შინაარსზე გადასვლა

ვლასა მგელაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგელაძე.
ვლასა მგელაძე
დაბადების თარიღი დეკემბერი, 1868
დაბადების ადგილი ზომლეთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1943
გარდაცვალების ადგილი პარიზი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია რსდმპ, სსდპ
მამა ჯარისპან მგელაძე
დედა ირინა გიორგის ასული დუმბაძე
ნათესავები

დედმამიშვილები

ირაკლი (1875), სილვესტრი (1883 წ.), ფოტინე (1870)

ვლასა მგელაძე (დ. 1868, ზომლეთი — გ. 1943, პარიზი) — ქართველი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. მისი მამა და ბიძა მოახლისეებად მონაწილეობდნენ 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. ომიდან დაბრუნებული ჯარისპან მგელაძე ლოგინად ჩავარდა და მალე გარდაიცვალა. ადრევე დაობლებული ვლასა წერა–კითხვის სასწავლად მთავარდიაკვანმა ექვთიმე მეგრელიძემ წაიყვანა თავის სახლში. მღვდლის ოჯახიდან დაბრუნებული შეიყვანეს აკეთის ერთკლასიან სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ არსენ წითლიძე და ირაკლი შევარდნაძე. სკოლა მატერიალური გაჭირვების გამო ვერ დაამთავრა.

ვიკიციტატა
„მახსოვს, როგორ დამაყენეს სასწავლებლად, სად როგორი ანბანია უჯრედებში იმის დაზეპირება. მე ვახსენე წმიდა გიორგი, მთავარანგელოზი, შევთხოვე მამის ძირითად ხატს – აკეთის მაცხოვარ თეთროსანს, რომ ჩქარა დამესწავლა და დედის იმედი გამემართლებია“

ბიძამ, ლუკა წულაძემ, შეგირდად მიაბარა ქუთაისში, პეტრე წულუკიძის სტამბაში. სტამბაში მუდამ ქართული წიგნებისა და ჟურნალ–გაზეთების გარემოცვაში ყოფნა ძლიერ დაეხმარა სწავლას მოწყურებულ ყმაწვილს თვითგანათლების გაღრმავებაში. ქუთაისში ის ხშირად ისმენდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ქადაგებებს, გაიცნო და დაუახლოვდა მწერალ გიორგი წერეთელს, პოეტ მამია გურიელს.

სამი წლის შემდეგ თბილისში გადავიდა და ჯერ ექვთიმე ხელაძის, რამდენიმე ხანში კი გაზეთ „ივერიის“ სტამბაში მაქსიმე შარაძესთან დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. გაზეთის რედაქციაც აქ იყო მოთავსებული და აქვე იმართებოდა ილია ჭავჭავაძის განთქმული „ხუთშაბათობები“. „ივერიაში“ მუშაობის დროს გაიცნო ალექსანდრე ყაზბეგი, ეგნატე ნინოშვილი, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ჭიჭინაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე. დაუახლოვდა ნინოშვილსა და ჯიბლაძეს, რომლებმაც ჩართეს მესამე დასის მუშაობაში. 1894 წლის იანვრის მიწურულიდან ვლასა მგელაძე ჟურნალ „კვალს“ და „ჯეჯილს“ აწყობდა მატინიანცის სტამბაში. ამ პერიოდში კიდევ უფრო დაუახლოვდა გიორგი წერეთელს, მის მეუღლეს — ანასტასია თუმანიშვილს და მათ შვილებს – ლევან, კაკი და ელენე წერეთლებს. ჟურნალ „კვალში“ დაიწყო პირველი წერილების ბეჭდვაც. 1894 წელს დაბეჭდა პირველი არალეგალური წიგნაკი სემინარიის ბუნტზე და დეკანოზ ჩუდეცკის მკვლელობაზე. 1890-იან წლებში დაესწრო და მონაწილეობა მიიღო მოვლენებში, რომლებმაც საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა გამოიწვია: ნიკოლოზ ბასრათაშვილის ნეშტის გადასვენება განჯიდან თბილისში, კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავი, გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვა.

რევოლუციური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წელს მონაწილეობდა თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მიერ ქალაქგარეთ, მლაშე ტბებთან მოწყობილ საპირველმაისო დემონსტრაციაში. იმავე წელს რკინიგზის გაფიცვის დროს ბეჭდავდა პროკლამაციებს. 1900 წელს მცირე ხნით იყო დაპატიმრებული. 1901 წელს თბილისში, საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და სამი თვის პატიმრობის შემდეგ თბილისიდან გააძევეს. გასახლების შემდეგ ცხოვრობდა ბათუმში, სადაც კარლო ჩხეიძესთან ერთად აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში, მოაწყო არალეგალური სტამბა. 1901 წელს დაეხმარა ვლადიმერ კეცხოველს არალეგალური შრიფტის შოვნასა და ბაქოში არალეგალური სტამბის დაარსებაში. 1901 წელს დააპატიმრეს თბილისის რკინიგზის სადგურზე. 17 თვე გაატარა მეტეხის ციხეში, შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით სამი წლით გადაასახლეს ირკუტსკში, საიდანაც გაიქცა 1904 წელს. 1904 წელს მუშაობდა ბაქოში არალეგალურ სტამბა „ნინაში“. 1905 წელს მუშაობდა ბათუმში, პარალელურად – თბილისში, ხელმძღვანელობდა ბომბების სახელოსნოს მოწყობას, მონაწილეობდა სომეხ-თათართა შეტაკების განმუხტვაში. 1906 წელს ესწრებოდა რსდმპ ყრილობას სტოკჰოლმში, სადაც წარმოთქვა საყურადღებო სიტყვა. 1906 წელს თბილისის თვითმმართველობაში წარმოთქვა სიტყვა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შესახებ, ასევე სათავადაზნაურო გიმნაზიის დარბევის დროს მოკლული პედაგოგის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრ შიო ჩიტაძის დაკრძალვაზე. 1907 წელს აქტიურად მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო სათათბიროს საარჩევნო კამპანიაში. 1907 წელს იყო რსდმპ ლონდონის ყრილობის დელეგატი თბილისის ორგანიზაციიდან. 1907 წლის 9 სექტემბერს მუშების სახელით სიტყვა წარმოთქვა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე.

1908 წელს არალეგალურად გაემგზავრა ევროპაში – ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ ციურიხში. ურთიერთობა ჰქონდა პ. აქსელროდესთან, გიორგი პლეხანოვთან, პეტრე კროპოტკინთან, მაქსიმ გორკისთან, ჟან ჟორესთან. მისი პარტიული მეტსახელი იყო „ტრია“. შვეიცარიაში მყოფ ვლასა მგელაძეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა აცნობეს, რომ აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ სპარსეთში ყაჯარების იმპერიის საწინააღმდეგო რევოლუციაში. მგელაძე 1908 წელს თბილისის გავლით 1908 წელს ჩავიდა სპარსეთში, მონაწილეობა მიიღო თავრიზის რევოლუციაში და უშიშარი მებრძოლის სახელიც მოიხვეჭა. იყო კავკასიიდან თავრიზში ჩასული წითელი რაზმების მეთაური და ადგილობრივი რევოლუციური მთავრობის წევრი. ბრძოლისთვის მზადებისას ხელში აუფეთქდა ყუმბარა და მიიღო მარჯვენა ხელის დასახიჩრება. 1909 წელს თეირანში დაესწრო მეჯლისის გახსნას და ირანის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მეჯლისზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდნა. ეს სიტყვა „რუსკოე სლოვოში“ გამოქვეყნდა და ევროპაშიც გავრცელდა. ამავე წელს გაზეთ „მომავალში“ ავეყნებდა წერილებს სპარსეთის რევოლუციის შესახებ. სპარსეთში ყოფნის დროს მოინახულა ფერეიდნელები და შეაგროვა მათ შესახებ ცნობები ქართველი მეცნიერებისთვის გადასაცემად. კონსტიტუციის მიღების შემდეგ საკუთარი მისია შესრულებულად ჩათვალა და ევროპაში დაბრუნდა.

1910 წლის მეორე ნახევრიდან კვლავ ევროპაში იყო და როგორც სოციალ–დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას, კითხულობდა მოხსენებებს სპარსეთის რევოლუციაზე სხვადასხვა ქალაქებში, ციურიხში, ბერლინში, ჟენევასა და პარიზში. მაქსიმ გორკის მიწვევით სამი თვე დაჰყო კუნძულ კაპრიზე, სადაც გაიცნო ლენინი და მიხაილო კოციუბინსკი. 1911 წელს რსდმპ ცკ-ს დავალებით ჩავიდა თბილისში ნოე ჟორდანიასთან და სილიბისტრო ჯიბლაძესთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ მარტში ბათუმში ჟანდარმერიას ჩაუვარდა ხელთ. იჯდა ბათუმისა და მეტეხის ციხეებში. 1911 წელს გადაასახლეს როსტოვში. გადასახლებიდან გაიქცა ფინეთში, მაგრამ მიიღო ცნობა სპარსეთში გართულებული მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა იქ ჩასვლა. გზად მყოფი ბაქოში დააპატიმრეს 24 ოქტომბერს და კვლავ როსტოვში გადაასახლეს. კვლავ გაიქცა და არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. 1912 წელს კავკასიის საოლქო კომიტეტმა გაგზავნა გერმანიაში, იქაურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, ფინანსური დახმარების მიღების მიზნით. ევროპაში ყოფნისას გაიგო ჩინეთში მიმდინარე რევოლუციის შესახებ და გადაწყვიტა იქ წასვლა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სპარსეთში ჩასვლა არჩია. ევროპაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო ვენის მენშევიკურ კონფერენციაში. 1912 წელს მიიღო მოთხოვნილი დაფინანსება და დაბრუნდა თბილისში. 1913 წლის 17 იანვარს კვლავ დააპატიმრეს და მიუსაჯეს 5 წლით ნარიმის მხარეში გადასახლება, მაგრამ გაიპარა. კვლავ დააპატიმრეს ტომსკში, თუმცა კიდევ მოახერხა გაქცევა და ჯერ პეტერბურგში ჩავიდა საიდუმლოდ, შემდეგ ბაქოში, აქედან კი ქუთაისის გავლით გურიაში ამოჰყო თავი. მოინახულა მოხუცი დედა და კვლავ პეტერბურგის გზას დაადგა. აქ იშოვა პასპორტი და შლობა იანკელის ძე ებშტეინის სახელით გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ეწვია კარლ კაუცკის და კარლ ლიბკნეხტს. ორი კვირის შემდეგ გდავიდა ჟენევაში, იქიდან წავიდა მონპელიეში, სადაც ქართველ სტუდენტებს წაუკითხა მოხსენება. მონპელიეს შემდეგ ნიცაში, ტურგენევის ბიბლიოთეკაში წაიკითხა მოხსენება სპარსეთის რევოლუციის შესახებ. ამის შემდეგ იტალიაში ეწვია პლეხანოვს და ლოზანაში დაბრუნდა კოტე ანდრონიკაშვილთან ერთად. 1914 წელს ვენის სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესზე წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ფრანგულად თარგმნა კოტე ანდრონიკაშვილმა და დაბეჭდა საზღვარგარეთის გამოცემებში. შემდგომ წლებში კვლავ აქტიურად მოღვაწეობდა სოციალ–დემოკრატთა ემიგრანტულ წრეებში, იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი. 1914 წლის მაისში იყო ბრიუსელის კონგრესის დელეგატი. 1915 წელს ცხოვრობდა ვენაში და თანამშრომლობდა „უკრაინის გაერთიანებულ ინტერპარტიულ მთავრობასთან“. 1915-1916 წლებში რამდენჯერმე იყო სტამბოლში „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტთან“ მოსალაპარაკებლად. რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვლასა მგელაძე რუსეთში დაბრუნდა დალუქული მატარებლით ლენინთან ერთად. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ გაემიჯნა ბოლშევიკებს და დაბრუნდა საქართველოში.

პირველი რესპუბლიკა და ანტისაბჭოთა საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. სიტყვა წარმოთქვა 1918 წლის 26 იანვარს, თბილისის უნივერსიტეტის გახსნის დღეს. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს, იგი მამადავითზე აიჭრა და ზარების რეკვით ახარა ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობა[1] 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დარჩა თბილისში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. აპრილში სიტყვა წარმოთქვა სამხედრო ტაძრის გალავანში 9 მარტს დაკრძალული ჯარისკაცების ორმოცზე, რის გამოც ჩეკამ მისი დაპატიმრება სცადა, მაგრამ ვლასა მგელაძე მიიმალა. 1921 წელსვე, ყოფილი სამხედრო მინიტრის, პარმენ ჭიჭინაძის დაკრძალვაზე წარმოთქვა სიტყვა, რის გამოც დააპატიმრეს. ავადმყოფობის გამო მალევე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. 1922 წელს დამკომმა გაგზავნა დელეგატად გენუაში, ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. ვლასა მგელაძემ გენუის კონფერენციაზე ჩაიტანა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიმართვა, რომლითაც ის ოკუპაციისგან საქართველოს გათავისუფლებას ითხოვდა.[2] 1923 წელს მონაწილეობდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ გაერთიანებულ ყრილობაში აუგსბურგსა და ნიურნბერგში. 1924 წლის დასაწყისში აჯანყების მოსამზადებლად დაბრუნდა საქართველოში და ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ აჯანყებას ქუთაისის მაზრაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ თავს აფარებდა გურიას. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[3] 1925 წლის სექტემბერში არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ.

სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ნიცაში, მუშაობდა მემუარებზე, შეუდგა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ნაწარმოებები – პოემა „სამშობლო“, ლექსი „ცხრათვალა მზე“, „გოდება“ (ნაწყვეტი დღიურიდან) – გამოქვეყნებულია ჟურნალ „კაკასიონში“. 1934 წელს, პარიზში, დავით ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა ვლასა მგელაძის წიგნი „26 მაისი“. მასში აღწერილია ყველა ის ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა, მოყოლებული 1887 წლიდან 1918 წლის 26 მაისამდე, რომლებმაც გამოიწვიეს ქართული ეროვნული და სოციალური მოძრაობის გაძლიერება და დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი შეამზადეს. 1936 წელს პარიზში გამოვიდა ვლასა მგელაძის მოგონებების პირველი წიგნი, რომელშიც შესულია 1921-24 წლების ამბები. 1972-74 წლებში გამოიცა მეორე და მესამე წიგნები. ვლასა მგელაძე გარდაიცვალა 1943 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

  • მგელაძე, ვ., „მოგონებები“ წიგნი III — პარიზი, 1974 წ.
  • მგელაძე, ვ., „მოგონებები“ წიგნი II — პარიზი, 1972 წ.
  • მგელაძე, ვ., „მოგონებები“ წიგნი I — პარიზი, 1936 წ.
  • მგელაძე, ვ. [1934] (1990). 26 მაისი. პარიზი: დ. ხელაძის გამოცემა. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]