შინაარსზე გადასვლა

სინგაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინგაპურის რესპუბლიკა
მალ. Republik Singapura
ჩინ.: 新加坡共和国
ტამილ. சிங்கப்பூர் குடியரசு

სინგაპური
სინგაპურის
დროშა გერბი
დევიზი: Majulah Singapora
პროგრესული სინგაპური
ჰიმნი: პროგრესული სინგაპური

სინგაპურის მდებარეობა
დედაქალაქისინგაპური (ქალაქი–სახელმწიფო)
1°17′ ჩ. გ. 103°51′ ა. გ. / 1.283° ჩ. გ. 103.850° ა. გ. / 1.283; 103.850
ოფიციალური ენა მალაიური, ჩინური, ტამილური, ინგლისური
მთავრობა უნიტარული დომინანტ-პარტიული საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჰალიმა იაკობი
 -  პრ.-მინისტრი ლი სიან ლუნი
ფართობი
 -  სულ 719,1[1] კმ2 (176-ე)
 -  წყალი (%) 1.444
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 5 610 000 (113-ე)
 -  2000 აღწერა 4 117 700 
 -  სიმჭიდროვე 7697 კაცი/კმ2 (მე-3)
მშპ (მუპ) 2014[2] შეფასებით
 -  სულ $452.686 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $82,762 (მე-3)
აგი (2014) 0.912[3] (მაღალი) (11-ე)
ვალუტა სინგაპურული დოლარი (SGD)
დროის სარტყელი UTC+08:00
ქვეყნის კოდი SGP
Internet TLD
სატელეფონო კოდი 65

სინგაპური ოფიციალურად სინგაპურის რესპუბლიკაგლობალური ქალაქი, სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში და მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო. მდებარეობს ეკვატორიდან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით, კონტინენტური აზიის და მალაკის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში. სინგაპურის ტერიტორია შედგება ერთი მთავარი და 62 მცირე კუნძულისგან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მიწის აქტიური მელიორაციის წყალობით მოახერხეს საკუთარი ტერიტორიის 23 %-ით (130 კვადრატული კილომეტრით) გაზრდა. მწვანე კონცეფციის წყალობით, ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტროპიკული ფლორის ბევრი პარკი და ბაღი.

1819 წელს სტემფორდ რაფლზმა დააარსა კოლონილური სინგაპური, როგორც ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სავაჭრო პორტი. ბრიტანეთის ინდოეთის დაარსების შემდეგ, კუნძულები გადაეცა გაერთიანებული სამეფოს და 1826 წელს გახდა სტრეიტს სეტლმენტსის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ მოახდინა სინგაპურის ოკუპაცია. მალაიზიასთან ფედერაციის შესაქმნელად სინგაპურმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1963 წელს მიიღო, თუმცა კავშირი ორ წელიწადში იდეოლოგიური განსხვავებების გამო შეწყდა. ქვეყანას თავიდან რამდენიმე წელი ბუნებრივი რესურსებისა და ტერიტორიის უკმარისობის გამო ჰქონდა პრობლემები, თუმცა შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობისა და ადამიანური რესურსების წყალობით, როგორც აზიური ვეფხვის ეკონომიკური მოდელი სწრაფად განვითარდა.

სინგაპური წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო, ფინანსურ და სატრანსპორტო კვანძს.: 2016 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სინგაპური წარმოადგენს ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე ადვილ ქვეყანას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით სინგაპურელები ტექნოლოგიური მზაობის ინდექსის მოწინავე ერია, საერთაშორისო ასოციაციების კავშირის თანახმად სინგაპური შეხვედრებისთვის საუკეთესო ქალაქია, ის გლობალური კონკურენციის ინდექსის მეორე ქვეყანაა, მსოფლიოში უცხოური ვალუტით ვაჭრობის სიდიდით მესამე ცენტრია, ასევე მესამე უდიდესი ფინანსური ცენტრია და ნავთობის გადამუშავების მოცულობითაც მსოფლიოში მესამეა, 1990-იანი წლებიდან კონტეინერული გადაზიდვების პორტების უდიდეს ორეულში შედის. სინგაპურის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს წარმოადგენენ: „Singapore Airlines“ და „ჩანგის აეროპორტი“.

