ვარშავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვარშავა
პოლ. Warszawa
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სავოევოდო მაზოვიეცი
შიდა დაყოფა შრუდმიეშციე, ბიალოლენკა, ბემოვო, ბელიანი, მოკოტუვი, პრაღა-პოლუდნე, ურსინოვი, ვოლია, ტარგუვეკი, ოხოტა, ვავრი, პრაღა-პულნოცი, ურსუსი, ჟოლიბოჟი, ვლოხი, ვილიანუვი, ვესოლა და რემბერტუვი
კოორდინატები 52°13′48″ ჩ. გ. 21°00′40″ ა. გ. / 52.23000° ჩ. გ. 21.01111° ა. გ. / 52.23000; 21.01111
მერი Rafał Trzaskowski
დაარსდა XIII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1334
ფართობი 517.24 კმ²
ცენტრის სიმაღლე 103 მეტრი
ოფიციალური ენა პოლონური ენა
მოსახლეობა 1 860 281 (31 მარტი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 22
საფოსტო ინდექსი 00-000
საავტომობილო კოდი WA, WB, WD, WE, WF, WH, WI, WJ, WK, WN, WT, WU, WW...A/C/E/X/Y, WW...F/G/H/J/W, WW...K/L/M/N/P/R/S/U/V, WX...Y, WX, WY
ოფიციალური საიტი https://www.um.warszawa.pl/
ვარშავა — პოლონეთი
ვარშავა

ვარშავა (პოლ. Warszawa, სრული სახელი Miasto Stołeczne Warszawa - დედაქალაქი ვარშავა) — პოლონეთის დედაქალაქი 1596 წლიდან დღემდე და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. ვარშავას პოვიატის სტატუსი აქვს და ამავდროულად მაზოვიეცის სავოევოდოს დედაქალაქია. მოსახლეობა შეადგენს დაახ. 1.716 855 ადამიანს, ურბანული აგლომერაციის ჩათვლით კი — 2,631,902 ადამიანს. ქალაქი ადმინისტრაციულად 18 რაიონად იყოფა.

ვარშავა მრავალი ინდუსტრიის (მათ შორის — ლითონნაკეთობათა, ელექტრონული ინჟინერინგის და ავტოსამშენებლო წარმოებები) ცენტრია. აქვეა 66 უმაღლესი განათლების ინსტიტუტი (მათ შორის — ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, და ვარშავის სამედიცინო აკადემია). ვარშავაში 30-ზე მეტი თეატრი მოქმედებს, მათ შორის — ეროვნული თეატრი, ოპერა და ფილარმონია.

1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა ვარშავის შენობების 80%, თუმცა ქალაქი აღდგა 50-იან წლებში. ქალაქის ისტორიული ცენტრი - ძველი ვარშავა - შესულია იუნესკოს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს ერთადერთ ხელახლა აშენებულ ობიექტს ამ სიაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარშავა მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ვისლას ნაპირებზე, მაზოვიის დაბლობზე. ქალაქი თანაბრადაა დაშორებული ბალტიის ზღვიდან და კარპატის მთებიდან (დაახ. 350 კმ). მდინარე ვისლა ქალაქის შუაში მიედნიება და ორ ნაწილად ჰყოფს მას.

ვარშავაში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8 °C, იანვარში – -3,5°C ხოლო ივლისში - 19,3°C. ზაფხული უმეტესად თბილი ან ცხელია, ზამთარი კი ცივი. კლიმატი მშრალია. ნალექების წლიური რაოდენობა არის 558 მმ. ზამთარში იცის თოვლი და ყინვა. იყინება მდინარე ვისლაც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარშავის პოლონური დასახელება Warszawa ნაწარმოებია ზედსართავი სახელისგან Warszewa ან Warszowa, რაც Warsz-ის კუთვნილს აღნიშნავს. „Warsz“ კი შუა საუკუნეებში პოპულარული სლავური სახელის, Warcisław-ის (იგივე Wrocisław-ის) შემოკლება უნდა იყოს.[2]

ხალხური ლეგენდა დედაქალაქის სახელის წარმოშობას მეთევზე ვარსსა და მის ცოლს, სავას, უკავშირებს. სავა იყო ქალთევზა, რომელიც თავდაპირველად ბალტიის ზღვაში ცხოვრობდა, შემდეგ ქალაქ გდანსკიდან მდინარე ვისლას დინებას აღმა აჰყვა და დღევანდელი ვარშავის ნაპირებზე გაჩერდა, სადაც მას მეთევზე ვარსი შეუყვარდა.[3] სინამდვილეში ვარსი იყო XII-XIII საუკუნეებში მცხოვრები აზნაური, რომელიც ფლობდა სოფელს დღევანდელი ვარშავის ერთ-ერთი უბნის, მარიენშტატის მიდამოებში. ქალთევზა სავა კი დღეს ვარშავის სიმბოლოა და მის გერბზეა გამოსახული.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უიაზდუვის სასახლე

თანამედროვე ვარშავის ტერიტორიაზე პირველი გამაგრებული დასახლებები გაჩნდა ბრუდნოსა (IX-X საუკუნეები) და უიაზდუვში (XII-XIII საუკუნეები). ბრუდნო განადგურდა 1040 წელს მიეცლავის, მაზოვიის ერთ-ერთი თავადის აჯანყების შემდეგ. უიაზდოვი კი 1262 წელს ლიტვის დიდმა მთავარმა მინდაუგასმა დაარბია.

1281 წელს მაზოვიის ჰერცოგმა ბოლესლავ II-მ გააშენა დასახლება პატარა მეთევზეთა სოფელ Warszowa-სთან, უიაზდოვიდან დაახ. 3 კმ-ის დაშორებით. ხოლო უიაზდუვში კი ააგო ციხე, რომელიც ახლანდელი უიაზდუვის სასახლის ადგილას იდგა. უკვე XIV საუკუნის დასაწყისში ვარშავა მაზოვის სამთავროს ჰერცოგების რეზიდენცია გახდა. 1334 წელს ვარშავამ ქალაქის უფლებები მოიპოვა.

მაზოვიის დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალავნის (1350) ნაშთები

ძველ ვარშავას 1350 და 1380 წლებში გალავანი შემოარტყეს. თუმცა ქალაქი იზრდებოდა და გალავნის ჩრდილოეთით ახალი დასახლებები ჩნდებოდა. გალავნის მიღმა გაჩენილ დასახლებას ახალი ქალაქი ეწოდა და მან 1408 წელს ქალაქის უფლებები მიიღო. ამ წლიდან ორივე ქალაქს საკუთარი მმართველობა გააჩნდა. ახალი ქალაქის გაჩენის მიზეზი ძველ ქალაქში მიგრანტების (ძირითადად ებრაელების) დასახლების მკაცრი რეგულირება იყო.[4]

1386 წლიდან ვარშავა სწრაფად ვითარდებოდა, რადგან ის რეჩპოსპოლიტას ორ დედაქალქს - კრაკოვსა და ვილნიუსს შორის მდებარეობდა. განსაკუთრებით აღმავლობა განიცადა ქალაქმა მეფე იანუშ I-ის დროს. ამ უკანასკნელმა 1413 წელს მაზოვიის სამთავროს დედაქალაქი ჩერსკიდან ძველ ვარშავაში გადაიტანა.

1515 წელს მოსკოვის დიდი სამთავროსა და ლიტვის ომის დროს დაიწვა ძველი ვარშავის ძირითადი ნაწილი.[5] მზარდი სოციალური კონტრასტის გამო 1525 წელს ვარშავაში მოხდა ღარიბთა აჯანყება მდიდრების წინააღმდეგ. შედეგად ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ძალაუფლების გაეყო ორგანოებთან, რომლებშიც მოქალაქეები იყვნენ წარმოდგენილები. 1526 წელს კი დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა მაზოვიის საჰერცოგომ და პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. მაზოვიის ინკორპორაციამ პოლონეთის სამეფოში ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი, ეს უპირველესად, მოსახლეობის ზრდაზე აისახა: ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 20 000-ს გაუტოლდა.

რეჩპოსპოლიტის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარშავა XVI საუკუნის ბოლოს

1569 წელს გაფორმდა ლუბლინის უნია, რომლის თანახმადაც შეიქმნა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა და ვარშავა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მუდმივი ადგილსამყოფელი გახდა. რეჩ პოსპოლიტის მეფეთა პირველი არჩევნები 1573 წელს ვარშავის უბან კამიონეკში გაიმართა და მეფედ ანრი III ვალუა აირჩიეს. შემდეგი არჩევნები შედგა 1575 წელს ვოლაში და პოლონეთის მეფედ არჩეულ იქნა სტეფანე ბატორი. ვარშავაშივე გაფრომდა ვარშავის კონფედერაცია, რომელმაც გამოაცხადა რელიგიის თავისუფლება პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში.

1596 წელს ვარშავაში მეფე სიგიზმუნდ III ვაზამ თავისი რეზიდენცია გადაიტანა და ამით ის დედაქალაქად აქცია. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ვარშავის მდებარეობა იყო. ის თანაბრად იყო დაშორებული კრაკოვიდან და ვილნიუსიდან, ასევე ახლოს მდებარეობდა გდანსკთან, გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო კრაკოვში ვაველის სამეფო სასახლეში გაჩენილმა ხანძარმა. ვარშავის გადაქცევამ პოლონეთის ერთ-ერთი მთავარიდან მთავარ ქალაქად კიდევ უფრო გაზარდა მისი მოსახლეობა. 1576 წელს აშენდა პირველი მუდმივი ხიდი, რომელმაც ვარშავა დაუკავშირა ვისლის მარჯვენა სანაპიროზე გაჩენილ ახალ დასახლებას - პრაგას. მომდევნო წლებში ქალაქის ტერიტორია ფართოვდებოდა. იქმნებოდა კერძო გარეუბნები, რომლებსაც იქ დასახლებული თავადაზნაურობა საკუთარი კანონებით მართავდა. ასეთ უბნებში სახლობდნენ ხელოსნები და ვაჭრები. ერთ-ერთი ასეთი გარეუბანი იყო პრაგა, რომელსაც ქალაქის ქარტია მიენიჭა 1648 წელს.

ვილანუვის სასახლე

მეფე სიგიზმუნდის დროს ვითარდებოდა ქალაქის არქიტექტურა. ვარშავის სამეფო გზაზე გაჩნდა მდიდრული სასახლეები, მათ შორის ვარშავის რეზიდენცია. 1643 წელს მეფე ვლადისლავ IV-მ ციხის მოედანზე დადგა პირველი ძეგლი ქალაქში. ქალაქი მძიმედ დაზარალდა ჩრდილოეთის მეორე ომის დროს, 1655-1657 წლებში შვედების, ბრანდენბურგელების და ტრანსილვანიელების შემოსევების შედეგად. 23 ივნისი, შვედეთის ჯარის მიერ ქალაქის დატოვების თარიღი, ქალაქის დღედ აღინიშნება.

