აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები
African, Caribbean and Pacific Group of States

African, Caribbean and Pacific Group of States member nations map.svg

დაარსების თარიღი

1975

ტიპი

საერთაშორისო ორგანიზაცია

იურიდიული სტატუსი

მოქმედი

ადგილმდებარეობა

ბრიუსელი, ჟენევა

წევრები

79 წევრი სახელმწიფო

გენერალური მდივანი

მოჰამედ იბნ ჩამბასი
(განა)

მთავარი ორგანო

გენერალური სამდივნო

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები (ინგლ. African, Caribbean and Pacific Group of States, ACP countries) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დღეისათვის აერთიანებს 79 ქვეყანას (აფრიკაში — 48, კარიბის აუზში — 16 და წყნარი ოკეანის რეგიონში — 15), რომელთა უმრავლესობა ადრე დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის კოლონიები იყვნენ.

ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტია 1975 წლის ეგრედ წოდებული ჯორჯთაუნის შეთანხმება, რომელიც მოიცავს პირველ რიგში ეკონომიკურ სფეროში ერთობლივი მუშაობის ძირითად შეთანხმებებს.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარება, მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაცია, ასევე «ახალი, სამართლიანი და პატიოსანი მსოფლიო საზოგადოებრივი წყობის» დაფუძნება. დასაწყისიდანვე მთავარი ამოცანა იყო ეკონომიკური კავშირების კოორდინაცია აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებსა და ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის.

უკანასკნელ წლებში მონაწილე ქვეყნებმა თავისი ყურადღება გადაიტანეს ევროპის კავშირის ქვეყნებიდან მსოფლიო თანამეგობრობაზე და ატარებენ მთელ რიგ ღონისძიებებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებში.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის კავშირის ჩამოყალიბების პერიოდში ევროპული ქვეყნები, რომლებიც ფლობდნენ ყოფილ კოლონიებს ევროპის ფარგლებს გარეთ, ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ საკუთარი განსაკუთრებული ურთიერთობები მათთან. შედეგად გაჩნდა დამოკიდებულ ტერიტორიებთან «ასოციაციის» იდეა, რომელიც გულისხმობდა მათთვის სავაჭრო კონცესიების მინიჭებას და განვითარებაში მხარდაჭერას. ამ იდეის ფორმალიზირება მოხდა I და II კონვენციებში, რომლებსაც 1963 და 1969 წლებში ხელი მოეწერა იაუნდეში აფრიკის სახელმწიფოთა ასოციაციასა (ძირითადად საფრანგეთის და ბელგიის ყოფილი კოლონიები) და ევროპის კავშირს შორის.

შემდეგ ამ კონვენციებს მოჰყვა ლომეს კონვენციები, რომლებიც მოქმედებდნენ 1975 წლიდან 2000 წლამდე. ისინი მოიცავდნენ ევროპის კავშირის ურთიერთდამოკიდებულებას აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან. მათგან პირველს ხელი მოეწერა 1975 წელს, ტოგოს დედაქალაქ ლომეში (დასავლეთი აფრიკა), დასავლეთ ევროპის 9 ქვეყანასა და აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის 46 განვითარებად ქვეყნებს შორის. ლომეს IV კონვენციას 1989 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა ევროპის კავშირის 12 და აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის 70 ქვეყანამ. 1995 წლის ნოემბერში კუნძულოვან სახელმწიფო მავრიკიში ხელი მოეწერა განახლებულ IV ლომეს კონვენციას, რომელსაც ევროპის კავშირის მხრიდან ხელი მოაწერა უკვე 15 ქვეყანამ.

თუ 1970-იანი წლების შუამდე დასავლეთი ევროპა ძირითადად ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთი აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყნებთან კავშირზე, შემდეგ ათწლეულებში, ევროპის კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ევროპულმა საგარეო პოლიტიკამ განვითარება დაიწყო ბევრი მიმართულებით და მოიცვა თითქმის მთელი განვითარებადი სამყარო.

ლომეს I და II კონვენციები პირველ რიგში მიზანმიმართული იყო აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების სამრეწველო განვითარების თანადგომისკენ, III — კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ლომეს IV კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1991 წლის სექტემბერში, მოქმედებდა 10 წელი. ძირითად ყურადღებას ის აქცევდა გრძელვადიან განვითარებას, განსაკუთრებით კერძო ინვესტიციებს, მცირე ბიზნესს, დემოკრატიაში თანადგომას და ადამიანების უფლებების დაცვას, ასევე კუნძულოვანი სახელმწიფოების განვითარებას. ლომეს IV კონვენცია წარმოადგენდა ევროპის კავშირის ქვეყნების ყველაზე დიდ საგარეო ბიუჯეტს — 2 მილიარდ ევროზე მეტს წელიწადში.

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისადმი დახმარების გაწევის ძირითადი ინსტრუმენტია ევროპის განვითარების ფონდი (ეგფ). ეგფ-ის პროექტების რეალიზაცია მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით: სტაბექსის (STABEX) და სისმინის (SYSMIN) ექსპორტიდან შემოსავლების სტაბილიზაცია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დამოკიდებულები არიან რაიმე მინერალების ექსპორტზე; კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციებში დახმარებაზე; დევნილებისთვის დახმარებაზე; ეკონომიკაში სტრუქტურული გარდაქმნების დახმარებაზე.

1996 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნდა ეგრედ წოდებული «მწვანე წიგნი», რომელმაც შეაჯამა 25-წლოვანი ლომეს კონვენციები. 2000 წლის 23 ივნისს აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის და ევროპის კავშირის ქვეყნების მინისტრების დონის 25-ე შეხვედრაზე ბენინის დედაქალაქ კოტონუში ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ამ ორი ორგანიზაციის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მხარეების ურთიერთობის პრინციპები უახლოესი 20 წლის განმავლობაში. მას სახელად უწოდეს «კოტონუს შეთანხმება». დოკუმენტს ხელი მოაწერა არა მარტო ევროპის კავშირის 15 და აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის 71 ქვეყნის წარმომადგენლებმა, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონის 6 კუნძულოვანმა სახელმწიფომ — კუკის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, მარშალის კუნძულები, ნიუე, ასევე მიკრონეზიის ფედერაციული შტატები, რომლებიც მიწვეული იყვნენ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის მისაღებად ახალი წევრების სახით. აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის 78 ქვეყნიდან კოტონუს შეთანხმებას ხელი არ მოაწერა მხოლოდ კუბამ.

შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების თანდათანობითი და ჰარმონიული ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში რეგიონალური ინტეგრაციის პროცესების კონსოლიდაციის ბაზაზე თვითონ აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების შიგნით. თანამშრომლობის საბაზო პრინციპებია — ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმების, კანონის უზენაესობის პატივისცემა, ასევე სამართლიანი მმართველობის რეჟიმი, რომელიც შეთანხმებაში დამატებულია პარტნიორებს შორის პოლიტიკური დიალოგით, რაც ძირითადი ფაქტორია ევროპის კავშირის ფინანსური დახმარებისა. მთავარი ნოვაციებია დახმარების დიფერენციაცია, სამოქალაქო საზოგადოების მოზიდვა თანამშრომლობისკებ, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ასევე იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია ბუნების დაცვასთან და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან. შეთანხმება ითვალისწინებს ახალ სავაჭრო რეჟიმზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესს, რომელიც უკვე აღარ იქნება ბაზირებული ცალმხრივ პრეფერენციებზე და თანდათანობით ჩამოაყალიბებს ერთმანეთთან ურთიერთობაზე დაფუძნებულ სისტემას. ამ პროცესის ეტაპები უნდა გახდეს 2008 წელს ძალაში შესული ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური შეთანხმებები, რომლებიც მოამზადებენ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას 2020 წლისთვის. მაგრამ აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომლებიც მზად არ არიან ხელი მოაწერონ რეგიონალურ შეთანხმებებს, გააგრძელებენ პრეფერენციალური რეჟიმის სარგებლობას.

2003 წლის 1 აპრილს კოტონუს შეთანხმება ძალაში შევიდა. აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები რჩება ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ხაზის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ახალ მრავალპოლუსიან სამყაროში. აფრიკაში ევროპის კავშირი აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა დასავლეთაფრიკულ ეკონომიკურ და სავალუტო კავშირთან, სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების თანამეგობრობასთან, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობასთან, აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობასთან. ევროპის კავშირი მხარს უჭერს დიალოგს აფრიკის კავშირთან[1].

მთლიანობაში, ევროპის კავშირის პოლიტიკა განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში დღეისათვის განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც პირობითად შეიძლება დავყოთ 4 კატეგორიად:

1) საგარეო დახმარებების ადმინისტრირების რადიკალური გადახედვა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოორდინაციის და დახმარების პროგრამების ეფექტური რეალიზაციის გაძლიერებას. ამ მიზნებისათვის 2001 წლის იანვარში დაარსდა სპეციალური ორგანო — ევროპული დახმარების მიღების თანამშრომლობის ცენტრი (ინგლ. EuropeAid Co-operation Office), რომელიც დაკავებულია საგარეო დახმარებების და ევროპის კავშირის მხარდაჭერის კოორდინირებით;

2) ევროპის კავშირის დახმარების პროგრამების ორიენტაციის შეცვლა, რომლებიც დაემსგავსება სხვა საერთაშორისო დონორების პროექტებს, ისეთების, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ანუ მათში ძირითადი ყურადღება მიექცევა პოლიტიკურ დიალოგს, მმართველობას და სტაბილურ განვითარებას;

3) ევროპის კავშირის განვითარების პოლიტიკის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან შესაბამისობაში მიყვანის გაძლიერება;

4) ბაზრის გახსნის ახალი სტრატეგია ყველაზე ღარიბი ქვეყნებისათვის: 2000 წლის სექტემბერში ევროპულმა კომისიამ 48 უღარიბეს ქვეყანას წარუდგინა 2005 წლისთვის ევროპის ბაზარზე მათი პროდუქციის დაუბეგრავად გატანა. ამ ინიციატივამ, სახელწოდებით «ყველაფერი, იარაღის გარდა» (ინგლ. «Everything But Arms») რეალიზება დაიწყო 2001 წელს.

დღეისათვის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ჯგუფში შედის 79 სახელმწიფო, მათგან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 38 ქვეყანა შეიყვანა მსოფლიოს 48 ყველაზე უფრო განუვითარებელი ქვეყნების სიაში. აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის 79 ქვეყნიდან მხოლოდ ლიბერია და ეთიოპია არ არიან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ყოფილი კოლონიები. ევროპის ქვეყნების ყველა ყოფილი კოლონია არ შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ჯგუფში (მაგალითად, ყოფილი ბრიტანული კოლონიები ინდოეთი და პაკისტანი). ცალკე შეთანხმებები ევროპის კავშირთან აქვს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც არ არის ლომეს კონვენციის სრულუფლებიანი წევრი.

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბის აუზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბის აუზის ქვეყნები წარმოადგენენ შედარებით კეთილმოწყობილი ქვეყნების ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ დაჯგუფებას. კარიბის ჯგუფის ქვეყნების განსაკუთრებულობა მდგომარეობს მათი გეოგრაფიული სიახლოვით და ეკონომიკური დამოკიდებულებით აშშ-ზე. ყველა ეს ქვეყანა შევიდა 1995 წელს შექმნილ კარიბის სახელმწიფოთა ასოციაციაში (კსა), რომლის განვითარება ხდება დასავლეთ ნახევარსფეროს ინტეგრაციული პროცესების ჩარჩოებში.

წყნარი ოკეანის რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყნარი ოკეანის აუზის 8 ქვეყანა აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო მრავალფეროვანია. ყველაზე უფრო დიდია პაპუა-ახალი გვინეა მოსახლეობით დაახლოვებით 7 მილიონი ადამიანი, რაც შეადგენს ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის 70 %-ს. ამ ქვეყნებს, რომლებიც წარმოადგენენ კუნძულოვან სახელმწიფოებს, გააჩნიათ მცირე ეკონომიკური პოტენციალი და ორიენტირებულები არიან საექსპორტო ვაჭრობაზე. პაპუა-ახალი გვინეა 1989 წლიდან მონაწილეობს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. ამ რეგიონის სხვა ქვეყნები, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, ასევე თანდათან ორიენტაციას იღებენ აზიურ მსოფლიო ეკონომიკურ ცენტრზე.

მართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები იმართება გენერალური სამდივნოს მიერ, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. კიდევ ერთი წარმომადგენლობა გახსნილია შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ძირითადი ორგანოებია:

  • მინისტრთა საბჭო;
  • ელჩების კომიტეტი;
  • საპარლამენტო ასამბლეა;
  • აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონი-ევროპის კავშირის ერთობლივი ასამბლეა, რომელიც შედგება ლომეს IV კონვენციაში მონაწილე თითოეული ქვეყნის ერთი არჩეული წარმომადგენლისგან და ევროპის კავშირის წევრების იგივე რაოდენობა. ესაა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იკრიბება წელიწადში ორჯერ;
  • აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონი-ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭო, სადაც შედიან ყველა ამ ორივე ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მინისტრები, ასევე გადაწყვეტილებების მიმღები კომისიის წარმომადგენელი;
  • აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონი-ევროპის კავშირის ელჩების კომიტეტი, რომელიც შედგება ევროპის კავშირის ყველა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლისგან, ევროპული კომისიის წარმომადგენელისაგან და ევროპის კავშირში აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების მისიის მეთაურები და აღმასრულებელი და მმართველობითი ფუნქციების შემსრულებლები;
  • მეწარმეობის განვითარების ცენტრი;
  • სოფლის მეურნეობის და მიწადმოქმედების ტექნიკური ცენტრი.

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების გენერალურ მდივნად 2010 წელს დაინიშნა მოჰამედ იბნ ჩამბასი (განა).

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ყველაზე უფრო ნაკლებად განვითარებული ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის კუნძულოვანი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]