რესპუბლიკის მოედანი (ერევანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რესპუბლიკის მოედანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა სომხეთის დროშა
ქალაქი ერევანი
არქიტექტურული სტილი ნეოკლასიციზმი

რესპუბლიკის მოედანი (სომხ. Հանրապետության հրապարակ ჰანრაპეტუ'ტიან ჰრაპარაკ) — დიდი საქალაქო მოედანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს ტიგრან მეცის ავენიუსა და აბოვიანის, ნალბანდიანის, ვაზგენ სარქისიანისა და ამირიანის ქუჩების კვეთაზე.

ისტორია და არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედნის მოცეკვავე შადრევნები
ერევნის რესპუბლიკის მოედნის მუსიკალური შადრევნები

მოედანი დააპროექტა არქიტექტორმა ალექსანდრე თამანიანმა 1924 წლის ერევნის მთავარი გეგმის ფარგლებში. მოედნის მშენებლობა 1926 წელს დაიწყო და მშენებლობის პირველი ეტაპი 1929 წელს დასრულდა.[1] 1952 წლამდე სამუშაოები გრძელდებოდა და საბოლოოდ, დასრულდა 1958 წელს.

მოედანს ლენინის მოედანი ეწოდებოდა (სომხ. Լենինի հրապարակ; რუს. Площадь Ленина). საბჭოთა ლიდერის, ვლადიმერ ლენინის ქანდაკება მოედნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 1940 წელს აღიმართა და 1990 წელს, სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, აიღეს. ამჟამად მის ადგილას დიდი სატელევიზიო ეკრანია.

ოვალური ფორმის მოედნის ცენტრში ქვის ნიმუშებია, რის გამოც იგი ზემოდან ტრადიციულ სომხურ ხალიჩას ჰგავს. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ეროვნული გალერეის წინ განთავსებულია მოცეკვავე შადრევნები. მოედნის ირგვლივ მდებარე შენობები აგებულია ვარდისფერი და თეთრი სომხური ტუფის ქვით. მთავრობის სახლის კოშკის საათი მოსკოვში დაამზადეს და 1941 წელს ერევანში ჩაიტანეს. საათის დიამეტრი 4 მეტრია, დიდი ისრის სიგრძეა 188 სმ, ხოლო პატარის — 170 სმ.

რესპუბლიკის მოედანი ის ადგილია, სადაც მრავალი ღონისძიება იმართება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამხედრო აღლუმი.

შენობები მოედნის ირგვლივ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი ხედი

მოედანი გარშემორტყმულია შვიდი მთავარი შენობით:

  • ეროვნული გალერეა და ისტორიის მუზეუმი (ჩრდილო-აღმოსავლეთით).
  • ფინანსთა სამინისტრო (აღმოსავლეთით).
  • მთავრობის სახლი (აღმოსავლეთით).
  • სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო (სამხრეთით).
  • სასტუმრო სომხეთი მარიოტი (დასავლეთით).
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო (ჩრდილო-დასავლეთით).
  • ტერიტორიული მოწყობის სამინისტრო (ჩრდილოეთით).

მოედანს ჩრდილო-დასავლეთიდან აკრავს შაუმიანის პარკი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედანი 2010 წელს

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]