შინაარსზე გადასვლა

ნაპირის ზონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილიის სანაპირო

ნაპირის ზონა, ოკეანისა და ზღვისახმელეთისა და ზღვის თანამედროვე ურთიერთმოქმედების არე.[1] იყოფა წყალზედა ნაწილად (საკუთრივ ნაპირი) და წყალქვეშა კალთად. კალთის საზღვარი პირობითად იმ სიღრმეზე გაჰყავთ, რომელიც მოცემული რაიონისათვის ჩვეული უდიდესი შტორმული ტალღის გაორკეცებული სიმაღლის ტოლია.

ნაპირის ზონის განვითარება გამყინვარების შემდგომ პერიოდში დაიწყო, როდესაც მსოფლიო ოკეანის დონე 90-100 მ-ით აიწია და გასტაბილურდა.

ნაპირის ზონის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს ზვირთცემა და მოქცევის დინებები; მათი ზემოქმედება გართულებულია ადგილობრივი კლიმატური (გაბატონებული ქარები, ყინვა, ყინულსაფარი და სხვა), ფიზიკური, ქიმიური და ბიოგენური ფაქტორებით. ნაპირის ზონის განვითარება მიმართულია წონასწორობის პროფილის (ნაპირთან ციცაბო და ფსკერისაკენ დამრეცი ჩაზნექილი მრუდი) გამომუშავებისაკენ. აბრაზიულ ნაპირთან პროფილის ნაპირისპირა ნაწილი ჩაჭრილია დედაქანებში, ხოლო ფსკერისაკენ ხმელეთის ნგრევის პროდუქტებია დალექილი. აკუმულაციურ ნაპირთან, სადაც ზღვა ტერასას ან სანაპირო ბარს ქმნის, დანალექი ქანები ნაპირისპირა ნაწილშია, ფსკერისაკენ კი პროფილი შესაძლებელია დედაქანებშიც იყოს გამომუშავებული. ნაპირის ზონის მოხაზულობა დამოკიდებულია ნატანის ნაპირის გასწვრივ

ახალი ზელანდია

გადაადგილებაზე პლაჟსა და წყალქვეშა კალთაზე. ნაპირის ზონის რომელიმე მონაკვეთზე გაბატონებულია ნაპირისადმი ირიბად მიმართული ღელვა, მაშინ ნაპირისგასწვრივ ნაკადს მოცემულ კვეთში შეუძლია წლის განმავლობაში 100 ათ. მ³-ზე მეტი რიყნარი და დაახლოებით 1 მლნ. მ³ ქვიშა გადაიტანოს.

იქ, სადაც ნაპირის ექსპიზიციის შეცვლის გამო ნაკადი შესუსტებულია, ნატანი ნაწილობრივ ილექება და წარმოიქმნება ნაპირის ზონის აკუმულაციური ფორმები (ცელა, ისარა, ზვინული და სხვა). თუ ნაპირისგასწვრივი ნაკადი გაძლიერდა, მაშინ შესაძლებელია ნაპირის ზონაში ნალექები წაირეცხოს, გაქრეს პლაჟი და დაიწყოს ნაპირის ამგები დედაქანების ნგრევა. ხშირად ამ შედეგამდე მივყავართ სამშენებლო მიზნით პლაჟიდან ნატანის არაგეგმაზომიერ გატანას.

ნაპირის ზონაში ვითარდება ისეთი ორგანიზმების სპეციფიკური ბიოცენოზები, რომლებიც შეგუებული არიან ზვირთცემას. ზოგიერთი მათგანი თავდაცვის მიზნით თავშესაფარს დედაქანებშიც თხრის და ამით აჩქარებს ნაპირის ნგრევის პროცესს. წყალმცენარეთა სიუხვე ნაპირის ზონაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის სარეწაო ცხოველთა მოსაშენებლად. ნაპირის ზონის ცვლილებებს ითვალისწინებენ ნავიგაციაში, აგრეთვე ნავსადგურებისა და ზღვის არხების მშენებლობის დროს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Coast“. The American Heritage Dictionary of the English Language: Fourth Edition. 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2008-12-11.