სეიშელის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეიშელის რესპუბლიკა
სეიშ. Repiblik Sesel
ფრანგ. République des Seychelles
ინგლ. Republic of Seychelles
სეიშელის კუნძულები
სეიშელის
დევიზი: (ლათ. Finis Coronat Opus)
ჰიმნი: Koste Seselwa
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ვიქტორია
4°37′ ს. გ. 55°27′ ა. გ. / 4.617° ს. გ. 55.450° ა. გ. / -4.617; 55.450
ოფიციალური ენა სეიშელის კრეოლი, ფრანგული, ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯეიმზ მიჩელი
 -  ვიცე-პრეზიდენტი დენი ფორომი
ფართობი
 -  სულ 455 კმ2 (197-ე)
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 93 200 (205-ე)
 -  2010 აღწერა 90 945 
 -  სიმჭიდროვე 199,88 კაცი/კმ2 (მე-60)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $2.317 მილიონი 
 -  ერთ მოსახლეზე $25 229 
აგი (2013) 0.806 (ძალიან მაღალი) (46-ე)
ვალუტა სეიშელის რუპია (SCR)
დროის სარტყელი UTC+4
 -  ზაფხულის (DST) UTC+4 (UTC)
ქვეყნის კოდი SYC
Internet TLD .sc
სატელეფონო კოდი 248

სეიშელის კუნძულები (სეიშ. Repiblik Sesel, ფრანგ. République des Seychelles, ინგლ. Republic of Seychelles) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან ცოტათი სამხრეთით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ განედის 4°-11°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 46°-56°-ს შორის. სეიშელის ძირითადი კუნძულები განლაგებულია კენიიდან აღმოსავლეთით 1600 კილომეტრზე და მადაგასკარიდან ჩრდილოეთით 1100 კილომეტრზე.

ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ფართობი — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძული — მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — სილუეტი, პრასლინი, ლა-დიგი. ასევე ბევრია მარჯნის მცირე და გრანიტის კუნძულები. 2010 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 90 945 ადამიანს[1][2].

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიშელის კუნძულების რუკა
კუნძულ მაეს სანაპირო

არქიპელაგი შედგება 100 ზე მეტი კუნძულისაგან და მარჯნის რიფებისაგან, რომელთაგან 33 დასახლებულია. კუნძულები მდებარეობს გრანიტებითა და სიენიტებით აგებულ წყალქვეშა მაღლობებზე. მომცრო კუნძულები ნაწილობრივ მარჯნისაა. სიმაღლე ზღვის დონიდან 915 მეტრამდეა.

ფართობი — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — პრასლინი (45 კმ²), სილუეტი, ლა-დიგი და სხვა. ბევრია ასევე მცირე მარჯნის კუნძული. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ასევე ძირითადი სამეურნო სამუშაოები კონცენტრირებულია არქიპელაგის სანაპიროზე.

გეოლოგიური აგებულების მიხედვით სეიშელის კუნძულები იყოფა გრანიტის (მასკარენის პლატოს ნაწილი) და მარჯნის კუნძულებად, გეოგრაფიული მნიშვნელობით ის დაყოფილია სეიშელის შიდა (თვითონ სეიშელის, უპირატესად გრანიტული) და სეიშელის გარე (მარჯნის) კუნძულებად.

გრანიტისაგან შედგება სეიშელის შიდა 42 კუნძული, რომელთა საერთო ფართობია 243,7 კმ². აქ შედიან კუნძულები მაე (142 კმ²), პრასლინი (45 კმ²), სილუეტი, ლა-დიგი და სხვა. არქიპელაგის უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს კუნძულ მაეზე და მისი სიმაღლეა ზღვის დონიდან 905 მეტრი. გრანიტული აგებულების ყველა კუნძული დაშორებულია კუნძულ მაედან არაუმეტეს 50-70 კმ-ით. არქიპელაგზე დასახლებული პუნქტების უმრავლესობა და ძირითადი სამეურნეო საქმიანობა თავმოყრილია ამ კუნძულების სანაპიროზე.

გრანიტის ჯგუფის კუნძულების შიდა რაიონებში შენარჩუნებულია ტყეები, რომლებშიც ჭარბობს პალმების, პანდანუსების, გვიმრების იშვიათი ჯიშები. სანაპირო დაბლობებზე ბუნებრივი ფლორა დიდი ხანია შეცვალა ქოქოსის პალმამ და სხვა კულტურულმა ნარგავებმა. შიდა რაიონებში შემორჩენილია მარადმწვანე ტროპიკული ტყე, სადაც ბევრი ენდემებია (სეიშელის პალმა).

მარჯნისაგან შედგება 13 კუნძული, რომლებიც ფარქუარის კუნძულებში მდებარეობს. მარჯნის კუნძულების საერთო ფართობი შეადგენს 211,3 კმ². ზღვის დონიდან 4-8 მეტრი. ეს კუნძულები ძირითადად შედგება კირქვისაგან და შედეგად იგი პრაქტიკულად არ ინარჩუნებს სინოტივეს, ამიტომ კუნძულებზე ყოველთვის გვალვაა.

ეკვატორული კლიმატური სარტყლის (მთელი წელიწადი +26 — +28 °C) შედეგად, აქ ხარობს მხოლოდ ქოქოსის პალმა. მცირე სიძლიერის კირქვიან ნიადაგზე იზრდება მხოლოდ ქოქოსის პალმა. არქიპელაგზე გვხვდება ისეთი ენდემები, რომლებიც სხვაგან არ ბინადრობენ. ენდემურია გიგანტური კუ და ფრინველები.

არქიპელაგის ხანგრძლივი იზოლაციის გამო სეიშელის მცენარეულ და ცხოველთა სამყაროში საკმაოდ მაღალია ენდემების წილი — ფრინველების, ქვეწარმავლების და მცენარეების, რომლებიც მხოლოდ ამ არქიპელაგზე გვხვდება. ჭიანჭველების კუნძულოვანი ენდემური სახეობებს შორისაა: Prionopelta seychelles[3], Camponotus thomasseti, Solenopsis seychellensis, Stigmatomma besucheti[4], Paraparatrechina illusio, Paraparatrechina luminella[5].

ნაურუს პრეზიდენტის განცხადებით, სეიშელი კლიმატის ცვლილების გამო, დატბორვის საშიშროების მხრივ, მეცხრე ადგილზეა მსოფლიოში.[6]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიშელის კუნძულების კლიმატი ნოტიოა.[7] ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მერყეობს. კუნძულ მაეზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +24–30 °C-ს (75 °F-დან 86 °F-მდე) შორის. ნალექი 2900 მმ წელიწადში. ქალაქ ვიქტორიაში კი ეს მაჩვენებელი 3600 მმ-ის ტოლია. ცივი თვეების დროს, ივლისსა და აგვისტოში, ჰაერის ტემპერატურა +24 °C-ის (75 °F) ტოლია. ცხელი ტემპერატურა გრძელდება დეკემბრიდან აპრილამდე, ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულია მარტისა და აპრილის თვეებში. კუნძულების სიახლოვეს იცის ციკლონები, რაც იწვევს ძლიერ ქარებს.[8]

წლიური ამინდი — ვიქტორია (სეიშელის კუნძულები)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °F 86 87 88 89 87 84 83 83 84 85 86 79
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 75 76 77 77 78 76 75 75 76 76 75 75
ნალექი დუიმი 14.9 10.3 6.6 7 4.9 2.5 3.1 3.8 4.8 8.1 8.5 11.1
საშუალო მაღალი °C 29.8 30.4 31.0 31.4 30.5 29.1 28.3 28.4 29.1 29.6 30.1 26.2
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C 24.1 24.6 24.8 25.0 25.4 24.6 23.9 23.9 24.2 24.3 24.0 23.9
ნალექი მმ 379 262 167 177 124 63 80 97 121 206 215 281
წყარო: მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (გაერო),World Meteorological Organization[9] მარტი 2012

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალე-დე-მეს ეროვნული პარკი

გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მკაცრად იცავს ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ბრაკონიერებისაგან. სეიშელი არის ლიდერი ტურიზმის მხრივ მსოფლიოში. საბოლოო ჯამში, ამ მდგრადი განვითარების უცვლელი და სტაბილური საფუძველი ბუნებრივი გარემოა, რომელიც იზიდავს ფინანსურად ძლიერ ტურისტებს (150 000 კაცი, 2007). 1993 წლიდან სამართალი გარანტიას აძლევს მოქალაქეებს იცხოვრონ სუფთა გარემოში, ამასთანავე მათ ავალდებულებს გარემოს დაცვას.

ადრეული კაცობრიობის ისტორიაში, სეიშელის კუნძულების ეკოსისტემამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა. მათ შორის, გადაშენდა უამრავი სახეობის ენდემური გიგანტური კუ, თუმცა, ეს ზარალი მნიშვნელოვანი იყო მავრიკისა და ჰავაის კუნძულებისათვის, სადაც გადაშენდა უამრავი სახეობის ცხოველი თუ მცენარე.

სეიშელის გრანიტის კუნძულები 75-მდე ენდემური მცენარის სამშობლოა. სეიშელის პალმა, რომელიც ყველაზე ცნობილია, ხარობს მხოლოდ ორ კუნძულზე, პრასლინსა და კურიოზზე (ფრანგ. Curieuse). მას ხშირად მისი ნაყოფის ფორმის გამო მეტსახელად „სიყვარულის კაკალს“ ეძახიან. მედუზის ხე, რომელიც ერთ-ერთი ენდემია, ხარობს მხოლოდ კუნძულ მაეს შემოგარენში.

გიგანტური კუ

კუნძულებზე ასევე წარმოდგენილია ორქიდეების უნიკალური სახეობები. სეიშელი მასპინძლობს მსოფლიოში უდიდეს ფრინველთა კოლონიას. ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ბიომრავალფეროვნების დაცვას. სეიშელის თვითმმართველობის ინიციატივით, ქვეყანაში შეიქმნა რამდენიმე ეროვნული პარკი. მათ შორის, ალდაბრის კუნძულებზე არსებული ვალე-დე-მე, რომელიც შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ვალე-დე-მე არის ერთადერთი ეროვნული პარკი, სადაც პალმის ექვსივე ენდემური სახეობაა წარმოდგენილი, მათ შორის სეიშელის პალმაც. ალდაბრის კუნძულების ატოლებზე, რომლის ადგილზეც შენარჩუნებულია რამდენიმე გიგანტური კუს სახეობა, მსოფლიოს უძველესი ცოცხალი არსებები, გადაშენების პირასაა.

სეიშელის ბუნებრივ რესურსთაგან აღსანიშნავია თევზი, ვანილი, დარიჩინი, ქოქოსი, მარილი და რკინა.

ენდემებში შედის აგრეთვე კიბორჩხალა, რომელიც ბინადრობს გრანიტის კუნძულებზე. სულ კუნძულებზე წარმოდგენილია კიბოსნაირების 31 სახეობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიშელის კუნძულები აღმოაჩინეს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა XVI საუკუნის დასაწყისში. XVIII საუკუნის შუა ხანებში ფრანგებმა სეიშელის კუნძულები თავიანთ კოლონიად აქციეს. როდესაც 1502 წელს ვასკო და გამა, იმ დროს ადმირალი, ამ ადგილას მოვიდა, აღმოაჩინა ამირანტის კუნძულები. პორტუგალიელმა კარტოგრაფებმა, პირველად შეიტანეს თავიანთ რუკაზე დიდი კუნძული ილია-განა, ახლანდელი კუნძული მაე. შემონახულია მტკიცებულებები იმისა, რომ არაბმა ზღვაოსნებმა იმოგზაურეს ამ კუნძულებზე (შემორჩენილია IX-X საუკუნეების წარწერები საფლავებსა და კლდეებზე და კლდეზე გაკეთებული წარწერები ფრიგიტის კუნძულზე). იმ დროს ეს არქიპელაგი დაუსახლებელი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სეიშელის დაუსახლებელ ტერიტორიას თავიდან ავსტრონეზიელი, მალდიველი და არაბი ვაჭრები ეწვივნენ. სწორედ, მალდიველმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს კუნძული სილუეტი.[10] შემდგომ, ორი საუკუნის შემდეგ, სეიშელის კუნძულები წარმოადგენდა მეკობრეთა თავშესაფარს. კუნძულები გამოიყენებოდა მეკობრეების მიერ სატრანზიტო პუნქტად აზიასა და აფრიკას შორის მანამ, სანამ 1756 წელს საფრანგეთმა დაამყარა კონტროლი კუნძულებზე.

ევროპელებიდან პირველად ამ არქიპელაგზე ფეხი დადგეს ინგლისელებმა. 1609 წელს კუნძულები პირველად საფუძვლიანად შეისწავლა და აღწერა კაპიტანმა ა. შარპეიმ. პირველი მუდმივი დასახლებები კუნძულ მაესა და პრასლინზე დააარსეს ფრანგებმა, რომლებმაც 1756 წლიდან დაიწყეს დარიჩინის, მიხაკისა და ვანილის პლანტაციების მოშენება. მას შემდეგ სახელმწიფოს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, მორო დე სეიშელის სახელი ეწოდა.[11] კუნძულებს თავიდან Séchelles ეწოდა, ხოლო შემდგომ იგი შეიცვალა ინგლისურით Seychelles.

ფრანგმა კოლონისტებმა დაიწყეს მონების შემოყვანა მადაგასკარიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან. არქიპელაგი 1742 და 1744 წლებში შეისწავლა ფრანგმა მეცნიერმა — ლაზარე პიკალტმა. 1794 წელს, არქიპელაგი დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ, რომელმაც XIX საუკუნის შუიდან (1835 წელს მონობის გაუქმების შემდეგ) ხელი შეუწყო კუნძულებზე ინდოელების იმიგრაციას, რომლებიც მისდევდნენ ვაჭრობას ან მუშაობდნენ ქოქოსის პლანტაციებში.

1814 წელს პარიზის ხელშეკრულების თანახმად, სეიშელის კუნძულები შევიდა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში.[12]

1835 წელს მონობის გაუქმებისას, კუნძულებზე ევროპელ კოლონისტებზე ჩამორთმეული მათი სამუშაო ძალის გამო, შემცირდა ინტენსიური მუშაობა ისეთ მცენარეულ კულტურებზე, როგორიცაა ქოქოსი, ვანილი, მიხაკი და დარიჩინი.

1840 წელს კუნძულები ადმინისტრაციულად შეუერთეს ბრიტანეთის კოლონიას — მავრიკის, საიდანაც გადმოსახლება დაიწყეს ჩინელებმა. 1903 წელს სეიშელის კუნძულები გამოყვეს დიდი ბრიტანეთის ცალკე გვირგვინის კოლონიად. ამავე დროს კუნძულებზე გამოჩნდნენ არაბეთიდან გადმოსახლებულები.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იჯარით სახელმწიფოს მთავარ კუნძულ მაეზე აშენდა ბაზა.

1965 წელს დიდმა ბრიტანეთმა სეიშელის კუნძულებს ჩამოართვა ალდაბრის კუნძულები, ფარქუარის კუნძულები, დეროში და ზოგიერთი სხვა. ჩაგოსის არქიპელაგთან ერთად ისინი შეიყვანეს ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიაში.

II მსოფლიო ომის (1939—1945) შემდეგ, განსაკუთრებით 60-70-იან წლებში, დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა (გაფიცვები 1966, 1972 და სხვ.). 1960-იან წლებში შეიქმნა პოლიტიკური პარტიები: ხალხის გაერთიანებული პარტია (ხგპ) და დემოკრატიული პარტია (დპ). 1970 წელს სეიშელის კუნძულებს შინაგანი ავტონომია მიანიჭეს.

1970 წელს სეიშელის კუნძულებზე მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ზრდასრულთათვის უნივერსალური საარჩევნო უფლების მინიჭებას. არჩევნები ჩატარდა 1966 და 1970 წლებში.

ბრიტანელი გუბერნატორი, 1972 წელი

1976 წლის 28 ივნისს გამოცხადდა სეიშელის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. ბრიტანელებთან მოლაპარაკებების შედეგად მას დაუბრუნდა 1965 წელს წართმეული ალდაბრის კუნძულები, ფარქუარის კუნძულები, კუნძული დეროში. არჩევნების შედეგად ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა მიიღო დემოკრატიულმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრი გახდა ჯეიმზ მენჩემი. დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო ხმების დაახლოებით 52 % და 13 ადგილი პარლამენტში, ხალხის გაერთიანებულმა პარტიამ (ხგპ) — დაახლოებით 48 % და 2 ადგილი.

1977 წლის 4-5 ივნისს ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადარტრიალება, პრეზიდენტი გადააყენეს და ხელისუფლებაში მოვიდა ხალხის გაერთიანებული პარტია (ხგპ), რომელიც იზიარებდა მარქსისტულ, სოციალისტურ შეხედულებებს. 1978 წელს ხალხის გაერთიანებულ პარტიას (ხგპ) სახელი შეეცვალა და დაერქვა სახალხო პროგრესული ფრონტი (სპფ), რომლის იდეებეს საფუძვლად გამოცხადდა სოციალიზმი. ქვეყანაში 1979 წლის კონსტიტუციის მიხედვით დამყარდა ერთპარტიული სისტემა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჩამოერთვათ მფლობელებს, ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო და თევზსაჭერი კოლექტიური მეურნეობები.

ქვეყანაში აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა: მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირველ 2,5 წელს იყო ასეთი 3 შემთხვევა, მსგავსი ცდები ასევე იყო 1981 (ცნობილი დაქირავებულის მაიკლ ჰორის ხელმძღვანელობით), 1982, 1986 და 1987 წლებში.

1977 წლიდან სეიშელის კუნძულებს შეუცვლელად მართავდა სახალხო პროგრესული ფრონტის (სპფ) მეთაური ფრანს-ალბერ რენე (პრეზიდენტის პოსტზე არჩეული იყო 1979, 1984, 1989, 1993, 1998 და 2001 წლებში). 1981 წლის ივლისში სპფ-ის ყრილობამ კვლავ დაადასტურა პარტიის ორიენტაცია სოციალისტური გზით სეიშელის კუნძულების განვითარებისა. საგარეო პოლიტიკაში სეიშელის კუნძულების მთავრობა განაგრძობდა პოზიტიური ნეიტრალიტეტის კურსის გატარებას, მხარს უჭერდა უცხოეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას ინდოეთის ოკეანეში და მის მშვიდობიან ზონად გადაქცევას. 1991 წელს ის და მისი პარტია დათანხმდა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ასევე უარი თქვეს მარქსიზმზე. 2004 წელს რენემ თავისი სურვილით დატოვა პრეზიდენტის პოსტი და გადასცა იგი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმზ მიჩელს, რომელიც გადარჩეული იქნა 2006 და 2011 წლებში.

1993 წელს მეორე ცდით მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც უარი თქვა ძველ იდეურ კურსზე, გამოაცხადა მრავალპარტიულობა, პრივატიზაცია, საბაზრო მეურნეობა და ოფშორები.

2004 წლის ბოლოს სეიშელის რამდენიმე კუნძულზე მოხდა ცუნამი, რომელმაც ძალზე იმოქმედა ქვეყნის გარემოსა და ეკონომიკაზე.

2013 წლის იანვარში, ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იგი გამოწვეული იყო ტროპიკული ციკლონისაგან, რომელმაც გაანადგურა ასობით სახლი.

პოლიტიკა და მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო სასახლე, ვიქტორია

სეიშელის კუნძულები რესპუბლიკური მმართველობისაა. მოქმედებს 1979 წელს მიღებული კონსტიტუცია. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ერთპალატიან სახალხო კრებას. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ 5 წლის ვადით, თუმცა მას კიდევ შეუძლია ზედიზედ ორჯერ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიცაა.

საკანონმდებლო სახელისუფლებო ორგანო პარლამენტი — ერთპალატიანი სახელმწიფო ასამბლეა, 34 დეპუტატით (25 — ირჩევა მოსახლეობის მიერ, კიდევ 9 — პროპორციულად ინიშნება პარტიებისგან, რომლებსაც არჩევნებზე ხმების არანაკლებ 10 % აქვთ მიღებული).

პოლიტიკური პარტიები:

  • სეიშელის ხალხის პროგრესული ფრონტი — 23 ადგილი პარლამენტში;
  • სეიშელის ეროვნული პარტია — 11 ადგილი;
  • დემოკრატიული პარტია — არ არის წარმოდგენილი პარლამენტში.

სეიშელის კუნძულების შეიარაღებული ძალები: სახმელეთო ძალები, საზღვაო საპატრულო დაცვა (სამხედრო-საზღვაო ძალების დანაყოფი და ავიაციის დანაყოფი), ეროვნული გვარდია. კონტრაქტიანი სამსახური. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის ხარჯებზე გამოყოფილია — 3 %.

სეიშელის კუნძულები ოფიციალურად პრეტენზიას აცხადებს ჩაგოსის არქიპელაგზე (ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქები კუნძულ მაეზე,
წითელი ნომრები — დიდი ვიქტორია
კუნძული პრასლინი, რომელიც ორ ოლქადაა გაყოფილი (№ 07 და 14)

სეიშელის კუნძულების რესპუბლიკა ადმინისტრაციული თვალსაზრისით დაყოფილია 25 ოლქად (ინგლ. district) და ყველა შედის «სეიშელის შიდა კუნძულების» ჯგუფში, რომლებსაც ასევე ეწოდება «შიდა კუნძულები» ან «გრანიტის კუნძულები». «სეიშელის გარე კუნძულები» (მარჯნის კუნძულები, სეიშელის კრეოლი - Zil Elwannyen Sesel) არ არის ოლქებად დაყოფილი. ოლქები დაყოფილია შემდეგნაირად:

  • 8 ოლქი შედის დიდი ვიქტორიის — დედაქალაქის შემადგენლობაში კუნძულ მაეზე (კუნძულ მაეს რუკაზე გამოსახულია წითელი ფერით);
  • 14 ოლქი მდებარეობს კუნძულ მაეს სოფლების ნაწილში;
  • 2 ოლქი კუნძულ პრასლინზე;
  • 1 ოლქი კუნძულ ლა-დიგზე (მის ირგვლივ არსებული მომცრო კუნძულების ჩათვლით).

1991 და 1993 წლებს შორის პერიოდში მაშინდელ 23 ოლქს მართავდნენ ადგილობრივი მთავრობები, რომელთა წევრებსაც ირჩევდა მოსახლეობა. 1993 წლიდან ოლქებს მართავენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველები[13]. 1998 წელს შეიქმნა ორი ახალი ოლქი — როშ-კაიმანი და ლე-მამელი — ძირითადად მდებარეობენ დაშრობილ მიწებზე პლეზანსის ოლქიდან გადაცემული ზოგიერთი ტერიტორიის ნაწილის ჩათვლით[14]. მაშინვე ანს-ლუის (Anse Louis) ოლქს ეწოდა ო-კაპის ოლქი (Au Cap)[14].

1) ოლქი
(ქართ.)
ოლქი
(ფრანგ.)
ადმ. ცენტრი
(ქართ.)
ადმ. ცენტრი
(ფრანგ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
აღწერა
2010 წელი, ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
რეგიონი
09 ბელ-ერი Bel Air ბელ-ერი Bel Air 4,7 2857 607,87 დიდი ვიქტორია
16 ლა-რივიერ-ანგლეზი (ინგლიშ-რივერი) La Rivière Anglaise
(English River)
ლა-რივიერ-ანგლეზი English River 1,7 4196 2468,24 დიდი ვიქტორია
17 მონ-ბაქსტონი Mont Buxton მონ-ბაქსტონი Mont Buxton 1,2 3089 2574,17 დიდი ვიქტორია
18 მონ-ფლორი Mont Fleuri მონ-ფლორი Mont Fleuri 6,1 3419 560,49 დიდი ვიქტორია
19 პლეზანსი Plaisance პლეზანსი Plaisance 3,4 3781 1112,06 დიდი ვიქტორია
22 სენ-ლუი Saint Louis სენ-ლუი Saint Louis 1,1 3209 2917,27 დიდი ვიქტორია
24 ლე-მამელი Les Mamelles ლე-მამელი Les Mamelles 1,8 2667 1481,67 დიდი ვიქტორია
25 როშ-კაიმანი Roche Caïman როშ-კაიმანი Roche Caïman 1,2 3232 2693,33 დიდი ვიქტორია
01 ანს-ო-პენი Anse aux Pins ანს-ო-პენი Anse Aux Pins 2,2 3850 1750,00 აღმოსავლეთი მაე
04 ო-კაპი Au Cap ლა-პლენ-სენტ-ანდრე La Plaine St. André? 8,7 4233 486,55 აღმოსავლეთი მაე
11 კასკადი Cascade 10,4 4267 410,29 აღმოსავლეთი მაე
20 პუანტ-ლა-რუ Pointe La Rue პუანტ-ლა-რუ Pointe La Rue 3,9 3071 787,44 აღმოსავლეთი მაე
02 ანს-ბუალო Anse Boileau ანს-ბუალო Anse Boileau 12,0 4011 334,25 დასავლეთი მაე
10 ბელ-ომბრი Bel Ombre ბელ-ომბრი Bel Ombre 9,2 3708 403,04 დასავლეთი მაე
13 გრანდ-ანსი Grand’Anse გრანდ-ანსი Grand’Anse 15,4 3106 201,69 დასავლეთი მაე
21 პორტ-გლოდი Port Glaud პორტ-გლოდი Port Glaud 26,7 2572 96,33 დასავლეთი მაე
03 ანს-ეტუალი Anse Etoile ანს-ეტუალი Anse Etoile 5,8 4717 813,28 ჩრდილოეთი მაე
08 ბო-ვალონი Beau Vallon ბო-ვალონი Beau Vallon 4,3 4120 958,14 ჩრდილოეთი მაე
12 გლასი Glacis 7,0 3833 547,57 ჩრდილოეთი მაე
05 ანს-რუაიალი Anse Royale ანს-რუაიალი Anse Royale 6,6 4168 631,52 სამხრეთი მაე
06 ბე-ლაზარი Baie Lazare ბე-ლაზარი Baie Lazare 12,1 3608 298,18 სამხრეთი მაე
23 ტაკამაკა Takamaka ტაკამაკა Takamaka 14,4 2825 196,18 სამხრეთი მაე
07 ბე-სენტ-ანი Baie Sainte Anne ანს-ვოლბერი Anse Volbert 25,1 4876 194,26 კ. პრასლინი
14 გრანდ-ანსი Grand’Anse Praslin გრანდ-ანსი Grand’Anse 14,4 3727 258,82 კ. პრასლინი
15 ლა-დიგი და შიდა კუნძულები La Digue and Inner Islands ლა-პასი La Passe 41,7 2761 66,21 კ. ლა-დიგი და მის
გარშემო მყოფი კუნძულები
26 2) სეიშელის გარე კუნძულები Zil Elwannyen Sesel (Outer Islands) კუნძული კოეტივი (Coëtivy) 211,3 1042 4,93 გარე კუნძულები
სულ 455,0 90 945 199,88

1) № 01-დან № 23-მდე ოლქებისთვის ნომრები შეესაბამება ISO-ს კოდებს.
2) არ შედის არც ერთ ოლქში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიშელის კუნძულების მთლიანი მოსახლეობა 91 650 ადამიანია (2014)[15]. სიმჭიდროვე — 201,4 კაცი/კმ².

ნაპოლეონის ომების დროს, როდესაც ბრიტანეთმა მოიპოვა კონტროლი კუნძულებზე, მათ საშუალება მისცეს ფრანგ არისტოკრატებს შეენარჩუნებინათ თავიანთი მიწები. ფრანგებსაც და ბრიტანელებსაც მონობაში ჰყავდათ აფრიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა მონობა გააუქმა 1835 წელს.

ინდოელები და ჩინელები წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას კუნძულებზე, ისინი ქვეყანაში მხოლოდ სავაჭრო საქმიანობით შემოიფარგლებიან.[16] სეიშელის დღევანდელი მოსახლეობა ინდოელების, ჩინელებისა და გრან'ბლას შთამომავლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აფრიკული წარმომავლობის ადამიანს ჰგავს კანის შეფერილობით.

სეიშელის კუნძულების დემოგრაფია, 2005 წლის მონაცემები; მოსახლეობის რაოდენობა ათასებში.

თავდაპირველად სეიშელის კუნძულებს მკვიდრი მოსახლეობა არ გააჩნდა, სანამ კოლონისტმა ფრანგებმა და შემდგომ ინგლისელებმა იქ არ ჩაასახლეს აფრიკელები, ინდოელები და ჩინელები, რომლებიც დღეისათვის ქვეყანაში ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ ფრანგებთან ერთად.

2002 წლის შეფასებით, მოსახლეობის 82,3 % კათოლიკეა, 6,4 % ანგლიკანია, ხოლო 4,5 % სხვა ქრისტიანული სექტის მიმდევარი. ასევე არსებობს მცირე უმცირესობები, მათგან 2,1 % ინდუიზმის, ხოლო 1,1 % ისლამის მიმდევარია. ქვეყანაში სულ არაქრისტიანული მოსახლეობა 1,5 %-ს შეადგენს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ რელიგიას არ აღიარებენ.[17] მოსახლეობის საშუალო ასაკი 32 წელია.[18]

ქვეყნის მოსახლეობის 4/5 ცხოვრობს კუნძულ მაეზე, ბევრი მათგანი კი დედაქალაქ ვიქტორიაში. მოსახლეობის 1/4 15 წლის ასაკისაა. დაახლოებით ნახევარი კი 30 წლის. სიცოცხლის ხანგრძლივობა — 74 წელი (2011).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

81 188 ადამიანი (2005 წლის ივლისის შეფასება).

ასაკობრივი სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0-დან 14 წლამდე: — 26,4 % (მამაკაცები — 10 839; ქალები — 10 601).

15 წლიდან 64 წლამდე: — 67,4 % (მამაკაცები — 26 709; ქალები — 28 025).

65 წელზე უფროსები: — 6,2 % (მამაკაცები — 1622; ქალები — 3392) (2005 წლის შეფასება).

მოსახლეობის ზრდის ტემპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0,43 % (2005 წლის შეფასება).

სქესის თანაფარდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადებისას: — 1,03 მამაკაცი/ქალზე.

15 წლამდე ასაკის: — 1,02 მამაკაცი/ქალზე.

15-დან 64 წლამდე: — 0,95 მამაკაცი/ქალზე.

65 წელზე უფროსები: — 0,48 მამაკაცი/ქალზე.

მთლიანი მოსახლეობა: — 0,93 მამაკაცი/ქალზე (2005 წლის შეფასება).

ჩვილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15,53 გარდაცვლილი 1000 დაბადებულზე (2005 წლის შეფასება).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთლიანი მოსახლეობა: — 69 წელი.

მამაკაცები: — 69 წელი.

ქალები: — 69 წელი (2005 წლის შეფასება).

შობადობის ჯამური კოეფიციენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1,75 დაბადებული ბავშვი ქალზე (2005 წლის შეფასება).

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის განათლება — 91,9 %.

სკოლის ასაკის ბავშვთა განათლება — 98 % (2005 წლის შეფასება).

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტისები (70 %), ფრანგები, აფრიკელები, ინდოელები (2000), ჩინელები და არაბები.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკები — 82,2 %, ანგლიკანები — 6,4 %, მეშვიდე დღის ადვენტისტები — 1,1 %, სხვა ქრისტიანები — 3,4 %, ინდუსები — 2,1 %, მუსულმანები — 1,1 %, ბუდისტები — 1 %, სხვა რელიგიის მიმდევრები — 1,5 %, რომლებმაც არ მიუთითეს საკუთარი აღმსარებლობა — 0,5 %, ათეისტები — 0,2 % (2007 წლის შეფასება).

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიშელის კრეოლი — 93,2 %, ინგლისური — 3,0 %, ფრანგული — 1,8 %, ჩინური — 0,5 %, ინდოეთის ენები — 0,3 %, სხვა ენები — 1,2 %.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქოქოსის აღება

სეიშელის კუნძულებს აქვს შერეული, განვითარებადი ეკონომიკა, რომლის საფუძველია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. არის ქოქოსის პალმის, თამბაქოს, სანელებლების, ეთერზეთოვანი მცენარეების პლანტაციები. მისდევენ მესაქონლეობასა და თევზჭერას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული.

არის ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ავეჯის საწარმოები, ამზადებენ ნავებს. 2008 წელს ექსპორტმა შეადგინა 495 მილიონი სეიშელის რუპია, იმპორტმა კი — 658 მილიონი. გააქვთ კოპრი, თევზი, დარიჩინი, ვანილი და სხვა. შეაქვთ სურსათი, ნავთობპროდუქტები და სხვა. მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: პაკისტანი, ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია. 2000 წელს ქვეყანაში იმოგზაურა 130 046-მა უცხოელმა ტურისტმა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1976 წელს, ერთ სულ მოსახლეზე ექსპორტი დაახლოებით შვიდჯერ გაიზარდა. მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის ზრდა, სადაც დასაქმებულია 30 % მუშახელი, ხოლო სოფლის მეურნეობაში — 3 % მუშახელი.

სეიშელის კუნძულების პროდუქციის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.

მიუხედავად ტურიზმის სწრაფი ტემპით ზრდისა, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში მაინც იგრძნობა განვითარება. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია, ვიდრე დანარჩენ მიმდებარე ქვეყნებში. სეიშელის ეკონომიკა აისახება ტურისტთა მომსახურებასა და თევზჭერაზე.

ქოქოსი, დარიჩინი, ბანანი, ბატატი და ვანილი იწარმოება ექსპორტისათვის. მოშინაურებულია შინაური ფრინველი. 1972 წელს გაიხსნა სეიშელის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ქვეყანა საჰაერო გზებით უკავშირდება ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა: პარიზი, ლონდონი, რომი, ბანგკოკი და სხვა. აეროპორტი ასევე აკავშირებს კუნძულ მაესა და პრასლინს. 2004 წლის ძლიერი ცუნამის შედეგად აეროპორტამდე მისასვლელი გზა და სხვა სატრანსპორტო ინფრასრტუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სეიშელის კუნძულების საკანონმდებლო სისტემა იმართება ინგლისურად. კანონმდებლობა ექვემდებარება საფრანგეთისა და ინგლისის საერთაშორისო სამართალს. ძირითადი კორპორაციული საკანონმდებლო აქტი საერთაშორისო კომერციული კომპანიებისაა: კერძო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები.

ქვეყნის მზარდი წარმოება გაფართოვდა მშპ-ის ხარჯზე. ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების წარმოება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. სეიშელის კუნძულების იმპორტული საქონელი ძირითადად შედგება ნავთობპროდუქტებისა და საკვები პროდუქტებისაგან.

საკმაოდ განვითარებულია სატელეკომუნიკაციო სისტემა. სატელეფონო გამოყენების მხრივ სეიშელს აფრიკის ქვეყნებთან შედარებით, წამყვანი ადგილი უკავია.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის სისტემის საფუძველზე, განათლება ქვეყანაში უფასოა. სავალდებულოა 10-წლიანი განათლება. განათლების სტანდარტები სეიშელში სისტემატურად მზარდია.

ქვეყნის პირველმა უნივერსიტეტმა, სეიშელის უნივერსიტეტმა, სტუდენტების მიღება 2009 წელს დაიწყო. განათლების მაჩვენებელი სეიშელის კუნძულებში მაღალია. კათოლიკური და ანგლიკანური სკოლები ქვეყანაში 1851 წელს გაიხსნა. მასწავლებელთა მომზადების კოლეჯი გაიხსნა 1959 წელს, როდესაც მასწავლებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და დაიწყო სკოლების მშენებლობა. ბავშვების 90 % ბაღში დადის 4 წლის ასაკში.

სკოლები არის კუნძულ მაეზე, პრასლინზე, ლა-დიგსა და სილუეტზე. ყველა კერძო სკოლა განთავსებულია კუნძულ მაეზე, ხოლო ფილიალი მდებარეობს კუნძულ პრასლინზე. ამჟამინდელი ხელისუფლება ხელს უწყობს განათლების სექტორის მდგრად განვითარებას.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საათის კოშკი, ვიქტორია

სეიშელის კუნძულების კულტურა ევროპის, აზიისა და აფრიკის კულტურების ნაზავია. აზიური კულტურის ელემენტები იგრძნობა სამზარეულოში, თუმცა უმეტესად ვაჭრობასა და ბიზნესსაქმიანობაში.

სეიშელის საზოგადოება არსებითად მატრიარქატულია.[19][20] დედათა ტენდეცია დომინანტურია საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.[19] ხანდაზმულ ქალს შეუძლია, ფინანსურად დაეხმაროს ოჯახს.[19]

ცეკვა სეიშელის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, „სეგა“ და „მოუტია“ არის ორი ყველაზე ცნობილი ცეკვა.

ქვეყანაში პოპულარულია ქალისა და მამაკაცის ხელბურთი, რომელსაც ისინი მსაჯის დახმარებით თამაშობენ. ასევე მათთვის საყვარელი სპორტია ფეხბურთი. სეიშელის ეროვნული ნაკრები ხშირად მიემგზავრება აღმოსავლეთ აფრიკასა და ინდოეთში ტურნირების გასამართად.

სეიშელის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაარსდა 1979 წელს.

სეიშელის კუნძულებზე მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ქვეყნის უმეტეს რეგიონში დაგებულია გზები.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. City Population - სეიშელის კუნძულების მოსახლეობის დინამიკა
  2. 2.0 2.1 Geohive - 2010 წლის მოსახლეობის აღწერა
  3. Rick Overson, Brian Fisher. Taxonomic revision of the genus Prionopelta (Hymenoptera, Formicidae) in the Malagasy region(ინგლისური) // ZooKeys. — თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2015. — В. ZooKeys. — Vol. 507. — P. 115-150. — ISSN 1313-2970. (09 ივნისი 2015)
  4. Dorow, W. H. O. 1996. Review and bibliography of the ants of the Seychelles. Journal of African Zoology 110 (2): 73-96.
  5. LaPolla, J. S. & Fisher, B.L. 2014. Two new Paraparatrechina (Hymenoptera, Formicidae) species from the Seychelles, with notes on the hypogaeic weissi species-group. ZooKeys 414, 139—155 (doi: 10.3897/zookeys.414.7542)
  6. A sinking feeling: why is the president of the tiny Pacific island nation of Nauru so concerned about climate change?“, New York Times Upfront. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-10-ში. 
  7. U.S. Department of State. Background Note: Seychelles. წაკითხვის თარიღი: 25 May 2010. This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  8. STGT.com. STGT.com. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.
  9. World Weather Information Service – Victoria. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2012.
  10. Xavier Romero-Frias, The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom. Barcelona 1999, ISBN 84-7254-801-5
  11. Our History. National Assembly of Seychelles. წაკითხვის თარიღი: 12 May 2012.
  12. Страны мира: Краткий полит.-экон. справочник. — М.: Политиздат, 1985. — С. 341. — 495 с. — 300 000 экз.
  13. profile of the Seychelles Commonwealth Local Government Forum-ის საიტზე
  14. 14.0 14.1 Districts of Seychelles Statoids-ის საიტზე
  15. სეიშელის კუნძულების დემოგრაფია 2014 წლის შეფასებით
  16. Culture of Seychelles. Everyculture.com. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.
  17. CIA – The World Factbook. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.
  18. CIA.gov. CIA.gov. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.
  19. 19.0 19.1 19.2 Tartter, Jean R. "Status of Women". Indian Ocean country studies: Seychelles (Helen Chapin Metz, editor). Library of Congress Federal Research Division (August 1994). This article incorporates text from this source, which is in the public domain
  20. Country Reports on Human Rights Practices: Seychelles (2007) Bureau of Democracy, Human Rights, and Labor (11 March 2008). This article incorporates text from this source, which is in the public domain.