ბაჩო ახალაია
ბაჩანა ახალაია | |
![]() | |
![]() ![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივლისი, 2012 – 20 სექტემბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | ივანე მერაბიშვილი |
მემკვიდრე | ეკატერინე ზღულაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 აგვისტო 2009 – 4 ივლისი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკა გილაური |
წინამორბედი | ვასილ სიხარულიძე |
მემკვიდრე | დიმიტრი შაშკინი |
დაბადებული | 24 ოქტომბერი 1980 ზუგდიდი, ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მამა | როლანდ ახალაია |
ნათესავები | დათა ახალაია (ძმა) |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
ბაჩანა (ბაჩო) ახალაია (დ. 24 ოქტომბერი, 1980, ზუგდიდი, საქართველო) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე.
2004 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2003-2004 წლებში ასოციაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი იყო; 2004-2005 წლებში — სახალხო დამცველის მოადგილე; 2005-2008 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.
თავდაცვის მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008-2009 წლებში — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ხოლო 2009 წლის 28 აგვისტოდან 2012 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო.
2008 წლის დეკემბერში, აგვისტოს ომის შემდეგ, ბაჩო ახალაია დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. ქართული მედია ავრცელებდა ცნობებს ახალაიასა და იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ვასილ სიხარულიძის, ასევე გაერთიანებული შტაბის უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის არსებული დაძაბულობის შესახებ.
2009 წლის 27 აგვისტოს ახალაიამ სიხარულიძე შეცვალა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „სამხედრო სისტემაში უფრო მკაცრი ხელი“ იყო საჭირო და ახალაიას წარსულ მიღწევები დადებითად შეაფასა. თუმცა, ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.<[1]
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ახალაიამ უხელმძღვანელა სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის – "დელტას" – შექმნას, რამაც მნიშვნელოვანი წინსვლა უზრუნველყო ჯავშანმანქანების (APC),[2][3] საარტილერიო სისტემებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში.
ახალაიას თავდაცვის მინისტრის რანგში პრიორიტეტი ჰქონდა საფრთხეების მართვის სისტემის მოდერნიზაცია, სამხედრო სფეროში მეცნიერული განვითარების ხელშეწყობა და სამხედრო დაზვერვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა სამხედრო აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საგანმანათლებლო რეფორმები.<[4]
2010 წელს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, ხოლო ეროვნული თავდაცვის აკადემია ოფიციალურად გახდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2010 წელს, ბაჩო ახალაიას ბრძანებით, ქუთაისში გაიხსნა გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
შინაგან საქმეთა მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 4 ივლისს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა იმავე წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოებაში მისი გათავისუფლების მოთხოვნა აგორდა. შედეგად, 20 სექტემბერს, ახალაიამ თანამდებობა დატოვა.
საქართველოში დაბრუნება და დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც ახალმა პარლამენტმა სრულად დააკომპლექტა ახალი მთავრობა და მათ შორის პროკურატურა, ახალაია 2012 წლის 5 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა.[5] საქართველოში დაბრუნებისთანავე რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალაიამ განაცხადა, რომ ქვეყანა დროებით იმიტომ დატოვა, რომ ამით ხელი შეეწყო ახალი მთავრობისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი და უპრობლემო გადაბარებისთვის, ვინაიდან წინა პერიოდში დუღილის ტემპერატურა იყო აწეული, პარალელურად კი ისმოდა სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს ამ პროცესის ხელის შეშლა იგეგმებოდა, მისი განცხადებით ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციის თავიდან არიდების გზად დროებით ქვეყნის დატოვება მიიჩნია.[6]
დაბრუნებისას როგორც მან განაცხადა, ის კატეგორიულად არ ეთანხმება იმ „აბსურდულ“ და „იდიოტურ’ ბრალდებებს, რასაც ახალი ხელისუფლება მის წინააღმდეგ ავრცელებდა, თითქოს ის დამნაშავე იყოს ადამიანების წამებასა და კორუფციაში და თითქოს ის ამის გამოც წავიდა ქვეყნიდან და გაექცა მართლმსაჯულებას. როგორც მან განაცხადა, ყველა კითხვას გასცემდა პასუხს, რაც კი არსებობდა, მათ შორის კითხვებს, რომლებიც ეხებოდა კორუფციას, უკანონო ფორმირებებს და სხვა ბრალდებებს.[7] დაბრუნებისთანავე მედიასთან მან განაცხადა: "მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე და გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების განცხადებები ჩემს წინააღმდეგ ამტკიცებს, რომ ჩემს მიმართ მართლმსაჯულება არ იქნება თავისუფალი პოლიტიკისგან და მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზანია საკუთარი საარჩევნო დაპირებების შესრულების ნაცვლად პოლიტიკური შოუს მოწყობა, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოიძების შემთხვევაში მზად ვარ გავცე პასუხი ნებისმიერ კითხვას ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით"[8]
ახალაიას დაბრუნების დღესვე, 5 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო მის წინააღმდეგ, 6 ნოემბერს საღამოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ახალაია მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე „მოწმის სახით“ დაიკითხება. იმავე დღესვე, 6 ნოემბერს 20:30 წუთზე ის პროკურატურის შენობაში გამოცხადდა, სადაც დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილით, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას ეხება არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.[9]
ბაჩო ახალაია საქართველოს სახალხო დამცველისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ადამიანის უფლებების, მათ შორის პატიმრების, ხელყოფაშია დადანაშაულებული. მასვე ადანაშაულებენ 2006 წლის 27 მარტს, ორთაჭალის ციხეში მომხდარი ბუნტის პროვოცირებასა და 2012 წლის სექტემბრის მოვლენებში, რაც გლდანის ციხეში პატიმრების წამებას უკავშირდებოდა.[10][11][12][13][14][15] ახალაიას მტკიცებით, მას არაფერი საერთო არ ჰქონდა ციხეებთან და იქ მიმდინარე პროცესებთან მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა 2008 წელს; არც პირადი სურვილი, არც დრო და არც კანონიერი უფლება არ ჰქონდა ციხის საქმიანობაში ჩარეულიყო.[16] 2013 წლის 3 ნოემბერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ხაზს უსვამს იგივე გარემოებას, შემდეგი განცხადებით: „იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჰქონია პირდაპირი სამსახურეობრივი შეხება სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, მან გადაწყვიტა, რომ სწორი იქნებოდა დაძაბულობის განსამუხტად, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლა, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება.“[17]
2013 წლის ოქტომბერში დამნაშავედ ცნეს 2006 წლის ორთაჭალის ციხეში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და ცხრა თვით პატიმრობა და 4000 ლარი ჯარიმა, ასევე შეეზღუდა თანამდებობის დაკავება 2 წლითა 3 თვით.[18] თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იგი შეიწყალა 2013 წლის ნოემბერში. როგორც მან ოფიციალურად გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა: „საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას პრეცედენტი იმისა, რომ „კანონიერმა ქურდმა“ გაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი“.[19] მიუხედავად ამისა, ახალაიამ ციხე ვერ დატოვა, წინასასამართლო პატიმრობის განმავლობაში, რომელიც 23 თვე გაგრძელდა, ახალაიას რამდენიმე საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, თუმცა, მან ვერ შეძლო ციხიდან გამოსვლა, რადგან წინასასამართლო პატიმრობა სხვა საქმეებზე დაემატა.[20][21] [22][23][24] 2013 წელს ახალაიას სასამართლოში პირველ გამამართლებელ განაჩენს მოჰყვა მწვავე რეაქციები მმართველ გუნდში, საქართველოს დემოკრატიული ოცნების კოალიცია პროტესტის ნიშნად დატოვა სახალხო პარტიის თავმჯდომარემ კობა დავითაშვილმა.[25][26] გამამართლებელ განაჩენზე კომენტარი გააკეთა გედევან ფოფხაძემ, მმართველი პარტიის წევრმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ, მედიასთან განაცხადა: „გამართლდება თუ გამტყუნდება, ბაჩო ახალაია მაინც უნდა იჯდეს“.[27]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს, ასევე თურქეთსა და რუსეთს, წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებისთვის. რეზოლუციაში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების მაგალითად მოყვანილი იყო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეები.[28][29][30]
2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლითა და 3 თვით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა. პროკურატურის მტკიცებით, 2006 წლის 12 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას უფროსობის დროს პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად ექვსი პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება. მეორე საქმე, რომელზეც მოსამართლემ ბაჩო ახალაიას მიმართ ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უკავშირდება სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას მისი ბრძანებით განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნას. ახალაია სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ. [31] აღნიშნულ სასამართლო პროცესზე საკუთარ სიტყვაში რომელიც 4 საათი გრძელდებოდა ახალაია არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, მისი მტკიცებით საქმე მის წინააღმდეგ არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი საკითხი და განცხადა, რომ „პროკურატურა თავიდან ბოლომდე ყველაფრის ფალსიფიკაციას ახდენს“.[32]
2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს, ბაჩო ახალაიამ, რუსეთის ფედერაციის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე პირის წამების და ასევე დაკავებულის სექსუალური ძალადობის ორგანიზება მოახდინა.[33] გარდა იმისა, რომ ახალაიამ სასამართლოზე განმარტა საკუთარი პოზიცია, მან შაბათის კურიერის ეთერში (რუსთავი 2-ზე), ე.წ. "მატროსოვის" ციხიდან კომენტარი გააკეთა სერგო თეთრაძის საქმეზე. მან განაცხადა, რომ თეთრაძე, როგორც რუსეთის დაპატიმრებული ჯაშუში მოიაზრებოდა იმ ქართველებში გასაცვლელად, რომლებიც იმ დროს სასჯელს იხდიდნენ რუსეთის ციხეებში საქართველოსთვის ჯაშუშობის ბრალდებით, შესაბამისად მასზე არ უნდა ყოფილიყო ლოგიკურად არანაირი წნეხი. ახალაიამ აღნიშნა, რომ თეთრაძის სიკვდილი იყო აბსოლუტური მოულოდნელობა და ის უნდა ყოფილიყო საუკეთესო პირობებში, რადგან მისი გაცვლის მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო. „ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული, არა თუ ვინმეს შეეძლო ზედმეტი წნეხის ქვეშ მოექცია, არამედ ეს პატიმარი სასათბურე პატიმრობაში უნდა ყოფილიყო, ის უნდა გაცვლილიყო იმ პატიმრებში, რომლებიც იმ დროს რუსეთის ციხეებში იყვნენ“. მან ასევე განაცხადა, რომ სერგო თეთრაძის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით პირადად მას აქვს კითხვები: „ადამიანი, რომელიც ასეთი დიდი მნიშვნელობის საქმეში იყო, რომელსაც არაფერი უნდა მოსვლოდა, მეუბნებიან, რომ გულით გარდაიცვალა, კითხვები რჩება“.[34] აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ახალაია არ დასწრებია დარბაზში, მან ციხიდან გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს და გადაწყვეტილებას უწოდა „შეურაცხმყოფელი“.[35] ბაჩო ახალაიამ 2022 წლის 1 მარტს საპატიმრო დატოვა.[36]
ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბაჩო ახალაია“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://old.civil.ge/eng/article.php?id=21398&search=Akhalaia
- ↑ https://web.archive.org/web/20160304025901/http://delta.gov.ge/file/2015/04/Didgori_STC_Delta_Production-Catalogue_01.01.2015.pdf
- ↑ https://web.archive.org/web/20140819083600/http://tbilaviamsheni.ge/gallery/lazika.pdf
- ↑ https://www.messenger.com.ge/issues/2554_february_27_2012/2554_ernest.html
- ↑ https://www.radiotavisupleba.ge/a/24761088.html
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=e1EUnYOwERI
- ↑ https://tabula.ge/ge/news/550083-bacho-akhalaia-chemi-amotsanaa-qvela-kitkhvas
- ↑ https://civil.ge/archives/122373
- ↑ https://old.civil.ge/geo/article.php?id=26184
- ↑ ნაცემი პატიმარი შველას ითხოვს, Humanrights.ge, 27.03.2006.
- ↑ სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, Humanrights.ge, 22.05.2006.
- ↑ სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა, Humanrights.ge, 08.06.2006.
- ↑ ოპოზიცია გმობს ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, სივილ ჯორჯია, 28.08.2009.
- ↑ ბურუსით მოცული ციხის ინციდენტი, სივილ ჯორჯია, 03.04.2006.
- ↑ ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო, სივილ ჯორჯია, 01.04.2006.
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=e1EUnYOwERI
- ↑ https://tabula.ge/ge/news/557634-prezidentma-saakashvilma-bacho-akhalaia-sheicqala
- ↑ https://www.radiotavisupleba.ge/a/akhalaias-sakme/25150183.html
- ↑ https://www.radiotavisupleba.ge/a/soldier-and-state-weekly-rubric/25156694.html
- ↑ https://old.newposts.ge/?newsid=52029-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
- ↑ https://civil.ge/ka/archives/152888
- ↑ https://tabula.ge/ge/news/565530-bacho-akhalaias-gamamartlebeli-ganacheni
- ↑ https://www.radiotavisupleba.ge/a/bacho-akhalaia-gaamartles/25153778.html
- ↑ http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=17502&lang=geo
- ↑ https://jamestown.org/program/akhalaia-acquittal-causes-mini-political-earthquake-in-georgia/
- ↑ https://www.radiotavisupleba.ge/a/review-of-the-week/25065721.html
- ↑ https://old.newposts.ge/?newsid=19735-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9D%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90
- ↑ https://civil.ge/archives/124933
- ↑ https://pace.coe.int/en/files/22206/html
- ↑ https://www.messenger.com.ge/issues/3217_october_7_2014/3217_tea.html
- ↑ https://civil.ge/ka/archives/153526
- ↑ https://netgazeti.ge/law/35794/
- ↑ სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
- ↑ https://rustavi2.ge/ka/news/91835
- ↑ https://civil.ge/ka/archives/220220
- ↑ „ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა“. Civil.ge. 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ვასილ სიხარულიძე |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2009 – 2012 |
შემდეგი: დიმიტრი შაშკინი |
წინამორბედი: ივანე მერაბიშვილი |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 |
შემდეგი: ეკატერინე ზღულაძე (მ.შ.) ირაკლი ღარიბაშვილი |