ბოლნისი
| ქალაქი
ბოლნისი
|
ბოლნისი — ქალაქი (1967 წლიდან) საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ყორანთის ეკლესია (XIII-XIV სს.). გორა, რომელზედაც ეს ეკლესიაა აგებული, ენეოლითური ხანის ნასახლარის ნაშთებსაც შეიცავს. საყურადღებოა აგრეთვე გვიანდელი ფეოდალური ხანის სატრედოს თაღოვანი ხიდი მდინარე მაშავერაზე. ბოლნისში არის ბოლნისის ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.
სექციების სია |
[რედაქტირება] სიმბოლიკა
[რედაქტირება] დროშა
ბოლნისის დროშა არის მართკუთხა მეწამული ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრში მდებარეობს წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი, ზომით დროშის სიმაღლის 2:3. დროშის პროპორცია არის 2:3[3].
[რედაქტირება] გერბი
ბოლნისის გერბის მეწამულ ფონზე ჩასმულია ვერცხლის წრეში ვერცხლისვე ბოლნური ჯვარი, გერბის ზედა ნაწილში მოთავსებულია ქართული ქალაქური გვირგვინი, ხოლო გერბის ქვედა ნაწილში მრგვლოვანი დამწერლობით დატანილია გერბის დევიზი - ბოლნისი[3].
[რედაქტირება] გეოგრაფია
[რედაქტირება] მდებარეობა
ბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერაs შუა დინებაში, ზღვის დონიდან 550 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან 64 კილომეტრში. რკინიგზის სადგური მარნეულ-კაზრეთის ხაზზე. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. ამჟამად ბოლნისს უკავია ისტორიული სოფლების სატრედოს, ყორანთის და ველკეთილის ტერიტორიები (ეს სოფლები საბარათიანო-საორბელიანოში შედიოდა). ბოლნისი ქალაქს დაერქვა ამ მიდამოებში ძველთაგანვე არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების სახელწოდების მიხედვით.
[რედაქტირება] კლიმატი
საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში ცელსიუსით 12,0 გრადუსს შეადგენს. იანვარში ტემპერატურა 0,3 გრადუსია ცელსიუსით , აგვისტოში — 23,3 °C, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 24 °C, აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა კი 39 °C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს. ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).
[რედაქტირება] მოსახლეობა
1968 წლის მონაცემებით ბოლნისში ცხოვრობდა 16,3 ათასი მოსახლე,[4], 1989 წლის სსრკ-ს მოსახლეობის აღწერით ქალაქში 15 047 ადამიანი ცხოვრობდა[5]. საქართველოს მსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებით ბოლნისში 13,8 ათასი ადამიანი ცხოვრობს.[6]
[რედაქტირება] გერმანელები
1818 წელს სოფელ რატევნის მახლობლად შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ჩამოასახლეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოლნისის ისტორიაში. გერმანელების დასახლებას ჯერ კატარინენფელდი ერქვა, ხოლო საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ კოლონიას საბჭოელი კომუნისტის, როზა ლუქსემბურგის სახელი დაარქვეს. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე, რომელიც არ იყო დაქორწინებული ქართველზე, ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს.[7] ბოლნისის ქუჩას, სადაც გერმანელები ცხოვრობდნენ, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ის პირვანდელ სახეს მიიღებს[8]
[რედაქტირება] ბოლნისის წარწერები
ბოლნისის წარწერები ბოლნისის სიონის სამი წარწერა - ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი. ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთ კედელზე, საკურთხეველი სარკმლის თავზე, გარედან, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო, და ასე იკითხება: ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე ი ი.
უკანასკნელი ასოების (ი ი) მნიშვნელობა „იყავნ იყავნ“ გაარკვია აკად. კორნელი კეკელიძემ. დავით ეპისკოპოსის მოღვაწეობის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების მიხედვით, აკად. ივ. ჯავახიშვილმა წარწერა V საუკუნის დამლევითა და VI საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. ეს ვარაუდი დააზუსტა 1937 წელს გათხრების დროს აღმოჩენილმა ოთხსტრიქონიანმა წარწერამაც. იგი მოთავსებული ყოფილა ჩრდილოეთით მარცხენა კარის თავზე გადებულ ქვაზე. ქვა ჩამომტყდარა და ტაძრის კედელს მისი თავი და ბოლოღა ჰქონდა შერჩენილი. წარწერის ოთხივე სტრიქონის დასაწყისი და დასასრული, რომლებიც კედელზეა შერჩენილი (განსაკუთრებით დასაწყისი), ამჟამად თითქმის აღარ იკითხება. უკეთაა შენახული წარწერა ჩამომტყდარი ნაწილი.
[რედაქტირება] რელიგია
[რედაქტირება] ბოლნისის ეპარქია
ბოლნისის ეპარქია არის ქართული ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში.[9] მოიცავს საქართველოს უძველეს ქალაქს - ბოლნისსა და მის მუნიციპალიტეტს.[9] მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები , ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა. [9] უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს.[9] ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. როგორც ჩანს ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V საუკუნში ჩამოყალიბდა.[9]1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო.[9] ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული.[9] 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა - ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა.[9]
[რედაქტირება] ბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონი არის უძველესი ქართული ტაძარი, სამნავიანი ბაზილიკა. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფ. ბოლნისში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. [10] ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულია 478-493 წლებში, მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით.[10] ნავები ჯვარისებრი გეგმის ბოძების ხუთი წყვილითაა გამოყოფილი, საკურთხეველს სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს, ნახევარწრიული აფსიდი შვერილია.[10] ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე ღია ტაღოვანი გალერეაა, სამხრეთით - თაღოვანი სტოა და ორაფსიდიანი სანათლავი, რომელსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის ერთადერთი ნიმუშია საქართველოში), შესასვლელების (ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით) თავზე, მძლავრი ჰორიზონტალური ზღუდარების ზემოთ, ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრია შიგნითა თაღებიც.[10] შია ნავი ნახევარცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდელი გადახურვა XVII საუკუნისაა), გვერდის ნავები - ნახევარკამარებით, სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს. [10]
[რედაქტირება] სპორტი
[რედაქტირება] საფეხბურთო კლუბი „სიონი“
საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი დაარსდა 1936 წელს. ხოლო უმაღლეს ლიგაში გამოდის 1995 წლიდან. იგი საშუალო დონის ქართული კლუბია,რომლის მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა. საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან გამოდის. თავდაპირველად საშუალო დონეზე თამაშობდა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში სიონში ინვესტიციები ჩაიდო და 2003 წელს ბოლნისური კლუბი საქრთველოს თასის ფინალში გავიდა, თუმცა გამოცდილებით და კლასით მაღლა მდგომმა დინამო თბილისმა 3:1 დაამარცხა. 2005-2006 წლის სეზონი ყველაზე წარმატებული გამოდგა ბოლნისური კლუბის ისტორიაში:სიონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.ამ დროს კლუბს კახა ცხადაძე წვრთნიდა.ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა აზერბაიჯანის ბაკი დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა,მაგრამ ბულგარეთი ლევსკისთან ვერაფერს გახდა და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.
[რედაქტირება] თამაზ სტეფანიას სტადიონი
ბოლნისში მდებარეობს თამაზ სტეფანიას სახელობის სპორტული სტადიონი. სტადიონი ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის ბოლნისის სიონის საშინაო მოედანი. იტევს 3,242 მაყურებელს.[11]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს გერბების აღწერილობა, ბოლნისი.
- ↑ Болниси. БСЭ.
- ↑ Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა
- ↑ Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 316. Peeters Bvba, ISBN 90-429-1318-5.
- ↑ GARB – ახლობელი მედია.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 orthodoxy.ge, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006 წელი.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4
- ვ. ბერიძე , ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 454, თბ., 1977 წელი.
- ↑ (ინგლისური) Stadiums in Georgia, World Stadiums.
|
|||||||||||||
|
||||||||