მძლეოსნობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მძლეოსნობა
Athletics competitions.jpg
უმაღლესი ორგანო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IAAF)
მახასიათებლები
ტიპი ტანვარჯიში
შერეული სქესი კაცები/ქალები
ოლიმპიადა 1896 წლიდან
პარაოლიმპიადა 1960 წლიდან

მძლეოსნობა — სპორტის ოლიმპიური სახეობა. მოიცავს სხვადასხვა დისტანციაზე რბენას და სპორტულ სიარულს, ხტომას, ტყორცნას, მძლეოსნურ მრავალჭიდს. სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პოპულარული და მასობრივი სახეობაა. მძლეოსნობა კაცობრიობის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩაისახა. შედიოდა ძველი საბერძნეთის ოლიმპიადების პროგრამაში. ძვ. წ. 708 წლიდან თამაშების პროგრამაში იყო პენტატლონი — რბენა, სიგრძეზე ხტომა, შუბის, ბადროს ტყორცნა და ჭიდაობა.[1]

თანამედროვე მძლეოსნობის განვითარება XIX საუკუნის 30–40-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი შეჯიბრება 1837 წელს გაიმართა ინგლისში. 1880–90 წლებში ბევრ ქვეყანაში გაჩნდა მძლეოსნობის მოყვარულთა კლუბი. ევროპის ჩემპიონატი იმართება 1934 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი 1983 წლიდან.[1]

ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1896 წლიდან — კაცები, 1928 წლიდან — ქალები. 1912 წელს შეიქმნა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IAAF), რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 212 ქვეყანას. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია დაარსდა 1991 წლის 30 აპრილს. იგი 1992 წლის 30 მაისიდან IAAF-ის წევრია.[1]

ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით შეჯიბრებები მძლეოსნურ სახეებში (სიარული, რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვა) ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა, რისთვისაც სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი. მძლეოსნურ ვარჯიშებს, როგორც სამხედრო მომზადების საშუალებას, ფართოდ იყენებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში. პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში.[2]

საქართველოს მძლეოსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს ვიქტორ სანეევმა, რობერტ შავლაყაძემ, ლევან სანაძემ, ნინო დუმბაძემ, ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინამ და სხვებმა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]