ერევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ერევანი
Երևան (Երեւան)
დროშა გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა აჯაპნიაკის რაიონი, არაბკირის რაიონი, ავანის რაიონი, დავთაშენის რაიონი, ერებუნის რაიონი, კენტრონის რაიონი, მალათია-სებასტიის რაიონი, ნორ-ნორკის რაიონი, ნორკ-მარაშის რაიონი, ნუბარაშენის რაიონი, კანაკერ-ზეითუნის რაიონი და შენგავითის რაიონი
კოორდინატები 40°10′11″ ჩ. გ. 44°31′12″ ა. გ. / 40.16972° ჩ. გ. 44.52000° ა. გ. / 40.16972; 44.52000
ქალაქის მერი ერვანდ ზახარიანი
დაარსდა ძვ. წ. 782
პირველი ხსენება 782 BCE
ფართობი 227 კმ²
ცენტრის სიმაღლე 989.4
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 1 060 138[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 4,896 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (10), +374 (60)
საფოსტო ინდექსი 0001—0099
ოფიციალური საიტი yerevan.am
ერევანი — სომხეთი
ერევანი

ერევანი (სომხ. Երևան ან Երեւան; ყოფილი სახელები ერებუნი[2] და ერივანი) — სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე, კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი დაახლოებით 2780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1 060 138 ადამიანი.

ერევანი სომხეთის დედაქალაქია 1918 წლიდან, ის რიგით მე-14 ისტორიული დედაქალაქია და მეშვიდეა იმათგან, რომლებიც არარატის ვაკეზე მდებარეობენ. აქ არის არარატის ეპარქია, სომხური სამოციქულო ეკლესიის ყველაზე დიდი ეპარქია და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეპარქია მსოფლიოში.

ერევნის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში იღებს, როცა არგიშთი I-მა არარატის ვაკის დასავლეთ კიდეზე ციხე-სიმაგრე ერებუნი აღმართა. ეს მოხდა ძვ. წ. 782 წელს. ერებუნი შეიქმნა როგორც „დიდებული ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, სავსებით სამეფო დედაქალაქი“. გვიანდელ დიდი სომხეთის სამეფოში ახალი დედაქალაქები იქმნებოდა, რამაც შეასუსტა ერევნის მნიშვნელობა. ირანისა და რუსეთის უღელქვეშ, ერევანი იყო ჯერ ერევნის სახანოს ცენტრი 1736-დან 1828 წლამდე და შემდეგ ერევნის გუბერნიის ცენტრი 1850-დან 1917 წლამდე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერევანი გახდა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაც სომხების გენოციდს გადარჩენილმა ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ქალაქი სწრაფად გაფართოვდა XX საუკუნეში, ვინაიდან სომხეთი გახდა საბჭოთა კავშირის წევრი. სულ რამდენიმე ათწლეულში ერევანი გადაიქცა რუსეთის იმპერიაში შემავალი პროვინციული ქალაქიდან, სომხეთის ძირითად კულტურულ და ინდუსტრიულ ცენტრად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანი სომხეთის ისტორიის ლიტერატურაში პირველად VI საუკუნის დამდეგს იხსენიება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლურსმული წარწერების მიხედვით, ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ძვ. წ. 782 წელს ააგო ციხე ერებუნი, რომლის მახლობლად გაშენდა თანამედროვე ერევანი.[3] XIII საუკუნიდან იზრდება ერევნის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა. 1440-იდან აღმოსავლეთ სომხეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1513-დან 1735-მდე ციხე და ქალაქი მრავალჯერ ააოხრა ოსმალეთმა და ირანმა. 1604 წელს ერევანი აიღო აბას I-მა და სომხეთის მოსახლეობა ირანში გადაასახლა, მაგრამ ქალაქი მალე აღდგა და ერევნის სახანოს ცენტრი გახდა. XVII საუკუნეში ერევანში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. 1827 წლის 1 ოქტომბერს ქალაქი რუსეთის ჯარმა აიღო და თურქმენჩაის ზავით აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიასთან ერთად რუსეთის იმპერიას შეუერთა 1828 წელს. ერევანი ჯერ სამაზრო ქალაქი იყო, 1849-იდან ერევნის გუბერნიის ცენტრი გახდა. 1902 წელს ერევანი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისს, 1908ჯულფას, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ეკონომიკურ მომძლავრებას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპოგრაფია და ქალაქის იერსახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანი ზღვის დონიდან საშუალოდ 990 მეტრზე მდებარეობს. ყველაზე დაბალი წერტილი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს — 865 მეტრი, ხოლო ყველაზე მაღალი ჩრდილო-აღმოსავლეთით — 1390 მეტრი.[4] ქალაქი მდებარეობს მდინარე რაზდანის ნაპირზე, არარატის ვაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვეყნის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. ქალაქის ზედა ნაწილი სამი მხრიდან მთებითაა დაფარული. რაზდანის მდინარე ქალაქს ულამაზესი კანიონით ორ ნაწილად ჰყოფს.

ისტორიულად ერევანი სომხეთის მთიანეთის გულში მდებარეობს.[5]

როგორც ქვეყნის დედაქალაქი, ერევანი არცერთ რეგიონს არ ეკუთვნის. თვითონ კი ესაზღვრება შემდეგ კუთხეებს: კოტაიქის პროვინციას ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, არარატის პროვინციას სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, არმავირის პროვინციას დასავლეთიდან და არაგაწოტნის პროვინციას ჩრდილო-დასავლეთიდან.

ერებუნის ნაკრძალი შეიქმნა 1981 წელს და მოთავსებულია ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 8 კილომეტრზე სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნაკრძალი ზღვის დონიდან 1300-1450 მეტრზე მდებარეობს და იკავებს 120 ჰექტარს. იგი შედგება ნახევრად უდაბური მთებისა და ველებისგან.[6]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანში კიოპენის კლასიფიკაციით კონტინენტური კლიმატია. გრძელი, ცხელი და მშრალი ზაფხულითა და მოკლე, მაგრამ ცივი და თოვლიანი ზამთრით. ეს გამოწვეულია ზღვიდან დაშორებითა და ისეთ ველზე განლაგებით, რომელსაც მთები აკრავს გარშემო. ზაფხულობით როგორც წესი ძალიან ცხელა და აგვისტოში ტემპერატურა 40 °C-საც კი აღწევს. ზამთარში კი, როგორც წესი ხშირად თოვს და ტემპერატურა შეიძლება -15 °C-მდე ან უფრო დაბლაც დაეცეს. ნალექი მცირე რაოდენობით მოდის, წელიწადში დაახლოებით 318 მილიმეტრი. ერევანში საშუალოდ 2700 საათი მზეა წელიწადში.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად პატარა ქალაქი, ერევანი გაფართოვდა, გახდა სომხეთის დედაქალაქი და ამჟამად აქ მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მოსახლეობის უმეტესობას შეადგენდნენ სომხები, თუმცა აქ ასევე ცხოვრობდნენ სხვადასხვა უმცირესობები: რუსები, ქურთები, აზერბაიჯანელები და ირანელები. თუმცა ყარაბაღის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რუსული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი ქვეყანა 1990-ანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს დატოვა. დღესდღეობით, ერევანში ძირითადად მხოლოდ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა რუსეთში, ჩრდ. ამერიკასა და ევროპაში. ერევნის მოსახლეობა დაეცა 1 250 000-დან[7] 1 103 488-მდე 2001 წელს და 1 091 235-მდე 2003 წელს. თუმცა ამის შემდეგ ერევნის მოსახლეობა იზრდება. 2007 წლის მონაცემებით, დედაქალაქს 1 107 800 მაცხოვრებელი ჰყავდა.

ერევნელები როგორც წესი ერევნულ დიალექტზე საუბრობენ. ეს აღმოსავლეთ სომხური დიალექტია, რომელიც სავარაუდოდ XIII საუკუნეში წარმოიშვა. ძველი სომხური ენის სიტყვები შეადგენენ აღნიშნული დიალექტის დიდ ნაწილს.[8] ისტორიის მანძილზე მასზე გავლენას ახდენდა მრავალი ენა, მათ შორის განსაკუთრებულს რუსული და სპარსული. შესაბამისად ამ ენებიდან ე.წ „ნასესხები სიტყვები“ დღესაც მრავლად გვხვდება. ერევნული დიალექტი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული სომხური დიალექტია და მასზე არა მარტო ერევანში, მის შემოგარენშიც საუბრობენ.[9]

სომეხთა გენოციდის მემორიალი. ერევანი

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანი თავდაპირველად სომხებით იყო დასახლებული და ჰომოგენურად დარჩა XV საუკუნემდე. ერევნის ციხესიმაგრის მოსახლეობა, დაარსებული 1580-იან წლებში, ძირითადად მუსულმანი ჯარისკაცებისგან შედგებოდა და მათი რაოდენობა 2-3 ათასს უტოლდებოდა.[10][11] უშუალოდ ქალაქის მოსახლეები კი ძირითადად სომხები იყვნენ. ფრანგი მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე, რომელიც ერევანს 6-ჯერ ესტუმრა 1631-დან 1668 წლამდე, ამბობდა რომ ქალაქი მხოლოდ სომხებით იყო დასახლებული. რეგიონის დემოგრაფია შეცვალა უამრავმა ომმა ოსმალთა იმპერიას, ირანსა და რუსეთს შორის. XIX საუკუნის დასაწყისისთვის, ერევანში უმრავლესობა მუსულმანი იყო.

სომხეთის გასაბჭოებამდე ერევანი მულტიკულტურული ქალაქი იყო. აქ ძირითადად სომხები და კავკასიელი თათრები (თანამედროვე აზერბაიჯანელები) ცხოვრობდნენ. სომხების გენოციდის შემდეგ, უამრავი ლტოლვილი გამოიქცა „დასავლეთ სომხეთიდან“ (სომხეთის ისტორიული ნაწილი. თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე) აღმოსავლეთისკენ. 1919 წელს, 75 000 სომეხი ლტოლვილი ჩავიდა ერევანში ოსმალთა იმპერიიდან. ამ ლტოლვილთა დიდი ნაწილი ტიფითა და სხვა დაავადებებით გარდაიცვალა.[12]

1921-დან 1936 წლამდე, დაახლოებით 42 000 ეთნიკური სომეხი ერაყიდან, თურქეთიდან, ირანიდან, საბერძნეთიდან, სირიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და ა.შ. დაბრუნდა საბჭოთა სომხეთში და მათი უმეტესობა ერევანში დასახლდა. რეპატრიაციის მეორე ტალღა 1946-1948 წლებში მოხდა, როცა 100 000 ეთნიკური სომეხი ირანიდან, სირიიდან, ლიბანიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, კვიპროსიდან, პალესტინიდან, ერაყიდან, ეგვიპტიდან, საფრანგეთიდამ, აშშ-დან და ა.შ. დაბრუნდა საბჭოთა სომხეთში და ასევე მათი უმეტესობაც დასახლდა ერევანში. ასე რომ, ერევანი საბჭოთა კავშირში შესვლიდან პირველ სამ ათწლეულში გახდა მეტად მონოეთნიკური.

