მაიოტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიოტა
Mayotte
მაიოტა
მაიოტას
ჰიმნი: მარსელიეზა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მამუცუ
21°17′ ს. გ. 165°21′ ა. გ. / 21.283° ს. გ. 165.350° ა. გ. / -21.283; 165.350
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
 -  პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
 -  გენერალური საბჭოს პრეზიდენტი სუაბაჰადინ იბრაჰიმ რამადანი
 -  პრეფექტი სეიმურ მორსი
ფართობი
 -  სულ 374 კმ2 (185-ე)
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 233 993 კაცი (179-ე)
 -  2012 აღწერა 212 645 კაცი 
 -  სიმჭიდროვე 568,6 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2003 შეფასებით
 -  სულ 466,8 მილიონი $ 
 -  ერთ მოსახლეზე 2600 $ 
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი +3
Internet TLD .yt
სატელეფონო კოდი 262

მაიოტა (შიკომორი Maore, ფრანგ. Mayotte) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი 2011 წლიდან, მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში არსებულ მოზამბიკის სრუტეში, ჩრდილოეთ მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის მდებარე კომორის კუნძულებზე. დედაქალაქია — მამუცუ. მაიოტას ფართობი შეადგენს 374 კმ²-ს, ხოლო მისი მოსახლეობა 2012 წლის აღწერის თანახმად 212 645 ადამიანს[1]. ზღვისიქითა დეპარტამენტი მაიოტა დაყოფილია 17 კომუნად.

რეგიონი 1976 წლიდან სადავო ტერიტორიაა საფრანგეთსა და კომორის კუნძულების კავშირს შორის, რომლის კონსტიტუციის თანახმადაც მაიოტას აქვს ავტონომიური კუნძულის სტატუსი. გაეროს გენერალური ასამბლეა აღიარებს კომორის კუნძულების კავშირის უფლებებს კუნძულ მაიოტაზე (მაორე).

ზღვისიქითა დეპარტამენტი შედგება მთავარი კუნძულისაგანმაიოტა (მაორე), პატარა კუნძულებისაგან — პამანზი (ანუ პტი-ტერი) და მზამბორო, ასევე რამდენიმე სხვა მომცრო კუნძულებისაგან. გეოგრაფიულად ეკუთვნის კომორის არქიპელაგს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძულის რუკა
კუნძულის გეოგრაფიული რუკა

მთავარი კუნძულიმაიოტა (მაორე), გეოლოგიურად უძველესია კომორის არქიპელაგის შემადგენლობაში, სიგრძე — 39 კმ, სიგანე — 22 კმ, ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — მთა ბენარა (ფრანგ. Mont Bénara, 660 მეტრი). ვულკანური წარმოშობის გამო ზოგიერთ რაიონში ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერია. მარჯნის რიფი, რომელიც გარს ეკვრის კუნძულის დიდ ნაწილს, უზრუნველყოფს მას თევზით და იცავს ადგილობრივ გემებს.

ქალაქი ძაუძი (ფრანგ. Dzaoudzi), რომელიც მდებარეობს კუნძულ პამანზიზე, იყო კომორის კუნძულების კავშირის დედაქალაქი 1968 წლამდე. მაიოტა კომორის კუნძულების კავშირისგან დამოუკიდებლად ინდოეთის ოკეანის კომისიის წევრია (ინგლ. Indian Ocean Commission (COI)).

კლიმატი[რედაქტირება]

მაიოტას აქვს ზღვის ტროპიკული კლიმატი. გამოიყოფა 2 სეზონი: ნოტიო და თბილი — ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით, და მშრალი და გრილი — დანარჩენ თვეებში. ჰაერის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +24 °С-დან +27 °C-მდე, ხოლო სიცხეში აღწევს +36 °С ნიშნულს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა — ცენტრში 1100 მმ-დან 3000 მმ-მდე მთების კალთებზე და სანაპირო დაბლობებში. ჰაერის ფარდობითი ტენიანობაა — 85 %-მდე.

ისტორია[რედაქტირება]

კომორის არქიპელაგზე დაახლოებით 1500 წელს დაფუძნებულმა არაბებმა დააარსეს სულთანატი მაორე ანუ მაუტი (შემდგომში ფრანგების მიერ ინტერპრეტირებული, როგორც მაიოტა).

1503 წელს მაიოტაზე გადავიდნენ პორტუგალიელი მოგზაურები, მაგრამ კოლონია იქ მათ ვერ დააარსეს.

1832 წელს არქიპელაგი დაიპყრო მადაგასკარის მეფემ; 1833 წელს კი მეზობლად არსებულმა მვალის სასულთნომ; 1835 წლის 19 ნოემბერს იგი გადავიდა ნძუანის სასულთნოს მმართველობაში, მაგრამ 1836 წელს, ადგილობრივი უკანასკნელი სულთანის მეთაურობით, ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა.

მაიოტა საფრანგეთის პროტექტორატი გახდა 1843 წელს — გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე დანარჩენი კომორის არქიპელაგის კუნძულები (1886-1892 წლებში).

1909 წლიდან კომორის არქიპელაგი გახდა საფრანგეთის კოლონია (1912 წლიდან — მადაგასკარის კოლონიის შემადგენლობაში).

1946 წელს მადაგასკარიდან გამოყოფილმა კომორის არქიპელაგმა მიიღო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი.

1961 წელს შეიქმნა დეპუტატების პალატა (ადგილობრივი პარლამენტი), სამთავრობო საბჭო (ადგილობრივი მთავრობა), რომლებიც ჩამოაყალიბეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. შეიქმნა ადგილობრივი პარტიები. მაიოტაზე 1962 წლიდან მოქმედებდა მაორეს ხალხის მოძრაობა, რომელიც კუნძულისთვის ითხოვდა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის სტატუსს.

1968 წლიდან საფრანგეთის დაქვემდებარებაში დარჩა მხოლოდ კომორის კუნძულების ფინანსური, თავდაცვის და საგარეო ურთიერთობის საკითხები.

1974 წლის დეკემბერში კომორის არქიპელაგის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე, არქიპელაგის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა დადებითი შეხედულება. მათ შორის, ნძუანის (ანჟუანი), ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) და მვალის (მოჰელი) კუნძულების მოსახლეობის 96 %-მა ხმა მისცა საფრანგეთიდან გამოყოფას, ხოლო მაიოტას კუნძულის მოსახლეობის 64 %-მა კი არა. 1975 წლის 6 ივლისს ადგილობრივმა დეპუტატების პალატამ ერთპიროვნულად გამოაცხადა კომორის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რომელიც სამ კუნძულს აკონტროლებდა: ნძუანის (ანჟუანი), ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) და მვალის (მოჰელი). პრეზიდენტი გახდა სამთავრობო საბჭოს თავჯდომარე აჰმედ აბდალაჰი. ეს საბჭო გაუქმდა, ჩამოყალიბდა პარლამენტი, მიღებული იქნა კონსტიტუცია და აღდგენილი იქნა კუნძულების არაბულენოვანი დასახელებები.

1975 წლის ნოემბერში კომორის კუნძულები მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ოთხი კუნძულის შემადგენლობით, როგორც ერთიანი სახელმწიფო. საფრანგეთმა, რომელმაც აღიარა კომორის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ცალმხრივად კუნძულ მაიოტას მიანიჭა საკუთარი «ტერიტორიალური ერთეულის» სტატუსი.

1976 წელს კომორის კუნძულების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საფრანგეთმა ვეტო დაადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მაიოტისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე, რაც მან ახსნა მაიოტაზე რეფერენდუმის შედეგებით. მაიოტაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გარკვეულ ფარგლებში დაკავშირებული იყო მაიოტას კუნძულის მოსახლეობის, განსაკუთრებით ადგილობრივი ქრისტიანების შიშთან, რომ კუნძული გახდებოდა ისლამური სახელმწიფოს ნაწილი, რომლის გამოცხადებასაც ელოდებოდნენ კომორის არქიპელაგზე (შედგა 1978 წლის ოქტომბერში). დამოუკიდებელი კომორის პოზიცია ეფუძნებოდა რეფერენდუმის ჯამურ მაჩვენებელს მთელ არქიპელაგზე. 1979 წლის 6 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეამ აღიარა კომორის კუნძულების სახელმწიფოს უფლებები მაიოტას (მაორე) კუნძულზე.

2009 წლის 9 მარტს მაიოტას (მაორე) კუნძულის მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს მას, რომ კუნძული გახდა საფრანგეთის დეპარტამენტი. «დიახ» გამოთქვა 95,2 %-მა ამომრჩეველმა მაიოტას მოსახლეობის 61 %-დან, რომლებმაც ხმის მიცემაში მიიღეს მონაწილეობა.

მაიოტას დეპარტამენტმა საბოლოო სტატუსი მიიღო 2011 წლის 31 მარტს და შედეგად გახდა საფრანგეთის 101 დეპარტამენტი.

«დეპარტამენტალიზაცია» ითვალისწინებს სოციალური და საგადასახადო სისტემების გაერთიანებას, მიწის კადასტრის შექმნას, მაიოტის სამოქალაქო კოდექსის კორექციას და გადახედვას. ზღვისიქითა ტერიტორიების სახელმწიფო მდივნის — ივ ჟეგოს (Yves Jego) შეფასებით, სრულ ინტეგრაციას დასჭირდება 20-25 წელი და დაჯდება 200 მილიონი ევრო. საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტად გადაქცევა გამოიწვევს კარდინალურ ცვლილებებს კუნძულის მოსახლეობის ცხოვრებაში. მათ მოუწევთ უარი თქვან მრავალცოლიანობაზე, გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდება მუსულმანი მსაჯულების, ანუ «ყადების» უფლებამოსილება.

კომორის კუნძულების კავშირის ხელისუფლების წარმომადგენლები ფრთხილად მოეკიდნენ მაიოტაზე ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც ფაქტიურად ართმევს მათ კომორის ყველა კუნძულისაგან ერთიანი სახელნწიფოს შექმნის შესაძლებლობას. მათ ბრალი დასდეს საფრანგეთს კოლონიალური პოლიტიკის გატარებაში.

კომორის კუნძულების კავშირი ინარჩუნებს პრეტენზიას კუნძულ მაიოტაზე (მაორე), თვლის მას თავის განუყოფელ ნაწილად და ქვეყნის 4 ავტონომიური კუნძულიდან ერთ-ერთად.

პოლიტიკური მოწყობა[რედაქტირება]

მაიოტას მართავს პრეფექტი, რომელსაც ნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

არსებობს გენერალური საბჭო (19 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა სამ წელიწადში ერთხელ).

მაიოტას მოსახლეობა ირჩევს საფრანგეთის 1 სენატორს და საფრანგეთის ეროვნული კრების 1 დეპუტატს.

პოლიტიკური პარტიები:

  • კომორელთა ფედერაცია — 9 ადგილი გენერალურ საბჭოში;
  • მაიოტას დეპარტამენტის სტატუსისათვის მოძრაობა — 6 ადგილი;
  • მაიოტას განახლებული კომუნისტური პარტია — 2 ადგილი;
  • მაორელების სახალხო მოძრაობა — 1 ადგილი;

გენერალურ საბჭოში ასევე 1 დამოუკიდებელი მემარცხენე წევრია.

გენერალურ საბჭოში არ არიან წარმოდგენილი პარტიები — სოციალისტური პარტია (საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ადგილობრივი განყოფილება), ალიანსი დემოკრატიისათვის, დემოკრატიული ფრონტი, კავშირი საფრანგეთის დემოკრატიისათვის.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

მაიოტას კომუნები

ადმინისტრაციულად მაიოტა იყოფა 17 კომუნად:

№ რუკაზე კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
კოდი
INSEE
საფოსტო
ინდექსი
მოსახლეობა,
ად. (2012 წელი)[2]
ფართობი,
კმ²
1 ძაუძი Dzaoudzi 97608 97610 14 311 6,66
2 პამანზი Pamandzi 97615 97610 9892 4,29
3 მამუცუ Mamoudzou
Momoju
97611 97600 57 281 41,94
4 დემბენი Dembéni 97607 97660 10 923 38,80
5 ბანდელე Bandrélé 97603 97620 7885 36,46
6 კანი-კელი Kani-Kéli 97609 97625 4920 20,51
7 ბვენი Bouéni 97604 97620 6402 14,06
8 შირონგი Chirongui 97606 97620 8047 28,31
9 სადა Sada 97616 97640 10 195 11,16
10 ვანგანი Ouangani 97614 97670 9834 19,05
11 შიკონი Chiconi 97605 97670 7048 8,29
12 შინგონი Tsingoni 97617 97680 10 454 34,76
13 მცანგამუჟი M'tsangamouji 97613 97650 6314 21,84
14 აკვა Acoua 97601 97630 4714 12,62
15 მზამბორო Mtsamboro 97612 97630 7805 13,71
16 ბანდაბოი Bandraboua 97602 97650 10 132 32,37
17 კონგო Koungou 97610 97600 26 488 28,41
სულ 212 645 374,24

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა — 212 645 ადამიანი (2012 წლის აღწერა).

მოსახლეობის სიმჭიდროვე — 565,55 ად./კმ²;

წლიური ზრდა — 3,2 % (8-ე ადგილი მსოფლიოში);

შობადობა — 38,8 ბავშვი 1000 ქალზე (ფერტილობის დონე — 5,4 დაბადებული ერთ ქალზე);

სიკვდილიანობა — 7,1 1000 ადამიანზე;

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 61 წელი მამაკაცებში, 66 წელი ქალებში.

ეთნიკური შემადგენლობა — ანტალოატრა ანუ მაორე (არაბების შთამომავლები, რომლებიც შეერივნენ მალაგასიელებს და შავკანიანებს).

ენა — შიკომორი (სუაჰილი ენის განშტოება არაბულ ენასთან დიდი ნარევით); ფრანგულ ენაზე (ოფიციალური) საუბრობს მოსახლეობის დაახლოებით 35 %.

რელიგია — ძირითადად მუსულმანი-სუნიტები 97 %, ქრისტიანები (ძირითადად კათოლიკები) 3 %.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის და თევზჭერის სფეროში. მაიოტა ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს საკვები პროდუქტებით და აწარმოებს მის იმპორტს, ისევე როგორც საწარმოო საქონლის, საწვავის და სხვების. ექსპორტი საკმაოდ უმნიშვნელოა — ძირითადად არომატიზატორები (ვანილი და ილანგ-ილანგი), კოპრა, ქოქოსი. ტურისტული ბიზნესის განვითარება გაძნელებულია კუნძულის სიშორის გამო. მაიოტას ბიუჯეტს ეხმარება მნიშვნელოვანი ფინანსური დოტაციები საფრანგეთიდან. ფულადი ერთეულია — ევრო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]