საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
უწყების შესახებ
შეიქმნა 1 აგვისტო, 2015
წინამორბედი უწყება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ცალკე სამსახურად ფუნქციონირებს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

ისტორია

განსაკუთრებული რაზმი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმი, უწყება, რომელსაც ევალებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა.

განსაკუთრებული რაზმი შეიქმნა შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის პირადი ინიციატივით. კანონპროექტი ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა 1918 წლის 26 ივლისს.

თავდაპირველად რაზმი დაარსდა 6 თვით, თუმცა შემდეგ მისი მოქმედება გახანგრძლივდა და მუდმივად არსებობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში. რაზმის მიზანი იყო ბრძოლა კონტრრევოლუციის, სპეკულაციისა და ძარცვა-გლეჯის წინააღმდეგ, ამავდროულად, რაზმი ებრძოდა ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს, რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. რაზმი მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და მოქმედებდა მინისტრის პირადი განკარგულებით. უშუალოდ რაზმს მეთაურობდა მელქისედეკ კედია.

რაზმის უფროსს და მის თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ, აუცილებლობის შემთხვევაში დაეპატიმრებინათ ცალკეული პირები და ჩაეტარებინათ ჩხრეკა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რაზმის უფროსს უფლება ჰქონდა, დახმარებისათვის მიემართა მილიციის, ჯარისა და გვარდიის ნაწილებისათვის. განსაკუთრებულ რაზმში შედიოდა როგორც ოპერატიული დანაყოფი, ასევე სპეცდანიშნულების შეიარაღებული ფორმირება — მფრინავი რაზმი.

2015 წლის რეფორმა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ფორმირება მოხდა 2015 წლის 1 აგვისტოს, გამოეყო რა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რეფორმის შედეგად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში იმჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები გაერთიანდნენ: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (სუს-ი), ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ 2015 წლის 4 ივნისს საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე წარდგენისას რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ ფარული მოსმენების ფუნქციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს.

დანარჩენი დანაყოფები, რომელთაც პოლიციური, კერძოდ კი საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციები აკისრიათ, მათ შორის კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია და მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩებიან.

შსს-სგან განსხვავებით, რომელიც მთავრობის შემადგენელ ნაწილად რჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, რომლისთვისაც ერთ-ერთ სახელმძღვანელო პრინციპად კანონპროექტი „პოლიტიკურ ნეიტრალობას“ განსაზღვრავს.

ამ ახალი უწყების ხელმძღვანელს, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს და შესთავაზებს მთავრობას, რომელიც მოწონების შემთხვევაში, კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად. საკანონმდებლო ორგანო წარდგენიდან მაქსიმუმ 14 დღეში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით ამტკიცებს თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომლის უფლებამოსილების ვადა 6 წელს შეადგენს. ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

2017 წლის 13 ნოემბრის საკადრო ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდა საგარეო დაზვერვის სამსახური.

სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები

საგანგებო რაზმი

1918 წლის 17 აგვისტო - საქართველოს ოკუპაციამდე, 17 მარტი, 1921

სახელი ფოტო ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
1
მელქისედეკ კედია
მელქისედეკ კედია.jpg
17 აგვისტო 1918
17 მარტი 1921

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრები

1991 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ) ტრანსფორმაცია განიცადა და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა КГБ-ს ყოფილი საგარეო დაზვერვის თანამშრომელი ანზორ მაისურაძე. მის შესახებ ცნობილია, რომ 60-ან წლებში 8 წელი იმსახურა КГБ-ს რეზიდენტურაში იორდანიაში. 1991 წლის 2 დეკემბერს ანზორ მაისურაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. იგი შეცვალა ასევე ყოფილმა КГБ-ს თანამშრომელმა, თამაზ ნინუამ.

1991 წლის 22 დეკემბრის თბილისის სამოქალაქო ომის დროს თამაზ ნინუა გადავიდა თენგიზ კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის მხარეს. მათი ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის დროს ნინუამ მიიღო შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2003 წელს ის გავიდა პენსიაზე და დაკავდა მცირე ბიზნესით ტყავის წარმოების დარგში.

2009 წლის 13 ნოემბერს თამაზ ნინუა და მისი მეუღლე თბილისში, ადამ მიცკევიჩის №18-ში მოკლულები იპოვეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, გვამები საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. თამაზ ნინუა სავარძელში მჯდომი მოკლეს, მისი მეუღლე ეთერ ნინუა კი საწოლში იყო ჩაცხრილული. ორივე მათგანს ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი. უშიშროების გენერლის მკვლელობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საგამოძიებო კომისიის შექმნას დაემთხვა, რაც სხვადასხვა ეჭვის მიზეზად იქცა. ოფიციალურად თამაზ ნინუას მკვლელად ითვლებოდა ახლო პარტნიორი ბიზნესში, ვინმე თამაზ გოგია. ის გასამართლდა 2010 წლის 13 აგვისტოს და მკვლელობისთვის 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ მან ჩადენილი დანაშაული არ აღიარა.

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი“, — ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. [1]

2010 წლის 13 აგვისტოს თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თითქოსდა დანაშაულის ჩადენას ამტკიცებდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ თამაზ გოგიას ბრალეულობა გამორიცხა და აჩვენა, რომ მის მიმართ ბრალეულობის მტკიცებულებები გაყალბებულია. თამაზ გოგია გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 2017 წლის 20 ივლისს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსი

1992 წლის 2 მაისს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ოფიციალურად დაიშალა და მის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახური. ამ ახალი სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრი, ირაკლი ბათიაშვილი. იგი ამ თანამდებობას აფხაზეთში ომის დროს იკავებდა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრები

2005 წლის რეფორმა

უწყება შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მის ნაცვლად იმავე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ-ი) შეიქმნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს დეპარტამენტები გაუქმდა და მათი ადგილი სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა დაიკავეს.

2015 წლის რეფორმა

საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა მსხვილი პაკეტი, რომელიც სამინისტროდან უსაფრთხოების სტრუქტურების გამოყოფას ითვალისწინებდა. ცვლილებებს განხილვიდან ორი კვირის თავზე ეყარა კენჭი და მას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი შაბათს, 11 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო