ერებუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ერებუნი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ერებუნი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ძველი ქალაქი
ერებუნი
Էրեբունի

ციხესიმაგრის ნანგრევები, აღდგენილია არქეოლოგიური გათხრების შემდეგ
ქვეყანა სომხეთი
რეგიონი ამიერკავკასია
დაარსდა ძვ. წ. 782
დამაარსებელი არგიშთი I
პირველი ხსენება ძვ. წ. 780
სხვა სახელწოდებები ირფუნი, ირეფუნი
განადგურდა ძვ. წ. 595
განადგურების მიზეზები მიტოვება
გათხრების ადგილი არინ-ბერდი
მოსახლეობა 1 500
კოორდინატები 40°08′26″ ჩ. გ. 44°32′17″ ა. გ. / 40.14056° ჩ. გ. 44.53806° ა. გ. / 40.14056; 44.53806
ერებუნი — სომხეთი
ერებუნი

ერებუნი (ურარტ. URUer-bu-ú-ni, სომხ. Էրեբունի) — ურარტუს უძველესი ქალაქი, რომლის ნანგრევებიც მდებარეობს არინ-ბერდის ბორცვზე, თანამედროვე ერევნის გარეუბანში. ქალაქი დააარსა ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ძვ. წ. 782 წელს. იმასთან დაკავშირებით, რომ ერებუნი მდებარეობს ერევნის მახლობლად და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ეტიმოლოგიური კავშირი „ერებუნსა“ და „ერევანს“ შორის, ერებუნი ხშირად გაიგივებულია ერევანთან. ერევნის დაარსების თარიღად ითვლება ძვ. წ. 782 წელი, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება ქალაქის ადგილას მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის არსებობისა ძვ. წ. IV-III საუკუნეებშიც კი. ჟურნალმა „Forbes“-მა ერებუნი 2012 წელს შეიყვანა მსოფლიოს 9 უძველესი ციხესიმაგრის სიაში[1].

შესწავლის ისტორია

პირველად არინ-ბერდის ბორცვმა სწავლულთა ყურადღება 1894 წელს მიიპყრო, როდესაც რუსმა მეცნიერმა ალექსეი ივანოვსკიმ ბორცვის მიმდებარე სოფელ ჩოლმაქჩის (ამჟამად ერევნის რაიონი ნორ-ნორკი) მცხოვრებისაგან შეიძინა ქვა, რომელზედაც იყო ურარტული ლურსმული დამწერლობა. ადგილობრივმა მკვიდრმა პაპაკ ტერ-ავეტისოვმა განაცხადა, რომ ეს ქვა მან 1879 წელს არინ-ბერდის ბორცვზე იპოვა. სურათი და პირველადი თარგმანი მალევე გამოაქვეყნა მიხაილ ნიკოლსკიმ[2]. წარწერა გვამცნობდა, რომ ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ამ ადგილას ააშენა ხორბლის საცავი „10 100 მინის ტევადობით“. მიუხედავად ამისა, ბორცვი არქეოლოგების მიერ უყურადღებოდ იყო დატოვებული, მხოლოდ 1947 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბორის პიოტროვსკის ხელმძღვანელობით, რომელიც დაკავებული იყო ერევანში კარმირ-ბლურის გათხრებით, ბორცვზე დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა. 1950 წელს ამავე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბორცვზე სისტემატური არქეოლოგიური გათხრები დაიწყო[3].

ურარტული ერებუნის გაიგივება არინ-ბერდის ნანგრევებთან

1950 წლის 25 ოქტომბერს დაზვერვითი სამუშაოების დროს, სომეხმა მეცნიერმა კონსტანტინე ოვანესიანმა ორი ლურსმული დამწერლობით დაფარული ბაზალტის ქვა აღმოაჩინა. ერთ-ერთი ქვა გვამცნობდა ურარტუს მეფის სარდურ II-ის მიერ ხორბლის საცავის მშენებლობის შესახებ, ხოლო მეორე იტყობინებოდა არგიშთი I-ის მიერ ციხესიმაგრე ერებუნის მშენებლობის შესახებ. ამ აღმოჩენების შესახებ წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ არინ-ბერდის ნანგრევები მალავდა ერებუნის უძველეს ნანგრევებს. 1952 წლიდან გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ამჟამად ორი არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებდა: სომხეთის სსრ-ის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი და პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. ორივე ექსპედიციას ბორის პიოტროვსკი ხელმძღვანელობდა. იმის გამო, რომ თეიშებაინში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს უამრავი ნივთი წარწერით „ერებუნი“, გარკვეული პერიოდი დაისვა საკითხი, მდებარეობდა თუ არა ერებუნი არინ-ბერდის ბორცვზე. არსებობდა ვარაუდი, რომ ფილა, რომელიც აღმოაჩინა ოჰანესიანმა, შემთხვევით მოხვდა არინ-ბერდში. რვა წლის შემდეგ, 1958 წელს, საბოლოოდ გაფანტეს ეჭვი და ჰიპოთეზამ მიიღო საბოლოო სახე: არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს კიდევ ერთი ხელუხლებელი ფილა არგიშთი I-ის წარწერით, რომელიც ჩატანებული იყო უძველეს კედელში. ამ ფაქტის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა ერებუნის მდებარეობა არინ-ბერდის ბორცვზე[3][4].

ურარტუს მეფე არგიშთი I-ის კუთვნილი წარწერები, აღმოჩენილი ერებუნში
აღმოჩენილია 1950 წელს აღმოჩენილია 1958 წელს
(ინახება ერებუნის მუზეუმში ერევანში)
წარწერის თარგმანი: უდიდესი ღვთაება ხალდი არგიშთი, მენუას ძემ, ეს უძლიერესი ციხესიმაგრე ააშენა; უწოდეს მას სახელი ერებუნი ბიაინილის ქვეყნის ძლიერებისათვის და მტრების დასაშინებლად. მიწა იყო გაუკაცრიელებული, ძლიერი საქმე აქ დავასრულე. დიადი ღმერთი ხალდი არგიშთი, მენუას ძე, ძლიერი მეფე, ბიაინილის ქვეყნის მეფე, ქალაქ ტუშფის მმართველი.[5].

ერებუნისა და ერევნის ურთიერთკავშირის საკითხი

სახელწოდების წაკითხვა ასევე დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა მკვლევართა ეჭვს. თავდაპირველად ურარტული ქალაქის სახელწოდებას კითხულობდნენ, როგორც ირფუნი, ირეფუნი და კიდევ როგორც საბუნი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადგინდა, რომ ნაწილი საგნებისა გადაიტანეს თეიშებაინში, ასევე რაც თეიშებაინში აღმოაჩინეს მეფე არგიშთი I-ის ფარი წარწერით „ერებუნი“, საბოლოოდ დადგინდა ქალაქის სახელწოდება. სახელწოდების დადგენის თანავე გ. კაპანციანმა პოპულარულ გამოცემაში გამოთქვა პირველი ვარაუდი ერებუნისა და ერევნის სახელწოდებების ეტიმოლოგიური მსგავსების შესახებ[6]. 1959 წელს აკადემიკოსმა პიოტროვსკიმ გამოთქვა ფრთხლი ვარაუდი:

ვიკიციტატა
„არ არის გამორიცხული, რომ სომხეთის სსრ-ის დედაქალაქის სახელწოდებაში აგრძელებდეს ცხოვრებას ურარტული ქალაქის სახელწოდება ერებუნი...[7]

თანამედროვე ისტორიკოსები ემხრობიან უფრო მეტად გარკვეულ პოზიციას და თვლიან, რომ ეტიმოლოგიური კავშირი ერევანსა და ერებუნს შორის მიღებულია[8][9][10][11][12] [13].

არქეოლოგიური გათხრების სხვა შედეგები

1950 წლიდან ბორცვზე მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა, მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა დააფიქსირა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ურარტუს სამეფოს ისტორიის შესწავლის საქმეში. ბორცვზე საერთო ჯამში აღმოაჩინეს 23 ქვის ფილა ლურსმული დამწერლობით, რომლებიც ეკუთვნოდა ურარტუს მეფეებს არგიშთი I-ს, სარდურ II-სა და რუსა III-ს. მატერიალური კულტურის ძეგლები ბორცვზე მცირეა აღმოჩენილი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში ურარტელებმა უომრად დატოვეს ერებუნი და ყველა ღირებული ნივთი მეზობელ თეიშებაინში გადაიტანეს[14].

ერებუნის ისტორია

ქალაქის დაარსება

როგორც არგიშთი I-ის წარწერის მიხედვით ირკვევა ქალაქი დაარსებულია ძვ. წ. 782 წელს. ამ პერიოდში ურარტუს სამეფო თავისი აყვავების პერიოდში იყო და დასავლეთი აზიის უძლიერეს სახელმწიფო ითვლებოდა. არგიშთი I ფიქრობდა თავისი ქვეყნის საზღვრების გაფართოებაზე და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. არარატის ველი ხელოვნური მორწყვის სისტემით ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ამიტომ ეს ტერიტორია ბუნებრივია მიმზიდველი იყო ურარტუელთა მმართველი წრეებისათვის. ადგილობრივმა მოსახლეობამ (წარწერების მიხედვით ასას ქვეყანა) ურარტელებს გაუწია წინააღმდეგობა და არგიშთი I-მა მომავალი ექსპანსიის უკეთ წარმართვის მიზნით დააარსა ახალი ციხესიმაგრე ერებუნი.

ამონაწერი არგიშთი I-ის „ჰორჰორის ქრონიკიდან“, რომელიც მოგვითხრობს ერებუნის დაარსების შესახებ
წარწერა აღმოჩენილია XIX საუკუნის ბოლოს ვანის კლდეში, ტუშფაში. წარწერა დაზიანებულია პირველი მსოფლიო ომის დროს ჭურვებით.
ამონაწერის თარგმანი: უდიდესი ღმერთი ხალდი, გავემართე მე სალაშქროდ ხათის ქვეყანაში[15] … … … ხალდის ბრძანებით არგიშთი, მენუას ძე, ამბობს: ქალაქი ირფუნი მე ავაშენე ბაიაინლის ქვეყნის ძლირებისათვის და მტრების დასამორჩილებლად. მიწა იყო უდაბური; იქ არაფერი არ ყოფილა აშენებული. ძლიერი საქმეები მე აქ დავამთავრე. 6 600 მეომარი მე იქ გადმოვასახლე ხათისა და ცუფანის ქვეყნიდან[16][17].

ეროვნული შემადგენლობა და რელიგია

არგიშთი I თავის წარწერაში საუბრობს ხათის ქვეყნიდან ტომების გადმოსახლების შესახებ[16]. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტაძარში, რომელიც მდებარეობს ციხესიმაგრეში (ე. წ. „სუსის“ ტაძარი), აღმოჩენილია არგიშთის ერთი გამორჩეული წარწერა, რომელიც მოიხსენიებს ღმერთ „ივარშას“, რომელიც სხვა ურარტულ წარწერებში არ გვხვდება.

„სუსის“ ტაძრის წარწერა
აღმოჩენილია 1956 წლს.
წარწერის თარგმანი: ღმერთი ივარაშას სუსის ეს სახლი არგიშთიმ, მენუას ძემ, ააშენა. არგიშთი ამბობს: მიწა იყო მიტოვებული, არაფერი აქ არ ყოფილა აშენებული. არგიშთი, ძლევამოსილი მეფე, უდიდესი მეფე, ბაიაინლის ქვეყნის მეფე, ტუშფის-ქალაქის მმართველი[16].

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა წამოაყენეს ვარაუდი, რომ ღმერთი „ივარაშა“ არის ხეთურ-ლივიური წარმოშობის ღმერთი იმარშია, რომელიც მოიხსენიება ბოღაზქოის არქივის ხეთურ წარწერებში, ხოლო „სუსის“ ტაძარი ააშენეს ხათისა[16] და ცუფანის[18] ქვეყნებიდან გადმოსახლებული მოსახლეობისათვის. ამ არგუმენტის გასამყარებლად არსებული მონაცემების ნაკლებობის გამო წარმოიშვა ახალი თეორიები. ერთ-ერთი ასეთი თეორიის თანახმად „სუსის“ ტაძარი ააშენეს ადგილობრივი მოსახლეობისათვს, რომელსაც ურარტული წყაროები ასას უწოდებენ[19]. მიუხედავად იმისა, რომ იავარაშას საკითხი კვლავ ღიად რჩება, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ერებუნის მოსახლეობა მრავალეროვნული იყო[3][19][20].

ციხესიმაგრეში ასევე, სავარაუდოდ დაარსების დღიდან მოქმედება ურარტუს მთავარი ღვთაება ხალდის ტაძარი. ამ ტაძარს ეკავა უფრო დიდი მოედანი, ვიდრე „სუსის“ ტაძარს და წარმოადგენდა ერებუნის მთავარ სალოცავს. აქემენიანების მმართველობის პერიოდში ორივე ტაძარი გააფართოვეს და გადააკეთეს სპარსულ სალოცავად. „სუსის“ ტაძარი გადააკეთეს ცეცხლის ტაძრად, ხოლო ხალდის ტაძარი აპადანად[3][21].

ერებუნის სამლოცველო
ურარტული „სუსის“ ტაძრის ნანგრევები და (წინა პლანზე) მოგვიანო სპარსული
ცეცხლის ტაძრის ნაშთები.
ტაძრის შესასვლელის ორივე მხარეს შემონახულია არგიშთი I-ის
ურარტული წარწერები.
ღმერთ ხალდის ტაძრის აღდგენილი კედელი კედლის მხატვრობით. წინა პლანზე
სპარსული აპადანის ნაშთები.

ერებუნის აყვავება (ძვ. წ. 782-735)

ერებუნის დაარსებას ჰქონდა თავისი მიზნები: ურარტელები წარმატებით დასახლდნენ არარატის ველზე. პირველი ექვსი წელი ერებუნი ერთადერთ ურარტულ ქალაქად რჩებოდა არარატის ველზე, ხოლო ძვ. წ. 776 წელს არგიშთიმ დააარსა არგიშთიხინილი, კიდევ ერთი მსხვილი ურარტული დასახლება დღევანდელი არმავირის მახლობლად. არგიშთიხინილის აშენებით დემონსტრირება გაუკეთეს იმას, რომ ეს ქალაქები შენდებოდა არა სამხედრო, არამედ ეკონომიკური მიზნებისათვის. ერებუნის დაარსებიდან ექვს წელიწადში დაარსებულმა კიდევ ერთმა ქალაქმა, ეკონომიკური სარგებელი მოუტანა არარატის ველზე დაფუძნებულ ურარტელებს. სარწყავმა არხებმა, რომელიც არგიშთი I-მა გაიყვანა, არარატის ველი გახადა უფრო მეტად მოსავლიანი. ძვ. წ. 782-735 წლებში, არგიშთი I-ისა და მისი შვილის, სარდურ II-ის მეფობის პერიოდში ერებუნში რამდენიმე ხორბლის საცავი აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ არგიშთიხინილის მშენებლობა იყო ასევე მასშტაბური, ერებუნმა რეგიონში თავისი სამხედრო ძალა ისევ შეინარჩუნა.

ლურსმული წარწერები ერებუნიდან, რომლებიც მოგვითხრობენ ხორბლის საცავის მშენებლობაზე
წარწერები აღმოაჩინეს 1967-1968 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დაცულია ერევანში, ერებუნის მუზეუმში.
წარწერების თარგმანი:არგიშთიმ, მენუას ძემ, შეავსო ეს საწყობი; აქ არის 10 100 მინა[22]. წარწერების თარგმანი: უდიდესი ღმერთი ხალდი. სარდურმა, არგიშთის ძემ, ეს საწყობი შეავსო; აქ არის 10 100 მინა[22].

ერებუნის დაქვეითება (ძვ. წ. 735-600)

ურარტუს ძლიერების დაცემასთან ერთად დასრულდა ერებუნის დაუჩრდილავი პერიოდიც. ძვ. წ. 735 წელს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-მ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე დაამარცხა სარდური II და დამარცხებულ მტერს ტუშფამდე სდია, თუმცა ტუშფის აღება ვერ მოახერხა. ეს მარცხი ურარტუს ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ძვ. წ. 735 წლიდან ურარტუმ თანდათან დაკარგა თავისი გავლენა რეგიონში, ურარტუს არმია შესუსტდა, დაკარგა რამდენიმე პერიფერიული სამფლობელოც. ამასობაში დიდი საფრთხე გაჩნდა ჩრდილოეთიდან. სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გზით, რუსა I-ის (ძვ. წ. 735-714 წწ.) მეფობის პერიოდში, ძვ. წ. VIII საუკუნის 20-იან წლებში ურარტელებს თავს დაესხნენ კიმერიელთა მეომარი ტომი[23]. ამ ყველაფრის შედეგად ბუნებრივია, არარატის ვაკეზე სოფლის მეურნეობის წყნარი და მშვიდი განვითარება შეწყდა. დაქვეითდა ერებუნისა და არგიშთიხინილის სტატუსიც[24].

მიუხედავად ამისა, ორივე ქალაქი განაგრძობდა არსებობას, ყოველ შემთხვევაში ასურეთის დაცემამდე მაინც (ძვ. წ. 609 წელი) და ურარტუს მეფე ერიმენას (ძვ. წ. 620-605 წწ.) მეფობამდე. რუსა III-ის მეფობის დროს ურარტუს სამეფოს პოზიციები ქვეყნის ყოფილ ცენტრში, ვანის ტბის რაიონში ძალიან შეირყა. ურარტელები იძულებულნი გახდნენ ადმინისტრაციული ცენტრი ამიერკავკასიაში გადაეტანათ. ამ ფაქტმა ახალი სული შთაბერა ერებუნს. შემონახულია წარწერები რუსა III-ის მიერ ახალი საწყობის აშენების შესახებ ერებუნში და არგიშთიხინილში.

რუსა III-ის დროინდელი წარწერა ერებუნში საწყობის მშენებლობის შესახებ
აღმოჩენილია 1968 წელს არინ-ბერდის ბორცვზე. ინახება ერებუნის მუზეუმში, ერევანი, სომხეთი.
წარწერის თარგმანი:რუსამ, ერიმენას შვილმა, ეს ხორბლის საცავი აავსო. აქ არის 6848 მინა ხორბალი[19].

თუმცა მალევე, მოკლე ხნიანი აღორძინების შემდეგ, ურარტუს არმიამ უომრად დატოვა ერებუნი და სრულიად დაუძლურებული ურარტუს დედაქალაქი გახდა ამიერკავკასიის მეორე ურარტული ქალაქი თეიშებაინი[24]. არქეოლოგებმა ერებუნის ვერცერთ არქეოლოგიურ ფენაში ვერ აღმოაჩინეს ხანძრის ან რაიმე სხვა კატასტროფის კვალი. მეორე მხრივ, თეიშებაინში აღმოაჩინეს ბევრი ნივთი, რომელიც ადრე ინახებოდა ერებუნში. ერებუნის ისტორია მთავრდება აქ, ხოლო ძალიან მალევე, მას შემდეგ, რაც დაკარგა ერებუნის მხარდაჭერა, დაეცემა არგიშთიხინილიც[25] მოგვიანებით შეიჭრებიან თეიშებაინში და ურარტუს სამეფო წყვეტს არსებობას.

აქემენიანთა პერიოდი ერებუნის ისტორიაში

არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად ძვ. წ. V-VI საუკუნეებში ციხესიმაგრემ რეკონსტრუქცია განიცადა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ჩნდება სპარსული ტიპის ტაძარი[26]. გარდა ამისა, არქეოლოგებმა აღმოჩინეს ურარტუული პერიოდის შემდგომი პერიოდის ვერცხლის ნივთები, ხოლო 1956 წელს აღმოაჩინეს ძვ. წ. IV საუკუნის ორი მილეტური მონეტა. ასევე, ზედა არქეოლოგიურ ფენებში აღმოჩენილია სავარაუდოდ ირანული წარმოშობის ცხენის რკინის ლაგამი[27]. ეს არქეოლოგიური ნივთები ამტკიცებენ, რომ აქემენიდების ეპოქაში ერებუნი განაგრძობდა არსებობას. ამ პერიოდში, ტერიტორიას სადაც მდებარეობდა ერებუნი, ზოგჯერ „არმენიას“ უწოდებენ, ბერძნული და სპარსული წყაროების მიხედვით იგი შედის აქემენიანთა იმპერიის 13 და 18 სატრაპიებში[28]. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერებუნი ურარტუს დაცემიდან კიდევ ერთი საუკუნე განაგრძობდა არსებობას, როგორც აქემენიდთა დასაყრდენი პუნქტი. ძვ. წ. IV საუკუნის შემდეგ ციხესიმაგრეში საბოლოოდ წყდება ცხოვრება[3][24].

აქემენიდების ეპოქის დროინდელი სასმისები
განძი აღმოჩენილია 1968 წელს არინ-ბერდის ბორცვზე. ინახება ერებუნის მუზეუმში, ერევანი, სომხეთი.
აქემენიანთა პერიოდის ვერცხლის სასმისი რომელიც შეიცავს, ძველბერძნულ და ურარტული ხელოვნების ნიშნებს.[29].

ქალაქის მოწყობა

ქალაქი ერებუნი შედგებოდა მთავარი ციხისაგან (ციტადელი), რომელიც მდებარეობს არინ-ბერდის ბორცვზე და საქალაქო დასახლებებისაგან, რომელიც განთავსებული იყო ბორცვის ძირში. ქალაქის საერთო ფართობი იყო 200 ჰა[30]. გარდა ამისა, არქეოლოგებმა ორ პატარა მიმდებარე ბორცვზე აღმოაჩინეს ურარტული კერამიკის ნაშთები, სავარაუდოდ ეს ბორცვებიც შედიოდნენ ქალაქის შემადგენლობაში[20]. სამწუხაროდ, ძველი ქალაქის შესაძლო ტერიტორიები XX საუკუნეში შევიდნენ ერევნის გარეუბნის შემადგენლობაში და ინტენსიურად განაშენიანდა. არქეოლოგებისთვის ბევრი საიდუმლო სამუდამოდ დაფარული აღმოჩნდა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამიერკავკასიაში მდებარე სხვა ურარტული ქალაქებისაგან განსხვავებით ერებუნში არ იყო მჭიდროდ განლაგებული შენობები, რაც ალბათ მის თავდაპირველ სამხედრო დანიშნულებაზე მეტყველებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერებუნის მდებარეობა განპირობებული იყო სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით: არინ-ბერდის ბორცვიდან კარგად ჩანდა, როგორც არარატის ველი, ასევე რეგიონში გამავალი გზების უმრავლესობა[31].

ციხესიმაგრის მოწყობა

ერებუნის ციხესიმაგრეს ჰქონდა სამკუთხედის ფორმა. ციტადელის საერთო ფართობია 8 ჰა. ციხესიმაგრის საძირკველი აგებულია ბაზალტის ლოდებისაგან. ციხესიმაგრეს ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჰქონდა. აქვე იყო მთავარი კარიბჭეც, სადაც აღმოაჩინეს არგიშთი I-ის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ერებუნის დაარსებაზე[3].

ერებუნის მთავარი ციხის სქემა
ურარტუს პერიოდის სადგომები:
სასახლის ტერიტორია
სასახლის შიდა ეზო
„სუსის“ ტაძარი, აგებული არგიშთი I-ის მიერ ივარშას ღმერთისთვის
„ქვევრების ოთახი“ (მარანი)
ხალდის ტაძარი

აქემენიდების პერიოდის სადგომები:

(ციხესიმაგრის ნაწილმა რეორგანიზაცია განიცადა ძვ. წ. VI—V საუკუნეებში)
აპადანა
ცეცხლის ტაძარი

ციხესიმაგრის ინტერიერი

ციხესიმაგრეში გამოიყოფა სასახლის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მთავარი შესასვლელიდან მარცხენა მხარეს. სასახლე მდებარეობს ციხესიმაგრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და, სავარაუდოდ, ხშირად გამოიყენებოდა ურარტუს მეფეების მიერ. სასახლის ტერიტორიის მხარეს მდებარეობს „სუსის“ ტაძარი, ღია ეზოთი და სამეურნეო ნაგებობებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქვევრებით სავსე ორი მარანი.

მთავარი კარიბჭის მარჯვნივ მდებარეობს ციხესიმაგრის შიდა ეზო ზომოთ 14×17 მ., რომელსაც ესაზღვრება ხალდის ტაძარი. ტაძრის შემადგენლობაში შედის კოლნადები და მრავალდონიანი კოშკისებური ნაგებობები, რომლებიც ჰგავდა პატარა ზიკურათებს. ციხესიმაგრის სხვა სექციებში მდებარეობს ხორბლის საწყობი, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ადგილები, ასევე ციხესიმაგრის დამცველი გარნიზონის საცხოვრებელი ოთახები. ისევე როგორც სხვა ურარტულ ქალაქებში, ერებუნშიც გვხვდება ღვინის მარნები, რომელთაგან უდიდესის ზომებია 13×38 მ და მოიცავდა 100 ქვევრს. ღვინის მარნების სერთო ტევადობა ერებუნში სხვადასხვა მონაცემებით შეადგენს 750-1750 ლიტრს[32].

აქემენიდურ პერიოდში „სუსის“ ტაძარი და ხალდის ტაძარი გადააკეთეს სპარსულ ყაიდაზე. სუსის ტაძრის ადგილზე „ცეცხლის ტაძარი“ ფუნქციონირებდა, ხოლო ხალდის ტაძარი „აპადანის“ ფუნქციას ასრულებდა. ასე უწოდეს არქეოლოგებმა სპარსულ ტაძრებს სუზის და პერსეპოლისის ნაგებობების მსგავსად[33].

ციხესიმაგრის არქიტექტურა

ციხესიმაგრის გარე კედლები შედგება ბაზალტის ქვებისაგან (ზოგან ფუნდამენტში გამოყენებულია ტუფი). კედლის გასამაგრებლად ყოველ რვა მეტრში გამოყენებულია ხუთი მეტრის სიგანის საყრდენები. ზოგან კედლის სიმაღლე 12 მეტრს აღწევს. ქვებისა და ალიზის შესაკავშირებლად გამოყენებულია თიხის დუღაბი. ციხესიმაგრეს გარეთა მხრიდან ფუნდამენტის უკეთ გასამაგრებლად გამოყენებულია დამატებითი კედლის წყობა.

ერებუნის ციხესიმაგრის კედლები
გარე კედელი საყრდენებით. ფუნდამენტის გამაგრება სამხრეთ კედელთან. კედლის სტრუქტურა: ქვის კედელი და მასზე აგებული ალიზის კედელი.

კედლის ფუნდამენტს არ აქვს გაფართოებები, ისე როგორც მოგვიანო ურარტულ ნაგებობებს, მაგალითად, თეიშებაინს. აგურები დამზადებული იყო თიხისაგან და გასამაგრებლად დამატებული ჰქონდა წვრილად დაჭრილი ნამჯა, სხვა ურარტული და მესოპოტამიური ნაგებობების მსგავსად. აგურის წყობა საგულდაგულოდა გაკეთებული. ამისათვის გამოყენებულია ორი ზომის აგური: მართკუთხედი 32,3×47,4×12,5 სმ და კვადრატული 47,4×47,4×12,5 სმ. წყობაში გამოყენებულია თიხის დუღაბი. კედლები შელესილია ნამჯა შერეული თიხით[3].

იატაკი ძირითადად ქვის საფუძველზეა აგებული, ზოგან დაგებულია 8-9 სმ სისქის თიხა, ხოლო თიხაზე დაგებულია აგურის წყობა, რომლის ზემოდან შეიმჩნევა ხის წყობა. იატაკის წყობა ჰგავს თანამედროვე პარკეტს. გადახურვა ხისა ყოფილა, ზოგიერთ შემთხვევაში თაღებისთვის გამოყენებულია აგური.

ერებუნის ციხესიმაგრის არქიტექტუული ელემენტები
არქეოლოგიური გათხრების მასალების მიხედვით.
კარის გადახურვა შიდა მხრიდან. დამზადებულია ხის ძელებით. რეკონსტრუქცია არქეოლოგიური მასალების მიხედვით. შიდა გადახურვა: ხის კოჭები, ლელქაშის გადახურვით. რეკონსტრუქცია არქეოლოგიური მასალების მიხედვით. ქვის კიბე.

ტაძრების არქიტექტურა

ხალდის ტაძრის და „სუსის“ ტაძრის არქიტექტურა განსხვავდება ციტადელის არქიტექტურისაგან და თავისებურად ყურადსაღებია.

ღმერთ ხალდის ტაძარი

ერებუნის ღმერთ ხალდის ტაძარი ღირსშესანიშნავია იმით, რომ იგი არის ყველაზე უკეთ შემონახული საკულტო ნაგებობა. იგი ააშენა არგიშთი I-მა, რაზეც მიუთითებს 1968 წელს აღმოჩენილი ფილა ლურსმული დამწერლობით. ტაძარი შედგებოდა ოთხი ნაწილისაგან. დამხმარე ოთახი 7,2 × 7,2 მ, დიდი დარბაზი 7,2 × 37,0 მ, კვადრატული კოშკი კიბით და რუსული П-ს მსგავსი შიდა ეზო. დიდი დარბაზის იატაკი სხვებისაგან განსხვავებული იყო, იგი დამზადებული იყო ხის მასალისაგან, რომელიც გვახსენებს თანამედროვე პარკეტს. ტაძრის შიდა ეზო უნიკალურია ურარტუული შენობების არქიტექტურისათვის, თუმცა ტიპიურია სხვა ძველაღმოსავლური კულტურებისათვის. სასახლის სახურავი 12 კოლონაზე იყო დაყრდნობილი. იატაკის ქვეშ დაგებული იყო რიყის ქვა, განვითარებული იყო საკანალიზაციო სისტემა. კვადრატული კიბიანი კოშკი ჰგავდა მცირე მესოპოტამიურ ზიკურათს[34]. ტაძარი ისეა ორიენტირებული, რომ მისი დიაგონალი მიმართულია აღმოსავლეთის მხარეს, რაც ასევე ეთანხმება მესოპოტამიურ ტრადიციას.

ტაძრის კედლები მოხატული იყო კედლის მხატვრობით, უპირატესად ცისფერ ფონზე. აქემენიდურ ხანაში ტაძრის ნახევარი გამოყენებული იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, ხოლო მეორე ნაწილი ასრულებდა აპადანას ფუნქციას.

„სუსის“ ტაძრის არქიტექტურა

„სუსის“ ტაძარი წარმოადგენს მართკუთხა შენობას, რომლის შიდა ზომებია 5,05 × 8,08 მ, გარე ზომებია 10,00 × 13,45 მ, ფართობი 40 მ² და სავარაუდოდ განკუთვნილი იყო მცირე რაოდენობის ადამიანებისათვის. შენობა ისეა აგებული, რომ დიაგონალი აღმოსავლეთითაა მიმართული, რაც დამახასიათებელია მესოპოტამიის ტაძრებისათვის. ოთახის სიღრმეში განლაგებულია საკურთხეველი. ტაძრის შიდა კედლები მოხატულია. ტაძარს ჰქონდა ერთი კარი, რომლის ორივე მხარეს ჩაყოლებული იყო არგიშთი I-ის ქვის ფილები ლურსმული დამწერლობით. ტაძრის ფუნდამენტი აგებულია მსხვილი და საგულდაგულოდ გათლილი ბლოკებისაგან, ეს ბლოკები უმჯობესია ერებუნის სხვა ნაგებობის ფუნდამენტებს შორის. არქიტექტურულად იგი დაკავშირებულია ვანის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ციხესიმაგრეებთან. ამის გამო მეცნიერები თვლიან, რომ ეს ტაძარი აგებულია ერებუნის არაურარტუელი მოსახლეობისათვის (სავარაუდოდ ხათისა და ცუფანის ქვეყნებიდან გადმოსახლებულთათვის, ან კიდევ აზას ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის). აქემენიდურ პერიოდში ტაძარი გადაკეთებული იყო სპარსულ ცეცხლის ტაძრად[3].

ერებუნის ტაძრების არქიტექტურა
ღმერთ ხალდის ტაძრის წინა ეზოს ფრაგმენტი, რეკონსტრუქცია. ღმერთ ხალდის გამოსახულება ტაძრის კედელზე, რეკონსტრუქცია. „სუსის“ ტაძრის შესასვლელი.

მონუმენტალური მხატვრობა

როგორც ჩანს, იმის წყალობით, რომ ურარტელებმა ერებუნი ომის გარეშე მიატოვეს, ამ ქალაქში ყველაზე უკეთაა შემონახული კედლის მხატვრობა, რომლის კვალიც აღმოჩენილია თითქმის ყველა ურარტულ ქალაქში. პირველი კედლის მხატვრობა აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების პირველივე წელს (1950 წ.), ხალდის ტაძარში. ამის შემდეგ არქეოლოგებმა ჩაატარეს დიდი სამუშაოები და დაიწყეს კედლების მობათქაშება მათი კონსერვაციის მიზნით. კედლის მხატვრობის გადარჩენილი ორიგინალები ინახება სომხეთში, ძირითადად სომხეთის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში. ერებუნის მუზეუმში გამოფენილია ამ მხატვროპის მრავალრიცხოვანი რეკონსტრუქცია და ასლები.

ერებუნის ციხესიმაგრის მონუმენტალური მხატვრობა

ქალაქის წყალმომარაგება

ერებუნის ქვის წყალსადენის ფრაგმენტი

ისევე როგორც სხვა ურარტუულ ციხესიმაგრეებში, ერებუნშიც საგულდაგულოდ და ორგანიზებულადაა დაპროექტებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. ციხესიმაგრის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა მიწისქვეშა, თვითდინებადი, ქვის ერთმანეთთან მიერთებული მრგვალი მილები. მილების გარე დიამეტრი 40 სმ, ხოლო შიდა დიამეტრი 10 სმ იყო. გადაბმის ადგილები ამოლესილი იყო თიხით. წყლის სათავე სავარაუდოდ იყო გარნისის მთებში, რომელიც ერებუნიდან 7 კილომეტრში მდებარეობს[35]. წყალმომარაგების სისტემა იყო საგულდაგულოდ გადამალული და ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ალყის დროს.

ასევე საგულდაგულოდ იყო მოწყობილი ციხესიმაგრის საკანალიზაციო სისტემა. მაგალითად, ციხესიმაგრის მთავარ ეზოში და შიდა ეზოში შემონახული იყო მცირე ჭები წვიმის წყლის გასასვლელად.

სავარაუდოდ წყალმომარაგების ეს სისტემა არ გამოიყენებოდა საქალაქო კვარტლებში, რადგან წყალი არ იყო საკმარისი. ქალაქში ნაპოვნი იყო ქვის კოდები, რომლებიც გამოიყენებოდა დაბინძურებული წყლის ფილტრაციისათვის[36].

ერებუნის მემკვიდრეობა

არინ-ბერდის ბორცვზე მდებარე ერებუნის ციხესიმაგრეს თანამედროვე ერევნის „უძველეს გულს“ უწოდებენ. ერთი მხრივ, ერებუნის ციხესიმაგრე ძვ. წ. VI საუკუნეში მიატოვეს ურარტელებმა, შემდეგ, ძვ. წ. V-IV საუკუნეებში დაიკავეს აქემენიანებმა, ხოლო ძვ. წ. IV საუკუნეში საბოლოოდ მიატოვეს[3][24]. ასევე ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიანთა იმპერიის დაპყრობის შემდეგ ძველი ბერძნული ცენტრი სომხეთში მდებარეობდა თანამედროვე ვაღარშაპატის მახლობლად, ერებუნიდან 20 კილომეტრში[37]. აქედან გამომდინარე, არ არსებობს პირდაპირი კავშირი ერებუნსა და ერევანს შორის, ერევანი პირველად ამ სახელწოდებით მოიხსენიება ახ. წ. 609 წელს (მაგრამ, შესაძლებელია, არსებობდა ძვ. წ. III საუკუნეშიც). მეორე მხრივ, შესაძლებელია იყოს ეტიმოლოგიური კავშირი „ერევანსა“ და „ერებუნს“ შორის, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ გარკვეული კავშირი ერებუნსა და ერევანს შორის[24]. გარდა ამისა, აღსანიშნავია ურარტუს კულტურული გავლენა სომხეთზე და სომხებზე[28][38].

ერებუნი თანამედროვე ეპოქაში

ერებუნის მუზეუმის ფასადი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ერებუნში ამჟამად ყველა არქეოლოგიური სამუშაო დაკონსერვებულია. ციხესიმაგრის ბევრი ობიექტი, მათ შორის ციხესიმაგრისა და ტაძრის ფუნდამენტები, რესტავრირებულია. ხალდის ტაძრის ზოგიერთი ნაწილი, ასევე რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო სათავსო ნაწილობრივ რესტავრირებულია, რათა ნაჩვენები ყოფილიყო ურარტუს დროინდელი მშენებლობის პრინციპი.

ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1968 წელს გაიხსნა ერებუნის მუზეუმი, სადაც თავმოყრილია არქეოლოგიური მასალა ერებუნიდან და მეზობელი თეიშებაინიდან. მეტად ღირებული მასალების ორიგინალები ჩანაცვლებულია ასლებით, ხოლო ორიგინალები შენახულია სომხეთის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში ან მათ საცავებში.

მოპირდაპირე მხარეს, სადაც ურარტუს სამეფოს არსებობის პერიოდში განლაგებული იყო საქალაქო დასახლებები, ჯორჯ სოროსის ფონდის დაფინანსებით 2002 წელს დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელშიც მონაწილეობდნენ სომეხი და დასავლეთის არქეოლოგები.

სიტყვა ერებუნი საკმაოდ პოპულარულია თანამედროვე სომხეთში და ხშირად გამოიყენება კომერციული თვალსაზრისით სავაჭრო ნიშნებზე. ერევნის ერთ-ერთ რაიონს ეწოდება ერებუნი. ამავე სახელწოდებას ატარებს ერევნის ერთ-ერთი აეროპორტი.

2012 წლის აპრილში ჟურნალმა Forbes-მა ერებუნი შეიყვანა მსოფლიოს 9 ყველაზე უძველესი ციხესიმაგრის სიაში[1].

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971
  • Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980.
  • Ходжаш С. И., Трухтанова Н. С., Оганесян К. Л. Эребуни. Памятник Урартского зодчества VIII—VI в. до н. э. — М.: Искусство, 1979.
  • Оганесян К. Л. Арин-Берд I, Архитектура Эребуни по материалам раскопок 1950—1959 гг. — Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1961.
  • Крепость Эребуни / Гаркавец А. Н. — Алматы: Баур, 2005 ISBN 5-7667-3603-7.
  • Арутюнян Н. В. Город Эребуни согласно клинописным источникам // Древний Восток. Города и торговля. — Ереван, 1973.
  • Арутюнян Н. В. Оганесян К. Л. Новые урартские надписи из Эребуни // Вестник древней истории. — Москва, 1970. — № 3.
  • Лосева И. М. Новые археологические исследования отряда ГМИИ им. А. С. Пушкина на холме Арин-берд // Советская археология. — Москва, 1958. — № 2.
  • Оганесян К. Л. Раскопки урартского города Эребуни // Советская археология. — 1960. — № 3.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 9 самых древних крепостей мира
  2. Никольский М.В. Клинообразная надпись из Ганли-тапа около Эривани // Древности восточные. — Издательство Московского археологического общества, 1894. — В. II
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Оганесян К. Л. Арин-Берд I, Архитектура Эребуни по материалам раскопок 1950—1959 гг. — Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1961
  4. Пиотровский Б.Б. Ванское царство (Урарту) / Орбели И.А.. — Москва: Издательство Восточной литературы, 1959. — С. 22—23. — 286 с.
  5. ბორის პიოტროვსკის კომპილაცია, მელიქიშვილის წიგნზე დაყრდნობით და Оганесян К. Л. Арин-Берд (Ганли-тапа) — урартская крепость города Ирпуни // Известия академии наук Армянской ССР. — Ереван, 1951. — № 8.
  6. Капанцян Г. Р. Новая клинопись // Коммунист : газета. — Ереван, 1950. — Т. X. — № 4
  7. Пиотровский Б.Б. Ванское царство (Урарту) / Орбели И.А.. — Москва: Издательство Восточной литературы, 1959. — С. 31. — 286 с.
  8. ირანიკა. EREVAN. «Erevan is located on a site that has been occupied for millennia. Today it is generally acknowledged that the name is to be traced to that of an 8th-century B.C.E. Urartian fortress, E/Ir(e)b/puni… Modern Erevan can be said to continue both the name and the history of Erebuni. The identification is confirmed by an Urartian cuneiform inscription found in September 1950 on the mound Arin-Berd (i.e., Ganli Tappa) on the southeastern edge of Erevan »
  9. Richard G. Hovannisian:The Armenian People from Ancient to Modern Times «In the eighth century B.C.. the fortress-cities of Teishebaini (Armenian Karmir Blur) and Erebuni (Arin Berd) were established, in what is now Erevan, by King Argishti II.»
  10. Robert H. Hewsen. Armenia: A Historical Atlas — University of Chicago Press, 2001. — 341 p. — ISBN 0226332284, ISBN 9780226332284. Стр. 27. «The study of Urartian historical geography, while perhaps no longer in its infancy, is still in its early stages. Although some toponyms can be identified with certainty (e.g., Tuspa = Van; Erebuni = Erevan), most of them, including some important districts, cannot be located with any degree of exactness, a fact not readily apparent on many maps.»
  11. Britannica. Yerevan. «Though first historically recorded in 607 ce, Yerevan dates by archaeological evidence to a settlement on the site in the 6th-3rd millennia bce and subsequently to the fortress of Yerbuni in 783 bce. From the 6th century bce it formed part of the Armenian kingdom.»
  12. J.R.Russel. Armeno-Iranica. // Papers in honour of Professor Mary Boyce / Red.: Jacques Duchesne-Guillemin: encyclopédie permanente des études iraniennes, Vol. 1. Brill Archive, 1985. ISBN 906831002X, 9789068310023. P. 454 «Erevan, named after the ancient Urartean fortress of Erebuni»
  13. Paul Zimansky. Urartian and the Urartians // Sharon R. Steadman, Gregory McMahon. The Oxford handbook of ancient Anatolia (10,000-323 BCE). Oxford University Press, 2011. ISBN 0195376145, 9780195376142. P. 557. « All but a few Urartian sites were abandoned, and only rarely do place-names in Urartian texts carry over into later eras, Erevan from Erebuni being one notable exception.»
  14. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — 144 с.
  15. Дьяконов И.М. Предыстория армянского народа. История Армянского нагорья с 1500 по 500 г. до н.э. Хурриты, лувийцы, протоармяне / Еремян С. Т. — Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1968. — С. 233. — 266 с. — 1000 экз. и Дьяконов И.М. Малая Азия и Армения около 600 г. до н.э. и северные походы вавилонских царей // Вестник древней истории. — Москва: Наука, 1981. — № 2. — С. 34—63
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 გიორგი მელიქიშვილის თარგმანი წიგნიდან: Г. А. Меликишвили, УРАРТСКИЕ КЛИНООБРАЗНЫЕ НАДПИСИ
  17. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971, გვ., 427
  18. Меликишвили Г. А. К вопросу о хетто-цупаннийских переселенцах в Урарту // Вестник древней истории. — Москва, 1958. — № 2.
  19. 19.0 19.1 19.2 Арутюнян Н. В. Биайнили (Урарту). — Ереван: Издательство Академии наук Армянской ССР, 1970
  20. 20.0 20.1 Лосева И. М. Раскопки цитадели урартского города Ирпуни // Краткие сообщения Института истории материальной культуры. — Москва, 1955. — № 58.
  21. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — С. 91—113. — 144 с.
  22. 22.0 22.1 Арутюнян Н. В. Оганесян К. Л. Новые урартские надписи из Эребуни // Вестник древней истории. — Москва, 1970. — № 3.
  23. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971, გვ., 422
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 Пиотровский Б.Б. Ванское царство (Урарту) / Орбели И.А.. — Москва: Издательство Восточной литературы, 1959. — 286 с.
  25. Мартиросян А. А. Аргиштихинили. — Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1974.
  26. Оганесян К. Л. Раскопки урартского города Эребуни // Советская археология. — 1960. — № 3.
  27. Лосева И. М. Новые археологические исследования отряда ГМИИ им. А. С. Пушкина на холме Арин-берд // Советская археология. — Москва, 1958. — № 2.
  28. 28.0 28.1 ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971, გვ., 436
  29. Аракелян Б. Н. Клад серебряных изделий из Эребуни // Советская археология. — 1971. — № 1.
  30. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — С. 33. — 144 с.
  31. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — С. 34.
  32. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — С. 16.
  33. James Russell. The Formation of the Armenian Nation // Govannisian R.G. The Armenian People from Ancient to Modern Times. The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century. — New York: University of California, Los Angeles, St. Martin’s Press. — Т. 1. — ISBN 0-312-10169-4.
  34. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — С. 64.
  35. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — С. 125.
  36. Оганесян К.Л. Крепость Эребуни (782 г. до н.э.) / Пиотровский Б.Б.. — Ереван: Айастан, 1980. — С. 125—126.
  37. Ходжаш С. И., Трухтанова Н. С., Оганесян К. Л. Эребуни. Памятник Урартского зодчества VIII—VI в. до н. э. — М.: Искусство, 1979.
  38. Аракелян Б. Н. Клад серебряных изделий из Эребуни // Советская археология. — 1971. — № 1.