ჟან ბატისტ ტავერნიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ბატისტ ტავერნიე
ტავერნიე აღმოსავლურ კაბაში. ნიკოლას დე ლარჟილის ტილო

ჟან ბატისტ ტავერნიე (ფრანგ. Jean-Baptiste Tavernier; დ. 1605, პარიზი — გ. 1689, მოსკოვი) — ფრანგი ვაჭარი, რომელსაც ინდოეთთან ბრილიანტით ვაჭრობაში ხელთ ეპყრა მთელი ევროპული ბაზარი. სავაჭრო საქმეების გამო, მან ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში. მოგზაურობისას გადაკვეთა 240 000-ზე მეტი კილომეტრი. გარდაიცვალა მოსკოვში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტავერნიე დაიბადა პარიზში ანტვერპენელი პროტესტანტი ვაჭრის ოჯახში. 16 წლის ასაკში ის უკვე მოგზაურობდა საფრანგეთის ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმეების გამო. თავდაპირველად, შევიდა რა უნგრეთის საიმპერიო სამსახურში, ახალგაზრდა ტავერნიე მონაწილეობდა თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შემდეგ ის ემსახურებოდა მანტუელ ჰერცოგებს გონძაგას სახლიდან.

1630 წელს ტავერნიემ გადაწყვიტა ენახააღმოსავლეთი, რისთვისაც სამ მისიონერთან ერთად გაცურა სტამბულისკენ. ის ერზურუმისა და ბაქოს გავლით ჩავიდა ისფაჰანში, საიდანაც ბაღდადისა და ალეპოს გამოვლით დაბრუნდა უკან პარიზში 1633 წელს. დაბრუნებისას, სავარაუდოდ, ტავერნიე შევიდა გასტონ ორლეანელის სამსახურში.

1638 წლის სექტემბერში ტავერნიე კვლავ გაემგზავრა აღმოსავლეთში. მიაღწია, რა სპარსეთს, ის წავიდა კიდევ უფრო შორს ინდოეთში, სადაც მან მოინახულა შაჰ-ჯაჰანის სასახლე აგრაში და თავისი ალმასებით ცნობილი ჰოლკონდის სასულთნო. ტავერნიემ ადგილობრივი თავადებისგან შეიძინა ბრილიანტები შემდგომში ევროპაში გაყიდვის და მოგების მიზნით. სწორედ მან ჩამოიტანა ევროპაში ცნობილი ფრანგული ცისფერი ბრილიანტი, რომელიც დღეს ცნობილია ჰოუპის ალმასის სახელით.

მოგვიანებით, მან კიდევ ოთხჯერ იმოგზაურა ინდოეთში ბრილიანტების შეძენის მიზნით 1651—1668 წლებში; ამთგან, ყველაზე ცნობილია მეორე მოგზაურობა, რომლის დროსაც, მან მიაღწია კუნძულ იავას ნაპირებს, ხოლო ევროპაში დაბრუნდა კეთილი იმედის კონცხის გარს შემოვლით. ამ პერიოდში მისი სავაჭრო პარტნიორები ემსახურებოდნენ ჰოლანდიელებს.

ტავერნიეს სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობა საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. ის წარუდგინეს ლუდოვიკო XIV-ს, ბარონის ტიტულის შეძენით მიანიჭეს კეთილშობილის სტატუსი. დაქორწინდა პარიზელი იუველირის ქალიშვილზე. ამის შემდეგ ტავერნიე ჩამოშორდა მოგზაურობას და დაიწყო მემუარების წერა. სხავდასხვა საკითხებთან ერთად, საკუთარი ძმის და სხვა მოგზაურების გადმოცემათა მიხედვით, მან აღწერა, აგრეთვე, იაპონია და ვიეტნამი.

სიცოცხლის დასასრულს, 83 წლის მოხუცი ვაჭარი, დღემდე ისტორიკოსთა შორის საკამათო მიზეზით, გაემგზავრა პარიზიდან კოპენჰაგენში, სავარაუდოდ, იქიდან სპარსეთში გასამგზავრებლად. ამ მოგზაურობისას, ის გარდაიცვალა მოსკოვში და იქვეა დაკრძალული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]