ოზურგეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოზურგეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ოზურგეთი
Ozurgeti (G.N. 2012).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
კოორდინატები 41°56′ ჩ. გ. 41°59′ ა. გ. / 41.933° ჩ. გ. 41.983° ა. გ. / 41.933; 41.983
ადრეული სახელები მახარაძე (1934-1990)
ქალაქი 1846  წლიდან
ფართობი 30 კმ²
ზღვის დონიდან 50
მოსახლეობა 20 636 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 687 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 94%,
სომხები 4%
რუსები 1,5%
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 496[1]
საფოსტო ინდექსი 3500[2]

ოზურგეთი მდებარეობა საქართველო

Red pog.svg

ოზურგეთი მდებარეობა გურიის მხარე

Red pog.png

ოზურგეთი — ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი, გურიის ისტორიული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები. საავტომობილო გზებით უკავშირდება ურეკს, ჩოხატაურს, ლანჩხუთს, ქობულეთს. სარკინიგზო ხაზით უკავშირდება სადგურ ნატანებს. მანძილი თბილისამდე 321 კმ., ბათუმამდე 60 კმ, ფოთამდე 45 კმ., ზღვის დონიდან 50 მ.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,3°C. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიდინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა და სხვ.). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. ქალაქი რამდენიმე უბნად იყოფა: ცენტრის უბანი, ბასრა, ზვანი, ექადია, ანასეული, ლაშე-გაკირული, მოიდანახე, სერი.

ქალაქი სამი ტერასიდან შედგება, ქვედა ტერასაზე ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებია, აქ არის ბაზარი, ისტორიული საპარასკევო, სადაც პარასკეობით ბაზრობები იმართებოდა. შუა ტერასაზე კონცენტრირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, თეატრი, გალერეა, მუზეუმი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების შენობები. ზედა ტერასაზე, ძირითადად, საცხოვრებელი უბნებია (ზვანი, მოიდანახე, სერი). ქალაქის უკიდურეს სამხრეთით არის უბნები, რომლებიც ადრე ცალკე სოფლებს წარმოადგენდნენ და მოგვიანებით გახდნენ ქალაქის ნაწილი ექადია, ხოლო კიდევ უფრო სამხრეთით, გორაკზე ყოფილი დაბა ანასეული.

სახელწოდება[რედაქტირება]

ქალაქის სახელის წარმოშობის ორი გავრცელებული ვერსია არსებობს. მოსე ჯანაშვილის თანახმად, ის წარმოიშვა დასახლების ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე სერების, მოიდანახესა და ექადიას, გამო, რომლებიც ქალაქის ზურგის ფუნქციას ასრულებდნენ (ორ-ზურგ-ეთი). თედო სახოკიას თანახმად ოზურგეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია, სადაც მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი).

სახელწოდება პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში“. ოზურგეთს აგრეთვე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი.[3]

ისტორია[რედაქტირება]

ოზურგეთი 1830-იან წლებში, ნახატი

ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში, იყო გურიის სამთავროს ცენტრი. გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი - ოზურგეთის განძი - ვერცხლის 270 მონეტა.

ოზურგეთი პირველად ნახსენებია ახალი ქართლის ცხოვრებაში XVI საუკუნეში: „მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭია დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“.[4]

ოზურგეთს იხსენიებს ბატონიშვილი ვახუშტი: „ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა“. გურიის უკანასკნელი მთავარმა მამია V გურიელმა ოზურგეთში, სადაც მშვენიერი სასახლე აუშენებია. როცა გურიის სამთავრო გაუქმდა, ეს სასახლე საშინლად გაოხრებული ყოფილა და შეკეთებას საჭიროებდა. დიმიტრი ბაქრაძე წერსდა ,,ოზურგეთი ჰავის მიხედვით გურიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. როგორც ცნობილია, იგი გურიის მთავართა საზამთრო რეზიდენცია იყო. მათი ყოფილი სასახლე ახლა ლაზარეთს უჭირავს“. მამია გურიელის აშენებული სასახლე შემორჩენილი არ არის, მისი ნაშთები შეიწირა კულტურის სახლის მშენებლობამ. შემორჩენილია მხოლოდ სასახლის აბანოები.

ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს დონ ქრისტიფორე დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1628-54 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ კავკასიაში და 7 წელი ცხოვრობდნენ ოზურგეთში.

მეფის რუსეთის დრო[რედაქტირება]

მეცხრამეტე საუკუნის დამდგეს ქალაქის მოსახლეობა იყო 1766 კაცი. ქალაქად გამოცხადდა 1846 წლის 14 დეკემბერს.[5] იმ დროისთვის ოზურგეთი პატარა რარიბი ქალაქი იყო 306 მცხოვრებით. სამაზრო ცენტრის სტატუსმა და სამხედრო დასახლებამ გაზარდა მისი მნიშვნელობა. მოეწყო სამხედრო ჰოსპიტალი და აფთიაქი, ვაჭრობაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით სოფელ დვაბზუდან ოზურგეთში გადაიტანეს ბაზარი. 1848 წელს ოზურგეთში გადაიტანეს ორი წლით ადრე ჯუმათში გახსნილი გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1850 წლის 21 თებერვალს გაიხსნა ოზუგეთის სამაზრო სასწავლებელი. შემდეგ საქალაქო ერთკლასიანი და სამრევლო სკოლა. 1857 წელს ოზურგეთი, როგორც სტრატეგიული პუნქტი, მოიხსენია კარლ მარქსმა თავის სტატიაში „მდგომარეობა რუსეთ-თურქეთის ომში მოქმედებათა ასპარეზზე“.[6] 1865 წლისთვის ოზურგეთის მოსახლეობა შეადგენდა 700 სულს.

ოზურგეთის შესახებ ცნობები აქვს დაცული პრუსიის სამეფოს პრინცს ალბრეხტ ჰოჰენცოლერნს, რომელიც გურიაში მოგზაურობდა 1862 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე. XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ (1833), დიმიტრი ბაქრაძემ (1874), სერგი მესხმა [1878), თედო სახოკიამ (1896) და მარჯორი უორდროპმა. 1870-იან წლებში ოზურგეთი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის განმავლობაში. 1886 წელს ოზურგეთის მოსახლეობა შეადგენდა 1472 სულს.

1896 წელს შემოღებული იქნა ქალაქის თვითმმართველობა, რომელმაც მუშაობა 16 სექტემბერს დაიწყო. მანამდე ქალაქის საქმეებს პოლიცია განაგებდა. ამ დროს ქალაქისმოსახლეობა შეადგენდა 4710 სულს. 1911 წელს მოსახლეობის რაოდენობა 7341 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 1917 წლისთვის — 5174 ადამიანს.

XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ ბაღში მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები. იმავე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის დღესასწაულის „ალეგროს“ აღნიშვნა, რომელიც ტრადიციად იქცა და 1941 წლამდე აღინიშნებოდა.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება]

1923 წლის 26 დეკემბერს ქალაქში შევიდა რკინიგზის ხაზი, რითიც ის დაუკავშირდა სადგურ ნატანებს და ჩაერთო საერთო სარკინიგზო ქსელში. რკინიგზის შეყვანა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქალაქის ისტორიაში. 1926 წელს ქალაში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი მსხვილი საწარმო - აბრეშუმის ძაფ-საღებ საგრეხი ფაბრიკა, მოგვიანებით ამუშავდა ჩაის N1, N2 და ანასეულის ფაბრიკები. ანასეულში 1930 წელს გაიხსნა რესპუბლიკაში ერთადერთი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 30-იან წლებში აშენდა აღმასკომის, სახელმწიფო ბანკის (1935) და სასტუმროს ორსართულიანი შეობები. 1935 წელს ჩამოყალიბდა სიმებიანი ორკესტრი დ. ვახრამოვის ხელმძღვანელობით. 1937 წელს ქალაქის ცენტრში გაშენდა სუბტროპიკული ბაღი.

1934 წელ ქალაქს, ისევე როგორც მთელს რაიონს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა. 1935 წელს ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის დაიდგა 55 კვტ სიმძლავრის თბისადგური, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას. 1937 წელს მისი მოსახლეობა 14 ათასამდე იყო გაზრდილი. 1938 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ქალაქის წყალსადენი, რომელის გათვლილი იყო 1950 წლამდე მუშაობისთვის. მეორე მსოლიო ომის შემდეგ, 1946 წელს დაიწყო ქალაქი კანალიზაციის სამუშაოები. 1949 წელს საბოლოოდ მოგვარდა ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი, მას შემდეგ, რაც მახარაძე ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.

1951-54 წლებში აშენდა რუსულენოვანი სკოლა. 1954 წელს დასრულდა ჩაის ტექნიკუმის მშენებლობა. 1959 წელს დაიწყო ქალაქის გაზიფიცირება. იმავე წელს ამუშავდა სამი მსხვილი საწარმო - ასკანგელის გადამამუშავებელი ქარხანა, ხილის საკონსერვო ქარხანა და ყველ-კარაქის ქარხანა, მოგვიანებით ასევე ლუდისა და რკინა-ბეტონის ქარხნები.

1976-79 წლებში აშენდა 500 საწოლიანი ცენტრალური საავადმყოფო. 1979 წელს ხელახლა ააშენეს ქალაქის სასტუმრო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რკინიგზის სადგურს, აშენდა ცენტრალური ავტოსადგური, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა. 1979 წელს ქალაქის მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა.

1990 წელს ქალაქს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება. 2014 წელს ოზურგეთმა მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და გამოეყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს[7]

მოსახლეობა[რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 18705 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 20 636 კაცი. მათი 94% ქართველია, 4% - სომხები, 1,5% - რუსები. მოსახლეობის 10% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%.[8]

განათლება[რედაქტირება]

ოზურგეთში პირველი სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სამაზრო სასწავლებლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იყვნენ სიმონ გუგუნავა, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი. 1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. „წელს ოზურგეთის სასწავლებელში მისაღებად იმდენი ბავშვი მოგროვდა, რომ მთელი ოზურგეთი გააკვირვა“ — წერდა „დროება“[9]

ვიკიციტატა
„ოთხი სასწავლებელი ემსახურება ამჟამად სწავლა განათლებას ოზურგეთში: სასულიერო ოთხკლასიანი სასწავლებებლი, საქალაქო სასწავლებელი, საქალებო სკოლა და სამრევლო სასაწავლებელი. ყველაზე ხნიერი ამ სასწავლებლებში სასულიერო სასწავლებელია, დაარსდა 1846 წელს. მეორე ადგილი უჭირავს საქალაქო სასწავლებელს, რომელიც სამაზრო სასწავლებლიდან გადაკეთდა“

ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის განკარგულებით XIX საუკუნის დასასრულს სასწავლებელი დაიხურა, რადგან სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობებში. მოგვიანებით სკოლა აღდგა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში სწავლობდნენ სახელოვანი მხედართმთავრები პორფილე ჩანჩიბაძე და კონსტანტინე ლესელიძე, რომელიც საქალაქო სასწავლებელში 1917 წელს ზვანის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა. 1918 წელს ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი გადაკეთდა პირველ დაწყებით სასწავლებლად. 1922 წელს მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდამ აუცილებელი გახადა სკოლის გაყოფა. კლასების ნაწილი ქაიხოსრო გურიელის სასახლიდან თავად გიორგი ნაკაშიძის სახლში გადავიდა. ასე დაარსდა N1 და N2 შვიდწლიანი სკოლები, რომლებიც დღეს N1 და N2 საჯარო სკოლების სახით არსებობენ.

დღეისთვის ქალაქში არის 5 საჯარო სკოლა, 2 სასულიერო გიმნაზია, 9 საბავშვო ბაღი და ერთი სამხატვრო სკოლა. ქალაქის სკოლებში სულ 2855 მოსწავლე სწავლობს და 236 მასწავლებელი ასწავლის.

კულტურა[რედაქტირება]

ოზურგეთში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი უმრავლესობა მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდობის თემატიკაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე, ქალთა, დევნილთა და ინვალიდთა უფლებებზე. ასევე არის სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციები. ოზურგეთში არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალი.

ქალაქში არის ტელეკომპანია „გურია“, რომელიც გურიის მასშტაბით მაუწყებლობს. გამოდის 4 გაზეთი, რომლებიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, (ნაწილობრივ კი მთელი მხარის მასშტაბით) ვრცელდება.

ოზურგეთში მოქმედებს კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო თეატრი, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა.[10]

თეატრი[რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი.

ოზურგეთის დრამატული თეატრი

თეატრი დაარსდა 1868 წელს, როდესაც გაიმართა სცენისმოყვარულთა წრის პირველი წარმოდგენა. 1914 წელს ააგეს სათეატრო შენობა. 1921 წელს ოზურგეთში ჩამოყალიბდა სახელმწიფო რევოლუციური დრამატული დასი. 1933 წელს დაიწყო ოზურგეთის თეატრის შენობის მშენებლობა. 1962 წელს თეატრი გადავიდა ახალ, ხუთსართულიან შენობაში. თეატრის შენობა ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა და საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ. 1968 წელს თეტრმა გადაიხადა არსებობის 100 წლის იუბილე, მას მიენიჭა ალექსანდრე წუწუნავას სახელი. 2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.

მუზეუმი[რედაქტირება]

ქალაქში არის მუზეუმი. ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, თავდაპირველად მდებარეობდა გურიის გამზირზე, ჰქონდა დათმობილი 3 დარბაზი. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც აგებულია 1873 წელს. 1991 წლიდან გადავიდა ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.

მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური , ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6000 ექსპონატია, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.

სპორტი[რედაქტირება]

ოზურგეთში არის მორაგბეთა კლუბი ოზურგეთის ფირალები და საფეხბურთო კლუბი მერცხალი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს.

ქალაქში ორი სტადიონია. სტადიონი მეგობრობა მუნიციპალური საკუთრებაა და მასზე ოზურგეთის მერცხალი თამაშობს. ზვანის საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი კი ოზურგეთის ფირალების საშინაო არენას წარმოადგენს. ქალაქში 2007 წელს აშენდა სპორტის სასახლე [11]

ოზურგეთში მოქმედებს მუნიციპალური სასპორტო სკოლა. ქალაქში არის ტაიკვანდოს კლუბი „გრიგალი“, საკალთბურთო კლუბი „ბახმარო“, ასევე მძლეოსნობის, კრივის, ჰოკეის, ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის შემსწავლელი სკოლები და კლუბები.

რელიგია[რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქალაქის ცენტრში, ჭადრების ბაღში დგას ღვთის მშობლის სახეობის საკათედრო ტაძარი. კიდევ ერთი ტაძარი შენდება ექადიაზე. ოზურგეთში არის შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენცია. მოსახლეობის 4% ეროვნებით სომეხია. მოქმედებს სომხური ტაძრი. ქალაქში არის იეჰოვას მოწმეთა მცირე ჯგუფი და მოქმედებს მათი სამეფო დარბაზი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

დიმიტრი გურიელის სასახლე

ოზურგეთში არსებული ისტორიული ძეგლებიდან უძველესია ოზურგეთის აბანოები. ძველი ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ქალაქის ცენტრში რესტორან „იზაბელას" მშენებლობის დროს. ნაშთები კვლავ გამოვლინდა 2012 წელს, როცა იუსტიციის სახლის საძირკველს თხრიდნენ. სავარაუდოდ ნაშთები ეკუთვნოდეს დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის დასაწყისში აღწერილ გურიელების აბანოს. ისევე როგორც საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოები ორ იარუსიანია-ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული - გასათბობი. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული. ძველი ნაგებობის ნაშთები 400 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს ჭადრების ბაღი. მისი გაშენება უკავშირდება შოტლანდიელი აგრონომის, იაკობ მარის, სახელს. ის საქართველოში ჩამოვიდა 1822 წელს; როგორც აგრონომს, მოსწონებია გურიის ბუნებრივი პირობები. ოზურგეთში მან გურიის მთავრის, მამია V გურიელის დახმარებით გააშენა ე.წ. მთავრის ბაღი. ბაღში იშვიათი მცენარეები ისე იყო განლაგებული, რომ იკითხებოდა სახელი „მამია“. ბაღი გაფართოვდა ვორონცოვის მეფისნაცვლობის დროს. იქ დაირგო პირველად ქ. ოდესიდან გურიაში ჩასული ვაზის „იზაბელას“ ჯიში, რომელსაც მერე ,,ადესა“ დაერქვა. საბჭოთა პერიოდში ბაღში გაშენდა ჭადრები, ისე რომ მათი განლაგება ქმნიდა ასო „მ“-ს (მახარაძე). გაშენებიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ოზურგეთელების თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება

შემორჩენილია 1873 წელს დიმიტრი გურიელის მიერ აშენებული სასახლე, სადაც ამჟამად შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენციაა. ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა ქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსი, რომელიც 2008 წელს დაინგრა.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება]

ოზურგეთი ზამთარში

ოზურგეთში დაიბადნენ:

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 517, თბ., 1983 წელი.
  • თენგიზ კუნჭულია, ქალაქი და ტრადიციები, — ოზურგეთი, 1999.
  • თედო სახოკია, მოგზაურობანი: გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი, — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1985.
  • ქართული მწერლობა, ტ. 18. — თბილისი, „ნაკადული“, 2001
  • ბუხნიკაშვილი გ., ლაშხია ნ., მახარაძის თეატრი, თბ., 1968;
  • დიმიტრი ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. საგეოგრაფიო სახელი ოზურგეთი
  4. ქართლის ცხოვრება, წიგნი II — თბილისი, 1959
  5. მრ. ზარდალიშვილი, „საქ. სსრ ეკონომიკური დარაიონება“, გვ. 46 — თბილისი, 1970 წ.
  6. შრომის ზეიმი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1968, გვ 4
  7. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
  8. სტატისტიკური ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების შესახებ, თანდართული ფაილი
  9. „დროება“, 1879 წ. N141
  10. ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი
  11. ახალი სპორტული დარბაზი ოზურგეთში