| ქალაქი
ბორჯომი
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. ოფიციალურ წყაროებში სახელი ბორჯომი XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქად გამოცხადდა 1918 წელს.[3]
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, იოსებ სტალინი, გიორგი დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომში არის რკინიგზის სადგური.
ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბაკურიანი, რომელთანაც დაკავშირებულია ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზით. ასევე ბოჯომთან ახლოსაა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრეს ციხე და გოგიას ციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი, ბაკურიანთან და თბილისთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.
ბორჯომში მოქმედებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ და არის 4 ათას მაყურებელზე გათვლილი სპორტული მოედანი ჯემალ ზეინკლიშვილის სტადიონი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში