ქალაქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ქალაქი — მსხვილი დასახლებელი პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა.

ქალაქების წარმოშობა[რედაქტირება]

ქალაქი წარმოიქმნა ისტორიული განვითარების იმ საფეხურზე, როცა საზოგადოებაში მიმდინარეობდა შრომის საზოგადოებრივი დანაწილების და სოციალური დიფერენციაციის პროცესები და ამის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის ძირითადი მასიდან გამოიყოფა სხვა სოციალური ჯგუფები (მმართველი კლასი, ხელოსნები, ვაჭრები და სხვა), რომელთა კონცენტრაციას გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში მივყავართ ქალაქური ტიპის დასახლების შექმნამდე.

ქალაქების განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანი საცხოვრებლად ერთ ადგილზე დასახლდა. ადამიანები თავდაპირველად მონადირეები იყვნენ და შემგროვებლობას მისდევდნენ, მაგრამ თანდათანობით, ისინი ფერმერ საზოგადოებებად ჩამოყალიბდნენ. მათ ასევე მოიშინაურეს ცხოველები და მოიყვანეს მოსავალი. ქალაქი, სოფელთან შედარებით, არამხოლოდ დიდ ფართობზეა გაშენებული, არამედ განსხვავებული მოსახლეობითაც არის დაკომპლექტებული. ქალაქის მცხოვრებლები ფერმერობას არ მისდევდნენ. ისინი ხელოსნები, ვაჭრები, სამღვდელო პირები და ჯარისკაცები იყვნენ.

დიდი დასახლებები ადამიანის განვითარების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე გაჩნდა. ბიბლიაში იერიქონის სახელით ცნობილი ქალაქი, დაახლოებით, ძვ. წ. 8000-იან წლებში დაარსდა. ანტიკური ხანის სამოსახლო აღმოაჩინეს თურქეთის ტერიტორიაზეც. იგი ძვ. წ. 6500-5500 წლებში აყვავებულ და წარმატებულ დასახლებას წარმოადგენდა. ამ ქალაქებზე ჩვენ მხოლოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს, რადგანაც მათ შესახებ წერილობითი ცნობები არ არსებობს.

შუმერი[რედაქტირება]

შუმერი შუამდინარეთში უძველესი სახელმწიფო იყო. ჩრდილოეთით შორ მანძილზე გადაჭიმული ტერიტორიისაგან განსხვავებით, აქ სახარბიელო დასამუშავებელი მიწა ნაკლებად იყო. იგი ნაყოფიერი მხოლოდ ჭაობების დაშრობისა და ირიგაციული სისტემის დანერგვის შემდეგ გახდა. ნაყოფიერი და აყვავებული შუმერი დაიყო დამოუკიდებელ ერთეულებად, ანუ კედელშემორტყმულ ქალაქ-სახელმწიფოებად.

ურის ზიგურატი[რედაქტირება]

ური, ურუქი, ქიში, და ნიფური. ეს ქალაქები თავის გარშემო არსებული ტერიტორიის დედაქალაქის როლს ასრულებდნენ. შუმერში ხის მასალისა და ქვის ნაკლებობის გამო, შენობების უდიდესი ნაწილი იგებოდა ალიზით. საოცარია, რომ მალფუჭებადი ფხვიერი მასალით აშენებულმა ზოგიერთმა ნაგებობებმა ჩვენამდეც მოაღწია. ეს არის ზიგურატები, მაღალი პირამიდები, სადაც ტაძრისაკენ, ანუ ღმერთის საკურთხევლისაკენ მიმავალი უამრავი საფეხურია გასავლელი.

ყოველ ქალაქს საკუთარი ღმერთი ჰყავდა. შუმერში ქურუმები დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. აქ განვითარდა მონარქიის ადრეული ფორმები. უფრო მეტიც, პირველი კანონთა კრებული წარმოდგენილი იქნა ურში, მეფე ურ-ნამუს ზეობის პერიოდში. შუმერების წვლილი ცივილიზაციის განვითარებაში უდიდესია. მათ გამოიგონეს პირველი თვლიანი სატრანსპორტო საშუალება, სამეთუნეო წრე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შექმნეს პირველი ლურსმნული დამწერლობა. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები. სავარაუდოდ, ისინი მესოპოტამიაში გადმოსახლდნენ და მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია.

ინდის ხეობის ცივილიზაცია[რედაქტირება]

ცივილიზაცია შუმერში რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში არსებობდა და ვითარდებოდა. კიდევ ერთი საინტერესო ცივილიზაცია ძვ. წ. 2000-2500 წლებში მდინარე ინდის ველზე განვითარდა. ქალაქების მოჰენჯო-დაროსა და ჰარაპას გარდა, ამ ადრეული ცივილიზაციის შესახებ თითქმის არაფერია დარჩენილი. თუმცა ეს ქალაქები იმდენად კარგად გათვლილი გეგმის მიხედვითაა აგებული, რომ აშკარაა აქ ცივილიზაცია საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა. ინდის ველზე გაშლილი ქალაქების ქუჩები მოკირწყლული იყო, სახლები დაცული იყოს ხმაურის, სუნისა და ქურდებისაგან, ჰქონდათ საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია. ძვ. წ. 1700-იან წლებში ინდის ველზე გაშლილი ცივილიზაცია განადგურდა, თუმცა მიზეზი საიდუმლოდ რჩება.

ქალაქის ფუნქციები[რედაქტირება]

ქალაქების დაარსება და განვითარება მჭიდრო კავშირშია შრომის გეოგრაფიულ დანაწილებასთან. ქალაქთა უმრავლესობის განვითარების ძირითადი ფაქტორია საზოგადოებრივი წარმოების ფუნქცია, თუმცა არსებობს ქალაქწარმომქმნელი სხვა ფაქტორებიც, მაგალითად:

  • ადმინისტრაციული (ჩვეულებრივ, სხვა ფაქტორებთან ერთად)
  • სამხედრო-სტრატეგიული (ციხე-ქალაქი)
  • დასასვენებელი და სამკურნალო (საკურორტო ქალაქები)
  • სამეცნიერო-საუნივერსიტეტო
  • რელიგიური

თანამედროვე პირობებში ბევრმა ქალაქმა შეიძინა სხვა დანიშნულებაც: ტურისტულ-სამუზეუმო, საფესტივალო, სპორტული და სხვა. თითოეული ქალაქის ფუნქციური ტიპი არსებითად განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით და იმ კავშირებით, რომლებიც არსებობს ქალაქსა და მისკენ მიზიდულ ტერიტორიას შორის.

ქალაქის სიდიდე[რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ: პატარა, საშუალო, დიდ, მსხვილ და უმსხვილეს (ანუ „მილიონიან“) ქალაქებს. მთლიანად მსოფლიოში არის 1700 მსხვილი ქალაქი, სადაც მოსახლეობა 100 ათას აღემატება, და 220 საქალაქო აგლომერაცია 1 მილიონზე მეტი მცხოვრებით.

ქალაქის სახე[რედაქტირება]

ქალაქის ცალკეული ზონები — ცენტრი, საცხოვრებელი, სამრეწველო და სხვა რაიონები ყალიბდება ისტორიულად ან იქმნება გეგმის მიხედვით. ცენტრი ასრულებს საზოგადოებრივ, იდეოლოგიურ და წარმომადგენლობით ფუნქციას. იქ განლაგებულია საზოგადოებრივ შენობები, ადმინისტრაციული და კულტურული კულტურული დაწესებულებები, სავაჭრო რიგები და სხვა. ამიტომ ცენტრში თავმოყრილია არქიტექტურის ანსამბლები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ მთელი ქალაქის კომპოზიციურ აგებულებას.

ქალაქის ინდივიდუალურობას შეიძლება ქმნიდეს აგრეთვე მისი საწარმოები ტექნიკურ-საინჟინრო ნაგებობებით, ჩქაროსნული მაგისტრალები, ავტოსადგომები, სპორტული კომპლექსები. ქალაქის იერის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ადგილმდებარეობას, რელიეფს, პარკებს, სკვერებს, ბულვარებს, ეკლესიებს, კოშკებს, ანძებს და სხვა ობიექტებს.

ქალაქის მმართველობა[რედაქტირება]

ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ფორმებია გავრცელებული. საქალაქო მმართველობის ტიპიური ორგანოებია: არჩეული მუნიციპალური საბჭო (მუნიციპალიტეტი), ქალაქის ასამბლეა, ქალაქის საკრებულო, საქალაქო საბჭო. ამ ორგანოების მიერ ან ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული საქალაქო ადმინისტრაციის მეთაური, მერი, ბურგომისტრი, ქალაქის თავი და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები. დიდ ქალაქებში არჩევითი ორგანოები ირჩევენ თავის აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოებს: ქალაქის მთავრობას, აღმასრულებელ კომიტეტს და სხვა. დედაქალაქებში ხშირად მმართველობის განსაკუთრებული ფორმებია დადგენილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]