRADY, MARY. “Ortega's Comeback Schemes Roil Nicaragua“. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  19. Was February 25 a 'triumph'? National Review v. 42“, Tulane University. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  20. Dennis, Gilbert. “Social conditions of Nicaragua“, The Library of Congress, December 1993. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  21. Large Lakes of the World“. წაკითხვის თარიღი: 2007-05-25. 
  22. The Nature Conservancy in Nicaragua“. წაკითხვის თარიღი: 2007-05-25. 
  23. General Information - Nicaragua: Economy“. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  24. Tartter, Jean R.. “The Nicaraguan Resistence“, Country Studies, Library of Congress. წაკითხვის თარიღი: 2007-11-02. 
  25. Nicaragua:Economy“, U.S. State Department. წაკითხვის თარიღი: 2007-11-02. 
  26. Economy Rankings: Doing Business“, World Bank. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  27. Travel And Tourism in Nicaragua“, Euromonitor International. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  28. A Dynamic Economy: Dynamic Sectors of the Economy; Tourism“, ProNicaragua. წაკითხვის თარიღი: 2007-08-01. 
  29. Travelotica.com Nicaragua Travel Guide
  30. TransitionsAbroad.com Living Abroad in Nicaragua: Nicaragua’s Evolution
  31. Background Note: Nicaragua; Economy“, U.S. State Department. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  32. Ministry of Tourism of Nicaragua“, INTUR. წაკითხვის თარიღი: 2007-05-09. 
  33. VIII Censo de Poblacion y IV de Vivienda“ (PDF), Instituto Nacional de Estadística y Censos, October 2005. წაკითხვის თარიღი: 2007-07-07. (Spanish) 
  34. http://www.census.gov/ipc/www/idb/country/nuportal.html
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 http://www.thedialogue.org/PublicationFiles/The%20Nicaragua%20case_M%20Orozco2%20REV.pdf
  36. http://www.facesofcostarica.com/economics/gonzalez.htm
  37. http://en.wikipedia.org/wiki/Immigration_to_Mexico
  38. http://siteresources.worldbank.org/EXTLACREGTOPGENDER/Resources/migracionresumido.pdf

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მთავრობა

მთავარი ინფორმაცია

მოგზაურობა