პაპუა-ახალი გვინეა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები
Papua Niugini
პაპუა-ახალი გვინეა
პაპუა-ახალი გვინეას
ჰიმნი: O Arise, All You Sons
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პორტ-მორზბი
9°30′ ს. გ. 147°07′ ა. გ. / 9.500° ს. გ. 147.117° ა. გ. / -9.500; 147.117
ოფიციალური ენა ინგლისური ენა, ტოკ პისინი, ჰირი მოტუ ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  დედოფალი ელისაბედ II
 -  გენერალ-გუბერნატორი მაიკლ ოგიო
 -  პრემიერ-მინისტრი პიტერ ჩარლზ პეირ ო’ნილი
ფართობი
 -  სულ 462 840 კმ2 (54-ე)
 -  წყალი (%) 2
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 7 334 638 (104-ე)
 -   აღწერა 7 059 653 
 -  სიმჭიდროვე 13 კაცი/კმ2 (201-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $14 363 მლნ. (126-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2418 (131-ე)
აგი (2007) 0.523 (საშუალო) (137)
ვალუტა კინა (PGK)
დროის სარტყელი UTC/GMT +10სთ.
ქვეყნის კოდი PG
Internet TLD .pg
სატელეფონო კოდი 675

პაპუა-ახალი გვინეა (ინგლ. Papua New Guinea, ტოკ-პისინის ენა — Papua Niugini, ჰირი-მოტუს ენა — Papua Niu Gini), ოფიციალური სახელი პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ბისმარკის არქიპელაგზე, სოლომონის კუნძულების არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში (ბუგენვილის, ბუკას კუნძულები), დ’ანტრკასტოს კუნძულებზე და სხვა. დასავლეთით არის ინდონეზიის პროვინციები პაპუა და დასავლეთი პაპუა. ქვეყნის ძირითადი ნაწილი მოქცეულია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — პორტ-მორზბი.

პაპუა-ახალი გვინეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა, აქ დაახლოებით 850 ადგილობრივი ტომი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი ტრადიციების მიმდევრები არიან, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 7 059 653 ადამიანს[1][2] (2011 წელი), უმთავრესად პაპუასები და მელანეზიელები. აქ მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობს, პაპუა-ახალი გვინეის ქალაქებში ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 18 %.[3] მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ფართობი — 462 840 კმ². მდიდარია ქვეყნის ფლორა და ფაუნა.

ოფიციალური ენებია — ინგლისური, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. მოსახლეობის დიდი ნაწილი — ქრისტიანია, დანარჩენები მისდევენ ადგილობრივ ტრადიციულ სარწმუნეობებს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა: 20 პროვინცია. შედის ერთა თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია — გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II, რომელიც ქვეყანაში წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანოა — ეროვნული პარლამენტი.

ქვეყანაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული. 1975 წელს პაპუა-ახალმა გვინეამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ავსტრალიისგან.

დასახელება[რედაქტირება]

დასახელება «პაპუა» წარმოიშვა მალაიური ენის სიტყვიდან «პაპუვა», რაც თარგმანში ქართულად ნიშნავს «ხუჭუჭი» (მეორე ვერსიით სიტყვიდან «ორანგ პაპუა» — «ხუჭუჭი შავთავიანი ადამიანი»[4]). ახალი გვინეის კუნძულს ასეთი დასახელება მისცა პორტუგალიელმა მენეზეშმა 1526 წელს, ადგილობრივი მაცხოვრებლების თმის ფორმის აღსანიშნავად[5]. 1545 წელს კუნძულს ესტუმრა ინიგო ორტის დე პეტესი და მას დაარქვა «ახალი გვინეა», რადგანაც, მისი აზრით, ადგილობრივი მოსახლეობა გავდა გვინეის აბორიგენებს აფრიკაში[5] (შესაძლებელია, მან შეამჩნია ახალი კუნძულის და აფრიკული გვინეის ნაპირების მსგავსება[4]).

ევროპული კოლონიზაციის დაწყებიდან დამოუკიდებლობის მიღებამდე ქვეყანამ რამდენჯერმე შეცვალა თავისი ოფიციალური დასახელება. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი 1884—1906 წლებში იწოდებოდა ბრიტანეთის ახალ გვინეად[6], ხოლო 1906—1949 წლებში — პაპუა[5][6] (ავსტრალიის კონტროლ ქვეშ). ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი თავიდან გერმანიის კოლონია იყო და 1884—1920 წლებში ერქვა გერმანიის ახალი გვინეა (1914 წლიდან ავსტრალიის კონტროლ ქვეშ)[5][7], ხოლო 1920—1949 წლებში, ერთა ლიგის გადაწყვეტილების თანახმად, გახდა ავსტრალიის სამეურვეო ტერიტორია და ეწოდა ახალი გვინეის ტერიტორია.[5][8]. 1949 წელს ორი ავსტრალიური კოლონია გაერთიანდა ერთ კოლონიად — პაპუა და ახალი გვინეის ტერიტორია[5][9]. 1972 წელს პროვინციამ მიიღო დასახელება ტერიტორია პაპუა—ახალი გვინეა[10]. 1975 წლიდან დასახელება პაპუა—ახალი გვინეა ოფიციალური გახდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის[5].

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება[რედაქტირება]

გეოგრაფიული მდგომარეობა და რელიეფი[რედაქტირება]

პაპუა-ახალი გვინეის რუკა

პაპუა-ახალი გვინეის სახელმწიფო მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან შორიახლოს. ქვეყანას უკავია კუნძულ ახალი გვინეის აღმოსავლეთი ნაწილი, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბისმარკის არქიპელაგი (რომლის შემადგენლობაშიც შედიან დიდი კუნძულები ახალი ბრიტანეთი, ახალი ირლანდია, ასევე საადმირალოს კუნძულები, ტაბარის კუნძულები, ლიჰირის კუნძულები, ტანგას კუნძულები, ფენის კუნძულები, სენტ-მატიასის კუნძულები და სხვები), აღმოსავლეთით განლაგებული სოლომონის კუნძულების (ყველაზე დიდი კუნძულები ბუგენვილი და ბუკა) ჩრდილოეთი ნაწილი, ახალი გვინეის კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დ’ანტრკასტოს კუნძულები, მურუას კუნძულები, ტრობრიანის კუნძულები, ლუიზიადის არქიპელაგი, ასევე სხვა ახლომდებარე კუნძულები და რიფები (სულ 600-ზე მეტი[11]).

პაპუა-ახალ გვინეას გარს აკრავს არაფურის, მარჯნის, სოლომონის და ბისმარკის ზღვები, ასევე წყნარი ოკეანე. ავსტრალიის კონტინენტიდან ქვეყანა გამოყოფილია ტორესის სრუტით, სიგანით დაახლოებით 160 კმ. სახელმწიფოს აქვს სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ინდონეზიასთან (დასავლეთით), რომელიც გავლებულია 141-ე მერიდიანზე და მხოლოდ მცირე ნაწილში უხვევს დასავლეთით მდინარე ფლაისთან ერთად. ზღვით ესაზღვრება ავსტრალიას (სამხრეთით), სოლომონის კუნძულებს (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ნაურუს (აღმოსავლეთით) და მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებს (ჩრდილოეთით).

კუნძული ახალი გვინეა და ქვეყნის სხვა კუნძულების უმრავლესობას აქვს მთიანი რელიეფი. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის სიმაღლე ზღვის დონეზე 1000 მეტრზე მეტია, ხოლო ახალი გვინეის ზოგიერთი მწვერვალი აღწევს 4500 მეტრს, ანუ მუდმივი თოვლის ზოლს. მთის ქედების უმრავლესობა წარმოადგენს ვულკანების ჯაჭვს. პაპუა-ახალ გვინეაში 18 მოქმედი ვულკანია. მათი დიდი ნაწილი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში. ვულკანურ აქტივობას მოსდევს ძლიერი, კატასტროფული მიწისძვრები.

ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთის ნაწილის მთავარი ქედი იწყება 50 კმ-იანი ზოლით პირდაპირ ინდონეზიის საზღვრიდან (სტარის მთები, რომლებიც მთიანი მთა მაოკეს გაგრძელებაა), რომელიც თანდათან ფართოვდება 250 კმ-მდე ცენტრალურ ნაწილში (ქედი სენტრალ-რეინჯი, ბისმარკის ქედი ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილით — მთა ვილჰელმი — სიმაღლით 4509 მეტრი, შრედერის ქედი, მიულერის ქედი და სხვა). შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთში მთები ვიწროვდება და დაბლდება (გადადიან ოუენ-სტენლის ქედში, მაქსიმალური სიმაღლით 4072 მეტრი — მთა ვიქტორია) და კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებასთან იძირება წყლის ქვეშ. ზოგიერთი პიკი ამოწეულია წყლიდან და ქმნის ლუიზიადის არქიპელაგს[12]. ამ მთების ჩრდილოეთი ფერდოები დამრეცია, ხოლო სამხრეთი ნელ-ნელა გადადის დაბლობში. სენტრალ-რეინჯის ქედის სამხრეთ მთისწინა ზონას ეძახიან პაპუას პლატოს. რაც უფრო ახლოა ზღვასთან, პლატოც უფრო დაბალია, და თანდათან გადადის ჭაობიან დაბლობში.

პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიის ცენტრალური მთების პარალელურად ინდონეზიიდან შემოდის ჩრდილოეთი სანაპირო მთების დაბალი ქედის ტოტები: ნაწილობრივ ბევანის მთები (სიმაღლით 1960 მეტრამდე), ტორიჩელის მთები (ყველაზე მაღალი წერტილი — სულენის მთა, სიმაღლით 1650 მეტრი), პრინც ალექსანდრეს მთები (ყველაზე მაღალი წერტილი — ტურუს მთა, სიმაღლით 1240 მეტრი)[13]. სანაპირო მთები მთავრდება დაბლობით (მდინარეების სეპიკის და რამუს ხეობები). როგორც ამ მთების ნაწილს ხშირად განიხილავენ მთებს ადელბერტს (ყველაზე მაღალი წერტილი — მენგამის მთა, სიმაღლით 1718 მეტრი), რომელიც მდებარეობს მდინარე რამუს მარჯვენა ნაპირზე, ასევე ფინისტერის და სარუვაგედის მთებს, რომლებიც მდებარეობენ ჰუონის ნახევარკუნძულზე, მაქსიმალური სიმაღლით 4121 მეტრი (ბანგეტას მთა). მთავარი კუნძულის გარდა მნიშვნელოვანი ქედები მდებარეობენ კუნძულებზე ახალი ბრიტანეთი (ქედი უაიტმანი, ნაკანის და ბაინინგის მთები, მაქსიმალური სიმაღლით 2334 მეტრი — ვულკანი ულავუნი) და ახალი ირლანდია (შეინიცის და ვორონის ქედები, სიმაღლით 2340 მეტრამდე).

გეოლოგია[რედაქტირება]

პაპუა-ახალი გვინეა მდებარეობს გეოლოგიურად აქტიურ რეგიონში ავსტრალიურ (მოძრავი ჩრდილოეთისკენ სიჩქარით 7 სმ/წელიწადში) და წყნარი ოკეანის (მოძრავი დასავლეთისკენ სიჩქარით 10 სმ/წელიწადში) ლითოსფერული ფილაქნების პირაპირზე[14]. კუნძული ახალი გვინეა მდებარეობს ავსტრალიური ფილაქნის ჩრდილოეთ დაბოლოებაში და ისტორიამდელი სუპერმატერიკ საჰულის (მეგანეზია) ნაწილია. გეოლოგიასთან მიმართებაში ქვეყანა იყოფა ორ მთავარ გეოლოგიურ პროვინციად: ავსტრალიურ ფილაქანზე განლაგებულ ფლაის პლატფორმად და ფილაქნების პირაპირზე განლაგებულ ახალი გვინეის ოროგენულ ზონად[15].

ფლაის პლატფორმა წარმოადგენს დაბლობს, რომელიც ჩამოყალიბებულია დანალექი ნარჩენებისაგან, დაწყებული მეზოზოური ერიდან დამთავრებული მეოთხეულ პერიოდამდე. ახალი გვინეის ოროგენული ზონა შედგება სხვადასხვა დეფორმირებული დანალექი, მეტამორფული და მაგმური ქანებისგან (ინტრუზიულის ჩათვლით). ეს ზონა მოიცავს დანაოჭების რაიონს (პაპუის, ახალი გვინეის შეცოცების ზოლი, ოეუნ-სტენლის შეცოცების ზოლი), კუნძულების რკალს (მელანეზიური რკალი) და შიდა მცირე საზღვაო აუზებს[15].

პაპუის დანაოჭების რაიონი სენტრალ-რეინჯის ქედებით და პაპუის პლატო ჩამოყალიბდა მთის ჯიშების ჰორიზონტალური დაწნეხვით და დაფარულია მიოცენის პერიოდის კარბონატული დანალექი ნარჩენების სქელი ფენისაგან. ახალი გვინეის შეცოცების ზოლი მდებარეობს პაპუის დანაოჭების ჩრდილოეთით და რელიეფში წარმოდგენილია სანაპირო მთებით. ის უფრო მეტად აგებულია გნაისებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია საშუალო დაწნეხვისას მეტამორფიზმის დროს დანალექი და ვულკანური ჯიშებისაგან. იშვიათად გვხვდება გნაისები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ძლიერი დაწნეხვისას. შეცოცების ზოლი ჩამოყალიბდა ორ ეტაპად: სამხრეთ ნაწილში აქტიურობა გამოვლინდა ცარცული სისტემის გვიან პერიოდში, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში — ეოცენის — ოლიგოცენის (ინტრუზიული მინერალების გაბროს და ბაზალტის ჩამოყალიბებით ტორიჩელის მთებში) პერიოდში[15]. ოეუნ-სტენლის შეცოცების ზოლი ჩამოყალიბდა პაპუის დანაოჭების რაიონის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში გადანაცვლების შედეგად, პრაქტიკულად შეუმჩნეველია თანამედროვე რელიეფზე. ზოლი ჩამოყალიბებულია დანალექი ჯიშებით, დაგროვილი ცარცული პერიოდიდან მიოცენის პერიოდამდე, მაღალი წნევის მეტამორფული ჯიშების ჩათვლით[15]. მელანეზიური რკალის კუნძულები (ახალი ბრიტანეთი, ახალი ირლანდია, საადმირალოს კუნძულები და სხვა უფრო მცირე კუნძულები) ძირითადად ჩამოყალიბებულია ეოცენ-ოლიგოცენიური პერიოდის ინტრუზიული ვულკანური ჯიშებით უფრო ძველი ნარჩენი ჯიშების მცირე ჩანართებით. მიოცენის და ადრეული პლიოცენის ვულკანური პროცესები ამ რაიონში შესუსტდა და კუნძულების ზედაპირი დაიფარა კარბონატული ნალექების ფენით. პლიოცენის პერიოდიდან დღევანდელი დღის ჩათვლით ვულკანური აქტივობა შეიმჩნევა მხოლოდ კუნძულ ახალ ბრიტანეთზე და კუნძულთა ჯაჭვზე უმბოი — მანამი. ლავებს უფრო მეტად აქვთ კარბონატული შემადგენლობა[15].

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება]

ქვეყანას გააჩნია წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი სასარგებლო წიაღისეულის მარაგი. სასარგებლო წიაღისეულის პირველი საბადო (ოქრო) აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 1888 წელს კუნძულ ვანატინაიზე, მაგრამ ის მალე გამოილია[16]. 2008 წლის მდგომარეობით იწარმოება სპილენძის, ოქროს, მოლიბდენის, ვერცხლის, ტელურის, ნიკელის, კობალტის, ბუნებრივი აირის, ნავთობის და ცემენტის ნედლეულის სამრეწველო მოპოვება.

ცნობილია სპილენძის 4 მსხვილი საბადო: ნენა (პროვინცია სანდაუნი, მარაგი შეფასებულია 32 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 2,3 %), ოკ-ტედი (დასავლეთი პროვინცია, მარაგი შეფასებულია 510 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 0,69 %), პანგუნა (ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი, მარაგი შეფასებულია 710 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 0,4 %), უაფი (პროვინცია მორობე, მარაგი შეფასებულია 19 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 1,4 %)[17]. საწარმოო მოპოვება წარმოებს მხოლოდ ოკ-ტედის საბადოზე, რომელზეც დამუშავება წარმოებს ღია წესით. 2008 წელს მოცემულ საბადოზე მოიპოვეს 187 000 ტონა სპილენძი[16]. პანგუნის საბადოზე სამუშაოები არ სწარმოებს 1989 წლის მაისიდან კუნძულზე სამოქალაქო კონფლიქტების გამო. იგეგმება სპილენძის მოპოვების განახლება[18].

2008 წელს ქვეყანაში მოპოვებული იქნა 65 ტონა ოქრო[19]. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით[19] პაპუა-ახალ გვინეას ოქროს მოპოვებით უკავია მე-11-ე ადგილი მსოფლიოში, ხოლო ოქროს საერთო მარაგი ფასდება 2300 ტონად. ყველაზე მსხვილი საბადოებია: ლიჰირის კუნძულები (პროვინცია ახალი ირლანდია, მარაგი შეფასებულია 188 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 3,6 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 24 ტონა ოქრო), ოკ-ტედი (მარაგი შეფასებულია 510 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 0,63 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 16 ტონა ოქრო), პანგუნა (მარაგი შეფასებულია 710 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 0,49 გრ/ტ), პორგერა (პროვინცია ენგა, მარაგი შეფასებულია 65,4 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 4,6 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 19 ტონა ოქრო), ტოლუკუმა (ცენტრალური პროვინცია, მარაგი შეფასებულია 700 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 13,3 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 2 ტონა ოქრო) და სხვა[16][17]. მოპოვება წარმოებს როგორც ღია კარიერებში, ასევე შახტებში. გეოლოგიური კვლევების შედეგად ხდება ახალი საბადოების გახსნა, რომელთაგან ბევრს შეიძლება ჰქონდეს საწარმოო დანიშნულება[16].

ქვეყანაში ვერცხლის ყველაზე დიდი საბადო იყო მისიმის მადანი, რომელიც მდებარეობს კუნძულ მისიმაზე პროვინციაში მილნ-ბეი. 1991 წელს მასზე მოპოვებული იქნა 100 ტონა ვერცხლი. მარაგი შეფასებულია 35,7 მილიონ ტონა ნედლეულად ვერცხლის შემადგენლობით 11,0 გრ/ტ[17]. 2001 წელს საბადო მარაგის გამოლევის გამო დაიკეტა[20]. 2008 წელს მოპოვებული იქნა 52 ტონა ვერცხლი ორ საბადოზე: ოკ-ტედის საბადოზე (48 ტონა ვერცხლი) და პორგერას საბადოზე (4 ტონა ვერცხლი). დაკონსერვებული რჩება პანგუნას მსხვილი საბადო (მარაგი შეფასებულია 530 მილიონ ტონა ნედლეულად ვერცხლის შემადგენლობით 1,18 გრ/ტ)[16]. ასევე ცნობილია მოლიბდენის (მარაგი შეფასებულია 21 300 ტონად), ტელურის, ნიკელის და კობალტის (არსებობს ცნობა 31 500 ტონა ნიკელის და 3300 ტონა კობალტის ყოველწლიურად მოპოვების მზადყოფნის თაობაზე 20 წლის განმავლობაში) საწარმოოდ მნიშვნელოვანი საბადოები, რომლებიც ჯერ არ მოიპოვება[16].

პაპუა-ახალ გვინეას ასევე აქვს ნახშირწყალბადის მნიშვნელოვანი მარაგი. არსებობს ბუნებრივი აირის ერთი საბადო (ჰაიდეს გაზფილდი, პროვინცია საუტერნ-ჰაილენდსი) — 2008 წელს აქ მოპოვებული იქნა 135 მილიონი მ³ აირი; და რამდენიმე ნავთობის საბადო — ძირითადად კუტუბუს ტბის რაიონში (2008 წლის მდგომარეობით მარაგი შეფასებულია 12,1 მილიონ ტონად[21].; სველი ნავთობის მოპოვება — 12 400 მილიონი ბარელი)[16].

ჰიდროლოგია[რედაქტირება]

პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში შემავალ კუნძულებზე საკმაოდ ხშირი მდინარეების ქსელია. მდინარეების სათავეები იწყება მთებში და ჩაედინებიან ოკეანეში. თავსხმა წვიმების პერიოდში მდინარეები ნაპირიდან გადმოდიან და წყლით ფარავენ დიდ ტერიტორიებს, რითაც ბევრი რაიონი ჭაობდება. განსაკუთრებით ბევრი ჭაობია კუნძულ ახალ გვინეაზე. დაჭაობებულ ადგილებზე ფართედაა გავრცელებული მალარია.

კლიმატი[რედაქტირება]

ქვეყნის კლიმატიტროპიკულია, ტერიტორიის უმეტეს ნაწილში — ტენიანი. ტემპერატურის ცვალებადობა წლის განმავლობაში უმნიშვნელოა. დღის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 26 °C. წელიწადის დრო განსხვავდება მხოლოდ ნალექების რაოდენობით — მშრალი სეზონი და წვიმიანი სეზონი. სხვადასხვა ადგილებში ეს სეზონები მოდის სხვადასხვა თვეებში.

მაგრამ კლიმატი ცხელი შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ სანაპირო რაიონებში. მთიანი რაიონები თავისი კლიმატით მნიშვნელოვნად განსხვავდება დაბლობი ადგილების კლიმატისაგან. იქ ტემპერატურა დაბალია, ნალექები კი ბევრი. 2500-3000 მეტრზე მაღლა ჰაერის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა 10 °C-ზე მეტი არ არის. იქ თითქმის განუწყვეტლივ მოდის ნელი, ცივი წვიმა, ზოგჯერ მოდის სეტყვა. ეს რაიონები დასახლებული არ არის.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

პაპუა-ახალი გვინეის მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანი. იქ იზრდება 20 ათას სახეობაზე მეტი მცენარე. კუნძულ ახალი გვინეის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია მანგროს ტყეების ფართე (ადგილებში 35 კმ-მდე) ზოლი. ეს ზონა სრულიად გაუვალია, და ის შეიძლება გადავლახოთ, მხოლოდ მდინარის გაცურვით. მდინარეების გასწვრივ იზრდება ველური შაქრის ლერწამი, ხოლო დაჭაობებულ ადგილებში — ლათ. Cýcas-ის მცირე მასივი.

ასობით სახეობის ხეებისგან ჩამოყალიბებული ხშირი ტენიანი ტროპიკული ტყეებით დაფარულია მთის კალთები. მაგრამ ეხლა იქ ასევე არსებობს პლანტაციები და ბაღები. იზრდება ქოქოსის პალმა, ბანანი, შაქრის ლერწამი, ნესვის ხე, გორგლისებური — ტარო, იამსი, ბატატი, მანიჰოტი და სხვა კულტურები. ბაღები ენაცვლებიან ტყეებს. მიწის ნაკვეთები მუშავდება მხოლოდ 2—3 წელი, შემდეგ 10—12 წელი ისინი იფარება ტყით.

1000—2000 მეტრის ზემოთ ტყეები ხდება შემადგენლობით უფრო ერთგვაროვანი, იქ უფრო ჭარბობს წიწვოვანი ჯიშები, განსაკუთრებით არაუკარია. ამ ხეებს აქვთ სამეურნეო მნიშვნელობა: მათი მერქანი — ძვირფასი სამშენებლო მასალაა. მაგრამ მოჭრილი ხე-ტყის მიტანა გართულებულია კარგი გზების უქონლობის გამო.

ახალი გვინეის მაღალმთიანეთი დაფარულია ბუჩქებით და მდელოებით. მთებს შუა ქვაბულებში გავრცელებულია ბალახოვანი მცენარეულობა, რომელიც აღმოცენდა ტყეების ადგილზე უპირატესად ხანძრების შედეგად.

ქვეყნის ცხოველთა სამყარო წარმოდგენილია ქვეწარმავლებით, მწერებით და განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი ფრინველებით. ძუძუმწოვრებიდან, როგორც მეზობელ ავსტრალიაში, აღსანიშნავია მხოლოდ ჩანთოსანთა წარმომადგენლები — ბანდიკუტი (ჩანთოსანი მაჩვი) (ლათ. Peramelemorphia), ვალაბი (ხის კენგურუ) (ლათ. Wallabia), კუსკუსი (ლათ. Phalanger) და სხვა. ტყეებში და სანაპიროზე ბევრი გველი, მათ შორის შხამიანი და ხვლიკებია. ზღვის ნაპირებზე და დიდ მდინარეებზე გვხვდება ნიანგები და კუები. ჩიტებიდან აღსანიშნავია კაზუარი (ლათ. Casuarius), სამოთხის ფრინველი, გვირგვინოსანი მტრედი, თუთიყუში, ლათ. Megapodiidae. ევროპელებმა კუნძულზე შემოიყვანეს შინაური ქათმები, ძაღლები და ღორები. გარეული ღორები, ასევე ვირთაგვები, მინდვრის თაგვები და ზოგიერთი სხვა ცხოველი ფართედ გავრცელდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება]

ევროპული კოლონიზაციის პერიოდისთვის დღევანდელი პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორია დასახლებული იყო პაპუასებით და მელანეზიელებით. ისინი ცხოვრობდნენ ქვის ხანის პირობებში, დაკავებული იყვნენ ნადირობით, თევზჭერით და საკვების შეგროვებით.

ახალი გვინეა 1526 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ჟორჟი დი მენეზიშმა. კუნძულს სახელი 1545 წელს დაარქვა ესპანელმა ზღვაოსანმა ინიგო ორტის დე რეტესმა, რომელმაც შეამჩნია ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსება აფრიკული გვინეის მოსახლეობასთან.

კუნძულის გამოკვლევა და იქ ევროპელების შეღწევა დაიწყო მხოლოდ XIX საუკუნეში. მაგალითად, რუსმა მკვლევარმა ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაიმ საერთო ჯამში პაპუასებს შორის თითქმის ოთხი წელი იცხოვრა (1870-იანი და 1880-იანი წლების დასაწყისში).

XIX საუკუნეში პაპუა-ახალ გვინეას სტუმრობდნენ სხვა ევროპელებიც — ვაჭრები, ვეშაპზე მონადირეები, მისიონერები. პაპუა-ახალ გვინეაში ევროპელებმა შემოიტანეს პირველი რკინის იარაღი.

1884 წლიდან კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი იმყოფებოდა ბრიტანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში გადასცა ის ავსტრალიას.

ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ახლომდებარე კუნძულებით — ბისმარკის არქიპელაგი და სხვა (ამ ტერიტორიებს მოგვიანებით დაუმკვიდრდა სახელი ახალი გვინეა) 1880-იან წლებში დაიპყრო გერმანიამ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1920 წელს გადაეცა ავსტრალიას, როგორც ერთა ლიგის სამეურვეო ტერიტორია (მოგვიანებით — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორია).

1949 წელს პაპუა-ახალი გვინეის ორივე ნაწილი ადმინისტრაციული თვალსაზრისით გააერთიანა ავსტრალიის ხელისუფლებამ.

1973 წელს პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიამ მიიღო შიდა თვითმმართველობა. 1975 წლის სექტემბერში გახდა გამოუკიდებელი სახელმწიფო.

1988—1997 წლებში კუნძულ ბუგენვილზე მიმდინარეობდა პარტიზანული ომი — ბუგენვილის რევოლუციური არმია იბრძოდა კუნძულის გამოყოფისთვის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობიდან. პარტიზანებთან საბრძოლველად პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა იყენებდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ შეიარაღებულ ძალებს (დაახლოებით 2 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი), ასევე სთხოვა დახმარება ავსტრალიას, რომელმაც გამოაგზავნა მცირე სამხედრო კონტინგენტი, და დაიქირავა პროფესიონალი დაქირავებულთა ჯგუფი. ამ ომის მიმდინარეობისას დაიღუპა დაახლოებით 20 ათასი ადამიანი.

ქრონოლოგიური ცხრილი[რედაქტირება]

წელი თარიღი მოვლენა
1824 ჰოლანდიამ კუნძულ ახალი გვინეის მიწები 141° ა. გ. დასავლეთით გამოაცხადა თავის საკუთრებად.
1884 3 ნოემბერი გერმანიამ გამოაცხადა პროტექტორატი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე (141° ა. გ. აღმოსავლეთით) და დაარქვა გერმანიის ახალი გვინეა.
1884 6 ნოემბერი დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა პროტექტორატი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე (141° ა. გ. აღმოსავლეთით) და დაარქვა ბრიტანეთის ახალი გვინეა.
1885 აპრილი გერმანიამ დაამყარა პროტექტორატი სოლომონის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილზე (კუნძული ბუკა, კუნძული ბუგენვილი, კუნძული შუაზელი, კუნძული შორტლენდი, კუნძული სანტა-ისაბელი, ატოლი ონტონგ-ჯავა (ლორდ-ჰაუ)).
1886 ბრიტანეთის ახალი გვინეა ხდება დიდი ბრიტანეთის კოლონია.
1899 14 ნოემბერი გერმანიამ ატოლი ონტონგ-ჯავა, კუნძული შუაზელი, კუნძული შორტლენდი და კუნძული სანტა-ისაბელი გადასცა სოლომონის კუნძულების ბრიტანეთის პროტექტორატს. კუნძული ბუკა და კუნძული ბუგენვილი შევიდა კოლონია გერმანიის ახალი გვინეის შემადგენლობაში.
1906 1 სექტემბერი დიდმა ბრიტანეთმა გადასცა ავსტრალიის კავშირს ბრიტანეთის ახალი გვინეის კოლონია და მას სახელად დაარქვა პაპუა.
1914 11 ნოემბერი გერმანიის ახალი გვინეა ოკუპირებული იქნა ავსტრალიის მიერ, რის შემდეგაც მას დაერქვა ჩრდილო-აღმოსავლეთი ახალი გვინეა.
1920 17 დეკემბერი ავსტრალიამ მიიღო ერთა ლიგის მანდატი ჩრდილო-აღმოსავლეთ ახალი გვინეის მართვაზე და მას სახელად ეწოდა ახალი გვინეის ტერიტორია.
1942 21 იანვარი კუნძულ ახალ გვინეაზე იაპონიის ოკუპაციის დასაწყისი.
1942 10 აპრილი ავსტრალიამ ტერიტორიალურად გააერთიანა პაპუა და ახალი გვინეის ტერიტორია და მას სახელად დაერქვა — პაპუა და ახალი გვინეის ტერიტორია.
1949 მიწების ადმინისტრაციული გაერთიანება.
1971 1 ივლისი ავსტრალიის ხელისუფლებამ ტერიტორიას მისცეს ახალი სახელი: პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორია.
1973 დეკემბერი პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიამ მიიღო თვითმმართველობა.
1975 16 სექტემბერი გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეა ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში, მიღებულ იქნა კონსტიტუცია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

პაპუა-ახალი გვინეა დაყოფილია 4 რეგიონად, ხოლო ისინი 22 პროვინციად.

რეგიონები[რედაქტირება]

პაპუა-ახალი გვინეის რეგიონები

██ ჰაილენდსის რეგიონი

██ აილენდსის რეგიონი

██ მომასეს რეგიონი

██ პაპუას რეგიონი

რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 აილენდსი 56 427 959 692 17,01
2 მომასე 142 311 1 795 474 12,62
3 პაპუა 199 270 1 302 889 5,54
4 ჰაილენდსი 63 732 3 001 598 47,10
სულ 461 740 7 059 653 15,29

პროვინციები[რედაქტირება]

პაპუა-ახალი გვინეის პროვინციები
დროშა პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,[22]
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
რეგიონი
1 Flag of Central Province PNG.svg ცენტრალური პორტ-მორზბი 29 561 237 018 8,02 პაპუა
2 Flag of Chimbu.svg სიმბუ კუნდიავა 6 134 403 772 65,83 ჰაილენდსი
3 Flag of Eastern Highlands.svg ისტერნ ჰაილენდსი გოროკა 11 147 582 159 52,23 ჰაილენდსი
4 Flag of East New Britain.svg აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი კოკოპო 15 280 271 250 17,75 აილენდსი
5 Flag of East Sepik.png აღმოსავლეთი სეპიკი ვევაკი 43 671 433 481 9,93 მომასე
6 Flag of Enga.png ენგა ვაბაგი 11 730 452 596 38,58 ჰაილენდსი
7 Flag of Gulf Province.png ყურე კერემა 34 550 121 128 3,51 პაპუა
8 Flag of Madang.svg მადანგი მადანგი 28 970 487 460 16,83 მომასე
9 Flag of Manus.svg მანუსი ლორენგაუ 1 913 50 321 26,30 აილენდსი
10 Flag of Milne Bay.svg მილნ-ბეი ალოტაი 14 196 269 954 19,02 პაპუა
11 Flag of Morobe.png მორობე ლაე 33 762 646 876 19,16 მომასე
12 Flag of New Ireland.svg ახალი ირლანდია კავიენგი 9 581 161 165 16,82 აილენდსი
13 Flag of Flag Oro new.png ორო პოპონდეტა 22 608 176 206 7,79 პაპუა
14 Flag of Bougainville.svg ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი არავა 9 357 234 280 25,04 აილენდსი
15 Flag of Southern Highlands Province (Papua New Guinea).svg საუტერნ-ჰაილენდსი მენდი 15 098 682 262 45,19 ჰაილენდსი
16 Flag of Western Province PNG.svg დასავლეთი პროვინცია (ფლაი) დარუ 98 115 180 455 1,84 პაპუა
17 Flag of Western Highlands.svg უესტერნ-ჰაილენდსი მაუნტ ჰაგენი 4 323 509 221 117,79 ჰაილენდსი
18 Flag of West New Britain.svg დასავლეთი ახალი ბრიტანეთი კიმბე 20 296 242 676 11,96 აილენდსი
19 Flag of Sandaun.svg სანდაუნი (დასავლეთი სეპიკი) ვანიმო 35 908 227 657 6,34 მომასე
20 Flag of NCD.svg დედაქალაქის ეროვნული ოლქი პორტ-მორზბი 240 318 128 1325,53 პაპუა
21 Flag of Hela.svg ჰელა ტარი 10 500 185 947 17,71 ჰაილენდსი
22 Flag of Jiwaka.svg ჯივაკა მინი 4 800 185 641 38,68 ჰაილენდსი
სულ 461 740 7 059 653 15,29

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა — 6,1 მილიონი (2010 წლის ივლისის შეფასება)

მოსახლეობის ზრდა — 2,0 % (ფერტილობა — 3,5 დაბადებული ერთ ქალზე)

მოსახლეობის სიმჭიდროვე — 13 ად./კმ²

შობადობა — 27 დაბადებული 1000 კაცზე

სიკვდილიანობა — 6,6 ადამიანი 1000 ადამიანზე

ჩვილთა სიკვდილიანობა — 44,6 ბავშვი 1000 დაბადებულზე

მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა — 63,8 წელი

ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა — 68,3 წელი

იმუნოდეფიციტის ვირუსით (სპიდი) დაინფიცირებულები — 1,5 % (2007 წლის შეფასება)

განათლება — 63 % მამაკაცი, 51 % ქალი (2000 წლის აღწერა)

ქალაქის მოსახლეობის წილი — 12 %

65 წელზე უფროსი ადამიანების წილი — 3,5 %

15 წელზე უმცროსი ადამიანების წილი — 36,9 %

მოსახლეობის ბოლო აღწერა ჩატარდა 2011 წელს (7 059 653 ად.)

ეთნო-რასობრივი შემადგენლობა — მელანეზიელები, პაპუასები, ნეგრიტოსები, მიკრონეზიელები, პოლინეზიელები.

ენები — ოფიციალური: ტოკ-პისინი (ყველაზე გავრცელებული), ჰირი-მოტუ (იცის 2 %-მა), ინგლისური (იცის 1 %-მა). 800-ზე მეტი აბორიგენული ენა. ქვეყანა ყველაზე უფრო მეტი ენების რაოდენობით (მსოფლიოში არსებული ენების საერთო რაოდენობის დაახლოებით 10 %). მისი ერთ-ერთი ახსნაა — მთებით ჩაკეტილ ხეობებში მოსახლე ხალხებს შორის კომუნიკაციების არარსებობა.

რელიგია — კათოლიკები — 27 %, ლუთერანები — 19,5 %, პაპუა-ახალი გვინეის გაერთიანებული ეკლესიის მიმდევრები — 11,5 %, ადვენტისტები — 10 %, ორმოცდაათიანელები ღმერთის ასამბლეიდან — 8,6 %, ევანგელისტები — 5,2 %, ანგლიკანები — 3,2 %, ბაპტისტები — 2,5 %, სხვა პროტესტანტები — 8,9 %, ბაჰაისტები — 0,3 %, აბორიგენული და სხვა სარწმუნოებები — 3,3 % (2003 წლის აღწერით)[23].

პოლიტიკური სისტემა[რედაქტირება]

ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია — გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II, რომელსაც წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი (2011 წლის 25 თებერვლიდან — მაიკლ ოგიო). გენერალ-გუბერნატორს ნიშნავს დედოფალი პაპუა-ახალი გვინეის პარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით.

პარლამენტი — ერთპალატიანია, 109 ადგილი, მათ შორის 89 დეპუტატს ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით, კიდევ 20 — ინიშნება პროვინციებიდან.

პარლამენტში წარმოდგენილია:

  • ეროვნული ალიანსი — 30 ადგილი
  • პაპუა-ახალი გვინეის პარტია — 8 ადგილი
  • სახალხო მოძრაობა — 6 ადგილი
  • პანგუ — 5 ადგილი
  • სახალხო დემოკრატიული მოძრაობა — 5 ადგილი
  • გაერთიანებული რესურსების პარტია — 5 ადგილი
  • სახალხო პროგრესის პარტია — 5 ადგილი
  • სახალხო ეროვნული კონგრესი — 5 ადგილი

ამას გარდა, კიდევ 12 პარტიას პარლამენტში აქვს 4-დან ერთამდე ადგილი, და არჩეულია 16 უპარტიო დეპუტატი. პარტიული ფრაქციების შემადგენლობა ხშირად იცვლება, რადგანაც დეპუტატები იცვლიან პარტიულ კუთვნილებას. 2007 წლის ივლისში პაპუა-ახალ გვინეაში საპარლამენტო არჩევნების წინ სულ ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო 45 პოლიტიკური პარტია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მოსახლეობის აღწერა — (2011) Geohive
  2. მოსახლეობის აღწერა — (2011) City Population
  3. World Bank data on urbanisation. World Development Indicators. World Bank (2005). წაკითხვის თარიღი: 2005-07-15.
  4. 4.0 4.1 სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 ბუტინოვი, ნ. ა. მოკლე ისტორიული ცნობები // პაპუა-ახალი გვინეის ხალხი (ტომობრივი წყობიდან დამოუკიდებელ სახელმწიფომდე) / ა. მ. რეშეტოვის რედაქციის ქვეშ. — სანკტ-პეტერბურგი: პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობა, 2000. — ISBN 5-85803-146-3
  6. 6.0 6.1 სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  7. სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  8. სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  9. სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  10. History of Papua New Guinea. History of Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  11. Ingrid Gascoigne. Geography // Papua New Guinea. Cultures of the World Series. — 2. — Marshall Cavendish, 2009. — ISBN 9780761434160
  12. ნ. ა. ბუტინოვი. ბუნებრივი პირობები // ახალი გვინეის პაპუასები / ს. ა. ტოკარევი. — მოსკოვი: "ნაუკა", 1968.
  13. Northern New Guinea montane rain forests (AA0116). World Wildlife Fund. წაკითხვის თარიღი: 21 აპრილი 2010.
  14. Papua New Guinea Geology. Florida Museum of Natural History. წაკითხვის თარიღი: 24 აპრილი 2010.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 PAPUA NEW GUINEA. DEPARTMENT OF MINING. INFORMATION BOOKLET 2003. The European Shareholders of Bougainville Copper. წაკითხვის თარიღი: 24 აპრილი 2010.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 Susan Wacaster. The Mineral Industry of Papua New Guinea // U.S. Geological Survey Minerals Yearbook. — 2010. — В. U.S. Geological Survey Minerals Yearbook.
  17. 17.0 17.1 17.2 Travis Q. Lyday. The Mineral Industry of Papua New Guinea // U.S. Geological Survey Minerals Yearbook. — 1994. — В. U.S. Geological Survey Minerals Yearbook.
  18. Annual report 2007. Bouginville copper limited. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2010.
  19. 19.0 19.1 MINERAL COMMODITY. SUMMARIES 2009. USGS. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი 2010.
  20. Misima Gold and Silver Mine, Papua New Guinea. Net Resources International. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 29 მაისი 2010.
  21. ნავთობი. "მინერალ"-ის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 29 მაისი 2010.
  22. University of Papua New Guinea The State of the Forests in Papua New Guinea
  23. პაპუა-ახალი გვინეა მსოფლიო ქვეყნების ცსს-ს ცნობარში. წაკითხვის თარიღი: 2010-11-4.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: