დუშეთის კობიანთკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დუშეთის კობიანთკარის ეკლესიაეკლესია დუშეთის სამხრეთ-დასავლეთით, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი დაზიანებულია: დასავლეთ კედელი მთელ სიმაღლეზე გარღვეულია, ჩამოშლილია კრამიტის საბურავი, ფასადებზე აქა-იქ ამოცვენილია საპირე ქვები, აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწით არის დაფარული.

ეკლესია დარბაზულია (9,1 X 5,7 მ), ნაგებია აგურით და რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. გრძივი კედლების შუაში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებზეც კამარის ნახევარწრიული საბჯენი თაღია გადაყვანილი. ნახევარწრიულ აბსიდში და დარბაზის სამივე კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. აბსიდის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე ნიშებია აბსიდის მხრებთან, დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ფასადები სადაა. დასავლეთის ფასადზე შესასვლელი სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის ზემოთ კვადრატული ფორმის ღრმა ნიშია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული გადახურვა აქვს. შესასვლელის ორივე მხარეს გამოყვანილია შეღრმავებული ჯვრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]