ერევნის ტურისტთა საინფორმაციო ცენტრი

ეკონომიკა და მომსახურების სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი და ღამის ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი სომხეთში წლიდან წლამდე ვითარდება, ერევანი კი ქვეყნის მთავარი ტურისტული მიმართულებაა. ქალაქში არის უამრავი ძვირადღირებული სასტუმრო, თანამედროვე რესტორნები, ბარები, პაბები და ღამის კლუბები. ერევანში მრავალი ადგილია ტურისტებისთვის მიმზიდველი, როგორებიცაა მოცეკვავე შადრევნები რესპუბლიკის მოედანზე, ეროვნული ოპერის სახლი, ერევნის კასკადი და ა.შ. ყველაზე დიდი სასტუმრო ერევანში არის „ანი პლაზა ჰოტელი“.

თვითონ ერევნის მდებარეობა არის შთამაგონებელი ფაქტორი უცხოელებისთვის ქალაქის მოსანახულებლად, რადგან აქ შესაძლებელია ბიბლიური მთის, არარატის ხედებით ტკბობა, როცა ქალაქი მის ფერხთით წევს და რომაული ამფითეატრის ფორმას იმეორებს.

ტოპ-10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სიაში შემავალ ერევანს, ფართოდ გავრცელებული ღამის ცხოვრება და ღამის კლუბების დიდი არჩევანი აქვს. აქ ასევე შეხვდებით ქუჩის კაფეებს, ჯაზ-კაფეებს, ჩაის სახლებს, კაზინოებს, პაბებს, კარაოკე ბარებსა და რესტორნებს.

მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ვარსკვლავები, რუსული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები და სომხური დიასპორის წარმომადგენლები ხშირად მართავენ კონცერტებს ერევანში.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო დეკორაციები ერევნის მეტროში

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია, როგორც ერევანში, ასევე მთელს ქვეყანაში. ერევანში არის დაახლოებით ათეული საფეხბურთო კლუბი რომლებიც სომხეთის პრემიერ ლიგასა და პირველ ლიგაში გამოდიან. მათ შორის ყველაზე წარმატებული კლუბებია პიუნიკი, ალაშკერტი, არარატ-ერევანი, არარატ-არმენია, ურარტუ და ერევანი. რაზდანის სტადიონი არის ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობა ქალაქში. სიდიდით მეორე სტადიონი ქალაქში არის ერევნის რესპუბლიკური სტადიონი, რომელიც სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ძირითადი საშინაო არენაა.

ერევნის საფეხბურთო აკადემია, რომელსაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მართავს, არის თანამედროვე სავარჯიშო კომპლექსი.

2017 წლის მონაცემებით, ერევნის უბნებსა და ეზოებში დაახლოებით 130 მინი-საფეხბურთო სტადიონია, რომელთა აშენებაც მუნიციპალური მთავრობების დამსახურებაა.

ჭადრაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ჭადრაკში. აქაური მოთამაშეები ძალიან ტიტულოვანები არიან და ხშირად ხვდებიან საუკეთესოთა შორის. სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის შტაბ-ბინა განთავსებულია ტიგრან პეტროსიანის სახელობის ჭადრაკის სახლში, ერევანში. ქალაქი მასპინძლობს დიდი რაოდენობით ჭადრაკის გუნდებსა და სავარჯიშო სკოლებს. 1996 წელს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ერევანმა უმასპინძლა 32-ე ჭადრაკის ოლიმპიადას. 2006 წელს, სომხეთის საჭადრაკო გუნდის ოთხმა წევრმა ერევნიდან, ჭადრაკის 37-ე ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს ტურინში. მათ ეს გმირობა ასევე გაიმეორეს დრეზდენის 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე. სომხებმა მესამეჯერ ჭადრაკის ოლიმპიადაზე 2012 წელს სტამბულში გაიმარჯვეს. ჭადრაკის ეროვნული გუნდის ერევანში დაბადებული ლიდერი ლევონ არონიანი, არის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიოში.

კალათბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად კალათბურთის საკმაო პოპულარობისა სომხეთში, ქვეყნის ეროვნული ნაკრები მხოლოდ ეხლახანს გამოჩნდა საერთაშორისო სარბიელზე, მას შემდეგ რაც პატარა ქვეყნებისთვის განკუთვნილი ევროპის ჩემპიონატი მოიგო 2016 წელს. ნაკრების ძირითად მოთამაშეებს სომეხთა დიასპორის წარმომადგენლები განეკუთვნებიან, უმეტესად რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

2017 წლის ოქტომბერს, დაიწყო პირველი შიდა პროფესიონალური ლიგის სეზონი, ცნობილი როგორც „სომხეთის საკალათბურთო ლიგა ა“. მასში 7 გუნდი მონაწილეობდა. აქედან 4 ერევნიდან იყო.

ჩოგბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოგბურთი ასევე განეკუთვნება პოპულარულ სპორტს ერევანში. რამდენიმე საჩოგბურთო კლუბი მოქმედებს ქალაქში, რომელთა უმრავლესობაც საბჭოთა პერიოდშია დაარსებული. არარატის საჩოგბურთო კლუბი, დაარსებული 1990 წელს, არის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი ქალაქში.

სარგის სარგისიანი და ანი ამირაგიანი არიან ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელები სომხეთში.

დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანის დაძმობილებული ქალაქები არიან:

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hakopian, T. Kh. "The History of Yerevan." Old Yerevan (2003): 10-39.

Lindsay, Ian, and Adam T. Smith. "A History of Archaeology in the Republic of Armenia." Journal of field archaeology 31.2 (2006): 165-184.

Vardanyan, Sergey. "The capitals of Armenia", Apolo 1995, ISBN 5-8079-0778-7

G. Zakoyan, M. Sivaslian, V. Navasardian. "My Yerevan," Acnalis 2001, ISBN 99930-902-0-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქალაქისა და სოფლის მიმდინარე და მუდმივი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მიხედვით
  2. R. D. Barnett (1982). „Urartu“, რედ. John Boardman: The Cambridge Ancient History, Vol. 3, Part 1: The Prehistory of the Balkans, the Aegean World, Tenth to Eighth Centuries BC, 2nd, Cambridge University Press, გვ. 346. ISBN 978-0521224963. 
  3. Katsenelinboĭgen, Aron (1990). The Soviet Union: Empire, Nation and Systems. New Brunswick: Transaction Publishers, გვ. 143. ISBN 0-88738-332-7. 
  4. 4.0 4.1 (in Armenian and Russian) V. Azatian et T. Hakopian, Երևան Ереван Yerevan, ИПО Parberakan, Erevan, 1989, p. 284.
  5. Brunn, Stanley D.; Toops, Stanley W.; Gilbreath, Richard (21 August 2012). https://books.google.ge/books?id=2oubq9yIE_oC&pg=PA52&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
  6. https://news.am/arm/news/274751.html Erebuni State Reserve
  7. (in Armenian and Russian) V. Azatian et T. Hakopian, Երևան Ереван Yerevan, ИПО Parberakan, Erevan, 1989, p. 284.
  8. Markossian, Razmik (1989). http://lraber.asj-oa.am/3544/ დაარქივებული 2016-09-23 საიტზე Wayback Machine. (in Armenian). Yerevan: Luys: 390. Retrieved 13 March 2013.
  9. Baghdassarian-Tapaltsian, S. H. (1971) http://hpj.asj-oa.am/1744/ დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine.
  10. (in Armenian) M. Karapetyan (1986) http://hpj.asj-oa.am/4534/ დაარქივებული 2018-09-28 საიტზე Wayback Machine.
  11. (in Armenian) M. Karapetyan, http://hpj.asj-oa.am/4699/ დაარქივებული 2018-09-28 საიტზე Wayback Machine. ISSN 0135-0536
  12. Richard G. Hovannisian, The Republic of Armenia: The first year, 1918–1919, Universito of California, Los Angeles, 1971 https://archive.org/details/republicofarmeni0000hova/page/126
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: