ლევონ არონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევონ არონიანი

ლევონ არონიანი (სომხ. Լևոն Գրիգորիի Արոնյան; დ. 6 ოქტომბერი, 1982, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი მოჭადრაკე, დიდოსტატი. არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, მათ შორის არის ერთპიროვნული გამარჯვებები ლინარესში (2006 წელი), ვეიკ-ან-ზეეში (2012 და 2014), სინკფილდის თასში (2015), სტავანგერში (2017). არონიანი არის ფიდეს მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი (2005 და 2017 წლებში), სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სომხეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში (2006, 2008, 2012) და მსოფლიოს ჩემპიონი ბლიცში (2010).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევონ არონიანი (დაბადებისას ლევ არონოვი[1]) დაიბადა 1982 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში, სომეხი ქალის, სედას და ებრაელი კაცის, გრიგორი არონოვის ოჯახში. ჭადრაკის თამაში ლევონმა ხუთი წლის ასაკში, თავისი უფროსი და ლილიტისგან ისწავლა.[2] მისი პირველი მწვრთნელი იყო ლიუდმილა ფინარევა ქალაქ ერევანის პიონერთა სასახლის საჭადრაკო წრიდან.[3]

1994 წელს არონიანი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ქალაქ სეგედში, უნგრეთში. ამ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის არონიანმა მიიღო ფიდეს ჭადრაკის ოსტატის წოდება. 1995 წელს არონიანმა გაიმარჯვა კიდევ ერთი ტურნირში, ამჯერად 14 წლამდე ჭაბუკთა შორის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. 1996 წელს მიიღო საერთაშორისო ოსტატის წოდება. 1997 წელს არონიანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა შორის და მოსკოვში ჩატაარებული „კასპაროვის თასი“, რომელიც ჭაბუკთა შორის ჭადრაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. 1999 წელს არონიანი გახდა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი და მიიღო უფლება მიეღო მონაწილეობა სომხეთის შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ჭადრაკში, რომელიც მაშინ ბათუმში ჩატარდა. სომხეთის ნაკრებმა ეს ტურნირი მოიგო და უკან მოიტოვა უნგრეთისა და გერმანიის გუნდები.[4] 2000 წლიდან ლევონ არონიანი დიდოსტატის წოდებას ატარებს. 2002 წელს მან კვლავ გაიმარჯვა 20 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩატარებულ ჩემპიონატში, ამჯერად ინდოეთში.

2001 წლიდან ლევონ არონიანი გერმანიაში ცხოვრობს.

2005 წელს არონიანმა ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასთან და ბორის ავრუხთან ერთად მოიგო ღია ტურნირი გიბრალტარსა და სტეპანაკერტეში. 2005 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდა, არონიანმა დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი დაიკავა.

2005 წლის დეკემბერში არონიანმა თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და მოიგო ფიდეს მსოფლიოს თასი ჭადრაკში, რომელიც ტარდებოდა ნოკაუტ-სისტემით რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ხანტი-მანსიისკში. ამ ტურნირის ფინალში არონიანმა დაამარცხა უკრაინელი კოლეგა, ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი ფიდეს ვერსიით რუსლან პონომარიოვი ანგარიშით 3:1 (0,5:0,5; 0,5:0,5; 1:0; 1:0). პირველი ოთხი პარტია დროის კლასიკური კონტროლით დამთავრდა ყაიმით, ხოლო დანარჩენი ორი, სწრაფი ჭადრაკის პარტია ლევონ არონიანმა მოიგო. ამ წარმატების შედეგად, არონიანმა მიიღო უფლება მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში. 2007 წლის გაზაფხულზე, პირველი შეხვედრა არონიანმა მაშინ ჯერ კიდევ ვუნდერკინდთან, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენთან ჩაატარა.

მსოფლიოს თასის მოგების შემდეგ, დაიწყო არონიანის მიწვევა ელიტურ საჭადრაკო ტურნირებში. XIX კატეგორიის პირველი ასეთუ ტურნირი არონიანის მონაწილეობით შედგა ნიდერლანდების პროვინცია ჩრდილოეთ ჰოლანდიაში, ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში. არონიანმა არც თუ ისე კარგი შედეგი აჩვენა, დააგროვა შესაძლებელი ქულების 50 პროცენტი და გაიყო 7-9 ადგილები. ტურნირში სულ 14 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

2006 წლის მარტში არონიანმა მოიგო XX კატეგორიის ტურნირი ლინარესში.

იმავე წლის ივნისში ვლადიმერ აკოპიანთან, კარენ ასრიანთან, სმბატ ლპუტიანთან, გაბრიელ სარკისიანთან და არტაშეს მინასიანთან ერთად გახდა 37-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი იტალიის ქალაქ ტურინში.[5]

გერმანიაში, დრეზდენში ჩატარებული 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის ლევონ არონიანი დააჯილდოეს „სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის“ პირველი ხარისხის მედლით.[6] თურქეთში (სტამბოლი) ჩატარებული 40-ე ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის პრეზიდენტის ბრძანებით ლევონ არონიანი დააჯილდოეს.[7]

2008 წლის 16 თებერვალს პირველად დაამარცხა პირად შეხვედრაში დროის კლასიკური კონტროლით მსოფლიოს იმდროინდელი ჩემპიონი ვიში ანანდი და გახდა მიხეილ ჩიგორინის სიმბოლური კლუბის წევრი.

2010 წლის ნოემბერში არონიანმა მოიგო მოსკოვში ჩატარებული მიხეილ ტალის მემორიალი, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაიმარჯვა კვლავ მოსკოვში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი ბლიცში-2010, ტურნირში გამარჯვება არონიანმა დროზე ადრე გაინაღდა.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]