შინაარსზე გადასვლა

კაირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კაირო
القاهرة

კაირო ღამით
დროშა

ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
კოორდინატები 30°05′00″ ჩ. გ. 31°14′00″ ა. გ. / 30.08333° ჩ. გ. 31.23333° ა. გ. / 30.08333; 31.23333
მმართველი Abd El Azim Wazir[1]
დაარსდა 6 ივლისი, 969
პირველი ხსენება 969
ფართობი 214 კმ²
ცენტრის სიმაღლე 23 მეტრი
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 7 734 614 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 36 143 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 11511–11668
კაირო — ეგვიპტე
კაირო
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 89
ინგლ.რუს.ფრ.

კაირო (არაბ. القاهرة; al-Qāhirah) — ეგვიპტის დედაქალაქი; 15.2 მილიონიანი მოსახლეობით (აგლომერაცია) უდიდესი ქალაქია აფრიკაში; მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეტროპოლია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ოფიციალური სახელია „ალ-ქაჰირა“, ადგილობრივი მცხოვრებლები მას როგორც წესი ქვეყნის სახელით „მაშრ“ (არაბ. مصر) მოიხსენიებენ ადგილობრივ დიალექტზე. სახელი „ალ-ფაჰირა“ ითარგმნება, როგორც „გამარჯვებული“. სახელის წარმოშობად ქალაქის დაფუძნების დროს პლანეტა მარსის მდგომარეობას მიიჩნევენ. მარსი დესტრუქციასთან იგივდება და არაბულად მას „ალ-ნაჯმ-ალ-ქაჰირ“ ეწოდება, ლეგენდის მიხედვით სწორედ აქედან უნდა იყოს ქალაქის სახელიც. თუმცა ისტორიულად ქალაქის სახელი მისი ტიტულიდან „ქაჰირატ-ალ-ადაა“ (მტერთა დამთრგუნველი) უნდა წარმოშობილიყო. ეს ტიტული ქალაქს მიეცა მისი ძლევამოსილი სტატუსის გამო, ვინაიდან უცხოელთა ჯარების მიერ ქალაქის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა (მაგ. მონღოლთა, ჯვაროსნებისა და ოსმალთა შემოსევები).

ეგვიპტელები კაიროს ხშირად აღნიშნავენ როგორც მასრ (IPA: [mɑsˤɾ]; ეგვიპტ. مَصر‎), იგივე სახელს გამოიყენებენ ეგვიპტისთვის, რაც ქალაქის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.[1] ქალაქის ოფიციალური სახელწოდება ალ ქაჰირაჰ (არაბ. القاهرة‎) ის „დამპყრობელს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება სავარაუდოდ მარსიდან მომდინარეობს, რომელსაც ადგილობრივები ალ ნაჯმ ალ ქაჰირს (არაბ. النجم القاهر‎, „დამპყრობელი ვარსკვლავი“) უწოდებენ. სწორედ ის ჩანდა ცაზე, როდესაც ქალაქი დაარსდა. ქალაქის უძველესი ჰელიოპოლისის ადგილმდებარეობაა აინ შამსის გარეუბანია (არაბ. عين شمس, „მზეს თვალი“).

ქალაქის რამდენიმე კოპტური სახელწოდებაც არსებობს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია (დი) ქაშრომი (კოპტ. (ϯ)ⲕⲁϣⲣⲱⲙⲓ).

ზოგჯერ ქალაქს არაფორმალურად მოიხსენიებენ, როგორც კაიიროს, განსაკუთრებით კი ალექსანდრიელი მოსახლეობა.

ადრეული დასახლებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია, რომელიც დღეს კაიროს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მემფისი ეგვიპტის ძველი დედაქალაქი იყო. ქალაქი დიდი ხანი იყო ძველი ეგვიპტის საყრდენი პუნქტი, მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო. ის ნილოსის დელტაზე მდებარეობდა. თანამედროვე ქალაქის საწყისები ძირითადად მიენიჭა I ათასწლეულში დასახლებული პუნქტების სერიას.[2] რომაელებმა შექმნეს ციხე ქალაქი ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს ციხესიმაგრე, რომელიც ბაბილონის სახელით არის ცნობილი, რომაული და შემდეგ ბიზანტიური ქალაქების ბირთვია და დღეს ყველაზე ძველი ნაგებობაა ქალაქში. იგი ასევე მდებარეობს კოპტური მართლმადიდებლური საზოგადოების ბირთვზე, რომელიც რომაულ და ბიზანტიურ ეკლესიებს IV საუკუნის ბოლოს გამოეყო. კაიროს უძველესი კოპტური ეკლესია, მათ შორის ქალწული მარიამის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია, ციხის კედლების გასწვრივ მდებარეობს ქალაქის მონაკვეთში, რომელიც ცნობილია როგორც კოპტური კაირო.

640 წელს მუსლიმთა დაპყრობის შემდეგ, დამპყრობელმა ამრ იბნ ასმა ბაბილონის ჩრდილოეთით დასახლდა იმ მხარეში, რომელიც დღეს ცნობილი გახდა როგორც ალ-ფუსტა. სახელწოდება სიტყვასიტყვით კარვების ქალაქს ნიშნავს. ფუსტატი ეგვიპტის პირველი მუსლიმანური დედაქალაქი გახდა.

ფუსტატი

750 წელს, ქალაქი ომაიანთა სახალიფოს შემადგენლობაში გადავიდა. აბასიანთა სახალიფოს მიერ ომაიანთა დამხობის შემდეგ ახალმა მმართველებმა თავიანთი საკუთარი დასახლება შექმნეს ფუსტატის ჩრდილო- აღმოსავლეთით, რომელიც შემდგონში მათი დედაქალაქი გახდა. ტერიტორია ცნობილი იყო, როგროც ალ ასკარ.

869 წელს აჰმედ იბნ ტულუნის აჯანყებამ გამოიწვია ალ-ასკარის მიტოვება და კიდევ ერთი დასახლების მშენებლობა, რომელიც მთავრობის ადგილად იქცა. ეს იყო ალ-ქატაი'ი („კვარტლები“), რომელიც ფუსატის ჩრდილოეთით, მდინარის სანაპიროზე მდებარეობდა. ალ-ქატაი'ი სასახლისა და მეჩეთის გარშემო იყო გაშენებული.

დაარსება და გაფართოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

969 წელს ფატიმიდებმა დაიპყრეს ეგვიპტე და ფუსტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით ახალი გამაგრებული ქალაქი ააგეს. ქალაქის აშენებას ოთხი წელი დასჭირდა, თავდაპირველად იგი ცნობილი იყო ალ-მანსურიაჰის სახელით.[2] ეს ქალაქი შემდგომში ხალიფატის ახალი დედაქალაქი უნდა ყოფილიყო. ამ დროის განმავლობაში, ხალიფის დაკვეთით ალ-აჟარის მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. ეს მეჩეთი და მასთან მდებარე საგანმანათლებლო კერა მსოფლიოს მესამე უძველეს უნივერსიტეტს წარმოადგენს. კაირო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდა, სადაც ათასობით წიგნი იყო დაცული.[3] როდესაც ხალიფ ალ-მუზი ლი დინ ალაჰი 973 წელს ჩამოვიდა ტუნისიდან, სახალიფოს ძველ დედაქალაქ მაჰედიადან, მან ქალაქს დღევანდელი სახელი,ქაჰირათ ალ მუ'იზზ დაარქვა.[4]

კაირო XIX საუკუნეში

კაიროს დაარსებიდან თითქმის 200 წლის განმავლობაში, ეგვიპტის ადმინისტრაციული ცენტრი დარჩა ფუსტატში. ამასთან, 1168 წელს ფატიმიდის ვეზირი შავარმა ცეცხლი ფუსტატს წაუკიდა, რათა თავი დაეცვა იერუსალიმის ჯვაროსნულ მეფის ამალრიკისაგან, რომელიც მის დაჭერას აპირებდა.[5] ეგვიპტის დედაქალაქი სამუდამოდ გადავიდა კაიროში, რომელიც საბოლოოდ გაფართოვდა. ქალაქმა მოიცვა ფუსტატისა და ყოფილი დედაქალაქების ალ-ასკარის და ალ-ქატაისის ნანგრევები. ქალაქის ეს ნაწილები დღეს ცნობილია, როგორც „ძველი კაირო'“.

