მონტენეგრო
| მონტენეგროს რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| ჰიმნი: „Oj, svijetla majska zoro“ | ||||||
| დედაქალაქი და | პოდგორიცა 42°47′ ჩ. გ. 19°28′ ა. გ. / 42.783° ჩ. გ. 19.467° ა. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | მონტენეგრული | |||||
| ეთნიკური ჯგუფები (2023[1]) |
|
|||||
| რელიგია |
|
|||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | იაკოვ მილატოვიჩი | ||||
| - | პრემიერ-მინისტრი | მილოიკო სპაიჩი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 13 812 კმ2 (161-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 1,5 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2025 შეფასება | 625 266[2] (173-ე) | ||||
| - | 2023 აღწერა | 623 633[3] | ||||
| - | სიმჭიდროვე | 50 კაცი/კმ2 (121-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2025 შეფასება | |||||
| - | სულ | $21,480 მილიარდი[4] | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $34,410[5] | ||||
| აგი (2011) | 0.771[6] მაღალი · 54-ე |
|||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC+01:00 | |||||
| - | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 382 | |||||
| ISO 3166 კოდი | MNE | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .me (.yu) | |||||
მონტენეგრო ან ჩერნოგორია (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა და ხორვატია, ჩრდილოეთიდან — ბოსნია და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან — სერბეთი, ხოლო სამხრეთიდან — ალბანეთი. 13 812 კმ² ფართობის მქონე ქვეყნის მცხოვრებთა რაოდენობა 2023 წლის აღწერის მიხედვით 623 633 ადამიანია. მონტენეგროს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, ხოლო ძველი დედაქალაქი ცეტინიე ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრია.
1878 წელს მონტენეგრო-ოსმალეთის ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესზე მონტენეგროს დე იურე დამოუკიდებლობა აღიარეს. 1905 წლიდან მონტენეგრო სამეფო იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა იუგოსლავიის ნაწილი გახდა, ხოლო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთთან ერთად სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. 2003 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ამავე წლის 6 მაისს მონტენეგრო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. ქვეყანა ასევე გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წევრია. მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით მონტენეგრო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანად მიიჩნევა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის ორივე სახელწოდება (მონტენეგროცა და ჩერნოგორიაც) ერთსა და იმავეს, — „შავ მთას“ აღნიშნავს. ფორმა „ჩერნოგორია“ ქართულ ენაში რუსული ენის საშუალებით შემოვიდა და მონტენეგროს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოიყენებოდა.
XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში იხმარებოდა სახელწოდება მთაშავეთი.[7]
XIV საუკუნეში Crna Gora მხოლოდ ერთი ტომის პაშტროვიჩების ტერიტორიას ეწოდებოდა. XV საუკუნეში ზეტას სათავადოს ხელისუფლებაში ჩერნოიევიჩების გვარის მოსვლის შემდეგ უკვე დღევანდელი მონტენეგროს დიდი ნაწილის დასახელებად გამოიყენებოდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგროს ისტორია 1992 წლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე მონტენეგრო ილირიის ნაწილი იყო და ინდოევროპულენოვანი ილირიელებით იყო დასახლებული.[8] ილირიის სამეფო რომის რესპუბლიკამ ილირიული ომების დროს დაიპყრო და რეგიონი ილირიკუმის პროვინციის (მოგვიანებით დალმაცია და პრევალიტანია) შემადგენლობაში შევიდა.[9]
ქვეყნის ტერიტორიის სლავებით დასახლება დაიწყო VI საუკუნეში. VII საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის ყოფილ კოლონიაზე დაარსდა დუკლიის სახელმწიფო. დუკლიამ დამოუკიდებლობა ბიზანტიის იმპერიისგან 1042 წელს მოიპოვა.[10][11] მომდევნო ათწლეულებში მან გააფართოვა თავისი ტერიტორიები მეზობელ ბოსნიაზე და ასევე აღიარებულ იქნა სამეფოდ. ფეოდალური შიდა ომებით დასუსტებული სამეფო 1186 წლისთვის სერბეთის დიდი სამთავროს ნაწილი გახდა. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში იგი შედიოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივ ერთეულში, რომელსაც ნემანიჩების დინასტია განაგებდა.[12] XIV საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც სერბთა იმპერია დაიშალა, ქვეყანაზე ძალაუფლება ბალშიჩების საგვარეულომ მოიპოვა.[13]
1392 წლიდან მონტენეგროს ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილს ვენეციის რესპუბლიკა აკონტროლებდა, მათ შორის ბუდვას ქალაქს, რომელიც იმ დროს „ბუდუას“ სახელით იყო ცნობილი. ვენეცია თანამედროვე მონტენეგროს ამ ტერიტორიებს 1797 წლამდე აკონტროლებდა.[14]

1421 წელს მონტენეგრო შეუერთდა სერბეთის დესპოტატს, მაგრამ 1455 წლის შემდეგ კიდევ ერთმა დიდგვაროვანმა ოჯახმა — ჩერნოიევიჩებმა — ქვეყნის დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რის შედეგადაც იგი გახდა ბალკანეთის უკანასკნელი თავისუფალი მონარქია, სანამ 1496 წელს ოსმალებმა არ დაიპყრეს და სანჯაყად აქციეს. მოკლე პერიოდის განმავლობაში მონტენეგრო არსებობდა როგორც ავტონომიური სანჯაყი 1514–1528 წლებში.[15]
მონტენეგროელები უკმაყოფილო იყვნენ ოსმალეთის მმართველობით და არაერთხელ აჯანყდნენ. 1516 წელს მონტენეგროში ჩამოყალიბდა თეოკრატიული სახელმწიფო — მონტენეგროს სამთავრო-საეპისკოპოსო, რომელსაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მართავდა.[16] ეს სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობდა ევროპულ ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ოსმალეთის წინააღმდეგ და საბოლოოდ 1696 წლიდან თითქმის სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1852 წლის 13 მარტს დანილო I პეტროვიჩ-ნიეგოშმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის პრინც-ეპისკოპოსის ტიტულზე და დაქორწინებულიყო. საუკუნეების განმავლობაში არსებული თეოკრატიული მმართველობის შემდეგ ამან მონტენეგრო საერო სამთავროდ აქცია. 1876 წლის 30 ივნისს მონტენეგროს სამთავრომ სერბეთის სამეფოსთან ერთად ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას. 1878 წლის 3 მარტს ხელი მოეწერა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც აღიარებული იყო მონტენეგროს, ასევე რუმინეთისა და სერბეთის დამოუკიდებლობა. საზავო ხელშეკრულების შემდეგ მონტენეგროს ტერიტორია 4,405 კმ²-დან 9,475 კმ²-მდე გაიზარდა.[17]
1905 წელს ქვეყანაში მიიღეს კონსტიტუცია. 1910 წელს მთავარმა ნიკოლა I-მა მიიღო მეფის ტიტული. 1910–1918 წლებში მონტენეგრო ატარებდა სამეფოს სახელს. ბალკანეთის პირველი ომის დროს მონტენეგრო იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ, რაც წარმატებით დასრულდა. 1914–1916 წლებში იგი იბრძოდა ანტანტის მხარეზე, თუმცა ავსტრია-უნგრეთმა მოახდინა მისი ოკუპაცია. 1918 წელს ქვეყანა გათავისუფლდა ავსტრია-უნგრეთის უღლისგან და მალევე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო იუგოსლავიის შემადგენლობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯერ იტალიის (1941–1943 წწ.), ხოლო შემდეგ გერმანიის (1943–1944 წწ.) ჯარებმა მოახდინეს მონტენეგროს ოკუპაცია.[18] 1945–1992 წლებში მონტენეგრო იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო.
მონტენეგრო იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მონტენეგროში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა 96 %-მა სერბეთთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს ქვეყნის კულტურულმა უმცირესობებმა — მუსლიმებმა, ალბანელებმა და კათოლიკეებმა, რომლებიც მონტენეგროს დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს. მათ განაცხადეს, რომ გამოკითხვა არადემოკრატიულ პირობებში ჩატარდა. რეფერენდუმი მონიტორინგის გარეშე ჩატარდა, ამიტომაც მის სამართლიანობასთან დაკავშირებით არც ერთი მიუკერძოებელი განცხადება არ გაკეთებულა. მონტენეგრომ სერბეთთან ერთად იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.
1991–1995 წლებში მიმდინარე ბოსნიისა და ხორვატიის ომების დროს მონტენეგროს შეიარაღებული ძალები სერბეთის ჯარებს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკზე შეტევის დროს შეუერთდნენ.[19] მათ მიერ ჩატარებული ოპერაციები ადამიანის უფლებების მუდმივი და ფართომასშტაბიანი დარღვევებით ხასიათდებოდა.[20] მონტენეგროელი გენერალი პავლე სტრუგარი დუბროვნიკის დაბომბვაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.[21] მონტენეგროს პოლიციამ დააპატიმრა ბოსნიელი ლტოლვილები და სერბთა ბანაკებში გადაიყვანა, სადაც ისინი სისტემატური წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.[22]
1996 წელს მონტენეგროს მთავრობამ მილო დუკანოვიჩის ხელმძღვანელობით სერბეთთან ურთიერთობა გაწყვიტა, რომელსაც იმჟამად სლობოდან მილოშევიჩი მართავდა. მონტენეგროს მთავრობამ ეროვნული ფულის ერთეულად ჯერ გერმანული მარკა, შემდეგ კი ევრო შემოიღო, თუმცა არ გამხდარა ევროზონის ქვეყანა. ქვეყნის მომდევნო მთავრობები დამოუკიდებლობას ემხრობოდნენ, შესაბამისად მათი მმართველობის პერიოდი სერბეთთან დაძაბული ურთიერთობით ხასიათდებოდა.
2002 წელს სერბეთი და მონტენეგრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებას დასთანხმდნენ. მათ აწარმოეს მოლაპარაკებები იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით და გადაწყვიტეს, რომ ეს უკანასკნელი უფრო დეცენტრალიზებული სახელმწიფო ყოფილიყო. 2003 წელს მისი სახელწოდება სერბეთი და მონტენეგრო გახდა. ბელგრადში დადებული ხელშეკრულება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მონტენეგროში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავდა.
დამოუკიდებლობა და უახლესი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2006 წლის 21 მაისს მონტენეგროში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 419 240-მა ადამიანმა, სრული ელექტორატის 86,5 %-მა მიიღო; მათგან 230 661 (55,5 %) მხარს უჭერდა მონტენეგროს დამოუკიდებლობას, ხოლო 185 002 (44,5 %) წინააღმდეგი იყო.[23] 55 %-იანი ბარიერის მცირედი ნიშნულით გადალახვით, სულ რაღაც 2300 ხმით მოპოვებულ გამარჯვებას ევროკავშირის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ვალიდურობის შემოწმება სჭირდებოდა. მონტენეგროს დამოუკიდებლობა აღიარეს სერბეთმა, ევროკავშირისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყნებმა.
რეფერენდუმზე მონიტორინგს ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა, რომელსაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა. ჯამში სადამკვირვებლო პროცესში მონაწილეობა დაახლოებით 3000-მა დამკვირვებელმა მიიღო.
მონტენეგროს დამოუკიდებლობა ქვეყნის პარლამენტმა 2006 წლის 3 ივნისს გამოაცხადა.[24]
2015 წელს ჟურნალისტური გამოძიების კავშირმა, სახელწოდებით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მხილების პროექტი, მონტენეგროს ყოფილი პრეზიდენტი და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი „ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ წლის ადამიანად“ გამოაცხადა.[25] ამ მოვლენის შემდეგ მონტენეგროს ქუჩებში დუკანოვიჩის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები დაიწყო.[26][27]
2012 წლიდან მონტენეგრო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 2018 წელს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია 2022-დან[28] 2025 წელს გადაიდო.[29]
2019 წელს მონტენეგროში დაიწყო სახალხო პროტესტი მოქმედი პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩისა და პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩის მიმართ, რომლებიც სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრები არიან და პარლამენტში 1991 წლიდან იმყოფებიან.[30][31] 2022 წლის თებერვალში, იგივე მთავრობა ქვეყნის ისტორიაში პირველი წარმატებული უნდობლობის ვოტუმის დროს დაამხეს.[32] 2023 წლის მარტში პროდასავლურმა კანდიდატმა, იაკოვ მილატოვიჩმა, პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.[33]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მონტენეგრო ჩ. გ. 41° და 44° და ა. გ. 18° და 21°-ს შორის მდებარეობს. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, კოსოვო და ალბანეთი.
მონტენეგრო დუნაის დაცვის საერთაშორისო კომისიის წევრია. ქვეყანაში მდინარის 2000 კილომეტრიანი მონაკვეთია მოქცეული.
გეოგრაფიული რეკორდები:
- უმაღლესი მწვერვალი — ზლა კოლატა — 2535 მ
- უდიდესი ტბა — სკადარი — 391 კმ²
- უღრმესი კანიონი — მდინარე ტარას კანიონი — 1300 მ
- უდიდესი ყურე — კოტორის ყურე
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| იაკოვ მილატოვიჩი პრეზიდენტი |
მილოიკო სპაიჩი პრემიერ-მინისტრი |
მონტენეგრო დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკაა, რომელშიც 2007 წლის 22 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. ამ უკანასკნელის მიხედვით, მონტენეგრო „დემოკრატიულ, სოციალური სამართლიანობის მქონე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოა“.[34]
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ხუთ წელიწადში ერთხელ პირდაპირი არჩევნების შედეგად ირჩევენ. პრეზიდენტი გასცემს განკარგულებებს, ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების თარიღს, წარადგენს პრემიერ-მინისტრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს, ნიშნავს რეფერენდუმს, ასევე მას აქვს ამნისტიის უფლება. პრეზიდენტის რეზიდენცია ქალაქ ცეტინიეში მდებარეობს.
ქვეყნის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოა მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
მონტენეგროს საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც იღებს კანონებს, ახდენს ხელშეკრულებების რატიფიკაციას, ნიშნავს მინისტრებსა და მოსამართლეებს და ასრულებს კონსტიტუციით დადგენილ ყველა სხვა ვალდებულებას. პარლამენტის წევრობისთვის არჩევნებში 6000 ხმის მოპოვებაა საჭირო. მონტენეგროს დღევანდელი პარლამენტი 81 წევრისგან შედგება.

2020 წელს Freedom House-მა პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩის მიერ სახელმწიფოს მიტაცებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე განცხადება გააკეთა. 2003 წლის შემდეგ პირველად მონტენეგრო არა დემოკრატიულ, არამედ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნად მიიჩნევა.[35]
საერთაშორისო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგროს საგარეო პოლიტიკის მთავრი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. ქვეყნისათვის ასეთივე მნიშვნელოვანი მიზანი იყო ნატოში გაერთიანება, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რაც მონტენეგროს სხვა სტრატეგიული მიზნების მიღწევას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს. ქვეყანა ნატოს წევრი 2017 წლის 5 ივნისს გახდა.[36] მონტენეგროს მთავრობის აზრით, ნატოში ინტეგრაცია ევროკავშირში ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.[37]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგრო 23 მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი, მათ შორის 21 რაიონული, ხოლო 2 ურბანული მუნიციპალიტეტია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის აღწერის მიხედვით, მონტენეგროში დაახლოებით 622 ათასი ადამიანი ცხოვრობს,[38] ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 45 ადამიანია.
მონტენეგრო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ძირითადი ეთნიკური ჯგუფები არიან მონტენეგროელები, სერბები, ბოსნიელები, ალბანელები და ხორვატები.
მონტენეგროს ოფიციალური ენაა მონტენეგრული. ასევე გამოიყენება სერბული, ბოსნიური და ხორვატული ენები.
საუკუნეთა მანძილზე მონტენეგრო კულტურულ გზაგასაყარზე იმყოფებოდა. დღეისათვის ქვეყანაში მუსლიმური და ქრისტიანული კულტურების უნიკალურ თანაარსებობას ვხვდებით.
რელიგიებს შორის მონტენეგროში ყველაზე ფართოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობაა გავრცელებული. მონტენეგროს მართლმადიდებელი მოსახლეობის უმრავლესობა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარია. მცირე პროცენტი მხარს უჭერს კანონიკურად არაღიარებულ მონტენეგროს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელსაც 1993 წელს დაარსების დღიდან რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი აქვს.[39]
მეორე უდიდესი რელიგიაა ისლამი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის 19 % აღიარებს. 2004 წლის აღწერის მიხედვით ალბანელთა ერთი მესამედი კათოლიციზმის, ხოლო ორი მესამედი სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მონტენეგრო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაა და მისი ეკონომიკა ძირითადად მომსახურების სფეროზეა ორიენტირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით 2019 წელს მონტენეგროს მშპ $5.424 მილიარდი, მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებით $12.516 მილიარდი, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე $20 083 იყო.
2007 წელს მონტენეგროს მშპ 10,7 %-ით, ხოლო 2008 წელს 7,5 %-ით გაიზარდა. 2007 წელს სერვისის სექტორმა მშპ-ს 72,4 % აწარმოა, ინდუსტრიულმა სექტორმა – 17,6 %, ხოლო სოფლის მეურნეობამ – 10 %. მონტენეგროში 50 000 შინამეურნეობა აღირიცხება, შესაბამისად სწორედ ამდენი ოჯახის შემოსავალი სოფლის მეურნეობას ეყრდნობა.
2012 წელს მონტენეგრომ 182,3 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი მოახდინა. მისი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ხორვატია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და უნგრეთი. ამავე წელს მონტენეგროს იმპორტმა 864,9 მილიონი ევრო შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორები არიან: სერბეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.[40]
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგროს სარკინიგზო ქსელის ძირითადი ხაზი ბელგრადი-ბარის სარკინიგზო ხაზია, რომელიც ქვეყანას სერბეთთან აკავშირებს. მონტენეგროს მთავარი შიდა სარკინიგზო ხაზია ნიკსიში-პოდგორიცა, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ 2012 წელს გაიხსნა.
მონტენეგროში ორი საერთაშორისო აეროპორტია, ესენია: პოდგორიცას აეროპორტი და ტივატის აეროპორტი. 2008 წელს ორივე აეროპორტი ერთად 1,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
მონტენეგროს მთავარი პორტია ბარის ნავსადგური, რომელიც 1906 წელს აშენდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თითქმის სრულად დაინგრა, რის შემდეგაც 1950 წელს რეკონსტრუქციის შედეგად აღადგინეს. პორტს წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის მიღება შეუძლია.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგრო წელიწადში 1,6 მილიონი მნახველით ევროპაში 36-ე ყველაზე ხშირად მონახულებადი ქვეყანაა. დამსვენებლების უმრავლესობას ქვეყანის სანაპირო რეგიონი იზიდავს. მონტენეგროს ადრიატიკის ზღვასთან 295 კილომეტრიანი სანაპირო ხაზი აქვს, საიდანაც 72 კილომეტრი პლაჟებსა და კარგად შემორჩენილ ძველ ქალაქებს უკავია. ჟურნალმა National Geographic Traveler მონტენეგრო „ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად სანახავ 50 ადგილს“ შორის დაასახელა, გამოცემის ყდას კუნძული სვეტი სტეფანის გამოსახულება ამშვენებდა. 2010 წლის იანვარში ულცინის სამხრეთი სანაპირო The New York Times-ის ტურისტული დანიშნულების ადგილების რეიტინგის ფარგლებში მოხვდა სიაში „31 ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ 2010 წელს“.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მონტენეგროში განათლების სფეროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელმძღვნელობს. სრული ზოგადი განათლება დაწყებით და საშუალო საფეხურებზე ხორციელდება, აქედან დაწყებითი განათლება სავალდებულოა და 9 წელს მოიცავს, ხოლო საშუალო განათლება – 4 წელს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც სწავლა 3-დან 6 წლამდე გრძელდება, უნივერსიტეტებს, კოლეჯებს და ხელოვნების აკადემიებს მოიცავს. მონტენეგროში ერთი საჯარო და ორი კერძო უნივერსიტეტია.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მონტენეგრო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურათა გავლენას განიცდიდა, მათ შორის აღსანიშნავია მართლმადიდებლური, ოსმალური, სლავური, ცენტრალურ-ევროპული და ადრიატიკული კულტურები. ქვეყანაში გვხვდება რომანული, გოთიკური და ბაროკოს პერიოდის არქიტექტურა.
მონტენეგროში მრავალი კულტურული თუ ისტორიული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ქვეყნის სანაპირო რეგიონი რელიგიური მონუმენტებით გამოირჩევა, რომელთა შორისაა წმინდა ტრიფონის საკათედრო ტაძარი,[41] სავინას მონასტერი და წმინდა ლუკა მახარებლის ბაზილიკა, რომელიც 800-ზე მეტ წელს მოითვლის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგროში დაიბადა ამერიკელი მწერალი რექს სტაუტი, რომლის კალამსაც ეკუთვის დეტექტიური რომანების სერია გამოგონილი პერსონაჟის, დეტექტივი ნირო ვულფის შესახებ. მის 1950 წლის რომანში „შავი მთა“ მოქმედება 1950-იანი წლების მონტენეგროში ხდება.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგროში პოპულარობით ძირითადად გუნდური სპორტის სახეობები სარგებლობს, ესენია: ფეხბურთი, კალათბურთი, წყალბურთი, ფრენბურთი და ხელბურთი. ასევე გავრცელებულია კრივი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, კარატე, მაგიდის ჩოგბურთი და ჭადრაკი.
ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ცნობილი მონტენეგროელი ფეხბურთელები არიან დეიან სავიჩევიჩი, პრედრაგ მიატოვიჩი, მირკო ვუჩინიჩი, სტეფან სავიჩი და სტევან იოვეტიჩი. მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2006 წელს დაარსდა.
წყალბურთი ეროვნულ სპორტის სახეობად მიიჩნევა. მონტენეგროს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, ოქროს მედლები მოიპოვა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩატარდა და 2009 წლის ცურვის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ლიგაში, რომელიც მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ჩატარდა.
2006 წელს მონტენეგროს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა.
ქალთა სპორტში ყველაზე დიდი წარმატებით ხელბურთი სარგებლოს. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონტენეგროს ქალთა ეროვნულმა ხელბურთელთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ამავე წლის ქალთა ნაკრებებს შორის ევროპის ხელბურთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Realm of the Black Mountain: A History of Montenegro by Elizabeth Roberts (Hurst & Co, 2007) ISBN 978-1-85065-868-9
- Montenegro: The Divided Land by Thomas Fleming (2002) ISBN 0-9619364-9-5
- The Rough Guide to Montenegro by Norm Longley (2009) ISBN 978-1-85828-771-3
- The National Question in Yugoslavia: Origins, History, Politics Cornell University Press, by Ivo Banac (1984) ISBN 0-8014-9493-1
- A History of Montenegro by Francis Seymour Stevenson (2002) ISBN 978-1-4212-5089-2
- Montenegro: A Modern History by Kenneth Morrison (2009) ISBN 978-1-84511-710-8
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მონტენეგრო საიტზე Curlie
- Interactive PhotoGallery from Montenegro – 2000 photos დაარქივებული 2016-01-10 საიტზე Wayback Machine.
- Montenegro Attractions დაარქივებული 2015-04-26 საიტზე Wayback Machine.
- Montenegro დაარქივებული 2012-08-30 საიტზე Wayback Machine. - UCB Libraries GovPubs
- Montenegro profile - BBC News
- Key Development Forecasts for Montenegro - International Futures
- Montenegro at funiq.eu დაარქივებული 2015-04-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Census of Population, Households and Dwellings in Montenegro 2023. Monstat. ციტირების თარიღი: 15 October 2024
- ↑ Statistical Office of Montenegro – MONSTAT.
- ↑ Procjene broja stanovnika na 1. januar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2026-01-12. ციტირების თარიღი: 2026-04-03
- ↑ World Economic Outlook Database, October 2025: Edition (Montenegro) en. International Monetary Fund.October 14, 2025.
- ↑ World Economic Outlook Database, October 2025: Edition (Montenegro) en. International Monetary Fund.October 14, 2025.
- ↑ Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 5 November 2011.
- ↑ გაზეთი „შრომა“, № 95, 1918
- ↑ Wilkes John. The Illyrians. Wiley-Blackwell, 1995, ISBN 978-0-631-19807-9, p. 92
- ↑ Appian, the Foreign Wars, The Illyrian wars, Book 10, The Illyrian Wars; Loeb Classical Library, Vol II, Books 8.2–12, Harvard University Press, 1912; ISBN 978-0674990043 , 10.18–27
- ↑ Papathanassiou, Manolis. Byzantine Battles: Battle of Bar en. ციტირების თარიღი: 20 April 2025
- ↑ MONTENEGRINA - digitalna biblioteka crnogorske kulture i nasljedja. ციტირების თარიღი: 20 April 2025
- ↑ Zeta Under the Balšić Dynasty and the Ottoman Empire (1385–1421). ციტირების თარიღი: 21 April 2025
- ↑ Montenet - History of Montenegro: Doclea Under Vojisavljevics' Dynasty. ციტირების თარიღი: 29 May 2025
- ↑ Schmitt, Oliver Jens (2001). Das Venezianische Albanien (1392–1479). Walter de Gruyter. ISBN 978-3-486-56569-0.
- ↑ Ćorović, Vladimir (1933). Istorija Jugoslavije (sr). Beograd: Narodno Delo. „1528... Црна Гора је потом поново припојена скадарском санџакату и остала је са извесним ... правима његов სастავნი део...“
- ↑ (1896) The Story of the Nations: The Balkans. New York: G.P. Putnam's Sons.
- ↑ Hertslet, Edward (1891). THE MAP OF EUROPE BY TREATYSHOWING THE VARIOUS POLITICAL AND TERRITORIAL CHANGES WHICH HAVE TAKEN PLACE SINCE THE GENERAL PEACE OF 1814. With Numerous Maps and Notes. Vol. IV.. London: HARRISON AND SONS, ST. MARTINS LANE, გვ. Preface-vii.
- ↑ Prema oceni istoričara, Trinaestojulski ustanak bio je prvi i najmasovniji oružani otpor u porobljenoj Evropi 1941. godine sr. B92.net (13 July 2010). ციტირების თარიღი: 7 December 2012
- ↑ Bombing of Dubrovnik. Croatiatraveller.com. ციტირების თარიღი: 7 December 2012.
- ↑ A/RES/47/121. The situation in Bosnia and Herzegovina. United Nations. ციტირების თარიღი: 7 December 2012.
- ↑ YIHR.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2015.
- ↑ Annex VIII – part 3/10 Prison Camps. ess.uwe.ac.uk დაარქივებული 20 October 2013 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „Montenegro vote result confirmed“. BBC News. 23 May 2006. ციტირების თარიღი: 11 September 2010.
- ↑ „Montenegro declares independence“. BBC News. 4 June 2006. ციტირების თარიღი: 11 September 2010.
- ↑ "OCCRP announces 2015 Organized Crime and Corruption ‘Person of the Year’ Award". Organized Crime and Corruption Reporting Project.
- ↑ "The Balkans’ Corrupt Leaders are Playing NATO for a Fool". Foreign Policy. 5 January 2017.
- ↑ "Montenegro invited to join NATO, a move sure to anger Russia, strain alliance's standards". The Washington Times. 1 December 2015.
- ↑ Darmanović: Montenegro becomes EU member in 2022 20 April 2017. Retrieved 2 June 2017.
- ↑ "EU to map out membership for 6 western Balkan states", Michael Peel and Neil Buckley, Financial Times, 1 February 2018
- ↑ „Thousands march in Montenegro capital to demand president resign“. Reuters. 16 March 2019.
- ↑ „Montenegrin Antigovernment Protests Enter Eighth Week“. Radio Free Europe/Radio Liberty. 7 April 2019.
- ↑ „Izglasano nepovjerenje Vladi Zdravka Krivokapića“. Radio Slobodna Evropa. 4 February 2022.
- ↑ „Montenegro's pro-EU party wins election, initial results show“. euronews (ინგლისური). 12 June 2023.
- ↑ Ustav Crne Gore (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2010. ციტირების თარიღი: 11 September 2010.
- ↑ Nation in Transit 2020: Dropping the Democratic Facade en-US. ციტირების თარიღი: 2020-05-10
- ↑ Julian E. Barnes (25 May 2017). „Montenegro to Join NATO on June 5 – WSJ“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 25 May 2017.
- ↑ Foreign Policy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2020-08-06.
- ↑ Statistical Office of Montenegro - MONSTAT. ციტირების თარიღი: 2025-08-09
- ↑ Džankić, Jelena (2016). "Religion and Identity in Montenegro". Monasticism in Eastern Europe and the Former Soviet Republics. London-New York: Routledge. pp. 110–129.
- ↑ B92, Crna Gora najviše uvozi iz Srbije, 26.07.2012
- ↑ Šestović, Aleksandar. Kotor. Kotoronline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 11 September 2010.
| |||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||
