ერევნის ბოტანიკური ბაღი
სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერევნის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სომხეთის მცენარეთა კოლექციებზე პასუხისმგებელ ორგანოს. მდებარეობს სომხეთის დედაქალაქ ერევნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ავანის რაიონში და მოიცავს ნახევარუდაბნო ტერიტორიის დაახლოებით 80 ჰექტარ ფართობს. კოლექცია მოიცავს 200-ზე მეტი სახეობის ენდემურ, იშვიათ და შემცირებად მცენარეს და უზრუნველყოფს სომხური ფლორისა და სახეობათა ურთიერთქმედების შესწავლის საფუძველს შედარებით ბუნებრივ გარემოში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერევნის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა 1935 წელს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სამი წლის შემდეგ გაიხსნა ბოტანიკური ინსტიტუტი. კოლექტიური სათბური 1939 წელს გაიხსნა 25 კვ. მეტრზე. 1944 წელს აშენდა ახალი სათბური, რომლის საერთო ფართობი 610 კვ. მეტრს შეადგენდა. იგი მოიცავდა ზამთრის ბაღს (106 კვ. მ.), სუკულენტურ მცენარეთა განყოფილებას, სუბტროპიკულ მცენარეთა განყოფილებას (126 კვ. მ.), ტროპიკულ მცენარეთა განყოფილებასა (126 კვ. მ.) და სახლის მცენარეთა სანაშენეს. 1950 წელს ბაღი ბოტანიკური ინსტიტუტის უდიდესი ნაწილი გახდა. 1954-1970 წლებში ბოტანიკური ინსტიტუტის დირექტორმა და ბოტანიკოსებმა ლ. ბ. მახათაძემ და ა. ო. მკრტჩიანმა თავი მოუყარეს კავკასიური ფლორის დიდ კოლექციას, ასე რომ, სომხეთის თითქმის ყველა მცენარე დაახლოებით 16 ჰექტარ ფართობზე იყო წარმოდგენილი. ამავე დროს შეიქმნა ვარდებისა და შროშნების დიდი ბაღები. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო კავკასიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, ციმბირისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონები.
ამჟამინდელი მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად სომხეთის ბოტანიკური ბაღები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაქრა პარკების ფინანსური რესურსებიც. 1988 წლის დიდი ენერგოკრიზისის დროს მრავალი ხე გასათბობად მოჭრეს. ბაღი კიდევ რამდენიმეჯერ დაზარალდა. დღესდღეობით, ბაღის სპეციალისტები დაზიანებათა აღმოფხვრასა და არსებული კოლექციის გაფართოებაზე ზრუნავენ. ენერგეტიკულმა კრიზისმა დააზიანა სათბურის კოლექციაც. ტროპიკული და სუბტროპიკული კოლექციები თითქმის მთლიანად განადგურდა. სრულად განადგურდა მინის ზედაპირი, სარწყავი და გათბობის სისტემები მწყობრიდან გამოვიდა, კედლები და თაროები ჩამოიქცა. სათბურმა მთლიანად შეწყვიტა ფუნქციონირება. მომდევნო წლებში სათბურმა ახალი დანაკარგები განიცადა, რაც გამოწვეული იყო მცენარეთათვის ოთახების გამუდმებული ცვლით ზამთარში, რის შედეგადაც დარჩენილი კოლექცია კიდევ უფრო შემცირდა. ამჟამად, ბოტანიკურ ბაღს არასაკმარისი ფინანსური მხარდაჭერის გამო სათანადოდ ფუნქციონირება არ შეუძლია. ბაღი ბოტანიკური ინსტიტუტის ნაწილს წარმოადგენს და ინსტიტუტის მწირი რესურსებით ფინანსდება, რაც შეუძლებელს ხდის მის სამეცნიერო და პროდუქტიულ მუშაობას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|