ჯიმი კარტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ ერლ კარტერი (უმცროსი)
James Earl Carter, Jr.
ჯეიმზ ერლ კარტერი (უმცროსი)James Earl Carter, Jr.
აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1977 – 20 იანვარი, 1981
ვიცე-პრეზიდენტი   უოლტერ მონდეილი
წინამორბედი ჯერალდ ფორდი
მემკვიდრე რონალდ რეიგანი

ჯორჯიის 76-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 იანვარი, 1971 – 14 იანვარი, 1975
წინამორბედი ლესტერ მედოქსი
მემკვიდრე ჯორჯ ბასბი

დაბადებული 1 ოქტომბერი, 1924
პლეინზი, ჯორჯია
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
მეუღლე როზალინ კარტერი
პროფესია ფერმერი, სამხედრო-საზღვაო ოფიცერი
რელიგია ბაპტისტი
ხელმოწერა Jimmy Carter Signature-2.svg

ჯიმი კარტერი (ინგლ. Jimmy Carter, სრული სახელი ჯეიმზ ერლ კარტერი (უმცროსი), ინგლ. James Earl Carter Jr.; დ. 1 ოქტომბერი, 1924) — აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი (1977-1981) დემოკრატიული პარტიიდან.

კარტერმა ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია დაამთავრა, 1946–1953 წლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა ოჯახურ ბიზნესს და არაქისის საკმაოდ წარმატებული ფერმერი იყო. პოლიტიკაში წასვლის შემდეგ კარტერი ორი ვადით ჯორჯიის სენატში მოღვაწეობდა, რის შემდეგაც ჯორჯიის გუბერნატორი იყო.

როგორც პრეზიდენტმა კარტერმა ენერგეტიკის და განათლების დეპარტამენტები შექმნა. მან ენერგეტიკული პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც კონსერვაციას, ფასების კონტროლს და ახალ ტექნოლოგიებს გულისხმობდა. მისი პრეზიდენტობისას ნავთობის ფასმა ძალიან მაღლა აიწია. ამის ფონზე ინფლაცია და უმუშევრობა მაღალი იყო.

საგარეო საკითხებში კარტერმა პანამის არხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პანამის არხის ზონა პანამას დაუბრუნდა. ეს ლათინურ ამერიკაში აშშ-ის გავლენის დიდი დათმობა იყო, რისთვისაც იგი ძალიან გააკრიტიკეს. 1978 წელს კემპ-დევიდის სამიტზე კარტერის ხელმძღვანელობით ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მენაჰემ ბეგინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობის, ურთიერთცნობისა და ეგვიპისთვის სინაის ნახევარკუნძულის გადაცემის თაობაზე. ამით დასრულდა ეგვიპტე-ისრაელის ომების სერია. მისი მმართველობა ასევე აღინიშნა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესებით, ამ უკანასკნელის მიერ 1979 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანის გამო. ამის გამო 1980 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს და დაჩქარებული წესით განაგრძო საკუთარი ბირთვული პოტენციალის ზრდა.

კარტერის მმართველობის პერიოდში მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში; აიათოლა ჰომეინიმ აშშ "დიდ სატანად" გამოაცხადა, და 1980 წელს მძევლად აიყვანეს ამერიკის საელჩოს თანამშრომლები თეირანში. მოლაპარაკებები და ძალისმიერი მეთოდებით მძევლების განთავისუფლების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 1980 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, სადაც კარტერი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის გამარჯვებით დასრულდა. 1981 წლის 20 იანვარს რეიგანის ინაუგურაციის დასრულებიდან 20 წუთში ირანელებმა მძევლები გაათავისუფლეს.

შემდგომი სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერს მიღებული აქვს ნობელის პრემია 2002 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ბიოგრაფიული გვერდები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: