თავდგირიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავდგირიძეები
პერიოდი XIV საუკუნე - XIX საუკუნე
წარმოშობის ადგილი სამცხე-საათაბაგო
ქვეშევრდომობა ოსმალეთის იმპერია, გურიის სამთავრო
სამფლობელოები ქვემო გურია, აკეთი
სასახლეები მამუკას ციხე
სამოქალაქო საქმიანობა გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესი

თავდგირიძეები (ზოგჯერ თავდირიძე, თაქთირიძე თადგირიძე, თაგდირიძე) — ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოანე ბატონიშვილის ცნობით, მათი წინაპარი იყო ვინმე „თადგირ“, ბუზმუნიელთა თავადი ვანის მხარეს, 1211 წელს, რომლებიც ახალციხეში მოვიდნენ. ეს ცნობა სარწმუნოდ არ მიიჩნევა გარდა იმ ნაწილისა, რომლის მიხედვითაც გვარი მისი მამათავრის, თადგირის სახელიდან მომდინარეობს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით თავდგირიძეების თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე-საათაბაგოში იყო. ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „სახელოვანნი თავადნი სამცხე-საათაბაგოსა“. გვარის პირველი წარმომადგენლები არიან ფოცხუერ თავდგირიძე (XIV ს.) და ამირა თავდგირიძე (XV ს.)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, XVII საუკუნის შუა წლებში თავდგირიძეები გადავიდნენ გურიაში. გურიაში დამკვიდრებულ თავდგირიძეებს შორის პირველები არიან მირზაბეგ და გიორგი თავდგირიძეები. თავდგირიძეებს სჭირდებოდათ მთავრის ხელისუფლების კეთილგანწყობა. ისინი მალე დაწინაურდნენ. გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო ქაიხოსრო I გურიელის ასული დარეჯანი. გიორგი III გურიელმა კი მიზარბეგ თავდგირიძეს უბოძა მაჭუტაძეების და მელიმონაძეების ბეითალმანი მამულები, თითქმის მთელი ქვემო გურია: აჭყვისთავი, ჭახათი, ჩაქვი, ქობულეთი, ასევე აცანა. გიორგი III-მ მირზაბეგ თავდგირიძეს აევე მისცა ბოქაულთუხუცესობა. ამის შემდეგ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გურიის სამთავროში ბოქაულთუხუცესის თანამდებობას თავდგირიძეები მემკვიდრეობით იღებდნენ. XVII საუკუნის ბოლოს თავდგირიძეებს ეჭირათ მთელი ხინოწმინდის საეპისკოპოსო მისი საწმყსოთი, ბათუმი და გონიო. 1772 წელს იოჰან გიულდენშტედტის ცნობით თავდგირიძეები ფლობდნენ ქობულეთსა და ალამბარს. ალამბარში მათ ჰქონდათ საგვარეულო ციხე-სიმაგრე მამუკას ციხე. თავდგირიძეებმა მალევე დაარღვიეს გურიელებისადმი ვასალური ერთგულების პირობა, რის გამოც მთავარმა მათ ბათუმის მხარე ჩამოართვა და თავის სახასოდ განაწესა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ თავდგირიძეთა სახლის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა ბათუმს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი. დაიწყო დაპირისპირება მართლმადიდებელ და მუსლიმ თავდგირიძეებს შორის, რამაც ოსმალეთს კიდევ უფრო გაუადვილა ქვემო გურიის დაპყრობა.

გიორგი თავდგირიძის შემდეგ თავდგირიძეთა ფეოდალური სახლის ქრისტიანულ შტროს მეთაურობდა გიორგის ძე, მამუკა. მამუკა თავდგირიძე დაუკავშირდა სოლომონ I-ს, რომელიც აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ, და ცოლად შეირთო მისი და. 1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მამუკა თავდგირიძე სოლომონ I-სა და რუსეთის ჯარს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. მან აცნობა სოლომონს 1770 წელს ოსმალეთის 6000-იანი ჯარის მოძრაობა ბათუმიდან ფოთისკენ. ამ ინფორმაციის ფლობამ გადაარჩინა რუსეთის ჯარი, რომელიც ფოთის ალყას ახორციელებდა.

ქუჩუქ-კაინარჯის ზავით ოსმალეთი ქვემო გურიას და თავდგირიძეების სათავადოს დაეპატრონა. მამუკა თავდგირიძემ გაქცევა მხოლოდ ცოლ-შვილის, მათ შორის მემკვიდრე მაქსიმეს ოსმალებისთვის მძევლად დატოვების შედეგად შეძლო. თავდგირიძე საჯავახოში გადავიდა, მას თან ახლდა 400 ადამიანი, აქედან 60 შეიარაღებული კაცი. მამუკა თავდგირიძეს მამია IV გურიელმა უბოძა სოფელი აკეთი. აკეთში გადასული თავდგირიძეები ემზადებოდნენ ქვემო გურიის დაბრუნებისთვის. ამის ხელშესაშლელად ოსმალეთის დავალებით აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა აკეთში ილაშქრა. მისი ამოცანა თავდგირიძეთა სახლის განადგურება იყო. 1784 წლის ახალ წელს აბდულ-ბეგის ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. მამუკა თავდგირიძეს გიორგი გუგუნავა დაეხმარა და ბრძოლაში აბდულ-ბეგი მოკლეს. ამის საპასუხოდ, იმავე წლის მარტში სოლომონ I-მა ბათუმზე გაილაშქრა, მაგრამ ნაჭიშკრევის ბრძოლაში დამარცხდა და ქვემო გურიის ოსმალეთისგან გათავისუფლება ვერ შეძლო.

მამუკა თავდგირიძე შეეგუა, რომ ძველ სათავადოს ვერ დაიბრუნებდა, შეირთო მეორე ცოლი, მაქსიმელიშვილის ასული და ეყოლა ექვსი ვაჟი: გიორგი, მირზაბეგ, სოლომონ, ალექსანდრე, ფრიდონ, ალმასხან. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე, ციხე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი.

1817 წელს გიორგი თავდგირიძე გარდა ბოქაულთუხუცესობისა, ასევე ფლობდა გურიის სამთავროს სარდლისა და მდივანბეგის სახელოებსაც. გიორგი თავდგირიძე შედიოდა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭოში, სადაც აქტიურად იცავდა დედოფალ სოფიოს ინტერესებს. იმავე პოზიციაზე იყო მისი ძმა, ალექსანდრე თავდგირიძე. თავდგირიძე თან გაჰყვა ოსმალეთში გაქცეულ სოფიოს. კიდევ ერთი ძმა, ფრიდონ თავდგირიძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 1819-20 წლების აჯანყებაში და აჯანყების დამარცხების გამო ოსმალეთს აფარებდა თავს, 1832 წელს შეურიგდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას და დაბრუნდა. 1850 წელს თავდგირიძეებს რუსეთის მთავრობამ თავადთა წოდება დაუმტკიცა.

ალი-ფაშა თავდგირიძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ თავდგირიძეთაგან პირველმა ისლამი მამუკა თავდგირიძის ვაჟმა, მაქსიმემ მიიღო. ის სულეიმანად იწოდა და ოსმალებმა ჩურუქ-სუს კაზის გამგებლად დანიშნეს. სულეიმანის შვილი იყო მემედ-ბეგი, ხოლო მემედ-ბეგის შვილები ოსმან-ბეგი და ალი-ფაშა. წლების მანძილზე ცდილობდნენ თავდგირიძეები ფაშის ტიტული მიეღოთ, თუმცა ეს მხოლოდ ალი თავდგირიძემ შეძლო, რომელიც ისტორიას ალი-ფაშა თავდგირიძის სახელით შემორჩა.

ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბოლში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ მხარეში, ქვემო გურიაში, რომელიც უკვე ჩურუქ-სუს სახით ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.

ალი-ფაშას ფაშად გახდომაში დიდი როლი ითამაშა მისმა დედამ, ლაზმა ქალმა დინდინ ხანუმმა. დინდინ ხანუმი ძლიერი და გაბედული ქალი იყო, აქტიურად იბრძოდა ყირიმის ომში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის სულთნის კარამდე ჩავიდა შვილისთვის ფაშას ტიტულის სათხოვნელად. მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ფაშობა მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“.

1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში. ალი-ფაშა მოლაპარაკებებისას შეხვდა ქუთაისის გუბერნატორს და შესთავაზა ქობულეთის მხარის მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ რუსეთი ომში გამარჯვების შემდეგ ქვემო გურიას მას დაუმტკიცებდა სამფლობელოდ. სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს მისი ღალატი. სწორედ ოსმალეთისადმი ღალატის ეს ფაქტია ასახული მასზე შექმნილ ხალხურ სიმღერაში „ალი-ფაშა“.

ალი-ფაშა მუჰაჯირებთან ერთად

ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეშვი
ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეში
იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში
კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში[1]

ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა წყაროების ცნობით ეს ფაქტი არ დასტუდება. ომის შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიამ აჭარა შეიერთაქართველი მუსლიმი გადასახლდა ოსმალეთში, ბევრი სწორედ ალი ფაშას დიდი ძალისხმევით. ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწაში. ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და მოუწოდებდა, არ დარჩენილიყვნენ, მუსლიმობა ცუდ დღეში ჩავარდება და ყველას გაგაქართველებენო. ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო. როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბოლში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა. ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით. ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.

ოსმალ-ფაშა თავდგირიძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1877-1878 წლებში ბათუმის მუთესარიფი იყო ოსმან-ფაშა. ოსმალ-ფაშა იყო ალი-ფაშას ძმა. კარად იცოდა ქართული. ცხობრობდა ქედაში და იყო აჭარის ფაშა. 1878 წელს მან დიდი ძალისხმევა გასწია, რომ აჭარა გამოჰყოფოდა ოსმალეთის იმპერიას და ცალკე საფაშოდ ან საატაბაგოდ ჩამოყალიბებულიყო. ასეთი მოთხოვნით მან ხელი მოაწერა ბრიტანეთის მონარქისადმი გაგზავნილ თხოვნასაც. ამის გამო ოსმალეთის იმპერიის ხელმძღვანელობამ ოსმან-ფაშას ღალატში დსდო ბრალი. 1878 წელს ომსან-ფაშა იმპერიის შიდა რეგიონებში გადასახლდა და ვისაც ნახავდა ქართველ მაჰმადიანს, ყველას მოუწოდებდა, ოსმალეთი დაეტოვბინათ და რუსეთის იმპერიაში გადასულიყვნენ.[2]

ჰასან-ბეგ თავდგირიძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასან-ბეგ თავდგირიძე იყო წარმოსადეგი, მოხდენილი კაცი. მისი მამა იყო მემედი, რომელიც ოსმალეთის მიერ დანიშნული იყო ჩურუქ-სუს კაზის სანჯაყის . მფარველობდა ტყვეებით მოვაჭრეებს. ოსმალეთის ხელისუფლებამ ის გადააყენა და მის ადგილას დანიშნა ჰასან-ბეგი. ჰასან-ბეგმა კარგად იცოდა ქართული და საქართველოს ისტორია. ჰასან-ბგ თავდგირიძის ძმები იყვნენ საულ-ბეგი, ჰუსეინ-ბეგი და ისმალ ბეგი; ბიძები: ასლან და საიდა ბეგები. ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებამ იმავე მიზეზით გადააყენა ჰასანი, რის გამოც მამაისი ქობულეთის სანჯაყი მის ძმას, სულეიმან ბეგს მისცა. ჰასან-ბეგს ტყვეთა სყიდვის არეალი შეუზღუდა გურიის სამთავროს გაუქმებამ და მისმა შესვლამ რუსეთის იმპერიაში. ამიტომ ის აქტიურად ჩაერთო 1841 წლის გურიის აჯანყებაში საწყის ეტაპზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, ქრთამის სანაცვლოდ, მიატოვა აჯანყებულები. მონაწილეობდა 1853-1856 წლებში ყირიმის ომში, გურიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. წარმატების შემთხვევაში მას ფაშის ტიტულის მიღებაზე ექნებოდა პრეტენზია. მოკლეს ომის დროს, 1854 წელს, ნიგოითის ბრძოლაში. მასზე შექმნილია სიმღერა „ხასანბეგურა“.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]