დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია
დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის შემადგენლობაში. მისი მთავარი ფუნქციაა დედამიწის მსოფლიოში მაგნიტური ველის ცვლილებების უწყვეტი რეგისტრაცია. განსაზღვრავს გეომაგნიტური ველის აბსოლუტური მნიშვნელობებს, აკვირდება გრძელ და მოკლეპერიოდიან მაგნიტურ ვარიაციებს, დედამიწის ელექტრულ ველს (1947 წლიდან), სეისმურ მოვლენებს (1953 წლიდან).
დაარსდა 1836 წელს თბილისში, როგორც მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია. ფაქტობრივად მუშაობა დაიწყო 1844 წელს. XIX საუკუნის 30-იან წლებში მსოფლიოში 30-მდე მაგნიტური ობსერვატორია იყო, მათ შორის თბილისში.
თბილისის მაგნიტური-მეტეოროლოგიური იბსერვატორია (შემდეგში წოდებული ფიზიკურ ობსერვატორიად, ხოლო 1926 წლიდან — გეოფიზიკურად) 1956 წლამდე ექვემდებარებოდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურის სამმართველოს. 1904 წელს ქალაქში ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის ამუშავების გამო ობსერვატორია გადაიტანეს კარსანში (მცხეთის მახლობლად), ხოლო თბილისი—ხაშურის რკინიგზის ხაზის ელექტროფიცირების შემდეგ — დუშეთში (1935 წლიდან).
დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებს საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურის სამმართველო (1931 წლიდან), ატმოსფეროს ელექტრობას აკვირდება ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტი (1952 წლიდან). დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია აღჭურვილია თანამედროვე გეოფიზიკური ხელსაწყოებით; მონაწილეა საერთაშორისო გეოფიზიკური ღონისძიებებისა (I და II საერთაშორისო პოლარული წელი (1882-1883, 1932-1933); საერთაშორისო გეოფიზიკური წელი (1957-1959); წყნარი მზის საერთაშორისო წელი (1964-1965) და ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე გენერალური მაგნიტური აგეგმვისა (1930-1932).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოდია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 660.
- გოგუა რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.