ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადრიანოპოლის ზავი.

1829 წლის ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას (თურქეთი) შორის, რითაც დამთავრდა რუსეთ-თურქეთის 1828—1829 წლების ომი.

ხელმოწერილი იქნა 2 (14) სექტემბერი1829 წელს ადრიანოპოლში (ედირნე) რუსეთის მხრიდან ხელს აწერენ — ალექსეი ორლოვი და ფეოდორ პალენი, თურქეთის მხრიდან ხელს აწერენ — მეჰმედ სადიკ-ეფენდი და აბდულ კადირ-ბეი. საზავო ხელშეკრულება შედგებოდა 16 სტატიისაგან, ცალკე უპირატესობის აქტებისაგან მოლდავეთის სამთავროსა და ვლახეთის სამთავროსათვის და კონტრიბუციის განმარტებითი აქტისაგან.

ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი თურქეთს უბრუნებდა ომის დროს დაკავებული ევროპული ნაწილის ყველა ტერიტორიას გარდა დუნაის ყელისა არსებული კუნძულებით. რუსეთის ხელში გადადიოდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო მდინარე ყუბანის ყელიდან - წმ. ნიკოლოზის ნავმისადგომამდე ციხე-სიმაგრეები ანაპა, სუჯუკ-ყალე (ნოვოროსიისკი) და ფოთი, ასევე ქალაქები ახალციხე და ახალქალაქი. თურქეთი აღიარებდა საქართველოს რუსეთის ხელში გადასვლას. რუსეთის ხელში გადადიოდა იმერეთი, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი ასევე ერევნის და ნახჭევანის სახანოები (გადასცა ირანმა თურქმანჩაის ზავით).

ადრიანოპოლის ხელშეკრულება ადასტურებდა თურქეთის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ქვეშევრდომთათვის თავისუფალი ვაჭრობის უფლებას, რუსეთის ქვეშევრდომები თურქეთის ტერიტორიაზე სარგებლობდნენ სასამართლო იმუნიტეტით. ასევე თურქეთი უზრუნველყოფდა რუსეთისა და უცხოური სავაჭრო გემების თავისუფალ გასვლას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. თურქეთმა 18 თვის განმავლობაში კონტრიბუციის ვალდებულება აიღო (1,5 მილ. ჰოლანდიური მანეთი).

თურქეთი ეთანხმებოდა 1826 წლის აკერმანის კონვენციას, რითაც სერბეთის ავტონომიის დაცვის ვალდებულებას იღებდა. ცალკე აქტი უზრუნველყოფდა დუნაისპირა სამთავროების – მოლდავეთისა და ვლახეთის (ვალახიის) ავტონომიას. აკერმანის კონვენციის მიხედვით, ასევე დგინდებოდა ამ სამთავროების მთავრების სამუდამო (სიკვდილამდე) მმართველობა. საჭირო რეფორმების გატარებამდე იქ რჩებოდა რუსეთის ჯარი. თურქეთი ასევე დათანხმდა 1827 წლის ლონდონის კონვენციას - საბერძნეთის ავტონომიის მინიჭების შესახებ .

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]