ვარშავასა და მისი შემოგარენის ხელახლა აყვავება უკავშირდება მეცენატსა და ხელოვნების მოყვარულ იან III სობესკის. მან 1677 წელს დაიწყო ვერსალის მსგავსი ვილანუვის რეზიდენციის მშენებლობა ძველი ვარშავიდან სამხრეთით 10 კმ-ის დაშორებით. 1700 წელს დაიწყო ჩრდილოეთის დიდი ომი შვედეთსა და რუსეთის იმპერიას შორის. იან მესამე სობესკის გარდაცვალების შემდეგ დასუსტებული პოლონეთი ბრძოლების ასპარეზი გახდა. ვარშავა რამდენიმეჯერ მოექცა ალყაში და რამდეჯმერმე მოუწია სერიოზული კონტრიბუციის გადახადა.[6] გამუდმებულ ბრძოლებს თან დაერთო ეპიდემია (1708), წყალდიდობა (1713) და ცუდი მოსავალი, ხოლო 1713 წლის შემდეგ რუსებისა და საქსონელების ჯარი მუდმივად იდგა ვარშავაში, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მოსახლეობის მდგომარეობა. 1733 წელს განსხვავებულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა და სიმპათიებმა რუსეთს, შვედეთს, ავსტრიას, საქსონიასა და საფრანგეთს შორის გამოიწვია კიდევ ერთი ომი პოლონეთის მემკვიდრეობისთვის. ვარშავა კვლავ ბრძოლის ველად იქცა 1764 წლამდე, როცა პოლონეთის ახალ მეფედ აირჩიეს სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი, პოლონეთი კი პრაქტიკულად რუსეთის პროტექტორატი გახდა.

საქსონური ღერძის რუკა

მიუხედავად ამ პერიოდში პოლონეთის პოლიტიკური სისუსტისა, ვარშავა საქსონიელთა მმართველობისას ვითარდებოდა. ამ დროს ვარშავაში ჩავიდნენ საქსონიელი არქიტექტორები, რომლებმაც ვარშავა დრეზდენის მსგავსად გააშენეს. ვარშავაში დაარსდა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა პოლონეთში - ზალუსკის ბიბლიოთეკა, Collegium Nobilium - უნივერსიტეტი წარჩინებულთა ვაჟებისთვის, პირველი საჯარო სკოლა, მსოფლიოში პირველი განათლების სამინისტრო - განათლების ეროვნული კომისია, კვლავ აიგო ხიდი მდინარე ვისლაზე. ამ პერიოდში ვარშავა ადრეულ კაპიტალისტურ ქალაქად იქცა. ვითარდებოდა მრეწველობა, იზრდებოდა მუშათა რიცხვი, მატულობდნენ ვაჭრები და ფინანსისტები. მაღალი იყო გლეხების მიგრაცია სოფლებიდან. განვითარდა უძრავი ქონების ბაზარი. ამ დროს ვარშავა იქცა არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად. სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკიმ შეუცვალა ვარშავის სამეფო სასახლეს ინტერიერი და მანვე ვარშავა კულტურისა და ხელოვნების ცენტრად აქცია [7][8] ამან ვარშავას „აღმოსავლეთის პარიზის“ თიკუნი მოუტანა.[9]

პრაგის შტურმი

1788 წელს სეიმმა დაიწყო მსჯელობა პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორების და სრული დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით. სეიმმა 1791 წლის 3 მაისს მიიღო კონსტიტუცია, რომელიც პირველი კონსტიტუცია იყო ევროპაში და მეორე მსოფლიოში (აშშ 1787 წლის კონსტიტუციის შემდეგ). სეიმის მუშაობის სხვა მნიშვნელოვანი შედეგი იყო 1791 წლის 21 აპრილს მიღებული ქალაქის აქტი, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა ქალაქის ცალკეული უბნების სხვადასხვა მმართველობა და დააკანონა ქალაქი ერთიან ურბანულ ორგანიზმად ერთი ადმინისტრაციით. ამიტომაც 21 აპრილს ქალაქში ვარშავის დღეს აღნიშნავენ.

კონსტიტუციამ მხოლოდ ერთ წელიწადს იმოქმედა, რადგან 1793 წელს პოლონეთის მეორე დანაწილება მოხდა. ეს გახდა საფუძველი 1794 წელს ვარშავის აჯანყებისა. ამბოხი მიზნად ისახავდა დედაქალაქის გათავისუფლებას რუსეთის კონტროლისგან. 1794 წლის 3 ნოემბერს გაიმართა პრაგის ბრძოლა. 4 საათის ბრძოლის შემდეგ რუსებმა სრულად დაამარცხეს პოლონეთის ჯარი. ბრძოლის დასრულების შემდეგ, გენერალ ალექსანდრე სუვოროვის მიერ გაცემული ბრძანების მიუხედავად, რუსებმა გადაწვეს ვარშავა და მოკლეს 20000-მდე მცხოვრები.

1795 წელს მოხდა პოლონეთის მესამე დანაწილება და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა საბოლოოდ დაიშალა. ვარშავა მოხვდა პრუსიის ნაწილში და გახდა სამხრეთ პრუსიის დედაქალაქი. 1807-1813 წლებში ფრანგული პროტექტორატის ქვეშ ვარშავის საჰერცოგო შეიქმნა, თუმცა 1815 წლიდან ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით პოლონეთის სამეფო რუსეთის იმპერიაში მოექცა. იმპერიაში პოლონეთის ავტონომია დროთა განმავალობაში იკვეცებოდა. 1830-1831 და 1863-1864 წლებში ვარშავა იყო იმპერიის საწინააღმდეგო აჯანყებათა ცენტრი. XIX საუკუნის ბოლოდან ვარშავა იქცა დიდ კაპიტალისტურ ქალაქად, სწრაფად იზრდებოდა მოსახლეობა, გაჩნდა მუშათა მოძრაობები.

XX საუკუნიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915-1918 წლებში ვარშავა ოკუპირებული იყო გერმანიის იმპერიის მიერ. 1918 წლიდან ვარშავა პოლონეთის მეორე რესპუბლიკის დედაქალაქს წარმოადგენდა. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ვარშავა 20 დღის განმავლობაში იგერიებდა მესამე რაიხის თავდასხმას. 1939-1944 წლებში ვარშავა ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული. ამ პერიოდში ვარშავაში ორი აჯანყება მოხდა: 1943 წელს ვარშავის გეტოს აჯანყება, ხოლო 1944 ვარშავის მოსახლეობა აჯანყდა გერმანელების წინააღმდეგ. აჯანყების შემდეგ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად განადგურდა ქალაქის ფიზიკური კაპიტალის 80%. 1945 წლის 17 იანვარს ქალაქი დაიკავა საბჭოთა კავშირმა. 1944-1989 წლებში ვარშავა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. 1955 წელს ვარშავაში დაფუძნდა ვარშავის პაქტი. 1989 წლიდან ვარშავა თანამედროვე პოლონეთის დედაქალაქია.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლამდე ვარშავა 7 რაიონად იყიფოდა: შრუდმიეშციე, ჩრდილოეთ პრაგა, ჟოლიბორჟი, სამხრეთ პრაგა, ვოლა, ოხოტა, მოკოტუვი. 1994-2002 წლებში ქალაქში 11 რაიონი იყო: ცენტრი, ბიალოლეკა, ტარგუვეკი, რემბერტუვი, ვავერი, ვილანუვი, ურსინუვი, ვლოხი, ურსუსი, ბემოვო, ბიელანე. 2002 წელს ქალაქის ნაწილი გახდა ყოფილი დაბა ვესოლა და ქალაქის ადმინისტრაციულმა დაყოფამ დღევანდელი სახე მიიღო.

ამჟამად ვარშავას პოვიატის სტატუსი აქვს და 18 რაიონად არის დაყოფილი. თითოეულ მათგანს მმართველობის საკუთარი ორგანოები გააჩნია, თუმცა ისინი დამოკიდებულნი არიან ვარშავის საქალაქო თვითმმართველობაზე. რაიონები რამდენიმე უბნისგან შედგება, თუმცა უბნებს ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი არ გააჩნიათ. ვარშავის ორი ისტორიული უბანი: ძველი ვარშავა და ახალი ვარშავა რაიონ შრუდმიეშციეს შემადგენლობაშია მოქცეული.

