მამია გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამია გურიელი
მამია გურიელი.jpg
დაბ. თარიღი 28 იანვარი (9 თებერვალი) 1836
დაბ. ადგილი ლესა, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 ივლისი (6 აგვისტო) 1891 (55 წელი)
გარდ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
ფსევდონიმი ფაზელი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

მამია გურიელი (დ. 28 იანვარი, 1836, ლესა — გ. 25 ივლისი, 1891, ქუთაისი) — ქართველი პოეტი. არის ასზე მეტი ლექსის, ერთი პოემისა და რამდენიმე თარგმანის ავტორი. მისი ყველაზე ცნობილი ლექსია „ადამიანი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამია გურიელი დაიბადა სოფელ ლესაში 1836 წელს შეძლებული ფეოდალის ოჯახში. ბავშვს ბებიამისის სურვილის თანახმად დაერქვა გურულებისთვის უჩვეულო ქართულ-სომხური სახელი მამიკონე, რომელიც შემდეგ მამიად გადაკეთდა. მისი მამა, დავით გურიელი იყო მთავრის, ვახტანგ III გურიელის შვილი და გურიელების საგვარეულოს მემკვიდრე. რომ არა გურიის სამთავროს გაუქმება 1840 წელს, მამიას მამა დავითი გურიის მთავარი უნდა გამხდარიყო. დედა, ეკატერინე კი იყო ნიკო დადიანის ასული. მამია თავად-აზნაურთა ცხოვრებით იზრდებოდა. დავითის ოჯახს ეკუთვნოდა 80 აზნაური მისი მიწებით. ოჯახის სამფლობელი აღწევდა ზღვამდე 17 ვერსის სივრცეზე, მათ ეკუთვნოდათ გრიგოლეთისა და მალთაყვის ნავების საბაჟო მოსაკრებელი. მისი მშობლების ოჯახში ხშირი იყო სტუმრობა, ლხინი, ჯირითი, შაირობა და სხვა. მამია იცნობდა გლეხთა ყოფა-ცხოვრებასაც რადგან მას ზრდიდნენ ძიძა გლეხი ჯორბენაძის ცოლი და კახელი ქალი ჯანვერდი. მამიას ჰყავდა დედმამიშვილები ჯამბაკურ, ვახტანგ, ტელემაკ, ვარდენი, ივდითი და მაკა.

6-7 წლის ასაკში ისწავლა წერა-კითხვა კარის მღვდელი იოსებ გიგინეიშვილისაგან. 7 წლის ასაკში დაიწყო შაირების თხზვა და მონაწილეობდა ოჯახში გამართულ შაირობებში. 11 წლის ასაკში შეისწავლა რუსული წერა კითხვა ოზურგეთში, რუსი სამხედრო პირის, პოლკოვნიკი არსენიევის ოჯახში. ამ დროს მამია გურიელი უკვე ლექსებს წერდა. 1851-53 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში.

1851 წელს მამიას მამა, დავით გურიელი მალთაყვაში მასპინძოლბდა კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს, რომელსაც შეჰპირდა, რომ მის შვილს, მამიას, თბილისში სამხედრო სამსახურში გაუშვებდა. დავითი ასეც მოიქცა 1853 წელს. იმავე წლის 1 ნოემბერს დაიწყო ყირიმის ომი. მამია გურიელი განწესებულ იქნა გრენადერთა პოლკში უნტერ-ოფიცრად. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ბრძოლაში. გრენადერის პოლკი შეადგენდა ალექსანდრეპოლის რაზმის ნაწილს. მამია მონაწილეობას იღებდა ბაშკადიკლარის ბრძოლაში, სადაც თავადმა ვასილ ბებუთოვმა 19 ნოემბერს 9 ათასი კაცით დაამარცხა 37 ათასიანი ჯარი და დაიმორჩილა ოსმალოთა მთელი ბანაკი 24 ზარბაზნით. მამია გურიელი ამ ბრძოლაში ივანე მუხრანბატონის ხელქვეით ჯარში იმყოფებოდა. 1854 წლის 24 ივნისს მამია იღებდა მონაწილეობას კიურუკ-დარას ბრძოლაში, სადაც ალექსანდრეპოლის რაზმმა, რომელშიაც 20 ათასი კაცი იყო, იმავე ბებუთოვის თაოსნობით დაამარცხა ოსმალთა 60 ათასიანი კორპუსი. 1855 წლის მაისიდან სექტემბრამდე მამია გურიელი იმყოფებოდა ყარსის გარშემო დაბანაკებულ ჯარში, მაგრამ ყარსის აღებას ვერ მოესწრო, რადგანაც 17 სექტემბერს ის დაჭრეს მარჯვენა ფეხში და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა.

მამია გურიელს მამა გარდაეცვალა 1856 წელს. აქედან მოყოლებული მას გული აუცრუვდა სამხედრო სამსახურზე. 1857-1859 წლებში მამია გურიელი მსახურობდა დიდოს საზოგადოებაში და ყოისუს მარჯვენა ნაპირზე. 1860 წელს ის იყო ადაგუნის რაზმში, რომელსაც უნდა გაეყვანა გზა ეკატერინოდარიდან ზემო-ადაგუნამდე.ამ რაზმში ყოფნისას მამია გურიელმა გააბა რომანი ადგილობრივ ქალთან, რამაც ის კინაღამ დუელამდე მიიყვანა. ამ წლებში მამია გურიელი სულ უფრო მეტ დროს ატარებდა შვებულებაში სახლში. 1861 წელს მან შეწყვიტა სამხედრო სამსახური. მხოლოდ 1864 წელს ახლდა ის გენერალ-ადიუტანტ მირსკის დასავლეთ კავკასიის დასამორჩილებლად, როგოც შტატ-გარეშე შტაბს-კაპიტანი.

ამის შემდეგ ის ცხოვრობდა ხან გურიაში, ხან ქუთაისში, მეტწილად კი თბილისში. იყენებდა ფაზელის ფსევდონიმს. იყო ლიტერატურული და სალონური შეკრებების ხშირი სტუმარი. იყო პოპულარული პოეტი და დეკლამატორი. თბილისში 1868 წელს მან ცოლად შეირთო მარიამ მელიქიშვილი. მათი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ეყოლათ ერთადერთი შვილი კახაბერი.

1875 წელს მამია დაუბრუნდა სამსახურს, ის შევიდა ცხენოსანთა პოლკში, რომელიც ქუთაისში იდგა. როცა დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, 1877 წლის 17 აპრილს მამია დანიშნეს გურიის ქვეითა მესამე დრუჟინის კომანდირად. 1878 წლის 17 ნოემბერს დრუჟინა დაიშალა და მამია გურიელი ამჟამად უკვე როგორც კაპიტანი, ისე დაუბრუნდა ქუთაისი პოლკს, რომელშიც იმყოფებოდა 1884 წლამდე. 1880 წელს მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდებოდა უფლებების გადამეტება, კორუფცია, თანხების გაფლანგვა და სხვა. მასზე დადიოდა ჭორები, რომ ოზურგეთში ყოველდღე წვეულებებსა და უზომო ღვინის სმებს აწყობდა სახაზინო თანხებით, მაგრამ ოზურგეთში მყოფმა დროებითმა სამხედრო სასამართლომ ის გაამართლა. 1884 წლის 5 თებერვალს ეს პოლკი გადაკეთდა დივიზიონად და მამია გადაყვანილ იქნა არმიის კავალერიის თადარიგში. ამით სამუდამოდ დასრულდა მამია გურიელის სამხედრო მოღვაწეობა.

მამია გურიელი დარჩა ქუთაისში. 1889 წელს მან შეემთხვა ინციდენტი. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ხარაზოვის თეატრის სცენიდან ის კითხულობდა ლექსებს. გამოსვლაში მამიამ ისეთი ლექსებიც ჩართო, რომელთა წაკითხვის ნებართვა არ ჰქონდა. ამის გამო ის ერთი თვით დააპატიმრეს. ერთ-ერთ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამია გურიელმა გაატარა ლოთობაში. გამოულეველმა სმამ ჩააგდო უფულობასა და ვალებში. ქუთაისში დასახლებული თავდაპირველად სასტუმრო „კოლხიდაში“ ცხოვრობდა, შემდეგ უფრო დაბალი დონის სასტუმრო „ბათუმში“ გადასახლდა, შემდეგ ადანიას დუქანში გადავიდა და ბოლოს ცხოვრობდა ქოხმახში, ბალახვანის ქუჩაზე. სვამდა ბევრს, დაავადებული იყო ჭლექით. ერთხელ მთვრალი რიონში გადავარდა, მაგრამ გადაარჩინეს. უკანასკნელად ის გახდა ავად ბათუმში, სადაც თეატრალური წარმოდგენების სანახავად იყო წასული. ბათუმიდან მამია სამკურნალოდ მშობლიურ სოფელში წაიყვანეს. იქ გაიგო ერთადერთი შვილის, კახაბერის თვითმკვლელობის ამბავი და რამდენიმე თვეში, 1891 წლის 25 ივლისს მამია გურიელი გარდაიცვალა. დაკრძალეს ქუთაისში, არქიელის მთაზე, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამია გურიელი, გიორგი შერვაშიძე და ბესარიონ ბერიძე

პირველი ლექსი „ფარვანა“ 1860 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკარში“. ერთ-ერთი პირველი ლექსებია „ჯაბას“ და „სტრფოსადმი“. მამია გურიელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ჰუმანისტური ლექსი „ადამიანი“ (1867).

მის ლექსებში, „ფანტაზია“ (1868) „ოცნება“ (1887) და სხვა, აისახა მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია, ხოლო ლექსებში „რა კარგია ყმაწვილობა“, (1881) „რათ მინდა?“ (1887) აისახა ბოჰემური განწყობილება, ღვინისა და ქალის ტრფიალი. მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივია პატრიოტიზმი. პატრიოტული ლექსებია „პოეტი და ჩვენება“ (1883) „ჩემი ალავერდი“, (1879), , „კარჩხალის მთები“. სოციალური ჩაგვრა და გლეხობის უმწეო მდგომარეობა ასახა ლექსში „ქობულეთური ყანის სიმღერა“. სხვა ცნობილი ლექსებია „მოხუცის ბაასი“, „ნატვრა“, „ჩემს შვილს კახაბერს“, „დემონი“, „მარაოზედ“, „ფიცი“, „ჩემს სურათზედ”, „ჩემს რძალს ელეონორას”, „ქალები”, „ნაძლევი“.

მამია გურიელი ავტორია ისტორიულ-რომანტიკული პოემისა „რაშიდ ვარდან ოღლი“ (1872 - 1879). ქართულად ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბაირონის, ლერმონტოვის, კოლცოვისა და სხვათა ლექსები.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1868-70 წლებში დაქორწინებული იყო მარიამ მელიქიშვილზე. ჰყავდათ შვილი კახაბერი. მამია გურიელის ძმები, ჯამბაკური და ტელემაკი ცნობილი მომღერლები იყვნენ. ჯამბაკურ (იგივე ჯაბა) გურიელი (დ? - გ. 1902) ზიჩიმ გამოიყენა ვეფხისტყაოსნის დასურათებისას ფარსადან მეფის ტიპაჟისთვის. ტელემაკს დაბადებით ალექსანდრე ერქვა. გატაცებული იყო ქართული რუსული, ევროპული და ელინურ-ლათინური ლიტერატურით, განსაკუთრებით ბერძნული მითოლოგიით და ამიტომ დაირქვა ტელემაკი, ხოლო ქალიშვილს იუნონა დაარქვა. იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი 1915 წლიდან. ცხოვრობდა რაღაც პერიოდი ევროპაში. გარდა ქართულისა და რუსულისა, იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თხზულებანი მამია გურიელისა (მ. ფაზელისა) - ქუთაისი, 1897
  • რჩეული ლექსები - თბილისი, საბლიტგამი, 1940.
  • ლექსები - თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1978

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოეტი მამია გურიელი, გაზეთი „ლენინის დროშა“, N 13, 1958 წ. გვ. 4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: