შირაკავანი (ძველი ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტორიული ქალაქი
შირაკავანი
სომხ. Շիրակավան

სურფ ფრკიჩის ეკლესია შირაკავანში 1923 წლამდე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 40°41′39″ ჩ. გ. 43°44′12″ ა. გ. / 40.69417° ჩ. გ. 43.73667° ა. გ. / 40.69417; 43.73667
დაარსდა VII საუკუნეში
სასაათო სარტყელი UTC+3
შირაკავანი (ძველი ქალაქი) — თურქეთი
შირაკავანი (ძველი ქალაქი)

შირაკავანი (სომხ. Երազգավորս; თავდაპირველად ერაზგავორსი და მოგვიანებით, ერაზგავორკი) — შუა საუკუნეების სომხური ქალაქი და ერთ-ერთი სომხეთის ისტორიულ დედაქალაქთაგან. შირაკავანი ბაგრატუნთა სომხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო 890-929 წლებში.

ქალაქი მდებარეობდა მდინარე ახურიანის მარჯვენა ნაპირზე, ანისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეესაბამება თანამედროვე სოფელი ჩეთინდურაქი აკაიაკის რაიონში, ყარსის პროვინციაში, თურქეთის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შირაკავანი, როგორც დასახლება პირველად მოიხსენიება, როგორც ერაზგავორსი, VII საუკუნეში, სომეხი ისტორიკოსის, სებეოსის მიერ. სებეოსი ერაზგავორსს აღწერს, როგორც სოფელს შირაკში, დიდი სომხეთის აირარატის პროვინციაში. მოგვიანებით, 890 წელს, მეფე სმბატ I-მა ანისის სამეფოს დედაქალაქი ბაგარანიდან ერაზგავორსში გადაიტანა და მას შირაკავანი უწოდა.

ქალაქი ინარჩუნებდა დედაქალაქის სტატუსს 929 წლამდე, როდესაც აბას I-მა ახალ დედაქალაქად ყარსი აირჩია.

XI-XII საუკუნეების ისტორიკოსების, სტეფანოს ტარონეცისა და სამუელ ანეცის მიხედვით, შირაკავანს ჰქონდა ცენტრალური ციხესიმაგრე და სქელი თავდაცვითი ქალაქის კედლები.

სურფ ფრკიჩის (წმინდა მაცხოვრის) ტაძარი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. ის 897 წელს სმბატ I-მა ააგო და მოგვიანებით აქვე ეკურთხა კიდევაც მეფედ კათოლიკოს გევორგ II-ის მიერ.

მოგვიანებით ქალაქი ბიზანტიელებმა დაიპყრეს. 1064 წელს კი ქალაქ ანისთან ერთად გაანადგურა თურქ-სელჩუკების დიდმა არმიამ, რომელსაც სულთანი ალფ-არსლანი მეთაურობდა.[1]

XII საუკუნის ბოლოსთვის შირაკავანი მხარგრძელებმა აღადგინეს, თუმცა XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაკნინება დაიწყო და ჩვეულებრივ სოფლად იქცა.

1914 წელს, სომხების გენოციდამდე, შირაკავანი საკმაოდ მოზრდილი სომხური დასახლება იყო, რომლის მოსახლეობაც 1 220 კაცს შეადგენდა. 1920 წლის სომხეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, დასახლება მიატოვეს და სომხური მოსახლეობა აღმოსავლეთ სომხეთში გადავიდა, სადაც ახლადდაარსებულ სოფელ ერაზგავორსში დასახლდა. მოგვიანებით, 1921 წელს, ყარსის ტერიტორია, შირაკავანის ჩათვლით, ოფიციალურად გადაეცა თურქეთს ყარსის ხელშეკრულების მიხედვით.[2]

სურფ ფრკიჩის ეკლესია XX საუკუნის დასაწყისისათვის ნაწილობრივ დანგრეული იყო. იგი 1954 წელს თურქებმა თურქული არმიის რეგულარული წვრთნის დროს ააფეთქეს. აფეთქებას მხოლოდ ტაძრის დასავლეთი კედლები გადაურჩა. ძველი შირაკავანის სხვა ნაწილები მდინარე ახურიანზე კაშხლის აგების შემდეგ დაიტბორა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The historic capitals of Armenia, Shirakavan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-11. ციტირების თარიღი: 2015-10-01.
  2. Yerazgavors