საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი („დამკომი“) — საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (მას ზოგჯერ „პარიტეტული კომიტეტი“-ს სახელითაც მოიხსენიებენ), რომელიც 1922-1924 წლებში აქტიურ იატაკქვეშა ბრძოლას წარმართავდა საბჭოთა ოკუპაციისა და ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. ანტისაბჭოთა პარტიების ამ ბლოკმა საკუთარ თავზე აიღო საქართველოში საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებას საფუძველი ჩაეყარა 1922 წლის აგვისტოში. ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები ქართველ მენშევიკებს და მათ ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებს, - ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებს, ესერებსა და „სხიველების“ ორგანიზაციას შორის. საბოლოოდ პარტიები შეთანხმდნენ მოქმედების საერთო გეგმაზე და ხელი მოაწერეს შეთანხებას, რომელიც ხუთი მუხლისგან შედგებოდა:

  1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რათა საერთო ძალით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის;
  2. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მოწვეული იქნება დაფუძნებული კრება, რომელსაც ჩააბარებენ ანგარიშებს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ისე ის მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება გარდამავალ მომენტში;
  3. დაფუძნებული კრების სხდომაზე ირჩევენ ახალ მთავრობას კოალიციური პრინციპების მიხედვით. ამასთანავე, არცერთ პარტიას უფლება არ აქვს დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი;
  4. ირჩევენ პარიტეტულ კომისიას ძველი მთავრობის მოღვაწეობის განსახილველად;
  5. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან პარიტეტულ საფუძველზე არჩეულ იქნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეწოდოს "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი".

შეთანხებას ხელი მოაწერს: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიისაგან - გოგოტა ფაღავამ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან - იასონ ჯავახიშვილმა, მემარჯვერე სოციალ-ფედერალისტებისაგან - გრიგოლ რცხილაძემ, სხიველებისაგან - მუხრან ხოჭოლავამ, მემარჯვენე ესერებისაგან - იოსებ გობეჩიამ.

ტექსტი საგანგებო წერილთან ერთად გაეგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფ მთავრობას. კავშირს კომიტეტსა და მთავრობას შორის ახორციელებდა ე. წ. „კონსტანტინეპოლის ბიურო“, რომელიც წარმართავდა ასევე საიდუმლო მოლაპარაკებებს თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან დახმარების თაობაზე.

დამკომთან შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კოტე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დის შვილი).

თავისი ფართო აგენტურული ქსელის საშუალებით და გამცემლობის შედეგად, ბოლშევიკურმა საგანგებო კომისიამ (ე. წ. „ჩეკა“) პატიმრობაში აიყვანა მრავალი შეთქმულთაგანი. განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიადგა კომიტეტს 1923 წლის გაზაფხულზე, როდესაც დააპატიმრეს დამკომის თავმჯდომარე ნ. ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი კოტე აფხაზი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, გენერალი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნილი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, კაპიტანი ივანე ყარანგოზიშვილი, როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ არჩეულ იქნა „დამკომის“ სამხედრო ცენტრის ახალი შემადგენლობა გენერალ სპირიდონ ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ჩეკას ტყვეობაში აღმოჩნდნენ ასევე ემიგრაციიდან დაბრუნებული მენშევიკი მოღვაწეები ნოე ხომერიკი და ვალიკო ჯუღელი.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ცენტრთან შეუთანხმებელი და ადგილობრივი მენშევიკების დესტრუქციული მოქმედების გამო, ჭიათურაში დაიწყო დმკომის მიერ დადგენილ ვადაზე 24 საათით ადრე,- ხსენებული წლის 28 აგვისტოს, დილის 6 საათზე. ამან მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ამბოხების მთელ შემდგომ მსვლელობაზე. აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 1924 წლის 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს შიო მღვიმეს მონასტერში და დააპატიმრა მისი ლიდერები, მათ შორის თავმჯდომარე კოტე ანდრონიკაშვილი. ისინი პირადად ლ. ბერიამ, ამიერკავკასიის და საქართველოს „ჩეკა“-ს უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, წითელი ტერორი საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ მებრძოლთა მცირე ნაწილმა (მაგ.: ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები, სპირიდონ ჭავჭავაძე, მიხეილ ლაშქარაშვილი, სერგო მათითაიშვილი, ავთანდილ ურუშაძე) მოახერხა საზღვარგარეთ გახიზვნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვალერი ბენიძე (1991), 1924 წლის აჯანყება საქართველოში. თბილისი, სამშობლო.
  • ლევან ურუშაძე (2006), ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის.- ჟ. „ამირანი“, XIV-XV, მონრეალი-თბილისი.
  • Stephen F. Jones (October 1988). "The Establishment of Soviet Power in Transcaucasia: The Case of Georgia 1921-1928". Soviet Studies 40, No. 4: 616-639.
  • Amy W. Knight (1993), Beria: Stalin's First Lieutenant, Princeton University Press, Princeton, New Jersey, ISBN 0691010935.
  • David Marshall Lang (1962). A Modern History of Georgia, London: Weidenfeld and Nicolson.
  • Markus Wehner (1995). "Le soulèvement géorgien de 1924 et la réaction des bolcheviks". Communisme n° 42/43/44: 155-170.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]