ვარშავის ადმინისტრაციული დაყოფა
სახელი მშობლიური სახელი ფართობი კმ² მოსახლეობა
ბემოვო Bemowo 24,95 113.066
ბიალოლეკა Białołęka 73,04 89.234
ბიელანე Bielany 32,3 133.778
ვავერი Wawer 79,71 69.898
ვესოლა Wesoła 22,6 22.757
ვილანუვი Wilanów 36,73 19.146
ვლოხი Włochy 28,63 39.680
ვოლა Wola 19,26 137.692
მოკოტუვი Mokotów 35,4 222.571
ოხოტა Ochota 9,7 89.383
რემბერტუვი Rembertów 19,3 23.320
სამხრეთ პრაგა Praga Południe 22,4 182.588
ტარგუვეკი Targówek 24,37 123.214
ურსინუვი Ursynów 48,6 148.876
ურსუსი Ursus 9,35 50.355
ჟოლიბორჟი Żoliborz 8,5 48.060
შრუდმიეშციე Śródmieście 15,57 126.143
ჩრდილოეთ პრაგა Praga Północ 11,4 71.675

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარშავის მთავარი სიმბოლოა ვარშავის ქალთევზა. ის გამოსახულია ვარშავის გერბზე. ძველი ვარშავის მთავარ მოედანზე დგას ქალთევზის ქანდაკება. ვარშავის გერბი წარმოადგენს ფრანგულ ფარს, რომელზეც არის ლენტა დევიზით და სამეფო გვირგვინი. ვარშავის დროშა წარმოადგენს ორ ჰორიზონტალურ ხაზს წითელი და ყვითელი ფერისა. დროშის პროპორციაა 5:8.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ვისლის მარცხენა ამაღლებულ ნაპირზე განლაგებულია ვარშავის ისტორიული ნაწილი „ძველი ქალაქი“ და „ახალი ქალაქი“. ძველ ქალაქში შემორჩენილია XIV-XV საუკუნეების ციხესიმაგრის კედლები, XV-XVIII საუკუნის სახლები, ახალ ქალაქში დგას XV საუკუნის გოტიკური ეკლესია, XVI-XVII საუკუნეების ეკლესიები და მონასტრები. ვარშავაში არის ბაროკოსა და კლასიციზმის სტილის მრავალი შენობა, ლაზიენკის პარკის კომპლექსი. XX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ქალაქის აღდგენა, ხელახლა იქნა აშენებული ისტორიული ნაწილი. XX საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა დომინაციის სიმბოლოა სტალინისტური არქიტექტურის ნიმუში კულტურისა და მეცნიერების სასახლე.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://bdl.stat.gov.pl/api/v1/data/localities/by-unit/071412865011-0918123?var-id=1639616&format=jsonapi
  2. Kazimierz Rymut (1987). Nazwy miast Polski. Zakład Narodowy im. Ossolińskich. ISBN 83-04-02436-5.
  3. The Legends of Warsaw; The Warsaw Mermaid (ინგლისური)
  4. Davies, Norman (2005). God's Playground (2 ed.). Oxford University Press. ISBN 0-19-925339-0.
  5. Dariusz Kaczmarczyk, Kościół Św. Anny, ვარშავა, 1984, გვ. 34.
  6. (პოლონური) (2004) Historia Warszawy (History of Warsaw). Warsaw. ISBN 83-89632-04-7. 
  7. (ინგლისური) Michał Rożek, Doris Ronowicz (1988). Cracow: a treasury of Polish culture and art. Interpress Publishers, გვ. 74. ISBN 83-22322-45-3. 
  8. (ინგლისური) John Stanley. (March–June 2004) Literary Activities and Attitudes in the Stanislavian Age in Poland (1764–1795): A Social System?. findarticles.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-05. ციტირების თარიღი: 2009-04-23.
  9. (ინგლისური) Cornelia Golna (2004). City of man's desire: a novel of Constantinople. Go-Bos Press, გვ. 318. ISBN 90-80411-44-2.