ხულოს მუნიციპალიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხულოს მუნიციპალიტეტი
Adjara-khulo-ka.svg

ხულოს მუნიციპალიტეტი  დროშა ხულოს მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ხულო

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

გამგებელი

რამაზ ბოლქვაძე

დეპუტატი პარლამენტში

ანზორ ბოლქვაძე     

სიმჭიდროვე

47.1 [1] კაცი/კმ²

ფართობი

710 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

35.500 კაცი [2] (2010 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.9%
აფხაზები 0.1%[3]

ხულოს მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ხულოს მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხულოს მუნიციპალიტეტს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი (საზღვრის სიგრძე – 20 კმ), დასავლეთით - შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 60,5 კმ), ჩრდილო-დასავლეთით - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 1 კმ), ჩრდილოეთით - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 19,5 კმ), აღმოსავლეთით - ადიგენის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 28,8 კმ).

ბუნება[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანია. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმართულია არსიანისა (მწვერვალი ყანლის მთა - 3007 მეტრი) და მესხეთის (მწვერვალი ზოტიმერია - 2646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1C°, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მთა–ტყისა და მთა–მდელოს ნიადაგები. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კაკლის ხე, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნა წარმოდგენილია კავკასიური ირმით, კავკასიური მურა დათვით, ბეგობის არწივით, დურაჯით, კავკასიური შურთხით, მცირეაზიური ტრიტონითა და კავკასიური სალამანდრით.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით: სასარგებლო წიაღისეულით (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები, გაქვავებული ხის მარაგი), მინერალური წყლებით (ხიხაძირის წყალი, დანისპარაულის წყალი, საანის წყალი, დიოკნისის წყალი და ა.შ).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. აქ მდებარეობს მწვანე ტბა.

ისტორია[რედაქტირება]

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1924 წელს ამჟამინდელი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან ერთად ჩამოყალიბდა ცალკე მაზრად და ეწოდა ხულას მაზრა, 1930 წლიდან - ხულას რაიონი, ხოლო 1940 წლიდან - ხულოს რაიონი. 1965 წელს მას საბოლოოდ გამოეყო შუახევის რაიონი და ჩამოყალიბდა ამჟამინდელ საზღვრებში. 2006 წლიდან არსებობს ხულოს მუნიციპალიტეტის სახით.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 79 დასახლებული პუნქტია: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ხულო და 78 სოფელი.ხულოს მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ტერიტორიულ ერთეულედ: 1 დაბა და 12 თემი.[1]

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა ნოდარ თავართქილაძე, გამგებელი რამაზ ბოლქვაძე. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციოირებს მხოლოდ ერთი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა". საკრებულოში მოქმედებს 5 კომისია:

  • სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია
  • საფინანსო–საბიუჯეტო კომისია
  • სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია
  • სოციალურ საკითხთა კომისია
  • ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია

ეკონომიკა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება) და მემცენარეობა (მებოსტნეობა, კარტოფილის, მარცვლეული კულტურების წარმოება). ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა – 52 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 211 კმ.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი (ზღვის დონიდან 1850–1900 მ), მიმდინარეობს სამთო–სათხილამურო კურორტის მშენებლობა გოდერძის უღელტეხილზე (2025 მეტრი ზღვის დონიდან).

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი