გურიის სამთავრო
გურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, ისტორიული გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა მესეთის ქედს, შავ ზღვას, მდ. რიონსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიოს მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
გურიის სამთავროს დამუკიდებლობა იწყება კახაბერ II გურიელის დროიდან, როცა ის დაუპირისპირდა ერთიანი საქართველოს სამეფოს უკანასნელ მეფეს, გიორგი VIII-ს. ამის შემდეგ გურიის სამთავრო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. 1533 წელს ოდიშის მთავართან ერთად მამია I გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. როსტომ გურიელის (1534-1566) დროს გურიის სამთავროს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი.
XVI საუკუნეში როსტომ გურიელი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა მიიტაცეს გონიოს მხარე და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდნენ. ამის შემდეგ გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რასაც ხელი შუწყო სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. როსტომ გურიელის ძე, გიორგი II გურიელი უკვე ოსმალების დახმარებით ხდება გურიის მთავარი.
XVII საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ძლიერების ხანა იყო. მამია II გურიელმა გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და 1609 აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, 1614 იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და პოლონეთთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში.
XVII საუკუნის II მეოთხედიდან გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. მდგომარეობა გაართულა დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვა. სხვა ქართველ მთვრებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს. ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე-მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.
მომდევნო ხანებში გურიის მთავრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: დემეტრე გურიელი, გიორგი III გურიელი, მამია III გურიელი და გიორგი IV გურიელი ზოგჯერ დადიანობასა და იმერეთში გამეფებასაც კი ახერხებდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის მეფესთან ერთად რუსეთის დახმარების იმედით ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 წელს დასავლეთ საქართველო დაარბიეს. გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები: 1723 წელს გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ.
XVIII საუკუნის შუა წლებში გურიის სამთავრო გაძლერდა მამია IV გურიელის მთავრობის დროს. ის ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. იმერეთში სოლომონ I-ის გამეფების შემდეგ გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის ანტიოსმალურ ღონისძიებაში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ. მამია IV, ასევე მისი მოქიშპე ძმა, გიორგი V გურიელი აქტიურად მონაწილეობდნენ 1768-1774 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1769 გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნი წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა. 1771 იანვარში ლაშქარმა გაანადგურა ფოთის მიდამოებიდან უკანგაბრუნებული ოსმალთა დიდი რაზმი.
ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის სამთავროს მიწა-წყალს და მას ქობულეთის მხარე გამოგლიჯა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში გურია ოსმალთა ბოლომოუღებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1784 წლის მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ ნაჭიშკრევთან დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე 1878-მდე ოსმალეთის ხელში იყო.
შედარებით გაუმჯობესდა გურიის სამთავროს მდგომარეობა ქაიხოსრო ბატონიშვილის რეგენტობის დროს. მან აკრძალა ტყვის სყიდვა და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. 1804 წელს რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ.
1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური ბაზრობა ნაგომარში, მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სახელმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. იმერეთისა აჯანყების დროს რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა. შემოქმედის ციხესთან მოკლეს რუსთა რაზმის უფროსი, პოლკოვნიკი პუზირევსკი. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით ემიგრაციაში წავიდა. 1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა სამმართველო საბჭოს, რომელსაც სოფიო გურიელი თავმჯდომარეობდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. გურიაში რუსეთის ჯარი შევიდა და 1828 წლის მიწურულს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. დედოფალი სოფიო შვილებით ემიგრაციაში წავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. 1829-1840 წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.
სოციალური წყობა[რედაქტირება]
გურიის სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინოწმინდლო — კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ.
ცენტრი[რედაქტირება]
საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა. XV საუკუნის მე-2 ნახევარში გურიის სამთავროს ჩამოყალიბების შემდეგ გურიელებს რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა.
გურიის მთავრები[რედაქტირება]
გურიის მთავრების ქრონოლოგიური სია:
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
- დუმბაძე მ., გურიის სამთავროს სოციალურ-ეკონომიური ვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30;
- სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან (XIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის დამდეგამდე), იქვე;
- ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან (XVIII საუკუნის 70-80-იანი წლები), «მაცნე», 1964, № 4;
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 314-315, თბ., 1978 წელი.