სომხების გენოციდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი წიწერნაკაბერდი , ერევანი.

სომხების გენოციდიოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას[1][2][3]. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.

პარალელურად, ოსმალეთში ხდებოდა ასურელთა და ბერძენთა მასობრივი მკვლელობაც. დაზარალდნენ სხვა უმცირესობებიც[4][5][6].

„სომხების საკითხის“ წარმოშობა 1877-1878 წწ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხ მოქალაქეებს ოსმალეთის შეიარაღებული ჯარისკაცები მიუძღვებიან; 1915 წლის აპრილის ფოტო

ოსმალეთის იმპერია, რომელმაც თითქმის 500 წელი იარსება, ატარებდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ასიმილაციის პოლიტიკას. სომხების გარდა ოსმალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები, ხორვატები, ქურთები და არამუსლიმანური აღმსარებლობის სხვა ხალხები. მათი ასიმილაციის — ანუ გათურქებისა და ისლამზე გადაყვანის იდეა, ოსმალეთის იმპერიის სულთნებში ყოველთვის არსებობდა და რეგულარულად ხორციელდებოდა.

1895-1896 წლებში თურქი სულთნის მიერ პროვოცირებულ იქნა სომხური მოსახლეობის განადგურება, რის შედეგადაც, სხვადასხვა შეფასებით, დაიხოცა 100-დან 200 ათასამდე სომეხი.

1907 წელს „ახალგაზრდა თურქებმა“ ჩაიგდეს თურქეთის ხელისუფლება ხელში. ახალგაზრდა თურქების პარტია ოფიციალურად პანთურქიზმის (პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ყველა თურქი ხალხის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ისახავდა მიზნად) იდეოლოგიის იყო, ან „დიდი თურანის“ თეორიის. პანთურქისტების მიზანი იყო თურქული იმპერიის შექმნა ბალკანეთიდან ალთაიმდე.

არამუსლიმი ხალხის განადგურების იდეა ოსმალეთის იმპერიის თურქ სულთნებსა და შემდეგ მათ შემცვლელებად მოსულ ახალგაზრდა თურქ მმართველებს დიდი ხანია გააჩნდათ. სომხები ახალგაზრდა თურქებში იწვევდნენ ზიზღს იმის გამო, რომ სომხებით დასახლებული აღმოსავლეთი თურქეთი ყოფდა თურქულ ტერიტორიებს აზერბაიჯანისგან.

1909 წ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 აპრილიდან 4-მდე და 12 აპრილიდან 14 აპრილამდე თურქი მმართველები ორგანიზებას უწევდნენ სომხების მასობრივ განადგურებას. ვილაიეთებშიადანა და ალეპო, ახალგაზრდა თურქების 1908 წლის გადატრიალებას არ შეუცვლია თურქეთში მცხოვრები სომხების მდგომარეობა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ კილიკიის მოსახლე სომხები, რომლებმაც შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ 1890-იანი წლების პერიპეტიებისათვის. რეაქციული თურქული შენაერთები კილიკიის სომხებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მათ სურდათ გამოესახლებინათ თურქები თავიანთი ტერიტორიიდან და აღედგინათ „სომხური სამეფო“.

„სომხური საკითხის“ საბოლოოდ გადასაწყვეტად 1909 წლის 31 მარტს, ადანის ვალის ხელმძღვანელობით ჩატარდა გუბერნიის სხდომა, რომელზეც მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: სომხები უნდა გაენადგურებინათ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მუსლიმ მოსახლეობას დაურიგეს დიდი რაოდენობის იარაღი და ტყვია-წამალი, ციხეებიდან გამოუშვეს 500-მდე თურქი დამნაშავე.

1 აპრილს რუმელიდან ე.წ. „წესრიგის დასამყარებლად“ მოსულმა თურქების არმიამ დაიწყო სომხების განადგურება ადანის ქუჩებში. ეს პროცესი 3 დღე გრძელდებოდა და თავისი მასშტაბით პირველ განადგურებას აღემატებოდა. დაიხოცა დაახლოებით 30 000 ადამიანი, მათ შორის 20 000-ზე მეტი ადანის პროვინციაში მცხოვრები. სომხებით დასახლებული ათობით პუნქტი დაანგრიეს და გადაწვეს. ახალგაზრდა თურქების ხელისუფლების გამოძიება იყო ფორმალური, რადგან მთავრობა ცდილობდა დაეწყნარებინა ევროპული საზოგადოება, შეემსუბუქებინა სომხების პროტესტი და თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. განადგურების მეთაურებმა და მონაწილეებმა თავი დააღწიეს სასჯელს.

I მსოფლიო ომის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის აგვისტოში თურქეთის I მსოფლიო ომში ჩაბმამ, ახალგაზრდა თურქების აზრით, მისცა მათ უნიკალური შანსი „სომხური საკითხის“ საბოლოოდ გადასაწყვეტად - სომხების საბოლოოდ გასანადგურებლად. გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თალაათ-ფაშას მოთხოვნით სიტყვა „სომეხიც“ კი სამუდამოდ უნდა გამქრალიყო.

სამხედრო პოზიციის გამო მიღებული შეთანხმებით თურქეთის მთავრობამ ციხეებიდან გამოუშვა ყაჩაღები და მკვლელები. ამავდროულად დაიწყო სომეხი მოსახლეობის დეპორტაცია თურქეთის აღმოსავლეთი ვილაიეთიდან ქვეყნის სიღრმეში, სირიის უდაბნოს გავლით. სომეხი ჯარისკაცები გარიცხეს ჯარის რიგებიდან და შემდეგ დახვრიტეს.

24 აპრილი 1915 წ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი, როცა ახალგაზრდა თურქმა მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდნენ თალაათ-ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა, ბრძანეს შეეკრიბათ მთელი სომხური ინტელიგენცია სტამბოლში და გადაესახლათ. უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს.

1915 წლის 24 აპრილს დაიწყო კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება (დაჭერა), რამაც გამოიწვია სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის მთლიანი განადგურება. დაკავებულთა სიაში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. გამოჩენილი სომეხი მოღვაწეების დაკავება გრძელდებოდა პატარა შესვენებებით მაისის ბოლომდე, ამასთან ერთად დაკავებულებს არავითარ ბრალდებას არ უყენებდნენ.

სომხური მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918 წლის სექტემბრამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიღუპა 1,5 მილიონზე მეტი სომეხი. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანში და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელ მსოფლიოში.

შურისძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხთა გენოციდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი თალაათ-ფაშა.

გენოციდმა შედეგად ის მოიტანა, რომ სხვადასხვა სომხური ორგანიზაციები, მიუხედავად განსხვავებული აზროვნებისა, გაერთიანდნენ ერთი მიზნით — გენოციდის ყველა ორგანიზატორი უნდა დასჯილიყო.

შაან ნატალი (ფსევდონიმი საყვარელი ქალის პატივსაცემად) და გრიგორ მერჩანოვი შეუდგნენ შურისძიების განხორციელებას. შედგა სომეხთა გენოციდის ორგანიზატორების 80 კაციანი ე. წ. შავი სია. დაიწყო მოსამზადებელი სამუშაო- დევნა, თვალთვალი, ინფორმაციის შეკრება, იარაღის მოძიება, რის შემდეგაც შურისძიების დრო დადგა.

სულ რაღაც 3 წლის განმავლობაში მოკლეს გენოციდის 80-მდე ორგანიზატორი. ასევე, გენოციდის დაბალი რანგის რამდენიმე ათასამდე მონაწილე.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ გენოციდის წლებში (1918–1923 წწ.) მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც სომხურ გენოციდს ასამართლებდა. აშშ-მა სამჯერ (1916,1919,1920) მიიღო მსგავსი რეზოლუციები, თუმცა ოსმალეთის იმპერიის ქმედების შეჩერება ვერ მოხერხდა. 1915 წელს, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა გამოსცეს ერთიანი დეკლარაცია, რომელიც ასევე სომხების განადგურებას ასამართლებდა.

სომხების გენოციდი აღიარებულია და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმ აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი (1965 წ.). 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს - ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და ა. შ.

სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი, 5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996, 2002, 2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45 ათასი ევრო და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 40-მა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი. ასევე, 24 აპრილი დააწესეს სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ. ამავდროულად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ისრაელი დღემდე არ აღიარებს სომეხთა გენოციდს, რადგან სომეხთა აჯანყებების გამო, რომლებიც წინ უძღვოდა გენოციდს ის მას თურქულ-სომხური კონფლიქტის ჭრილში განიხილავს.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს უელსმა და ავსტრალიამ. 1970-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული 24 აპრილს, ყოველ წელს, ამერიკის პრეზიდენტები გამოდიან სატელევიზიო მიმართვით ამერიკელი სომხებისადმი.

სადაზღვევო კომპანია New York Life-მა დაიწყო 1915 წელს სომხური გენოციდის დროს დაღუპულთა ნათესავებისათვის კომპენსაციის გადახდა (საერთო თანხა კომპენსაციისა დაახლოებით 8 მილიონი დოლარია).

დღევანდელი თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ისტორიულ ფაქტს სომეხთა გენოციდის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კიზერი, ჰანს-ლუკას; შალერი, დიმინიკ ჯ. (2002), Der Völkermord an den Armeniern und die Shoah, Chronos, p. 114, ISBN 3-0340-0561-X
  2. უოლკერი, კრისტოფერ ჯ. (1980), Armenia: The Survival of A Nation, ლონდონი: Croom Helm, pp. 200–3
  3. ბრაისი, ვისკოუნტი; ბრაისი, ჯეიმზ; ტოინბი, არნოლდ (2000), სარაფიანი, არა, რედ., The Treatment of Armenians in the Ottoman Empire, 1915–1916: Documents Presented to Viscount Grey of Falloden (uncensored რედ.), პრინსეტონი, ნიუ-ჯერსი: Gomidas, pp. 635–49, ISBN 0-9535191-5-5
  4. „Resolution on genocides committed by the Ottoman empire“ (PDF). International Association of Genocide Scholars. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2008-04-22. ციტირების თარიღი: 2014-09-16. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. განტი, დევიდ (2006), Massacres, Resistance, Protectors: Muslim-Christian Relations in Eastern Anatolia during World War I, Piscataway, NJ: Gorgias, http://books.google.se/books?id=4mug9LrpLKcC&printsec=frontcover&dq=Massacres,+Resistance,+Protectors&cd=1. წაკითხვის თარიღი: 2014-09-16 დაარქივებული 2015-03-17 საიტზე Wayback Machine.
  6. შალერი, დომინიკ ჯ.; ციმერერი, იურგენ (2008). „Late Ottoman genocides: the dissolution of the Ottoman Empire and Young Turkish population and extermination policies – introduction“. Journal of Genocide Research. 10 (1): 7–14. doi:10.1080/14623520801950820.