ატლანტის ოკეანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწის ოკეანეები
ატლანტის ოკეანე

ატლანტის ოკეანე დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდან არის და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს.

ოკეანეს წაგრძელებული ლათინური S-ის მაგვარი ფორმა აქვს, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით არის გადაჭიმული და ეკვატორიული ურთიერთსაპირისპირო დინებით 8° ჩრდილოეთის გრძედთან იყოფა ჩრდილო და სამხრეთ ატლანტიკებად. დასავლეთით ესაზღვრება ამერიკის კონტინენტებს, ხოლო აღმოსავლეთით — ევროპასა და აფრიკას. წყნარ ოკეანეს უკავშირდება არქტიკის ოკეანით ჩრდილოეთში და დრეიკის სრუტით სამხრეთში. ეს ორი ოკეანე ხელოვნურად ასევე დაკავშირებულია პანამის არხით. აღმოსავლეთით ატლანტისა და ინდოეთის ოკეანის გამყოფია 20° აღმოსავლეთის მერიდიანი, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით ანტარქტიკისკენ მიერმართება. ატლანტიკას არქტიკის ოკეანისგან ჰყოფს ხაზები გრენლანდიასა და ჩრდილოდასავლეთ ისლანდიას შორის, ჩრდილოაღმოსავლეთ ისლანდიასა და შპიცბერგენის უკიდურეს სამხრეთ წერტილებს შორის და შემდეგ ჩრდილოეთის კონცხსა და ჩრდილოეთ ნორვეგიას შორის.

ფარავს დედამიწის ზედაპრის დაახ. 20% ატლანტის ოკეანე სიდიდით ჩამორჩება წყნარ ოკეანეს. მიმდებარე ზღვების ჩათვლით მისი ფართობია 106.400.000 კვ. კმ; ზღვების გამოკლებით — 82.400.000 კვ. კმ. ხმელეთის ფართობი, რომლის მდენარეები ატლანტიკაში ჩაედინება ოთხჯერ აღემატება წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისას. ოკეანის მოცულობა ზღვებითურთ არის 354.700.000 კუბ. კმ., ზღვების გამოკლებით - 323.600.000 კუბ. კმ.

ატლანტის საშუალო სიღრმე ზღვებითურთ 3.332 მეტრია; ზღვების გარეშე — 3.926 მ. ყველაზე ღრმა 8.605 მეტრით პუერტო რიკოს ღრმულია. ატლანტის სიგანე მერყეობს 2.848 კმ-ით ბრაზილიასა და ლიბერიას შორის 4.830 კმ-მდე აშშ-სა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის.

ატლანტის ოკეანეს უსწორმასწორო სანაპირო აქვს უამრავი ყურით, უბითა და ზღვით. მათ შორისაა კარიბის ზღვა, მექსიკის ყურე, წმინდა ლავრენტის ყურე, ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, ლაბრადორის ზღვა, ბალტიის ზღვა, ნორვეგიის ზღვა, გრენლანდიის ზღვა და ა.შ. ოკეანის კუნძულებია: ფაროს კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, როკალი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ფერნანდუ-დი-ნორონია, აზორის კუნძულები, მადეირა, კანარის კუნძულები, კაბო-ვერდეს კუნძულები, სან-ტომე და პრინსიპის კუნძულები, ნიუფაუნდლენდი, ბერმუდის კუნძულები, კარიბის კუნძულები, წმინდა ელენეს კუნძული, ტრინიდადი და ტობაგო, ტრისტან და კუნია, ფოლკლენდის კუნძულები,სამხრეთ ჯორჯიის კუნძული და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: