შინაარსზე გადასვლა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეუთო)
ეუთოს ხელმომწერი ქვეყნები 2006 წლისთვის
  ხელი მოაწერეს მხოლოდ ჰელსინკის ხელშეკრულებას.
  არა აქვთ ხელი მოწერილი
  პარტნიორი ქვეყნები

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო — ჩამოყალიბდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს საფუძველზე პარიზის 1990 წლის და ვენისა და ჰელსინკის 1992 წლის დეკლარაციების საფუძველზე. ფუნქციონირებს 1995 წლიდან.

1990 წლამდე ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი - ეუთთ“).

  • ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა;
  • საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისათვის ზრუნვა;
  • ევროპული უსაფრთხოების განუყოფლობის აღიარება, ასევე წევრ-სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების სტიმულირება;
  • მშვიდობისა და უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთკავშირის აღიარება როგორც ევროპის, ისე მსოფლიო მასშტაბით;
  • საკუთარი წვლილის შეტანა ადამიანის უფლებათა დაცვაში, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესსა და ყველა ერის კეთილდღეობაში.

ეუთოს მთავარი ორგანოა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სათათბირო, რომელიც თავის სესიაზე ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. სათათბირო განსაზღვრავს ეუთოს პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს.

საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანა გახდა 1992 წლის 24 მარტს. 1992 წლის დეკემბერში საქართველოში გაიხსნა ეუთოს წარმომადგენლობა, რომელიც აქტიურ დახმარებას უწევდა საქართველოს კონფლიქტების მოგვარების, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში. იმავე წლის 13 დეკემბერს საქართველომ მიიღო ეუთოს მისიის მანდატი. მისიის ძირითადი ღონისძიებები ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში ხორციელდებოდა.

1990-იანი წლებიდან ეუთოს მისია აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მხარს უჭერდა მოლაპარაკებებს მხარეებს შორის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეუთო, როგორც თანათავმჯდომარე მხარე, აქტიურად ჩაერთო ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში (დაიწყო 2008 ოქტ.). ეუთოს მისიამ საქართველოში დონორი სახელმწიფოების მეშვეობით დააფინანსა პროგრამა შეიარაღების ვადაგასული მასალების განადგურებისათვის, ასევე საშიში ქიმიური ნივთიერებების განეიტრალებისათვის, რომლებიც საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზებმა დატოვეს. მისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ანტიტერორისტულ ღონისძიებებს.

ეუთოს მისია საქართველოში აქტიურად მუშაობდა საზღვრის დაცვის საკითხებზე. 1999-2005 წლებში ეუთოს მისია მონიტორინგს უწევდა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩაჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთს. საზღვრის მონიტორინგის ოპერაცია 2004 წლის 31 დეკემბერს რუსეთის მოთხოვნით შეწყდა.

ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ღონისძიებების თვალსაზრისით ეუთოს მისია საქართველოში რეგულარულად ახორციელებდა მონიტორინგს ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვით სექტორებში. მისიის დახმარებით საქართველოში განხორციელდა მრავალი ეკონომიკური პროექტი და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ეუთოს მისია დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის განვითარებაში. ეუთოს მისიის ფარგლებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი 2006 წლიდან ეწეოდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს, ხოლო 2008 წლის ნოემბერში ეროვნულ უმცირესობათა უმაღლეს კომისართან ერთად გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ. ანგარიშში შემუშავებულია არსებული ვითარების დასარეგულირებელი გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჯერ კიდევ შეუსრულებელი რჩება.

საქართველოში ეუთოს მისიის მანდატი დასრულდა 2008 წლის 31 დეკემბერს, როდესაც ეუთოს მუდმივმა საბჭომ ვერ მიაღწია კონსენსუსს მანდატის გაგრძელების თაობაზე. 2009 იანვრიდან ეუთოს ძალისხმევით კვლავ მიმდინარეობდა პროექტების აქტიური განხილვა და ტარდებოდა მრავალმხრივი კონსულტაციები აღნიშნული მისიის მანდატის გასაგრძელებლად. თუმცა 2009 წლის 13 მაისს რუსეთმა ეუთოს მიერ შემოთავაზებული პროექტი დაბლოკა და იმავე წლის ივნისიდან ეუთოს მისიამ საქართველოში შეწყვიტა მოქმედება 2008 ბოლოს საკუთარი მანდატის ამოწურვასთან დაკავშირებით.

  • გეფერიძე დ. ხაზალია ა., საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი, თბ. 2011

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]