შინაარსზე გადასვლა

ეგნატე ნინოშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინოშვილი.
ეგნატე ნინოშვილი
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1859(1859-02-17)[1]
დაბადების ადგილი ყელა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1894(1894-05-12)[1] (35 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩანჩეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პროზაიკოსი და მწერალი[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი
ჟანრი პროზა
Magnum opus ჯანყი გურიაში

ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა; დ. 17 თებერვალი, 1859, ყელა ― გ. 12 მაისი, 1894, ჩანჩეთი) — XIX საუკუნის ქართველი მწერალი.

ეგნატე ინგოროყვა ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ ყელაში დაიბადა. ეგნატეს მამა, თომა, საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც — ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7-8 წლის ეგნატეს ანბანი. მამიდას სახელის გამო აირჩია ეგნატემ ფსევდონიმად ნინოშვილი. 1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.

1871-1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელში იყო და სოფლის სკოლაში სწავლობდა. სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებული იყო სკოლისთვის თავი მიენებებინა და მწყემსად დამდგარიყო, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლაზე ხელი არ აუღია და 1872 წელს დაასრულა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი. ემზადებოდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად, რაც 1876 წლის თებერვალში მოახერხა კიდეც.

სასულიერო სასწავლებელში ეგნატე მოსამზადებელი კლასის მეორე განყოფილებაში მიიღეს. ერთ თვეში იგი მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო წლის ბოლოს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეორე კლასში ჩარიცხეს. სასწავლებლის ზედამხედველი იყო თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული რეჟიმის ერთგული მსახური დეკანოზი სვიმონ ქიქოძე. მან, პირადი ანგარების მიზნით, სასწავლებელი საკუთარ სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან სასწავლებლის ბინის ქირა აეღო. დეკანოზი მოსწავლეებს თავის საკუთარ ბაღში მუქთად ამუშავებდა, ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში, რომლებიც რამდენადმე მაინც იცნობდნენ 70-იანი წლების რუსულ ნაროდნიკულ მოძრაობას და პარიზის კომუნის ამბებს. იმ ხანებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სამეგრელოდან ინსპექტორად მიავლინეს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე. იგი სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც გატაცებული იყო რუსული პროგრესული ლიტერატურით. ლიაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ დროებაში. ახალგაზრდა ინსპექტორმა მალე აუღო ალღო სასწავლებელში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და სცადა მისი გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დეკანოზმა შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სასწავლებლის გადატანა ზედამხედველის ბინიდან. სასწავლებლის ადამინისტრაციამ გაფიცვის ერთ-ერთი ინიციატორი, III კლასის მოსწავლე ეგნატე ინგოროყვა, ბარნაბ ჯიჯიეშვილთან ერთდ 1878 წლის სექტემბერში სასწავლებლიდან „მგლის ბილეთით“ გარიცხა. ამით ეგნატეს სწავლის გაგრძელების საშუალება მოესპო. მისადმი სოლიდარობის ნიშნად სასწავლებელი დატოვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, მაგრამ ეგნატეს თხოვნით, ის დაბრუნდა სკოლაში და ეხმარებოდა ეგნატეს საშინაო განათლების მიღებაში.

ეგნატემ რამდენიმეჯერ სცადა სასწავლებელში დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. მან ვერც სასწალებელში დაბრუნება, ვერც საქალაქო სასწავლებელში გადასვლა ვერ მოახერხა. იგი იმედს მაინც არ კარგავდა: 1878 წლის შემოდგომა და ზამთარი ოზურგეთში მეგობარ შეგირდებთან გაატარა, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და სხვებთან ერთად, კლასგარეშედ მეცადინეობდა და საექსტერნო გამოცდებისათვის ემზადებოდა. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ეგნატემ მასწავლებლის მოწმობა მიიღო და 1879 წელს ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

მასწავლებლად ეგნატე ნინოშვილმა 1882 წლამდე იმუშავა. მისთვის აუტანელი ხდებოდა სოფელში მუშაობა. უკიდურესმა ფინანსურმა გაჭირვებამ და ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებისათვის ქალაქში წასვლის სურვილმა აიძულა, თავი დაენებებინა მასწავლებლობისთვის და მუშაობა დაეწყო ბათუმის რკინიგზაში. 1882 - 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობდა სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. ხელფასი აქაც იმდენად მცირე ჰქონდა, რომ სასმელ-საჭმელზეც არ ჰყოფნიდა. მალე თავი დაანება ამ სამუშაოსაც და კვლავ გურიაში გაემგზავრა. 1885 წელი სოფლად გაატარა, წუხდა, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელი იყო. 1886 წელს მან მუშაობა დაიწყო სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წლის 26 ნოემბერს, ამხანაგების ფულადი დახმარებით გაემგზავრა საფრანგეთში, ნინოშვილი სამეგრელოდან გემით ჩავიდა მარსელში და შემდეგ გადავიდა ქალაქ მონპელიეში.

საფრანგეთში ცხოვრების დროს ეგნატეს ისე გაუჭირდა, რომ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ქუჩის დამგველადაც კი მუშაობდა. მონპელიეში ეგნატე 1887 წ. 25 მარტამდე დარჩა, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1887 წლის აპრილიდან საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ნინოშვილმა გრიგოლ გურიელთან დაიწყო მუშაობა მდივნად. ნინოშვილი მუშაობდა გურიელის ბიბლიოთეკაში, ორაგვეში. აქ ის ხარბად ეწაფებოდა წიგნებს, ამ დროს იგი თანამშრომლობდა ივერიაში, ბეჭდავდა ფელეტონებსა და წერილებს. ჯამაგირად ეძლეოდა თვეში 10 მანეთი. აქ დაიწყო მან მწერლობა და მუშაობა პირველ მხატვრულ ნაწარმოებზე, ისტორიულ რომანზე - „ჯანყი გურიაში“. 1888 წლის 7 ნოემბერს ნინოშვილმა მიატოვა გურიელის მდივნობა და დაბრუნდა სახლში, უმუშევარი. აქვე დაასრულა რომანზე მუშაობა 1889 წ. მაისის დასასრულს.

1889 წლის ოქტომბერში ეგნატე კვლავ წავიდა სამუშაოს საძებრად ბათუმში და ათი დღის განმავლობაში ნავსადგურში მუშაობდა დღეში ათ შაურად. 1889 წ. ოქტომბრის დამლევიდან 1890 წლამდე იგი როტშილდის ქარხანაშია, კვლავ მძიმე სამუშაოზე, მტვირთავ მუშად.

1890 წელს ეგნატე ყვირილაში (ზესტაფონი) მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში მძიმე და მომქანცველ სამუშაოზე. ეგნატე ჭლექით დაავადდება. 1890-1891 წლებში შექმნა „სიმონა“, „უცნაური სენი“, „პალიასტომის ტბა“, „არშიყნი“, „ქრისტინე“. ამავე პერიოდში ეგნატე აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში. 1891 წელს ეგნატე შედის „საფილოქსერო დასში“, რომელიც კავკასიის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა. დასთან ერთად შემოიარა მან ჩრდილოეთ კავკასია. ამ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად მის წერილებს დაღესტნიდან. იმავე წლის ოქტომბრის დამლევს ეგნატე თავს ანებებს „საფილოქსერო დასს“, მის ხელმძღვანელ ტიმოფეევთან უთანხმოების გამო.

1892 წლის დასაწყისს ეკუთვნის ეგნატეს სევდიანი რომანი ნადასი კალანადაძესთან, რომელიც მას სოფელ ხიდისთავში, მეგობრის ოჯახში საახალწლოდ სტუმრად მისულს, გაუცვნია. გარეგნულად მომხიბვლელს, განათლებულს, ბუნებით კეთილსა და თავაზიან ქალიშვილს იმდენად დაუპყრია ეგნატეს გული, რომ მისთვის ჩვეული წონასწორობა დაუკარგვინებია. ეგნატეს ნადასისათვის მიუწერია ბარათი, რომლითაც სიყვარულში თანაგრძნობა უთხოვია. მაგრამ ქალს პირობა სხვისთვის ჰქონია მიცემული. თუ რა დიდი სულიერი ტრავმა განიცადა ეგნატემ თავის პირველი და უკანასკნელი სიყვარულის გაცრუებით, ჩანს მის მიერ ნადასისადმი გაგზავნილ მეორე ბარათში, რომელიც ავტორის თხოვნის საწინააღმდეგოდ, ქალს არ დაუხევია, ფაქიზად შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიოგრაფის, პ. გელეიშვილისათვის, გადაუცია. აღნიშნულ წერილში ეგნატე, ერთი შეხედვით თითქოს კმაყოფილიცაა იმით, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს ასცდა მისი ტანჯული ცხოვრების თანამოზიარეობის მძიმე ხვედრი, მაგრამ წერილში ჩაქსოვილი ღრმა სევდა გვაგრძნობინებს ეგნატეს დიდ გულისტკივილსა და განცდას, რომ იგი ამქვეყნად ბედნიერებისათვის არ დაბადებულა.

ცხოვრების უკანასკნელი წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი არჩეულში

1892 წლის დასაწყისში იგი ბათუმშია, ნავთის ქარხანაში, უფროს მუშად. მალე, იმავე წლის გაზაფხულზე, მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში, სადაც რჩება აგვისტომდე. ამ დროს ის თავს ანებებს გომის კანტორაში მუშაობას და თავის სოფელში მიემგზავრება, სადაც სექტემბრის ბოლომდე რჩება. 1 ნოემბერს იგი თბილისში ჩავიდა და მცირე ხნით ზაქარია ჭიჭინაძის ბინაში ცხოვრობდა. 1892 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით გაიმართა ზესტაფონის კრება, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდობის არალეგალური კრებები. იგი გადაჭრით ებრძოდა ნაროდნიკობას, თუმცა, თავდაპირველად, განიცდიდა მის გავლენას. ნინოშვილი ამ პერიოდში რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო.

1893 წლის იანვრიდან აპრილამდე ეგნატე ცხოვრობდა ბინაში, რომელიც მას, ჭლექისაგან ძალზე დასუსტებულს, მისმა მეგობრებმა დაუქირავეს. სწავლობს გერმანულ ენას, ამთავრებს მოთხრობას პარტახი და იწყებს ჩვენი ქვეყნის რაინდის გადამუშავებას. 1893 წელს ის ესწრებოდა „მესამე დასის“ მეორე არალეგალურ კონფერენციას თბილისში. ავადმყოფობამ ისე დარია, ხელი, რომ იძულებული იყო თბილისიდან ბათუმს, ხოლო შემდეგ ისევ თავის სოფელში წასულიყო, სადაც სენმა საბოლოოდ მიაჯაჭვა იგი სარეცელს.

ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რომელმაც გამოამზეურა და საზოგადოებას წარუდგინა მესამე დასის პოლიტიკური პროგრამა.[3] აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს „მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი“ უწოდა.

ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1888 - 1894) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა. პირველი ფელეტონი „გურიის ამბები“ მან 1887 წელს დაწერა. მხატვრული შემოქმედება დაიწყო 1888 წლიდან. თითქმის ყველა მოთხრობაში ნინოშვილმა ასახა თავისი თანამედროვეობა, ის სოციალური ვითარება, რომელიც ქართულ სოფელში შეიქმნა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ პერიოდში XIX საუკუნის 80–90-იან წლებში. მთელი მისი შემოქმედება ქართველი კერძოდ, გურიის კუთხის გლეხების ცხოვრებას ეძღვნება. მხოლოდ ერთ ნაწარმოებში მიმართა მან ქალაქის მშრომელთა ცხოვრებას, შეუდგა „მუშათა თავშესაფარის“ წერას, მაგრამ ვერ დაამთავრა.

მისი პირველი ნაწარმოებია ისტორიული რომანი „ჯანყი გურიაში“. ეს ერთადერთი ნაწარმოებია ნინოშვილის შემოქმედებაში, სადაც ეროვნული საკითხია დასმული. მომდევნო ნაწარმოებებში მწერალმა მთელი თავისი ყურადღება მხოლოდ სოციალური უთანასწორობის საკითხებს დაუთმო.

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, თბილისი

ეგნატე ნინოშვილის მთავარი ნაწარმოებებია:

  • „ჯანყი გურიაში“ — რომანი (1888–1889)
  • „განკარგულება“
  • „გოგია უიშვილი“
  • „მოსე მწერალი“
  • „პალიასტომის ტბა“
  • პარტახი“
  • „ქრისტინე“
  • „ჩვენი ქვეყნის რაინდი“
  • „ცოლი და ქმარი“
  • „სოფლის გმირები“
  • „სიმონა“
  • „უცნაური სენი“
  • „არშიყნი“
  • „მუშათა თავშესაფარი“ (დაუსრულებელი)

ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების პერსონაჟები, სინამდვილიდან აღებული ცოცხალი ადამიანები არიან. თითქმის ყველა პერსონაჟს მოეპოვება თავისი პირველსახე, რომელთა უმრავლესობასაც, მწერლის თანამედროვეთა გადმოცემით, ავტორი პირადად იცნობდა. მაგალითად, გოგია უიშვილი, ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ყოფილა ეგნატეს მეზობელი გლეხი გოგია ხუხუნაიშვილი. იგი მთავრობის მოხელეებს უკანონოდ დაუსჯიათ, გაუმათრახებიათ და თვითმკვლელობამდე მიუყვანიათ.

ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მხატვრულ ხერხების გამოყენება, რომელსაც მწერალი მიმართავს ნაწარმოების შთამბეჭდაობის გასაძლიერებლად. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ბუნების მოვლენათა ნინოშვილისეული ხატვა. ბუნება, ნინოშვილის მიხედვით, ზოგჯერ ჰარმონიაშია ადამიანის სულიერ განწყობილებებთან, ზოგჯერ კი - მისდამი ცივია და გულგრილი. მაგ. თვითმკვლელობის სცენა მოთხრობა „პარტახიდან“ გამძაფრებულია ზაფხულის ღამის ძლიერი წვიმითა და მეხის გრიალით.

საინტერესოა მეორე მხატვრული ხერხიც, რომელსაც ნინოშვილი ხშირად იყენებს თავის მოთხრობებში. ავტორი აღგვიწერს ამბავს, რასაც ნაწარმოების გმირი სჩადის, მაგრამ თან დასძენს: „ხალხი კი სულ სხვას ამბობდაო“. ხალხში მითქმა-მოთქმით გავრცელებული ხმა საწინააღმდეგოა სინამდვილისა. ამ ხერხის გამოყენებით მწერალი აძლიერებს ტრაგიკულ სიტუაციას, რომელშიაც მოქცეულია მოთხრობის პერსონაჟი.

ე. ნინოშვილი ხშირად იყენებს სიზმრებს, როგორც მხატვრულ ხერხს. ამის მაგალითს ვხედავთ „ჩვენი ქვეყნის რაინდში“, „ქრისტინეში“, „მოსე მწერალში“, „განკარგულებაში“, „ცოლსა და ქმარში“, „პარტახში“, „სოფლის გმირებში“ და რომანში - „ჯანყი გურიაში“. ნინოშვილის ნაწარმოებებში სიზმარი არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი უბედურებისა თუ ბედნიერების უცილობელ წინათგრძნობას. ავტორი იყენებს სიზმარს ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის გასაძლიერებლად, გმირის შინაგანი სულიერი ღელვის გადმოსაცემად.

ნინოშვილის მიერ დახატული თითქმის ყველა პერსონაჟი ატარებს შერქმეულ გვარს, რომელიც პერსონაჟის თვისებას ან ხასიათს გამოხატავს: ძალაძე, უიშვილი, მუნჯაძე, მკლავაძე, დროიძე, ტყისპირელიძე, უქმაძე, ძველისენიძე, ხელმოკლიძე და სხვა.

ყველა ეს ხერხი ნინოშვილს მაღალი ოსტატობით აქვს გამოყენებული, მათი შემწეობით იგი აღწევს ტრაგიკული სიტუაციების სრულყოფას, ხასიათების გამოკვეთას, მათი სულიერი მღელვარების, მათი ტკივილების მძაფრად დახატვას. მაგრამ აღნიშნული ხერხების ხშირ გამოყენებას ზოგჯერ ერთფეროვნების ელფერი შეაქვს მწერლის მთლიან მხატვრულ შემოქმედებაში.

ნინოშვილის ენა ხალხური სასაუბრო ენაა. მწერალი არ მიმართავს მხატვრული მეტყველების შელამაზებას. მწერალი თავის პერსონაჟებს გურულ კილოზე ალაპარაკებს, უხვად იყენებს მდიდარ ფოლკლორულ მასალას: ანდაზებს, მოსწრებულ თქმებს, ლეგენდებს, ლექსებსა და სიმღერებს, რითაც ნაწარმოებს მეტ სოციალურ სიღრმეს აძლევს და მხატვრულად საინტერესოს ხდის.

ეგნატე ნინოშვილის თხზულებების უმრავლესობა იბეჭდებოდა გაზეთ ივერიაში, ასევე სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: კვალი, მოამბე, თეატრი და სხვ. ცალკე წიგნად გამოიცა მისი მოთხრობები: „სიმონა“ და „ქრისტინე“ (1892). 1904 წელს გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, 1920 წელს - სამტომეული, 1925 წელს - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული.

ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (1918). 1925 წელს „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით ივანე პერესტიანმა გადაიღო „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“. 1928 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო „ჯანყი გურიაში“, რომელიც წუწუნავას ჯერ კიდევ სცენაზე ჰქონდა დადგმული და მას დიდი აღიარება მოჰყვა. 1938 წელს სიკო დოლიძემ მოთხრობების „სიმონა“ და „მოსე მწერალი“ მიხედვით გადაიღო „დარიკო“.

  • ჭილაია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 439-440.
  • ჭილაია ს. „უახლესი ქართული მწერლობა“ ტ. 1 — თბილისი, 1972
  • გვერდწითელი გ., ეგნატე ნინოშვილი // ლიტერატურული პორტრეტები, ესკიზები, წერილები, თბილისი: საბჭოთა თბილისი, 1968. — გვ. 5-18.
  • კალანდაძე გ. „ეგნატე ნინოშვილი“ — თბილისი, 1959
  • ჟღენტი ბ. „ეგნატე ნინოშვილი“ — თბილისი, 1958

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]