ექვთიმე ხელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ე. ხელაძე

ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე (დ. 1846, სოფ. მამათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 22 დეკემბერი, 1905, თბილისი) — ქართველი მესტამბე, გამომცემელი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოზურგეთსა და ქუთაისში მიიღო. 1866 წლიდან ამწყობად მუშაობდა თბილისში, „ცისკრის“ რედაქტორის ივანე კერესელიძის, 1870 წლიდან — სტეფანე მელიქიშვილის და ამხანაგობის სტამბაში, რომელშიც იწყობოდა გაზეთი „დროება“. 1872 წელს ხელაძემ კერესელიძისგან შეძენილი ინვენტარით ახალი, საკუთარი სტამბა გახსნა თბილისის „იარმუკის“ ტერიტორიაზე. სხვადასხვა დროს ხელაძის სტამბაში გამოიცემოდა: „ივერია“, „კვალი“, „წყარო“, „ჯეჯილი“, „ცისკარი“. აქვე დაიბეჭდა კათოლიკოს ანტონ I-ის „მზამეტყველება“ და „ქართული გრამატიკა“, დავით გურამიშვილის „დავითიანი“, ბარბარე ჯორჯაძის “სრულ სამზარეულო“, ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის და სხვა მწერლების ნაშრომები. ექვთიმე ხელაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოების გამოცემათა შემოქმედი. სტამბაში რედაქტორობდა პეტრე უმიკაშვილი. ასოთამწყობებად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ვლასა მგელაძე და ლადო კეცხოველი. სტამბამ დიდი როლი ითამაშა ქართული წიგნის გამრავლების საქმეში. 1902 წელს თბილისში ქართულმა საზოგადოებამ ხელაძის სტამბის 30 წლის იუბილე იზეიმა.

რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ხელაძის სტამბა კაზაკებმა დაარბიეს, ხოლო თავად გამომცემელი შენობის კარებთან მოკლეს. 2017 წელს ხელაძის სახელი მიენიჭა მანამდე უსახელო ქუჩას თბილისში, საბურთალოს რაიონში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №155, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. 15 მაისი, 2017.