გულო კაიკაციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულო კაიკაციშვილი

გულო-აღა კაიკაციშვილი, გულ-აღა კაკაც-ოღლი, (ნამდვილი გვარი ქათამაძე) (დ. 1840 — გ. 1923, სოფ. სამება, ქობულეთი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე.

იღვწოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების საქართველოსთან შეერთებისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ს. მესხთან, გ. ყაზბეგთან, გ. გურიელთან და სხვებთან. გულო კაიკაციშვილი პირველი პატრიოტი იყო აჭარიდან, რომელმაც მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა. ილია ჭავჭავაძემ „აჭარის გული“ უწოდა [1]. სისტემატურად აქვეყნებდა კორესპონდენციებს ქართულ პრესაში. ეწეოდა ქართული ენის დაცვის და განმათავისუფლებელი იდეების პროპაგანდას ქობულეთის მხარეში. იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ 1877—1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. თურქთა დამარცხების შემდეგ ქობულეთის მხარის მოსახლეობის სახელით მიესალმა რუსეთის არმიისა და ქართული მილიციის სარდლობას. კაიკაციშვილი იუნკრად შევიდა ქობულეთის სახალხო მილიციის რაზმში და მალე ურიადნიკი გახდა. მისი ქველმოქმედებით და დედე-აღა ნიჟარაძის მონაწილეობით, კაიკაციშვილის საკუთრებაში არსებულ საგვარეულო მამულში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა ქობულეთში.

კაიკაციშვილი სიკვდილამდე უანგაროდ ემსახურებოდა მაჰმადიან ქართველთა შორის ქართული კულტურისა და განათლების აღორძინების საქმეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ა., გულო კაიკაციშვილი, თბ., 1973;
  • ჩხარტიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 320.
  • ძიძარია ნ, მას ილიამ ,,აჭარის გული უწოდა. - გაზეთი აჭარა, 2011, 16 ივლისი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.gazetiajara.ge/index.php?option=com_content&view=article&id=798%3A2011-07-16-08-15-06&catid=69%3A1618--80&Itemid=73