იუდაიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დავითის ვარსკლავი
შვიდტოტა მენორა - იუდაიზმის უძველესი სიმბოლო

იუდაიზმი (ებრ. ɳיהדות – იაჰადუთ) — ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტური რელიგიებისა როგორებიცაა ქრისტიანობა და ისლამი. იუდაიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ებრაელი ხალხის ისტორიასთან. ტერმინი იუდაიზმი მოგვიანებით გაჩნდა, მაგრამ მისი საფუძვლები ჩაისახა ორი ათასწლეულის წინ, რაც ბიბლიის წიგნებშია ასახული. ტერმინი იუდაიზმი მომდინარეობს იუდას ებრაული ტომისგან. იუდას ტომი გადაურჩა ძვ. წ. 722 წელს გადაურჩა აშურის მეფის მიერ იუდეველთა სამეფოს დაპყრობას და მათ გადასახლებას სხვადასხვა ქალაქებში. ამ დროიდან ებრაეელმა ხალხმა არსებობა განაგრძო მხოლოდ იუდას ტომის მეშვეობით. აქედან მოდის ევროპულ ენებზე თანამედროვე ებრაელთა დასახელება იუდეველი, რაც აღნიშნავს როგორც ეროვნებას, ასევე რელიგიურ აღმსარებლობას.

უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ შორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.

იუდაიზმის ტრადიციული თვალსაზრისით, რომელიც თანამედროვე მკვლევართა აზრსაც ემთხვევა, იუდაიზმი რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისებით განსხვავდებოდა მისი წარმოშობისას არსებული სხვა რელიგიური ტრადიციებისგან. ერთი ასეთი თავისებურებაა მონოთეიზმი: სამყაროს შემქმნელი და კაცობრიობის გამკითხავი ღმერთის რწმენა. მაშინდელი პოლითეისტური რელიგიების მიხედვით სამყარო შემთხვევით გაჩენილი იყო, ხოლო ღმერთებს სხვა ღმერთებთან ურთიერთობა ადამიანთა ბედზე მეტად აწუხებდათ. პოლითეისტურ წარმოდგენაში ღმერთები საკუთარი ვნებებით იყვნენ დაკავებულნი და მათი ძალებიც შეზღუდული იყო, იუდაიზმის მიხედვით კი ღმერთი უსაზღვრო ძალის და ყოვლისშემძლეა, რის გამო სამყაროს მარტოდმარტო შექმნის უნარსაც ფლობს; იუდაიზმის მეორე თავისებურება მისი მიმდევრებისთვის თორაში აღნიშნულ მცნებათა შესრულების ვალდებულება იყო. იმდროინდელი ხალხების მსგავსად ებრაელებსაც ჰქონდათ ტაძარი, სადაც ქურუმები ღმერთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ოღონდ ეს არ ყოფილა ებრაული ღვთისმსახურების ერთადერთი საშუალება.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდაიზმი ეფუძნება ბიბლიურ წიგნებს. თანახი, რომელიც ქრისტიანულ ტრადიციაში შეესაბამება ძველ აღთქმას, შედგება სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილია თორა, იგივე ხუთწიგნეული მოიცავს მოსეს რჯულს. ნაბიიმი არის წიგნი წინასწარმეტყველთა შესახებ, ხოლო ქეთუბიმი წერილები. სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ებრაელების რელიგიურ, საოჯახო და საზოგადოებრივ ცხოვრებას აწესრიგებს თაობიდან თაობამდე ზეპირად გადაცემული „აგადა“ – ლეგენდები ბიბლიურ პერსონაჟებზე, იგავები და შეგონებები, ასევე ჰალახა – ავტორიტეტული ნორმატიული დებულებები. საბოლოოდ აგადა და ჰალახა ჩაწერილ იქნა და მათ შეადგინეს თალმუდის ერთი ნაწილი. თალმუდი არის თორას კომენტარები, რომელიც იუდაიზმის ფუძემდებლური წყაროა. ის მრავალი თაობის რელიგიურ სამწერლო მოღვაწეობის ნაყოფია. თალმუდის ნაწილებია მიშნა, ე.წ. ზეპირი თორა და გემარა. მიშნა შედგება ბრძენთა ლაკონური გამონათქვამებისგან, რომლებიც განმარტავენ თორის ამა თუ იმ ადგილს, ხოლო გემარა, თავის მხრივ, განმარტავს მიშნას, მის ხშირ შემთხვევაში ბუნდოვან კომენტარებს და საგრძნობლად აღემატება მას მოცულობით. შუა საუკუნეებში ებრაელების ძალისხმევა იქეთ იყო მიმართული, რომ თორის სიწმინდე დაეცვათ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრაამიდან ტაძრამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანახის მიხედვით ებრაელი ხალხის ღმერთი სამყაროს ერთადერთი შემოქმედია. კაცობრიობამ, რომელმაც დაკარგა სამოთხე ის ნელ-ნელა დაივიწყა. ებრაელთა მამამთავარი აბრაამი ცხოვრობდა ქალაქ ჰარანში და მან იხილა ღმერთის გამოცხადება. იუდაიზმის მიხედვით მან კაცობრიობაში პირველმა უარყო წარმართობა და მონოთეიზმი იქადაგა. აბრაამს ღმერთმა ურიცხვი შვილი აღუთქვა. აბრამის პირველი შვილი იშმაელი იყო, ხოლო მეორე ვაჟი - ისააკი. ღმერთი აბრაამს მეორედ გამოეცხადა უკვე ქანაანში დასახლებულს და აუწყა მას, რომ მისი წიაღიდან დიდი ხალხი გამოვიდოდა და ქანაანის მიწაზე დასახლდებოდა. ასევე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ აბრაამის მოდგმა უცხო ხალხის ტყვეობაში ჩავარდებოდა, თავს დააღწევდა მონობას და მხოლოდ შემდეგ შეძლებდა ქანაანში დამკვიდრებას. ეს უცხო ქვეყანა იყო ეგვიპტე. ღმერთმა ისაკის ძე იაკობი და მისი შვილები გვალვით აიძულა ქანაანიდან ეგვიპტეში გადასულიყვნენ, სადაც მრავალი თაობის შემდეგ ებრაელები დაიმონეს. ეგვიპტეში ებრაელი ხალხი გამრავლდა, მაგრამ დაივიწყა ღმერთი. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი ხალხს გაახსენა მოსემ, რომელსაც ღმერთი აევე გამოეცხადა. მოსეს წინამძღოლობით ებრაელი ხალხი სასწაულებრივად გამოვიდა ეგვიპტიდან და უდაბნოს გზით გაემართა ქანაანისკენ. სინის მთაზე ხალხმა მიიღო ღმერთისგან რჯული, რომლის თანახმადაც უნდა ეცხოვრა მას როგორც ქანაანში, ასევე ყველგან. ეს რჯული იყო ათი მცნება, რომელთაგან ოთხი ეთმობოდა ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, ხოლო ექვსი ადამიანებს შორის ურთიერთობას. ებრაელებს სჯერათ, რომ სინის მთაზე ღმერთმა ებრაელები გამოარჩია სხვა ხალხებს შორის და მათ რჩეული მისია დააკისრა. ისინი არ უნდა შერეოდნენ მრავალღმერთიანობის თაყვანისმცემელ ხალხებს. ამგვარად, ეგვიტპიდან გამოსული ჭრელი ხალხისგან სინის მთაზე შეიქმნა ერთი ერი, რომელიც ერთი ღმერთის აღმსარებელი იყო. მთასთან ღმერთმა მოსეს ძმის - არონის შთამომავლობა ქოჰენების (ქურუმების) კლასად დაამტკიცა. ღმერთმა ქურუმობასთან ერთად დააწესა ღვთის მოძრავი კარავი.

ისრაელის მიწაზე დასახლების შემდეგ ღვთის კარავი, რომელიც რომელიც იქამდე მოძრავი იყო, შილოში დამკვიდრდა 300 წლით. ამ დროის განმავლობაში ღმერთმა ერს ღირსეული ადამიანები მოუვლინა თავდამსხმელ მტერთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგი მტერი ღვთის გამოგზავნილი იყო ცოდვებისათვის ხალხის დასასჯელად. ეს ამბები აღწერილია ისუ ნავეს ძისა და მსაჯულთა წიგნებში. რაც დრო გადიოდა, ერის სულიერი დონე უფრო და უფრო ქვეითდებოდა, სანამ სამაგიეროს გადასახდელად ღმერთმა ფილისტიმიელებს შილოში დადგმული ღვთის კარვის ხელში ჩაგდება შეაძლებინა. მაშინ კი ებრალმა ერმა შეიცნო საკუთარი დაკნინება და სამუელ წინასწარმეტყველს სთხოვა ტომთა ბელადებისა თუ მსაჯულების ნაცვლად მისთვის მუდმივი მეფე ამოერჩია. სამუელმა უხალისოდ შეასრულა ეს თხოვნა და ღვთის დასტურით მეფედ აირჩია ბრწყინვალე, მაგრამ თავმდაბალი ადამიანი - საული. როდესაც ხალხის ზეგავლენით მან სამუელის განკარგულება დაარღვია, ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა, რომ მის მაგიერ მეფედ დავითი ეკურთხებინა.

ებრაელების რწმენით მათივე წიაღში უნდა დაბადებულიყო სამყაროს მხსნელი მესიაც. საბოლოო ადგილი, სადაც ხალხი უნდა შეეგებოს ღმერთს, არის სიონის მთა, სადაც დავით მეფემ სამეფო რეზიდენცია დააარსა. ის იყო ისრაელის სამეფოს მეფე. მისი სიკვდილის შემდეგ მეორე თაობაში სამეფო გაიხლიჩა. მისი გაერთიანების მოლოდინი დაუკავშირდა დავითის სახელს. ებრაელი ხალხი ელოდა მესიას, რომელიც ისრაელს ძველ დიდებას დაუბრუნებდა. თვით დავითმა ვერ მიიღო ტაძრის აშენების ნება, რადგან ბევრ ომში მონაწილეობდა და ღმერთს არ უნდოდა ის მშვიდობის სიმბოლოდ ასაგები ტაძრის მშენებლად ეცნო

ტაძრის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთის კედელი ერთადერთი ფრაგმენტია, რაც იერუსალიმის მეორე ტაძრისგან დღემდე შერმორჩა. ტაძრის მთა უწმინდესი ადგილია იუდაიზმში

ძვ. წ. 958 წელს დავითის ძემ, სოლომონ მეფემ იერუსალიმში, სიონის მთაზე აღმართა ტაძარი. ტაძარში დასვენებული იყო აღთქმის კიდობანი, რომელშიც ინახებოდა რჯულის დაფები. იუდაიზმის ისტორიაში ამით დაიწყო ახალი პერიოდი, რომელიც თითქმის 1200 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში იერუსალიმის ტაძარი იყო იუდაიზმის რელიგიური ცენტრი და ერთადერთი ადგილი, სადაც მსხვერპლი იწირებოდა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო ორად გაიყო: ისრაელის და იუდეველთა სამეფოებად. ძვ. წ. VI საუკუნეში ისრაელი დალაშქრა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II. მან ძვ. წ. 586 წელს სოლომონის ტაძარი დაანგრია და ებრაელთა უმრავლესობა ბაბილონში გადაასახლა. ამ ტყვეობის დროს ეზეკიელმა განავითარა ისრაელის თეოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის იდეა. ისრაელის აღდგენის საფუძველი უნდა ყოფილიყო სოლომონის ტაძრის ხელახლა მშენებლობა. მას შემდეგ, რაც ბაბილონი დაიპყრო აქემენიანთა იმპერიამ, ებრააელები იერუსალმში დაბრუნდნენ და მეორე ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. დაბრუნებული ებრაელების რელიგიურმა ლიდერებმა, ეზრამ და ნეემიამ გარიყეს ის ებრაელები, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი ბაბილონის ტყვეობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ტყვეობას გადარჩენილები წარმართობას ეზიარებოდნენ და შეიგუებდნენ. უარყოფილებს ეწოდათ სამარიტელები.

ელინისტური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელის მიერ ისრაელის დაპყრობამ და მისმა ქცევამ ელინისტური სამყაროს ნაწილად მოახდინა გავლენა იუდაიზმზე. ელინიზაცია ყველაზე სწრაფად განიცადა სასულიერო წოდებამ, რომელიც ჯერ პტოლემეების სამეფოს, შემდეგ კი სელევკიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში ებრაული ავტონომიის სათავეში იყვნენ მოქცეულნი. მღვდელმთავრების ძალაუფლება წააწყდა სოფრიმების – რჯულის მეცნიერების – წინააღმდეგობას. სოფრიმები თორასთან ერთად ზეპირ გადმოცემასაც ეყრდნობოდნენ. ისინი იყვნენ წინამორბედნი ფარისევლებისა, რომლებსაც სწამდათ, რომ მოსეს ღმერთმა წერილობითთან ერთად ზეპირი რჯულიც გადასცა. მათთვის თორის ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო კანონი სავალდებულო იყო. მათი ოპონენტები – სადუკევლები – რელიგიის არსს ხედავდნენ სატაძრო მსახურებაში. ფარისეველთა მოძრაობა იყო ერთგვარი რეაქცია ელინიზმზე, რომელმაც ტაძრის მღვდელმსახურებსა და სადუკევლებში შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის ტაძარი ინარჩუნებდა ცენტრალურ ადგილს, გაჩნდა ახალი, უფრო თანასწორი, ინსტიტუტი სინაგოგა. სინაგოგები მეორე ტაძრის პერიოდში უკვე ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ისრაელში, ასევე დიასპორაში.

რაბინთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ.წ. 186 წელს მოკლეს გედალია, იუდეის ბოლო ებრაელი მმართველი. სელევკიდების მეფე ანტიოქე IV ეპიფანეს დროს ხდებოდა ებრაელთა დევნა. ამას მოჰყვა ჰა-შემის კონცეფციის განვითარება. ეს კონცეფცია გულისხმობდა რწმენის გულისთვის პირად თავგანწირვას. მისი დასაბუთება მოცემულია მაკაბელთა IV წიგნში. მაკაბელთა აჯანყების შემდეგ მოპოვებული დამოუკიდებლობა ძვ. წ. 142 წლიდან 6 წლამდე გაგრძელდა. ის შეიცვალა რომის იმპერიის ბატონობით. რომის პროკურატორების დამოკიდებულებამ იუდაიზმის მიმართ ხელი შეუწყო ნაციონალურ-რელიგიური ოპოზიციის ჩამოყალიბებას. 67-68 წლებში რომის საწინააღმდეგო აჯანყება დაიწყო, რაც იუდეველთა ომის სახელითაა ცნობილი. აჯანყების დროს, 70 წელს ისევ და საბოლოოდ დაინგრა იერუსალიმის ტაძარი. ტაძარი რომაელმა სარდალმა ტიტუსმა დაანგრია. 132-135 წლებში ბარ-კოხბას აჯანყებას კვლავ მოჰყვა ებრაელთა გადასახლება. რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გაფანტულმა ებრაელებმა ცხოვრება გააგრძელეს დიასპორების სახით. რომის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მომხრეები შეცვალეს ზომიერმა რელიგიურმა ლიდერება – რაბინებმა.

რაბინების თეორია და პრაქტიკა არ ეყრდნობოდა ტაძარს და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. მათ ყურადღება მიაქციეს ახალ გარემოებებში ებრაული სათემო კულტურის – კეჰილას – გაძლიერებას. რომის იმპერიის მმართველი ელიტა ხედავდა რაბინთა ზომიერებას და საშუალება მისცა მათ აღედგინათ სინედრიონი და იეშივა. ამ დროისთვის სატაძო მსვერპლშეწირვა ჩაანაცვლა ლოცვამ და საღვთო წერილის შესწავლამ. რაბინთა მიზანი იყო ებრაელები ყოფილიყვნენ ორგანიზებული ისეთ თემად, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეძლებდა ღვთის მსახურებას. ამიტომ ებრაელის უპირველეს მოვალეობად შეიქმნა თორას შესწავლა.

თალმუდის ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. II საუკუნიდან დაიწყო იუდაიზმის სისტემატიზაცია და რიტუალიზაცია. მისი აქცენტი სატარძო ღვთისმსახურებიდან გადატანილი იყოგანჩინებათა ზუსტი სისტემის შექმნაზე. რაბინებმა შეიმუშავეს რელიგიური და საყოფაცხოვრებო ადათები – გალაჰა. მასში ისეთი საკითხებიც კია დადგენილი, თუ როგორი ვარცხნილობა ან სამოსი უნდა ატაროს მორწმუნემ. I-II საუკუნეებში რჯულის მოძღვრებმა – თანაებმა – ზეპირი თორა დაამუშავეს და მისი კანონიზაცია მოახდინეს. ეს პროცესი დაასრულა იეჰუდა ჰა-ნასის მიშნამ. მიშნა გახდა იუდაიზმის შემობრუნების წერტილი. ის საფუძვლად დაედო ებრაულ რელიგიურ და სამოქალაქო კანონმდებლობას და მომდევნო თაობების რჯულის მოძღვრების – ამორაების – განმარტების საგნად იქცა. ამორაების დისკუსიები თავმყორილია მიშნას კომენტარებში – გემარაებში. ორივე ერთად შეადგენს თალმუდს. თალმუდის შექმნით, შესწავლით და გავრცელებით დაკავებულები იყვნენ როგორც ისრაელში დარჩენილი, ასევე ბაბილონელი სწავლულები. აქედან გამომდინარე არსებობს იერუსალიმური და ბაბილონური თალმუდი.

გაონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არაბთა გაბატონების შემდეგ მთელი ებრაელობის უპირველესი სილიერი ლიდერები გახდნენ ბაბილონის ებრაული თემის სულიერი ლიდერები – გაონები. მათი მოღვაწეობის შედეგად ბაბილონური თალმუდი იქცა საყოველთაოდ მიღებულ საკანონმდებლო კოდექსად. ამან უზრუნველყო შუა საუკუნეებში იუდაიზმის მთლიანობა. ზეპირი რჯულის უნივერსალურ კანონმდებლობად ჩამოყალიბებას მოჰყვა რეაქციაც. VIII საუკუნის დამდეგს დაიწყო კარაიმების მოძრაობა. კარაიმული იუდაიზმი გავრცელებული იყო ხაზართა სახაკანოში. კარაიმები უარყოფდნენ ზეპირი რჯულს. მათთან პოლემიკას შეუდგნენ ბაბილონელი გაონები. მათ დაიწყეს მოკლე და გსაგები ჰალახური სახელმძღვანელოების შედგენა. ბაბილონელ გაონთაგან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო იყო X საუკუნის მოღვაწე საგადია. მან იუდაიზმის და ფილოსოფიის სინთეზს დაუდო სათავე.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა ბაბილონური თემი შიდა კრიზისმა მოიცვა, იუდაისტურმა ცენტრებმა დაიწყო აღმოცენება სხვა ქვეყნებში – ეგვიპტეში, ტუნისსა და მუსლიმურ ესპანეთში. გაონატმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ამ დროისთვის ებრაელობა დაყოფილი იყო ორ ნაკადად აშქენაზებად და სეფარდებად. აშქენაზებმა ძირითადად ფეხი მოიკიდეს ფრანკო-გერმანულ მიწებზე, ხოლო სეფარდებმა – ისლამურ ესპანეთში. შუა საუკუნეებში პირველად განხორციელდა იუდაიზმის პრინციპების ფორმულირების მცდელობა. XII საუკუნის რაბინმა მოსე მაიმონიდმა (1135-1204) იუდაიზმის ძირითად დოგმატებს თავი მოუყარა და სისტემატიზებული სახით გამოსცა ტრაქტატში მიშნე თორა, რომელიც ენციკლოპედიურ სახელმძღვანელოდ იქცა თორისა და თალმუდის შესასწავლად. ოთხი საუკუნის შემდეგ რაბინმა იოსებ კარომ (1488-1575) დაასრულა თალმუდის განჩინებათა სისტემატიზაცია. მან შეადგინა კოდექსი შულხან არუხი, რომელიც ორთოდოქსულმა იუდაიზმმა თალმუდური სამართლის პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ აქცია.

ახალი დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელთა სამშობლოდან განდევნის შემდეგ იუდაიზმში გავრცელდა მისტიკური მიმდინარეობები საერთო სახელწოდებით კაბალა. კაბალის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრი ჩამოყალიბდა XVI საუკუნეში გალილეის ქალაქ ცფათში რაბინ იცხაკ ლურიას (1536-1572) ხელმძღვანელობით. კაბალის მიმდევრები ცდილობდნენ თორის და სხვა წმინდა წიგნების საკრალური აზრის მიწვდომას. მათ განავითარეს მოძღვრება სფირონის – საკრალური ღმერთის ათი ჰიპოსტასის შესახებ, რომლის თანახმად თითოეულ ჰიპოსტასს თავისი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს. ეს თვისებები დინამიკურად თანაარსებობენ და მატერიალურ სამყაროს განაგებენ. კაბალისტების მთავარი თხზულებაა ზოჰარი, რომელსაც ისინი ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორც თორასა და თალმუდს. კაბალამ გავლენა იქონია სხვა მისტიკურ სკოლებზეც, უპირველეს ყოვლისა კი ხასიდიზმე, რომელიც აღმოცენდა XVIII საუკუნეში და ვოლინის, პოდოლისა და გალიციის ებრაელებს შორის. XVIII საუკუნის მიწურულს გაჩნდა მოძრაობა ჰასქალა, რომელმაც იუდაიზმის ევროპულ რეალობასთან ადაპტაცია დაისახა მიზნად. ჰასქალა დაუპირისპირდა ორთოდოქსულ იუდაიზმს და რეფორმიზმის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. არაებრაულ მოსახლეობასთან ასიმილაციის შიშმა XIX საუკუნის დამდეგიდან გამოიწვია ორთოდოქსული იუდაიზმის გააქტიურება.

ღვთისმსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის პერიოდში სატაძრო ღვთისმსახურებისა და მსხვერპლის შეწირვის უფლება ჰქონდათ მხოლოდ არონის შთამომავლებს. ისინი იყვნენ სამღვდელოების უმაღლესი კატეგორიის მღვდელმთავრები – კოჰანიმები. მათ ემსახურებოდნენ ლევიტელები, ლევის შთამომავლები. იერუსალიმის ტაძრის სმახური საზოგადოების გამორჩეულ ფენას ეკუთვნოდა. მსახურთა შთამომავლები დღესაც განსაკუთრებული რიტუალურ ფუნქციებს ასრულებენ და გარკვეულ აკრძალევს იცავენ. კოჰანიმი არ უნდა იყოს სახლში, სადაც მიცვალებულია, არ უნდა დაქორწინდეს ქვრივზე ან გაშორებულზე და ა.შ.

პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ ღვთისმსახურება რადიკალურად შეიცვალა. თუ მანამდე ღვთისმსახურების მთავარი ნაწილი მსხვერპლშეწირვა იყო, უტაძრობის პერიოდში მთავარი აქცენტი გაკეთდა წმინდა წერილის შესწავლაზე, წიგნების კომენტირებასა და კოდიფიკაციაზე. ეს განსაკუთრებით გაღრმავდა მეორე ტაძრის დანგრევვის შემდეგ. ტაძრის დანგრევასთან ერთად ებრაელობამ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და ტაძრის კულტი. ტაძრის დანგრევის შემდეგ რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად იქცა სინაგოგა.

სინაგოგაში აუცილებლად უნდა იყოს სათავსო, სადაც თორის გრაგნილები ინახება. იგი ემიჯნება კედელს, რომელიც იერუსალიმისკენ იყურება. დარბაზის ცენტრში არის ამაღლებული ადგილი მაგიდით თორის წასაკითხად. სინაგოგის ატრიბუტებია მენორა, შვიდსანთლიანი შანდალი, რომელიც იერუსალიმის ტაძრის შანდლის სიმბოლოა, ლომისა და არწივის გამოსახულებიანი კიდობანი თორის გრაგნილით, ქვის დაფები ათი მცნების საწყისი სიტყვებით და დავითის ვარსკვლავი, ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც, გადმოცემის თანახად, მეფე დავითის ფარზე იყო აღბეჭდილი. რამდენადაც იუდაიზმში ღმერთს ხატება არ გააჩნია, სინაგოგაში ღვთისა და ადამიანის გამოსახვა არ შეიძლება. სინაგოგაში მსახურებისას ცენტრალური ფიგურაა რაბინი. სეფარდულ თემში ამ ფუნქციას ასრულებს ხახამი – რელიგიური ტრადიციის დიპლომირებული მცოდნე. ორთოიდოქსულ იუდაიზმში რაბინი შესაძლოა იყოს მხოლოდ მამკაცი, თუმცა არაორთოდოქსულ მიმდინარეობაში ამის შესაძლებლობა ქალსაც ეძლევა. ორთოდოქსულ სინაგოგებში ქალები სხედან ცალკე გამოყოფილ ადგილებზე, ან იარუსზე. რეფორმირებულ სინაგოგაში კაცები და ქალები ერთად სხედან. სინაგოგაში ცალკე ადგილია გამოყოფილი სარიტუალო განბანვისთვის.

დღის განმავლობაში აუცილებელია დილის, დღის და საღამოს მსახურება, რომელიც სრულდება როგორც საჯაროდ სინაგოგაში, ასევე ინდივიდუალურად სახლში. საჯარო ლოცვას სულ მცირე ათი ზრდასრული მამაკაცი უნდა ესწრებოდეს. სატაძრო მსხვერპლშეწირვის მოსაგონრად შაბათობით და დღესასწაულებზე იკითხება განსაკუთრებულო ლოცვა მუსაფი. სინაგოგაში მსახურების დროს ლოცულობენ ერთად და ინდივიდუალურად, კითხულობენ თორტას, გალობს გუნდი. დღესასწაულებზე იკითხება წინასწარმეტყველებები. სინაგოგაში მსახურებისას განსაკუთრებული ადგილი უკავია ლოცვას 18 კურთხევა. მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია გარდაცვალებულის მოსაგონარი ლოცვა, რომელიც აგრდაცვლილის ვაჟმა გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა აღასრულოს. დილის მსახურებისას ორშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით თორას თითო გრაგნილს კითხულობენ. მამაკაცები ლოცვისას იმოსებიან სარიტუალო სამოსით, იხურავენ მრგვალ ქუდს და იკეთებენ უსწორმასწორო ქამარს. სადაგ დღეებში დილის ლოცვისას მორწმუნე ხელსა და შუბლზე იმაგრებს პატარა ყუთს, რომელშიც ლოცვის ტექსტი ინახება. სინაგოგაში ყოფნის დროს მამაკაცისთვის თავსაბურავი აუცილებელია. უფრო მკაცრი იუდეველები მას ტაძრის გარეთაც ატარებენ.

მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდაიზმის მიხედვით არსებობს არარაობისგან სამყაროს შემოქმედი ღმერთი, რომელიც ერთია, უსხეულო, უხილავი და მარადიული. მოხდება უკანასკნელი სამსჯავრო, მოვა მესია და მკვდრები აღდგებიან. ესაა იუდაიზმის ძირითადი პრინციპები. ამ პრინციპთა უარმყოფელი ებრაელი აფიკოროსად (ურწმუნოდ) მიიჩნევა. იუდაიზმის თავისებურება სხვა რელიგიების განსხვავებით ისაა, რომ არსებობს ამ პრინციპების სხვადასხვა ინტერპრეტაცია. ყველაზე ფართოდ აღიარებული ავტორიტეტით რაბინი მოშე ბენ მაიმონიდის სარწმუნოების ცამეტი პრინციპი სარგებლობს.

  • ღმერთი არსებობს და განაგებს.
  • ის ერთია; მონოთეიზმის მტკიცე უნიტარული პრინციპი, რომელსაც ემყარება შეხედულება, რომ მარადიული ღმერთი მორალის საწყისია.
  • მას არ აქვს ტანი და ტანის მსგავსება; ღმერთი სავსებით არამატერიალური, უსხეულოა. ყოველი ანთრომორფიზმი თორაში და რაბინულ ლიტერატურაში უნდა მივიჩნიოთ მეტაფორად, ურომლისოდაც ღმერთზე ვერ ვილაპარაკებდით.
  • ის დაუსაბამოა; სამყაროსთან შედარებით ღმერთი უპირველესია, ოღონდ მისგან განსხვავებით საწყისი არ აქვს დროში, რადგან თვით დრო ღმერთის შექმნილია - ის მის მიერ შექმნილ სამყაროსთან ერთად დაიწყო. ღმერთს არ აქვს წარსული, აწმყო და მოსავალი. ის მარადიულია არა მხოლოდ მისი არსებობის დროის მიერ შეუზღუდელობით, არამედ იმ გაგებითაც, რომ არავითარი დროის განმავლობაში არ იცვლება.
  • არ უნდა ემსახურო, თუ არა ღმერთს; ღმერთსა და ადამიანს შორის არ არსებობს არავითარი ზებუნებრივი მედიატორი. ასეთი მედიატორის რწმენა, ტრადიციული შეხედულებით მწვალებლობაა.
  • ღმერთმა ადამიანის ფიქრები იცის; ის ყოვლისმცოდნეა.
  • მოსეს ნაწინასწარმეტყველევი სიმართლეა.
  • მოსე წინასწარმეტყველთა მთავარია.
  • თორა ზეციდან მოცემულია.
  • თორა არასოდეს არ შეიცვლება.
  • ღმერთი სჯის ბოროტთ და საფასურს უხდის კეთილთ.
  • მესიანური მეფე მოვა; ღმერთი მესიად მოავლენს დავითის თესლის ადამიანს - მეფეს, რომელიც ისრაელის სამეფოს აღადგენს და ამქვეყნად თორის კანონებს დაამყარებს.
  • მკვდრები აღდგებიან; (მესიის მოსვლისას)

იუდაიზმის თანახმად ებრაელი ხალხის ისტორია არ არის დაუსრულებელი პროცესი, მაქვს აქვს დასასრული და მიზანი. ბიბლიურ წინასწარმეტყველთა ქადაგეგებში ქვეყნის დასასრულის ორი პერსპექტივაა წარმოდგენილი იმის მიხედვით, თუ რა მორალური სახით შეეგებება ადამიანი განკითხვის დღეს. ბიბლიური პოქიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა მესიის და მესიანური ჟამის მოლოდინი. მესიის მოსვლასთან დაკავშირებულია ხსნა. ის გამოიხატება წმინდა მიწაზე ისრაელის დაბრუნებით და იერუსალიმის ტაძრის აღდგენით. ეროვნული რჩეულობის იდეა გახდა დამაბრკოლებელი ფაქტორი იუდაიზმის გავრცელებისთვის სხვა ხალხებში. თუმცა ყოფლა ფაქტები სხვა ხალხების და ეთნიკური ჯგუფების მიერ იუდაიზმის აღიარებისა.

იუდაიზმში დამკვიდრდა ტრადიცია, არ მოიხსენიონ ღმერთის სახელი ჩვეულებრივ მეტყველებაში. მას ცვლიან სიტყვით „ადონაი“ (უფალი). ამ წესის დასამკვიდრებლად, წმინდა ტექსტების მცველები თანხმოვან ასოებს აწერდნენ სიტყვა „იაჰვეს“. აქედან გავრცელდა ტრანსკრიფცია იეჰოვა, როგორც დამახინჯებული ფორმა სიტყვისა იაჰვე. იუდაისტური მრწამსი გამოხატულია ფორმულაში შმა ისრაელ (ისმინე, ისრაელ). შმა-მ ებრაეულ სულიერ ცხოვრებასა და ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა. მისი კითხვა რელიგიურ მოვალეობად ჯერ კიდევ III საუკუნეში გამოცხადდა. ზეპირი კანონის მიხედვით მისი წარმოთქმა ყოველ დილასა და საღამოსაა სავალდებულო. იუდაიზმის მიხედვით ადამიანი თავისუფალია არჩევანში. მას შეუძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ის პასუხისმგებელია თავის საქციელზე. ამქვეყნიური ცოდვებისთვის ადამიანს ჯოჯოხეთში სასჯელი მოელის, მაგრამ ეს უფრო განწმენდის პროცესია, ვიდრე სამუდამო სასჯელი. იუდაიზმისთვის მიუღებელია სამუდამო ჯოჯოხეთის არსებობა. მისი მიხედვით ადამიანს არ ძალუძს ისეთი ცოდვის ჩადენა, რაც მარადიულ სასჯელს დაიმსახურებს.

მონოთეიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდაიზმის მიხედვით, ხალხური მასშტაბით ერთი ღმერთის რწმენის მიღების სათავე ებრაელებისათვის ათი მცნების გაცემა იყო. ამ საშუალებით უბრძანა ღმერთმა ებრაელებს მხოლოდ და მხოლოდ მისი მსახურება, ხოლო სხვა ღვთაებათა თაყვანისცემა ან მათ ხელოვნურ განსახიერებათა წინაშე ქედის მოხრა აუკრძალა. თორიდან გამომდინარეობს იუდაიზმის ფუძემდებელი პრინციპები: ერთადერთი ღმერთის არსებობა, მარადიულობა, მისი გაუნაწილებელი ავტორობა სამყაროს შემოქმედებაში და მისი გარდაუვალი სურვილის გამოხატულება ისტორიულ მოვლენათა სვლაში. ებრაული თვალსაზრისით, ათი მცნების გამო მათ ეკრძალებათ ყოველი სხვა ღმერთის, კერპის, სულის თუ ხატის მსახურება; შესაბამისად, ისინი (მორწმუნენი) თვით ღმერთის ორმნიშვნელოვნად ან სამებად წარმოდგენას თვლიან მწვალებლობად, რომელიც პოლითეიზმს ჰგავს. ღმერთის უნიკალურობის იდეა თორის ძირითადი პრინციპია. ამის გამო, მისი კანონით ებრაელებს ეკრძალებათ ყოველი ისეთი საგნის გაკეთება ან ფლობა, რომლის წინაშეც ადამიანს ქედის მოხრა შეუძლია (მაგ. ღმერთის სურათის ან ქანდაკების). ამ გაგებით, რადგან ღმერთი უხილავია, ადამიანმა არ უნდა მოიხაროს ქედი რაიმე არსების ან საგნის წინაშე, რაც თავად არაა ღმერთი.

ისტორიულ-კრიტიკული შეხედულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იომ-ქიფურის დროს ებრაელები მარხულობენ და სინაგოგაში ლოცულობენ განწმენდისა და განტევებისთვის. მორის გოტლიბის ნახატი, 1878.

მიუხედავად მონოთეიზმის ფუძეულობისა რაბინულ (იგივე ორთოდოქსულ) იუდაიზმში, ბიბლიის კრიტიკულად მკვლევართა მტკიცებით თორის ზოგი ნაწყვეტი იმაზე მიუთითებს, რომ ადრეულ ისრაელიტებს სხვა ღმერთებიც სწამდათ, თუმცა თვით ღმერთი სამყაროს ერთადერთ შემქმნელად მიაჩნდათ, რომლის მსახურებაც სავალდებულოა (ეს ჰენოთეისტური შეხედულებაა). იუდაიზმისწინა პოლითეისტური რწმენის ახალი საბუთი უგარითის გათხრებში აღმოჩნდა, სადაც თიხის ფირფიტებზე ღმერთთა პანთეონის აღწერა იპოვეს, რომელთაგანაც ზოგი თორაშია ნახსენები. სწავლულთა უმეტესობის აზრით ებრაელებმა მხოლოდ ელინისტურ ხანაში ირწმუნეს, რომ სამყაროს ერთადერთი ღმერთი ჰყავს, რომელიც მთელი კაცობრიობის ღმერთიცაა და რომლის გამოცხადების საბუთი უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს. თითქოს ეს გამოიხატება, ერთი მხრივ, უცხოელთა იუდაიზმით დაინტერესების ზრდაში (ბერძენთა და რომაელთა ნაწილი ებრაელებს ყველაზე „ფილოსოფიურ“ ხალხად თვლიდა, რადგან მათ ვიზუალურად წარმოუდგენელი ღმერთი სწამდათ), ხოლო მეორე მხრივ, ებრალთა მზარდ დაინტერესებაში ბერძნული ფილოსოფიით, რომელიც უნივერსალური ჭეშმარიტების დადგენისაკენ მიილტვოდა და ამგვარად, შესაძლოა, მონოთეიზმის იდეამდეც მიიყვანა აზროვნება (თუნდაც იმ გაგებით, რომ „ყველა ღმერთი ერთია“).

ამ თეორიის მიხედვით, ელინისტურ ხანაში ებრაელები საკუთარ რელიგიურ პარტიკულარიზმსა და ამავე რელიგიის უნივერსალიზმს შორის არსებულ კონფლიქტს შეეჭიდნენ (რადგან თორის განკარგულებათა შესრულება მხოლოდ ებრაელებს ევალებათ, მაგრამ თვით თორა უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს). ეს გამოიხატა რელიგიურ რწმენათა და წესთა მთელ რიგში, რომელიც ეხება ვინაობას, ეთიკას, ადამიანთა ურთიერთობას ბუნებასთან და ღმერთთან, თანაც ამოწმებს და უპირატესობას ანიჭებს „განსხვავებებს“ - განსხვავებებს ებრაელთა და არა-ებრაელთა შორის, ებრაული ღვთისმსახურების სხვადასხვაობას ლოკალურობის მიხედვით, ერთი და იგივე სიტყვათა სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას ტექსტებში, ტექსტებშივე არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს (რომლებიც კოდიფიკაციით ინახებოდა). ამ განსხვავებათა დაცვის მიზეზი, რომლის შედეგიც რწმენის ერთიანი დოგმის მიუღებლობა იყო, ზემოთაღნიშნულ კონფლიქტში უნდა ვეძიოთ.

ბიბლიისადმი ორთოდოქსული იუდაიზმის მიდგომისაგან განსხვავებით, ბიბლიის კრიტიკულად მკვლევართა აზრით თორა მრავალი ურთიერთშეუფერებელი ტექსტისგან შედგება, რომელთა გვიანი რედაქტირება ერთი და იგივე მონათხრობების სხვადასხვანაირი გადმოცემით იპყრობს ყურადღებას (ე.წ. დოკუმენტური ჰიპოთეზა).

ებრაული კანონი და ინტერპრეტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაული კანონისა და ჰალახის (ტრადიციული ყოფის) საფუძველი თორაა (მოსეს ხუთი წიგნი). რაბინული ლიტერატურის მიხედვით თორაში ღვთის 613 კანონია მოცემული. აქედან, ზოგი მხოლოდ მამაკაცებზე ან ქალებზე ვრცელდება, ზოგი მხოლოდ ძველი სასულიერო წოდების ადამიანებისათვის (ქურუმებისა და ლევიებისათვის) დადგინდა, ზოგი კი იმათთვის, ვინც ისრაელის მიწაზე სოფლის მეურნეობას ეწევა. მრავალი კანონის შესრულება მხოლოდ იერუსალიმის ტაძრის არსებობისას იყო შესაძლებელი. დღევანდელ ღვთისმსახურებაში, სამასზე ნაკლებ კანონს აქვს ძალა.

არსებობდნენ ებრაელთა ისეთი ჯგუფები, (კარაიტები და ცედუკები) რომელთა მტკიცებით ისინი მხოლოდ დაწერილ თორას ეყრდნობოდნენ ღვთისმსახურებაში, მაგრამ ებრაელთა უმრავლესობას სწამდა ე.წ. ზეპირი თორაც. ეს ზეპირი ტრადიციები თავდაპირველად ძველებრაულ ფერუშების სექტაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ხოლო მოგვიანებით ჩაწერილ იქნა და რაბინებს შორის გავრცელდა.

რაბინული იუდაიზმი ყოველთვის თვლიდა, რომ თანახის წიგნები (დაწერილი თორა) ზეპირი ტრადიციის პარალერულად გადაეცემოდა თაობიდან თაობას; ამ შეხედულების გასამართლებლად, ებრაელები მიუთითებენ თვით თორის ტექსტზე, სადაც ბევრი სიტყვა გაურკვეველია, ხოლო მრავალი რელიგიური კანონი მოცემულია აუხსნელად, ან მის შესასრულებლად საჭირო დარიგების გარეშე. ებრაელთა მტკიცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დაწერილი თორის მკითხველს უთუოდ უნდა სცოდნოდა დეტალები სხვა, ე.ი. ზეპირი წყაროდან. რადგან ეს პარალერული ცოდნა თავდაპირველად ზეპირ გადმოცემას წარმოადგენდა, მას ზეპირი თორა (תורה שבעל-פה, თორა შე'ბე'ალ-პე) ეწოდა. ებრაელები ზეპირ თორასაც სინაის მთაზე მიღებულ ღვთიურ ძღვნად მიიჩნევენ.

იერუსალიმის მეორე აოხრებიდან რაბინი იეჰუდა ჰა'ნასის დრომდე (ჩვ. წელთაღრიცხვით 70-200 წწ) ზეპირი თორის უმეტესი ნაწილი რედაქტირებულ იქნა მიშნაში. მომდევნო ოთხ საუკუნეში მიშნეული ზეპირი თორა რაბინული მსჯელობისა და კამათის საგანი იყო ძველი მსოფლიოს ორივე ებრაულ თემში: ისრაელსა და ბაბილონში. ამ ორი თემის რაბინთა კომენტარები მიშნაზე საბოლოოდ რედაქტირებულ იქნენ ორ თალმუდში (ბაბილონური თალმუდი და იერუსალიმის თალმუდი). მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, ორივე თალმუდს მრავალი თაობის თორის სწავლულთა კომენტარები დაერთო. ირკვევა, რომ ჰალახა - რაბინების ნაკარნახევი ებრაული ცხოვრების წესი, ეყრდნობა როგორც დაწერილ თორას, ისე ზეპირ ტრადიციებს (მიშნას, ჰალახურ მიდრაშს, თალმუდებს და მათ კომენტარებს). ჰალახა, პრეცედენტებიდან გამომდინარე, ნელა ვითარდებოდა.

რაბინებისადმი მიმართულ წერით შეკითხვებს კანონებზე, და მათ პასუხებს, რესპონსა (ებრაულად შე'ელოთ უ'თშუვოთ) ეწოდება. დროთა განმავლობაში, რაც უფრო გავრცელდა ეს ჩვეულება, შეიქმნა რესპონსაზე დაყრდნობილი ებრაული რელიგიური კანონის კოდექსები; მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კოდექსი - შულხან არუხი, მორწმუნე ებრაელთათვის დღემდე წარმოადგენს ერთგვარ ჰალახურ ანბანს.

იუდაიზმის გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში წარმოიშვა რელიგიურ-ნაციონალისტური მოძრაობა სიონიზმი. სიონიზმის საფუძველს წარმოადგენს აღთქმულ ქვეყანაში დაბრუნების რწმენა. სიონიზმი გამსჭვალულია პალესტინაში დაბრუნების და იქ ებრაული სახელმწიფოს დაფუძნების იდეით. მისი ფუძემდებელი იყო თეოდორ ჰერცლი, რომელმაც 1896 წელს გამოსცა წიგნი „ებრაული სახელმწიფო“. 1948 წელს სიონისტური ორგანიზაციის აქტიური მოქმედების შედეგად შეიქმნა კიდეც სახელმწიფო ისრაელი. ისრაელში იუდაიზმი არ არის სახელმწიფო რელიგიად აღიარებული, მაგრამ არც ბოლომდე გამიჯნულია სახელმწიფოსგან. რიგი საკითხებისა, მაგ. ქორწინება, გაყრა, გარდაცვალება – რელიგიურ უწყებათა პრეროგატივაა. ისრაელში გარკვეული კანონები გალაჰას საფუძვლზეა დადგენილი.

ებრაელთა ყველაზე დიდი ჯგუფია აშქენაზები. ისინი ცხოვრობენ ევროპაში, აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში. აშქენაზთა წიაღში აღმოცენდა სასაუბრო ებრაული ენა იდიში. ებრაელთა მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია სეფარდები. 1492 წელს სეფარდები ესპანეთიდან განდევნეს და ისინი დასახლდნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, თურქეთსა და ბალკანეთში. მათ შეინარჩუნს ესპანეტში შეთვისებული წეს-ჩვეულებები და ენა ლადინო, რომელიც ძველი ესპანური ენის ბაზაზე შეიქმნა. მოგვიანებით, ევროპელი ებრაელების საპირწონედ აზიაში მცხოვრები ყველა ებრაელი სეფარდად იწოდა. ებრაელთა რაოდენობა მსოფლიოში 13-დან 14 მილიონამდე მერყეობს. მათგან 4,6 მილიონი ცხოვრობს ისრაელში, 1 მილიონზე მეტი ცხოვრობს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. იუდაისტური ორგანიზებული თემები 80-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზეა. არსებობენ ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც იუდაიზმს აღიარებენ, მაგრამ ამავდროულად აცნობიერებენ განსხვავებულობას ებრაელებისგა, ასეთები არიან სამარიტელები, ყარაიმები და სხვები.

იუდაიზმის მიმდევრები მისიონერობას არ ეწევიან. იუდეველად მიიჩნევა ყველა, ვისაც ჰყავს ებრაელი დედა ან სწამს იუდაიზმი რელიგიური ადათ-წესების დაცვით. რეფორმისტული მოძრაობა ებრაელად მიიჩნევს მხოლოდ ებრაელი მამის შვილსაც, თუკი ბავშვს მხოლოდ ებრაულ ადათ-წესებს ასწავლიან. სხვა სარწმუნოების ადამინისთვის იუდაიზმის მიღება შესაძლებელია, მაგრამ რთულია. არაებრალი, რომელიც იუდაიზმს მიიღებს, მოქცევის შემდეგ ხდება ებრაელი და მას ეკრძალება არაებრაულ წარმომავლობაზე საუბარი. ებრაელი, რომელიც წყვეტს ებრაული რჯულის ჩვეულებათა შესრულებას, მაინც ებრაელად ითვლება; ებრაული კანონით, არც ის ებრაელი უნდა გამოაკლდეს ერს, ვინც ებრაული რწმენის პრინციპებს უარყოფს და აგნოსტიკურად, ან ათეისტურადაა განწყობილი. ამავე კანონით, სხვა სარწმუნოების მიმღები ებრაელიც კი ებრაელად ითვლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ადამიანი კარგავს ყოველგვარ სტატუსს ებრაულ თემში და გადარჯულებულის სახელს იმკვიდრებს. საკითხი, თუ რა არის მთავარი ებრაელობის დახასიათებაში, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ხელახლა წამოჭრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, დავიდ ბენ-გურიონმა, როდესაც მთელი მსოფლიოს ებრაელ სწავლულებსა და რელიგიურ ლიდერებს სთხოვა, აზრი გამოეთქვათ კითხვაზე მიჰუ იეჰუდი? (ვინ არის ებრაელი?). ეს საკითხი, რომელიც მალე ვერ გადაიჭრება, მას შემდეგ ისრაელის პოლიტიკაში იჩენს ხოლმე თავს.

ებრაული ფილოსოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაული ფილოსოფია ფილოსოფიური დისციპლინისა და ებრაული თეოლოგიის გადაჯვარედინებას წარმოადგენს. შუა საუკუნეების ებრაელ ფილოსოფოსთა რიცხვს მიეკუთვნებიან საადია გაონი, შლომო იბნ გაბიროლი, იუდა ჰალევი, მოშე მაიმონიდი და ლევი ბენ გერშომი. ებრაელთა განათლების მოძრაობამ (მე-18 საუკუნის მიწურულიდან მე-19 საუკუნის 80-ან წლებამდე) დიდი ცვლილებები მოახდინა ებრაულ ფილოსოფიაში; ეს ცვლილებები გამოხატეს განათლების მოძრაობის ფილოსოფიურად გამგრძელებელმა, ხოლო მოგვიანებით, თანამედროვე ხანის ისეთმა ფილოსოფოსებმა, როგორც მარტინ ბუბერი, ფრანც როზენცვაიგი, მორდეხაი კაპლანი, აბრაჰამ ჯოშუა ჰეშელი, ვილ ჰერბერგი, იმანუელ ლევინასი, რიჩარდ რუბინშტეინი, ემილ ფაკენჰაიმი და იოსეფ სოლოვეიჩიკი.

მიმდინარეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდაიზმის ყველა მიმდინარეობა სათავეს იღებს ბიბლიიდან. ყველა მიმდინარეობის წყარო ერთია, მაგრამ მთ აქვთ განსხვაებული ინტერპრეტაცია. შუა საუკუნეებში ევროპელი იუდაისტები ცდილობდნენ ფილოსოფიური და მისტიკური დასაბუთება მიეცათ იუდაიზმისთვის. ასე წარმოიშვა ფილოსოფიური სისტემები და კაბალა. არ არსებობს იუდაიზმის ერთიანი და საყოველთაოდ გააზრებული დოგმატიკა. თალმუდში განსხვავებული თავლსაზრისები ჩვეულებრივი მოვლენაა. თალმუდის ბრძენები, თანაები და ამორაები ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და კამათობენ. იუდაიზმის მიმდინარეობები მერყეობენ მკაცრ რელიგიურობას და სეკულარობას შორის. დღესდღეობით იუდაიზმის ძირითადი მიმდინარეობებია ორთოდოქსული იუდაიზმი, კონსერვატიული იუდაიზმი, რეფორმირებული იუდაიზმი, ხასიდიზმი, ნეტურეი კართა.

დღეისთვის აშშ-ისა და ევროპის ებრაელთა უმრავლესობა თავს მიაკუთვნებს რეფორმირებულ იუდაიზმს, ხოლო ისრაელში უმრავლესობაში არიან ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევრები.

ორთოდოქსული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორთოდოქსული იუდაიზმი საკუთარ თავს მიიჩნევს იუდაიზმის არსის ერთადერთ მატარებლად. ის ყალიბდებოდა შუა საუკუნეების და ახალი დროის მიჯნაზე და საბოლოო სახე მიიღო XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ის დაუპირისპირდა რეფორმატორულ მოძრაობას. ორთოდოქსული იუდაიზმი არის შეურიგებელი მოწინააღმდეგე ებრაელთა ცხოვრებაში სეკულარიზაციისა და ემასიპაციისა. ორთოდოქსული იუდაიზმი ეწინააღმდეგება ებრაელებისთვის სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას და არამხოლოდ ევროპულ, არამედ ებრაულ განმანათლებლობასაც. მისი აზრით, განმანათლებლობა შეუთავსებელია ებრაელობის, როგორც ღვთის რჩეული ხალხის არსებობასთან. მათი აზრით, გეტოების გაუქმება გამოიწვევდა ებრაელთა სწრაფ ასიმილაციას და დაემუქრებოდა იუდაიზმს, როგორც მოძღვრებასა და ცხოვრების წესს. ორთოდოქსული იუდაიზმის მესვეურები უარს ამბობდნენ ადგილობრივი სახელმწიფო ენების შესწავლასა და გამოყენებაზე.

თანამედროვე ორთოდოქსული იუდაიზმი ტრადიციული ებრაელობის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. იგი პატივს სცემს ისტორიულ ტრადიციებსა და წესებს, ტრადიციულად სწამს ღმერთი და ეწევა ღვთისმსახურებას, მაგრამ ამასთანავე აფასებს განათლებას და მეცნიერებას.

კონსერვატორული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსერვატორული იუდაიზმი წარმოიშვა ევროპასა და აშშ–ში XIX საუკუნის II ნახევარში. კონსერვატორული იუდაიზმი არ ეწინააღმდეგება ებრაელობის ზიარებას დასავლურ სეკულარულ კულტურასთან და მის ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა მას გააზრებული აქვს, რომ ეს გამოიწვვს ცვლილებებს ებრაელების ტრადიციულ ყოფაში. კონსერვატორები ცდილობდნენ მოეხდინათ ტრადიციების და რეფორმების სინთეზი, თუკი რეფორმები თანხმობაში იქნებოდნენ ჰალახის პრინციპებსა და სულისკვეთებასათან. ანუ რეფორმები არ უნდა შეხებოდა რელიგიის ფუძემდებლურ პრინციპებს და შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ებრაული ენის ლიტურგიული სტატუსი, ასევე დაცული უნდა ყოფილიყო შაბათის სიწმინდე. კონსერვატიული იუდაიზმის მიხედვით იუდაიზმი ცოცხალი და დინამიკური ორგანიზმია, რომელსაც აქვს გარესამყაროსთან შეგუების და ადაპტირების უნარი ისე, რომ არ დაკარგოს თავისი უცვლელი არსი. კონსერვატიული იუდაიზმის მიხედვით ებრაული კანონი უცვლელი არ ყოფილა - იგი ყოველთვის ცვალებად პირობებთან შეგუებით ვითარდებოდა; კონსერვატორი ებრაელების აზრით თორა ღმერთისაგან შთაგონებულ წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილი საღვთო საბუთია, მაგრამ ისინი უარყოფენ ორთოდოქსულ შეხედულებას, რომ თორა ღმერთმა მოსეს უკარნახა. კონსერვატიული იუდაიზმი ზეპირ თორასაც საღვთოდ და დამავალებელად მიიჩნევს, მაგრამ უარყოფს მისი კანონების ზოგ ორთოდოქსულ ინტერპრეტაციას.

რეფორმისტული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმისტული იუდაიზმის მიხედვით იუდაიზმში ბევრი რამაა ადამიანური წარმოშობის. ადამიანებმა ბევრი რამ დაამატეს ღვთის გამოცხადებას, ამიტომ აუცილებელია რწმენის მისადაგება დროსთან. რეფორმისტების აზრით თითოეული ებრაელი უნდა სარგებლობდეს ავტონომიით, რომლის ფარგლებშიც თვითონ გადაწყვეტს, თუ სად მიაჩნია თორის ტექსტი დამაჯერებლად და რომელი კანონები შეასრულოს. რეფორმისტები ებრაული ტრადიციის ინდივიდუალურად შეთვისებას მოითხოვენ, და არა დადგენილი წესებით ღვთისმსახურებას. საბოლოოდ, რეფორმისტებმა ებრაელობა დასახეს მხოლოდ რელიგიად, და არა ეროვნებად ან კულტურად. რეფორმისტებმა აგრეთვე უარყვეს თორით ნაკარნახევი რიტუალური წესები. პირველი ნაბიჯი რეფორმისკენ გადაიდგა ამსტერდამში, სადაც განხორციელდა ლიტურგიის რეფორმა, ამოღებულ იქნა ყავლგასული ლოცვები და შემოღებულ იქნა ქადაგება ჰოლანდიურ ენაზე. რეფორმისტული იუდაიზმის ცენტრი გახდა გერმანია. მოშე მენდელსონი (1729-1786) ითხოვდა ებრაელთაგან გერმანული ენის შესწავლას და გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრაციას. რეფორმაცია ეფუძნებოდა ემანსიპაციისა და განმანათლებლობის იდეებს. გერმანიის ზოგიერთ სინაგოგაში ქადაგებები იკითხებოდა და საგალობლები იგალობებოდა გერმანულად. ზოგიერთ სინაგოგაში ლოცვანიდან ამოიღეს ფრაზები მესიის მოლოდინსა და ებრაელი ხალხს ღვთისგან რჩეულობაზე, სიონზე დაბრუნებაზე. მიუხედავად ორთოდოქსული იუდაიზმის წინააღმდეგობისა, რეფორმირებული იუდაიზმი გავრცელდა ავსტრიის, უნგრეთის, ინგლისის, საფრანგეთის, დანიის ქალაქებში. ბრიტანეთში რეფორმისტული მიმდინარეობა უფრო შორს წავიდა, აღუიარებდა თანახს, როგოც ღვთის სიტყვას, მაგრამ უარყოფდა თალმუდს, როგორც ადამიანისგან შედგენილს. ბრიტანეთის ებრაელობა ამჟამად ორ რელიგიურ თემადაა გაყოფილი: რეფორმისტულად და ლიბერალურად. რეფორმისტული თემი ლიბერალურზე ბევრად უფრო ტრადიციონალისტურია. რეფორმისტებს შორის არიან ჯგუფები, რომლებიც მიუხედავად ორთოდოქსების სასტიკი წინააღმდეგობისა, მხარს უჭერენ ქალების სრულ ემსანსიპაციას და მოითხოვენ კაცთა და ქალთა სრულ თანასწორუფლებიანობას რელიგიურ ცხოვრებაში, დასაშვებად მიაჩნიათ ქალის რაბინობა. რეფორმისტებს აქვთ სინაგოგები და ჰყავთ რაბინები როგორც ისრაელში, ასევე ევროპასა და აშშ-ში. ისრაელში რეფორმიზმის ცენტრია „ებრაელთა გერთიანებული კოლეჯი“, რომელიც გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, ამზადებს რაბინებს, ირგვლივ იკრებს რეფორმისტულად განწყობილ ახალგაზრდებს. მნიუხედავად აშკარად გამოხატული სეკულარიზმისა, რეფორმისტებისთვის უცვლელია იუდაიზმის მონოთეიზმი და მორალური პრინციპები. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ტაძართან და სახელმიწფოსთან, ამქვეყნიურია და წარმავალი, რიტუალებიც ცვალებადია. მესიანიზმი რეფორმისტებს ესმით ზოგადსაკაციობრიო და არა ნაციონალური აზრით.

ხასიდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხასიდიზმი წარმოიშვა XVIII საუკუნის II ნახევარში აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იყო მისტიკური რეფორმისტული მოძრაობა, რომელმაც შემდგომში ისრაელში გადაინაცვლა და ეზოთერული სახით განაგრძობს არსებობას. ტავდაპირველად ის იყო მდაბიო, წერა-კითხვის უცოდინარი ხალხის რეაქცია თალმუდის წიგნიერი რელიგიისადმი. მისი დამაარსებელია ისრაელ ბენ ელიზიერი (1700-1760). ის არ უარყოფდა ტალმუდსა და ებრაულ რიტუალებს, მაგრამ ამბობდა, რომ მის გარეშეც შესაძლებელი იყო ჭეშმარიტების აღმოჩენა. ხასიდური მისტიკა აფასებდა ადამიანის უნიკალობას.

ნეტურეი კართა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხასიდიზმის განაყოფია ულტრაორთოდოქსული ნეტურეი კართა. ასე იწოდებიან თალმუდში თორის სრულყოფილად მცოდნეები და მისი მცნებების განუხრელად დამცველნი. მათ სხვაგვარად დათიმებს უწოდებენ. ასეთი რამდენიმე ათეული ოჯახია იუდაიზმში. მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, ისინი გამორჩეულნი არიან, როგორც რელიგიური ექსტრემისტები. ცხოვრობენ უპირატესად იუერუსალიმში და ხასიდების დაარსებულ ქალაქ ბნეი-ბრაკSi. მათ ღვთის გმობად მიაჩნიათ ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და არ სცნობენ მას, როგორც ჰალახას პრინციპების უარმყოფელს. ასეთი სახელწმიფოს არსებობა აშორებს ხალხს მესიის მოსვლის ჟამისგან. ბევრი მათგანი არ აღიარებს არა ხმოლოდ ისრაელის სახელწმიფოს, არამედ უმაღლესი რაბინატის სასამართლოს იურისდიქციასაც, უარს ამბობს სახელმწიფო პასპორტის აღებაზე, აშკარად მხარს უჭერს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას, 14 მაისი, ისრაელის დამოუკიდებლობს გამოცხადების დღე მათთვის გლოვის დღეა, ამ დღეს დემონსტრაციულად წვავენ ისრაელის დროშას, არიან ყოველგვარი სეკულარიზაციის წინააღმდეგნი, პროფანაციად მიიჩნევენ ებრაული ენის გამოყენებას ყოველდღიურ სასაუბრო ენად.

სხვა მიმდინარეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკონსტრუქსიონისტური იუდაიზმი თავდაპირველად ფილოსოფიურ მიმდინარეობად წარმოიშვა მე-20 საუკუნის კონსერვატორი რაბინის, მორდეხაი კაპლანის მიერ; მოგვიანებით, ის და მისი მიმდევრები გამოეყვნენ კონსერვატიულ იუდაიზმს და წამოიწყეს მოძრაობა, რომლის მიზანია იუდაიზმის ხელახალი ინტერპრეტაცია თანამედროვე კულტურასთან მის შესაფერებლად. რეფორმისტული იუდაიზმის მსგავსად, არც რეკონსტრუქციონისტური იუდაიზმი თვლის ებრაულ კანონებს დამავალებლად, მაგრამ რეფორმიზისაგან განსხვავებით, რეკონსტრუქციონისტური აზროვნება ხაზს უსვამს მორწმუნეთა თემების როლს იმის გადაწყვეტაში, თუ რომელ ებრაულ კანონებს უნდა დაემორჩილონ მათი წევრები.

ჰუმანისტური იუდაიზმი პატარა არარელიგიური მოძრაობაა, რომლის მტკიცებით ებრაული ვინაობა ებრაელთა ისტორიითა და კულტურით განისაზღვრება, და არა წმინდა ტექსტებით. რაბინი შერვინ უაინის მიერ დაარსებული ეს მიმდინარეობა უფრო ჩრდილოეთ ამერიკაშია ცნობილი, მაგრამ მიმდევრები ჰყავს აგრეთვე ევროპაში, ლათინურ ამერიკაში და ისრაელშიც. (უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ჰუმანისტური იუდაიზმი უარყოფს ზებუნებრივი ღმერთის ცნებას, რასაც სხვა ებრაული მიმდინარეობები იუდაიზმის საფუძვლად მიიჩნევენ, მისი ებრაულ მიმდინარეობად ჩათვლის საკითხი აზრთა უთანხმოებას იწვევს).

ორთოდოქს ებრაელთა უმრავლესობა ადამიანის ებრაელობას საზღვრავს არა იმით, თუ რომელი მიმდინარეობის მიმდევარია იგი, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა მისი ღვთისმსახურების წესები მათ წესებთან. ორთოდოქს ებრაელთა აზრით, ებრაელი, რომელიც არ ასრულებს შაბათის, იომ-ტოვების (წმინდა დღეების), ქაშრუთისა და ოჯახური სიწმინდის კანონებს, მორწმუნედ არ უნდა ჩაითვალოს; ნებისმიერ ებრაელს, რომელიც თუნდაც, მხოლოდ ამ კანონებს შეასრულებს, ისინი ღვთის მსახურად და მორწმუნედ ჩათვლიან.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ მიჩნეულია შაბათი. შაბათი აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა. შაბათი ებრაელმა უნდა მიუძღვნას ლოცვებისა და თორის კითხვას.

დღესასწაულები იუდაიზიზმში ორგვარ ხასიათს ატარებს. ისინი აღნიშნავენ როგოც წელიწადის სეზონურ ცვლილებას, ასევე ისტორიულ მოვლენებს. ებრაული წელიწადის სამი მთავარი დღესასწაულია ფესახი, შავუოთი და სუქოთი. მათ მომლოცველობის დღესასწაულები ეწოდება, რადგან მოსეს რჯული ყოველ ებრაელს ავალებდა იერუსალიმის მოლოცვას და ტაძარში მსხვერპლის შეწირვას ამ დღეებში. ფესახი აღინიშნება გაზაფხულის პირზე. ის ებრაელთა ეგვპტიდან გამოსვლის აღსანიშნავი დღესასწაულია გრძელდება ერთ კვირეულს. პირველი და მეშვიდე დღეები უქმეა, ისინი გათანაბრებულია შაბათთან და მხოლოდ საჭმლის კეთებაა დაშვებული. დანარჩენ დღეებში შესაძლებელია შეზღუდული საქმიანობა. სადღესასწაულო დღეებში აკრძალულია საფუარიანი საკვების მიღება და შენახვა. ფესახის რიტუალური წესია შვიდი დღის განმავლობაში მაცის ჭამა. მაცა არის განსაკუთრებული ბურღულეულით დამზადებული პური და ის გამიზნულია ეგვიპტური მონობის მოსაგონებლად. პირველ და მეორე დღეს იშლება განსაკუთრებული ტრაპეზი სებერი, რომლის განმავლობაში ყოველმა ზრდასრულმა ებრაელმა უნდა მიიღოს 4 ჭიქა ღვინო. შავუოთი, ანუ კვირეული, იმართება ფესახიდან შვიდი კვირის თავზე სივანის თვეში. ტრადიციულად, იგი ეძღვნება პურის მკის დასაწყისს. ამავე დროს ის უკავშრდება რჯულის მიღებას სინას მთაზე. სუქოთი ასევე შვიდდღიანი დღესასწაულია. ამ დროს აღინიშნება მოსავლის აღება და იმ ისტორიული პერიოდის გახსენება, როცა ებრაელები კარვებში ცხოვრობდნენ. პირველი დღე უქმეა, ხოლო დანარჩენები სადაგია.

ებრაული ახალი წელი არის როშ ჰაშანა. ის აღინიშნება ებრაული წლის დასაწყისში, თიშრის თვეში, პირველ ორ დღეს. ამ დღეს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, განსაზღვრავს მის ბედს შემდეგი წლისთვის. ახალი წლის დღეებს მოსდევს მარხვის და მონანიების 10 დღე. მისი კულმინაციაა იომ-ქიფური, შენდობის დღე, როდესაც შესაძლებელია ახალ წელს ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის შეცვლა. ხანუქა აღინიშნება ქისლევის თვეში სოლომონის ტაძრის განახლების გასახსენებლად. დღესასწაულისას რვა დღის განმავლობაში მენორაზე თითო სანთელი ინთება. ისტორიული მოვლენის აღმნიშვნელი დღესასწაულია პურიმი. ამ დროს იკითხება წიგნი ესთერისა, რომლშიც გადმოცემულია ებრაელების სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი.

იუდაიზმში მიღებულია მარხვი შენახვა. მარხვის წესი გულისხმობს მზის ჩასვლამდე სასმელსა და საკვებზე უარის თქმას. ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვებია თიშა ბავ – პირველი და მეორე ტაძრის დანგრევის დღე, გედალია – იუდეის ბოლო ებრაელი მმართველის, გედალიას მკვლელობის დღე, იერუსალიმის დაცემიის დღე და რომაელთა მიერ იერუსალიმის დანგრევის დღე. იუდაიზმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქაშრუთს, საკვების აკრძალვის წესს. აკრძალულია ღორის ხორცის, არაწყვილჩლიქოსანი და უჩლიქო ცხოველების, მტაცებელი ფირინველების, უფარფლო თევზის საკვებად გამოყენება. სუფთა საკვებად მიიჩნევა ცხვარი, ძროხა, თხა, ოღონდ ხორცი განსაკუთრებული წეით უნდა იყოს მომზადებული, ის უნდა დაიწმინდოს სისხლისაგან. ასევე არსებობს აკრძალვა ხორცის და რძის პროდუქტების, ბურღულეულის დაბოსტნეულის შერეულ მიღებაზე.

რიტუალებისგან ებრაელთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანია წინადაცვეთა, რომელსაც როგორც რელიგიური, ასევე ნაციონალური ხასიათი აქვს. მამაკაცს წინადაცვეთა უტარდება დაბადებიდან მერვე დღეს. მოწიფულობის ასაკის მიღწევისას ებრაელი ბავშვი ხდება ბარ-მიცვა, რას ნიშნავს, რომ მას უკვე შეუძლია თორის მცნებათა აღსრულება. 13 წლის და 1 დღის ასაკში ბავშვს იწვევენ სინაგოგაში დამოუკიდებლად შედგენილი ქადაგების და თორის წასაკითხად. ამ დროიდან ის ხდება სრულყოფილი წევრი ებრაელობისა. გოგონათათვის ბათ-მიცვას სტატუსი 12 წლისა და 1 დღის ასაკში დგება. ამ დღეს ის ლოცვების კითხვით მონაწილეობს სინაგოგაში მსახურებაში. ხშირად ამ რიტუალებს შავუოთის დღესასწაულს ამთხვევენ.

თალმუდის ეპოქაში ჩამოყალიბდა ებრაული ქორწინების წესი, რაც შედგება ნიშნობის, საქორწინო კონტრაქტის და ქორწილის ცერემონიებს. ქორწინებას აღასრულებს რაბინი ორი მოწმის თანდასწრებით.

იუდაიზმი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ქართული საიტორიო მწერლობის მიხედვით ებრაელები საქართველოში მივიდნენ ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალმის დარბევს შემდეგ, ძვ. წ. VI საუკუნეში. მათ მცხეთაში მამასახლისისგან აიღეს მიწები ხარკით და დასახლდნენ მის გარეუბან ზანავში. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ებრაელთა ნაწილი ქართლში მივიდა ძვ. წ. 169 ბარ-კოხბას აჯანყების დამარცხების შემდეგ. ებრაელების ახალი ტალღა საქართველოში გაჩნდა ახ. წ. I საუკუნეში, ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ. ებრაელებმა განსაკუთრებული როლი შეასრულებს საქართვლოში მონოთეიზმის იდეის გავრცელებაში. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით მცხეთელი ებრაელი ქალი სიდონია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი წმინდანია, ხოლო ქართველი ებრაელი ელიოზ მცხეთელი არის საქართველოში უფლის კვართის ჩამომტანი.

თბილისის დიდი სინაგოგა

IV საუკუნეში მცხეთის გარდა ებრაელები ცხოვრობდნენ ურბნისში, ბოდბეში, კოდისწყაროსა და ხობისში. მცხეთის იმ უბანს, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ „უბანი ჰურიათა“ ეწოდებოდა. მათ ჰქონდათ საკუთარი სინაგოგები. ამ დროს იბერიაში თანაბრად გავრცელებულ ექვს ენას შორის იყო ებრაული ენაც. თუმცა საქართველოში მცხოვრებმა ებრაელობამ ადრევე შეითვისა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. აღმოჩენილია III-IV საუკუნეების ებრაელთა ეპიგრაფიკული ძეგლები ნებრაულ და არამეულ ენებზე მცხეთასა და ურბნისში]]. საქართველოში ჩამოსულმა წმინდა ნინომ პირველად ებრაელთა სინაგოგას მიაკითხა და პირველად ისინი გააქრისტიანა. VI საუკუნეში ებრაელთა კიდევ ერთი ჯგუფი, ამჯერად ბიზანტიის იმპერიიდან დაიძრა და ჯერ დასავლეთ, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოში დამკვიდრდა. IX საუკუნის მიწურულს საქართველოში წარმოიქმნა იუდაისიტური სექტა, რომელიც გალახას ზოგიერთ პუნქტს უარყოფდა, მათ შორის სქესობრივ ცხოვრებასთან და საკვების აკრძალვასთან დაკავშირებულ დებულებებს. მისი დამფუძნებელი აბუ იმრან მოშე საქართველოში ბაბილონიდან ჩავიდა. მისმა სექტამ დაახლოებით 300 წელს იარსება. X საუკუნეში საქართველოში დაბინავდა ხაზართა სახაკანოს დაცემის შემდეგ სლავებისგან დევნილი ხაზარი ყარაიმი იუდეველების ერთი ნაწილი. საქართველოსაც შეეხო ამ პერიოდის დაპირისპირება რაბინულ-თალმუდისტურ და ყარაიმულ იუდაიზმს შორის. საბოლოოდ ქართველი ებრაელები თალმუდისტური იუდაიზმის ერთგულები დარჩნენ. შუა საუკუნეებში ქართველი ებრაელები აღმოსავლეთის ებრაელობის რელიგიურ ცენტრთან ბაღდადთან ინარჩუნებდნენ ურთიერთობას. X საუკუნეს მიეკუთვნება ლაილაშის ბიბლია, რომელსაც ებრაულთან ერთად ქრისტიანული მოსახლეობაც სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდა. XIII საუკუნეში მონღოლთა ბატონობის დროს ებრაელები აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდან დასავლეთში გადავიდნენ და იქ ახალი თემები ჩამოაყალიბეს. XIV საუკუნეში ებრაული თემი გაძლიერდა ქალაქ გაგრაში. ამ დროს გაგრაში ცხოვრობდა სწავლული ფილოლოგი რაბინი იეჰუდა ბენ იაკობი, რომელიც იყო გადამწერი ებრაული გრამატიკისა, რომელსაც ყარაიმული გრამატიკული სკოლის გავლენა ეტყობა. XIV საუკუნეში ქალაქ თავრიზში მოღვაწეობდა იეშა-იაჰუ ბენ იოსებ თბილელი, რომელმაც 1330 წელს დაწერა „სამოთხის წიგნი“. სოფელ ბრეთში ინახებოდა 1513 წელს სალონიკში გადაწერილი ე.წ. ავალიშვილების ბიბლია. გვიანფეოდალურ ხანაში ებრააელების სამოსახლო ადგილები იყო ქართლში სურამი, ალი, ბაზალეთი, ცხინვალი, არაგვისპირი, ატენი, ძეგვი, ხერკი, კასპი, კავთისხევი, მესხეთში ფანასკერტი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე, კახეთში ბოდბისხევი, ზემო ხოდაშენი, ველისციხე, ურიათუბანი, საგარეჯო, დასავლეთ საქართველოში ქუთაისი, ვანი, კულაში, ფოთი, ბანძა, სენაკი, ოზურგეთი, ონი, ლაილაში, ხოტევი. ებრაელები კონცენტრირებულად ცხოვრობდნენ სინაგოგის ირგვლივ, რადგან სინაგოგა წარმოადგენდა მათი როგორც რელიგიური, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს. თბილისში ებრაელთა უბანი მდებარეობდა ფეთხაინის ძირში, სიონთან ახლოს. აქ მდებარეობდა თბილისის ჰურიათა ბაგინი.

XIX საუკუნის დამდეგს საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ ოსმალეთს იმპერიიდან გადმოსული არამეელი ებრაელები – ლახლუხები. ამავე პერიოდში გადმოვიდნენ ებრაელები სპარსეთიდან. ევროპელი ებრაელები – აშქენაზები – საქართველოს ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდნენ 1804 წელს. XX საუკუნეში თბილისში მცხოვრებმა ებრაელებმა თხოვნით მიიმართეს ტფილისის გუბერნატორს ახალი სინაგოგის აშენების შესახებ. თბილისის დიდი სინაგოგა აშენდა 1905-1906 წლებში და ებრაული მოსახლეობაც მის ირგვლივ ვერცხლისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიდამოებში დასახლდა. XIX საუკუნეში საქართველოდან ისრაელში წასული ხახამებიდან რამდენიმეა ცნობილი. ეფრაიმ ბენ იაკობ ჰალევი კუკია, რომელმაც 1877 წელს იერუსალიმში გამოაქვეყნა რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულებები „ეფრაიმის განმარტებათა კრებული ხუთწიგნეულსა და თორაზე“ და „სიცოცხლის ელექსირი“, ახალციხელი ხახამი იოსებ დავითაშვილი და სიმან ბენ მოშე რიჟნაშვილი, რომელმაც 1892 წელს იერუსალიმში გამოსცა ქართულ-ებრაული სახელმძღვანლო-სასაუბრო.

XIX საუკუნის ბოლოდან საქართველოში გაჩნდა სიონისტური წრეები. სიონიზმის შემომტანი და გამავრცელებლები იყვნენ ძირითადად აშქენაზები. ასეთი წრეები გაჩნდა თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში. 1905 წლის რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი. 1919 წლის ივნისში ამ კომიტეტმა თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა. აგვისტოში მან მოიწვია საქართველოს პირველი სიონისტური კონფერენცია. 1903 წელს გამართულ ბაზელის სიონისტურ კონგრესში მონაწილეობდა ქართველი რაბინი დავით ბააზოვი. მასთან ერთად XX საუკუნის დასაწყისში სიონისტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა ნათან ელიაშვილი (1893-1929). სიონისტებს საქართველოში წინააღმდეგობა შეხვდათ მოძრაობა ხაბადის მხრიდან, რომელმაც საქართველოში 1916 წლიდან დაიწყო საქმიანობა.

საბჭოთა პერიოდში ქართველ ებრაელთა უმრავლესობა განაგრძობდა სინაგოგაში სიარულს, იცავდა ქაშრუთს, წინადაცვეთის, ქორწინების და დასაფლავების რიტუალებს. 1960-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაჩაღდა ბრძოლა ისრაელში დაბრუნებისთვის. ამ ბრძოლაში ჩაებნენ ქართველი ებრაელებიც. 1967 წლის 9 აგვისტოს 18-მა ებრაულმა ოჯახმა მიმართვა გაუგზავნა გაეროს ისრაელში წასვლის უფლების მოსაპოვებლად. პირველებმა ქართველმა ებრაელებმა შეძლეს საბჭოთა ანტისიონიზმის და რკინის ფარდის გარღვევა. საქართველოდან ებრაელთა გადინებამ კულმინაციას მიაღწია 1991-1994 წლებში.

დღეს საქართველოს ებრაული თემი მნიშვნელოვანი მხარდაჭერიით სარგებლობს საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების მხრიდან. მას მხარს უჭერს „ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტი“ (დაარსებული 1914 წელს). ფუნქციონირებს ებრაული კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც დაარსდა 1993 წელს. მისი მხარდაჭერით გამოიცემა ჟურნალი „ნაბიჯი თორისკენ“. საქართველოს თავარი რაბინია არიელ ლევინი. საქართველოში დაახლოებით 4 ათასამდე ებრაელი ცხოვრბს. მათი 80% სეფარდია, დანარჩენი კი აშქენაზი. მოქმედებს თბილისის, ბათუმის, ონის, სურამის, გორის, ქუთაისის და ახალციხისა სინაგოგები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაული კალენდრის თვეები
თიშრი | ხეშვანი | ქისლევი | ტევეთი | შვატი | ადარი | ნისანი | იარი | სივანი | თამუზი | ავი | ელული