კომორის კუნძულების კავშირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია ქვეყნის შესახებაა. არქიპელაგისთვის, იხილეთ კომორის კუნძულები. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ კომორის კუნძულები (მრავალმნიშვნელოვანი).
კომორის გაერთიანება
Union des Comores
Udzima wa Komori
الإتّحاد القمريّ‎
კომორის კუნძულები
კომორის კუნძულების კავშირის
დევიზი: Unité — Justice — Progrès
(ფრანგ. «ერთობა, სამართლიანობა, განვითარება»)
ჰიმნი: Udzima wa ya Masiwa
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მორონი
11°41′ ს. გ. 43°16′ ა. გ. / 11.683° ს. გ. 43.267° ა. გ. / -11.683; 43.267
ოფიციალური ენა შიკომორი, არაბული, ფრანგული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი იკილილუ დუანინი
ფართობი
 -  სულ 2,235 კმ2 (178-ე)
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 798 000 კაცი (159-ე)
 -  2012 აღწერა 936 900 კაცი 
 -  სიმჭიდროვე 419 კაცი/კმ2 (25-ე)
მშპ (მუპ) 2004 შეფასებით
 -  სულ $1.049 მილიარდი (171-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1660 (156-ე)
აგი (2007) 0.561 (საშუალო) (134-ე)
ვალუტა კომორის ფრანკი (KMF)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი COM
Internet TLD .km
სატელეფონო კოდი 269

კომორის კუნძულები ოფიციალური სახელწოდება კომორის კუნძულების კავშირი (2002 წლამდე ეწოდებოდა კომორის კუნძულების ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა) – სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, მადაგასკარის ჩრდილოეთსა და მოზამბიკის ჩრდილოეთს შორის და მოიცავს კომორის კუნძულებს, კუნძულ მაიოტას გამოკლებით, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, თუმცა კავშირი მას საკუთარ ავტონომიურ ერთეულად მოიაზრებს. ფართობი — 1861 კმ² (კუნძულ მაიოტას (376 კმ²) ჩათვლით 2235 კმ²). მოსახლეობა — 724 300 კაცი[1] (2012 წელი) (კუნძულ მაიოტას (212 645 კაცი[2] 2012 წელი) ჩათვლით — 936 900 კაცი). დედაქალაქი — მორონი.

სახელი მოდის არაბული სიტყვიდან — al-qamar (ალ-ქამარი), რაც ნიშნავს «მთვარეს». მთვარე სახელმწიფოს დროშაზეცაა გამოსახული.

სახელმწიფო ენებია — კომორული (იგივე შიკომორი, მონათესავეა სუაჰილი ენისა), ფრანგული და არაბული. სახელმწიფო რელიგიაა — ისლამი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კომორის კუნძულების რუკა

ვულკანური კომორის არქიპელაგის ოთხი მთავარი კუნძული: ნგაზიჯა (გრანდ-კომორი), ნძუანი (ანჟუანი) და მვალი (მოჰელი) შეადგენს კომორის კუნძულების კავშირს, ხოლო კუნძულ მაიოტას აქვს «საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის» სტატუსი, რადგანაც მან 1974 წლის დეკემბრის რეფერენდუმზე უარი თქვა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობაზე, მაგრამ მასზე დღემდე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი. ნძუანის (ანჟუანი) კუნძულზე დიდია სეპარატისტული განწყობილობები და მან გამოაცხადა კუნძულზე ოფშორული ზონების შექმნის შესახებ, რომლებიც არ აღიარა კომორის კუნძულების კავშირის ოფიციალურმა ხელისუფლებამ.

უმაღლესი წერტილია — მოქმედი ვულკანი კართალა (2361 მეტრი). კუნძულები მთიანია, გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. კლიმატი ტროპიკული, ნოტიო და ცხელია. ნალექების რაოდენობა 1100 მმ-დან 3000 მმ-მდეა წელიწადში. მთების ფერდოების ზედა ნაწილი დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით, ქვედა ნაწილში განლაგებულია სავანები და ბუჩქოვანი მცენარეები. მთელი წლის განმავლობაში არსებობს მალარიის სენით დაავადების საფრთხე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

მცენარეულობას წარმოადგენს: შაქრის ლერწამი, ქოქოსის პალმა, ბანანი, ყავის ხე, მიხაკის ხე.

