შინაარსზე გადასვლა

თეთროსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთროსანი
თეთროსანი — საქართველო
თეთროსანი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°49′21″ ჩ. გ. 41°49′21″ ა. გ. / 41.82250° ჩ. გ. 41.82250° ა. გ. / 41.82250; 41.82250
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ხუცუბანი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ხინოწმინდის საეპისკოპოსო

თეთროსანი — ისტორიული მონასტერი და კულტურული ცენტრი საქართველოში, ისტორიულად გურიაში, ამჟამინდელ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანს შორის. თეთროსანი არქიტექტურულად შესწავლილი არაა, არც გათხრები ჩატარებულა ამ მიდამოებში.

თეთროსანი ხინოწმინდის საეპისკოპოსოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ერთი ვერსიით წინაისტორიულ ხანაში ის სტრაბონისეულ ლევკოთეას მთვარის და თეთრი გიორგის კულტთან დაკავშირებული სახელია.[1] სხვა ვერსიით საქართველოში თეთროსანი (თეთრით შემოსილი) ღვთისმშობლის ერთ-ერთ წოდებულებად იხმარებოდა. თეთროსანი ღვთისმშობლის ეკლესიები სხვადასხვა მხარეშია დაფიქსირებული.[2]

განთქმული იყო თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ის აკეთის მაცხოვრის ტაძარში გადაასვენეს ქვემო გურიიდან ზემო გურიაში გადასახლებულმა თავდგირიძეებმა, თუმცა ხატის წარწერაში მოხსენიებული პირების მიხედვით იგი სამეგრელოში უნდა იყოს შექმნილი და მხოლოდ მას შემდეგ მოხვედრილი გურიაში. თეთროსნის ხატობა აგვისტოს შუა რიცხვებში იმართებოდა. თეთროსნის კიდევ ერთი ხატი ღვთისმშობლისა გუგუნავებმა გადაიტანეს ძიმითში.[3] თეთროსანი მწიგნობრულ-კულტურული კერა იყო. იქ გადაიწერა XVI საუკუნის „თეთროსნის დავითნი“. მისი გადამწერი იყო გერმანოზ კალიგრაფი. ფსალმუნი გადაიწერა ქაიხოსრო გურიელისა და მისი დედის, თამარ დედოფლის, დაკვეთითა და ფინანსური უზრუნველყოფით.

1703 წელს თეთროსანი აიღეს და გაძარცვეს გურიის სამთავროში ზღვიდან შეჭრილმა აფხაზებმა, რომლებიც ოსმალეთის ლაშქრობაში მონაწილეობდნენ.[4] თეთროსნის დანგრევაში მონაწილეობდა სულეიმან-ბეგ (დაბადებით მაქსიმე) თავდგირიძე. თეთროსანში დაკრძალეს მისი მეუღლე.[5] XIX საუკუნის მეორე ნახევარშიაც კი მრავალი მუსლიმი ნასაყდრალ თეთროსანზე სალოცავად მიდიოდა.

თეთროსნის ტაძარი დღეს აღარ არსებობს. 1944 წლისათვის ის ეკალ-ბარდებში იყო ჩაფლული და გადარჩენილი იყო მხოლოდ ორი კედლის ფრაგმენტი: შედარებით უკეთ შემონახული იყო ჩრდილო–აღმოსავლეთის კედლის ნაშთი (სიგრძე 7 მეტრამდე, სიმაღლე 6,5 მეტრამდე), ხოლო ბევრად ცუდად –- ჩრდილო-დასავლეთის კედელი (სიმაღლე 4,5 მეტრამდე); ნასაყდრალის კედელი ნაგები იყო რიყის ქვით, ხოლო სარკმლის ზემოთ დატანებული ჰქონდა თლილი ქვები. კედელი სქელი იყო და 2 მეტრამდე აღწევდა; იგი ადრე თლილი და მოჩუქურთმებული ქვებით იყო შემოსილი. ნასაყდრალს ემჩნევა, რომ იგი ბევრჯერ დანგრეული და განახლებული უნდა იყოს. ის სავარაუდოდ დაინგრა მხარის ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცების შემდეგ (1728 წ.).

  • ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბ.: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 89, ISBN 99940-11-89-8.
  • იოსელიანი ა., ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ.: მეცნიერება, 1973.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14024
  1. იოსელიანი, 1973, გვ. 54
  2. ჩხატარაიშვილი ქ., „თეთროსანი და თეთროსნის დავითნი“ საქაართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები წ. V გვ. 106 — თბილისი, 1986 წ.
  3. თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, 1907. — გვ. 29.
  4. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 151.
  5. ჭიჭინაძე ზ., „თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე“, თბილისი: გურიის სულიერი და კულტურული ფასეულობების შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი, 2007 ISBN 978-99940-69-80-4. — გვ. 37.