სტოკჰოლმი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სტოკჰოლმი Stockholm | |||||
| |||||
ქვეყანა | შვედეთი | ||||
ლენი | სტოკჰოლმი (ლენი) | ||||
კოორდინატები | 59°20′00″ ჩ. გ. 18°04′00″ ა. გ. / 59.33333° ჩ. გ. 18.06667° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | სტინ ნორდინი | ||||
დაარსდა | 1187[1] | ||||
პირველი ხსენება | 1252 | ||||
ფართობი | 188 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | შვედური ენა | ||||
მოსახლეობა | 909 976 კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 4800 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2 192 433 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 08 | ||||
საფოსტო ინდექსი | 100 00–200 00 | ||||
ოფიციალური საიტი | stockholm.se | ||||
სტოკჰოლმი (შვედ. Stockholm) — შვედეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. აქ მდებარეობს შვედეთის მთავრობა, პარლამენტი და შვედეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია. 2011 წლისთვის სტოკჰოლმის აგლომერაციაში ცხოვრობდა ქვეყნის მოსახლეობის 22 % და ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 29 %-ს აწარმოებდა. ქალაქში 2015 წლის აღწერით 909 976 ადამიანი ცხოვრობდა, ურბანულ რეგიონში (ტატორტი) — 1 372 565, ხოლო აგლომერაციაში — 2 192 433.
სტოკჰოლმი შვედეთის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია XIII საუკუნიდან. მისი სტრატეგიული მდებარეობა შვედეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თოთხმეტ კუნძულზე ტბა მელარენის შესართავთან, სტოკჰოლმის არქიპელაგთან, ისტორიული მნიშვნელობისაა. კუნძულებზე მდებარეობისა და განსაკუთრებული სილამაზის გამო, ქალაქს მეტსახელად „ჩრდილოეთის ვენეცია“ შეარქვეს. ის განთქმულია წარმტაცი პარკებით, ბაღებითა და არხებით, რის გამოც სკანდინავიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საერთაშორისო ტურიზმისთვის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტოკჰოლმის პირველ ხსენებას ვიკინგთა საგებში ვხვდებით, როგორც აგნაფიტზე, მეფე აგნეს პატივსაცემად სახელდებულზე. თუმცა, მხოლოდ 1187 წელს დაიწყო მეთევზეთა დასახლების ადგილზე გამაგრებული პუნქტის მშენებლობა. პირველი ნაგებობები კუნძულ სტადსჰოლმენზე გამოჩნდა, რომელიც ყურეში ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს და მელარენის ტბას ბალტიის ზღვასთან აერთებს. სტოკჰოლმის, როგორც ქალაქის შესახებ პირველი ცნობები 1252 წელს ეკუთვნის. მიჩნეულია, რომ ქალაქი რიკსგრაფმა ბირგერ იარლმა, ფოლკუნგების დინასტიის ფუძემდებელმა და მომავალმა მეფემ, დააარსა.
ისტორიული ცნობებით, ქალაქი იმიტომ დააფუძნეს, რომ ბალტიისპირეთიდან შემოსევებისგან დაეცვათ შვედეთი და მელარენის ტბის ირგვლივ არსებული ქალაქები, ძირითადად კი, სიგტუნა. უკვე XIII საუკუნიდან ქალაქი კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით იზრდება. სტოკჰოლმი რკინეულით ვაჭრობის უმთავრესი პუნქტი იყო, რაც ბერგსლაგენის საბადოებში მოიპოვებოდა.
ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგების წყალობით სტოკჰოლმი სწრაფად მიიწევდა წინ ქალაქთაშორის სავაჭრო გზაზე. უკვე 1270 წელს სტოკჰოლმი შვედეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დასახლებულ პუნქტად სახელდება. ქალაქებთან - დანციგთან (გდანსკი) და ლიუბეკთან გაცხოველებულმა ვაჭრობამ გერმანელ მოვაჭრეთა და დანიელთა მოზღვავება, შედეგად კი კალმარის უნიის გაფორმება გამოიწვია. XIV - XV საუკუნეებში გერმანელები სტოკჰოლმის მოსახლეობის მეოთხედსა და მაგისტრატის ნახევარს შეადგენდნენ. მხოლოდ 1471 წლის შემდეგღა მოახერხეს შვედებმა ქალაქის მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება.
ქალაქმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც შვედეთის დანიის გვირგვინქვეშ (კალმარის უნია) ყოფნისას, ასევე XV საუკუნეში თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში. სწორედ აქ შვედეთის ეროვნულმა გმირმა სტენ სტურემ XV საუკუნის მიწურულს წამოიწყო დანიელთა წინააღმდეგ აჯანყება და შვედებს ღია ბრძოლისაკენ მოუწოდა. 1471 წლის 15 ოქტომბერს სტურეს ხელმძღვანელობით შვედებმა სტოკჰოლმის მოსახლეობის თანადგომით დანიის მეფე კრისტიან I დაამარცხეს. თუმცა, კრისტიან პირველის შვილიშვილმა კრისტიან II-მ 1518 წელს ამბოხებული ქალაქი მაინც აიღო. ქალაქის აღება ორი წლისთავზეც მოუწია. 1520 წლის 8 ნოემბერს მან ბრძანება გასცა აჯანყებული შვედების მოთავეებისა და მათი დამფინანსებლების სიკვდილით დასჯაზე. იმხანად ქალაქის უმთავრეს მოედანზე ასამდე ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი, ძირითადად, დიდებულები. ეს მოვლენები ეროვნულ ტრაგედიად შეფასდა და „სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო“ ეწოდა. შვედები დანიელთა სისასტიკემ ისე აღაშფოთა, რომ კაბალური უნიის დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვეს. ახალი ამბოხი გუსტავ ვაზამ ითავა, რომელიც მოკლე ხანში შვედეთის ახალ მეფედ იქნა არჩეული. სტოკჰოლმის მოსახლეობა იმხანად, ანუ 1600 წლისთვის 10 000 ადამიანს აჭარბებდა. მანამდე კი 1529 წელს ნორმალმი და სედერმალმი ქალაქის ფარგლებში მოაქციეს.
XVII საუკუნის დამდეგს სტოკჰოლმში რუსული სავაჭრო კოლონია გაჩნდა, რომელსაც თავად რუსები სტეკოლნიას უწოდებდნენ. ეს შვედეთ-რუსეთის მორიგ ომში შვედების 1617 წლის გამარჯვების შემდეგ მოხდა, როდესაც რუსეთმა აღმოსავლეთი კარელია და ინგერმანლანდია დაკარგა, შესაბამისად კი, ბალტიისპირეთზე ჩაეკეტა გასასვლელი. ამის მიუხედავად, რუს ვაჭრებს სტოკჰოლმსა და ზღვისპირა ქალაქებში ქარვასლებისა და ეკლესიების აშენების ნება დაერთოთ.
XVII საუკუნეში შვედეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 1610 წლიდან 1680 წლამდე ქალაქის მოსახლეობა ექვსჯერ გაიზარდა. 1634 წლიდან კი სტოკჰოლმი შვედეთის სამეფოს ოფიციალური დედაქალაქი გახდა. გადედაქალაქებამ სტოკჰოლმს ახალი სავაჭრო უფლებები შესძინა არა მხოლოდ სხვადასხვა შვედურ ქალაქებთან, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
XVIII საუკუნის დამდეგს (1713 - 1714) სტოკჰოლმი შავი ჭირის ეპიდემიამ სერიოზულად დააზარალა. რუსეთთან ომის დროს 1721 წელს ქალაქის ჩრდილოეთი რაიონები მნიშვნელოვნად დაზიანდა, განვითარება კი შეწყდა. მომდევნო 50 წლის მანძილზე მოსახლეობა თითქმის არ გაზრდილა, ეკონომიკამაც სტაგნაციას განიცდიდა. მეფე გუსტავ III-ს დროს ქალაქში სამეფო ოპერა დაარსდა, აიგო უამრავი ლამაზი შენობა, რომელთაც ჩვენს დრომდეც კი მოაღწიეს.
საერთო ჯამში, XVIII საუკუნე ქალაქის არქიტექტურული ისტორიის დაწყების თარიღად სახელდება. სწორედ აღნიშნული დროის ნაგებობები მიიჩნევა ქალაქში უძველეს ნაგებობებად და შვედები სულაც არ ცდილობენ, ხელოვნურად შეუქმნან მათ უფრო ძველის იმიჯი.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტოკჰოლმის მნიშვნელობა ეცემა. სამაგიეროდ, სხვა ქალაქები იწყებენ ზედაპირზე ამოსვლას: ნორჩეპინგი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ქალაქი ხდება, გეტებორგი კი უმთავრეს სავაჭრო ცენტრად ყალიბდება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სტოკჰოლმი თავის ეკონომიკას აღადგენს და ზრდასაც აგრძელებს. საუკუნის დასასრულ ქალაქი შვედეთის კარიბჭე გახდა. იმიგრანტთა ძლიერმა ნაკადმა ქალაქის მოსახლეობა რაოდენობრივად მკვეთრად გაზარდა. XIX საუკუნის დამლევს სტოკჰოლმის მოსახლეობის 40 % ჩამოსული იყო. ამის შემდეგ იწყება ქალაქის ტერიტორიების თანდათანობითი გაფართოება. ხსენებულ პერიოდში ქალაქში შვედეთის კულტურისა და სამცნიერო ცენტრებმა მოიყარა თავი, სამეფო ინსტიტუტმა და მრეწველობისა და ხელოვნებათმცოდნეობის საგამოფენო ცენტრებმა. 1912 წელს კი სტოკჰოლმში საზაფხულო ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.
XX საუკუნის მეორე ნახევარში სტოკჰოლმი მსოფლიო მასშტაბით თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქი გახდა. შეიცვალა ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. მიღებულ იქნა ზომები ქალაქის მეტისმეტად ძველი შენობების დანგრევისა. XX საუკუნეში სტოკჰოლმის მძლავრი ინდუსტრია აღიჭურვა ეკონომიკის უკანასკნელი გამოძახილის მიხედვით, რამაც ქალაქს მეტი პროდუქტიულობა მიანიჭა და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხოდ აქცია.
სტოკჰოლმი დღეს-დღეობითაც სწრაფი ტემპებით აგრძელებს ზრდა-განვითარებას.
1986 წლის 28 თებერვალს სტოკჰოლმის ცენტრში შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე მოკლეს. 2007 წელს ქალაქის პოლიციამ დაადგინა, რომ პალმეს მკვლელი მაინც კრისტენ პეტერსენია,
რომელიც სამხილების ნაკლებობის გამო ადრევე იქნა გათავისუფლებული. პრემიერის მკვლელობამ ქალაქის მოსახლეობის გულისტკივილი გამოიწვია. პალმეს უკანასკნელ გზაზე გაცილებას უამრავი ხალხი დაესწრო.
სტოკჰოლმშია განლაგებული ნობელის კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს ნობელის ლაურეატებს. პრემიის გადაცემა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით აგებულ სამეფო თეატრის შენობაში ხდება. დაჯილდოებასთან დაკავშირებული საზემო სუფრა კი ქალაქის რატუშის ოქროს დარბაზში იშლება, რომლის მენიუც ყოველთვის საიდუმლოდ ინახება.
ყოველდღე, ზუსტად 12:00 მეფის სასახლესთან ახლოს ყარაულის შეცვლის თვალწარმტაცი ცერემონია იმართება. საათზე მეტი ხნის განმავლობაში მეტისმეტად მაღალი, ქერათმიანი შვედი ჯარისკაცები ურთულეს სამხედრო მწყობრებს იკავებენ, მათ შორის, ცხენებზეც, და ასე გადასცემენ სამეფო დროშას მომდევნო ყარაულს. ყველა ჯარისკაცს ეროვნული, ლურჯფერა ფორმა აცვია, რაც მხოლოდ მოცემული ცერემონიისას გამოიყენება.
პოლიტიკა და მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტები პასუხისმგებელნია სამთავრობო-მანდატების მოვალეობებით. მუნიციპალური საბჭოს არჩევნები აქ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, საერთო არჩევნების პარალელურად ტარდება.
2006 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგები ესეთია:
მთავროპის პარტიები | ოპოზიციის პარტიები |
---|---|
2008 წლის აპრილიდან ქალაქის მმართველობაში მოვიდა სტინ ნორდინი ზომიერი პარტიიდან.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტოკჰოლმელთა დიდი ნაწილი მომსახურების სფეროშია დასაქმებული, რაც ქალაქის სამუშაო ადგილის 85 %-ს შეადგენს. მძიმე ინდუსტრიის არარსებობა სტოკჰოლმს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ქალაქად ხდის. უკანასკნელი დეკადის განმავლობაში უამრავ კომპანიაში შეიქმნა ვაკანსიები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით არიან დაკავებულნი.
ქალაქშია ბაზირებული მსოფლიოში ცნობილი კომპანიები IBM , ერიქსონი (Ericsson) და ელექტროლუქსი (Electrolux). სტოკჰოლმის ჩრდილოეთით არის განთავსებული უმსხვილსი IT-ცენტრი. სტოკჰოლმი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრია. აქ სკანდინავიის უდიდესი ბანკების შტაბ-ბინებია განთავსებული: Swedbank, Handelsbanken და Skandinaviska Enskilda Banken. აქვეა სადაზღვევო კომპანიები Skandia და Trygg-Hansa. სტოკჰოლმშივეა განთავსებული ქალაქის უმსხვილესი საფონდო ბირჟა Stockholmsbörsen. ერთი სიტყვით, შვედური უმსხვილესი კომპანიების 40%-ზე მეტს საკუთარი შტაბ-ბინები სტოკჰოლმში აქვთ განლაგებული.
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ტურიზმმა ქალაქის ეკონომიკაში საკვანძო როლის შესრულება დაიწყო. 1991-2004 წლებში ქალაქს ტურისტების არნახული ნაკადი მიაწყდა. იზრდება სასტუმროებისა და გასართობი დაწესებულებების რაოდენობაც. აქვე უნდა ითქვას, რომ ბუნებით მშვიდი შვედები ქალაქში ჩასულ დამთვალიერებლებს გულთბილად და სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. სტოკჰოლმს ყოველწლიურად 7,5 მლნ ტურისტი სტუმრობს.
სტოკჰოლმში მომსახურე უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი:
- ერიქსონი — 8,430
- Posten — 4,710
- Skandinaviska Enskilda Banken (SEB) — 4,240
- Swedbank — 3,610
- Södersjukhuset (სამხრეთ საავადმყოფო) — 3,610
- Nordea — 2,820
- Handelsbanken — 2,800
- IBM Svenska — 2,640
- Capgemini — 2,500
- Securitas — 2,360
- Connex — 2,300
- ISS Facility Services — 2,000
- Sveriges Television (სახალხო ტელევიზია) — 1,880
- Sodexho — 1,580
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობა
სტოკჰოლმი მდებარეობს შვედეთის აღმოსავლეთით, ზღვის ნაპირზე, სადაც მალარენის ტბა უერთდება ბალტიის ზღვას. ქალაქის ცენტრალური ნაწილები შეიცავს 14 კუნძულს. გეოგრაფიული ქალაქის ცენტრი ფაქტობრივად განლაგებულია წყალზე.
კლიმატი
სტოკჰოლმი გამოირჩევა ნესტიანი კონტინენტური კლიმატით. დეკემბერში აქ დღის ხანგრძლივობა 6 საათია, ივნისის ბოლოს კი დღის ხანგრძლივობა 18 საათს აღწევს.[2]
სტოკჰოლმში არის სასიამოვნოდ თბილი, ზოგჯერ კი ძალიან ცხელი ზაფხული. ზამთრის საღამოები კომფორტულად ცივია, ცა კი ხშირად ღრუბლიანი. გაზაფხული აქ ზოგჯერ გრილია, ზოგჯერ – თბილი. ივლისის ყოველდღიური საშუალო ტემპერატურა 18 °C-ია (64 °F), ხოლო იანვრის -3 °C (27 °F).
ყოველწლიურად აქ მოდის 539 მმ (21.2 დიუმი) ნალექი ნათელი თავსხმით, მაგრამ ზამთარი რამდენადმე მშრალია, ვიდრე სხვა სეზონები. თოვა შეიძლება გაგრძელდეს ნოემბრიდან აპრილის დასასრულამდე.
წლიური ამინდი — Stockholm | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
საშუალო მაღალი °C (°F) | -1 (30) | -1 (30) | 3 (37) | 9 (48) | 16 (61) | 21 (70) | 22 (72) | 20 (68) | 15 (59) | 10 (50) | 5 (41) | 1 (34) | 10 (50) |
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | -5 (23) | -5 (23) | -3 (27) | 1 (34) | 6 (43) | 11 (52) | 13 (55) | 13 (55) | 9 (48) | 5 (41) | 1 (34) | -3 (27) | 2 (36) |
ნალექი მმ (დუიმი) | 39 (1.5) | 27 (1.1) | 26 (1) | 30 (1.2) | 30 (1.2) | 45 (1.8) | 72 (2.8) | 66 (2.6) | 55 (2.2) | 50 (2) | 53 (2.1) | 46 (1.8) | 539 (21,2) |
წყარო: მსოფლიოს ამინდის ინფორმაციის სერვისი [3] 2008-01-06 |
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში 1950 წლიდან მოქმედებს სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი და სამ ხაზზე 100 სადგურს მოითვლის. ლიანდაგების საერთო სიგრძე კი 105,7 კილომეტრია. ქალაქში არის სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტრამვაის ხაზი, ასევე საგარეუბნო რკინიგზის სამი სისტემა, რომელთაგან ერთ-ერთი ვიწროზოლოვანია (891მმ). მოქმედებს საავტობუსო და სამდინარო ტრანსპორტი.
სტოკჰოლმიდან ჩრდილოეთით, 42 კილომეტრში, განთავსებულია სტოკჰოლმ-არლანდის საერთაშორისო აეროპორტი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტოკჰოლმის რეგიონში შვედების 20 პროცენტი ცხოვრობს და მთელი ქვეყნის მშპ-ის 25 % იწარმოება.
გეოგრაფიული დასახელება სტოკჰოლმი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. XIX საუკუნის დამდეგს სტოკჰოლმი ოფიციალურად სამი რაიონისგან შედგებოდა, რომელთაც ამჟამად ქალაქის ცენტრალური უბნები ეწოდებათ. მომდევნო ათწლეულებში სტოკჰოლმად უკვე სხვა უბნებიც იწოდებოდა. 1913 წელს ქალაქში 25 ათასი მცხოვრები იყო. ქალაქის პირველი მკვეთრი საზღვრები 1971 წელს მოიხაზა და Hansta-ს უბანი შეიერთა, 1982 წელს ქალაქს თანამგზავრი Sollentuna-ს უბანი შეერწყა და მას მერე საზღვრები აღარ შეცვლილა.
ქალაქის 765 ათასი მოსახლიდან 370 ათასი მამაკაცია, 394 ათასი კი ქალი (2004). ქალაქის მოსახლეობის საშუალო ასაკი 39,8 წელია, მოსახლეობის 40,0 % 20-დან 44 წლამდეა. მოსახლეობის დაახლოებით 40 % ქორწინებაში არ იმყოფება.
წელი | სტოკჰოლმი | შვედეთი | % ქვეყნის მოსახლეობის პროცენტულობა ქალაქში |
---|---|---|---|
1750 | 60,018 | 1,780,678 | 3.4 |
1800 | 75,517 | 2,347,303 | 3.2 |
1850 | 93,070 | 3,482,541 | 2.7 |
1900 | 300,624 | 5,136,441 | 5.9 |
1910 | 342,323 | 5,522 403 | 6.2 |
1920 | 419,440 | 5,904,489 | 7.1 |
1930 | 502,213 | 6,142,191 | 8.2 |
1940 | 590,503 | 6,371,432 | 9.3 |
1950 | 744,143 | 7,041,829 | 10.6 |
1960 | 808,294 | 7,500,161 | 10.8 |
1970 | 740,486 | 8,091,782 | 9.2 |
1980 | 647,214 | 8,317,937 | 7.8 |
1985 | 659,030 | 8,358,139 | 7.9 |
1990 | 674,452 | 8,590,630 | 7.9 |
1995 | 711,119 | 8,837,496 | 8.0 |
2000 | 750,348 | 8,882,792 | 8.4 |
2005 | 771,038 | 9,047,752 | 8.5 |
2007 | 788,269 | 9,127,058 | 8.6 |
2009 | 829,417 | 9,263,872 |
2000 წლისთვის, სტოკჰოლმის ზონა 11 მუნიციპალიტეტად იყოფოდა (Stockholm Municipality 750,000 inh.; Huddinge 82,891; Järfälla 60,254; Solna 56,605; Sollentuna 53,715; Botkyrka 48,268; Haninge 40,151; Tyresö 36,483; Sundbyberg 33,868; Nacka 25,170; Danderyd 24,600) და სულ 1 200 000 მოსახლეს მოითვლიდა. სტოკჰოლმის მთელი აგლომერაცია 26 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, რომელთა მოსახლეობა 1 900 000 ადამიანია.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსხვილი უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო ცენტრები სტოკჰოლმში XVIII საუკუნეში დაფუძნდა. აქ სხვადასხვა სფეროს მეცნიერთა კვლევებთან ერთად მიმდინარეობდა სწავლება ისეთ განსხვავებულ დისციპლინებში, როგორიცაა მედიცინა და ასტრონომია. დაარსდა სტოკჰოლმის ობსერვატორია. სამედიცინო დარგის სწავლება ძირითადად სამეფო ინსტიტუტში (Karolinska Institutet) იყო კონცენტრირებული.
სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1827 წელს დაარსდა. ხსენებული დაწესებულება სკანდინავიის მასშტაბით დღემდე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. აქ 13 000-მდე სტუდენტი სწავლობს. სტოკჰოლმის უნივერსიტეტი 1878 წელს შეიქმნა, თუმცა, სრულფასოვანი უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი მხოლოდ 1960 წელს მიენიჭა. 2004 წელს უნივერსიტეტში 35 000 სტუდენტი ეუფლებოდა სხვადასხვა სპეციალობას. ქვეყანაში შექმნილია ისტორიული ინსტიტუტები - საქვეყნოდ ცნობილი შვედეთის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმი და ბოტანიკური ბაღი (Bergianska trädgården). სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა, რომელიც ერთ-ერთი იშვიათი კერძო სასწავლებელია ქვეყანაში, 1909 წელს შეიქმნა.
იქმნებოდა სახვითი ხელოვნების, მუსიკისა და მრავალი სხვა დარგის ინსტიტუტები. უნდა აღინიშნოს, რომ სტოკჰოლმის მუსიკალური კოლეჯი ეროვნული კონსერვატორიის ნაწილად ჩამოყალიბდა. სტოკჰოლმის სამეფო მუსიკალური აკადემია 1771 წელს დაარსდა, ხელოვნების სამეფო უნივერსიტეტი კი 1735 წელს. ეს უკანასკნელი ისტორიულად შვედეთის ხელოვნების სამეფო აკადემიასთან არის დაკავშირებული. ხოლო შვედეთის პანტომიმისა და ჟესტის აკადემია გადაიზარდა სამეფო დრამატულ თეატრში. ამ თეატრში მუშაობდა ცნობილი შვედი მსახიობი გრეტა გარბო. კონსტფაკის დიზაინის სკოლა 1844 წელს შეიქმნა.
ქალაქში კიდევ უამრავი მაღალხარისხიანი უმაღლესი სასწავლებელია. ზოგიერთი მათგანი:
- კარლბერგის სამხედრო აკადემია, მსოფლიოში უძველესი სამხედრო აკადემია, რომელიც კვლავინდებურად პირვანდელ ადგილზე იმყოფება. დაარსებულია 1792 წელს და განთავსებულია კარლბერგის სასახლეში.
- Ersta Sköndal University College
- სტოკჰოლმის თეოლოგიის სკოლა (Teologiska Högskolan, Stockholm)
- შვედეთის სპორტისა და ჯანმრთელობის სკოლა — (Gymnastik- och idrottshögskolan, ან GIH)
- სტოკჰოლმის განათლების ინსტიტუტი (Lärarhögskolan i Stockholm)
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვედეთის დედაქალაქი ზრდასთან ერთად, კულტურის უმრავი მოღვაწის სავანე გახდა. ქალაქში კულტურის რამდენიმე დაწესებულებაა, მათ შორის, მსოფლიო დონის. 1989 წელს სტოკჰოლმი ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტოკჰოლმი, თუკი შეიძლება ასე ითქვას, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამუზეუმო ქალაქია. ქალაქში სულ 70 მუზეუმია, რომელთაც ყოველწლიურად 9 მლნ დამთვალიერებელი ჰყავს. ყველაზე ახალი შვედეთის ეროვნული მუზეუმია, სადაც ხელოვნების ნიმუშების უდიდესი რაოდენობაა თავმოყრილი: 16 000 ტილო და 30 000 ხელით შექმნილი სხვა სახის ნამუშევარი. კოლექციის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს გუსტავ ვასას პერიოდი, ანუ XVI საუკუნე. აქ ნახავთ მსოფლიოში გამოჩენილი ფერმწერების ნამუშევრებს: რემბრანდტის, ანტუან უეტოუს და სხვ.
მუზეუმში ასევე წარმოადგენილია ალექსანდრე როსლინის, ანდერს ზორნის, იუჰან სერგელის, კარლ ლარსონის, კარლ ფრიდრიჰ ჰილის და ერნსტ იუზეფსონის ნამუშევრები.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი Moderna Museet კი სახელს პირდაპირ პასუხობს. აქ ნახავთ სალვადორ დალისა და პაბლო პიკასოს ტილოებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტოკჰოლმში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი პოეტი და კომპოზიტორი კარლ მიხაელ ბერგმანი (1740-1795), დრამატურგი და მხატვარი ავგუსტ სტრინდბერგი (1869-1941). მათი ორიგინალუირი ნამუშევრები დღემდე სტოკჰოლმში ინახება. შვედეთის კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტოკჰოლმელმა ლიტერატორმა ეივუნდ იონსონმა (1900-1976), ასევე პოპულარულმა პოეტმა და კომპოზიტორმა ევერტ ტუუბემ (1890-1976). ნოველისტმა პერ ანდერს ფოგელსტრემმა (1917-1998) სტოკჰოლმში XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე არსებული ცხოვრების შესახებ ისტორიული მოთხრობების სერია შექმნა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ყველაზე ძველ უბნებს Gamla Stan-ს (ძველ ქალაქს) უწოდებენ, რომლებიც გაშენებულია ცენტრში არსებულ მომცრო კუნძულებზე. აქ შეიძლება ის ადგილებიც ინახოს, საიდანაც შუა საუკუნეების შვედეთში სტოკჰოლმის მშენებლობა იწყებოდა. ცენტრში თავი მოუყრია ისეთ საქვეყნოდ ცნობილ ნაგებობებს, როგორებიცაა: გერმანული ეკლესია (Tyska kyrkan), ასევე მეფე-მთავართა თვალისმომჭრელი სასახლეები: უხუცესთა სახლი, ბონდეს მამული, ტესინთა სასახლე და ოქსენშერნას სასახლე. ქალაქის უძველეს ნაგებობად XIII საუკუნეში აგებული რაინდთა ეკლესიაა მიჩნეული. 1697 წელს გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა სტოკჰოლმის უმთავრესი შუა საუკუნეების სიმაგრე, სამეფო სასახლეს რესტავრაციის შემდეგ ბაროკოს სახე მიეცა.
ქალაქის აქტიურად გაფართოება XV საუკუნეში დაიწყო. სწორედ იმხანად გადააბიჯა სტოკჰოლმმა ძველი ქალაქის საზღვრებს. ინდუსტრიალიზაციის დაწყებისთანავე ქალაქის დაგეგმარება-განაშენიანების სრულიად ახალი, ევროპის დიდი ქალაქებისგან - ვენისა და ბერლინისგან ნასესხები გეგმა განხორციელდა. ამ ხანებში აიგო სამეფო ოპერა, ასევე მდიდრების სასახლეები სტრანდვეგენში.
XX საუკუნის დასაწყისი პატრიოტული განწყობილებით აღინიშნა, მათ შორის, ხუროთმოძღვრებაში. ნაციონალური იდენტობის ძებნისას არქიტექტორები შუასაუკუნოვან შვედურ სტილს აცოცხლებდნენ რენესანსის კვალდაკვალ. ქალაქის ცენტრში რაგნარ ოსტბერგის გეგმით აშენებულ ყველაზე შესამჩნევ ნაგებობად, 1911-1923, სტოკჰოლმის რატუშა გახდა. რატუშა ამჟამად ტურისტულ ობიექტად არის ქცეული.
1930 წელს ასპლუნდის ნოვატორული პროექტით აშენებული საჯარო ბიბლიოთეკა დღესაც ხალხის სამსახურშია. აქვე უნდა ითქვას, ბიბლიოთეკა უფასოა და ნებისმიერ შვედს შეუძლია შესვლა და წიგნის როგორც ადგილზე კითხვა, ასევე ხელზე გამოტანა.
1930-იანი წლები სტოკჰოლმისთვის მოდერნიზმის სტილის გავრცელებით აღინიშნა. ამდროს გააშენეს ახალი საცხოვრებელი უბნები.
1950-იანებში ქალაქის გარეუბნებს მეორე სუნთქვა გაეხსნა, სტოკჰოლმში
მეტროპოლიტენი გაიყვანეს. 1960-იან წლებში უკვე მუშატა კლასის საცხოვრებელი სახლების გარესახის მიხედვის აუცილებლობა გაჩნდა, რაც უბრალო სტოკჰოლმელების გემოვნებას უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა. თუმცა, გარეუბნების რეკონსტრუქციას ცენტრის განვითარება არ შეუფერხებია. გაჩნდა ახალი მოედანი სერგელსტორგი, რომელზეც ხუთი ბიზნეს-კოშკი იქნა განთავსებული.
მოედნის მოსაწყობად 60-იან წლებში ცენტრში მდებარე ბაზარი სრულიად გააქრეს. აქვეა აშენებული საქალაქო თეატრი და შვედეთის ეროვნული ბანკი. ეს ნაგებობები პიტერ ცელსინგმა შექმნა.
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გრონა ლუნდი გასართობი პარკი
-
როზენბადი შვედეთის მთავრობის სახლი
-
ზერგელს ტორგი - მოედანი
-
ღია ცისქვეშა მუზეუმი სკანსენი.
-
კაკნესტორნეტის ტელეანძა, 155 მ, წარმტაცი ხედით.
-
გამლა სტანი; ძველი ქალაქის უბანი
პრესა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტოკჰოლმის დაძმობილებული ქალაქები არიან:
- ტირანა, ალბანეთი
- კიევი, უკრაინა
- კალი, კოლუმბია
- სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა
- სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
- სტამბოლი, თურქეთი
- პოდგორიცა, მონტენეგრო
- რეიკიავიკი, ისლანდია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Stockholm, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- სტოკჰოლმი - ოფიციალური საიტი
- სტოკჰოლმის ტურისტებისთვის დაარქივებული 2009-03-07 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური ტურისტების მეგზური
- სტოკჰოლმის წყარო – ჩველი კულტურული მემკვიდრეობა საიტზე დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Visby Franciscan chronicles
- ↑ დრო და თარიღი, 2006-07-18
- ↑ სტოკჰოლმი ამინდის ინფორმაცია ინგლისური. მსოფლიოს ამინდის ინფორმაციის სერვისი. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2008.
|
|
|