ზამბია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამბიის რესპუბლიკა
ინგლ. Republic of Zambia
ინგლ. Zambia
ზამბია
ზამბიის
დევიზი: ”ერთი ზამბია, ერთი ერი”
(ინგლ. One Zambia, One Nation)
ჰიმნი: ”შესდექ და იმღერე ამაყ და თავისუფალ ზამბიაზე”
(ინგლ. Stand and Sing of Zambia, Proud and Free)
დედაქალაქი ლუსაკა
15°25′ ს. გ. 28°17′ ა. გ. / 15.417° ს. გ. 28.283° ა. გ. / -15.417; 28.283
უდიდესი ქალაქი ლუსაკა, კიტვე, ნდოლა
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ედგარ ლუნგუ
ფართობი
 -  სულ 752 618 კმ2 (39-ე)
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 12 935 000 (71-ე)
 -  2010 აღწერა 13 092 666 
 -  სიმჭიდროვე 17,40 კაცი/კმ2 (191-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $ 13,025 მილიარდი (133-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $ 1000 (168-ე)
აგი (2007) 0.403 (დაბალი) (165-ე)
ვალუტა ზამბიის კვაჩა (ZMK)
დროის სარტყელი CAT (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ZMB
Internet TLD .zm
სატელეფონო კოდი 260

ზამბია (ინგლ. Zambia), ოფიციალურად "ზამბიის რესპუბლიკა" (ინგლ. Republic of Zambia), ყოფილი ჩრდილოეთ როდეზიასახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. 2010 წლის აღწერის თანახმად ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 13 092 666 ადამიანს[1][2][3][4]. ფართობი — 752 614 კმ².

1964 წლის 24 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პროტექტორატმა ჩრდილოეთ როდეზიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში და ქვეყანას სახელად მდინარე ზამბეზის გამო ზამბია დაარქვა. ქვეყნის დედაქალაქი და ყველაზე უფრო დიდი ქალაქია ლუსაკა.

სექციების სია

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის რუკა.
ზამბიის ფიზიკური რუკა.
ხედი თანამგზავრიდან

ზამბია მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში. ქვეყანაში გავრცელებულია ტროპიკული კლიმატი, მას არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი და ძირითადად მდებარეობს პლატოზე. ფართობის მიხედვით (752 614 კმ²) უკავია 38-ე ადგილი მსოფლიოში.

ტერიტორია და საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბია ესაზღვრება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩრდილოეთით, ტანზანიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, მალავის აღმოსავლეთით, მოზამბიკს, ზიმბაბვეს, ბოტსვანასა და ნამიბიას სამხრეთით და ანგოლას დასავლეთით. სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 5664 კმ-ს, მათ შორის: ანგოლასთან — 1110 კმ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 1930 კმ, მალავისთან — 837 კმ, მოზამბიკთან — 419 კმ, ნამიბიასთან — 233 კმ, ტანზანიასთან — 338 კმ და ზიმბაბვესთან — 797 კმ. ნამიბიის ვიწრო კაპრივის ზოლი ზამბიას გამოჰყოფს ბოტსვანის ტერიტორიისგან. ზიმბაბვესთან საზღვარი მთლიანად გადის ზამბეზის მდინარეზე. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვრის ნაწილი გადის მდინარე ლუაპულაზე. ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის ტერიტორიის დიდი ნაწილი წარმოადგენს პლატოს სიმაღლით ზღვის დონიდან 900 მეტრიდან 1500 მეტრამდე. აქ რელიეფის ძირითადი ფორმებია რიფტული გრაბენები და მდინარეების ხეობები. ზამბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული ტანგანიიკის ტბა მდებარეობს პლატოს დონეზე დაახლოებით 600 მეტრით დაბლა. ყველაზე უფრო დიდი რიფტი გადის მდინარე ლუანგვაზე. ყველაზე უფრო მაღალია ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც მალავის საზღვარზე მდებარე ნიიკას პლატო, რომლის სიმაღლეც 1800 მეტრზე უფრო მეტია, ამოწეულია და ქმნის მაფინგას მთებს, რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეს აღწევს. ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2339 მეტრ სიმაღლეზე (მაფინგის მთა). პლატოს საერთო ქანობი მიმართულია სამხრეთ-დასავლეთისკენ.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბია მდებარეობს აფრიკის ფილაქნის სამხრეთ ნაწილში. მის ტერიტორიაზე გამოიყოფა როგორც სტაბილური ბლოკები (კასაის მასივი, ბანგვეულუს კრატონი), ასევე მოძრავი სარტყლები. ქვეყნის დასავლეთში მდებარე კასაის მასივს აქვს არქეული საფუძველი გადაფარული ზედა პროტეროზოური და პერმულ-ტრიასული დანალექებით. ბანგვეულუს კრატონი წარმოშობილია არქეული ეონის მეტამორფული წარმონაქმნებით, რომლებიც გადაფარულია ქვედა პროტეროზოური კომპლექსებით. უბენდიის მოძრავ სარტყელს უკავია მცირე ტერიტორია ზამბიის ჩრდილო-აღმოსავლეთში; ის აგებულია არქეული ეონის და ქვედა რიფეული კომპლექსის მეტამორფული ჯიშებით. კიბალი-დამარის სარტყელი გადაჭიმულია ტანზანიის საზღვრიდან ნამიბიამდე და აგებულია არქეული ეონის გნაისებით და პროტეროზოური ეონის მეტამორფული ჯიშებით. მოზამბიკის სარტყელი გადაჭიმულია ქვეყნის აღმოსავლეთით და აგებულია არქეული ეონის და პროტეროზოური ეონის მეტამორფული წარმონაქმნებით, ასევე სხვადასხვა ასაკის გრანიტოიდებით. ლუფილიის რკალი მდებარეობს ზამბიის ჩრდილოეთით; მის დანალექებში დაგროვილია სპილენძის და სხვა მადნების ცნობილი საბადოები.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული შედგება სპილენძის, კობალტის, ზურმუხტის, ოქროს, ვერცხლის, ურანის, ტყვიის, თუთიის, კალის, ნიკელის, ნახშირის, მანგანუმის მარაგისაგან.

ქვანახშირის საბადოები მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, კარიბის ხელოვნური ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს სიახლოვეს, ასევე ზამბიის ცენტრალურ რაიონებში. სპილენძის მარაგით ზამბიას უკავია ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია მსოფლიოს ყველა ქვეყნებს შორის (2008 წლის მონაცემებით — 9-ე ადგილი). სპილენძის საბადოები მდებარეობს ცენტრალური აფრიკის სპილენძისშემცველ სარტყელში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე. კალის საბადო — საკმაოდ მცირე, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში გავრცელებულია ტროპიკული კლიმატი. წვიმიანი სეზონი გრძელდება ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით და ხასიათდება მაღალი ტემპერატურებით და ხშირი შტორმებით. ქვეყნის დედაქალაქში ჰაერის საშუალო ტემპერატურა და ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს: იანვარში -27 °C და 126 მმ, ივლისში 22 °C და 7 მმ.[5]

ყველაზე უფრო მეტი ნალექი ხდება პლატოს უფრო მაღალ მონაკვეთებში, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში. სპილენძისშემცველ სარტყელში წელიწადში ნალექების რაოდენობაა 1200 მმ-მდე.

შიდა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერი ვიქტორია

ქვეყნის დასავლეთი და სამხრეთი საზღვრის გასწვრივ ჩამომდინარე მდინარე ზამბეზის აუზს უკავია ზამბიის ტერიტორიის დაახლოებით სამი მეოთხედი, დანარჩენი ნაწილი მიეკუთვნება მდინარე კონგოს აუზს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილი მიეკუთვნება ჩაუმდინარე რუკვის ტბის აუზს, რომელიც ტანზანიაში მდებარეობს. წყალგამყოფი ატლანტის ოკეანეში ჩამდინარე მდინარე კონგოსა და ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე მდინარე ზამბეზის შორის თითქმის ემთხვევა ზამბიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის არსებულ სახელმწიფო საზღვარს. მდინარე ზამბეზი სათავეს იღებს ზამბიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, შემდეგ მიედინება ანგოლის ტერიტორიაზე და ისევ ბრუნდება ზამბიაში, რითაც ქმნის მისი სამხრეთი საზღვრის დიდ ნაწილს. ზამბიის ზიმბაბვესთან საზღვარზე, მდინარე ზამბეზიზე, მდებარეობენ ჩანჩქერები, მათ შორის განთქმული ვიქტორიის ჩანჩქერი. ზამბიის ტერიტორიაზე ზამბეზის ყველაზე უფრო დიდი შენაკადებია მდინარეები — კაფუე და ლუანგვა. მდინარე კონგოს აუზს ეკუთვნის დიდი მდინარეები ჩამბეში და ლუაპულა.

ღრმულები პლატოებში ქვეყნის ცენტრში და აღმოსავლეთში ხშირად დაკავებული აქვთ ტბებს ან დაჭაობებულ მიწის მონაკვეთებს, მათ შორისაა ტბა ბანგვეულუ. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვარზე მდებარეობს დიდი ტბა მვერუ; ჩრდილოეთით ზამბიის ტერიტორიას აქვს გასასვლელი ტანგანიიკის ტბასთან. მდინარე ზამბეზიზე, ზამბიის და ზიმბაბვეს საზღვარზე, მდებარეობს დიდი წყალსაცავი (ხელოვნური ტბა) კარიბა.

მიწები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის მონაცემებით ზამბიაში სარწყავი მიწების ფართობი შეადგენს დაახლოებით 1560 კმ²-ს.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ზამბიის სოფლის რაიონების უმრავლესობაში ველური ბუნების მდგომარეობა იყო ისეთი, როგორიც დღეისათვის არსებობს ეროვნულ პარკებში. დღეისათვის შავი მარტორქა (Diceros bicornis) თითქმის გადაშენებულია, აფრიკული სპილო და ლომი გვხვდება საკმაოდ იშვიათად და ისიც ეროვნულ პარკებში, აფრიკული კამეჩი ბინადრობს ეროვნულ პარკებში და მხოლოდ მის ახლომდებარე ტერიტორიებში. სხვა დიდი ცხოველებიდან, მხოლოდ ხალებიანი აფთარი, ნილოსის ნიანგი, ბეჰემოთი და ანტილოპა ლიჩი (Kobus leche) გვხვდება ეროვნული პარკებიდან დაშორებულ არეალში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ადამიანის ზემოქმედების კვალი ნაკლებად შეიმჩნევა.

ცხოველთა პოპულაციის ასეთი მკვეთრი შემცირების მიზეზია ქვეყნის მოსახლეობის ოთხჯერ ზრდა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც მკვეთრად შემცირდა ტყეების და ტყის მასივების ფართობი და შესაბამისად ცხოველთა ბინადრობის არეალი. თუმცა კომერციული მიწადმოქმედება და მეცხოველეობა ერთ-ერთი მიზეზია ხე-ნარგავების გაჩეხვისა და კონკურენტი მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაციისა. კომერციულად გამოსაყენებელი მიწების რაოდენობა, არის მცირე, უფრო მეტად გავრცელებული და ნაკლებად ინტენსიური დამხმარე მეურნეობა, რომლის გაუაზრებელი ზრდა (რის გამოც წელიწადში ხდება დაახლოებით 9000 კმ² ტყის გაჩეხვა), ქვანახშირის წარმოებასთან ერთად (რის გამოც წელიწადში ხდება დაახლოებით 2000 კმ² ტყის გაჩეხვა) იწვევს მცენარეული საფარის მნიშვნელოვან შემცირებას.[6]

მეორე მხრივ, მოსახლეობის ზრდას თან სდევდა სიღარიბე. 1940-იანი და 1950-იანი წლების ეკონომიკური ბუმის შემდეგ დადგა რეგრესის პერიოდი. ადამიანები იძულებულები იყვნენ დაკავებულიყვნენ ნატურალური სოფლის მეურნეობით და თევზაობით, რომელმაც გარკვეული მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ველური ცხოველების საბინადრო არეალს. წვიმიანი სეზონების არასაიმედოობა, რომელიც სავარაუდოდ გლობალური დათბობის შედეგადაა გამოწვეული, კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას.

მესამე, ბუნებრივი რესურსების არარაციონალურმა გამოყენებამ, სახელმწიფო სექტორში კორუფციის გარკვეულმა დონემ ხელი შეუწყო ბრაკონიერობას და რესურსების უკონტროლო ექსპლოატაციას. ზოგიერთ ეროვნულ პარკს საერთოდ არ ჰქონდა არანაირი მმართველობა. ამ პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის პოლიტიკურ ლიდერებს შორის მეტოქეობა და პარტიებს შორის მკვეთრი დაპირისპირება.

ამ ფონზე იმ ცხოველებს, რომლებიც ზამბიაში ბინადრობენ ეროვნული პარკების ფარგლებს გარეთ, აქვთ საჭმლის ან საცხოვრებელი რესურსების მცირე რაოდენობა და ადამიანებისგან დაცვის მცირე შესაძლებლობა. მათ შორის არიან ფრინველების უმრავლესობა; უფრო მცირე ზომის ძუძუმწოვრები, როგორებიცაა ღამურა, ბიგა, მღრღნელები, მანგუსტი, ღამის მომცრო კატა, ანთარი და გალაგო; და ქვეწარმავლები, როგორებიცაა ნილოსის ვარანი და გველების და ხვლიკების უმრავლესობა, ტყის ჯიშების გარდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ზამბიის ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლებები გაჩნდა უძველესი დროიდან. რამდენიმე ათასი წლის წინ აქ ცხოვრობდნენ ბუშმენების ტომები (მონადირეები და შემგროვებლები). დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ზამბიის ტერიტორიაზე დასახლდნენ ჩრდილოეთიდან მოსული ჰოტენტოტების ტომები (მიწადმომქმედნი და მეცხოველეები). მათ ბუშმენები სამხრეთისკენ განდევნეს.

შემდგომში, დაახლოებით ათასი წლის წინ, ცენტრალური აფრიკიდან მოვიდნენ ბანტუს ხალხის ტომები, რომლებმაც საკმაოდ შეავიწროვეს ჰოტენტოტები. ბანტუს ხალხი დაკავებული იყო მიწადმოქმედებით, მეცხოველეობით, მჭედლობით. შემდგომში დაიწყეს სპილენძის მადნეულის საბადოების დამუშავება, ინდოეთის ოკეანის სანაპიროს ვაჭრებთან ვაჭრობა.

XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი — ბაროტსე. უმაღლესი მმართველი (მულენა) და არისტოკრატია ცხოვრობდა ადგილობრივი თემის და მონების შრომის გამოყენების ხარჯზე. მონები ძირითადად იყვნენ ტყვეები, რომლებიც ძირითადად შეპყრობილები იყვნენ მეზობელ ტომებზე თავდასხმების შედეგად.

პირველი ევროპელები (პორტუგალიელი ვაჭრები) თანამედროვე ზამბიის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ XVIII საუკუნეში. ისინი (ასევე არაბი ვაჭრები) ყიდულობდნენ სპილოს ძვალს და სპილენძს. XIX საუკუნეში ამ რეგიონით დაინტერესდა დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ბელგია. ყველაზე უფრო მეტი წარმატებები მიაღწიეს ბრიტანელებმა. 1891 წლიდან ბაროტსელენდი (დღეისათვის ეს ზამბიის დასავლეთი პროვინციაა) გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი. იმავე წელს დიდმა ბრიტანეთმა და პორტუგალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მდინარე ზამბეზის აუზის ერთმანეთში გაყოფის შესახებ.

ჩრდილოეთ როდეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლოს ამ რეგიონში სპილენძის და პოლიმეტალების მდიდარი საბადოების გახსნამ ზამბიაში სტიმული მისცა სესილ ჯონ როდსის მიერ შექმნილი «ბრიტანულ სამხრეთ-აფრიკული კომპანიის» (BSAC) შემოღწევას. კომპანიამ დაიწყო ადგილობრივი სამთომომპოვებელი და სპილენძის წარმოების განვითარება, ქალაქების და რკინიგზების მშენებლობა.

კომპანია ბრიტანეთის ხელისუფლებისგან იღებდა უზარმაზარი ტერიტორიის ათვისების მონოპოლურ უფლებას — მდინარე კონგოს სათავეებიდან მდინარე ზამბეზიმდე. 1895 წელს ტერიტორიებს, სადაც მუშაობდა BSAC, სახელად უწოდეს სამხრეთი, ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი როდეზია (სახელწოდება, წარმოქმნილი როდსის გვარისაგან). ამ სამი ტერიტორიიდან ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი როდეზია 1911 წელს გაერთიანდა და ეწოდა ჩრდილოეთი როდეზია. მხოლოდ 1924 წელს ჩრდილოეთ როდეზიას მიენიჭა ბრიტანეთის სამეფოს კოლონიის ოფიციალური სტატუსი; კოლონიას დაუნიშნეს გუბერნატორი (ბაროტსელენდის პროტექტორატის შენარჩუნებით).

1920-1930-იან წლებში კოლონია წარმატებით ვითარდებოდა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და ფერმების დამაარსებელი თეთრკანიანი ადამიანების იმიგრაციის ხარჯზე.

1953-1963 წლებში ჩრდილოეთ როდეზია სამხრეთ როდეზიასა და ნიასალენდთან ერთად შედიოდა როდეზიის და ნიასალენდის ფედერაციაში.

1963 წელს ჩრდილოეთ როდეზიამ მიიღო კონსტიტუცია და თვითმმართველობა. 1964 წლის დასაწყისში ჩატარდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა მემარცხენე რადიკალურმა ეროვნული დამოუკიდებლობის გაერთიანებულმა პარტიამ კენეთ კაუნდას ხელმძღვანელობით.

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის 24 ოქტომბერს ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა და ეწოდა — ზამბიის რესპუბლიკა. პრეზიდენტი გახდა კენეთ კაუნდა.

1967 წლის აპრილში კენეთ კაუნდამ გამოაცხადა საკუთარი კონცეფცია «ზამბიური ჰუმანიზმის აშენების» შესახებ. ამ კონცეფციაში უარყოფილი იყო ეკონომიკის კაპიტალისტური ფორმა, რომლის ნაცვლადაც მკვიდრდებოდა სახელმწიფოებრივი რეგულირება.

1968 წლის ნოემბერში კენეთ კაუნდამ დაითხოვა პარლამენტი. 1969 წლიდან დაიწყო ნაციონალიზაციის პროცესი, პირველ რიგში ქვეყნის მთავარი ეკონომიკური დარგის — სპილენძის წარმოების. 1972 წლის დეკემბერში ზამბიაში შემოღებული იქნა ერთპარტიული მმართველობა. გაგრძელდა ნაციონალიზაციის პროცესი მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში.

«ზამბიური ჰუმანიზმის აშენების» დაწყებისას დაიწყო სულ უფრო და უფრო მეტი სიძნელეები ქვეყნის ცხოვრებაში — სამომხმარებლო ფასების ზრდა, უმუშევრობის მატება, ძირითადი საკვები პროდუქტების დეფიციტი. მიუხედავად 1970 წლიდან გაფიცვების აკრძალვისა, ასეთი საპროტესტო აქციების რაოდენობა იზრდებოდა.

ზამბია, რომელსაც ჰქონდა უდიდესი ბუნებრივი რესურსები, გადაიქცა ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად მსოფლიოში. 1991 წელს კენეთ კაუნდამ ნება დართო არჩევნები ჩატარებულიყო მრავალპარტიულ საფუძველზე. ამ არჩევნებში გაიმარჯვა «მოძრაობამ მრავალპარტიული დემოკრატიისათვის» და 1991 წლის 2 ნოემბერს კენეთ კაუნდა ჩამოშორდა ხელისუფლებას. დამთავრდა «ზამბიური ჰუმანიზმის აშენების» ეპოქა.

ზამბიის ახალი პრეზიდენტი გახდა «მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის» ლიდერი, პროფკავშირების მოღვაწე ფრედერიკ ჩილუბა, რომელიც კენეთ კაუნდას პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებდა. მან გააუქმა ეკონომიკის ცენტრალიზებული მმართველობა, სახელმწიფო სუბსიდიები და დაიწყო ნაციონალიზებული საწარმოების პრივატიზაცია. სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა შეძლო შეენარჩუნებინა პოპულარობა და გაიმარჯვა 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ უკვე მომავალ წელს საზოგადოების ნაწილის მიერ მისი პოლიტიკით უკმაყოფილება გადაიზარდა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, რომლის ორგანიზებაში ბრალი დაედო კენეთ კაუნდას. რამდენიმეწლოვანი სამხედრო მდგომარეობის მოქმედების შემდეგ ფრედერიკ ჩილუბამ ჩაატარა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

2002 წლის 2 იანვარს ახალი პრეზიდენტი გახდა ასევე «მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის» წარმომადგენელი — ლევი მვანავასა.

2008 წლის 29 ივნისს ლევი მვანავასას სასიკვდილო ავადმყოფობის გამო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ვიცე-პრეზიდენტი, «მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის» წარმომადგენელი — რუპია ბანდა. 2008 წლის 19 აგვისტოს ლევი მვანავასას სიკვდილის შემდეგ მან გაიმარჯვა 2008 წლის 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და გახდა ზამბიის ახალი (მეოთხე) პრეზიდენტი.

2011 წლის 23 სექტემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გაიმარჯვა «პატრიოტული ფრონტის» ლიდერმა მაიკლ სატამ. 2013 წლის გაზაფხულზე რუპია ბანდა დაპატიმრებული იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბების გამო. მთელი 2014 წელი მაიკლ სატამ ავადმყოფობაში გაატარა და იმავე წლის 28 ოქტომბერს ლონდონში გარდაიცვალა[7][8]. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ვიცე-პრეზიდენტი გაი სკოტი — მეორე თეთრკანიანი ქვეყნის ლიდერი სამხრეთ აფრიკაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ.

2015 წლის 20 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ისევ «პატრიოტული ფრონტის» წარმომადგენელმა ედგარ ლუნგუმ.

პოლიტიკური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბია დემოკრატიული რესპუბლიკაა მრავალპარტიული სისტემით.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლიანი ვადით პირდაპირი არჩევნების გზით არაუმეტეს ორი ვადისა. მას აქვს უფლება დანიშნოს და თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მინისტრთა კაბინეტი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი, გადაწყვიტოს ომის და მშვიდობის საკითხები, მოიწვიოს ეროვნული ასამბლეა, დაადოს ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს.

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ასამბლეა შედგება 158 დეპუტატისაგან, რომელთაგან 150 ირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით და 8 ინიშნება პრეზიდენტის მიერ. გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა. პარლამენტის ყველა წევრი ირჩევა 5 წლიანი ვადით.[9]

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის შეიარაღებული ძალები შედგება ზამბიის არმიისგან, ზამბიის სამხედრო-საჰაერო ძალებისგან და ზამბიის ეროვნული სამსახურისგან. ზამბიის შეიარაღებული ძალები პირველ რიგში პასუხისმგებელია ქვეყნის თავდაცვაზე. იმის გამო, რომ ქვეყანას არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, მას არ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ძალები.

ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ 16 წლის ასაკში და შევიდნენ არმიის რიგებში მშობლების თანხმობით. ამას გარდა 18 წლის ასაკში მათ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ არმიის რიგებში მოხვედრა. ქვეყანაში არ არსებობს გაწვევა. ჯარში მოხვედრის კანდიდატები უნდა იყვნენ ზამბიის მოქალაქენი და უნდა ჰქონდეთ 12 კლასის დამთავრების სერტიფიკატი. მსურველებმა ჩარიცხვის წინ ასევე უნდა გაიარონ აივ-ინფექციის ტესტი. ისინი ჯარში მსახურობენ 65 წლის ასაკამდე, რის შემდეგაც ხდება პენსიაზე სავალდებულო გასვლა.

1964 წელს ზამბიის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ყოფილი როდეზიის ჩრდილოეთის საჰაერო ფრთა გადაკეთდა ზამბიის საჰაერო ფრთად, რომელიც გაგრძელდა 1968 წლამდე და რის შემდეგაც შეიქმნა ზამბიის სამხედრო-საჰაერო ძალები.[10]

სამხედრო-საჰაერო ძალების უპირველესი მოვალეობაა დაიცვას ზამბიის საზღვრები და საკუთარი საჰაერო სივრცე. ამას გარდა, ის ახორციელებს სამთავრობო დაწესებულებების ჰაერიდან დაცვის სხვადასხვა ფორმებს. ის ასევე ახორციელებს დაზვერვას, ჯარების გადასხმას, პოლიციის სატრანსპორტო მისიებს და მედიკამენტებისა და მედპერსონალის საჰაერო გადაყვანებს ძნელადმისადგომ რაიონებში. იგი ასევე უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას აუცილებლობის შემთხვევაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის ადმინისტრაციული რუკა

ზამბია დაყოფილია 10 პროვინციად, რომლებიც იყოფიან რაიონებად[11].

პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ცენტრალური პროვინცია კაბვე 94 394 1 307 111 13,85
2 კოპერბელტის პროვინცია ნდოლა 31 328 1 972 317 62,96
3 აღმოსავლეთის პროვინცია ჩიპატა 51 476 1 592 661 30,94
4 ლუაპულის პროვინცია მანსა 50 567 991 927 19,62
5 ლუსაკის პროვინცია ლუსაკა 21 896 2 191 225 100,07
6 მუჩინგის პროვინცია ჩინსალი 87 806 711 657 8,10
7 ჩრდილოეთის პროვინცია კასამა 77 650 1 105 824 14,24
8 ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია სოლვეზი 125 826 727 044 5,78
9 სამხრეთის პროვინცია ჩომა 85 283 1 589 926 18,64
10 დასავლეთის პროვინცია მონგუ 126 386 902 974 7,14
სულ 752 612 13 092 666 17,40

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 13 092 666 (2010 წლის აღწერა).
  • მოსახლეობის ზრდა — 2,12 %. (2005 წლის შეფასება)
  • ქალაქის მოსახლეობა — 39 %. (2010 წლის აღწერა).
  • შობადობა — 35,4 ბავშვი 1000 ადამიანზე (2010 წლის აღწერა).
  • სიკვდილიანობა — 13,1 ადამიანი 1000 მოსახლეზე. (2010 წლის აღწერა).
  • ბავშვთა სიკვდილიანობა — 88,29 ბავშვი 1000 დაბადებულიდან. (2005 წლის შეფასება)
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 52,03 წელი (მამაკაცების — 50,81 წელი, ქალების — 53,28 წელი) (2010).
  • საშუალი ასაკი — 17,2 წელი
    • 0-14 წელი: 5 943 169 ადამიანი (45,39 %)
    • 15-64 წელი: 6 803 054 ადამიანი (51,96 %)
    • 65 წელზე უფროსები: 346 443 ადამიანი (2,65 %) (2010 წლის აღწერა)
  • განათლება — საერთო 80,6 % (86,8 % მამაკაცები, 74,8 % ქალები) (2003 წლის შეფასება).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — 16,5 % (2003 წლის შეფასება).

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის ეთნიკური და ენობრივი რუკა.

ზამბიის მოსახლეობა დაახლოებით 73 ეთნიკური ჯგუფისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა ბანტუს ხალხის წარმომადგენლებს წარმოადგენს. ზამბიის მოსახლეობის თითქმის 90 %-ს შეადგენს 9 ძირითადი ეთნოლინგვისტური ჯგუფი: ჩევა, ბემბა, ტონგა, ტუმბუკა, ლუნდა, ლუვალე, კაონდე, ნკოია და ლოზი. სოფლებში, თითოეული ეთნიკური ჯგუფი თავმოყრილია ქვეყნის კონკრეტულ გეოგრაფიულ რაიონში, ბევრი მათგანი საკმაოდ მცირერიცხოვანია და ნაკლებად არიან ცნობილები. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, მნიშვნელოვანი რაოდენობით, მოიძებნება ლუსაკაში და კოპერბელტში.

ექსპატრიანტები, ძირითადად ბრიტანელები და სამხრეთაფრიკელები, ასევე ზამბიის ზოგიერთი თეთრკანიანი მოქალაქეები, ძირითადად ცხოვრობენ ლუსაკაში და კოპერბელტში, სადაც ისინი მუშაობენ შახტებში, ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ან იმყოფებიან პენსიაში. 1964 წელს ზამბიაში ცხოვრობდა 70 000 ევროპელი, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.[12]

ზამბიაში ცხოვრობს მცირერიცხოვანი, მაგრამ ეკონომიკურად აქტიური აზიელი მოსახლეობა, რომელთაგან უმრავლესობა ინდოელები და ჩინელებია. ზამბიაში ცხოვრობს 13 000 ინდოელი და 80 000 ჩინელი ადამიანი.[13] უკანასკნელ წლებში ზამბიის მთავრობის თხოვნით რამდენიმე ასეულმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დევნილმა თეთრკანიანმა ფერმერმა დატოვა ზიმბაბვე და დასახლდა ზამბიის სამხრეთ რეგიონში ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით.[14][15]

დევნილების და იმიგრანტების შესახებ ამერიკულმა კომიტეტმა 2009 წელს გამოაქვეყნა დევნილების გამოკითხვა, რომლის მონაცემებითაც ზამბიაში ცხოვრობდა დაახლოებით 88 900 დევნილი. ქვეყანაში დევნილთა უმეტესობა იყო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (47 300 დევნილი), ანგოლიდან (27 100 დევნილი), ზიმბაბვედან (5400 დევნილი) და რუანდიდან (4900 დევნილი).[16]

2008 წლის მაისიდან დაწყებული ზიმბაბვეს მაცხოვრებელთა რაოდენობამ ზამბიაში ასევე დაიწყო მნიშვნელოვნად მატება; მატება ძირითადად შედგებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაქცეული ზიმბაბველებისაგან, რომლების გაურბოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული ქსენოფობიიდან გამომდინარე ძალადობას.[17] დაახლოებით 60 000 დევნილი ცხოვრობს ზამბიის ბანაკებში, მაშინ როდესაც 50 000 დევნილი შეერია ადგილობრივ მოსახლეობას. დევნილებმა, რომელთაც სურთ იმუშავონ ზამბიაში უნდა გააფორმონ ოფიციალური ნებართვა, რომელიც შეიძლება ღირდეს $500-მდე წელიწადში.[16]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიაში არსებობს რამდენიმე ძირითადი ადგილობრივი მკვიდრი ენა და ისინი ყველა მიეკუთვნება ბანტუს ენების ოჯახს. ინგლისური ენა ოფიციალური ენა და ძირითადი ენაა ბიზნესში და განათლებაში.

ზამბიაში ფართედაა გავრცელებული 72 ენაზე მეტი, თუმცა ბევრი მათგანი შეიძლება განხილული იყოს დიალექტების სახით. ამ ენათაგან ზოგიერთ მათგანს ზამბიაში აქვს დიდი ხნის ისტორია, მაშინ როდესაც სხვები, როგორიცაა ლოზი, აღმოცენდნენ XVIII და XIX საუკუნეების მიგრაციის შედეგად. ზამბიის ყველა ადგილობრივი ენა ბანტუს ენების ოჯახს მიეკუთვნება და მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

7 ადგილობრივ ენას აქვს ოფიციალური სტატუსი. ყველა ისინი წარმოადგენენ ძირითად ენებს თითოეულ პროვინციაში: ბემბა (ჩრდილოეთის პროვინცია, ლუაპულა, მუჩინგა და კოპერბელტი), ჩევა (აღმოსავლეთის პროვინცია და ლუსაკის პროვინცია), ლოზი (დასავლეთის პროვინცია), ტონგა (სამხრეთის პროვინცია), კაონდე, ლუვალე და ლუნდა (ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია). ეს 7 ენა, ინგლისურთან ერთად, გამოიყენება დაწყებით სკოლებში და ზოგიერთ სახელმწიფო გამოცემებში. საერთო ორთოგრაფია დაამტკიცა განათლების სამინისტრომ 1977 წელს.[18][19]

ენები 1990 წელი 2000 წელი 2010 წელი
ბემბა 39,9 38,5 41,0
ჩევა 20,1 20,6 23,3
ტონგა 14,8 13,9 14,5
ლოზი 8,8 7,7 6,6
ბაროტსე 7,5 6,9 6,3
ტუმბუკა 3,7 3,2 3,3
მამბვე 3,4 3,2 3,2
ინგლისური 1,1 1,7 1,7
სხვა 0,8 4,3 0,3

წყარო: 2010 წლის აღწერა[20]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბია 1996 წლის კონსტიტუციის თანახმად ოფიციალურად გამოცხადებულია ქრისტიანულ ქვეყნად,[21] მაგრამ არსებობენ რელიგიური ტრადიციების ფართე ნაირსახეობები. ტრადიციული რელიგიური აზროვნება ადვილად ეთვისება ქრისტიანულ სარწმუნოებას ქვეყნის ბევრ სინკრეტულ ეკლესიებში. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანია, რომლებიც 95 %-ს შეადგენენ. აქედან პროტესტანტები — 75 % და კათოლიკები — 20 %[22][23]. პროტესტანტული კონფესიების წარმოადგენლები არიან: ანგლიკანები, ორმოცდაათიანელები, ახალი აპოსტოლური ეკლესიის მიმდევრები, ლუთერანები, იეჰოვას მოწმეები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები და სხვადასხვა ევანგელისტური დენომინაციები.

ზამბიის ბაჰაისტური მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 160 000 ადამიანს,[24] ანუ 1,5 %-ს. მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ს შეადგენენ მუსულმანები, თანაც მათი უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქის რაიონებში და მთავარ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.[25] დაახლოებით 500 ადამიანი მიეკუთვნება აჰმადიის რელიგიურ მიმდინარეობას.[26] ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ ინდუსების, სიქების და ასევე ძირითადად აშქენაზებისგან შემდგარი იუდეველების მცირერიცხოვანი ჯგუფები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბია «ჰუმანიზმის მშენებლობის» ეპოქაში გახდა უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში, მოსახლეობის 82 % ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა[27].

კენეთ კაუნდას მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ჭარბობდა მეურნეობის მართვის სოციალისტური ტიპი. 1991 წელს მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ დაიწყო ეკონომიკის რეფორმირება. კერძო წარმოებაზე გადასვლამ გამოიწვია ეკონომიკის ზრდა.

2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე — 1,5 ათასი აშშ დოლარი. (200-ე ადგილი მსოფლიოში).

დღემდე მომუშავეთა 85 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში (მშპ-ს 19 %). კულტივირებულია — სიმინდი, სორგო, ბრინჯი, არაქისი, მზესუმზირა, ბოსტნეული, თამბაქო, ბამბა, შაქრის ლერწამი, ტაპიოკა, ყავა. მომრავლებულია მსხვილი რქოსანი საქონელი, თხა, ღორი, ფრინველები.

მრეწველობა (მომუშავეთა 6 %, მშპ-ის 31 %) — სპილენძის და სხვა ლითონების მადნების დამუშავება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება.

ბუნებრივი რესურსები — სპილენძი, კობალტი, თუთია, ტყვია, ნახშირი, ზურმუხტი, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ჰიდროენერგეტიკული რესურსები.

ზამბიის ფულადი ერთეულია — კვაჩა, შედგება 100 ნგვესაგან.

2013 წლის 1 იანვარს განხორციელდა კვაჩის დენომინაცია მისი კოდის ცვლილებით ISO 4217-ის სტანდარტში: ახალი ასოების კოდი — ZMW (ძველი — ZMK); ციფრული — 967 (ძველი 894). შეფარდება 1000 ZMK : 1 ZMW. ბანკროტიდან მოაშორეს სამი ნული და ბრუნვაში შემოიღეს ახალი ბანკნოტები ნომინალებით: 2, 5, 10, 20, 50 და 100 კვაჩა. ძველი ბანკნოტები მიმოქცევაშია ახალ ბანკნოტებთან ერთად თანაბარი უფლებებით 2013 წლის 15 ივლისამდე ჩატარებული დენომინაციის შესაბამისი შეფარდებით. ამის შემდეგ ისინი შეიძლება გადაიცვალოს ცენტრალურ ბანკში თანხის რაოდენობის შეუზღუდავად. ახალი ბანკნოტების გაფორმება და ფერი თითქმის მთლიანად შეესაბამება ძველ სერიას.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 85 %, რასაც მოაქვს მშპ-ის 18 %. ის ძირითადად ორიენტირებულია შიდა მოხმარებაზე. მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფეტვი, სიმინდი (1,1 მილიონი ტონა), მანიჰოტი (950 ათასი ტონა), სორგო, ბრინჯი, ხორბალი (135 ათასი ტონა), არაქისი, შაქრის ლერწამი (1,8 მილიონი ტონა). მეურნეობის პროდუქტიულობა მექანიზაციის დაბალი დონისა და მიწის დამუშავების პრიმიტიული საშუალებების გამოყენების გამო საკმაოდ დაბალია. მეცხოველეობა სუსტადაა განვითარებული ცეცე ბუზის გავრცელების გამო. ქვეყანაში ტყეების ფართობი 1990 წლიდან 2000 წლის ჩათვლით შემცირდა 851 ათას ჰა-მდე.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის მრეწველობის მთავარი დარგია სპილენძის წარმოება. სამთომომპოვებელმა წარმოებამ ზამბიაში განვითარება დაიწყო ჯერ კიდევ კოლონიალურ პერიოდში. რაფინირებული სპილენძის ექსპორტი ძირითადად იზრდება ჩინეთის მხრიდან მასზე მოთხოვნის გამო. სპილენძის გარდა, ქვეყანაში მოიპოვება თუთია, კობალტი, ოქრო, ვერცხლი, მარმარილო, სელენიუმი. გადამამუშავებელი მრეწველობა წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავებით, ქაღალდის წარმოებით და ავტომობილების აწყობით ქალაქ ნდოლაში.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტები

  • სულ: 107
    • მყარი საფარით — 9
    • მყარი საფარის გარეშე — 98

რკინიგზა

  • სულ: 2157 კმ (ლიანდაგის სიგანე 1067 მმ).

ავტოტრანსპორტი

  • სულ: 91 440 კმ
    • მყარი საფარით — 20 117 კმ
    • მყარი საფარის გარეშე — 71 323 კმ

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ველური ბუნება და ნაკრძალები, რის გამოც ქვეყანას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. ჩრდილოეთ ლუანგვის, სამხრეთ ლუანგვის და კაფუეს ეროვნული პარკები აფრიკაში ცხოველთა რაოდენობით და ნაირფეროვნებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარია. ჩანჩქერი ვიქტორია მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და იგი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

ქვეყანაში ცხოვრობს 73 ეთნიკური ჯგუფი, რის გამოც არსებობს ბევრი ტრადიციული ცერემონიები, რომლებიც ტარდება ყოველ წელს და იგი ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს.

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ზამბიელი ხალხის ჯანდაცვაზე და იძლევა ინფორმაციებს ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ. 2010 წელს სახელმწიფო ხარჯებმა ჯანდაცვაზე შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3,4 %, რაც ყველაზე დაბალია სამხრეთ აფრიკაში.[28] 2014 წელს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, ზამბიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 51,83 წელს.[29]

ზამბიაში გამწვავებულია აივ-ინფექციის ეპიდემიის საკითხი, რომლის გავრცელების სავარაუდო მაჩვენებელი 2009 წელს შეადგენს 13,5 %-ს მოზრდილთა შორის (15-49 წლის ასაკი).[30] შიდსით დაავადება ზამბიაში შემცირდა 25 %-ზე უფრო მეტად 2001 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რაც ამტკიცებს იმას, რომ ეპიდემია მიდის შემცირებისკენ.[31]

ზამბიაში საავადმყოფოები არსებობენ მთელ ქვეყანაში, რომლებშიც შედიან: ლევი მვანავასას ჰოსპიტალი,[32] ჩიპატას ჰოსპიტალი, კიტვეს ცენტრალური საავადმყოფო, კონკოლას საბადოს საავადმყოფო, ლუბვეს მისიის ჰოსპიტალი, მააჩას საავადმყოფო, მტენდერეს მისიის ჰოსპიტალი, მუკინგეს მისიის ჰოსპიტალი, მვანდის მისიის საავადმყოფო, ჩრდილოეთ ნჩანგას რაიონის საავადმყოფო, ჩიკანკატას ხსნის არმიის საავადმყოფო, კალენეს მისიის საავადმყოფო, წმინდა ფრანსისკის საავადმყოფო და წმინდა ლუკას მისიის ჰოსპიტალი.[33]

უნივერსიტეტის საავადმყოფოს კლინიკა წარმოადგენს საავადმყოფოს და სავარჯიშო მოედანს მომავალი სამედიცინო მუშაკებისათვის. ზამბიის სოფლის რეგიონებში და დაშორებულ ადგილებში საავადმყოფოების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ასეთ რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს ჯანდაცვის მცირე სახელმწიფო სათემო ცენტრებით და სოფლის სამედიცინო პუნქტებით.

2010 წელს ზამბიაში დედათა სიკვდილიანობა 100 000 დაბადებულზე შეადგენს 470-ს. მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2008 წელს იყო 602,9 და 1990 წელს 594,2. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1000 დაბადებულზე შეადგენს 145-ს და 5 წლამდე ჩვილთა სიკვდილიანობა პროცენტებში შეადგენს 25-ს.[34]

ზამბიაში ექთნების რაოდენობა 1000 ახალდაბადებულზე შეადგენს 5-ს და ორსული ქალების სიცოცხლეშივე გარდაცვალების რისკი შეადგენს 1: 38.[34] ქალთა წინადაცვეთამ ჯერჯერობით ვერ მიიღო ფართე გავრცელება, ის გამოიყენება მხოლოდ ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში. ზამბიაში სექსუალური ქცევის გამოკვლევის 2009 წლის მონაცემებით ქალების 0,7 %-ს ჩატარებული აქვს წინადაცვეთა.[35] გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 45 % დაბალი სიმაღლისაა.[36]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიაში არსებობს სამი ტიპის განათლება: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი.

ზამბიაში დაწყებითი განათლება სკოლის თითოეული მოსწავლის ფუნდამენტია. მოსწავლეები სწავლას იწყებენ I კლასში და ამთავრებენ VII კლასში, რის შემდეგაც აბარებენ გამოცდებს, რომელსაც ადგენს ზამბიის საგამოცდო საბჭო VII კლასის სასწავლო წლის დასრულებისას. დაწყებითი სკოლები გავრცელებულია ქვეყნის ყველა ნაწილში. დაწყებითი სკოლები იმყოფებიან ხელისუფლების საკუთრებაში, კერძო სექტორს და თემებსაც აქვთ თავიანთი სკოლები ქვეყანაში.

ზამბიელი მოსწავლეების უმრავლესობა დადიან სახელმწიფო სკოლებში, რომლებიც ნომინალურად I კლასიდან VII კლასამდე უფასოა, თუმცა მშობლებს უწევთ "სასკოლო ხარჯების" გადახდა ან სასკოლო ფორმის ყიდვა.

სკოლების საზოგადოება იმყოფება თემების დაქვემდებარებაში და მასწავლებლები იქ მუშაობენ საკუთარი ნებით ან მცირე ანაზღაურებით, ისიც მაშინ, თუ ეს სკოლები იმყოფებიან იმყოფებიან საქველმოქმედო ორგანიზაციების მეურვეობის ქვეშ. ზოგიერთი სკოლების საზოგადოება აგროვებს მნიშვნელოვან ანაკრებს და გავს საბიუჯეტო კერძო სკოლებს, მაგრამ მათი უმრავლესობა საკმაოდ იაფია და ემსახურებიან მოსწავლეები, რომლებისათვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლები მდებარეობენ საკმაოდ შორს.

ზოგიერთი გამორჩეული კერძო სკოლისგან განსხვავებით, ზამბიის სკოლებს ქრონიკულად არ ჰყოფნის საკმაო რესურსები და საგანმანათლებლო სტანდარტები საკმაოდ დაბალია.

სასკოლო განათლება დაყოფილია შემდეგ დონეებად:

  • დაწყებითი, I-VII კლასები
  • ძირითადი, VIII-IX კლასები
  • საშუალო, X-XII კლასები

დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები ან გადადიან საერთო საგანმანათლებლო სკოლებში (საშუალო სკოლებში სწავლა მიმდინარეობს VIII-XII კლასებში), ან ამთავრებენ სკოლაში შემდგომ სწავლას. სამწუხაროდ არსებობს ზონა inZambia, სადაც არ არსებობს საშუალო სკოლები, თუმცა მიღებული იქნა ზომები და მათ შექმნეს საბაზისო სკოლები. ტრადიციულად VIII-IX კლასები იყო საშუალო სკოლებში სწავლის ნაწილი, მაგრამ მოსწავლეები დღეს სწავლობენ თანამედროვე დაწყებით სკოლებში, რომლებიც ცნობილია როგორც "საბაზისო სკოლები".

ზამბიაში არსებობს სამი უმაღლესი სასწავლებელი და რამდენიმე ტექნიკუმი, რომლებიც იძლევიან უმაღლეს განათლებას. ზამბიის მეცნიერების, ტექნოლოგიის და პროფესიონალური სწავლების სამინისტრო დაარსდა 1992 წელს, რათა ხელი შეწყობოდა ტექნიკური დარგების სფეროში განათლების ზრდას. ზამბიაში საერთო საგანმანათლებლო სკოლების ფარგლებს გარეთ შეზღუდულია განათლების მიღების შესაძლებლობა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლობს სხვადასხვა კოლეჯებში მთელ ქვეყანაში. როგორც წესი ყველა სტუდენტი იქ მოხვედრილია თავისი ნიჭის საფუძველზე.

1990-იანი წლების ბოლოს გადასახადების შემოღებამ ზოგიერთებისთვის საუნივერსიტეტო განათლების მიღება შეუძლებელი გახადა, თუმცა ხელისუფლება იძლევა სახელმწიფო пსტიპენდიებს. კოპერბელტის უნივერსიტეტი გაიხსნა 1980-იანი წლების ბოლოს და თავის თავზე აიღო ზამბიაში ყოფილი კიტვეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციების დიდი ნაწილი. ასევე არსებობს რამდენიმე პედაგოგიური კოლეჯი, რომლებიც იძლევიან ორწლიანი სწავლების პროგრამულ განათლებას, ხოლო მთელი ქვეყნის მისიონერულ საავადმყოფოებში ამზადებენ მედდებს საერთაშორისოდ მიღებული სწავლების მეთოდებით. რამდენიმე ქრისტიანული სკოლა ატარებს სემინარული დონის მოსამზადებელ კურსებს.

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასმედია ზამბიაში შედგება რამდენიმე სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის საშუალებისაგან: ტელევიზია, რადიო, კინო, გაზეთი, ჟურნალი და ინტერნეტ-ვებ-საიტები. ინფორმაციის, სამაუწყებლო სამსახურის და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ზამბიის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც დაარსდა 1969 წელს.

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიაში რადიოსადგურები გადმოსცემენ მუსიკას და ახალ ამბებს, რომლებიც საზოგადოებამდე აღწევს FM დიაპაზონის საშუალებით. ეს რადიოსადგურებია Flava FM 87,7 არხზე, Breeze FM 89,3 არხზე და Chikuni Community Radio Station FM 91,9 არხზე. ასევე მოქმედებს დაახლოებით ორი ათეული კერძო რადიოსადგური.

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიაში სატელევიზიო გადაცემების მაუწყებლობას აწარმოებს ზამბიის ეროვნული რადიოსამაუწყებლო კორპორაცია.[37] ასევე მუშაობენ რამდენიმე კერძო სატელევიზიო სადგურები.

ბეჭვდითი საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის ძირითადი გაზეთებია: Times of Zambia, Zambia Daily Mail და The Post.

Partners Guide წამყვანი ჟურნალია, რომელიც იხილავს საქმიან და ეკონომიკურ საკითხებს, რომლის ონლაინია http://www.pgzambia.com.[38][39] The Bulletin & Record აღიარებული ჟურნალია პოლიტიკური საკითხების განხილვაში.

ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტთან დაშვება არ არის შეზღუდული, შესაბამისად პიროვნებები და ორგანიზაციები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს ინტერნეტის საშუალებით, თუმცა ხელისუფლება ხშირად ემუქრება კრიტიკულად განწყობილ ინტერნეტ გამოცემებს და ბლოგებს რეგისტრაციის სიიდან ამოშლით. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებამ სცადა გაეუქმებინა The Zambian Watchdog-ის ბლოგი, მაგრამ ეს ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც ბლოგი უცხოეთში იყო განლაგებული და შესაბამისად ხელისუფლების კონტროლ ქვეშ არ შედიოდა.[40]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ზამბიის შექმნამდე, ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენდნენ დამოუკიდებელი ტომები, თითოეული საკუთარი ცხოვრების წესით. კოლონიალური ეპოქის ერთ-ერთი შედეგი იყო ურბანიზაციის ზრდა. ქალაქებში ერთად ცხოვრება დაიწყო სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ერთმანეთზე გარკვეულ გავლენას ახდენდნენ, ასევე იღებდნენ დიდი ევროპული კულტურის საუკეთესო ნაწილებს. ორიგინალური კულტურა მნიშვნელოვან წილად შენარჩუნდა სოფლებში. ქალაქის პირობებში ხდება განუწყვეტელი ინტეგრაცია და ამ კულტურის განვითარება, რომ განვითარდეს ის, რასაც დღეისათვის ქვია "ზამბიის კულტურა".

ტრადიციული კულტურა საკმაოდ შესამჩნევია ყოველწლიური მრავალფეროვანი ზამბიური ტრადიციული ცერემონიებისას. ზოგიერთი ყველაზე უფრო ცნობილი ცერემონიებია: Kuomboka და Kathanga (დასავლეთის პროვინცია), Mutomboko (ლუაპულის პროვინცია), Kulamba და Ncwala (აღმოსავლეთის პროვინცია), Lwiindi და Shimunenga (სამხრეთის პროვინცი), Lunda Lubanza (ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია), Likumbi Lyamize (ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია), Mbunda Lukwakwa (ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია), Chibwela Kumushi (ცენტრალური პროვინცია), Vinkhakanimba (მუჩინგის პროვინცია), Ukusefya Pa Ng’wena (ჩრდილოეთის პროვინცია).

პოპულარული ტრადიციული ხელოვნების სახეობები, ძირითადად თიხით ძერწვა, დაწვნა (მაგალითად, კალათების), ქსოვილებით კერვა, მცენარეების ღეროების დაწვნა, ხის გამოთლა, ძვლის გამოთლა, სხვადასხვა ხელნაკეთობების შექმნა და სპილენძის ნაკეთობები. ზამბიური ტრადიციული მუსიკის უმრავლესობა დაფუძნებულია ბარაბანებზე (და სხვა დასარტყმელ ინსტრუმენტებზე), სადაც ბევრი სიმღერა და ცეკვებია. ქალაქის ზონაში მუსიკის უცხოური ჟანრები პოპულარობით სარგებლობს, კერძოდ კონგოური Soukous, აფრო-ამერიკული მუსიკა და იამაიკური რეგი. რამდენიმე როკ შემსრულებელი გამოჩნდა 1970-იან წლებში და შეიქმნა ჟანრი, ცნობილი როგორც ზამროკი.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა ტოკიოს 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის დღეს, რითაც გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ოლიმპიადის დაწყებისას იყო ჩრდილოეთ როდეზია, ხოლო დამთავრებისას გახდა ზამბია. ზამბია მონაწილეობას იღებდა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ზამბიაში და ზამბიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აქვს თავისი გამარჯვების მომენტები ფეხბურთის ისტორიაში. სეულის 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ზამბიის ეროვნულმა ნაკრებმა გაანადგურა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4-0, სადაც ზამბიის ყველაზე გამოჩენილმა და აფრიკის ისტორიაში ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა კალუშა ბვალიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მაგრამ დღემდე ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერი ეროვნული ნაკრები 1993 წლის 28 აპრილის ავიაკატასტროფაში დაიღუპა გაბონის დედაქალაქ ლიბრევილთან. მიუხედავად ამისა, 1996 წელს, ზამბიას ეკავა 15-ე ადგილი ოფიციალურ საფეხბურთო რეიტინგში, რომელიც ყველაზე უფრო მაღალი მიღწევაა სამხრეთაფრიკულ ნაკრებებს შორის. 2012 წელს, ზამბიამ პირველად მოიგო აფრიკის ერთა თასი, ფინალში ორჯერ დამარცხების შემდეგ. მათ ფინალში დაამარცხეს კოტ-დ’ივუარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8-7 პენალტების სერიაში. თამაში გაიმართა ლიბრევილში, სულ რამდენიმე კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც 19 წლის წინ მოხდა საშინელი ავიაკატასტროფა.[41]

ოლიმპიურ თამაშებზე ზამბიელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 2 მედალი სპორტის 2 სახეობაში. მოკრივე კეიტ მვილამ ქვეყანას მოუტანა პირველი ოლიმპიური მედალი — ბრინჯაოსი, ქვემძიმე წონით კატეგორიაში ლოს-ანჯელესის 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და 12 წლის შემდეგ სამუელ მატეტემ მოიპოვა ვერცხლის მედალი 400 მეტრზე ბარიერებით გარბენში.

რაგბი, კრივი და კრიკეტი ასევე პოპულარული სპორტის სახეობებია ზამბიაში. კერძოდ, 2000-იანი წლების დასაწყისში, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტნები იყვნენ ზამბიის დედაქალაქ ლუსაკაში დაბადებულები ჯორჯ გრეგანი და კორნე კრიგე. ზამბიას შეუძლია იამაყოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო ცენტრებით, რომლის მაგალითია ქალაქ ლუანშიაში (luanshya) არსებული სპორტული კომპლექსი.

ზამბიის რაგბის კავშირი — ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ განვითარებადი სპორტული ფედერაციაა ქვეყანაში. მას დღეისათვის უკავია 73-ე ადგილი მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში, 3650 დარეგისტრირებული მოთამაშე და 3 ფორმალურად ორგანიზებული კლუბი.[42] კრიკეტი ზამბიის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობამდე — როდეზიის დროს უფრო იყო განვითარებული. შემდგომში მას სამოყვარულო დონეზე, მცირე წარმატებებით თამაშობენ.

2011 წელს ზამბიაში უნდა ჩატარებულიყო მეათე 2011 წლის სრულიად აფრიკული თამაშები, რომლისთვისაც ლუსაკაში, ნდოლაში და ლივინგსტონში უნდა აშენებულიყო 3 სტადიონი.[43] ლუსაკაში სტადიონის ტევადობა უნდა ყოფილიყო 70 000 მაყურებელზე გათვლილი, ხოლო დანარჩენი ორი სტადიონის ტევადობა თითოეული 50 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. ხელისუფლება სახელმწიფო თანხების უკმარისობის გამო ხელს უწყობდა კერძო სექტორს სპორტული ობიექტების მშენებლობაში მონაწილეობისათვის. ამის შემდეგ თანხების უქონლობის გამო გადაისინჯა თამაშების 2011 წელს ზამბიაში ჩატარების საკითხი და ეს მოვალეობა დაეკისრა მოზამბიკს.

ზამბიას ჰყავს პირველი შავკანიანი აფრიკელი გოლფისტი მადალიტსო მუთია, რომელიც მონაწილეობდა გოლფში აშშ-ის ღია ჩემპიონატში,[44] გოლფში ოთხი მთავარი ტურნირიდან ერთ-ერთში.

1989 წელს ზამბიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ჰქონდა საუკეთესო გამოსვლა, როდესაც ის მონაწილეობდა აფრიკის საკალათბურთო ჩემპიონატში და მოხვდა აფრიკის საუკეთესო გუნდების ათეულში.[45]

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამბიის სახელმწიფო სადღესასწაულო დღეებია:

თარიღი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი
9 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე
12 მარტი ახალგაზრდობის დღე
6 აპრილი დიდი პარასკევი
9 აპრილი დიდი ორშაბათი
1 მაისი შრომის დღე
25 მაისი აფრიკის განთავისუფლების დღე
პირველი ორშაბათი, ივლისი გმირების დღე
გმირების დღის შემდგომი სამშაბათი, ივლისი სახალხო ერთობის დღე
პირველი ორშაბათი, აგვისტო ფერმერთა დღე
18 ოქტომბერი ლოცვის ეროვნული დღე
24 ოქტომბერი დამოუკიდებლობის დღე
25 დეკემბერი ქრისტეს შობა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2010 წლის მოსახლეობის აღწერა (წინასწარი მონაცემები)
  2. Citypopulation 2010 წელი
  3. Statoids 2010 წელი
  4. 2010 წლის მოსახლეობის აღწერა (საბოლოო მონაცემები)
  5. Zambia – WIEM, darmowa encyklopedia. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი 2009.
  6. World Wildlife Fund; Mark McGinley (2007). "Itigi-Sumbu thicket." In: Encyclopedia of Earth. Eds. Cutler J. Cleveland (Washington, D. C.: Environmental Information Coalition, National Council for Science and the Environment). [Published in the Encyclopedia of Earth March 19, 2009; Retrieved November 8, 2007].
  7. Clement Malambo. (29 October 2014)President Michael Sata Has Died. Zambia Reports.
  8. "Zambian President Michael Sata dies in London", BBC News – Africa, 29 October 2014.
  9. CIA.. (2014)Zambia. The World Factbook.
  10. http://www.air-britain.com/zambia.pdf
  11. სტატისტიკა statoids.com-ის საიტზე
  12. 1964: President Kaunda takes power in Zambia. BBC 'On This Day'.
  13. Zambians wary of "exploitative" Chinese employers. Irinnews.org. 23 November 2006.
  14. Zim's Loss, Zam's gain: White Zimbabweans making good in Zambia“, June 2004. წაკითხვის თარიღი: 28 August 2009. 
  15. Thielke, Thilo. “Settling in Zambia: Zimbabwe's Displaced Farmers Find a New Home“, 27 December 2004. წაკითხვის თარიღი: 28 August 2009. 
  16. 16.0 16.1 World Refugee Survey 2009“, U.S. Committee for Refugees and Immigrants. 
  17. Zambia: Rising levels of resentment towards Zimbabweans“, 9 June 2008. წაკითხვის თარიღი: 28 August 2009. 
  18. Chimuka, S. S. 1977. Zambian languages: orthography approved by the Ministry of Education. Lusaka : National Educational Company of Zambia (NECZAM).
  19. Kashoki, Mubanga E. 1981. Harmonization of African languages: standardization of orthography in Zambia in In African Languages: Proceedings of the Meeting of Experts on the Transcription and Harmonization of African Languages, Niamey (Niger), 17–21 July 1978, (pp. 164–75). Paris: UNESCO.
  20. 2010 Census
  21. Constitution of Zambia, 1991(Amended to 1996). Scribd.com (30 June 2008). წაკითხვის თარიღი: 18 December 2012.
  22. რელიგია ზამბიაში
  23. ქრისტიანობა ზამბიაში
  24. The Largest Baha'i Communities. Adherents.com. წაკითხვის თარიღი: 29 October 2007.
  25. International Religious Freedom Report 2010 – Zambia. State.gov. Retrieved on 20 November 2015
  26. (2007) Some basics of religious education in Zambia. წაკითხვის თარიღი: 30 March 2014. 
  27. გაეროს სტატისტიკა
  28. Forecast provided by International Futures. Historic data points from the World Bank.
  29. CIA – The World Factbook Life Expectancy. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: 24 June 2014.
  30. CIA world factbook: HIV/AIDS – adult prevalence rate. Cia.gov. Retrieved on 20 November 2015.
  31. UNAIDS World AIDS Day Report 2011“. 
  32. David Smith in Lusaka. Chinese hospital heals sore spot in Zambia | Global development. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 11 April 2014.
  33. Tycoon powers hospital in a remote area of north-west Zambia. ukzambians.co.uk. 11 September 2007
  34. 34.0 34.1 The State of the World's Midwifery. United Nations Population Fund. წაკითხვის თარიღი: August 2011.
  35. Zambia Sexual Behaviour Survey 2009. zamstats.gov.zm
  36. Zambia. Nutrition. UNICEF
  37. http://www.znbc.co.zm/
  38. http://www.pgzambia.com/
  39. http://emagazine.european-times.com/EPT-Zambia/business-and-investment-opportunities-partners-guide-means-business-in-zambia
  40. "Zambia", Country Reports on Human Rights Practices for 2012, Bureau of Democracy, Human Rights and Labor, U.S. Department of State, 22 March 2013. Retrieved 22 January 2014.
  41. Zambia score emotional African Cup win“, Sydney Morning Herald, 13 February 2012. წაკითხვის თარიღი: 11 February 2012. 
  42. Zambia. International Rugby Board
  43. Zambia to build three stadia for 2011 All-Africa Games. People's Daily Online. წაკითხვის თარიღი: 6 November 2007.
  44. Zambia's Madalitso Muthiya a pioneer. Chicago Tribune (5 May 2008). წაკითხვის თარიღი: 18 September 2013.
  45. 1989 African Championship for Men, ARCHIVE.FIBA.COM. Retrieved 16 Dec 2015.