შინაარსზე გადასვლა

ტოგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტოგო (მრავალმნიშვნელოვანი).
ტოგოს რესპუბლიკა
ფრანგ. République Togolaise
ტოგო
ტოგოს
დევიზი: ფრანგ. "Travail, Liberté, Patrie"[1]
შრომა, თავისუფლება, სამშობლო
ჰიმნი: ფრანგ. "Salut à toi, pays de nos aïeux"
„ჩვენი წინაპრების მიწა
დედაქალაქი
და
ლომე
6°07′ ჩ. გ. 1°13′ ა. გ. / 6.117° ჩ. გ. 1.217° ა. გ. / 6.117; 1.217
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა დიქტატურა
 -  პრეზიდენტი ჟან-ლუსიენ სავი დე ტოვე
ფართობი
 -  სულ 56 785 კმ2 (125-ე)
 -  წყალი (%) 4,2
მოსახლეობა
 -  2024 შეფასება 9 583 381[2] (101-ე)
 -  2022 აღწერა 8 095 498[3]
 -  სიმჭიდროვე 125,9 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2025 შეფასება
 -  სულ $33.050 მილიარდი[4] (147-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $3470[5] (166-ე)
აგი (2023)0.571[6]
საშუალო · 161-ე
ვალუტა დასავლეთაფრიკული ფრანკი (XOF)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +228
ISO 3166 კოდი TGO
ინტერნეტ-დომენი .tg

ტოგოს რესპუბლიკა (ფრანგ. République Togolaise) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. 1960 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. გაეროს წევრი გახდა 1960 წელს. ტოგო აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციის წევრია. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის ლომე.

ქვეყანას დასავლეთიდან ესაზღვრება განა, აღმოსავლეთიდან ბენინი და ჩრდილოეთიდან ბურკინა-ფასო. ქვყენის სამხრეთით მდებარეობს გვინეის ყურე, რომლის სანაპიროზეც მდებარეობს დედაქალაქი ლომე. ქვეყნის ფართობი 56 785 კვადრატული კილომეტრია (22 008 კვადრატული მილი), რის გამოც, ის აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მოსახლეობა 8,6 მილიონია. ტოგო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო ქვეყანაა, რომლის სიგანეც 115 კმ-ზე (71 მილი) ნაკლებია.[7]

XVI საუკუნიდან XVIII საუკუნემდე სანაპირო რეგიონი ევროპელებისთვის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო მონების შესაძენად, რითაც ტოგომ და მიმდებარე რეგიონმა მიიღო სახელწოდება „მონათა სანაპირო“. 1884 წელს გერმანიამ ტოგო და მისი მიმდებარე ტერიტორია თავის შემადგენლობად გამოაცხადა და ტოგოლენდი უწოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტოგოს მმართველობა საფრანგეთის ხელში გადავიდა. 1960 წელს ტოგომ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1967 წელს გნასინგბე ეიადემამ წარმატებული სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის შემდეგაც ის ანტიკომუნისტური, ერთპარტიული სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. 1993 წელს ეიადემამ მოაწყო მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გაყალბების შედეგად მესამე ვადით გახდა პრეზიდენტი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეიადემა თანამედროვე აფრიკის ისტორიაში ყველაზე დიდხნიანი მმართველის სტატუსი მოიპოვა. ის ტოგოს 38 წლის განმავლობაში მართავდა.[8] 2005 წელს მისი შვილი, ფორ გნასინგბე ტოგოს პრეზიდენტად აირჩიეს.

თანახმად ერთ-ერთი ვერსიისა ტოპონიმი „ტოგო“ წარმოიშვა ევეს ენის სიტყვისგან, რაც ნიშნავს „ადგილს ლაგუნის იქითა მხრიდან“. მეორე ვერსიის თანახმად, სახელწოდება წარმოიშვა ჰიდრონიმ ტოგოდან. 1905 წელს გერმანიის იმპერიის კოლონიალურმა ხელისუფლებამ საკუთარ კოლონიას უწოდეს ტოგოლენდი, ხოლო 1960 წელს ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სახელად დაირქვა „ტოგოს რესპუბლიკა“.

კოლონიამდელი პერიოდი (-1889)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, თანამედროვე ტოგოს ტერიტორიაზე უძველესი ტომები დაკავებულები იყვნენ ჭურჭლის წარმოებითა და რკინის დამუშავებით. სახელი ტოგო მომდინარეობს ენა ევედან და ითარგმნება როგორც „ადგილი სადაც ლაგუნა წევს“. ბევრი არაფერია ცნობილი ქვეყანაში პორტუგალიელების გამოჩენამდე (1490 წლამდე). XI-XVI საუკუნეებში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა მიმართულებიდან შევიდნენ სხვადასხვა ტომები: ევები დასავლეთიდან და გენები და ფონები აღმოსავლეთიდან. ისინი მეტწილად სანაპიროების მიმდებარედ დასახლდნენ.

მონებით ვაჭრობა XVI საუკუნეში დაიწყო. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ქვეყნის სანაპირო ნაწილი ევროპელების მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რის გამოც შემდგომში ტოგო და მისი მიმდებარე ტერიტორია ცნობილი იყო სახელით „მონათა სანაპირო“.

კოლონიზაციის პერიოდი (1884-1960)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოგოლენდი (რუდოლფ ჰელგრივი, 1908 წელი)

1884 წელს ტოგოვილში გერმანელთა და მეფე მლაპა III-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სანაპირო ზოლი გერმანიის შემადგენლობაში გადადიოდა. გერმანიამ დროთა განმავლობაში მეტად მოიკიდა ფეხი ქვეყანაში და თავისი კონტროლი დაამყარა. მოგვიანებით ტოგოს საზღვრები განისაზღვრა გერმანიის მიერ ტერიტორიის დაპყრობის შედეგად და ასევე საფრანგეთსა და ბრიტანეთთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. 1905 წელს ტოგო გერმანიის იმპერიის კოლონია გახდა, რომლის შემადგენლობაშიც ტოგოლენდის სახელწოდებით შევიდა. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო რომ ემუშავა, დაემუშავებინა ბამბა, ყავა და კაკაო და ასევე გადაეხადა მაღალი გადასახადები. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის აშენდა რკინიგზა და ლომეს პორტი. გერმანელებმა ქვეყანაში შეიტანეს თანამედროვე ტექნიკა ყავის, კაკაოსა და ბამბის კულტივაციისთვის და ასევე განავითარეს ინფრასტრუქტურა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ტოგოლენდში ბრიტანეთი და საფრანგეთი შეიჭრა. 1916 წლის 7 დეკემბერს ტოგო ბრიტანულ და ფრანგულ ნაწილებად დაიყო. 1922 წლის 20 ივლისს დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ერთა ლიგის მანდატი, რომ ემართა ტოგოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო საფრანგეთს აღმოსავლეთ ნაწილი უნდა ემართა. 1945 წელს ქვეყანამ მოიპოვა უფლება, რომ გაეგზავნა სამი წარმომადგენელი საფრანგეთის პარლამენტში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ორივე მანდატი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორია. 1957 წელს ბრიტანეთის ტოგოლენდის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეერთებულიყვნენ ოქროს ნაპირს, როგორც ახალი დამოუკიდებელი განის ნაწილი. 1959 წელს ფრანგული ტოგოლენდი გახდა საფრანგეთის კავშირის ავტონომია. ამით საფრანგეთმა შეინარჩუნა დაცვის, საგარეო ურთიერთობებისა და ფინანსების კონტროლის უფლება.

სილვანუს ოლიმპიო

ტოგოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1960 წლის 27 აპრილს მოიპოვა. 1961 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც სილვანუს ოლიმპიო ტოგოს პირველი პრეზიდენტი გახდა. მან ხმების აბსოლუტური 100 % მოიპოვა. 1961 წლის 9 აპრილს მიიღეს ტოგოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო ტოგოს ეროვნული ასამბლეა.[9]

1961 წლის დეკემბერში ტოგოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააპატიმრეს, მათ ბრალი ედებოდათ ანტისამთავრობო შეთქმულების მომზადებაში. გამოიცა ბრძანება ოპოზიციური პარტიების დაშლის შესახებ. ოლიმპიო შეეცადა საფრანგეთისადმი დამოკიდებულების შემცირებას შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და დასავლეთ გერმანიასთან თანამშრომლობის დამყარებით. მან ასევე, ალჟირის ბრძოლაში ფრანგებს ხელი შეუშალა ტოგოელთა არმიაში მოხვედრაში. საბოლოოდ ამ ფაქტორებმა განაპირობა სამხედრო გადატრიალება 1963 წლის 13 იანვარს, რომლის დროსაც ოლიმპიო მოკლა ჯარისკაცთა ჯგუფმა სერჟანტი გნასინგბე ეადემას ხელმძღვანელობით. შედეგად ტოგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გნასინგბე ეიადემა

სამხედრო ძალების მმართველობა ნიკოლას გრუნიცკის ხელში გადავიდა. 1963 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გრუნიცკი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ახალი ხელმძღვანელობა საფრანგეთთან ურთიერთობების გაღრმავების პოლიტიკას ატარებდა. გრუნიცკის მთავარი მიზანი ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის განხეთქილების შემცირება იყო. მათ შეიმუშავეს ახალი კონსტიტუცია და დანერგეს მრავალპარტიული სისტემა.

ნიკოლას გრუნიცკი

1967 წლის 13 იანვარს, გნასინგბე ეიადემამ გრუნიცკი უსისხლო გადატრიალებაში დაამარცხა და ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მან აკრძალა სხვა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და 1969 წლის ნოემბერში ერთპარტიული სისტემა დაამყარა. ის ხელმეორედ აირჩიეს 1979 და 1986 წლების არჩევნებში. 1983 წელს დაიწყო პრივატიზება და 1991 წელს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პარტიები დაუშვეს. ევროკავშირმა ტოგოსთან ურთიერთობა შეაჩერა ეიადემას 1993, 1998 და 2003 წლებში ხელმეორედ არჩევის გამო. 2004 წელს კი ბრიუსელში მოლაპარაკება გაიმართა ურთიერთობების აღდგენის შესახებ.

ფორ გნასინგბე

2005 წლის 5 თებერვალს გნასინგბე ეიადემა მოულოდნელად გარდაიცვალა 38 წლიანი მმართველობის შემდეგ. სამხედროებმა მისი ვაჟი, ფორ გნასინგბე პრეზიდენტად დაუყოვნებლივ დააყენეს, რამაც საერთაშორისო გმობა გამოიწვია. გამონაკლისს მხოლოდ საფრანგეთი წარმოადგენდა. დემოკრატიულად არჩეულმა აფრიკული ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა, როგორიცაა სენეგალელი აბდულაი ვეიდმა და ნიგერიელი ოლუსეგუნ ობასანჯო, მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს, რითაც აფრიკის კავშირში არეულობა გამოიწვიეს.[10]

გნასინგბემ ხელისუფლება დატოვა და არჩევნები მოაწო, სადაც ისევე თვითონ გაიმარჯვა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. აღდგა ურთიერთობა ევროკავშირთან. ამასთან, გაეროს მონაცემებით ქვეყანაში 400-მდე ადამიანი დაიღუპა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობით. დაახლოებით 40 000 ტოგოელი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში. გნასინგბე ხელახლა აირჩიეს 2010 და 2015 წლებში.

2020 წლის თებერვალის საპრეზიდენტო არჩევნებში, ფორ გნასინგბემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მეოთხე ვადით გახდა ტოგოს პრეზიდენტი.[11] ოფიციალური მონაცემების მიხედვით მან ხმების 72 % მოიპოვა.[12] 2020 წლის 4 მაისს ტოგოს სამხედრო ბატალიონის მეთაური ბიტალა მადჯულბა გარდაცვლილი იპოვნეს თავის კაბინეტში, მას შემდეგ რაც გნასინგბე მეოთხე ვადით აირჩიეს. მისი გარდაცვალება ბევრ კითხვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაში.[13]

ტოგოს რუკა
განასა და ტოგოს ტოპოგრაფიული რუკა

ტოგოს ფართობი 56 785 კვ. კმ-ია (21 925 კვ. მილი), რითაც ის აფრიკის ერთ-ერთ უმცირეს სახელმწიფოს წარმოადგენს. მას სამხრეთიდან ბენინის ყურე ესაზღვრება. საზღვრების საერთო სიგრძეა 1647 კმ. განა (877 კმ) მისგან დასავლეთითაა, ბენინი (644 კმ) - აღმოსავლეთით, ბურკინა-ფასო (126 კმ) - კი ჩრდილოეთით. ის ჩრდილოეთის 6 და 11 გრადუსიან პარალელებსა და ნულოვან და მეორე მერიდიანებს შორისაა მოქცეული.

მთა აგუ — ტოგოს უმაღლესი წერტილი

ქვეყანა გადაჭიმულია 579 კმ-ზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ყველაზე ფართე ადგილის სიგანე შეადგენს 160 კმ-ს. სანაპირო ზოლის სიგრძეა 56 კმ, სადაც ქვიშიანი სანაპიროები მდებარეობს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია მეტწილად ბორცვებით ხასიათდება, რაც ქვეყნის სხვა ნაწილებისგან გამოარჩევს. სამხრეთ ნაწილებში ხშირია ჭაობები, ტბები და ტყეები. ტოგოს სანაპირო ხაზი ნაკლებადაა დაკლაკნილი; მრავალი ლაგუნა დაშორებულია ოკეანის ნაპირიდან დაბალი (5 მეტრამდე) ქვიშოვანი ზოლით. ტოგოს სამხრეთით მდებარეობს 20 მეტრამდე სიმაღლის ქვიშოვან-თიხოვანი სანაპირო აკუმულაციური დაბლობი, რომელზეც მიბმულია ცოკოლური დენუდაციური დაბლობები და 200—400 მ სიმაღლის პლატო; ჩრდილოეთით მათ ცვლის 500 მეტრამდე სიმაღლის სუსტტალღოვანი დენუდაციურ-აკუმულატიური ფენის დაბლობები. სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობენ ლოდიანი ატაკორის მთები. აქ მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი — მთა აგუ (Mont Agou), რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 986 მ.

ქვეყნის დიდი ნაწილი დაფარულია სავანით, ტოგოს ტერიტორიის 10 % შეადგენს ტყეს. დღეისათვის მიმდინარეობს ტყის მასივების შემცირება, რაც იწვევს ფაუნის გაღარიბებას.

მდინარეები მიეკუთვნება ვოლტის აუზს (ოტი, კარა, მო), მონოს აუზს (ანიე, ამუ) და ტოგოს ტბის აუზს (სიო, ჰაჰო). ყველაზე გრძელი მდინარეა მონო, რომლის სიგრძეა 467 კმ. მდინარე მიედინება სამხრეთისაკენ. მდინარის შესართავის გასწვრივ გადის საზღვარი ბენინთან. ტოგოს ტბა ყველაზე დიდია ქვეყანაში, მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 50 კმ²-ს, ხოლო სიღრმე 2,5 მეტრს. მდინარეები ჭარბწყლიანია წვიმიანი სეზონების დროს და საკმაოდ მეჩხერდება მშრალი სეზონების დროს. ყოველწლიურად განახლებადი წყლის რესურსები შეადგენენ 11,5 კმ³-ს, წყალუზრუნველყოფა 2930 მ³-ს ადამიანზე წელიწადში (2004). ყოველწლიური წყალშეკრება 169 მილიონ მ³-ს, მათ შორის 53 % გამოიყენება საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში, 45 % — სოფლის მეურნეობაში, 2 % — მრეწველობაში.

სასარგებლო წიაღისეული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოგოს ტერიტორიაზე არსებობს სასარგებლო წიაღისეული, მაგალითად: ალუმინი, ბოქსიტი, გრაფიტი, დოლომიტი, რკინა, ოქრო, კირქვა, კაოლინი, მარმარილო, ფოსფატი, სუფრის მარილი, ურანი და ქრომი.

ტოგოს ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში კლიმატი ეკვატორულია, ჩრდილოეთში — სუბეკვატორული. წლის საშუალო ტემპერატურა — +24—27 °C. თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 20-დან 32 °C-მდე. კლიმატის კონტინენტალურობა მატულობს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მაქსიმალური ტემპერატურა იცვლება 30 °C-დან (ქალაქი ლომე) 34 °C-მდე (ქალაქი მანგო), მინიმალური შესაბამისად — 23-დან 13 °C-მდე. ნალექების წლიური რაოდენობაა 750-დან 1500 მმ-მდე. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში აღინიშნება ნალექების ორი მაქსიმუმი (მარტი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი) და ორი მინიმუმი, ჩრდილოეთ ნაწილში — ერთი წვიმიანი სეზონი ზაფხულში (აპრილ-მაისიდან სექტემბერ-ოქტომბრის ჩათვლით) და მშრალი სეზონი ზამთარში.

მცენარეული სამყარო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოგოს ფარგლებში გამოიყოფა ხუთი ბუნებრივი ზონა, რომლებიც იცვლებიან ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ: სუდანის სავანები ტყის მცენარეულობის კუნძულებით; კარას რეგიონი ტყის და ტყე-სავანების მოზაიკით; ცენტრალური დაბლობები მშრალი ტყეებით და გვინეის ტიპის ნოტიო სავანებით; ატაკორის მთები ნახევრადფოთლოვანი ტყეებით; სანაპირო დაბლობი შენარჩუნებული მანგროს ტყეებით. ჭარბობს წითელი ფერალიტური ნიადაგი.

ჩვეულებრივი ღამის ყანჩა (ლათ. Nycticorax nycticorax)

ტოგო საკმაოდ მრავალფეროვანია. მიყრუებულ რაიონებში შენარჩუნებულია ჯიქი, აფრიკული სპილო, ლომი, ბეჰემოთი, ანტილოპა, აფრიკული კამეჩი, ჟირაფი, ტურა და ნიანგი. დიდი რაოდენობითაა მწერები (ტერმიტები, ბუზი ცეცე). ტოგოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია ფრინველების 678 სახეობა[14]: დურაჯი, ჟაკო, მცირე ფლამინგო, პიტა, მარაბუ, აფრიკული ჟაბირუ, ივეოსი.

დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს უკავიათ ქვეყნის ფართობის 10 %, მათ შორის ყველაზე უფრო დიდებია — კერანის, მანდურის, ფაზაო-მალფაკასას, აბდულაის ეროვნული პარკები.

ტოგო წარმოადგენს რესპუბლიკას. ქვეყნის კონსტიტუცია მიღებული იქნა 1992 წლის 27 სექტემბრის რეფერენდუმზე, 2002 და 2005 წლებში კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები.

სახელმწიფოს მეთაურია — რესპუბლიკის პრეზიდენტი, ის ირჩევა კენჭისყრით 5 წლიანი ვადით. რესპუბლიკის პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი — ეროვნული კრება.

საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი ეროვნული კრება, რომელიც შედგება 81 დეპუტატისგან. ირჩევა ხუთი წლის ვადით პირდაპირი საყოველთაო არჩევნების დროს.

ტოგოს საგარეო პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოგოს საგარეო პოლიტიკა — ეს არის ტოგოს ერთიანი კურსი საერთაშორისო ურთიერთობებში. საგარეო პოლიტიკა არეგულირებს ტოგოს ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან. ამ პოლიტიკის რეალიზაცია ევალება ტოგოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საკუთარ საგარეო პოლიტიკაში ტოგო ორიენტირებულია მიუმხრობლობის მოძრაობაზე, თუმცა ინარჩუნებს ძლიერ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს დასავლეთ ევროპასთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან და გერმანიასთან[15]. ტოგოს პრეზიდენტი გნასინგბე ეიადემა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საფრანგეთის მიმართ, რადგან ის 1950-იან წლებში გადიოდა სამხედრო სამსახურს საფრანგეთის არმიაში. გნასინგბე ეიადემამ დაამყარა კარგი ურთიერთობა საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან. გერმანიასთან ურთიერთობებში არსებობს გარკვეული დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია ტოგოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებთან. ფრანგულ გავლენას და კულტურას უკავია დომინირებული პოზიცია ტოგოში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული იქნა ღონისძიებები აფრიკიზაციისკენ, მაგალითად, ტოგოს მაცხოვრებლებისთვის უარის თქმა „უცხოური სახელების“ რეგისტრაციაზე და 1975 წელს ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიეღო აფრიკული სახელი. ქვეყანაში ოფიციალური ენაა ფრანგული, ინსტიტუტებში და სკოლებში სწავლა მიმდინარეობს ფრანგულ ენაზე, ხოლო სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს საფრანგეთის სასამართლო სისტემის ანალოგიურად. ქვეყნის ეკონომიკა ასევე დაკავშირებულია საფრანგეთთან, დასავლეთაფრიკული ფრანკის მიმოქცევის გამო.

1990-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირმა ტოგოს დახმარება შეუჩერა ქვეყნის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე მინიმუმამდე დაიყვანა დახმარების რაოდენობა, თუმცა მსოფლიო ბანკმა და აფრიკის განვითარების ბანკმა გააგრძელეს მონაწილეობა ამ ქვეყნის ზოგიერთ პროექტებში. 2004 წლის შუა პერიოდში ტოგოს მთავრობამ და ევროკავშირმა დაიწყეს მოლაპარაკებები ურთიერთობების გაფართოებაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა იყო მოლაპარაკებების ორგანიზაცია ტოგოს მოქმედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 2006 წლის აპრილში შედგა მოლაპარაკებები ტოგოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, შედგა გეგმა უახლოეს მომავალში რეფორმების ჩატარების შესახებ, მათ შორის ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ, რომლის ძირითადი ამოცანა იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოებში თავისუფალი არჩევნების ჩატარება. 2007 წლის 19 ნოემბერს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტოგოსთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმ პოლიტიკური რეფორმების ჩატარების შემდეგ, რომელიც ტოგოში მოხდა გნასინგბე ეიადემას გარდაცვალების შემდეგ.

ტოგოს დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კუბასთან. 1987 წელს ტოგომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან. 1999 წელს ტოგოს შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღეს ECOMOG-ის მისიაში გვინეა-ბისაუში, ხოლო 2003 წელს ტოგოს მშვიდობისმყოფელები შევიდნენ ლიბერიაში. ტოგო დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრია.

ტოგოს ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან მთლიანობაში საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. 1960-იან წლებში დიპლომატიური ურთიერთობა ტოგოსა და განას შორის იყო არასტაბილური, ნეგატიური ფაქტორები იყო პოლიტიკური უთანხმოება და კონტრაბანდა მათ საერთო საზღვარზე. 1970-იანი წლების შუა პერიოდში ტოგოს პრეზიდენტმა გენერალმა გნასინგბე ეიადემამ განაცხადა ტერიტორიული პრეტენზია მეზობელი განის მთელ ტერიტორიაზე. 1993 წლის 26 იანვარს ტოგოში მოხდა არეულობები, რომელსაც სახელმწიფო ძალებმა მკაცრი პასუხი გასცეს და რის შედეგადაც ასი ათასობით ტოგოელი გაიქცა განაში. 1993 წლის იანვრის ბოლოს განის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადდა სრული საბრძოლო მდგომარეობა, თუმცა განის საგარეო საქმეთა მინისტრმა ობად ასამოამ განაცხადა, რომ ეს მოქმედებები არ იყო მიმართული ტოგოს წინააღმდეგ. 1993 წლის მაისში ტოგოს ხელისუფლებამ ნაწილობრივ დაკეტა განასთან საზღვარი, გასვლა შეეძლო მხოლოდ მათ ვისაც ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა. 1993 წლის ივნისის დასაწყისში დედაქალაქ ლომეს 600 000 მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი გაიქცა მეზობელ განაში და ბენინში. 2001 წლის იანვარში განის პრეზიდენტი ჯონ კუფუორი ოფიციალურ ვიზიტად ეწვია ტოგოს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა დაწყებულიყო ახალი ფურცლიდან. 2005 წელს ურთიერთობა განასა და ტოგოს შორის იყო საკმაოდ მაღალ დონეზე უკანასკნელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში.

ბენინსა და ტოგოს შორის ჩამოყალიბებულია მეგობრული ურთიერთობები. ნეგატიური ფაქტორი, რომელიც ართულებს ურთიერთობას ამ ორ სახელმწიფოს შორის, არის ტოგოს შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა, რის გამოც ბენინში ტოგოდან მოდიოდა დევნილების დიდი რაოდენობა. ბენინის ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია შუამავლობის გასაწევად ტოგოში შიდა არეულობების დასარეგულირებლად. ტოგოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული ბურკინა-ფასოსთან, 2012 წელს ამ ორი ქვეყნის მთავრობებმა დადეს ხელშეკრულება სატრანსპორტო კავშირების განვითარების შესახებ. ტოგოს ხელისუფლებას საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ტოგოს შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოგოს შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Forces armées togolaises) — ტოგოს სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციაა. იგი მოიცავს სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საზღვაო ძალებს, ავიაციას და ჟანდარმერიას. 2016 წლის მდგომარეობით სამხედრო ხარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,86 %-ს[16]. სამხედრო ბაზები განლაგებულია ქალაქებში ლომე, ტემეჯა, კარა, ნიამტუგუ და დაპაონი.[17]

ტოგოს არმია ტროპიკულ აფრიკაში ითვლება ყველაზე უფრო ორგანიზებულად და აღჭურვილად. სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა შეადგენს 9000 ადამიანს. საფრანგეთი თამაშობს მთავარ როლს ტოგოს არმიის სამხედრო კადრების მომზადებაში და ტექნიკურ შეიარაღებაში.

შეიარაღება და ტექნიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოგოს სახმელეთო ჯარების შეიარაღება შედგება შემდეგი ტექნიკური ერთეულებისგან:

  • 4 ძირითადი საბრძოლო ტანკი Т-54/55[18]
  • 8 სადაზვერვო მსუბუქი ტანკი FV101 Scorpion[18]
  • 20 საბრძოლო მანქანა БМП-2[18]
  • 3 სამეთაურო-საშტაბო მანქანა М-20[18]
  • 10 ჯავშანავტომანქანა Panhard AML (7 AML-90 და 3 AML-60)[18]
  • 36 სადაზვერვო მანქანა Engesa EE-9 Cascavel[18]
  • 11 ჯავშანმანქანა VBL[18]
  • 6 ჯავშანავტომანქანა М8 Grеyhound[18]
  • 30 ჯავშანტრანსპორტიორი UR-416[18]
  • 6 თვითმავალი 122-მმ-ნი ჰაუბიცა 2С1[18]
  • 4 105-მმ-ნი ჰაუბიცა М101 А2[18]

სამხედრო-საზღვაო ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოგოს სამხედრო-საზღვაო ძალები (ფრანგ. Marine Togolaise) შეიქმნა 1976 წლის 1 მაისს სანაპირო ხაზის და ლომეს პორტის დასაცავად. 1976 წლიდან შეიარაღებაში იმყოფება ხის კორპუსიანი ორი საპატრულო კატერი Kara (P761) და Mono (P762).[19] 2014 წლის 7 ივლისს ტოგოს ფლოტმა შეიარაღებაში მიიღო საპატრულო ტიპის კატერი RPB 33 Agou (P763).[20]

სამხედრო-საჰაერო ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ემბლემა

ტოგოს სამხედრო-საჰაერო ძალები (ფრანგ. Armée de l'Air Togolaise) შეიქმნა 1964 წელს, ამჟამინდელი სახელწოდება ქვია 1997 წლიდან.[21]

ტოგოს სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში პირველი თვითმფრინავი გახდა Douglas C-47 Skytrain. 1976 წელს С-47 შეიცვალა ორი DHC-5 Buffalo შემოკლებული ასაფრენ-დასაჯდომი მანძილის ზოლით. იმავე წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებისგან შეისყიდეს ხუთი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი Fouga СМ.170 Magister, ხოლო ბრაზილიისგან — შვიდი EMB.326GBs.

1981 წელს შეიარაღებაში მიიღეს ხუთი მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი Alpha Jet. 1986 წელს შეძენილი იქნა სამი დგუშიანი სასწავლო თვითმფრინავი TB-30.

დღეისათვის შეიარაღებაში იმყოფება:

  • 2 სატრანსპორტო თვითმფრინავი Super King Air[22]
  • 4 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი Alpha Jet[22]
  • 4 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი EMB.326GBs[22]
  • 3 სასწავლო თვითმფრინავი TB-30[22]

სატრანსპორტო თვითმფრინავები დისლოცირებულია დედაქალაქ ლომეში ლომე—ტოკოინის აეროპორტის ბაზაზე. საბრძოლო თვითმფრინავები განლაგებულია ნიამტუგუში ადგილობრივი აეროპორტის ბაზაზე.[23]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოგოს რეგიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ტოგო დაყოფილია 5 რეგიონად.

რეგიონი ადმ. ცენტრი ფართობი
(კმ²)[24]
მოსახლეობა
(ად. 2022 წ.)[25]
სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
პრეფექტურების
რაოდენობა
ცენტრალური სოკოდე 13 101 795 529 60,72 5
კარა კარა 11 588 985 512 85,05 7
ზღვისპირეთი ტსევიე 6280 3 534 991 562,90 8
პლატო ატაკპამე 17 206 1 635 946 95,08 12
სავანა დაპაონი 8496 1 143 520 134,60 7
სულ56 6718 095 498142,8539
ტოგოს მოსახლეობის 2020 წლის ასაკობრივ-სქესობრივი პირამიდა

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა ტოგოში ჩატარდა 2013 წელს. აღწერის მონაცემების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 8 095 498 ადამიანი[25]. ტოგო მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით 101-ე ქვეყანაა. ტოგოს მოსახლეობა სწრაფად იზრდება.[26]

მოსახლეობა — 8 049 233 ადამიანი (2022 წლის შეფასება).

მოსახლეობის ზრდის ტემპი — 2,48 % (2022 წლის შეფასება).

შობადობის მაჩვენებელი — 31,86 დაბადებული ბავშვი 1000 მოსახლეზე (2022 წლის შეფასება).

შობადობის მაჩვენებელი — 4,23 დაბადებული ბავშვი/ 1 ქალი (2022 წლის შეფასება).

სიკვდილიანობის მაჩვენებელი — 5,27 გარდაცვლილი 1000 მოსახლეზე (2022 წლის შეფასება).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 71,36 წელი.

  • მამაკაცი — 68,76 წელი
  • ქალი — 74,03 წელი

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი — 41,19 გარდაცვლილი/1000 ცოცხლად დაბადებულიდან.

წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი — -1,81 მიგრანტი/1000 მოსახლეზე (2022 წ.).

ასაკობრივი სტრუქტურა.

  • 0–14 წელი — 39,73 %
  • 65 წლის და ზემოთ — 3,57 %

იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადება — 3,2 % (2003 წლის შეფასება).

განათლების დონე: 60,9 %, მამაკაცები – 75,4 % და ქალები – 46,9 % (2003 წლის შეფასება).

ტოგოში დაახლოებით 40 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანია სამხრეთში მცხოვრები ევეს ხალხი, რომელიც მოსახლეობის 32 %-ს შეადგენს. სამხრეთ სანაპირო ზოლის გასწვრივ ისინი მოსახლეობის 21 %-ს შეადგენენ. ქვეყნის ცენტრში ასევე ცხოვრობს ტემის და ჩამბას ხალხი, ხოლო ჩრდილოეთში კაბიიეს ხალხი (22 %). უაჩები მოსახლეობის 14 %-ს შეადგენენ. ზოგჯერ ევეებს და უაჩებს ერთი და იგივე ხალხად თვლიან, მაგრამ ფრანგები, რომლებმაც ორივე ჯგუფი შეისწავლეს, მათ სხვადასხვა ეროვნებად მიიჩნევენ.[27] სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორისაა გენ-მინა, მოსი, მობა, ბასარი და ჩოკოსები ქალაქ მანგოს რეგიონში (დაახლოებით 8 %). არააფრიკელებს შორის ცხოვრობენ ფრანგები და პორტუგალიელები.[28]

ტოგო მრავალენოვანი ქვეყანაა, სადაც ერთ-ერთი შეფასების მიხედვით 44 ენაა.[29] ოფიციალური ენაა — ფრანგული. 1975 წელს მთავრობამ ორი ადგილობრივი ენა – ევე (ევეს ენაზე: Èʋegbe) და კაბიიე ეროვნულ ენებად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მეტად უფრო გამოიყენება განათლებასა და მედიაში. როგორც წესი ორი ეროვნული ენა რეგიონებში გამოიყენება: ევე გამოიყენება სამხრეთში, დედაქალაქ ლომედან ცენტრალური რეგიონის ბლიტის პრეფექტურამდე, ხოლო კაბიიე ჩრდილოეთში, ბლიტის პრეფექტურიდან ქალაქ დაპაონამდე.

ტოგო ფრანკოფონური ქვეყანაა, სადაც 2024 წლის მონაცემებით 9,515 მილიონი ადამიანიდან 3,913 მილიონი (41,12 %) ფრანგულად საუბრობს.[30]

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ენა არ არის მშობლიური ენა ადგილობრივ ხალხთა უმეტესობისთვის, ის გამოიყენება განათლებაში, საკანონმდებლო ორგანოში, მედიის ყველა ფორმაში, ადმინისტრაციასა და კომერციაში. ევე სამხრეთში ფართო კომუნიკაციის ენაა. ტემის ენა შეზღუდული ზომით ფუნქციონირებს, როგორც სავაჭრო ენა ჩრდილოეთის ზოგიერთ ქალაქში.[31] სხვა ენებია გენი, აჯა, მობა, ნტჩამი და იფე. თანამეგობრობაში გაწევრიანებით ტოგოს მთავრობამ ტოგოს მოქალაქეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობები გაითვალისწინა.[32]

რელიგიები ტოგოში (ARDA 2025 შეფასება.)[33]

  ისლამი (15.7%)
  სხვა (0.1%)

ტოგოში რელიგია მრავალფეროვანია, ქრისტიანობა კი ყველაზე ფართოდ გავრცელებული რწმენაა. ტოგოელების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ტრადიციულ სარწმუნოებებსა და ისლამს მისდევს.

ტოგოში ქრისტიანებისა და მუსლიმების მნიშვნელოვანი რაოდენობა ასევე იყენებს ხალხური რელიგიის ელემენტებს.[34][35] ტოგო სეკულარული სახელმწიფოა და ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.[36]

2014 წლის მოსახლეობისა და საცხოვრებელი ადგილის ზოგადი აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 25 % იყო კათოლიკე, რაც მას ტოგოში ქრისტიანობის ძირითად მიმდინარეობად ხდიდა, ხოლო სხვა კონფესიებს შორისაა მეთოდისტები, ლუთერანები, ღვთის ასამბლეის მიმდევრები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, მორმონები და იეჰოვას მოწმეები. ქვეყანაში სხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის არიან ნიჩირენის ბუდისტები, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების მიმდევრები, ბაჰაისტები და ინდუსები.[37]

ქრისტიანები ძირითადად ქვეყნის სამხრეთით, ხოლო მუსლიმები უპირატესად ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ცხოვრობენ.

2021 წელს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი ანიმისტურ რელიგიას მისდევდა. ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ზოგიერთი თაყვანისცემის ისეთ ფორმას მისდევს, რომელიც ტრადიციულ რიტუალებსა და ვუდუს რწმენას აერთიანებს. ტოგოელები კვლავაც ერთგულნი არიან ანიმისტური პრაქტიკისა და მათი წინაპრების წეს-ჩვეულებების მიმართ.[38] ამ რელიგიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია იორუბის რელიგია, რომლის ცნობილი ცერემონია გელედე, ხასიათდება გრძნობების გამოხატვით მუსიკისა და სიმღერების მეშვეობით,[39] აგრეთვე ფეტიშიზმი, რაც ფეტიშების თაყვანისცემაა, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯადოქრობით გამოწვეულ დაავადებებს კურნავს.

ისლამი ტოგოში დაახლოებით იმავე პერიოდში გავრცელდა, როგორც დასავლეთ აფრიკის დიდ ნაწილში. ტოგოში მუსლიმების აბსოლუტური უმრავლესობა მალიქის სკოლის სუნიტია. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ აჰმადიები და შიიტები. 2025 წელს მუსლიმები ტოგოს მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 16 %-ს შეადგენენ.[40] 1997 წელს ტოგო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყანა გახდა.[41]

ისლამი პირველად დასავლეთ აფრიკაში, საჰარის სამხრეთით, მარილისა და ოქროს სავაჭრო გზების გავლით შემოვიდა. ისლამიზირებული ბერბერი და ტუარეგი ვაჭრები ტრანს-საჰარული სავაჭრო გზებით მოგზაურობდნენ. დროთა განმავლობაში მუსლიმი სასულიერო პირები და მეცნიერები, რომლებიც თავიანთ რწმენას ასწავლიდნენ და გზებზე საკულტო ადგილებს აწყობდნენ, ვაჭრებს თან ახლდნენ მათი მოგზაურობის დროს. ტრადიციულად მომთაბარე ჰაუსას, მანდეს და ფულბეს ხალხი მოგზაურობდნენ მთელ დასავლეთ აფრიკაში და თავიანთი მუსლიმური რწმენა ისეთ ადგილებში მიჰქონდათ, როგორიცაა დღევანდელი გვინეა, სიერა-ლეონე და ლიბერია.

ტოგოს მუსლიმთა ფედერაცია ქვეყანაში ყველაზე დიდი მუსლიმური ორგანიზაციაა. ის ისლამთან დაკავშირებულ საკითხებზე ზრუნავს და ექსტრემიზმს გმობს.[42]

სოკოდე
ქალაქი რეგიონი მოსახლეობა
(ად. 2022 წ.)[25]
1 ლომე ზღვისპირეთი 2 188 376
2 კარა კარა 158 090
3 დაპაონი სავანა 117 675
4 სოკოდე ცენტრალური 115 442
5 ატაკპამე პლატო 98 193
6 კპალიმე პლატო 87 478
7 ტსევიე ზღვისპირეთი 76 861
8 ანიე პლატო 61 068
9 სინკასე სავანა 56 830
10 ნოტსე პლატო 49 143
ტოგოელი მეთევზეები

ტოგო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ფოსფატის საბადოები და ძლიერი სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. ბამბის წარმოება ქვეყნის შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.[43] ნაყოფიერ მიწას ქვეყნის ტერიტორიის 11,3 % უკავია. სოფლის მეურნეობის შემდეგ უმნიშვნელოვანესი სექტორებია: საფეიქრო და ლუდსახარში ინდუსტირები. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ელექტროენერგიის არასაკმარისი რაოდენობა წარმოადგენს. ქვეყანა ენერგიის მხოლოდ 1/3-ს აწარმოებს დანარჩენი კი განადან და ნიგერიიდან ექსპორტზეა დამოკიდებული. ტოგოს ძირითადი საექსპორტო საქონლის დაბალი საბაზრო ფასები და 1990-იანი და 2000-იანი წლების არამდგრადი პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ტოგო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა; ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ საეჭვოა.

ტოგოში იმპორტირებული საქონლის უმეტესობა ტექნიკას, ნავთობპროდუქტებსა და საკვებს წარმოადგენს. მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: საფრანგეთი (21,1 %), ნიდერლანდები (12,1 %), კოტ-დ’ივუარი (5,9 %),გერმანია (4,6 %), იტალია (4,4 %), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (4,3 %) და ჩინეთი (4,1 %). ექსპორტის მთავარ პროდუქტებს წარმოადგენს კაკაო, ყავა, მარცვლეული კულტურები, ფოსფატი და ბამბა. ექსპორტის მთავარ დანიშნულების ქვეყნებს წარმოადგენენ: ბურკინა-ფასო (16,6 %), ჩინეთი (15,4 %), ნიდერლანდები (13 %), ბენინი (9,6 %) და მალი (7,4 %).

ტრანსპორტი ტოგოში

ტოგოში სატრანსპორტო სახეობებს წარმოადგენს საგზაო, სარკინიგზო, წყლის (საზღვაო და სამდინარო) და მილსადენი ტრანსპორტი, მარშრუტების მიხედვით მგზავრთა გადაყვანისათვის ასევე არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტერიტორიის სიმცირის გათვალისწინებით ტოგოს ტრანსპორტს აქვს შედარებით განვითარებული გზების ქსელი. სატრანსპორტო ქსელი განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული ქვეყნის სამხრეთში. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელია: ტოგოს აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეზე მდებარე ბენინის ყურეზე და მდებარეობს განის, ბურკინა-ფასოს, ბენინის და ნიგერიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების გზაჯვარედინზე. სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის სოფლის რაიონებში.

საავტომობილო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის შეფასებით საავტომობილო გზების საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 11 700 კმ-ს, მათ შორის მყარი საფარით — 2376 კმ-ს. საავტომობილო გზების დიდი ნაწილი საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. სამი მთავარი საავტომობილო გზა მოიცავს თვალწარმტაც გზას განასა და ბენინს შორის ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, ავტოგზას ლომედან ჩრდილოეთით რეგიონების ადმინისტრაციული ცენტრების გავლით (ატაკპამე, სოკოდე, კარა, დაპაონი) ბურკინა-ფასოში (ბურკინა-ფასოდან, მალიდან, ნიგერიდან ზღვაზე გასასვლელი სატრანსპორტო კორიდორი) და ავტოგზას, რომელიც ემსახურება კაკაოსა და ყავის მწარმოებელ რაიონებს კპალიმეში, ბადუში და ატაკპამეში[44].

სარკინიგზო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოგოს სარკინიგზო ქსელი

ტოგოში სარკინიგზო ტრანსპორტის საერთო სიგრძე შეადგენს 568 კმ-ს (51 კმ მისასვლელი და დამახარისხებელი ლიანდაგების ჩათვლით). რომელიც პირველ რიგში ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს. ყველა ამ სარკინიგზო ხაზების ლიანდაგის სიგანე შეადგენს 1000 მმ-ს. სარკინიგზო ხაზების სიგრძის მიხედვით ტოგოს მსოფლიოში უკავია 111-ე ადგილი.[45] ძირითადი ხაზები მიემართებიან ტოგოს დედაქალაქ ლომედან კპალიმეში (სიგრძე 123 კმ), ანეჰოში (44 კმ), ტაბლიგბოში და ბლიტაში (277 კმ).[44]

პირველი სარკინიგზო ხაზი გაყვანილი იქნა ატლანტის ოკეანის გასწვრივ 1905 წელს, როდესაც მათი უმრავლესობა აშენდა ჯერ კიდევ გერმანული კოლონიის პერიოდში (1905 და 1911 წწ.) და უკვე 1959 წელს საჭიროებდა მოდერნიზაციას. 1956 წლიდან 1959 წლის ჩათვლით ტვირთის გადაზიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი გაიზარდა 199-დან 252 მილიონ დასავლეთაფრიკულ ფრანკამდე. ამასთან შეიმჩნეოდა მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის ზრდა და ტვირთების გადაზიდვის რაოდენობის შემცირება.

2003 წლისთვის ტოგოს რკინიგზაზე მგზავრთა გადაყვანა არ ხორციელდებოდა, სატვირთო გადაზიდვები მიმდინარეობდა შეზღუდული მოცულობით, ხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი მიტოვებული იქნა.[46]

მთავარი საზღვაო პორტებია — ღრმაწყლიანი ლომე და კპემე[45]. ლომეს ხელოვნური ნავსადგური ექსპლოატაციაში შევიდა 1968 წელს, მოდერნიზირება ჩაუტარდა 1990-იანი წლების ბოლოს. ლომე ტოგოს მთავარი პორტია. პორტის ტვირთბრუნვამ 2013 წელს შეადგინა 8,7 მილიონი ტონა, რაც ეროვნული ტვირთბრუნვის დაახლოებით 80 %-ია. ლომე ტვირთების ტრანზიტის მთავარი პუნქტია ტოგოს მთელი რიგი მეზობელი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი, მათ შორის დაახლოებით 0,8 მილიონი ტონა (2013 წ.) – ბურკინა-ფასოდათვის. მეორე პორტი მდებარეობს კპემეში, ლომედან დაახლოებით 35 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით და სპეციალიზირებული პორტია ფოსფორიტების გასატანად.[44]

2018 წლის მონაცემებით ტოგოში დარეგისტრირებულია 327 საზღვაო სატვირთო გემი, მათ შორის 7 — ბალკერი, 4 — კონტეინერმზიდი, 215 — უნივერსალური მშრალი ტვირთების გადამზიდი, 42 — ნავთობის ტანკერი, 59 — სხვა სატვირთო გემი. სატვირთო გემების რაოდენობის მიხედვით ტოგოს უკავია50-ე ადგილი მსოფლიოში.

2011 წლის მონაცემებით სანაოსნო მდინარეების საერთო სიგრძე შეადგენს 50 კმ-ს. ნაოსნობა სეზონურია ტოგოს ტბაზე, მონოს და გბაგას მდინარეებზე. მცირე გემებით ნაოსნობა მონოს მდინარეზე დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე[45].

საჰაერო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით ქვეყანაში 8 აეროპორტია. 2 აეროპორტი მყარი საფარის მქონე ასაფრენ-დასაფრენი ზოლით 2438-დან 3047 მეტრამდე[45]. ლომე — ტოკუანის საერთაშორისო აეროპორტი (გნასინგბე ეიადემას სახელობის, ლომესთან ახლოს) მოქმედებს 1950-იანი წლების შუა პერიოდიდან და ტოგოს აკავშირებს ევროპულ და სხვა აფრიკულ ქვეყნებთან. მეორე საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ნიამტუგუში, ქვეყნის ჩრდილოეთში[44], კარის რეგიონში და მოქმედებს 1970-იანი წლებიდან. სხვა 6 აეროპორტია მყარი საფარის არმქონე ასაფრენ-დასაფრენი ზოლით, მათ შორის 4 — სიგრძით 914-დან 1523 მეტრამდე, ხოლო 2 — 914 მეტრზე ნაკლები. ადგილობრივ აეროპორტებს მიეკუთვნება ატაკპამეს, სოკოდეს, სანსანე-მანგოს და დაპაონის აეროპორტები. აეროპორტების რაოდენობის მიხედვით ტოგოს უკავია 163-ე ადგილი მსოფლიოში.[45]

2015 წლის მიხედვით ქვეყანაში 1 დარეგისტრირებული ავიაგადამყვანია — სამგზავრო ASKY Airlines, რომელიც ფლობს 8 თვითმფრინავს, წლიური სამგზავრო ნაკადი შეადგენს 769 904 ადამიანს[45] (1,2 მილიონი მგზავრი 2019 წელს, 14 თვითმფრინავი 2023 წელს). შიდა ავიაგადაყვანები სუსტადაა განვითარებული.

მილსადენი ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განშტოება ლომემდე წყალქვეშა დასავლეთაფრიკული გაზსადენიდან (ლაგოსი, ნიგერია — ტაკორადი, განა). გაზსადენის საერთო სიგრძეა — 52 კმ.[45]

სახალხო ცეკვა

ტოგოს კულტურა ასახავს მისი 37 ეთნიკური ჯგუფის გავლენას, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდი და ყველაზე გავლენიანი არიან ევე, გენ-მინა და კაბიიე.

ევეს ხალხის ქანდაკებების ხელოვნება ხასიათდება საკუთარი განთქმული სტატუეტებით, რომლებიც აჩვენებენ იბეჯის ტყუპებისადმი თაყვანისცემას. უფრო გავრცელებული აფრიკული ნიღბების ნაცვლად გამოიყენებოდა სკულპტურები და სანადირო ტროფეები. პლატოს რეგიონის კლოტოს პრეფექტურის ხეზე მკვეთელები განთქმულები არიან საკუთარი „ქორწინების ჯაჭვებით“: ორი სიმბოლო დაკავშირებულია ერთი ხის ნაჭრიდან აღებული რგოლებით.


კლოტოს ხელოსნური ცენტრის შეღებილი ბატიკის ქსოვილები უძველესი ყოველდღიური ცხოვრების სტილიზებულ და ფერად სცენებს ასახავს. ასაგუნას ტექსტილის ცერემონიებში გამოყენებული წელის ქსოვილები კარგად არის ცნობილი. მხატვარ სოკი ედორას ნამუშევრები შთაგონებულია გარფანტით დაფარული უზარმაზარი, მშრალი ლანდშაფტებით, სადაც ლატერიტი ადამიანებისა და ცხოველების კვალს ინარჩუნებს. დღეს პლასტმასის სპეციალისტი პოლ აჩი საერთაშორისოდ აღიარებულია. ის პიროგრაფიის ერთ-ერთ სახეობას, „ზოტუს“, იყენებდა და მისი მონუმენტური მიღწევები ლომეს ამშვენებს .

კლოტოს კუსტარული ცენტრის შეღებილი ბატიკის ქსოვილები წარმოადგენენ უძველესი ყოველდღიური ცხოვრების სტილიზებულ და ფერად სცენებს. ცნობილია წელის ნაქარგები, რომლებიც გამოიყენება ასაგუნის ქსოვილების ცერემონიებში. მხატვარ სოკი ედორას ნამუშევრები შთაგონებულია უზარმაზარი მშრალი ლანდშაფტებით და სადაც ლატერიტი ინარჩუნებს ადამიანებისა და ცხოველების კვალს. დღეისათვის სპეციალისტი პლასტმასების დარგში პოლ აჰიი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ის პიროგრაფიის ერთ-ერთ სახეობას – „ზოტუს“ იყენებდა, ხოლო მისი მონუმენტური მიღწევები ამშვენებს ლომეს.

ტოგოს ლიტერატურა უპირატესად ვითარდება ფრანგულ ენაზე, 1960 წელს ტოგოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასევე გაძლიერდა ადგილობრივი ენების გავლენა, პირველ რიგში — ევეს ენის[47]; 1980-იან წლებამდე ტოგოში მცხოვრები ხალხებიდან დამწერლობა ქონდა მხოლოდ ევეს, ვისი ფოლკლორიც შეკრებილი და დაფიქსირებულია.

ყველაზე უფრო გამორჩეული ტოგოელი მწერალია დაჰომეაში დაბადებული, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ტოგოში გაატარა, საყოფაცხოვრებო და ისტორიულ თემებზე მწერალი-რომანისტი ფელიქს კუშორო. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პუბლიკაციები მან დაიწყო 1929 წლიდან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწერალი დავიწყებული იქნა, ხოლო შემდგომი ლიტერატურული ნაწარმოებები ტოგოდან დათარიღებულია მხოლოდ 1950-იანი წლებით.[48]

სხვა ცნობილი ტოგოელი მწერლებიდან შეიძლება აღინიშნოს ისეთები, რომლებიცაა დავიდ კესან ანანუ (ფრანგ. David Kuessan Ananou), ვიქტორ ალაჯი (ფრანგ. Victor Aladji), ივ ემანუელ დოგბე (ფრანგ. Yves-Emmanuel Dogbé), ტეტე მიშელ კპომასიე (ფრანგ. Tété-Michel Kpomassie)[48] და სხვები.

1940-იანი წლებიდან ტოგოში განვითარება დაიწყო თანამედროვე ტიპის თეატრალურმა ხელოვნებამ, 1950-იანი წლებიდან გამოჩნდა პირველი ადგილობრივი დრამატული ნაწარმოებები. 1956 წელს ანუმუ პედრო სანტოსმა (ფრანგ. Anoumou Pedro Santos) გამოაქვეყნა პიესა „ფასი“ (ფრანგ. Fasi). სხვა ტოგოელ დრამატურგებს შორის შეიძლება აღინიშნოს ისეთები, როგორებიცაა სენუვო აგბოტა ზინსუ (ფრანგ. Sénouvo Agbota Zinsou) და კოსი ეფუი (ფრანგ. Kossi Efoui)[48].

სახელმწიფო ტელეკომპანიამ და სახელმწიფო ტელეარხმა TVT (Télévision Togolaise — „ტოგოს ტელევიზია) მაუწყებლობა დაიწყო 1973 წლის 31 ივლისს, სახელმწიფო რადიოკომპანია და სახელმწიფო რადიოსადგურია Radio Lome.[49]

  • Bullock, A L C, Germany's Colonial Demands (Oxford University Press, 1939).
  • Gründer, Horst, Geschichte der deutschen Kolonien, 3. Aufl. (Paderborn, 1995).
  • Mwakikagile, Godfrey, Military Coups in West Africa Since The Sixties (Nova Science Publishers, Inc., 2001).
  • Packer, George, The Village of Waiting (Farrar, Straus and Giroux, 1988).
  • Piot, Charles, Nostalgia for the Future: West Africa After the Cold War (University of Chicago Press, 2010).
  • Schnee, Dr. Heinrich, German Colonization, Past and Future – the Truth about the German Colonies (George Allen & Unwin, 1926).
  • Sebald, Peter, Togo 1884 bis 1914. Eine Geschichte der deutschen "Musterkolonie" auf der Grundlage amtlicher Quellen (Berlin, 1987).
  • Seely, Jennifer, The Legacies of Transition Governments in Africa: The Cases of Benin and Togo (Palgrave Macmillan, 2009).
  • Zurstrassen, Bettina, "Ein Stück deutscher Erde schaffen". Koloniale Beamte in Togo 1884–1914 (Frankfurt/M., Campus, 2008) (Campus Forschung, 931).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Constitution of Togo (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 February 2012. ციტირების თარიღი: 20 November 2011
  2. The World Factbook, Togo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-12. ციტირების თარიღი: 2025-12-14
  3. Togo-Les résultats définitifs du 5e RGPH (4 April 2023). ციტირების თარიღი: 1 September 2023
  4. World Economic Outlook Database, April 2025 en.
  5. World Economic Outlook Database, April 2025 en.
  6. Human Development Report 2023/2024 en. United Nations Development Programme (6 May 2025). ციტირების თარიღი: 6 May 2025
  7. United Nations, Department of Economic and Social Affairs
  8. BBC NEWS Obituary: Gnassingbe Eyadema
  9. Togo en-ZA (2019-04-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2019. ციტირების თარიღი: 2019-06-11
  10. BBC NEWS Togo country profile
  11. France 24 Togo's President Faure Gnassingbé wins fourth term
  12. ALJAZEERA, Togo President Faure Gnassingbe wins fourth term in landslide
  13. Teller Report, Togo: an investigation opened after the death of Colonel Bitala Madjoulba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-09. ციტირების თარიღი: 2020-08-04.
  14. ტოგოს ფრინველები, სრული სია. dibird.com. ციტირების თარიღი: 2020-06-09
  15. Togo — Foreign Relations დაარქივებული 2017-12-23 საიტზე Wayback Machine. // globalsecurity.org
  16. CIA World Factbook. cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2017-08-27
  17. Organisation des Forces Armées. forcesarmees.tg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-16. ციტირების თარიღი: 2017-08-27
  18. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 Togolese Army. armyrecognition.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-01. ციტირების თარიღი: 2017-08-27
  19. Marine Togolaise. forcesarmees.tg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-16. ციტირების თარიღი: 2017-08-27
  20. Togo gets third defender patrol boat. janes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14.
  21. Historique de l'Armée de l'Air. forcesarmees.tg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 2017-08-27
  22. 1 2 3 4 World Air Forces 2015 pg. 31. flightglobal.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-19. ციტირების თარიღი: 2017-08-27
  23. Les bases de l'Armée de l'Air. forcesarmees.tg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-16. ციტირების თარიღი: 2017-08-27
  24. Government of Togo 2015.
  25. 1 2 3 Citypopulation-2022
  26. INSTITUT NATIONAL DE LA STATISTIQUE ET DES ETUDES ECONOMIQUES ET DÉMOGRAPHIQUES (INSEED)
  27. (2007) Encyclopedia of world geography. Sarup & Sons, გვ. 255. ISBN 978-81-7625-773-2. 
  28. Togo | Capital, Map, Religion, Population, & Facts | Britannica.
  29. Ethnologue, "Languages of Togo" (accessed Oct. 31, 2010)
  30. Accueil-Francoscope fr.
  31. Togo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2019. ციტირების თარიღი: 26 August 2017
  32. Lawson, Alice (2022-06-24). „Togo sees Commonwealth entry as pivot to English-speaking world“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2023. ციტირების თარიღი: 2022-07-01.
  33. Religions in Togo | Arda. ციტირების თარიღი: 24 November 2025
  34. Togo 2012 International Religious Freedom Report en. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor (2012). ციტირების თარიღი: 17 March 2023
  35. Matt, Phillips; Andrew, David; Bainbridge, James; Bewer, Tim; Bindloss, Joe; Carillet, Jean-Bernard; Clammer, Paul (September 2007) The Africa Book: A Journey Through Every Country in the Continent, Coordinated by Matt Phillips, Footscray, Australia: Lonely Planet, გვ. 94. ISBN 978-1-74104-602-1. OCLC 144596621. 
  36. Togo 2021 International Religious Freedom Report. Office of International Religious Freedom (2021). ციტირების თარიღი: March 17, 2023
  37. US State Dept 2021 report, Retrieved 2023-4-25
  38. Traditions, religions and customs in Togo - Togo-Tourisme fr (2022-09-30). ციტირების თარიღი: 2025-05-04
  39. (2004) Heritage in danger (en). 0020-6418. 
  40. National Profiles. ციტირების თარიღი: 2025-11-24
  41. (1997-06-10) Togo, 55th member of the Islamic Conference. 
  42. „Muslims playing active role in Togo“. Arab News. 22 February 2013. ციტირების თარიღი: 5 September 2021.
  43. thefactfile.org Significant Facts About Togo
  44. 1 2 3 4 Togo, Britannica
  45. 1 2 3 4 5 6 7 Africa : Togo. Central Intelligence Agency (CIA) (2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-12. ციტირების თარიღი: 2019-10-19.
  46. TOGO. 2003. Was ist geblieben? Qu'est-ce qu'est il resté?
  47. Togo. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-08. ციტირების თარიღი: 2017-08-31
  48. 1 2 3 La Littérature togolaise en un clin d'oeil. The University of Western Australia/French (2006-11-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2017-08-31
  49. Radio Lome
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტოგო&oldid=5346049“-დან