1169 წელს ეგვიპტის პირველმა სულთანმა, სალადინმა ჩამოაყალიბა ეიუბიდების დინასტია, რომელიც კაიროში დაფუძნდა. მისი მმართველობის დროს სალადინმა ააგო კაიროს ციტადელი, რომელიც ეგვიპტის მთავრობის სახლს წარმოადგენდა XIX საუკუნის შუა პერიოდამდე.

1250 წელს ტყვე ჯარისკაცებმა, იგივე მამლუქებმა, მოიპოვეს კონტროლი ეგვიპტეში და ისევე როგორც მათმა ბევრმა წინამორბედებმა, კაირო თავიანთი ახალი დინასტიის დედაქალაქად გამოაცხადეს. მამლუქებმა ქალაქში ახალი შენობების მშენებლობა დაიწყეს. ამავდროულად, კაირო აყვავდა, როგორც ისლამური დაფინანსების ცენტრი და როგორც სანელებლების ვაჭრობის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი. 1340 წლისთვის კაიროში მოსახლეობა თითქმის ნახევარი მილიონი იყო, რის გამოც ის ჩინეთის დასავლეთით ყველაზე დიდი ქალაქი გახდა.

ისტორიული მოგზაური,[6] იბნ ბატუტა, რომელიც მოგზაურობის დროს ათასობით მილს გადიოდა ქაიროში შეჩერდა. მან თავის ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ქაირო ეგვიპტის მთავარ და ყველაზე გავლენიან ქალაქს წარმოადგენდა. იბნ ბატუტა ასევე აცნობიერებს მდინარე ნილოსის მნიშვნელობას ეგვიპტისათვის, მათ შორის კაიროსათვის, ბატუტა ხშირად მოგზაურობდა გემით, რომლის დახმარებითაც კაიროში ჩადიოდა და იქიდან უკან გამოემგზავრებოდა. ნილოსი არ იყო მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, არამედ მისი დახმარებით მზადდებოდა უამრავი ხალიჩა. ნილოსის ყველაზე დიდი მნიშვნელობა მის გარშემო შექმნილი მიწის ნაკვეთებია. ნილოსი ასევე იყო კვების წყარო და სავაჭრო გზა. ამის გარეშე, ეგვიპტე, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით, არ იარსებებდა. ბატუტამ აღწერა ქალაქში მიმდინარე ეპიდემიაც. დღესდღეობით ეს ეპიდემია ცნობილია როგორც შავი ჭირი. ბატუტა აღნიშნავს, რომ შავი ჭირი კაიროში დღეში 1-დან 20,000 ადამიანის სიკვდილს იწვევდა. ჭირი წარმოიშვა აზიაში და რწყილების საშუალებით გავრცელდა მღრღნელებზე, მაგალითად, ვირთხებზე.

ტერიტორია შემდგომში ოსმალებს ეჭირათ.

კაიროს ხედი

1848 წელს გარდაცვალებამდე მუჰამედ ალი ფაშამ დააწესა არაერთი სოციალური და ეკონომიკური რეფორმა, რამაც მას თანამედროვე ეგვიპტის დამაარსებლის ტიტული მიანიჭა.[7] მუჰამედ ალიმ წამოიწყო ქალაქში საზოგადოებრივი შენობების მშენებლობა, ამ რეფორმებმა მინიმალური გავლენა მოახდინა კაიროს ლანდშაფტზე. უფრო დიდი ცვლილებები შეიტანეს კაიროში ისმაილ ფაშას მმართველობის დროს, რომელმაც განაგრძო ბაბუის მიერ წამოწყებული მოდერნიზაციის პროცესები. ისმაილი ასევე ცდილობდა ქალაქის მოდერნიზაციას, რომელიც შერწყმული იყო მეზობელ დასახლებებთან, საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროების დაარსებით, ქალაქში გაზისა და განათების გაყვანითა და თეატრისა და ოპერის დარბაზების გახსნით.

ისმაილის პროექტების შედეგად გამოწვეულმა უზარმაზარმა ვალმა ევროპული კონტროლის გაზრდა გამოიწვია, რაც 1882 წელს ბრიტანეთის შემოსევებით დასრულდა. ქალაქის ეკონომიკური ცენტრი სწრაფად გადავიდა დასავლეთით ნილოსისკენ, ისტორიული ისლამური კაიროს მონაკვეთიდან და ისმაილის მიერ აშენებული თანამედროვე, ევროპული ნაწილისაკენ. ევროპელები კაიროს მოსახლეობის 5%-ს შეადგენდნენ XIX საუკუნის ბოლოს, რომელთა უმეტესობაც სამთავრობო თანამდებობებზე იყვნენ განლაგებულები.[8]

კაირო ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორც ქვემო ეგვიპტე. ქალაქი ხმელთაშუა ზღვიდან 165 კილომეტრით სამხრეთით და სუეცის არხისა და სუეცის ყურისაგან 85 კილომეტრით დასავლეთით. ქალაქი მდინარე ნილოსის გასწვრივ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კაიროს მეტროპოლიტენი ნილოსიდან ყველა მიმართულებით მდებარეობს, ქალაქი კაირო მდებარეობს მხოლოდ მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე და მის შიგნით მდებარე ორი კუნძულსაც მოიცავს. ქალაქის საერთო ფართობი 453 კვადრატული კილომეტრია.

კაიროს პანორამა

XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, როდესაც მდინარე კაშხალებით, ბერკეტებითა და სხვა კონტროლირებით იყო დაკომპლექტებული, კაიროს მიმდებარე ნილოსი ძლიერ მგრძნობიარე იყო და ხშირად დიდდებოდა და მიმართულებას იცვლიდა. მიწა, რომელზედაც შეიქმნა კაირო 969 წელს (დღევანდელი ისლამური კაირო) ფუსტატის დაარსებამდე 300 წლით ადრე წყალქვეშ მდებარეობდა.

ნილოსის მოძრაობის გამო, მდინარესთან ყველაზე ახლოს ქალაქის ახალი ნაწილები — გარდენ სიტი, ცენტრალური კაირო და ზამალეკი მდებარეობენ. ტერიტორიები, რომლებზეც კაიროს საელჩოების უმეტესი ნაწილია განლაგებული, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით გარშემორტყმულია ქალაქის ძველი ნაწილებით. ძველი კაირო, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სამხრეთით მდებარეობს, ფუსტატის და ეგვიპტის კოპტური ქრისტიანული საზოგადოების, კოპტური კაიროს, ნაშთებს ინახავს.

წლიური ამინდი — Cairo
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 31 (88) 33 (91) 38 (100) 45 (113) 47 (117) 47 (117) 43 (109) 43 (109) 42 (108) 43 (109) 38 (100) 31 (88) 47 (117)
საშუალო მაღალი °C (°F) 18 (64) 21 (70) 24 (75) 28 (82) 33 (91) 35 (95) 36 (97) 35 (95) 32 (90) 30 (86) 26 (79) 20 (68) 27 (81)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 8 (46) 9 (48) 11 (52) 14 (57) 17 (63) 20 (68) 21 (70) 22 (72) 20 (68) 18 (64) 14 (57) 10 (50) 15 (59)
რეკორდ. დაბალი °C (°F) 2 (36) 2 (36) 3 (37) 6 (43) 9 (48) 13 (55) 16 (61) 17 (63) 14 (57) 11 (52) 6 (43) 1 (34) 1 (34)
ნალექი მმ (დუიმი) 5 (0.2) 5 (0.2) 5 (0.2) 3 (0.1) 3 (0.1) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 0 (0) 3 (0.1) 5 (0.2) 29 (1,1)
წყარო: BBC Weather[9] September 26, 2009

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კაიროს მუზეუმის მთავარი შესასვლელი

ტაჰრირის მოედანი დაარსდა XIX საუკუნის შუა პერიოდში კაიროს თანამედროვე ცენტრის მიმდებარედ. მას პირველად ისმაილიას მოედანი დაერქვა, XIX საუკუნის მმართველის, ხედივ ისმაილის პატივსაცემად, რომელმაც „პარიზი ნილოსზე“ შექმნა დაისახა მიზნად. 1919 წლის ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ მოედანი ფართოდ გახდა ცნობილი, როგორც ტაჰრირის (განთავისუფლების) მოედანი. მოედნის გარშემო რამდენიმე საუცხოო ნაგებობაა, რომელთა შორისაა ამერიკის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსი, მუღმას სამთავრობო ადმინისტრაციული შენობა, არაბთა ლიგის შტაბი, სასტუმრო ნილ რიც კარლტონი და ეგვიპტის მუზეუმი. კაიროს შუაგულში მდებარე მოედანი წლების განმავლობაში არაერთ დიდ პროტესტს შეესწრო. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2011 წლის ეგვიპტური რევოლუციის კეროვანი პუნქტი ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ.

კაიროს კოშკი

ეგვიპტური სიძველეების მუზეუმი, რომელსაც ჩვეულებრივ ეგვიპტის მუზეუმს უწოდებენ, მსოფლიოში ეგვიპტური არტეფაქტების ყველაზე ძველი და ყველაზე ვრცელი კოლექციაა. მასში განთავსებულია 136,000 ელემენტი, სარდაფში კი რამდენიმე ასეული ათასია დაცული. მის ყველაზე ცნობილ კოლექციებს შორისაა ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილი ნივთები — 1030.

კაიროს კოშკი ცალკე მდგომ არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, რომლის თავზეც რესტორანია განთავსებული. ის დგას ზამალკის რაიონში, გეზირას კუნძულზე, ქალაქის ცენტრში. კოშკის სიმაღლე 187 მეტრია, შენობა 44 მეტრით უფრო მაღალია, ვიდრე გიზას დიდი პირამიდა, რომელიც 15 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

დღეს, კაირო ძალიან არის ურბანიზებული და კაიროელების უმეტესობა ბინების კორპუსებში ცხოვრობს. ქალაქში ხალხის შემოდინების გამო, მარტოხელა სახლები იშვიათად გვხვდება, ხოლო ბინის შენობები განლაგებულია შეზღუდული სივრცისა და სიმრავლისთვის. ცალკეული, კერძო სახლები სიმდიდრის სიმბოლოა. ეგვიპტე კვლავ ებრძვის სიღარიბეს, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 2 დოლარით ან ნაკლებით ცხოვრობს[10] ამ შემოსავლიდან, რომელიც ქვეყანას იღებს, უმეტესობა კაიროდან მოდის, რადგან იქ მწარმოებელ შტაბთა უმეტესი ნაწილი მდებარეობს.

ქალთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა კაიროში და ეგვიპტეში წლების განმავლობაში გრძელი ბრძოლაა. ქალების წინაშე დგას მუდმივი დისკრიმინაცია, შევიწროება და ძალადობა მთელ კაიროში. გაეროს 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეგვიპტელი ქალების 99%-ზე მეტი ამბობს, რომ ისინი განიცდიდნენ სექსუალური შევიწროების ფაქტს მათი ცხოვრების გარკვეულ მომენტში. პრობლემა კვლავ გაგრძელდა, მიუხედავად ახალი ეროვნული კანონებისა. 2017 წელს ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კაირო ქალებისთვის ყველაზე საშიში დასახლებაა.[11]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თუმცა ტერიტორიულად გიზაში მდებარეობს, პირამიდები კაიროს სიმბოლო გახდა
  1. https://www.reuters.com/article/us-egypt-governors/egypt-names-six-provincial-governors-mostly-ex-generals-idUSKCN11D285
  2. The new encyclopedia of Islam
  3. Meri, Josef W.; Bacharach, Jere L. (2006). Medieval Islamic Civilization: An Encyclopedia. New York: Taylor & Francis. ISBN 978-0-415-96692-4.
  4. https://archive.org/details/newencyclopediao0000glas
  5. Daly & Petry 1998, p. 213
  6. Ibn Battuta. The Travels of Ibn Battuta, p. 13, 225. Trans. Samuel Lee. Cosimo, 2009. Print.
  7. A military history of modern Egypt : from the Ottoman Conquest to the Ramadan War
  8. Abu-Lughod, Janet (July 1965). "Tale of Two Cities: The Origins of Modern Cairo". Comparative Studies in Society and History. 7 (4). ISSN 0010-4175. https://www.worldcat.org/title/comparative-studies-in-society-and-history-an-international-quarterly/oclc/896854111
  9. http://www.bbc.co.uk/weather/world/city_guides/results.shtml?tt=TT000180
  10. Mitchell Hartman. On Rich and Poor in Egypt. Marketplace, 2011. Electronic.
  11. Cairo 'most dangerous' megacity for women - survey.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: