ჭიათურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჭიათურა

ჭიათურა
გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°17′25″ ჩ. გ. 43°16′55″ ა. გ. / 42.29028° ჩ. გ. 43.28194° ა. გ. / 42.29028; 43.28194
დაარსდა 1879
ამჟამინდელი სტატუსი 1921
ფართობი 54,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 340-500
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 12 803  კაცი (2014)
სიმჭიდროვე 234,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სომხები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 479
საფოსტო ინდექსი 5500
ოფიციალური საიტი chiatura.gov.ge
ჭიათურა — საქართველო
ჭიათურა
ჭიათურა — იმერეთის მხარე
ჭიათურა

ჭიათურა — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიათურის რუკა

ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით).

ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13 °C, იანვარი +2,4 °C, ივლისი +23,1 °C, აბსოლუტური მინიმუმი -20 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 °C ნალექები 1100 მმ. წელიწადში.

ქალაქის ცენტრალური დასახლება მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზეა და თითქმის ყოველი მხრიდან მაღალი, ციცაბო კლდეებით შემოზღუდულ ქვაბულშია მოქცეული. სამრეწველო უბნები მას 2-6 კმ რადიუსით ეკვრის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. დაარსდა ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება, რომელიც ახორციელებდა მანგანუმის მოპოვებას. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50 %-ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია.

1892 წელს ინგლესელებმა, ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს XIX საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა „Forward and Salinas“-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანა. გამოჩენილი ინგლისელი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი, რომელიც ჭიათურაში მოღვაწეობდა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და აკაკი წერეთელი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.

ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1921 წლიდან ჭიათურაში აღინიშნება ქალაქის დღესასწაული „ჭიათურობა“, რომელსაც ცნობილი ქართველები და ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესწრებიან. 1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკა-მ ჩაახშო აჯანყება და სასტიკად გაუსწორდა გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი.

საბჭოთა პერიოდში ჭიათურა იყო რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი და ჭიათურის საქალაქო საბჭოს ცენტრი. 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში[1]. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს. ეს პირველი საქალაქთაშორისო სატროლეიბუსო ხაზი იყო საქართველოს სსრ-ში. საბჭოთა პერიოდში გაშენდა ახალი საცხოვრებელი უბნები, ნაგუთი და სხვა. აშენდა საცხოვრებელი, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობები, ქალაქის შესასვლელთან დაიდგა დიდების მემორიალი (არქ. კ. ჩხეიძე, მოქანდაკე: ვ. თოფურიძე).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიათურის მაღაროების საბაგირო გზა

ჭიათურა საქართველოს მოპოვებითი მრეწველობის და ამიერკავკასიაში მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქალაქის მთავარი საწარმოა ჭიათურის მანგანუმის საბადო, სადაც 3500 ადამიანია დასაქმებული[2]. ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს.

ჭიათურაში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქში არის რკინიგზის სადგური. ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 29 000
2002 13 835
2014 12 803

საზოგადოებრივი სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიათურაში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია იმერვიზია, ჭიათურაში გამოდის გაზეთები: „საშევარდნო“, „მაღაროელი“ და „ჭიათურა“ (დაარსდა 1924 წელს). ქალაქის მახლობლად არის ხუროთმოძღვრების ძეგლი შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები „ჯარბელა“.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის კულტურის დაწესებულებები: აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, კინო-თეატრი, რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და კულტურის სასახლე. ჭიათურაში მოსწავლეთა კულტურულ აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრთან არსებული „მსახიობთა სკოლა“, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ჩანგი“, ხალხური ცეკვის ანსამბლები: „მერცხალი“, „ფესვები“ და „ანსამბლი-XXI“, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „იმერეთი“, საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სკოლა „ნატვრისთვალი“, სამეჯლისო-სპოტრული ცეკვების სტუდიები: „დანს-ფორუმი“, „გრაცია“ და „ელეგანტი“.

ყოველწლიურად 29 სექტემბერს მოსახლეობა აღნიშნავს ტრადიციულ ხალხურ დღესასწაულს „ჭიათურობას“, რომელიც ეძღვნება ქალაქ ჭიათურის დღეს.[3]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები, კავშირგაბმულობის განყოფილება, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, ასევე ჭიათურის სამთო მეტალურგიული სასწავლებელი. ქალაქში არის 9 საჯარო სკოლა და ერთი სკოლა პანსიონი, 1 კერძო სკოლა, 1 სასულიერო სკოლა, 1 გიმნაზია, 3 სასპორტო, 3 სამუსიკო და 2 სამხატვრო სკოლა, 13 საბავშვო ბაღი.

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის დაწესებულებები: ქალაქის პოლიკლინიკა, სანატორიუმ-პროფილაქტორიუმი, ამბულატორია, ჭიათურა-საჩხერის რეგიონის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, 5 სტომატოლოგიური კაბინეტი, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონერვოლოგიური კლინიკა, მასაჟის ცენტრი, ტუბდისპანსერი, 3 ძველი და ერთი ახალი მრავალპოფილიანი საავადმყოფო[4]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა“. მოქმედებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, საჩოგბურთო, კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ცურვის, კარატისა და მძლეოსნობის სკოლები. ქალაქს აქვს ცენტრალური სტადიონი გათვლილი 11 700 მაყურებელზე, ასევე სარეზერვო სტადიონი გათვლილი 2500 მაყურებელზე.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭიათურაში დაიბადნენ:
  1. მიხეილ ვაშაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
  2. დავით გამრეკელი — მომღერალი, კომპოზიტორი
  3. გიორგი ჭოღოშვილი — მათემატიკოსი და პედაგოგი
  4. აკაკი (კაკო) ბაქრაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
  5. არჩილ გომიაშვილი — თეატრისა და კინოს მსახიობი
  6. იუზა ღვალაძე — მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
  7. ანზორ კავსაძე — დირიჟორი, მომღერალ-მგალობები
  8. დავით კირკიტაძე — საქართველოს პარლამენტის წევრი, სამართალმცოდნე
  9. ცირა სუქნიძე — მის საქართველო 2009
  10. გრიგოლ აბაშიძე — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი
  • ჭიათურაში მოღვაწეობდნენ:
  1. თამარ აბაშიძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
  2. კიტა აბაშიძე — კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე
  3. ვალერიან შალიკაშვილი — დრამატურგი, ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი
  4. ალექსანდრე იმედაშვილი — მსახიობი, ტრაგიკოსი, ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი
  5. ალექსანდრე წუწუნავა — მსახიობი, რეჟისორი, ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი
  6. იან ჰომერი — საქართველოს ჩოგბურთის ფუძემდებელი, დამსახურებული მწვრთნელი
  7. ალექსანდრე კავსაძე — ლოტბარი, მომღერალ-მგალობელი
  8. გრიგოლ მუხაძე — ექიმი, მეცნიერული და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
  9. გრიგოლ ტყაბლაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
  10. ნოდარ ჩაჩანიძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
  11. შოთა ხეცურიანი — ექიმი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის პანორამა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „შავი ოქროს ქალაქი", 1985 წ.
  2. მონაცემები „ჯეორჯიან-მარგანეზიდან“ 2011 წ.ISBN 99940-0-923-0
  3. На западе Грузии отмечают народный праздник "Чиатуроба". ციტირების თარიღი: 2022-11-07
  4. http://www.youtube.com/watch?v=gO-Cz2-3M9w