სინგაპური აწარმოებს წარმატებულ სოციალურ პოლიტიკას. ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ის აზიაში პირველია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მეთერთმეტე. მოსახლეობის 90 % ფლობს საკუთარ სახლს. მაღალია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ინდექსიც. სინგაპურში სახლობს 5,5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 38% არის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო დანარჩენი უცხოელები. სინგაპურის მოსახლეობა ძირითადად მრავალენოვანია, საუბრობენ მშობლიურ ენასა და ინგლისურზე, როგორც მათ საერთო ენაზე. სინგაპურის კულტურული მრავალფეროვნება წარმოჩინდება მის სამზარეულოსა და ღონისძიებებზე.

სინგაპურის ეფექტიანი სამოქალაქო სამსახურები და მთავრობაში დაბალი კორუფციის დონე მსოფლიოში ცნობილია, როგორც „სინგაპურული მოდელი“. გელაპის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობა მოსახლეობის 84 %-იანი ნდობით, ხოლო სასამართლო სისტემა 85 %-იანი ნდობით სარგებლობს. მიუხედავად მცირე ზომისა, სინგაპურს საერთაშორისო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რის გამოც მას ზოგიერთი ანალიტიკოსი საშუალო ძალის ქვეყნებში ათავსებს. Forbes-ის მიხედვით ის არის აზიაში პირველი და მსოფლიოს მასშტაბით მეთხე ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო.

სინგაპური წარმოადგენს უნიტარულ მრავალპარტიულ საპარლამენტო რესპუბლიკას. სინგაპურის პარლამენტი წარმოადგენს ერთპალატიან ვესტმინსტერის სისტემას, თუმცა Freedom House“ მას ახასიათებს, როგორც „ნაწილობრივად თავისუფალს“. სახალხო მოქმედების პარტია 1959 წლიდან იგებს არჩევნებს. ის არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ხუთი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის სამდივნოს მასპინძელი. ასევე: აღმოსავლეთი აზიის სამიტის, მიუმხრობლობის მოძრაობისა და ერთა თანამეგობრობის წევრი.

ქვეყნის სახელი წარმოადგენს მალაიური სიტყვის „სინგაპურას“ ანგლიკანიზებულ ვარიანტს. მალაიურში თავის მხრივ შემოსულია სანსკრიტიდან (सिंहपुर, სანსკრიტის ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ანბანი: სიმფაპურა; სიმფა არის „ლომი“, პურა არის „დასახლება“ ან „ქალაქი“). სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ქალაქს-სახელმწიფოს ასევე ლომის ქალაქს ეძახიან. ქვეყნის მთავარ კუნძულს III საუკუნედან ეწოდება პალაუ უჯონგი (სიტყვასიტყვით: კუნძული ბოლოში).[4][5]

ბრიტანელი სამხედრო ტყვეები, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ. 1945.

მალაიური ანალების მიხედვით, 1299 წელს კუნძულზე შეიქმნა სინგაპურას სამეფო. სამეფომ გადაიტანა ორი დიდი თავდასხმა, თუმცა 1398 წელს ის საბოლოოდ მაჯაპაჰიტმა გაანადგურა.[6][7][8] 1613 წელს პორტუგალმა მარადიორებმა გადაწვეს აქ არსებული დასახლება, რომელიც იმ დროისთვის ჯოჰორის სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა.[9] შემდგომ პერიოდში მთლიანად რეგიონი მოქცეული იყო ნიდერლანდების გავლენის ქვეშ.

1819 წელს სტემფორდ რაფლზმა ჯოჰორის მმართველთან ჰუსეინ შაჰთან მოაწერა ხელი შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია კუნძულს განავითარებდა, როგორც ბრიტანულ სავაჭრო პოსტს. 1824 წელს მთლიანი კუნძული გადავიდა ბრიტანეთის მფლობელობაში.[10] 1826 წელს სინგაპური გახდა ბრიტანეთის ინდოეთის პროვიციების იურისდიქციაში, როგორც სტეიტს სეტლმენტსის ნაწილი. 1836 გახდა რეგიონალური დედაქალაქი.[11] სტემფორდის ჩამოსვლისას კუნძულზე მხოლოდ რამდენიმე ათასი ადგილობრივი მალაი და ჩინელი ცხოვრობდა.[12] 1860 წლისთვის მოსახლეობა გაიზარდა 80 000-მდე, რომლის ნახევარიც ჩინელი იყო. ემიგრანტების უმეტესობა ჩამოდიოდა რეზინის პლანტაციებზე სამუშაოდ. 1870-იანებში კუნძული რეზინის ექსპორტის გლობალური ცენტრი გახდა.[10]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბრიტანელებმა საზღვაო თავდაცვით ფარგლებში ააგეს დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზა. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის საიმპერატორო არმიამ ბრიტანული მალაიას ოკუპაცია მოახდინა, რისი კულმინაციაც სინგაპურის ბრძოლა იყო. 1942 წლის 15 თებერვალს 60 000 ბრიტანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა, ამას უინსტონ ჩერჩილმა „საშინელი უბედურება და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი კაპიტულაცია“ უწოდა.[13] სინგაპურის დაპყრობის შემდეგ იაპონელებმა იქ დაახლოებით 5-25 ათასამდე ეთნიკური ჩინელი მოკლეს.[14] 1944 წლის ნოემბრიდან 1945 მაისამდე მოკავშირეები სინგაპურს ინტენსიურად ბომბავდნენ. ბრიტანელები სინგაპურში 1945 წლის სექტემბერში, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ დაბრუნდნენ.[15]

1950-იან წლებში ჩინელი კომუნისტების მიერ მთავრობის წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყება მალაის ომში გადაიზარდა. 1955 წელს, სინგაპურის პირველი საყოველთაო არჩევნები მოიგო დამოუკიდებლობის მომხრე მშრომელთა ფრონტის კანდიდატმა - დევიდ მარშალმა. ის ლონდონს სრული თვითმართველობის მოთხოვნით ეწვია, თუმცა უარი მიიღო. მარშალი გადადგა და მისი პოსტი დაიკავა ლიმ იევ ჰოკმა, რომელმაც ბრიტანეთისგან შიდა საქმებში თვითმმართველობის უფლება მიიღო (გარდა სამხედრო და საერთაშორისო ურთიერთობებისა).[16]

1959 არჩევნებში სახალხო მოქმედების პარტიამ გაიმარჯვა. სინგაური გახდა თანამეგობრობის თვიმმართველობის მქონე ქვეყანა. პირველი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს ლი კუან იუ,[17] გუბერნატორად კი ალმონდ ვილიამსი, ის 1965 წელს შეცვალა იუსუფ ბინ ისჰაკმა, რომელიც სინგაპურის პირველი პრეზიდენტი გახდა.[18]

1962 წლის წლის რეფერენდუმის შედეგად 1963 წლის 16 სექტემბერს სინგაპური შეუერთდა მალაიას ფედერაციას, სარავაკის სამეფო კოლონიასა და ჩრდილოეთ ბორნეოს სამეფო კოლონიას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მალაიზია. მალევე დაიწყო განხეთქილება მალაიზიის ცენტრალურ ხელისუფლებასა და სინგაპურის მმართველობას შორის, რომელიც 1964 წლის არეულობებში გადაიზარდა. ორ მთავრობას შორის იდეილოგიური განსხვავებების გამო, 1965 წლის 9 აგვისტოს მალაიზიის პარლამენტმა 129 ხმით 0-ის წინააღმდეგ სინგაპურის ფედერაციიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.[19][20][21]

სინგაპური 63 კუნძულისგან შედგება.[22] ყველაზე მაღალი წერტილია ბუკიტ ტიმაჰის ბორცვი , რომლის სიმაღლე 163,63 მეტრია.[23] ბრიტანეთის მმართველობის დროს, შობის კუნძული და ქოქოსის კუნძულები სინგაპურის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ 1957 წელს ისინი ავსტრალიის შემადგენლობაში გადავიდა.[24][25][26]

მიწის აღდგენის პროექტებმა გაზარდა სინგაპურის მიწის ფართობი 580 კმ2-დან 710 კმ2-მდე, 1960-2015 წლებში, რაც დაახლოებით 22%-ით ზრდას ნიშნავს (ან 130 კმ2-ით).[27] ზოგიერთი პროექტი გულისხმობს მცირე კუნძულების გაერთიანებას მიწის აღდგენის გზით, რათა შექმნან უფრო დიდი, უფრო მრავალფუნქციური კუნძული.[28] გამოყენებული ქვიშა უფრო ხშირად მდინარეებიდან და პლაჟებიდან მოაქვთ, ვიდრე უდაბნოებიდან, ხოლო მასზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. 2010 წელს სინგაპურმა შემოიტანა თითქმის 15 მილიონი ტონა ქვიშა თავისი პროექტებისთვის.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღი.

სინგაპურის ურბანიზაცის გამო, მან დაკარგა თავისი ტყეების 95%[29] და ახლა სინგაპურში ბუნებრივად წარმოქმნილი ფაუნისა და ფლორის ნახევარზე მეტი ბუნებრივ რეზერვად არის მიჩნეული, მაგალითად, „ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალი“ და „Suniti Buloh Wetland Reserve“, რომელიც სინგაპურის მიწის ნაკვეთის მხოლოდ 0,25%-ს შეადგენს.[29] 1967 წელს, ბუნებრივი სივრცის შემცირების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ შეიმუშავა გეგმა სინგაპურის „ბაღის ქალაქად“ გადაქცევის შესახებ,[30] რომლის მიზანი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.[31] მას შემდეგ სინგაპურის მიწის თითქმის 10% გამოიყო პარკებისა და ნაკრძალისთვის.[32]

სინგაპურში არის ტროპიკული წვიმის ტყის კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით), სადაც არ არის განსხვავებული სეზონები და ყოველთვის ერთიანი ტემპერატურა და წნევაა, მაღალი ტენიანობითა და უხვი ნალექით.[33][34] ტემპერატურა ჩვეულებრივ მერყეობს 23-დან 32 °C- მდე. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა დიდად არ განსხვავდება მთელი წლის განმავლობაში, ითვლება, რომ ოდნავ ცივი პერიოდი არის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით.[35]

სინგაპური მიეკუთვნება GMT +8 დროის ზონას.[36] ეს იწვევს დაგვიანებულ მზის ამოსვლასა და ჩასვლას. გვიან თებერვლის პერიოდში მზე ამოდის დილის 7:15 საათზე და ჩადის საღამოს 7:20 საათზე. ივლისის განმავლობაში, მზე ჩადის საშუალოდ საღამოს 7:15 საათზე. ყველაზე მეტად ეს შეინიშნება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში, როდესაც მზე ამოდის 6:46 საათზე და ჩადის 6:50 საათზე.[37]

სინგაპური აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილება და ზღვის დონის მატება დიდ გავლენას ახდენს მის დაბალ სანაპირო ზოლზე. სავარაუდოდ, ამ ქვეყანას 100 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწევს მომდევნო საუკუნის განმავლობაში, რათა გადაიჭრას მსგავსი პრობლემები. 2020 წლის მდგომარეობით, მთავრობამ ბიუჯეტიდან საწყისი ეტაპისთვის 5 მილიარდი დოლარი გამოყო, ვინაიდან დაიცვან სანაპირო ზოლი და და მიმდებარე ტერიტორიები წყალდიდობებისგან.[38][39] სინგაპური პირველი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, რომელიც ნახშირორჟანგის გამომყოფ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ 25 000 ტონაზე მეტ ნახშიროჟანგს წელიწადში, გადასახადებს უწესებს, კერძოდ, 5 დოლარს თითო ტონაზე.[40]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Statistics Singapore – Latest Data – Population & Land Area (Mid-Year Estimates). Statistics Singapore (June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 September 2014.
  2. Singapore. საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ციტირების თარიღი: 6 July 2015.
  3. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). ციტირების თარიღი: 14 December 2015.
  4. Sang Nila Utama. Singapore Infopedia. National Library Board (26 November 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 3 May 2011.
  5. Xu Yunqiao History of South East Asia 1961 Singapore World Publishing Co. 许云樵 《南洋史》 星洲世界书局 1961年
  6. Sabrizain
  7. Tsang და Perera 2011, p. 120
  8. Abshire 2011, p. 19&24
  9. Country Studies: Singapore: History. U. S. Library of Congress. ციტირების თარიღი: 1 May 2007.
  10. 10.0 10.1 Founding of Modern Singapore. Ministry of Information, Communications and the Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 13 April 2011.
  11. East & South-East Asia Titles: Straits Settlements Annual Reports (Singapore, Penang, Malacca, Labuan) 1855–1941. Cambridge University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 31 July 2012.
  12. The Malays. National Heritage Board 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 February 2011. ციტირების თარიღი: 28 July 2011.
  13. „On This Day – 15 February 1942: Singapore forced to surrender“. BBC News. 15 February 1942. ციტირების თარიღი: 1 May 2007.
  14. Leitch Lepoer, Barbara. (1989)Singapore, Shonan: Light of the South. Library of Congress Country Studies. Government Printing Office. ციტირების თარიღი: 29 January 2011.
  15. Country studies: Singapore: World War II. U. S. Library of Congress. ციტირების თარიღი: 23 September 2016.
  16. Country studies: Singapore: Road to Independence. U. S. Library of Congress. ციტირების თარიღი: 2 July 2011.
  17. „Headliners; Retiring, Semi“. The New York Times. 2 December 1990. ციტირების თარიღი: 27 December 2008.
  18. The Singapore Legal System. Singapore Academy of Law. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 June 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2011.
  19. Leitch Lepoer, Barbara. (1989)Singapore as Part of Malaysia. Library of Congress Country Studies. Government Printing Office. ციტირების თარიღი: 29 January 2011.
  20. A Summary of Malaysia-Singapore History. europe-solidaire. ციტირების თარიღი: 29 January 2012.
  21. Road to Independence. US GOV. ციტირების თარიღი: 29 January 2012.
  22. Savage, Victor R.; Yeoh, Brenda S.A. (2004) Toponymics: A Study of Singapore's Street Names. Singapore: Eastern Universities Press. ISBN 978-981-210-364-2. 
  23. Bukit Timah Hill. National Heritage Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  24. Commonwealth and Colonial Law by Kenneth Roberts-Wray, London, Stevens, 1966. Pgs. 133-134
  25. Department of External Affairs in Australia. (16 May 1957): Report from the Australian High Commission in Singapore to the Department of External Affairs in Australia. Singapore: National Archives of Singapore. (Microfilm: NAB 447)
  26. „All set for transfer“. The Straits Times. Singapore. 16 May 1958. p. 2.
  27. „Such quantities of sand“. The Economist. London. 28 February 2015.
  28. Earthshots: Satellite Images of Environmental Change: Singapore. Earthshots. ციტირების თარიღი: 14 April 2015
  29. 29.0 29.1 Brook, Barry W.; Sodhi, Navjot S.; Ng, Peter K.L. (24 July 2003). „Catastrophic extinctions follow deforestation in Singapore“. Nature. 424 (6947): 420–426. Bibcode:2003Natur.424..420B. doi:10.1038/nature01795. ISSN 0028-0836. PMID 12879068.
  30. "Garden City" vision is introduced. History SG. ციტირების თარიღი: 16 November 2016
  31. Singapore, A City in a Garden. National Parks Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  32. Speech by MOS Desmond Lee at the Asia for Animals Conference Gala Dinner. National Development Ministry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 17 January 2014
  33. Climate of Singapore |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 28 May 2020
  34. McKnight, Tom L. (Tom Lee); Hess, Darrel (2000). Physical geography : a landscape appreciation, Internet Archive, Upper Saddle River, N.J. : Prentice Hall. ციტირების თარიღი: 28 May 2020. 
  35. Singapore National Environment Agency Weather Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  36. Mok Ly Yng. (22 September 2010) Why is Singapore in the 'Wrong' Time Zone?. National University of Singapore. ციტირების თარიღი: 5 May 2020
  37. Astronomical and Tidal Information | Monthly Data |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 31 May 2020
  38. Singapore Budget 2020: New coastal and flood protection fund to protect. ციტირების თარიღი: 20 February 2020.
  39. Overland, Indra et al. (2017) Impact of Climate Change on ASEAN International Affairs: Risk and Opportunity Multiplier, Norwegian Institute of International Affairs (NUPI) and Myanmar Institute of International and Strategic Studies (MISIS).
  40. „Singapore Budget 2018: Carbon tax of $5 per tonne of greenhouse gas emissions to be levied“. Straits Times (ინგლისური). 19 February 2018.