არქიპელაგზე ბინადრობს დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი იშვიათი ცხოველი — კომორის მფრინავი მელა (ლათ. Pteropus livingstonii), რომელიც გვხვდება სულ 2 კუნძულზე.

ისტორია[რედაქტირება]

უძველესი ისტორია[რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრების შედეგების მიხედვით კუნძული ნძუანი ადამიანებით დასახლებულ იყო ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნეში. XII საუკუნეში კომორის არქიპელაგზე ხელისუფლება ხელში ჩაიგდო აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ტანზანიის თანამედროვე ტერიტორია) არაბების მიერ შექმნილმა კილვის სულთანატმა. არქიპელაგი პირველად აღწერილია 1598 წელს ჰოლანდიელი მოგზაურის კორნელის დე ჰოუტმანის მიერ. 1610-იან წლებში ინდოეთისკენ მიმავალი პორტუგალიელების არქიპელაგზე დაფუძნების ცდებმა განიცადა მარცხი ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი არასტუმართმოყვარეობის გამო. კილვის სულთანატის დაშლის შემდეგ აქ იყო მრავალრიცხოვანი ერთმანეთთან მეომარი სულთანატები, გაიზარდა ისლამის გავლენა, რომელიც შემოიტანეს და დანერგეს შირაზიდან (სპარსეთი) ჩამოსულებმა.

1600-იანი წლებიდან არქიპელაგზე დაიწყო დასახლების მეორე ტალღა აფრიკიდან, აღმოსავლეთი არაბული ქვეყნებიდან და მადაგასკარის კუნძულიდან ჩამოსული ხალხით. არქიპელაგი ასევე იყო მეკობრეების საბუდარი, რომლებმაც აქ მოიყვანეს დატყვევებული ინდოელები და ჩინელები. 1785 წლიდან მონების ხელში ჩაგდების მიზნით ტარდებოდა თავდასხმები მადაგასკარიდან, რის გამოც XIX საუკუნის დასაწყისში მაიოტას კუნძული პრაქტიკულად გაუკაცრიელდა და მვალის კუნძულთან ერთად კონტროლდებოდა მადაგასკარის ხელისუფლების მიერ.

კოლონიალური პერიოდი[რედაქტირება]

1841 წელს საფრანგეთმა დაიპყრო კუნძული მაიოტა და 1843 წლიდან უს გახდა მისი პროტექტორატი. 1886—1892 წლებში პროტექტორატი დამყარდა ნძუანის (ანჟუანი), ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) და მვალის (მოჰელი) კუნძულებზე. 1909 წლიდან არქიპელაგი ოფიციალურად გამოცხადდა საფრანგეთის კოლონიად, ხოლო 1912 წელს ადმინისტრაციულად შეუერთდა მადაგასკარს.

კოლონისტების მეურნეობა დაფუძნებული იყო ვანილის, მიხაკის და ყავის მოყვანაზე. ადგილობრივი ელიტა მჭიდროდ ურთიერთობდა კოლონიალურ ადმინისტრაციასთან. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის ჯარების მიერ ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთის ახალი კონსტიტუციის თანახმად 1947 წელს არქიპელაგს მიენიჭა მისი «ზღვისიქითა ტერიტორიის» სტატუსი. 1957 წელს დაარსდა სამთავრობო საბჭო (1961 წელს მას თავში ჩაუდგა ადგილობრივი მკვიდრი ს. მ. შეიხი), 1961 წელს დაარსდა არჩევადი დეპუტატების პალატა. ადგილობრივი თვითმმართველობა (ფინანსური, თავდაცვის და საგარეო ურთიერთობების საკითხების გარდა) შემოღებულია 1968 წლიდან. ადმინისტრაციული ცენტრი 1968 წელს ქალაქ მამუცუდან (მაიოტას კუნძული) გადაიტანეს ქალაქ მორონიში (ნგაზიჯას კუნძული). ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა უმაღლესი კომისარი.

პირველი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა მუსულმანურ არისტოკრატიულ ჯგუფებს, ჩაისახა 1962 წელს: «კომორის კუნძულების დემოკრატიული კავშირი» (შექმნა ს. მ. შეიხმა) — ეგრედ წოდებული «მწვანეთა პარტია» (უმაღლესი სახელმწიფო მოსამსახურეების პარტია) და «კომორელი ხალხის დემოკრატიული გაერთიანება», რომელმაც მიიღო «თეთრების პარტიის» ანუ «პრინცების პარტიის» სახელი. 1963 წელს ტანგანიიკის კომორელთა თემმა შექმნა «მოძრაობა კომორის კუნძულების ეროვნული განთავისუფლებისათვის», რომელსაც აფრიკის ერთობის ორგანიზაცია აღიარებდა არქიპელაგზე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად. არქიპელაგზე 1970 წლიდან მოქმედებდა მისი განყოფილება — «კომორის ევოლუციის პარტია». 1972 წელს ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) კუნძულზე შეიქმნა «ხალხის პარტია».

1974 წლის დეკემბერში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმზე არქიპელაგის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა დადებითი შეხედულება. მათ შორის, ნძუანის (ანჟუანი), ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) და მვალის (მოჰელი) კუნძულების მოსახლეობის 96 %-მა ხმა მისცა საფრანგეთიდან გამოყოფას, ხოლო მაიოტას კუნძულის მოსახლეობის 64 %-მა კი არა. 1975 წლის 6 ივლისს ადგილობრივმა დეპუტატების პალატამ ერთპიროვნულად გამოაცხადა კომორის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რომელიც სამ კუნძულს აკონტროლებდა: ნძუანის (ანჟუანი), ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) და მვალის (მოჰელი). პრეზიდენტი გახდა სამთავრობო საბჭოს თავჯდომარე აჰმედ აბდალაჰი. ეს საბჭო გაუქმდა, ჩამოყალიბდა პარლამენტი, მიღებული იქნა კონსტიტუცია და აღდგენილი იქნა კუნძულების არაბულენოვანი დასახელებები.

1975 წლის ნოემბერში კომორის კუნძულები მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ოთხი კუნძულის შემადგენლობით, როგორც ერთიანი სახელმწიფო. საფრანგეთმა, რომელმაც აღიარა კომორის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ცალმხრივად კუნძულ მაიოტას მიანიჭა საკუთარი «ტერიტორიალური ერთეულის» სტატუსი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ[რედაქტირება]

1975 წლის 3 აგვისტოს უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ალი სუალიჰი, რომელმაც გამოაცხადა ეგრედ წოდებული «ეროვნული სოციალიზმის» კურსი: მსხვილი მიწის ნაკვეთების და ქვეყნიდან გაძევებული ფრანგი კოლონისტების საკუთრების ნაციონალიზაცია, ეკონომიკაში დაგეგმარების შემოღება, შარიათის კანონების მოქმედების გაუქმება და მუსულმანური სასულიერო პირების გავლენის შეზღუდვა, პოლიტიკური პარტიების გაუქმება. მთავრობის პოლიტიკის ანტიისლამურმა მიმართულებამ ქვეყანაში მოიტანა მდგომარეობის დესტაბილიზაცია. კომორის კუნძულების რესპუბლიკა აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციის პირობებში.

1978 წლის მაისში მოხდა ახალი გადატრიალება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფრანგების დაქირავებული ბობ დენარი (ალი სუალიჰი მოკლეს, ხელისუფლება ხელმეორედ გადავიდა აჰმედ აბდალაჰი ხელში). აღსდგა ადმინისტრაციული აპარატის, ფრანგული და ადგილობრივი კერძო კომპანიების მოღვაწეობა, მიწა დაუბრუნდა მსხვილ მესაკუთრეებს, ხელი შეეწყო უცხოურ ინვესტიციებს, აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა საფრანგეთთან.

1978 წლის კონსტიტუციის თანახმად ქვეყანას სახელად დაერქვა კომორის კუნძულების ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა (ფრანგ. République Fédérale Islamique des Comores; არაბ. جمهورية القمر الإتحادية الإسلامية )‎‎, პარლამენტს — ფედერალური ასამბლეა, ხოლო ისლამი გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. 1979 წელს შემოღებული ერთპარტიული სისტემის შემდეგ ქვეყანაში ერთადერთი მმართველი პარტია გახდა «კომორული კავშირი პროგრესისათვის» («უჯიმა», შეიქმნა 1982 წელს).

1979 წლის 6 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა კომორის კუნძულების სახელმწიფოს უფლება მაიოტას კუნძულზე.

1984 წელს (ხმების 99 %) ხელმეორედ არჩეული აჰმედ აბდალაჰის რეჟიმის ავტორიტარობამ და ნებისმიერი ოპოზიციური შეხედულებების ჩახშობამ 1989 წლის ნოემბერში გამოიწვია სახელმწიფო გადატრიალება, რომლის დროსაც აბდალაჰი იქნა მოკლული.

1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა მრავალპარტიულობის პირობებში (შეიქმნა 14 ლეგალური პარტია). პრეზიდენტად არჩეული იქნა საიდ მოჰამედ ჯოჰარი (ხმების 55,3 %). პარტიებს შორის მუდმივმა კონფრონტაციამ ხელი შეუწყო ახალ სახელმწიფო გადატრიალებას 1995 წლის სექტემბერში, რომელიც განახორციელეს უცხოელმა დაქირავებულებმა. 1996-1998 წლებში პრეზიდენტის პოსტზე იყო მოჰამედ თაკი აბდულქარიმი. 1996 წლის ახალმა კონსტიტუციამ გაამყარა მრავალპარტიულობის არსებობა და ისლამი, როგორც სახელმწიფო რელიგია.

პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ეს პოსტი დაიკავა ტაჯიდინ ბენ საიდ მასუნდემ. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ (მათ შორის მსოფლიოში ფასების ვარდნის გამო ვანილზე და მიხაკზე) და სეპარატიზმმა (1997 წელს კუნძულ ნძუანის (ანჟუანი) და კუნძულ მვალის (მოჰელი) მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადება) გამოიწვია ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია. 1999 წლის 30 აპრილის სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა პოლკოვნიკი აზალი ასუმანი. 2001 წელს სამთავრობო ჯარებმა გაანეიტრალეს სამხედრო გადატრიალების ცდები კუნძულ ნძუანიზე (ანჟუანი) და კუნძულ მვალიზე (მოჰელი).

2001 წლის 21 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც კუნძულებს უფრო ფართე ავტონომიური უფლებები მიანიჭა. ქვეყანას სახელად ეწოდა კომორის კუნძულების კავშირი. 2002 წლის 14 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე (რამდენჯერმე გადადებული და ბოლოს და ბოლოს ორ ტურად გამართული) გაიმარჯვა აზალი ასუმანიმ. იმავე წლის მარტ-აპრილში არჩეულ იქნენ კუნძულ ნძუანის (ანჟუანი) და კუნძულ მვალის (მოჰელი) პრეზიდენტებიც. კუნძულ ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) პრეზიდენტად 2002 წლის მაისში არჩეული იქნა აზალი ასუმანის მოწინააღმდეგე აბდუ სულე ელბაკი (ხმების 63 %).

2001 წლის კონსტიტუციით, კომორის კუნძულები ინარჩუნებს პრეტენზიებს მაიოტას (მაორე) კუნძულზე, რომელსაც იგი თვლის თავის განუყოფელ ნაწილად და სახელმწიფოს ოთხიდან ერთ-ერთ ავტონომიურ კუნძულად.

კუნძული ნძუანი (ანჟუანი) გამოხატავს სეპარატისტულ შეხედულებებს და მან გამოაცხადა საკუთარ ტერიტორიაზე ოფშორული ზონების შექმნის შესახებაც კი, რომელიც არ იქნა აღიარებული კომორის კუნძულების რესპუბლიკის ოფიციალური ხელისუფლების მიერ.

სახელმწიფო მოწყობა[რედაქტირება]

კომორის კუნძულები რესპუბლიკაა. პრეზიდენტია — იკილილუ დუანინი (არჩეულია 2010 წლის 26 დეკემბერს, თანამდებობაზეა 2011 წლის 26 მაისიდან).

2001 წლის კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი ირჩევა ოთხ წელიწადში ერთჯერ, კანდიდატებს მორიგეობით წარმოადგენს სამიდან ერთი კუნძული. 2002 წელს პრეზიდენტად აირჩიეს აზალი ასუმანი ნგაზიჯიდან (გრანდ-კომორი), 2006 წელს — აჰმედ აბდალა სამბი ნძუანიდან (ანჟუანი). მოქმედი პრეზიდენტი იკილილუ დუანინი წარმოადგინა კუნძულმა მვალიმ (მოჰელი).

ქვეყნის პარლამენტში (ასამბლეა) — 33 დეპუტატია, მათ შორის 18 ირჩევა საყოველთაო არჩევნებში, 15 — სამი კუნძულის ასამბლეების მიერ, ხუთი წლის ვადით.

არმია[რედაქტირება]

კომორის კუნძულების შეიარაღებული ძალები შედგება მცირე რაოდენობის რეგულარული ჯარისაგან და პოლიციისაგან 500 ადამიანის რაოდენობით, ასევე თავდაცვის ძალების 500 წევრისაგან. საფრანგეთთან ერთობლივი თავდაცვის შესახებ შეთანხმება უზრუნველყოფს საზღვაო ძალებით ტერიტორიული წყლების დაცვას, კომორელი სამხედროების სწავლებას და საჰაერო დაკვირვებას. საფრანგეთს ჰყავს რამდენიმე უფროსი ჩინის ოფიცერი კომორის კუნძულების მთავრობაში. საფრანგეთს აქვს პატარა საზღვაო ბაზა და უცხოური ლეგიონის (DLEM) გუნდი კუნძულ მაიოტაზე. შეიარაღებული ძალების ხარჯები (1500 ად.) შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-ს (2002 წლისთვის).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

2001 წლის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, კომორის კუნძულების კავშირი შედგება 4 ავტონომიური კუნძულისგან, საფრანგეთის კონტროლ ქვეშ არსებული მაიოტას (მაორე) ჩათვლით. ფაქტიურად კომორის კუნძულების კავშირი მოიცავს მხოლოდ 3 ავტონომიურ რეგიონს (ავტონომიურ კუნძულს), რომელიც შეესაბამება დიდ კუნძულებს და რომლებზეც მდებარეობს 16 პრეფექტურა.

დროშა ავტონომიური რეგიონი ადრინდელი სახელწოდება ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად.
(2015)[3]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
პრეფექტურების რაოდენობა
Flag of Grande Comore.svg ნგაზიჯა გრანდ-კომორი მორონი 1148 399 919 348,4 8 (მორონი-ბამბაო, ამბუ, დასავლეთ მბაჯინი, აღმოსავლეთ მბაჯინი, ოიჩილი-დიმანი, ამაჰამეტ-მბოინკუ, მიცამიული-მბუდე, იცანდრა-ამანვუ)
Flag of Anjouan.svg ნძუანი ანჟუანი მუცამუდუ 424 332 466 784,1 5 (მუცამუდუ, უანი, დომონი, მრემანი, სიმა)
Flag of Mohéli (official).svg მვალი მოჰელი ფომბონი 290 52 380 180,6 3 (ფომბონი, ნიუმაშუა, ჯანდო)
მაორე მაიოტა მამუცუ 376 233 993[4] 622,3
სულ 1862
(2235)
784 745
(1 018 738)
421,5
(455,8)
16
(...)

მოსახლეობა[რედაქტირება]

კომორის კუნძულების კავშირის მოსახლეობის რაოდენობაა — 784 745 ადამიანი (2015 წლის ივლისის შეფასება)[3].

2012 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 724 294 ადამიანს[3] (მაიოტას (მაორე) გარეშე, ხოლო მისი ჩათვლით დაახლოებით 936 900 ათას ადამიანს).

წლიური მატება — 2,7 % (ფერტილობა — 4,8 დაბადებული ერთ ქალზე).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 61 წელი კაცებისთვის, 66 წელი ქალებისთვის.

ეთნო-რასობრივი შემადგენლობა — ანტალოატრა (აფრო-არაბულ-მალაგასიური წარმოშობის მეტისები) — 95 %-ზე მეტი, მაკუა (შავკანიანი ბანტუს ხალხი) — 1,5 %, არაბები — 0,5 %, მალაგასიელები — 0,5 %, ასევე სპარსელები, ფრანგები, ინდოელები (თითოეული 0,2 %).

ოფიციალური ენებია — არაბული და ფრანგული, მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს შიკომორის ენაზე (სუაჰილი ენის განშტოება არაბულ ენასთან დიდი ნარევით).

რელიგია — ძირითადად მუსულმანი-სუნიტები, მუსულმანი-შიიტების უმნიშვნელო რაოდენობა, ფრანგები და მალაგასიელების ნაწილი — ქრისტიანი-კათოლიკეა.

განათლება — მამაკაცების 63 % და ქალების 39 % (2003 წლის შეფასება).

ქალაქის მოსახლეობა — 28 %.

ეკონომიკა[რედაქტირება]

კომორის კუნძულების კავშირი — ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა მსოფლიოში. 2009 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა — 1 ათასი დოლარი (209-ე ადგილი მსოფლიოში). სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 60 %. ბუნებრივი რესურსები უმნიშვნელოა, მუშა ძალის კვალიფიკაციის დონე საკმაოდ დაბალია, მოსახლეობის ზრდის ტემპი მაღალია, დამოკიდებულება უცხოურ დახმარებაზე საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს თავის თავს საკვები პროდუქტებით. კომორელი მოსახლეობის მთავარ საკვებ პროდუქტ — ბრინჯს იმპორტში უკავია ძირითადი წილი. მთავრობა ცდილობს აამაღლოს განათლების და შრომის კვალიფიკაციის დონე, პრივატიზირება გაუკეთოს კომერციულ და სამრეწველო საწარმოებს, გააუმჯობესოს ჯანდაცვა, განავითაროს ტურიზმი, შეამციროს მოსახლეობის ზრდის ტემპი.

სოფლის მეურნეობა (მთლიანი შიდა პროდუქტის 40 %, მომუშავეთა 80 %) — ვანილი, მიხაკი, ილანგ-ილანგი, კოპრა, ქოქოსი, ბანანი, მანიჰოტი (ტაპიოკა); თევზჭერა.

მრეწველობა (მთლიანი შიდა პროდუქტის 4 %) — პარფიუმერია.

მომსახურების სფერო — მთლიანი შიდა პროდუქტის 56 %.

2006 წლის ექსპორტი — 32 მილიონი დოლარი — ვანილი, ილანგ-ილანგი (საპარფიუმერო ესენცია), მიხაკი, კოპრა.

ძირითადი მყიდველები — საფრანგეთი — 31 %, თურქეთი — 17 %, საბერძნეთი — 11 %, ბრაზილია — 10 %, სინგაპური — 8 %.

2006 წლის იმპორტი — 143 მილიონი დოლარი — ბრინჯი და სხვა საკვები პროდუქტები, სამომხმარებლო საქონელი, ნავთობპროდუქტები, ცემენტი, სატრანსპორტო საშუალებები.

ძირითადი მომწოდებლები — ბრაზილია — 14 %, საფრანგეთი — 13 %, ჩინეთი — 11 %, არაბთა გაერთიანებული საამიროები — 9 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 6 %.

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: