გაბონი
გაბონის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „კავშირი, სამუშაო, სამართლიანობა“ | ||||||
ჰიმნი: La Concorde |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ლიბრევილი 0°23′ ჩ. გ. 9°27′ ა. გ. / 0.383° ჩ. გ. 9.450° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ალი ბონგო ონდიმბა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ემანუელ ისოზე-ნგონდე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 267 668 კმ2 (ა/მ) | ||||
- | წყალი (%) | 3,76 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 1 454 867 (150-ე) | ||||
- | 2013 აღწერა | 1 811 079 | ||||
- | სიმჭიდროვე | 6,77 კაცი/კმ2 (216-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $9.621 მილიარდი (136-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $7,055 (89-ე) | ||||
აგი (2007) | 0.677 (საშუალო) (119-ე) | |||||
ვალუტა | ფრანკი (XAF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
ქვეყნის კოდი | GAB | |||||
Internet TLD | .ga | |||||
სატელეფონო კოდი | 241 |
გაბონი (ფრანგ. République gabonaise) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. საფრანგეთის ყოფილი კოლონია. დედაქალაქი ლიბრევილი. სახელმწიფო ენა – ფრანგული. 2013 წლის აღწერით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 811 079 ადამიანს,[1][2][3][4] ტერიტორია — 267 668 კმ².
უნიტარული სახელმწიფო, რომელიც დაყოფილია 9 პროვინციად. საპრეზიდენტო რესპუბლიკა — 2009 წლის 30 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული იქნა ალი ბონგო ონდიმბა.
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალური აფრიკის დასავლეთში, დასავლეთიდან მას გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები ატლანტის ოკეანეში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ეკვატორული გვინეა, ჩრდილოეთიდან – კამერუნი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – კონგოს რესპუბლიკა.
მორწმუნეთა დიდი ნაწილი თავისი აღმსარებლობით სხვადასხვა მიმართულების ქრისტიანია (პირველ რიგში კათოლიკები).
ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და სტაბილურ სახელმწიფოდ აფრიკაში. 2012 წლის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 24,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ფულადი ერთეული — აფრიკული ფრანკი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის სახელწოდება „გაბონი“ წარმოშობილია მდინარე მბეს პორტუგალიური სახელისაგან: „Gabão“ (რაც ნიშნავს „თავსაბურავიან ქურთუკს“), რომელიც წარმოიშვა მდინარის შესართავის სპეციფიკური ფორმისაგან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლონიამდელი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოპესის კონცხზე აღმოჩენილი კლდეზე დახატული ნახატების ასაკი სავარაუდოდ მიეკუთვნება 8000 წელს. ეს თანამედროვე გაბონის ტერიტორიაზე ადამიანთა არსებობის უძველესი მტკიცებულებაა.
ქვეყნის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ პიგმეები[5], რომლებიც აქ მოვიდნენ ცენტრალური აფრიკიდან. ისინი ცხოვრობდნენ მცირე ჯგუფებად ტროპიკულ ტყეებში, რომელთა ძირითადი საქმიანობა იყო ნადირობა და შემგროველობა.
XI საუკუნის ბოლოს დაიწყო ბანტუს ხალხის ტომების მიგრაცია[6] ატლანტის ოკეანის სანაპიროებისკენ. ისინი თანამედროვე გაბონის ტერიტორიაზე სახლდებოდნენ მტრებისგან თავდასაცავად ან ახალი მიწების მოსაპოვებლად. გაბონის აღმოსავლეთით და სამხრეთით დასახლდა ბატეკეს ტომის ხალხი, ჩრდილოეთით — მპონგვეს ტომის ხალხი. ორივე ტომი ჩრდილოეთიდან მოვიდა, თანამედროვე კამერუნის ტერიტორიიდან. მათი ცხოვრების შესახებ, ევროპელების მოსვლამდე, ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, მაგრამ შენარჩუნებული ხელოსნების მიერ დამზადებული ნაკეთობები და კულტურის ნიმუშები ლაპარაკობენ მდიდარ კულტურულ ტრადიციებზე.
XIX საუკუნეში გაბონში მოვიდა ფანგის ტომის ხალხი, რომლებმაც შეავიწროვეს არსებული მაცხოვრებლები და გახდნენ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი.
გაბონში ევროპელების მოსვლის დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობდა პირველყოფილი საზოგადოების წყობის პირობებში და არ გააჩნდათ სახელმწიფოებრიობის ჩანასახიც კი.
თანამედროვე გაბონის ტერიტორიის სანაპიროზე ევროპელთაგან პირველები გამოჩნდნენ პორტუგალიელები. 1472 წელს კაპიტანმა რუი დი სიკეირამ აღმოაჩინა უბე მდინარე კომოს შესართავთან. ამ უბის ფორმის გამო მან ტერიტორიას უწოდა პორტუგალიური სიტყვა gabão, რაც ნიშნავს თავსაბურავიან ქურთუკს. რუი დი სიკეირას მიერ აღმოჩენილი სანაპირო გახდა მონათვაჭრობის ცენტრი.
XVI—XVII საუკუნეებში გაბონის სანაპიროებთან მოცურავდნენ ნიდერლანდელები, ფრანგები, ესპანელები და ინგლისელები. ისინი საკუთარ საქონელს ცვლიდნენ (მარილი, კაჟიანი თოფი, დენთი, ალკოჰოლური სასმელი და სხვა) სპილოს ძვალზე, აბანოზის ხეზე, ცვილზე, თაფლზე, პალმის ზეთზე. სანაპირო რაიონებში იქმნებოდა სავაჭრო ფაქტორიები და კათოლიკური მისიები.
XVIII საუკუნის დასაწყისში გაბონის სანაპიროზე აღმოცენდა ორუნგუს სამეფო, რომელიც აკონტროლებდა ევროპელებთან ვაჭრობას. ორუნგუს სამეფო გახდა მონების დიდი რაოდენობის მომწოდებლათ და მან იარსება თავის დაშლამდე 1873 წელს. მისი დაცემა დაკავშირებულია მონათვაჭრობის აკრძალვასთან.
კოლონიალური პერიოდი (1839 − 1960 წლები)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის მიერ გაბონის ტერიტორიის კოლონიზაციის დასაწყისს საფუძველი დაუდო კაპიტანმა ლუი ედუარდ ბუე-ვილიომემ, რომელმაც გაბონის უბეში გემებისათვის დააარსა გაჩერება და 1839 წელს შეთანხმება დადო მპონგვეს ტომის ბელად ანჩუვე კოვე რაპონჩომბესთან, რომელიც ფრანგმა კაპიტანმა გააქრისტიანა და უწოდა «მეფე დენი».
1840-1860 წლებში ფრანგმა კოლონიზატორებმა შეთანხმებები დადეს სანაპიროზე მცხოვრები ადგილობრივი ტომების ყველა ბელადთან — «საფრანგეთის მხრიდან დაცვისა და მფარველობის შესახებ».[7]
1849 წელს ფრანგებმა დაიპყრეს მონებით მოვაჭრე პორტუგალიური გემი და განთავისუფლებულმა შავკანიანებმა დააარსეს დასახლება ლიბრევილი, გაბონის თანამედროვე დედაქალაქი.
XIX საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო ფრანგების შეღწევა ქვეყნის სიღრმისეულ რაიონებში. 1875-1880 წლებში პიერ სავორნიან დე ბრაზამ, რომელმაც გამოიკვლია მდინარე კონგოს აუზი, დადა მთელი რიგი შეთანხმებები ადგილობრივი ტომების ბელადებთან. 1880 წელს დღევანდელი გაბონის აღმოსავლეთში დე ბრაზამ დააარსა ქალაქი ფრანსვილი. 1883 წელს დე ბრაზა დაინიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის სამთავრობო კომისრად დასავლეთ აფრიკაში (თანამედროვე გაბონისა და კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიები).
XIX საუკუნის ბოლოდან ფრანგმა კოლონიზატორებმა გაბონში შექმნეს საექსპორტო კულტურების — ყავის და კაკაოს პლანტაციები, ხე-ტყის მასალის დამამზადებელი საწარმოები, ასევე ააშენეს გზები და საზღვაო პორტები.
1910 წელს გაბონი გახდა ოთხიდან ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც შედიოდა საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკაში.
პირველი მსოფლიო ომის დროს გაბონელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საფრანგეთის საჯარისო ნაწილების შემადგენლობაში. ვოლო-ნტემის პროვინციაში ხდებოდა შეტაკებები სენეგალელ მსროლელებსა და კამერუნიდან გადმოსროლილ გერმანულ ქვედანაყოფეფს შორის.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაბონში მიმდინარეობდა ბრძოლები ადგილობრივ კოლონიურ ჯარებსა (შავკანიანთა რაზმები) და 1940 წლის ნოემბერში გადმოსხმულ გენერალ შარლ დე გოლის ჯარებს შორის. გაბონელები გამოვიდნენ შარლ დე გოლის წინააღმდეგ, რადგანაც ისინი მას თვლიდნენ ამბოხებულად, რომელიც იბრძოდა საფრანგეთის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.
დამოუკიდებლობის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბანმა დამოუკიდებლობა მიიღო 1960 წელს. მას შემდეგ გაბონი რჩება კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სტაბილურ ქვეყნად, სადაც შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია აფრიკაში.
გაბონის დამოუკიდებლობის მთელი ისტორიის განმავლობაში ქვეყანაში სულ სამი პრეზიდენტი შეიცვალა. პირველი იყო ლეონ მბა, რომელმაც 1961 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კონსტიტუციის თანახმად მიიღო პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებამოსილება.
1964 წლის თებერვალში ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება. შეთქმულებმა ხელისუფლების სადავეები შესთავაზეს გაბონის დემოკრატიული და სოციალური კავშირის პარტიის (ფრანგ. Union Démocratique et Sociale Gabonaise) ლიდერს ჟან-ილერ ობამს. მაგრამ სენეგალიდან და კონგოს რესპუბლიკიდან გადმოსროლილმა საფრანგეთის ჯარის ორმა ქვედანაყოფმა აღადგინა პრეზიდენტ ლეონ მბას ხელისუფლება.
1967 წლის ნოემბერში ლეონ მბას გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტი გახდა 32 წლის ომარ ბონგო (1973 წელს მან ქრისტიანული რელიგია შეცვალა ისლამით და სახელად გახდა ელ-ხაჯ ომარ ბონგო). ბონგო იყო ბატეკეს ტომის ხალხის ბელადის შვილი, 1964 წლიდან ასრულებდა თავდაცვის მინისტრის მოვალეობას და იყო სპეციალური სამთავრობო კომისარი სახელმწიფო უსაფრთხოების დარგში. შემდეგ მან ასევე მიიღო ინფორმაციის მინისტრისა და ტურიზმის მინისტრის პოსტები, ხოლო 1967 წლის მარტიდან კიდევ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
1968 წელს ბონგომ ქვეყანაში ოფიციალურად დაამტკიცა ერთპარტიული რეჟიმი, მხოლოდ გაბონის დემოკრატიულ პარტიას მიეცა არსებობის უფლება (საკუთარი თავი დანიშნა ამ პარტიის გენერალურ მდივნად). ტომებს შორის დაპირისპირების შესასუსტებლად ბონგომ გაზარდა მინისტრების პოსტების რაოდენობა, ამ პოსტებზე დანიშნა გაბონის ყველაზე უფრო დიდი ტომების ბელადები.
1991 წლის მარტში ბონგომ გამოაქვეყნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც გაბონში ნებადართული იქნა მრავალპარტიული სისტემა.
2005 წლის 29 ნოემბერს გამოცხადდა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ამ არჩევნებზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა პრეზიდენტმა ომარ ბონგომ, რომელმაც ხმების თითქმის 80 % მოიპოვა და ეს პოსტი უკვე 38 წელი უკავია.
ომარ ბონგო ესპანეთის კლინიკაში გარდაიცვალა 2009 წლის 8 ივნისს, რის შემდეგაც პრეზიდენტის მოვალეობას 16 ოქტომბრამდე ასრულებდა როზა როგომბე.
2009 წლის 30 აგვისტოს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ორმა ათეულმა კანდიდატმა. იმავე დღეს საკუთარი გამარჯვების შესახებ გამოაცხადა გარდაცვლილი პრეზიდენტის ვაჟმა — ალი ბონგო ონდიმბამ, რომელმაც თანამდებობა დაიკავა 2009 წლის 16 ოქტომბერს. მისი ძირითადი მოწინააღმდეგე იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ანდრე მბა ობამე[8].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიული მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონი მდებარეობს ცენტრალური აფრიკის დასავლეთში. აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება კონგოს რესპუბლიკა (სახელმწიფო საზღვრის სიგრძე — 1903 კმ), ჩრდილოეთიდან — კამერუნი (298 კმ), ჩრდილო-დასავლეთიდან — ეკვატორული გვინეა (350 კმ), დასავლეთით ქვეყანა გადის ატლანტის ოკეანის გვინეის ყურის წყლებზე.
სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძეა 2551 კმ, სანაპირო ზოლის სიგრძე — 885 კმ. ქვეყნის სანაპირო ზოლს ორ ნაწილად ჰყოფს ლოპესის კონცხი. მისგან სამხრეთით ნაპირი სწორხაზოვანი და ვაკიანია, წყალმარჩხი ლაგუნებით. კონცხიდან ჩრდილოეთით სანაპირო ზოლს აქვს უფრო რთული მოხაზულობა, აქ მდებარეობენ მოსახერხებელი უბეები — მდინარეების ესტუარები.
გაბონის საერთო ფართობია 267 667 კმ², საიდანაც წყლის ზედაპირზე მოდის 10 000 კმ² (მთლიანი ფართობის 3,7 %), ხოლო ხმელეთს უკავია 257 667 კმ²[9]. მიწის ფონდის დიდი ნაწილი დაკავებულია ტყეებით (77 %), საძოვრებზე მოდის მიწის 18 %, ხოლო 2 % გამოყოფილია სახნავ-სათესად.
რელიეფი, გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის შიდა ნაწილს უკავია სამხრეთ-გვინეის მაღლობის მთიანეთი და პლატო. ყველაზე უფრო მაღალ სიმაღლეებს აღწევენ შაიიუს ქედის მთები (მილონდო (1020 მეტრი),[10][11]), რომლებიც მდებარეობენ გაბონის ცენტრალურ ნაწილში და აგებულია ადრეული პრეკამბრიული პერიოდის მეტამორფული მთის ქანებით და გრანიტებით. აქ არსებობენ მანგანუმის და ოქროს საბადოები. მისგან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობენ ბროლის მთები (დანის მთა, 1000 მეტრი), აგებული პრეკამბრიული პერიოდის კრისტალური ქანებით. მიუხედავად ამისა ზღვის დონიდან ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია ბენგუს მთა (1070 მეტრი), რომელიც მდებარეობს გაბონის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
სამხრეთ-დასავლეთიდან შაიიუს ქედთან შეხებაშია დაბალი სიმაღლის მთების და ბორცვების რამდენიმე ჯაჭვი — გვიანპროტეროზოური დასავლეთი კონგოლიდის ნაოჭა სისტემის ჩრდილოეთი დაბოლოება. ხოლო აღმოსავლეთიდან — თანდათან დადაბლებული ფრანსვილის ჩანაზნექი, შევსებული იმავე დასახელების შუაპროტეროზოური დანალექი ქანებისაგან, რომელიც შეიცავს მანგანუმის მადანს. ფრანსვილის რაიონში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მანგანუმის საბადო, რომლის საერთო მარაგი შეფასებულია 225 მილიონ ტონად. აქვე მდებარეობს ურანის მადნის საბადოები (დადასტურებული მარაგი — 5830 ტონა). რკინის მადნის საბადოები (1400 მილიონი ტონა) მდებარეობენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (ბელინგა), ძირითადად მაგიდა მთაზე (სიმაღლე 500—600 მეტრი), და სამხრეთ-დასავლეთში (ჩიბანგა).
ქვეყნის დასავლეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, გადაჭიმულია 200 კმ-მდე სიგანის დაბლობი ვაკე. ის წარმოადგენს ინტენსიურ ოლქს, რომლის ჩაძირვაც ცარცული პერიოდის დროს დაიწყო და გამოიწვია დანალექი ქანების რამდენიმეკილომეტრიანი ფენის დაგროვება, ჯერ კონტინენტურ-ლაგუნიანი, შემდეგ მარილოვანი და ზღვის. ჭრილის ქვედა ნაწილში მარილების არსებობამ გამოიწვია მარილოვანი ტექტონიკის გამოვლენა. ამ ადგილას მდებარეობენ ნავთობის (ჯამური დადასტურებული მარაგი — 275 მილიონი ტონა) და ბუნებრივი აირის (28 მილიარდი მ³) ძირითადი საბადოები.
შიდა წყლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის სამდინარო ქსელი საკმაოდ ხშირი და ბევრწყლიანია. მთავარი მდინარეა — ოგოუე, მის აუზს მიეკუთვნება ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი ყველაზე უფრო დიდი შენაკადებია — ივინდო და ნგუნიე. უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია სანაპირო მდინარეები — ნიანგა და კომო. მდინარეები წყალუხვია მთელი წლის განმავლობაში, ზედა დინებაში ჭორომიანია, ქვედა დინებაში უმეტესწილად სანაოსნოა. ჰიდროენერგიის წარმოების პოტენციალური შესაძლებლობები შეფასებულია, როგორც 48 მილიარდი კვტ/სთ წელიწადში.
ქვეყნის ყველაზე დიდი ტბებია: ნდუგუ, ნკომი და ონანგი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი ცხელი და ნოტიოა, ჩრდილოეთის ეკვატორული სარტყლიდან გადადის დასავლეთის და სამხრეთის სუბეკვატორულ სარტყელში მოკლე მშრალი სეზონით (ივნის-ივლისიდან აგვისტო-სექტემბრამდე).
ტემპერატურის საშუალო თვიური მაჩვენებელია 22 °C-დან 24 °C-მდე ივლისში და 25 °C-დან 27 °C-მდე აპრილში, სამხრეთ-აღმოსავლეთში ცხელ თვეებში აჭარბებს 32 °C-ს. ატმოსფერული ნალექების წლის საშუალო რაოდენობა 1500—2000 მმ-ია წელიწადში, ჩრდილოეთის სანაპირო ზოლში 2500-4000 მმ-მდე.
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონი მდებარეობს ეკვატორულ და სუბეკვატორულ გეოგრაფიულ სარტყლებში. ცხელი და ნოტიო კლიმატის გამო ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 80 % უკავიათ ხშირ ტროპიკულ მარადმწვანე ტყეებს. ტერიტორია მაღლდება დასავლეთიდან, სადაც მდებარეობს 30-200 კმ-ის სიგანის დაჭაობებული ზღვისპირა დაბლობი, აღმოსავლეთისკენ, სადაც მდებარეობენ ზეგნები და მთის მასივები.
მცენარეულობა და ნიადაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის ტერიტორიის დაახლოებით 80 % დაფარულია ხშირი, ნოტიო მარადმწვანე და ფოთლოვან-მარადმწვანე ტროპიკული ტყეებით წითელ-ყვითელ ლატერიტულ ნიადაგზე. ტყეებში გავრცელებულია ხეების ბევრი ჯიში, რომლებსაც აქვთ ფასიანი მერქანი — ოკუმე, ოზიგო, ლიმბა, წითელი და ყვითელი ხეები, აბანოზი, სანტალი და სხვა. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ტყეები ნაწილობრივ შეთხელებულია და მასში შერეულია მაღალბალახოვანი სავანები. სანაპიროზე არსებობენ მანგროს ტყეები.
ცხოველთა სამყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის ცხოველთა სამყარო თავისი სახეობების შემადგენლობით დამახასიათებელია აფროტროპიკის ოლქის დასავლეთ-აფრიკული ქვეოლქისათვის. დიდი ცხოველებიდან ბინადრობენ: სპილოები, მეჭეჭებიანი ღორები, აფრიკული კამეჩები, ტყის ანტილოპების რამდენიმე სახეობა; მტაცებლებიდან — ჯიქები, აფთრები და სხვა. ფართედაა გავრცელებული მაიმუნები, მათ შორის ადამიანის მსგავსი მაიმუნები — გორილა (ყველაზე დიდი პოპულაცია მსოფლიოში[12]) და შიმპანზე. მდინარეებში ბინადრობენ ბეჰემოთები, ნიანგები; გაბონის უბეში, სანაპირო ლაგუნებში და მდინარე ოგოუეში გვხვდება ლამანტინები. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ფრინველები და გველებია, რომელთა შორის ბევრი შხამიანია. ფართედაა გავრცელებული მწერები, მათ შორის სახიფათო დაავადებების გადამტანები — ბუზი ცეცე, ქინქლა Simulium.
ბუნების რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის ტერიტორია შეიძლება დაიყოს 4 ფიზიკურ-გეოგრაფიულ რაიონად. ნაპირის ზონის გასწვრივ გადაჭიმულია სანაპირო რაიონი. მთიანი რაიონები მოიცავენ მდინარე ოგოუეს ჩრდილოეთით მდებარე ბროლის მთებს და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შაიიუს ქედს. გაბონის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს ბატეკეს პლატო, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთში — ვოლო-ნტემის პლატო.
სანაპირო რაიონი მოიცავს სამხრეთში მდებარე დაბლობ, ტყით დაფარულ მაიომბეს მთებს და მთელი სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულ დაბლობს, სიგანით 30 კმ-დან 200 კმ-მდე. მას კვეთავენ რამდენიმე მდინარის ქვედა დინებები, მათ შორის ქვეყნის მთავარი სავაჭრო არტერია ოგოუე. ოგოუეს შესართავის ჩრდილოეთით ნაპირი დაკლაკნილია მდინარის ესტუარებით, სადაც მდებარეობენ მოხერხებული ბუნებრივი ნავსაყუდლები. მდინარე ოგოუეს სამხრეთით ნაპირი ქვიშოვანია, განცალკევებული მდინარის ხეობებით. აქ მდებარეობენ ლაგუნები, დაგრეხილი ლერწმის მცენატრრბით და მანგროს ტყეებით. მცენარეულობიდან სჭარბობენ ვრცელი ტროპიკული ტყეები, ნაკლებადაა წარმოდგენილი სავანები. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს სამხრეთში 1500 მმ-დან ჩრდილოეთის 4000 მმ-მდე. თვის საშუალო ტემპერატურა სამხრეთში შეადგენს 21-27 °С-ს, ჩრდილოეთში 25-28 °С-ს. წლის განმავლობაში ხდება ოთხი სეზონის ცვალებადობა — ნოტიო და მშრალის, თანაც მშრალი სეზონი სამხრეთში გამოირჩევა დიდი ხანგრძლივობით და უფრო მკვეთრად გამოკვეთილია. ბენგელის დინება დიდ ზიანს აყენებს სანაპიროს კლიმატზე.
ბროლის მთები, რომლებიც მდებარეობენ მდინარე ოგოუეს ჩრდილოეთით, საკმაოდ დაცალკევებულია. სიმაღლეები მერყეობს 150 მეტრიდან 600 მეტრამდე. მდინარეები, რომლებიც ამ მთებს კვეთავენ, ქმნიან ჭორომებს და ჩანჩქერებს. ტყის საფარი ხშირია, მაგრამ ეროზიის განვითარების ადგილებში გაიშვიათებულია. გაბონის ყველაზე მაღალი და ვრცელი მთებია — შაილუ, რომელიც სამხრეთ ნაწილში აღწევს ყველაზე უფრო დიდ სიმაღლეს. აქ მდებარეობს შაიიუს უმაღლესი წერტილი — მილონდოს მთა (1020 მეტრი). ამ ადგილებში იკვეთება კლიმატის და ლანდშაფტის სიმაღლის ზოლი.
ვოლო-ნტემის პლატო — მკვრივი ძველი მთის ქანებისგან აგებული, 760 მეტრამდე სიმაღლის პლატო. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში — ბროლის მთების აღმოსავლეთით და მდინარე ოგოუეს ჩრდილოეთით. პლატოს ზედაპირში ღრმად შეჭრილი მდინარეები ქმნიან მრავალრიცხოვან ჭორომებს. ფართედაა გავრცელებული ნოტიო ტროპიკული ტყეები. ნალექების წლის საშუალო რაოდენობაა 1800 მმ, ტემპერატურის თვის საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 23 °С-დან 27 °С-მდე, სამხრეთში გავრცელებულია მაღალბალახოვანი სავანები დაბალი სიმაღლის ხეებით.
ბატეკეს პლატო — ქვიშაქვებით აგებული, 830 მეტრამდე სიმაღლის დაბალი პლატო, მდებარეობს გაბონის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ეს ქვეყნის ყველაზე უფრო ცხელი და მშრალი რაიონია. ცხელ თვეებში საშუალო ტემპერატურა აჭარბებს 32 °С-ს, ხოლო ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 1500 მმ-ს. სჭარბობს მაღალბალახოვანი სავანები და მხოლოდ ნელი დინების მდინარეების გასწვრივაა გადაჭიმულია ტყეები.
ეკოლოგიური პრობლემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუნებრივი გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვან ზარალს აყენებს გაბონის ბუნებას. მყარი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები (დაახლოებით 100 ათასი ტონა წელიწადში) ქალაქებში იწვევენ მიწების დაჭუჭყიანების ზრდას. ქვეყნის წყლის რესურსებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ნავთობმომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები.
საკმაოდ გაზრდილი ხე-ტყის მრეწველობა ხელს უწყობს გაბონის სანაპირე რაიონების ტყეების გამეჩხერებას. სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლება ახორციელებს ტყეების აღდგენის ეროვნულ პროგრამას. ქვეყნის შიდა ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაფარულია ტყის ხშირი საფარით.
ტყის გაჩეხვას და ბრაკონიერობას მოაქვს ცოცხალი სამყაროს რაოდენობის და მრავალფეროვნების შემცირება. 2001 წლისთვის გაბონში გაქრობის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა ძუძუმწოვრების 12 სახეობა, ფრინველების 466 სახეობა, ქვეწარმავლების ორი სახეობა და მცენარეების 78 სახეობა. გაქრობის პირას მყოფი ცხოველების დასაცავად 2 ეროვნულ პარკში და 4 ნაკრძალში აკრძალულია ნადირობა. დაცული ტერიტორიებისათვის გამოყოფილია ქვეყნის მიწის ფონდის 2,7 %[13].
სახელმწიფო წყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონი — რესპუბლიკა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმით. მოქმედი კონსტიტუცია მიღებულია 1961 წელს (ცვლილებები შეტანილია 1975, 1991 და 2003 წლებში).
აღმასრულებელი ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფოს მეთაური — რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც მოსახლეობა ირჩევს 7-წლიანი ვადით. 2003 წლის კონსტიტუციის ცვლილების თანახმად გაუქმდა შეზღუდვა საპრეზიდენტო ვადის რაოდენობაზე. პრეზიდენტი ნიშნავს და ხსნის პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტს და უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელ მოსამართლეებს. პრეზიდენტს აქვს უფლება დაშალოს ეროვნული ასამბლეა, შეაჩეროს კანონების ძალაში შესვლა და დანიშნოს რეფერენდუმი.
საკანონმდებლო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ორპალატიან პარლამენტს, რომელიც შედგება ეროვნული ასამბლეისაგან და სენატისაგან. ეროვნული ასამბლეის 120 დეპუტატი ირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით, 5 წლიანი ვადით. სენატი შედგება 102 წევრისაგან, რომლებსაც ირჩევს მუნიციპალური საბჭოები და რეგიონალური ასამბლეები 6 წლის ვადით. სენატი შეიქმნა 1990—1991 წლებში, კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შემდეგ, ფუნქციონირება დაიწყო 1997 წლის არჩევნების შემდეგ. სენატის პრეზიდენტი ცვლის პრეზიდენტს, თუ მას არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები.
შეიარაღებული ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Forces Armées Gabonaises) — გაბონის რესპუბლიკის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან, სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან, ეროვნული ჟანდარმერიისაგან და ეროვნული პოლიციისაგან.[14]
გაბონის შეიარაღებული ძალები დაკომლექტებულია 20 წლის ასაკს მიღწეული გაბონის მოქალაქეებისგან, მხოლოდ ნებაყოფლობით საფუძველზე; სამხედრო სამსახურში გაწვევა არ არსებობს. სამხედრო ხარჯები — მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9 %, 141-ე ადგილი მსოფლიოში[15] (2009 წლის მდგომარეობით).
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონი დაყოფილია 9 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 50 დეპარტამენტად.
№ რუკაზე |
პროვინცია (ქართ.) |
პროვინცია (ფრანგ.) |
ადმინისტრაციული ცენტრი |
ფართობი კმ² |
მოსახლეობა ად. (2013)[1][2][3][4] |
სიმჭიდროვე ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ესტუარი | Estuaire | ლიბრევილი | 20 740 | 895 689 | 43,19 |
2 | ზემო ოგოუე | Haut-Ogooué | ფრანსვილი | 36 547 | 250 799 | 6,86 |
3 | შუა ოგოუე | Moyen-Ogooué | ლამბარენე | 18 535 | 69 287 | 3,74 |
4 | ნგუნიე | Ngounié | მუილა | 37 750 | 100 838 | 2,67 |
5 | ნიანგა | Nyanga | ჩიბანგა | 21 285 | 52 854 | 2,48 |
6 | ოგოუე-ივინდო | Ogooué-Ivindo | მაკოკუ | 46 075 | 63 293 | 1,37 |
7 | ოგოუე-ლოლო | Ogooué-Lolo | კულამუტუ | 25 380 | 65 771 | 2,59 |
8 | ოგოუე-მარიტიმი | Ogooué-Maritime | პორტ-ჟანტილი | 22 890 | 157 562 | 6,88 |
9 | ვოლო-ნტემი | Woleu-Ntem | ოემი | 38 465 | 154 986 | 4,03 |
სულ | 267 667 | 1 811 079 | 6,77 |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობის რაოდენობა — 1 811 079 ადამიანი (2013)[1][2][3][4].
- წლიური ზრდა — 1,93 % (2015 წელი).
- ქალაქის მოსახლეობა — 1 577 646 ადამიანი 87,1 % (2013 წელი).[1]
- სოფლის მოსახლეობა — 233 433 ადამიანი 12,9 % (2013 წელი).[1]
- შობადობა — 34,49 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 4,46 დაბადებული ერთ ქალზე) (2015 წელი).
- სიკვდილიანობა — 13,12 % (2015 წელი).
- ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 46,07 % (2015 წელი).
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 52,04 წელი (2015).
- საშუალი ასაკი — 18,6 წელი
- მამაკაცები — 18,4 წელი
- ქალები — 18,8 წელი (2015 წელი).
- 0-14 წელი: 42,06 %
- 15-64 წელი: 54,15 %
- 65 წელზე უფროსები:, 3,79 % (2015 წელი).
- განათლება — 83,2 % (85,3 % მამაკაცებში, 81,0 % ქალებში (2015 წლის შეფასება)).
- შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,76 % (2015 წელი).
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბანტუს ხალხის წარმომადგენელია. გაბონში ცხოვრობს სულ ცოტა 40 ეთნიკური ჯგუფი სხვადასხვა ენებით და კულტურით.[16] ფანგის ტომის ხალხი ითვლება ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან წარმომადგენლად,[16] რომელთა რაოდენობა 2005 წლის შეფასებით, შეადგენდა ქვეყნის მოსახლეობის 32 %-ს.[17] რაოდენობის მიხედვით შემდეგ მოდიან მპონგვეს (15 %), მბამას (14 %) და პუნუს (12 %) ხალხი.[17] ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ პიგმეების სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები: ბონგო, კოლა და ბაკა.
ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობა გაბნეულია გაბონის მთელ ტერიტორიაზე და ერთმანეთთან აქვთ მუდმივი კონტაქტი და ურთიერთობა. ეთნიკურ ჯგუფებს შორის შერეული ქორწინებები საკმაოდ ხშირად ხდება, რაც ხელს უწყობს მათ შორის შესაძლო მოსალოდნელი დაპირისპირებების შემცირებას. მმართველი გაბონის დემოკრატიული პარტია (PDG) ხელისუფლებაში მთელი თავისი ყოფნის განმავლობაში ცდილობს გააერთიანოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ქვეყნის საერთო ინტერესებისათვის ბრძოლაში. გაბონში ასევე ცხოვრობს 10 000-ზე მეტი ადგილობრივი ფრანგი ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 2000 ადამიანს აქვს ორმაგი მოქალაქეობა.[16]
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის ოფიციალური ენაა ფრანგული ენა. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 32 % ლაპარაკობს ფანგის ენაზე და მას თვლის მშობლიურ ენად.[18]
მეორე მსოფლიო ომამდე ფრანგულ ენას ფლობდა გაბონის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი. მათი დიდი უმრავლესობა მუშაობდა ბიზნესის სფეროში ან ხელისუფლების ადმინისტრაციაში. ომის შემდეგ ფრანგული ენა ქვეყანაში გახდა საგანმანათლებლო ენა. 1960-1961 წლების აღწერის თანახმად 14 წელზე უფროსი ასაკის გაბონელების 47 %-ს შეეძლოთ ელაპარაკათ ფრანგულად, მაგრამ მხოლოდ 13 % იყო განათლების მქონე. 1990 წლისთვის განათლების დონე გაიზარდა 60 %-მდე.
ამასთან, საკმაოდ მცირე პროცენტს, სულ რამდენიმე ათას ადამიანს, აქვთ საშუალო და უმაღლესი განათლება და შეუძლიათ გამართულად ილაპარაკონ ფრანგულად. სავარაუდოდ, გაბონის მოსახლეობის რაოდენობის დაახლოებით 80 %-ს შეუძლია ფრანგულ ენაზე ლაპარაკი.[19] დედაქალაქ ლიბრევილის მოსახლეობის მესამედი ფრანგულ ენას მშობლიურ ენად თვლის. გაბონში ასევე ცხოვრობს 10 000-ზე მეტი ფრანგი. საზღვარგარეთ ფრანგული ენა ჭარბობს გაბონის სავაჭრო და კულტურულ კონტაქტებში.
გაბონის ყველა ადგილობრივი ენა მიეკუთვნება ბანტუს ენების ოჯახს, ქვეყანაში ლაპარაკობენ დაახლოებით 40 ენაზე. ძირითადად ეს დამწერლობის არ მქონე სალაპარაკო ენებია. 1840 წლიდან დაწყებული, ფრანგმა და ამერიკელმა მისიონერებმა ბევრი ადგილობრივი ენისთვის დაამუშავეს ფონეტიკური ტრანსკრიფცია და ლათინურ ენაზე დაფუძნებული ალფავიტი, მათ ასევე გადათარგმნეს ბიბლია ზოგიერთ ამ ადგილობრივ ენაზე. მაგრამ საფრანგეთის კოლონიალური ადმინისტრაციის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივმა აფრიკულმა ენებმა ვერ გაუწია კონკურენცია ფრანგულ ენას და ის აბსოლუტურად დომინანტური გახდა განათლების, ბიზნესის და კულტურის სფეროში.
ადგილობრივი ენები შთამომავლობას გადაეცემა ოჯახის, სანათესაოს და ტომის შიგნით. როგორც წესი, გაბონის მაცხოვრებლები ლაპარაკობენ ბანტუს რამდენიმე ენაზე. 1970-იანი წლებიდან დაწყებული გაბონის ხელისუფლება აფინანსებს ბანტუს ენების კვლევებს. 1989 წელს შემუშავდა გაბონის ენების სამეცნიერო ალფავიტი.
გაბონში არსებობს სამი ყველაზე მრავალრიცხოვანი სალაპარაკო ენა: ფანგი, მბერე და სირა. თითოეულ მათგანს ფლობს მოსახლეობის 25-30 %. დანარჩენ ენებს ფლობენ რამდენიმე ათასობით ადამიანი, რაც შეადგენს ერთეულ პროცენტებს.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია (კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი), არცთუ ისე ცოტანი არიან ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის მიმდევრები, ასევე არსებობენ მუსლიმთა და იუდაველთა თემები. ბევრი მაცხოვრებელი ერთდროულად აღასრულებს, როგორც ქრისტიანული, ასევე ტრადიციული რელიგიის ელემენტებს.
მოსახლეობის დაახლოებით 73 % ქრისტიანული რელიგიის მიმდევარია. 12 % ისლამს სცემს თაყვანს (მათ შორის 90 %-მდე ადამიანი გაბონში მცხოვრები უცხოელია), 10 % თაყვანს სცემს ადგილობრივ ტრადიციულ რელიგია ბვიტის, 5 % არც ერთი რელიგიის მიმდევარი არაა ან არიან ათეისტები.[20] საინტერესოა, რომ გაბონის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ბონგო ეკუთვნოდა მუსულმანურ უმცირესობას.
გაბონის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყველა მოქალაქეს გააჩნია რელიგიური თავისუფლება, მთლიანობაში ხელისუფლება პატივს სცემს მორწმუნეთა რელიგიურ უფლებებს.
გაბონში საკმაოდ აქტიურები არიან უცხოელი მისიონერები.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის მრეწველობის მთავარი აქცენტია ნავთობის, მანგანუმის მოპოვება და ხე-ტყის გადამუშავება. სამრეწველო საწარმოების უმრავლესობა მდებარეობს დედაქალაქ ლიბრევილის და პორტ-ჟანტილის გარშემო. თითქმის ყველა სამრეწველო საწარმო სახელმწიფო სუბსიდიებით შეიქმნა 1970-იან წლებში ნავთობის ბუმის დროს. ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები მოიცავენ ხუთ მცირე და ერთ დიდ, 50 წლის ძველ ფაბრიკას პორტ-ჟანტილში, ორ სხვა პატარა ფანერის ფაბრიკასთან ერთად. მრეწველობის სხვა დარგები შედგება ტექსტილის, ცემენტის, ქიმიური, ლუდსახარში, სიგარეტის და გემების ქარხნებისაგან. გაბონის მრეწველობა საკმაოდ ძლიერად არის დამოკიდებული უცხოურ რესურსებზე. იმპორტის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა 1994 წელს, როდესაც აფრიკული ფრანკი დევალვირებული იქნა. გადამამუშავებელ მრეწველობაში ხარჯების გაზრდამ იგი უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახადა და მისი პროდუქცია მხოლოდ შიდა ბაზარს მიეწოდება. ხელისუფლება ღონისძიებებს იღებს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე გასატანად.
იმის გამო, რომ გაბონის ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობზე (ნავთობზე მოდის ქვეყნის ექსპორტის 80 %-ზე მეტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 43 % და სახელმწიფო შემოსავლების 65 %), ის დაკავშირებულია მთელ მსოფლიოში მისი ფასების მერყეობასთან. გაბონი აფრიკაში მესამეა ნავთობის წარმოების და ექსპორტის მოცულობის მიხედვით, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ დადასტურებული მარაგი მცირდება, თანაც წარმოება შემცირდა აფრიკის სუბსაჰარულ ქვეყნებში. შედეგად ქვეყანაში მიღებული იქნა ეკონომიკის დივერსიფიკაციის და ნავთობის შემდგომი დაზვერვის ზომები. 2014 წელს ქვეყანაში ნაწარმოები იქნა 240 000 ბარელი (38 000 მ³) ნავთობი დღეში, რაც 35 %-ით ნაკლებია 1997 წლის პიკურ დონესთან შედარებით. გაბონში 2015 წელს ნავთობის დადასტურებული მარაგი შეფასებულია 2,0 მილიარდ ბარელად (320×106 მ³), ხოლო მისი ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი შეფასებულია 1,0 ტრილიონ კუბურ ფუტად (28 კმ³).
Sogara-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა პორტ-ჟანტილში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა გაბონში, რომელიც 1968 წელს ააშენა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან: Shell, Mobil, Texaco, Petrofina და Agip. Sogara (Societe Gabonaise de Raffinage) ეკუთვნის გაბონის ხელისუფლებას (25 %), Total-ს (43,8 %), Shell-ს (17 %) და Agip-ს (2,5 %).[21] 2012 წელს გაბონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას Samsung Group-თან ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე პორტ-ჟანტილში.[22]
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონი საფრანგეთის ყოფილი ეკვატორული აფრიკის კოლონიებს შორის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულის ცნობილი საბადოების მიხედვით. ნავთობის მოპოვების გარდა, რომელზეც 2004 წელს მოდიოდა ქვეყნის ექსპორტის 80 %, გაბონი მსოფლიო ლიდერია მანგანუმის მოპოვებაში. ქვეყანაში აღმოჩენილია პოტაშის, ურანის, ნიობიუმის, რკინის მადნის, ტყვიის, თუთიის, ალმასის, მარმარილოს და ფოსფატების მარაგი და რამდენიმე საბადო მუშაობს კომერციულ საფუძველზე. საკუთრების უფლება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ყველა უფლებაზე გააჩნია სახელმწიფოს, რითაც მან გაზარდა შემოსავლების თავისი წილი, მიღებული უცხოური კომპანიებისგან.
მაღალხარისხიანი მანგანუმის საბადო ფრანსვილის მახლობლად მდებარე ქალაქ მოანდაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარია მსოფლიოში. მარაგი შეფასებულია 250 მილიონ ტონად ლითონის შემცველობით 48-52 %. წარმოება მიმდინარეობს 2,8 მილიონი ტონის ფარგლებში წელიწადში, რომელსაც ემსახურება 76 კმ-იანი საბაგირო გზა, აფრიკაში ყველაზე უფრო გრძელი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისთვის კონგოს რესპუბლიკის საზღვრამდე, საიდანაც ის რკინიგზით გადააქვთ პუენტ-ნუარის პორტში. ახალი ტრანსგაბონის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ მისი ექსპორტი ხორციელდება გაბონის პორტ ოუენდოს მეშვეობით, რითაც საბაგირო გზის არსებობას აზრი დაეკარგა. რკინიგზის გამოყენებით შესაძლებელი გახდა შემცირებულიყო სატრანსპორტო ხარჯები 20 მილიონი ამერიკული დოლარით წელიწადში. მანგანუმის მოპოვებას ახორციელებს სამთო კომპანია L’Ougoué (COMILOG Cableway, საერთაშორისო კონსორციუმი). 2004 წელს მოპოვებული იქნა 2,4 მილიონი ტონა მეტალურგიული მადანი, როცა 2003 წელს მხოლოდ 1,95 მილიონი ტონა იქნა მოპოვებული. წარმოების წლიურმა მოცულობამ მოანდუს შახტებში შეადგინა 2,5 მილიონი ტონა, რაც შეადგენს დაახლოებით $5 442 000 000 წელიწადში.
2012 წლიდან კომპანია BHP Billiton ამუშავებს მანგანუმის მეორე საბადოს.[23]
გაბონში 2004 წელს ასევე აწარმოებდნენ დაახლოებით 350 000 ტონა კლინკერს და ცემენტს. იმავე წელს ასევე ნაწარმოები იქნა დაახლოებით 500 კარატი (100 გრ) ალმასი (ძვირფასი ქვა და დამუშავებული), 70 კგ ოქროსთან ერთად.
გაბონის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მეკამბოს და ბელინგის რკინის მადნის სამთო საბადოები შედიან მსოფლიოს ყველაზე უფრო მდიდარი საბადოების რიცხვში. მადნის მარაგი შეფასებულია 1 მილიარდ ტონად, 60-65 % რკინის შემცველობით და წარმოებამ შეიძლება მიაღწიოს 20 მილიონ ტონას წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ რკინის მადანი იქ აღმოჩენილია 1895 წელს, მისი წარმოება 1955 წლამდე არ დაწყებულა, სანამ მათ მოპოვებაზე არ იქნა გაცემული კომერციული ლიცენზია. მისი სრული ექსპლოატაცია ჯერ კიდევ ელოდება ტრანსგაბონის რკინიგზის 225 კმ-იანი მონაკვეთის აშენებას ქალაქ ბოუედან ბელინგის რკინის მადნის სამთო საბადოებამდე; რკინიგზის მშენებლობა არარენტაბელურად იქნა მიჩნეული არასაიმედო საბაზრო პირობების გამო.
ნიობიუმის, ოქროს, მანგანუმის, და სავარაუდოდ, ფოსფატების ახალი მოპოვების პოტენციალმა გააძლიერა სამთომომპოვებელი მრეწველობის როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ადეკვატური ინფრასტრუქტურის არქონა ამუხრუჭებს ახალ გეოლოგიურ დაზვერვებს და რჩება სერიოზულ ფაქტორად, რომელიც აფერხებს ბელინგის რკინის მადნის სამთო საბადოს სრულ ამოქმედებას.
ჰიდროენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს ჰიდროენერგია შეადგენდა გაბონის ელექტროენერგიის მოხმარების 11 %-ს.
2002 წელს გაბონში ჰიდროელექტროსადგურები ფუნქციონირებდა მდინარე მობუს კინგელეს და ტშიმბელე კაშხლებზე და მდინარე ოგოუეზე, ქალაქ მაკოკუს სიახლოვეს მდებარე მცირე პუბარის კაშხალზე. ელექტროენერგიის წარმოებას და განაწილებას ახორციელებს კომპანია Energy and Water Company of Gabon (SEEG), რომელიც შეიქმნა 1963 წელს და მოიცავს მთელ რიგ უფრო მცირე კერძო და საერთო-სახალხო ობიექტებს. 2002 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებამ შეადგინა 1,16 მილიარდი კვტ/სთ, 2002 წლის იანვრის მდგომარეობით სიმძლავრით 406 მგვტ. 2002 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა 1,275 მილიარდ კვტ/სთ-ს. ბუნებრივი აირი ძირითადი საწვავია თბოელექტროსადგურებისთვის.
ხე-ტყის წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის ტყეები, რომლებსაც უკავიათ მისი მიწის ფართობის დაახლოებით 77 %, მუდამ აწვდიდა ქვეყანას არსებობისთვის ბევრ აუცილებელ პროდუქტს, განსაკუთრებით საწვავს და დასაბინავებელ ხე-ტყის მასალას. ტყეები შეიცავენ 400-ზე მეტი სახეობის ხეებს, აქედან დაახლოებით 100 სახეობა გამოსადეგია სამრეწველო გამოყენებისთვის. კომერციული ექსპლუატაცია დაიწყო ჯერ კიდევ 1892 წელს, მაგრამ მხოლოდ 1913 წელს, გაბონში ყველაზე უფრო ფასიანი ხის ჯიში — Aucoumea klaineana, გავიდა საერთაშორისო ბაზარზე.
ხე-ტყის წარმოება ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ძირითადი წყარო იყო 1968 წლამდე, სანამ ის არ ჩამოიშორა ნავთობმა, როგორც უცხოური ვალუტის ძირითადმა წყარომ. გაბონი რეგიონში დაუმუშავებელი ხე-ტყის მსხვილი ექსპორტიორია და მისი გაყიდული რაოდენობა შეადგენს აფრიკის საექსპორტო ხის ნედლეულის 20 %-ს. საექსპორტო შემოსავლებში ხე-ტყის წარმოებას უკავია მეორე ადგილი ნავთობის სექტორის შემდეგ — 2003 წელს 319,4 მილიონი დოლარი. გაბონში დასამუშავებლად გამოსადეგი ხე-ტყის მარაგი შეადგენს: Aucoumea klaineana — 100 მილიონი მ³; Burseraceae — 25-35 მილიონი მ³; Pycnanthus angolensis — 20-30 მილიონი მ³; Lophira alata — 15-25 მილიონი მ³ და Pterocarpus — 10-20 მილიონი მ³.
გაბონი მსოფლიოში აწარმოებს Aucoumea klaineana-ს 90 %-ს, რომლისგანაც მზადდება საუკეთესო ფანერები, ასევე აწარმოებს ფოთლოვანი ხის ჯიშებს, როგორებიცაა წითელი ხე, Guibourtia tessmannii და აბანოზი. სხვა ჯიშებია: Lovoa trichilioides (აფრიკული კაკალი), Distemonanthus behthamianus (ნიგერიული წითელი ხე) და Microberlinia (ზებრანო ანუ ზებრანოს ხე). მრგვალი ხის გატანის მოცულობა 2004 წელს შეფასებულია, როგორც 4 მილიონი მ³, ქვეყნის ხე-ტყის 13 % გამოიყენება საწვავის სახით.
კეთილმოუწყობელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამო ხე-ტყის ექსპლოატაცია გაძნელებული იყო, რომელიც დღეისათვის შესამჩნევად გამოსწორებულია ტრანსგაბონის რკინიგზის და ნჯოლე-ბიტამის ავტოგზის საშუალებით. მუდმივად მიმდინარეობს ხე-ტყის სელექციური აღდგენის პროცესი, რამაც შეიძლება Aucoumea klaineana განდევნოს სხვა ჯიშებმა. გაბონის ტყეების ექსპლოატაციას ახორციელებს 50-ზე მეტი ფირმა. დაახლოებით 50 000 კმ² ფართობზე ხე-ტყის დამამზადებელი კონცესიები ყველაზე უფრო მისადგომ ადგილებში დასამუშავებლად ხელისუფლებამ ძირითადად გადასცა უცხოურ ფირმებს. უკანასკნელ წლებში ევროპაში აფრიკულ პროდუქციაზე ტრადიციული მოთხოვნა შემცირდა, 1980-იან წლებში Aucoumea klaineana-ზე ევროპული მოთხოვნა შემცირდა თითქმის მესამედით. სამაგიეროდ იაპონიის, მაროკოს და ისრაელის ბაზრები უფრო დაინტერესდენ აფრიკული იმპორტით.
თევზჭერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად უახლოეს პერიოდში თევზჭერის დარგში მიღწეული წარმატებებისა, იგი ჯერ კიდევ დაბალ დონეზე დგას. ტრადიციული მეთევზეობისგან მიღებული პროდუქტი შეადგენს საერთო რეწვის ორ მესამედს. გაბონის სანაპიროს წყლებში დაცურავს დიდი რაოდენობით თევზი. სავარაუდოდ გაბონის წყლებს შეუძლიათ ქვეყანას ყოველწლიურად მისცეს 15 000 ტონა თინუსი და 12 000 ტონა სარდინი. თევზსაჭერი ფლოტის დიდი ნაწილი ადრე ბაზირებდა ლიბრევილში. ახალი თევზსაჭერი პორტი 1979 წელს აშენდა პორტ-ჟანტილში, რომელიც დღეისათვის სამრეწველო ფლოტის ძირითადი ოპერაციების ცენტრია. იგეგმება საკონსერვო ქარხნების, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების და გასაცივებელი საცავების მშენებლობა. 2003 წელს თევზჭერის მთლიანი რაოდენობა შეადგენდა 44 855 ტონას, აქედან 80 % ატლანტის ოკეანიდან. გაბონის კანონმდებლობით და საერთაშორისო შეთანხმებებით განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა ვრცელდება სანაპიროდან 320 კმ-ზე, რომელიც უკრძალავს ნებისმიერ უცხოურ კომპანიას ხელისუფლების ნებართვის გარეშე ამ ზონაში აწარმოოს თევზის რეწვა. მაგრამ იმის გამო, რომ გაბონს არ გააჩნია საპატრულო კატერები, უცხოური ტრაილერები (განსაკუთრებით ფრანგული და ესპანური) გაბონის წყლებში ხშირად უკანონოდ იჭერენ თევზს.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინიგზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970-იან წლებამდე გაბონში არ არსებობდა რკინიგზა. პროექტით დაგეგმილი 936 კმ-იანი ტრანსგაბონის რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1974 წლის ოქტომბერში. 1983 წელს დამთავრებულ პირველ ეტაპზე პორტი ოუენდო (ლიბრევილთან ახლოს) შეუერთდა ქვეყნის სიღრმეში არსებულ ქალაქ ბუეს (332 კმ). 1986 წლის დეკემბერში დამთავრებულმა მეორე ეტაპმა ქალაქ მოანდის გავლით ქალაქი ბუე დააკავშირა ფრანსვილთან (357 კმ), რითაც გააადვილა მანგანუმის ექსპორტი და ხე-ტყის წარმოების პროდუქციის გატანა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან. დაგეგმილმა მესამე ეტაპმა უნდა გააგრძელოს რკინიგზის ხაზი ქალაქ ბუედან ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბელინგის რკინის მადნის სამთო საბადოსკენ. 2014 წლისთვის რკინიგზის ხაზის სიგრძე შეადგენს 669 კმ-ს (1435 მმ-იანი სიგანის ლიანდაგი)[24].
გაბონს სარკინიგზო კავშირი მეზობელ ქვეყნებთან არ გააჩნია.
ავტოგზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი ავტოგზები ერთმანეთს უკავშირებს პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქს, მაგრამ მათი მომსახურება გართულებულია ხშირი თავსხმა წვიმების გამო. 2007 წელს ავტოგზების ქსელი მოიცავდა 9170 კმ-ს, რომელთაგან 1097 კმ მყარსაფარიანია და 8073 კმ გრუნტიანი[24]. ავტომაგისტრალი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ქვეყნის მთელ სიგრძეზე ბიტამიდან ნდენდემდე. ეს გზა გრძელდება ჩრდილოეთით კამერუნამდე და სამხრეთით კონგოს რესპუბლიკამდე. ავტოგზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია ლიბრევილიდან და მეკამბოდან. სამხრეთისაკენ ასევე მიემართება მეორე ავტოგზა, ქალაქ მაიუმბიდან ქალაქ ლასტურვილამდე და ფრანსვილამდე. 1995 წელს ავტოგზებზე მოძრაობდა დაახლოებით 23 000 ავტომანქანა და 10 000 სატვირთო მანქანა.
საწყლოსნო გზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტებია: პორტ-ჟანტილი, ნავთობპროდუქტების ექსპორტის და სამთო შახტების მოწყობილობების იმპორტის ცენტრი, და ახალი პორტი ოუენდო, რომელიც გაიხსნა 1974 წელს დედაქალაქ ლიბრევილიდან 10 კმ-ით ჩრდილოეთით. ოუენდოს მოცულობამ, რომელიც საწყის ეტაპზე იყო 300 000 ტონა, პორტის გაფართოებისას — 1979 წელს მიაღწია 1,5 მილიონ ტონას. მაიუმბის უფრო მცირე პორტი მუშაობს ხე-ტყის გადატვირთვაზე.
1998 წელს გაბონის სავაჭრო ფლოტი ფლობდა საერთო 13 613 ბრუტო-რეგისტრირებული ტონაჟის (GRT) ორ გემს. 2002 წლის მდგომარეობით გაბონს ჰყავდა ერთი სავაჭრო საზღვაო გემი, მოცულობით 2419 GRT/3205 ტონა დიდვეიტი (DWT)
გაბონს აქვს 1600 კმ მუდმივი სანაოსნო გზა, მათ შორის 310 კმ მდინარე ოგოუეზე.
საჰაერო ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს გაბონში ფუნქციონირებდა 56 აეროპორტი, რომელთაგან მხოლოდ 11 აქვს მყარი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. არსებობს სამი საერთაშორისო აეროპორტი: ლიბრევილის, პორტ-ჟანტილის და ფრანსვილის. მრავალრიცხოვანი ავიაკომპანიები ახორციელებენ საერთაშორისო რეისებს. ავიაკომპანია Nouvelle Air Affaires Gabon ახორციელებს შიდა სარეისო მომსახურებას. 2003 წელს ავიაკომპანიებმა რეგულარულ შიდა და საერთაშორისო რეისებზე გადაიყვანეს დაახლოებით 386 000 მგზავრი.
მილსადენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნავთობის — 270 კმ; ნავთობპროდუქტების — 14 კმ.
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან, ნავთობის სექტორში დომინირებული მდგომარეობის შედეგად გაბონში მნიშვნელოვნად მცირდება სოფლის მეურნეობის როლი. მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 8 %-ს. სახნავ-სათესად გამოიყენება მიწის საერთო ფართობის მხოლოდ 1,9 %. 2004 წელს გაბონის სასოფლო-სამეურნეო იმპორტმა შეადგინა მთლიანი იმპორტის თითქმის 19 %.
გაბონის კვების და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია აფრიკის და ევროპის სხვა სახელმწიფოებზე. მეორე მსოფლიო ომამდე (1939-1945), სოფლის მეურნეობა პირველ რიგში დაყვანილია ნატურალურ მეურნეობაზე და ისეთი კულტურების მოყვანაზე, როგორებიცაა: მანიჰოტი, ბანანი, სიმინდი, ბრინჯი, ტარო და იამსი. დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან შეიმჩნევა ინტენსიური ძალისხმევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდისათვის და დივერსიფიკაციისათვის. ექსპერიმენტალური სადგურები, საჩვენებელი მეურნეობები და კოოპერატივები შეიქმნა სასოფლო თემების გაერთიანების გზით. მაგრამ სოფლის მეურნეობამ მიიღო დაბალი შედეგები 1976-1981 წლების განვითარების გეგმის განხორციელების დროს, ხოლო იქ დასაქმებული პირები სამუშაოს საძებნელად ქალაქში გაემართნენ. სოფლის მეურნეობის და მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის საერთაშორისო კონკურენციის არქონა. კიდევ ერთი პრობლემაა გასაყიდ ბაზრამდე პროდუქტის ტრანსპორტირება.
2004 წელს გაბონში ნაწარმოებია დაახლოებით 230 000 ტონა მანიჰოტი, 155 000 ტონა იამსი, 61 800 ტონა სხვა ფესვოვანი და გორგლიანი ნაყოფი, 270 000 ტონა ბანანი, 35 410 ტონა ბოსტნეული და 31 000 ტონა სიმინდი. შაქრის ლერწმის წარმოებამ შეადგინა დაახლოებით 235 000 ტონა. კაკაოს წარმოებამ 2004 წელს შეადგინა 600 ტონა.
ქალაქ ლამბარენესთან ახლოს მდებარე სახელნწიფოს ხელში არსებულმა 7500 ჰა პალმის ზეთის პლანტაციებმა წარმოება დაიწყო 1986 წელს. პალმის ზეთის წარმოებამ 2004 წელს შეადგინა 6400 ტონა. 4300 ჰა-ზე მუშავდება კაუჩუკის დამზადების პროექტი; 2004 წელს კაუჩუკის წარმოებამ შეადგინა 11 000 ტონა.
მეცხოველეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეცხოველეობაზე მავნე ზეგავლენას ახდენს ბუზი ცეცეს არსებობა. 2005 წელს ქვეყანაში არსებობდა დაახლოებით 212 000 ღორი, 195 000 ცხვარი, 90 000 თხა, 35 000 სული მსხვილი რქოსანი საქონელი და 3,1 მილიონი ქათამი. გაბონის ხელისუფლება ცდილობს ხორცის იმპორტის შემცირებას და ამ მიზნით მან ნგუნიეს, ნიანგის და ლეკაბის პროვინციების დაუსახლებელ სავანებში გამოყო 200 000 ჰა მიწა. მაგრამ დღეისათვის გაყინული ხორცის იმპორტი მსხვილი რქოსანი საქონლის ხორცის ყველაზე უფრო მთავარი წყაროა, ფასით ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე ადგილობრივი წარმოების მსხვილი რქოსანი საქონლის ხორცი. ფრინველის ხორცის წარმოება აკმაყოფილებს გაბონის მოთხოვნილებების დაახლოებით ნახევარს. ფრინველის ხორცის წარმოების წლიური მოცულობა შეადგენს 3600 ტონას.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის ტურიზმის დარგი სუსტადაა განვითარებული.[25] მიუხედავად ამისა ქვეყანას გააჩნია ბევრი ისეთი ღირსშესანიშნაობა, როგორებიცაა: პლაჟები, შიდა და საოკეანო თევზჭერის მიმზიდველი ადგილები, ჩანჩქერი მდინარე ოგოუეზე და ბროლის მთები.[25] ტურისტები ჩამოდიან, რათა იხილონ ქალაქ ლამბარენეში დოქტორ ალბერტ შვაიცერის (გერმ. Albert Schweitzer) მიერ დაარსებული განთქმული საავადმყოფო.[25] ნადირობა კონკრეტულ რაიონებში კანონიერია დეკემბრიდან სექტემბრის ჩათვლით.[25]
უახლოეს პერიოდამდე ტურიზმს არანაირი ყურადღება არ ექცეოდა, მის ნაცვლად აქცენტი გამახვილებული იყო ნავთობის და ხე-ტყის ექსპორტზე.[26] მაგრამ 2000 წელს გაბონის ხელისუფლებამ შეიმუშავა ამ დარგის განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავდა, როგორც ლუქს კლასის, ასევე ყველასთვის მოსახერხებელი ტურიზმის სფეროების გაუმჯობესებას. მასში ასევე შედიოდა ექსპედიციები ბუშის და საფარის ზონებში.[26] ყველაზე უფრო მთავარი, რაც აფერხებს ამ ღონისძიებების წარმატებით შესრულებას არის კორუფცია. ორგანიზაცია Guardian Book of Statistics-ის ცნობით, გაბონი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში.[26]
2002 წლის 4 სექტემბერს გაბონის პრეზიდენტმა ომარ ბონგომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავისი მიწის ფართიდან გამოჰყოფს 10 %-ს ეროვნული პარკების სისტემის გასავითარებლად.[27] ადრე ქვეყანას არ გააჩნდა ეროვნული პარკები, დღეისათვის იგი თანამშრომლობს ორგანიზაცია ველური ბუნების დაცვის საზოგადოებასთან ბუნების შენარჩუნების სისტემის საკითხებზე.[27] დღეისათვის სისტემა მოიცავს 26 000 კმ²-ზე მეტს, ჩამორჩება მხოლოდ კოსტა-რიკას მიწის ფართის მხრივ.[27] ეს ახალი პარკები გამოიყენება ეკოტურიზმისთვის, როგორც გაბონის ტყეების ხე-ტყის მასალებად დამზადების ეკონომიკური ალტერნატივა.[27] პროექტი მოწონებულია ველური ბუნების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტის და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის დოქტორ სტივენ სანდერსონის (ინგლ. Steven Sanderson) მიერ, როგორც "ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაბედული ბუნების დაცვის პროექტი, რომელიც მოქმედებს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში".[27]
13 ეროვნული პარკი მდებარეობს გაბონის რეგიონებში, მისი სანაპირო ზოლის გასწვრივ, სადაც ხელუხლებელ პლაჟებზე ბინადრობენ ბეჰემოთები, ხოლო ტყიან მდელოებზე გორილები.[27]
2000 წელს გაბონის სასტუმროებში არსებობდა დაახლოებით 2450 ნომერი.[25] ამავე წელს ქვეყანას დაახლოებით 155 000 ტურისტი ესტუმრა და ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით $7 მილიონი.[25] ერთ წელიწადში ქვეყანაში ჩამოვიდა 120 000-მდე უცხოელი ტურისტი, რაც მხოლოდ 1 %-ია ტურიზმისთვის[26] და შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 1-3 %-ს.[26] სტუმარს, თუ ის იმყოფება საფრანგეთიდან, გერმანიიდან და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან, თან აუცილებლად უნდა გააჩნდეს პასპორტი და ვიზა.[25] მას ასევე უნდა გააჩნდეს ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგოდ ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი.[25] აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს შეაფასა გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში ყოფნის საშუალო დღიური ღირებულება $182-დ, ქვეყნის სხვა ადგილებში დანახარჯები დღე-ღამეში შეადგენს $70-ს.[25]
საგარეო ვაჭრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ექსპორტი 2015 წელს — 5,56 მილიარდი ამერიკული დოლარი[9]. ექსპორტის დაახლოებით 70 % შეადგენს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სხვა ძირითადი საექსპორტო საქონელია — ხე-ტყე, მანგანუმი, ურანი.
ძირითადი მყიდველები: ჩინეთი — 15,8 %, იაპონია — 14,6 %, ავსტრალია — 11 %, აშშ — 7,9 %, ინდოეთი — 7,8 %, სამხრეთი კორეა — 6,3 %, ტრინიდადი და ტობაგო — 4,6 %, ესპანეთი — 4,4 % (2014 წელი).
იმპორტი 2015 წელს — 2,42 მილიარდი ამერიკული დოლარი[9]. ძირითადად — სამრეწველო საქონელი და კვების პროდუქტები.
ძირითადი მომწოდებლები: საფრანგეთი — 20 %, კოტ-დ’ივუარი — 15,3 %, ჩინეთი — 9,6 %, აშშ — 9,3 %, ალჟირი — 5,1 %, ბელგია — 4,5 % (2014 წელი).
1975 — 1994 წლებში შედიოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში.
შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.
სოციალური სფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის სამედიცინო მომსახურების ობიექტების უმრავლესობა ეკუთვნის სახელმწიფოს, მაგრამ არსებობს ზოგიერთი კერძო დაწესებულება, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილია საავადმყოფო, რომელიც 1913 წელს ქალაქ ლამბარენეში დაარსდა დოქტორ ალბერტ შვაიცერის მიერ. გაბონის სამედიცინო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა დასავლეთ აფრიკაში. 1985 წლისთვის არსებობდა 28 საავადმყოფო, 87 სამედიცინო ცენტრი და 312 სამედიცინო ცენტრი. 2004 წლის მდგომარეობით სამედიცინო სფეროში მუშაობდა 29 ექიმი 100 000 ადამიანზე. მოსახლეობის დაახლოებით 90 %-ს შეუძლია მიიღოს ჯანდაცვის მომსახურება.
2000 წელს მოსახლეობის 70 %-ს შეუძლია ისარგებლოს უსაფრთხო სასმელი წყლით და 21 %-ს ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა შესაბამისი სანიტარიით. ჯანდაცვის კომპლექსური სახელმწიფო პროგრამა კურნავს ისეთ დაავადებებს: როგორებიცაა კეთრი, აფრიკული ტრიპანოსომოზი, მალარია, ფილარიოზი, კუჭ-ნაწლავის პარაზიტების დაავადება და ტუბერკულოზი. ერთ წლამდე ასაკის ბავშვების იმუნიზაციის კოეფიციენტი შეადგენს 97 %-ს ტუბერკულოზით და 65 %-ს პოლიომიელიტით დაავადებულებისათვის. DPT ვაქცინის და წითელის იმუნიზაცია შესაბამისად შეადგენს 37 %-ს და 56 %-ს. გაბონს აქვს წამლების საკუთარი შიდა მომარაგება დედაქალაქ ლიბრევილის ფაბრიკიდან.
შობადობის ჯამური კოეფიციენტი შემცირდა 1960 წლის 5,8 %-დან 2000 წლის ერთ ქალზე 4,2 ბავშვამდე. ყველა ახალშობილთა 10 % დაბადებისას განიცდის მცირე მასას. დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1998 წელს შეადგენდა 520-ს 100 000 მშობიარეზე. 2005 წელს ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენდა 55,35 ბავშვს 1000 დაბადებულზე, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 55,02 წელს. 2002 წლის შეფასებით, სიკვდილიანობის საერთო კოეფიციენტი შეადგენდა 17,6 ადამიანს 1000 მოსახლეზე.
ზრდასრული ასაკის (15-49 წელი) მოსახლეობაში შიდსის გავრცელება შეფასებულია 5,2 %-ად.[28] 2009 წლის მდგომარეობით შიდსით დაავადებული იყო დაახლოებით 46 000 ადამიანი.[29] იმავე წლის მონაცემებით შიდსის დაავადებისგან გარდაიცვალა დაახლოებით 2400 ადამიანი, როდესაც 2003 წელს იყო 3000 გარდაცვალების ფაქტი.[30]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის განათლების სისტემა იმყოფება ორი სამინისტროს მართვის ქვეშ. განათლების სამინისტრო აკონტროლებს სკოლამდელ და სასკოლო განათლებას. უმაღლესი განათლების და ინოვაციური ტექნოლოგიების სამინისტრო მართავს უნივერსიტეტებს პროფესიონალურ სასწავლებლებს.
გაბონში განათლების სისტემის საფუძვლად აღებულია ფრანგული მოდელა, თუმცა ის ნაწილობრივ შეცვლილია, მისი ადგილობრივ მოთხოვნებსა და ტრადიციებთან შესათავსებლად.
განათლების შესახებ აქტის თანახმად, განათლება სავალდებულოა 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და იგი უფასოა. გაბონში ბავშვების უმრავლესობა დადის ბაგა-ბაღებში („Crèche“), შემდეგ გადადიან საბავშვო ბაღებში, ხოლო 6 წლის ასაკიდან შედიან დაწყებით სკოლაში („École Primaire“), რომელიც მოიცავს 6 კლასს. შემდეგი დონეა საშუალო სკოლა („École Secondaire“), რომელიც 7 კლასისგან შედგება. როგორც წესი ამ სისტემით ბავშვები სკოლას ამთავრებენ 19 წლის ასაკში. სწავლების მთლიანი კურსის დამთავრების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების სისტემის უნივერსიტეტებში და პროფესიონალურ სასწავლებლებში. გაბონში მოსახლეობის განათლების დონე შეადგენს 83,2 %-ს.[31]
ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტი მდებარეობს მის დედაქალაქ ლიბრევილში და ატარებს ომარ ბონგოს სახელს. მის შემადგენლობაში არსებობს იურისპრუდენციის, ბუნებისმეტყველების და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტები. ასევე არსებობს პროფესიონალური სასწავლებლები, რომლებიც ამზადებენ მასწავლებლებს, ინჟინრებს, ხე-ტყის მეურნეობის და ჰიდრავლიკის სპეციალისტებს, ადმინისტრატორებს და მენეჯერებს.
განათლების სფეროში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 9,6 %. განათლების სრული კურსი შედგება 13 კლასისაგან, 1-დან 13-ს ჩათვლით. სასკოლო განათლების ენა ფრანგულია.
ხელისუფლება ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს იყენებს სკოლების ასაშენებლად, სკოლის მასწავლებლებისთვის ხელფასის დასარიგებლად და განათლების სფეროს გასავითარებლად, მათ შორის სოფლებში. მაგრამ სკოლის შენობების მოვლა-შენახვა, ასევე მასწავლებელთა ხელფასი მცირდება. 2002 წელს დაწყებითი განათლების სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 132 %, ხოლო 2000 წელს დაწყებითი განათლების სკოლებში მოსწავლეთა რეალურმა რაოდენობამ შეადგინა 78 %. საერთო და რეალური მაჩვენებლები დამოკიდებულია დაწყებით სკოლებში ფორმალურად დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობაზე და ამიტომ ყოველთვის ვერ ასახავს სკოლებში ბავშვების დასწრების ნამდვილ მაჩვენებლებს. 2001 წლიდან დაწყებული ბავშვთა 69 %-მა, რომლებმაც დაიწყეს სიარული დაწყებით სკოლებში, მიაღწიეს მხოლოდ მე-5 კლასს. განათლების სისტემის პრობლემები მოიცავს ცუდ მართვას და დაგეგმვას, კონტროლის არქონას, მასწავლებელთა დაბალ კვალიფიკაციას და მოსწავლეებით გადაჭედილ კლასებს.[32]
მასმედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის მასმედიას მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გაზეთები დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, ქვეყანაში იბეჭდება კერძო ყოველდღიური და ყოველკვირეული გაზეთები, რომლებსაც ძირითადად აკონტროლებენ ოპოზიციური პარტიები. ფუნქციონირებს ორი დიდი სატელევიზიო სადგური. ერთი ფრანგული რადიოქსელი და სხვა პროვინციული სადგურები. მასმედიის ძირითადი კატეგორიებია: პრესა, ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი.[33]
ეროვნული პრესის სერვისია Gabonese Press Agency, რომელშიც იბეჭდება ყოველდღიური გაზეთები. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ყოველდღიური გაზეთი L'Union გამოიცემა ლიბრევილში, რომლის საშუალო ყოველდღიური ტირაჟი 2002 წელს იყო 40 000. ყოველკვირეულ Gabon d'Aujourdhui-ს გამოსცემს კავშირგაბმულობის სამინისტრო. იბეჭდება დაახლოებით 9 კერძო პერიოდული გამოცემა, რომლებიც დამოუკიდებელია და არ არიან დამოკიდებულები პოლიტიკურ პარტიებზე. ისინი გამოიცემა მცირე რაოდენობით და ხშირად მათი გამოცემა ყოვნდება ფინანსური სიძნელეების გამო. ეს გამოცემებია: Le Temps, Le Temoin, Le Journal, La Lowe, La Relance და სხვა[33]
Radio Télévision Gabonaise (RTG), რომელიც ეკუთვნის და მართავს სახელმწიფოს, მაუწყებლობს ფრანგულ და ადგილობრივ ენებზე. სატელევიზიო მაუწყებლობის ფერი დაინერგა დიდ ქალაქებში. Radio Télévision Gabonaise — ერთ-ერთი სახელმწიფო სატელევიზიო სადგურია. მათ ქსელში მუშაობს ორი არხი. ასევე ფუნქციონირებს 2 სახელმწიფო და 4 კერძო სატელევიზიო სადგური. TeleAfrica ოთხიდან ერთ-ერთი კერძო სატელევიზიო სადგურია.[33] 2003 წელს დადგინდა, რომ თითოეულ 1000 ადამიანს შეუძლია უყუროს დაახლოებით 308 სატელევიზიო არხს. ყოველი 1000 ადამიანიდან დაახლოებით 11,5 იყო საკაბელო არხების აბონენტი.
კომერციულმა რადიოსადგურმა Africa No. 1-მა 1981 წელს დაიწყო მაუწყებლობა. ის ყველაზე მძლავრი რადიოსადგურია კონტინენტზე, ის გაბონისა და საფრანგეთის სახელმწიფოებისა და აგრეთვე კერძო ევროპული მასმედიის ერთობლივი ორგანიზაციაა. 2004 წელს ქვეყანაში ფუნქციონირებდა 2 სახელმწიფო და 7 კერძო რადიოსადგური. 2003 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50 % ფლობს რადიოს.
Agence Gabonaise de Presse (AGP) — ფრანგულენოვანი ონლაინ საინფორმაციო სააგენტოა. უცხოური ინტერნეტ-მასმედიები მოიცავენ: Africa Intelligence, Africa Time, Afrik, Afrol, All Africa, Ici Cemac, Index Mundi, IRIN, IZF, Relif Web და Topix.
2003 წელს 1000 ადამიანზე აღრიცხული იყო 22,4 პერსონალური კომპიუტერი, ხოლო 1000 ადამიანიდან 26-ს შეეძლო ესარგებლა ინტერნეტით. 2004 წელს ქვეყანაში იყო 6 დაცული ინტერნეტ-სერვისი. 2011 წლისთვის ინტერნეტ-მომხმარებლად დაახლოებით 109 000 ადამიანი იყო მიჩნეული.[33]
1999 წელს ბაზარზე მოხდა ტელეკომუნიკაციების ლიბერალიზაცია. ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. დაწესებულია ლიცენზიები მობილური ტელეფონის და ორი ინტერნეტ სერვისის (ISP) მომსახურებაზე. 2008 წელს განხორციელდა გაბონის ტელეკომის პრივატიზაცია, როდესაც კომპანია „Maroc Telecom“-მა შეიძინა აქციების დიდი რაოდენობა. ინფორმაციის, ფოსტის და ტექნოლოგიების სამინისტრო ახორციელებს გაბონის საყოფაცხოვრებო მომსახურებას და მონაწილეობს საერთაშორისო მომსახურებებშიც. არსებობს პირდაპირი რადიო და სატელეფონო კავშირი პარიზთან და სხვა უცხოურ დასახლებულ პუნქტებთან. ტელეკომის ეს ოპერაციები პრივატიზირებულია და შეძენილია ახალი ლიცენზიები. ის მოიცავს სტაციონარულს, მობილურს და სიხშირეთა ზოლს. გაბონს აქვს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი მობილური ბაზარი აფრიკაში. გაბონში მომსახურების მსხვილი პროვაიდერებია: Zain, Gabon's Telecom's Libertis და Etisalat's Moov.[34]
გაბონის კონსტიტუცია მიღებული იქნა 1991 წლის 26 მარტს. კონსტიტუცია იცავს სიტყვის და პრესის თავისუფლებას. კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების და უფლებების მეორე თავში ნათქვამია: „სინდისის, აზრების, შეხედულების, თვითგამოხატვის, ურთიერთობის და რელიგიური წეს-ჩვეულებების თავისუფალი გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული აქვთ ყველას, საზოგადოებრივი წესრიგის მყარი დაცვის პირობებში“.[35]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის კულტურა მოიცავს მდიდარი ზეპირსიტყვიერების ტრადიციებს, თვითმყოფად მუსიკას, ტრადიციული ნიღბების დამზადების ხელოვნებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში ვითარდება ლიტერატურა და კინო.
სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის სამზარეულო — ესაა ცენტრალური აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სუვერენულ ქვეყანასთან დაკავშირებული კულინარიული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, პროდუქტები და კერძები. ფრანგული სამზარეულო ქვეყანაში ფართედაა გავრცელებული და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასზე.[36] გაბონის დიდ ქალაქებში ფრანგული სამზარეულოს სხვადასხვა კერძები ყველასთვის ხელმისაწვდომია.[37] სოფლებში ხშირად გამოიყენება კვების ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა მანიჰოტი, ბრინჯი და იამსი.[37][38] ხორციანი კერძები შედგება ქათმისაგან, თევზისაგან და ნადირობის შედეგად მოპოვებული ანტილოპის, გარეული ღორის და მაიმუნის ხორცისაგან.[37] სოუსში ხშირად იხმარება მწარე წითელი წიწაკისგან დამზადებული სანელებელი ბერბერე.[37] სუფრაზე ხშირად იხმარება ხილი: ბანანი, პაპაია, გუავა, მანგო, ანანასი, ქოქოსი, ავოკადო და არაქისი.[39] ასევე გამოიყენება პლანტანი, პომიდორი, სიმინდი და ბადრიჯანი.[39]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონის მუსიკა შედარებით ნაკლებადაა ცნობილი. ამავე დროს, გაბონს შეუძლია იამაყოს ბევრი ხალხური სტილით, ასევე პოპ-ვარსკვლავებით, როგორიცაა პასიანს დაბანი. მიუხედავად იმისა, რომ პასიანს დაბანის ალბომები ჩაწერილია აშშ-ში, მასში გამოკვეთილად სჩანს გაბონური ელემენტები. ის პოპულარულია აფრიკის ფრანგულად მოლაპარაკე ხალხს შორის. სხვა მუსიკოსებს შორის შეიძლება დავასახელოთ გიტარისტი ჯორჯ ოიენდე, ლა როზ მბადუ და სილვენ ავარა, ასევე მომღერალი ოლივერ ნ’გომუ. უცხოური სტილებიდან გაბონში პოპულარულია აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან წამოსული როკი და ჰიპ-ჰოპი, ასევე აფრიკული მუსიკალური სტილი მაკოსა და სუკუსი.
გაბონის ხალხური ინსტრუმენტებია: ბარაბანი, ნგომბი და ობალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში, უახლოეს პერიოდამდე ზეპირსიტყვიერების ტრადიცია დომინირებს გაბონის კულტურაში.
გაბონში შექმნილი პირველი მხატვრული ნაწარმოებები გამოჩნდა XIX საუკუნის ბოლოში, რომლებიც ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი. მაგრამ ორიგინალური ლიტერატურა ფრანგულ ენაზე გაბონში გამოჩნდა მხოლოდ 50-იან წლებში. თანაც, პირველად გაჩნდა პოეზიის ჟანრი, რომელსაც წარმოადგენდნენ ისეთი ავტორები, როგორებიცაა: ნდუნა დეპენო (Ndouna Depenaud), ვიზი მაგანგ-მა-მბუჟუ (Wisi Magangue-Ma-Mbuju), ჟორჟ რავირი (Georges Rawiri) და სხვები.
გაბონელ მწერლებს შორის შეიძლება ავღნიშნოთ: როჟერ ზოტუმბა (Roger Zotoumbat), ოკუმბა ნკოგე (Okoumba-Nkoghé), ლორენ ოვონდო (Laurent Owondo), ლუდოვიკ ობიანგი (Ludovic Obiang) და ჟან-მატიო ანგუე-ონდო (Jean-Mathieu Angoué-Ondo).
კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონში შექმნილი პირველი ფილმი იყო 1936 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაღებული ჯორჯ მანუელის ნაწარმოები ხე-ტყის მეურნეობის შესახებ, რომელსაც მან დაარქვა „გაბონი — ტყის სამეფო“.
1960 წელს გაბონის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნა ქვეყნის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (ფრანგ. Centre National du Cinema du Gabon). 1962 წელს რობერ დარენმა გადაიღო გაბონის პირველი მხატვრული ფილმი „Mamy Watta“. 1972 წელს ფილიპ მორიმ, რომელიც ითვლება „გაბონის კინემატოგრაფიის მამად“, გადაიღო თავისი პირველი მხატვრული ფილმი „ტამ-ტამები დუმან“ (ფრანგ. Les Tam tams se sont tus).
მთლიანობაში, გაბონის თანამედროვე კინემატოგრაფია ნაკლებადაა ცნობილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გაბონში ნაწარმოები ფილმები უფრო მეტად გამიზნულია შიდა მოხმარებისათვის.
ნიღბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონი ცნობილია თავისი ცერემონიალური ნიღბებით, როგორებიცაა ფანგის ხალხის ნ'გოტლანგი. თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს (ისინი გაბონში 40-ზე მეტია) სხვადასხვა რიტუალებისთვის აქვს ტრადიციული ნიღბების საკუთარი კოლექცია. ისინი გამოიყენება ისეთი ტრადიციული ცერემონიების დროს, როგორებიცაა: ქორწილი, ბავშვის დაბადება, დაკრძალვა. ნიღბები მზადდება ხის იშვიათი ჯიშებისგან და სხვა ღირებული მასალებისაგან.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონში ყველაზე უფრო პოპულარული სპორტის სახეობებია — ფეხბურთი, კალათბურთი და ჩოგბურთი.
ქვეყანაში არსებობს რამდენიმე საფეხბურთო კლუბი, ტარდება ეროვნული ჩემპიონატები. ქვეყნის ძირითადი საფეხბურთო კლუბებია: 1962 წელს დაარსებული AS Mangasport ქალაქ მოანდიდან, 1975 წელს დაარსებული FC 105 დედაქალაქ ლიბრევილიდან და Sogéa, ასევე ლიბრევილიდან.
საერთაშორისო მატჩებზე გაბონს წარმოადგენს გაბონის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. გაბონის ნაკრებს არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. მისი ყველაზე უფრო დიდი მიღწევაა — აფრიკის ერთა თასის 1/4. ევროპაში წარმატებით თამაშობენ საფრანგეთში დაბადებული პიერ-ემერიკ ობამეიანგი და გაბონში დაბადებული მარიო ლემინა.
2002 წელს საერთაშორისო შეჯიბრებებში პირველად მიიღო მონაწილეობა გაბონის ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა.
კალათბურთის საერთაშორისო შეჯიბრებებში ქვეყანას წარმოადგენს გაბონის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები. მაგრამ მან ვერასდროს ვერ შეძლო საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად. მისი ყველაზე უფრო დიდი მიღწევაა — მე-8 ადგილი 2015 წლის აფრიკის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გარდა ამისა 1993 და 2005 წლების ამავე ტურნირზე მას დაკავებული აქვს მე-9 ადგილები.
ჩოგბურთში დევისის თასის ტურნირში გაბონის გუნდი მონაწილეობს 2001 წლიდან.
გაბონის სპორტსმენებს მონაწილეობა მიღებული აქვთ 10 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. ქვეყანის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებში შედგა მიუნხენის 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. გაბონის სპორტსმენებმა, როგორც მთელი რიგი სხვა ქვეყნების სპორტსმენებმაც, ბოიკოტი გამოუცხადეს მონრეალის 1976 წლის და მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. სულ ოლიმპიურ თამაშებზე გაბონს წარმოადგენდა 45 მამაკაცი და 9 ქალი სპორტსმენი, რომლებიც მონაწილეობდნენ კრივის, ძიუდოს, მძლეოსნობის და ტაეკვონდოს შეჯიბრებებში. ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მონაწილეობა მიიღო გაბონის კაცთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი დელეგაცია ქვეყანას წარმოადგენდა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (28 ადამიანი).
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გაბონის წარმომადგენლებს მონაწილეობა არასოდეს არ მიუღიათ.
გაბონელი სპორტსმენებიდან პირველი ოლიმპიური მედალი ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ტაეკვონდოისტმა ენტონი ობამემ: ვერცხლის მედალი 80 კგ-ზე მძიმე წონით კატეგორიაში.
გაბონის ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1965 წელს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა 1968 წელს.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბონში სადღესასწაულო დღეებია:[40][41][42]
თარიღი | დასახელება |
1 იანვარი | ახალი წელი |
12 მარტი | აღორძინების დღე |
1 აპრილი | ნათელი ორშაბათი |
17 აპრილი | ქალთა დღე |
1 მაისი | მშრომელთა საერთაშორისო დღე |
6 მაისი | ტანჯულთა დღე |
20 მაისი | სულიწმინდის დღე |
8 აგვისტო | Eid al-Fitr (რამადანის დასასრული) |
15 აგვისტო | პასუხისმგებლობის დღე |
16 აგვისტო | დამოუკიდებლობის დღე |
15 ოქტომბერი | Eid al-Adha (მსხვერპლშეწირვის დღესასწაული) |
1 ნოემბერი | ყველა წმინდანის დღე |
25 დეკემბერი | შობა |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკიმედია-ატლასი: გაბონი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- გაბონი საიტზე Curlie
- ოფიციალური საიტი
- Virtual Tour of the National Parks
- Gabon დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine. from UCB Libraries GovPubs.
- Gabon from the BBC News.
- Key Development Forecasts for Gabon from International Futures.
- 2009 report (PDF) დაარქივებული 2014-05-14 საიტზე Wayback Machine. from Direction générale de la statistique et des études économiques
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
- ↑ 3.0 3.1 3.2 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
- ↑ 4.0 4.1 4.2 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (statoids)
- ↑ World Travel Guide — Gabon — History & Government
- ↑ History of Gabon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-12. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
- ↑ Gabon History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-13. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
- ↑ Der Sohn sieht sich als Präsident gewählt (გერმანული)
- ↑ 9.0 9.1 9.2 CIA - The World Factbook: Gabon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-22. ციტირების თარიღი: 21 მაისი 2016.
- ↑ Chaillu Massif. Encyclopædia Britannica.
- ↑ Mont Milondo, Gabon, peakbagger.com (ინგლისური)
- ↑ Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2009.
- ↑ Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2009.
- ↑ Military of Gabon, CIA — The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-22. ციტირების თარიღი: 2016-12-14.
- ↑ Gabon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2016-12-16.
- ↑ 16.0 16.1 16.2 Background note: Gabon. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი (4 აგვისტო 2010).
- ↑ 17.0 17.1 Gabon.
- ↑ Ouellon, Conrad. Gabon French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-29. ციტირების თარიღი: 2012-11-19.
- ↑ La Francophonie dans le monde 2006-2007 published by the Organisation internationale de la Francophonie. Nathan, Paris, 2007 (ფრანგული)
- ↑ ბრიტანიკა - სტატია გაბონის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2009.
- ↑ Oil Refining in Gabon. MBendi Information Services (29 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2006. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2016.
- ↑ Samsung will build a replacement oil refinery. Economist (21 June 2012).
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
- ↑ 24.0 24.1 CIA World Factbook: Gabon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-22. ციტირების თარიღი: 2016-12-14.
- ↑ 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 25.6 25.7 25.8 Gabon: Tourism, travel, and recreation. Nations Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
- ↑ 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 „Gabon turns from oil to dream tourism“. AFP. 2000-07-31. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 „AFRICAN NATION OF GABON ESTABLISHES NATIONAL PARK SYSTEM“. Gabon National Parks. 2002-09-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
- ↑ COUNTRY COMPARISON: HIV/AIDS - ADULT PREVALENCE RATE. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-07. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
- ↑ COUNTRY COMPARISON: HIV/AIDS - PEOPLE LIVING WITH HIV/AIDS. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-21. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
- ↑ COUNTRY COMPARISON: HIV/AIDS - DEATHS. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-21. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
- ↑ Gabon. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-22. ციტირების თარიღი: 2016-12-14.
- ↑ "Gabon". 2005 Findings on the Worst Forms of Child Labor დაარქივებული 2014-01-09 საიტზე Wayback Machine. . Bureau of International Labor Affairs, U. S. Department of Labor (2006)
- ↑ 33.0 33.1 33.2 33.3 BBC News Africa. (2012)Gabon profile. Gabon profile. BBC. ციტირების თარიღი: 2013-05-09.
- ↑ BuddeComm. (2013)Gabon - Telecoms, Mobile and Broadband. Executive Summary. BuddeComm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
- ↑ World Intellectual Property Organization. (2003)Constitution of the Gabonese Republic. Constitution/Basic Law. World Intellectual Property Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
- ↑ Foster, Dean (2002). The Global Etiquette Guide to Africa and the Middle East: Everything You Need to Know for Business and Travel Success. John Wiley & Sons. p. 177. ISBN 0471272825
- ↑ 37.0 37.1 37.2 37.3 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2017. Foodspring.com. Accessed June 2011.
- ↑ "Gabon." დაარქივებული 2011-10-15 საიტზე Wayback Machine. Worldtraveltips.net. Accessed June 2011.
- ↑ 39.0 39.1 "Culture of Gabon." Everyculture.com. Accessed June 2011.
- ↑ List
- ↑ Public-Holidays-in-Gabon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-10. ციტირების თარიღი: 2016-12-23.
- ↑ public-holidays
|
|