წობენი
წობენი, წობნები — ნასოფლარი, ისტორიულ-გეოგრაფიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ჩინთის ჩრდილოეთით 400 მ-ზე. ხევის მარჯვენა ნაპირას, ჟინვალ ბარისახოს გზის აღმოსავლეთით. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. 1988-1989 წლებში ნასოფლარი გათხარა იაე ინსტიტუტის საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). გამოვლინდა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები, აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ქართლის ცხოვრების მიხედვით ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ ამ ადგილებში გააქრისტიანა არაგვის ხეობის მთიელები: ჭართალელნი, ფხოველნი, წილკნელნი, გუდამაყრელნი.
სოფ. ჩინთის განაპირას მინდორზე ამოზიდულ 15 მ სიმაღლის კლდეს, ხალხური გადმოცემით „ნინოს ქვა“ ჰქვია. შუა საუკუნეებში წობენი საეკლესიო გლეხებით დასახლებული სოფელი იყო.
ადრინდელი შუა საეკუნეებში წობენი ერქვა აგრეთვე მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამო-ხერკის ჩრდილოეთით ჟინვალამდე მოსახლე თემს.
ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასოფლარის განაპირას, ჩრდილოეთით, ყურისხევის მარჯვენა ნაპირზე, დგას მცირე ზომის ეკლესია (7,5x5,2 მ). ეკლესიის შემორჩენილი კედლები (სიმ. 0,5-1,5 მ) ნაგებია ტლანქად დამუშავებული საშუალო ზომის კლდის ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა, რომლის შუაში სწორკუთხა ტრაპეზის ნაწილია შემორჩენილი. აფსიდის ჩრდილოეთის გვერდში ნიშის ნაშთია, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან შემორჩენილია კანკელის ნაწილი. მის წინ დგას ჯვრის საყრდენი სწორკუთხა პოსტამენტი, რომელსაც შუაში 0,5 მ სიღრმის კვადრატული ფოსო აქვს. დარბაზის სამივე კედელს გასდევს ქვის საფეხური.
ეკლესიის აღმოსავლეთით გაიხსნა რვა ინდივიდუალური და საოჯახო სამარხი, რომლებიც ორიენტირებულია აღმოსავლეთისაკენ. სამარხები ორი ტიპისაა: ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვისსამარხები. ინვენტარი არ აღმოჩენილა. ეკლესიის შიგნითგამოვლენილი ორი სამარხი არ გახსნილა. ერთს ფარავდა ჩრდილოეთ კედლის საფეხური, მეორეს — ჯვრის პოსტამენტი.
მოპოვებული მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 341.
- ც. ლომიძე, ბ. ჯორბენაძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 341.